- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-06-24 06:41:04
ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს _ ბოლო სამი კვირის განმავლობაში იგი დოლართან მიმართებით, დაახლოებით, 20 თეთრით გამყარდა და 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარი 18 თეთრი შეადგინა.
ამის პარალელურად კი 3 ივნისს საქსტატმა მაისის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში ბოლო წლებში რეკორდულად მაღალი _ 7,7%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა.ფასების ყველაზე მაღალი, 17,4%-იანი ზრდა, ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა, რისი მთავარი მიზეზიც საწვავის გაძვირება იყო. სხვა ჯგუფების მიხედვით, ფასების ზრდა ასეთია: საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,6-პროცენტიანი მატება; სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,3 პროცენტით; ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13,4 პროცენტით.
რა ფაქტორებითაა გამოწვეული ეროვნული ვალუტის გამყარება და შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია? რა უქმნის ყველაზე მეტად საფრთხეს ლარის გამყარების შენარჩუნებას და რამდენად რეალურად ასახავს საქსტატის მონაცემები ინფლაციის მაჩვენებელს?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლადო პაპავას ესაუბრა:
_ ბატონო ლადო, რა ფაქტორებმა გამოიწვია ლარის გამყარება?
_ როდესაც ლარის გამყარებაზე ვსაუბრობთ, მის უკან დგას როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორები. ობიექტურ ფაქტორებს შორის, უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების სესხების ოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რამაც შეზღუდა მიმოქცევაში არსებული ლარის მასა. გარდა ამისა, დაფიქსირდა ექსპორტის უფრო მაღალი ზრდის ტემპი, ვიდრე _ იმპორტის. ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილები და, რაც მთავარია, დიდი მნიშვნელობა იქონია იმ საგარეო ვალის აღებამ, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოდის და ეკონომიკისა და სოციალური სფეროს სხვადასხვა მიმართულებას ხმარდება.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი. კეძოდ, ეს არის მოლოდინები. როგორც წესი, ისინი ვალუტას არ ამყარებენ, მაგრამ მათ შეუძლიათ, ვალუტა გააუფასურონ. როცა უარყოფითი მოლოდინია, ალბათობა იმისა, რომ ვალუტა გაუფასურდება, ძალიან მაღალია. ახლა უარყოფითი მოლოდინები არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში არის ვაქცინაციის პროცესი, საქართველოშიც ვაქცინებზე მოთხოვნა გაიზარდა. დღეს ჩვენს ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც აცრის გაკეთება უნდათ და მათი რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება იმ რესურსს, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინების სახით აქვს. ოფიციალური განცხადებებით, სხვადასხვა სახეობის ვაქცინა უახლოეს ხანებში შემოვა ქვეყანაში. ამან შექმნა პოზიტიური მოლოდინი. ამას დაემატა ის მომენტი, რომ მთავრობამ, უფრო მეტად კი საზოგადოებამ, ისწავლა კორონავირუსთან თანაარსებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შარშან ამ დროს ბევრი რამ უცნობი იყო და ამიტომ მთავრობამ ძალიან მკაცრი ზომები მიიღო ეკონომიკის ჩაკეტვასთან დაკავშირებით (რაც აბსოლუტურად სწორი იყო), დღეს უკვე მთავრობამ და საზოგადოებამ ამ ვირუსთან თანაცხოვრება ისწავლა. რა თქმა უნდა, პირბადის ტარებასთან მიმართებით უკეთეს სიტუაციას ვისურვებდი, მაგრამ მაინც გაუმჯობესებულია საზოგადოების ქცევა. მეტ-ნაკლებად, წესრიგიც უფრო დაცულია. აქედან გამომდინარე, ეკონომიკის გახსნის პროცესმა საზოგადოებაში ოპტიმისტური განწყობა შექმნა, რომ კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში და გლობალურად პანდემია დასრულდება. ამიტომ თუ მანამდე პესიმისტური განწყობა იყო და ქმნიდა უარყოფით მოლოდინებს, რაც, სხვა თანაბარ პირობებში, ხელს უწყობდა ლარის გაუფასურებას, დღეს სიტუაცია 180 გრადუსითაა შეცვლილი: პირიქით, ოპტიმისტური განწყობაა და ამიტომ, პრაქტიკულად, ეს არანაირად მოქმედებს იმაზე, რომ ლარი გაუფასურდეს. ამ ყველაფერს ემატება პოლიტიკური ფაქტორი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში იყო პოლიტიკური დაძაბულობა, რაც ასევე აისახებოდა ლარის შესაძლო გაუფასურებაზე. დღეს პოლიტიკური სტაბილურობის ყველა ნიშანი გამოიკვეთა.
_ ამ კონკრეტულ მოცემულობაში შესაძლოა თუ არა, პოლიტიკური სტაბილურობა გადამწყვეტი ფაქტორი იყოს ლარის გასამყარებლად?
_ პოლიტიკური სტაბილურობა ვალუტას არ ამყარებს, უბრალოდ, პოლიტიკური არასტაბილურობა მას აუფასურებს. რა თქმა უნდა, როცა ქვეყანაში არეულობაა და იყო მოლოდინი, რომ 15 მაისს რევოლუციური ხასიათის დიდი გამოსვლები უნდა ყოფილიყო, ეს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდა. სინამდვილეში, „15 მაისი“ არ შედგა და მეტიც, ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანმა ნაწილმა „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. ახლა კი გაირკვა, რომ კიდევ ორი პარტია _ „ნაციონალური მოძრაობა“ და „კანონი და სამართალი“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული სხვა პარტიებიც, რომლებიც სიაში ჰყავდათ, პარლამენტში შედიან. ამან, რა თქმა უნდა, შექმნა იმის განცდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურად სტაბილური ვითარებაა. დაპირისპირებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პარლამენტში განვითარდება, რასაც მოგვიწოდებდნენ კიდეც ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები. მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პარლამენტში დაიკავა საკუთარი ადგილი, ქვეყანაში შეიქმნა პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც არ არის დაკავშირებული სახელმწიფო გადატრიალებასთან. ხშირად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე, რაც ამოვიგდოთ თავიდან, რადგანაც რევოლუციურ სცენარს სჭირდება რევოლუციური სიტუაცია. „ნაციონალურ მოძრაობას“კი მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალება აქვს თავში, რომელიც, ღმერთმა დაიფაროს, და თუ შედგა, შემდეგ როგორც რევოლუციას, გააპიარებენ…
_ პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა. ეს ფაქტორი, როგორც აღნიშნეთ, გამოიწვევს იმას, რომ ლარი არ გაუფასურდება. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მიმდინარე წლის ზაფხულში, _ ეროვნული ვალუტა განაგრძობს გამყარებას თუ შენარჩუნდება ეს კურსი?
_ დავიწყოთ იმით, რომ პირველი ივნისიდან გაიხსნა ქვეყნის სახმელეთო საზღვრები. ავიამიმოსვლები ბევრი მიმართულებით უკვე აღდგენილია. რა თქმა უნდა, ტურისტები საქართველოს ესტუმრებიან, თუმცა ეს არ იქნება იმ რაოდენობის, როგორიც იყო პანდემიის დაწყებამდე. ამიტომ გარკვეული ოდენობის თანხები ტურიზმიდან ვალუტის სახით ქვეყანაში დაილექება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემთვის ყველაზე არაპროგნოზირებადი ფაქტორია საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი ხელმძღვანელობა, მათგან ყველაზე ნაკლებად ველი ჭკვიანურ ქცევას. ის, რაც მათ სტაბილურად ახასიათებთ, ესაა განცხადებები, რომ ლარის გაცვლითი კურსი თურმე მათი საქმე არ არის, რის გამოც ლარი უპატრონოდაა იყო მიტოვებული. ლარის ემიტენტი არის საქართველოს ეროვნული ბანკი, კონსტიტუციურად ეს ფუნქციები დაკისრებული აქვს ეროვნულ ბანკს, ის კი ამბობს, რომ ეს ჩემი საქმე არ არისო. ოპოზიციასაც აწყობს, რომ ეს ტვირთი მთავრობას აჰკიდოს. რა თქმა უნდა, მთავრობაზეც არის დამოკიდებული ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნების საკითხი, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ გახლავთ, რამდენადაც ის, რომ უმთავრესი ინსტრუმენტები სწორედ ცენტრალურ ბანკს აქვს. როცა მათ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ლარის მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ ვალუტას გერადაც კი არ აღიარებს, არათუ _ შვილად. ამიტომ ჩემთვის ყველაზე დიდი საფრთხე ლარის გაცვლით კურსს ეროვნული ბანკიდან ემუქრება _ მისი ხელმძღვანელობის არაადეკვატური გადაწყვეტილებებით, უწინარეს ყოვლისა, რეფინანსირების სესხებთან მიმართებით. თუმცა აქაც არის გარკვეული იმედის მომცემი რამ. კერძოდ, ესაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც შეიძლება გარკვეულ მომენტში ზემოქმედება იქონიოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაზე, რომ მათ უფრო დიდი შეცდომები არ დაუშვან. თქვენი გაზეთის მკითხველს შევახსენებ, როდესაც 2020 წლის მარტში ეროვნულმა ბანკმა დაიწყო სავალუტი ინტერვენციები, სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მკაცრი რეკომენდაციით. ამიტომ გარკვეული დაცვის გარანტი ჩემთვის არის საერთაშორისო სავალუტო ფონდი, თუმცა რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი, არ ვიცი…
_ ეროვნული ვალუტის გამყარების საკითხი გასაგებია, თუმცა საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 7,7% შეადგინა, გაზის ტარიფიც გაძვირდა. გამოიწვევს თუ არა ეს პროდუქტებზე ფასის ზრდას?
_ უკვე ხანგრძლივი პერიოდია, რაც ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აცდენილია ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც 2019-2021 წლისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს დამტკიცებული აქვს წლიური 3%-ის დონეზე. 7,7% კი თითქმის 2,6-ჯერ მეტია, ვიდრე _ 3%. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელსაც ინფლაციის თარგეთირება ჰქვია. ინგლისური სიტყვა „თარგეთი“ ქართულად არის „მიზანი“, ხოლო ინფლაციის თარგეთირება ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს და მისგან გამომდინარე იღებს შესაბამისს გადაწყვეტილებებს, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით. 2019 წლიდან მოყოლებული, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 3%-თან უფრო ნაკლებად იყო ახლოს, ვიდრე მასთან აშკარად დაშორებული. ეს ნიშნავს, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი საქართველოში არ მუშაობს და ეს მხოლოდ კორონავირუსის პანდემიის გამო არ არის გამოწვეული. ის 2019 წელსაც არ მუშაობდა. უკვე კარგა ხანია, თეორიულადაც დამტკიცებულია და პრაქტიკამაც დაადასტურა, საქართველო კი ამის თვალნათელი მაგალითია, რომ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი არ მუშაობს.არცთუ დიდი ხნის წინათ ბუნებრივი აირის ტარიფი 8 თეთრით გაიზარდა, რადგან ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო იმპორტიორმა კომპანიამ იზარალა. იმპორტიორი გაზს ყიდულობს უცხოურ ვალუტაში, საქართველოში კი ლარში ყიდის. ლარი თუ გაუფასურდა, მაშინ ამოღებული ლარით ნაკლებ დოლარს იყიდის, ანუ ხარჯებს ვერ დაფარავს. გაზის ტარიფის 8-თეთრიანი ზრდა ჯაჭვური რეაქციით გამოიწვევს ყველა იმ პროდუქტის გაზრდას, სადაც გაზი გამოიყენება. ასეთი ტიპის ინფლაციას ეკონომისტები დანახარჯების ზრდით გამოწვეულ ინფლაციას ვეძახით: გაიზარდა გაზის ტარიფი და სხვა პროდუქტებისა თუ მომსახურების ფასებიც გაიზრდება.
_ ეროვნულ ბანკს აქვს თუ არა ისეთი ინსტრუმენტები, რომ არეგულიროს დანახარჯების ზრდით გამოწვეული ინფლაცია?
_ ამ ტიპის ინფლაციის მართვა ცენტრალურ ბანკს, უბრალოდ, არ შეუძლია. ცენტრალურ ბანკს აქვს ინსტრუმენტები, მართოს ინფლაცია, რომელიც ფულის მასის ზრდით არის გამოწვეული, რასაც ეკონომისტები მოთხოვნის ზრდით გამოწვეულ ინფლაციას ვუწოდებთ. მას შეუძლია: ან ფულის მასა შეამციროს, ან ფული გააძვიროს, რასაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხის გაძვირებით აკეთებს. ასეთი ტიპის ინფლაცია კი ჩვენს ქვეყანაში არ არის გადამწყვეტი. ჩვენთან ბევრად უფრო მნიშვნელოვანია დანახარჯების ზრდით გამოწვეული ინფლაცია. გაზის იმპორტიორს მარეგულირებელი კომისია ტარიფს თუ არ გაუზრდის, უბრალოდ, გაზის იმპორტს ვეღარ განახორციელებს და დავრჩებით მის გარეშე, რაც აისახება წარმოებაზე, სადაც კი ის გამოიყენება. იგივე ითქმის, მაგალითად, რუსეთის მიერ ხე-ტყის ექსპორტის შეზღუდვაზე, რაც საერთაშორისო ბაზრებზე მის გაძვირებას გამოიწვევს. ეს იმპორტირებული ინფლაციაა და ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი თავისი ინსტრუმენტებით ვერაფერს გახდება. არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, არამედ, ზოგადად, ცენტრალურ ბანკს, ასეთ შეთხვევაში, ინსტრუმენტები არ გააჩნია. ამიტომ დღეს მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები, დაწყებული ჯოზეფ სტიგლიციდან, რომელიც ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატია, მიიჩნევენ, რომ ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი დრომოჭმულია, მასზე უარი უნდა ითქვას. ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ეს ნათელია, თუნდაც იმიტომ, რომ ინფლაციის გამოწვევის მიზეზებს პირველ კურსზე ვასწავლით სტუდენტებს. საქართველოში ეს მექანიზმი 2009 წლიდან გამოიყენება.რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას, ის თავისით გადაწყვეტილებას ვერ იღებს, მარტივი მიზეზის გამო, რადგანაც ელოდება, შეცვლის თუ არა პოლიტიკას საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც დღემდე მიიჩნევს, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი სწორია. ჩემი გამოციდლებით (6 წელი ვმუშაობდი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მის მისიებთან), როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ძალზე ბიუროკრატიული ორგანიზაცია, სადაც ბიუროკრატიული ტენდენცია საკმაოდ მყარია და პრინციპული ცვლილებების მიღებას დიდი დრო უნდა. უკვე სავალუტო ფონდშიც მომწიფდა ის შეხედულება, რომ უნდა შეიცვალოს ინფლაციის თარგეთირების მექანიზმი და, ალბათ, ამის შემდეგ საქართველოშიც გვეშველება.
_ დამოუკიდებლად თუ შეუძლია ეროვნულ ბანკს შეცვალოს ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკა?
_ რა თქმა უნდა, პრინციპში, შეუძლია. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ორგანოა, კონსტიტუციურად გარანტირებული, ანუ საქართველოს კანონმდებლობით ეროვნულ ბანკს შეუძლია ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ეს ურთიერთობას გაურთულებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. თუმცა თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, მას დასჭირდება მისი დასაბუთება, რისთვისაც არსებობს საკმაოდ სერიოზული პრაქტიკული და სამეცნიერო ბაზა. ასეთ შემთხვევაში, სავალუტო ფონდთან ურთიერთობის შესაძლო გაფუჭების გამო, ეროვნული ბანკის დღევანდელ პრეზიდენტს შეიძლება პრობლემები შეექმნას პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ, რომ დაბრუნდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდში სამუშაოდ, ამიტომ ის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ის ადრე მუშაობდა საერთაშორისო სავალუტო ფონდში. 100%-იანი გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგი ვადით არათუ არ აირჩევენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, არამედ ყველა გახარებული იქნება მისი თანამდებობიდან წასვლით, მთავრობაშიც და პარლამენტშიც. როგორც სახელისუფლებო შტოში, ასევე ოპოზიციურ პარტიებში, ყველა დადებითად შეხვდება ამას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მუშაობდა სავალუტო ფონდში, იყო მისი წარმომადგენელი ჯერ ყირგიზეთში, შემდეგ აზერბაიჯანში, რის შემდეგაც დაბრუნდა საქართველოში და გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რა თქმა უნდა, მას კარი გახსნილი აქვს, რომ კვლავ საერთაშორისო სავალუტო ფონდში გააგრძელოს კარიერა. ამისთანა კაცს უნდა ახლა ურთიერთობის გართულება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან?!
_ გასაგებია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, შესაძლოა, პირადი ინტერესები ჰქონდეს და ამიტომ არ იღებდეს ინფლაციის პოლიტიკის შეცვლის გადაწყვეტილებას, თუმცა ღირს თუ არა, ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება მიიღოს?
_ კონკრეტული მაგალითით გეტყვით: 1998 წლის აგვისტოში რუსეთში იყო დეფოლტი. სექტემბრიდან ლარმა დაიწყო გაუფასურება. მაშინ საქართველოს ეროვნული ბანკი და ქვეყნის მთავრობა ასეთი დილემის წინაშე დადგა: საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვთხოვდა შეგვეჩერებინა სავალუტო ინტერვეციები და გადაგვერჩინა ეროვნული ბანკის რეზერვები, გვემუქრებოდა პროგრამის გაჩერებით. იმდროინდელი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ და საქართველოს მთავრობამ, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი მეც ვიყავი, არ გავითვალისწინეთ ეს და გადავარჩინეთ ლარიც და საქართველოს საბანკო სისტემაც: თუ რუსეთში ჩვენზე მსხვილი ბანკები გაკოტრდა, საქართველოში ყველა ბანკმა იზარალა, თუმცა არც ერთი ბანკი, არც ერთი იურიდიული თუ კერძო პირი, არ გაკოტრებულა. მაშინ უშიშროების საბჭო გაიმართა პრეზიდენტ შევარდნაძესთან. ითქვა, რომ თუ ეს არ გაამართლებდა, ასეთ შემთხვევაში თანამდებობიდან გადავეყენებინეთ. საბოლოოდ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ურთიერთობა აღვადგინეთ. აუცილებლად უნდა დავასახელო იმ ადამიანების გვარები, რომლებმაც ამ პროცესში მიიღეს მონაწილეობა. ესენი იყვნენ: პრეზიდენტის თანაშემწე თემურ ბასილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე და ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია, ასევე თქვენი მონა-მორჩილი. მაშინ მთელი საპარლამენტო დებატები ჩვენს კისერზე გადავიდა. ამიტომ ჩემთვის, რომელმაც ეს იმ ადამიანებთან ერთად გავაკეთე, ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, რომ მკვეთრი ნაბიჯები არ გადაიდგას დღეს. თუმცა წმინდა ადამიანურად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მესმის _ მას არ სურს, უმუშევარი დარჩეს ვადის გასვლის შემდეგ და კარგ სამსახურს ეძებს… მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე!
_ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ინფლაციასთან დაკავშირებით, რისი თქმა შეგიძლიათ ამ ეტაპზე _ უახლოეს მომავალში მოსახლეობა უნდა ელოდის პროდუქტებზე ფასების მკვეთრ ზრდას?
_ გარდა იმისა, რომ ჩვენ ინფლაცია გვაქვს მაღალი და ის აცდენილია მიზნობრივ მაჩვენებელს, გვაქვს ინფლაციის დათვლის პრობლემა. საქმე ის არის, რომ იმ სამომხმარებლო კალათით, რომლითაც ჩვენ ინფლაციას ვითვლით, იმ კალათაში შემცირებულია სურსათის ხვედრითი წილი, ის სამომხმარებლო კალათის 30%-ზე ნაკლებია მაშინ, როცა ჩვენნაირი განვითარების პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, დაახლოებით, 50%-ია. გაჭირვებულ ქვეყნებში ადამიანების შემოსავლების ნახევარი სწორედ პროდუქტების შეძენაზე მიდის. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-ში ეს არის 12-18%, თურქეთში _ 24%, ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში _ 50-60%. სინამდვილეში, რასაც ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომელიც, რეალურად, არაადეკვატურია, ჩვენი მომხმარებლისთვის ეს ინფლაცია უფრო მაღალი უნდა იყოს, თუკი სამომხმარებლო კალათაში სურსათის ხვედრითი წილი გაიზრდება. შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება, ხოლო არსებული მაჩვენებელი ეალობას დამახინჯებულად ასახავს. ერთია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს, ამ ეტაპზე, აქვს ინფლაციის თარგეთირების მკვდრადშობილი რეჟიმი, ხოლო, მეორე მხრივ, სტატისტიკის სამსახური სწორად არ ითვლის ინფლაციას. ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგია კი მთავრობამ, სტატისტიკის სამსახურთან ერთად, უნდა შეცვალოს, რადგან სურსათის ხვედრითი წილის გაზრდის ინიციატივით, პირველ რიგში, უნდა გამოვიდეს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. იმ შემთხვევაში, თუ დათვლის მეთოდოლოგია შეიცვლება, ბევრი რამ გამოსწორდება.მე და ჩემმა ახალგაზრდა კოლეგა ვახტანგ ჭარაიამ შემოვიღეთ სპეციალური მაჩვენებლები: ჯერ გამოვიყენეთ მსოფლიოში გავრცელებული ისეთი მაჩვენებელი, როგორიცაა აგფლაცია, რომელიც არის აგრარული ინფლაცია და რომელიც მხოლოდ სასურსათო კალათაზე გათვლილი ინფლაციაა. გარდა ამისა, ჩვენ შემოვიღეთ შემდეგი ორი მაჩვენებელი, იმფლაცია, რაც ნიშნავს იმპორტირებული პროდუქტის ინფლაციას, სადაც შედის სამომხმარებლო კალათის მხოლოდ იმპორტირებული პროდუქტების ფასები უცხო ვალუტაში და მათი ლარზე მოქმედი გაცვლითი კურსები, რამაც ასევე სერიოზული განსხვავება გვიჩვენა ინფლაციასთან მიმართებით. ასევე შემოვიღეთ კიდევ ერთი ახალი მაჩვენებელი _ მანფლაცია, რომელიც ერთდროულად ითვალისწინებს სურსათის, კომუნალურ და სამედიცინო მომსახურების ფასების ზრდას. სხვა სიტყვებით, ეს მაჩვენებელი ითვალისწინებს ფასების ზრდას იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გაჭირვებული ადამიანისთვის, რომელსაც, უწინარეს ყოვლისა, სჭირდება კვება, შუქი, წყალი, გათბობა, წამლის ყიდვისა და ექიმთან მისვლის საშუალება. ამ მაჩვენებლითაც დავადასტურეთ, რომ საქართველოში სოციალური მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე ინფლაცია გვიჩვენებს. ინფლაციის მაჩვენებლების გამრავალფეროვნება უფრო მეტ ინფორმაციას გვაძლევს, როგორც ეკონომისტებს, სწორი ანალიზის ჩასატარებლად, ისე პოლიტიკოსებს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად.
_ რომ დავუბრუნდეთ სახმელეთო საზღვრების გახსნას, ზაფხულის სეზონი დაიწყო. იქნება თუ არა წინა წელთან შედარებით ტურისტების მკვეთრი ზრდა და არსებითად რა გავლენას მოახდენს ეს ეკონომიკაზე?
_ ტურიზმის სრულად აღდგენა შეუძლებელია, რადგანაც პოტენციურ ტურისტებსაც შეუმცირდათ პანდემიის პირობებში შემოსავლები.
გასათვალისწინებელია, რომ თუ გასულ წელს ფართო მასშტაბით ტესტირების ჩატარების საშუალება არ იყო, ახლა ტესტირების მასშტაბი აშკარად გაზრდილია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ _ მთელ მსოფლიოში. გარდა ამისა, ბევრი ტურისტი ჩამოდის, რომელსაც უკვე გადატანილი აქვს კოვიდი ან სრულადაა ვაქცინირებული და, წესით, იმუნიტეტი უნდა ჰქონდეს გამომუშავებული. ამიტომ სიტუაცია ძირფესვიანადაა შეცვლილი. რა თქმა უნდა, ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, ეკონომიკა გააქტიურდება, სასტუმროები ისევ ამოქმედდება კოვიდრეგულაციების დაცვით, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედებს. დღეს უფრო ადაპტირებული ვართ ჩვენ და მთელი მსოფლიო. შარშან ამ დროს გარე ტურიზმი თითქმის განულებული იყო და მხოლოდ ქვეყნის შიგა ტურიზმი მუშაობდა. ამ ზაფხულს კი იქნება როგორც შიგა ტურიზმი, ასევე საერთაშორისო ტურისტული ნაკადები. რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
ნენე ინჯგია