QronikaPlus
აბაგაელ ვესტა ბაგ: „თუ ფინანსური პრობლემაა, არ ნიშნავს, რომ ჯადო გაგვიკეთეს“

აბაგაელ ვესტა ბაგ: „თუ ფინანსური პრობლემაა, არ ნიშნავს, რომ ჯადო გაგვიკეთეს“

2019-04-22 08:30:41

აბაგაელ ვესტა ბაგ _ იგი არის ეზოთერიკოსი, რომელსაც საზოგადოება სწორედ ამ სახელით იცნობს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის მიღმაც ძალიან დიდი ძალა, იდუმალება და საინტერესო ცხოვრება იმალება, დღეს ჩვენი სტუმარია. „ქრონიკა+“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ეზოთერიკოსთან, რომელიც არასდროს ჩნდება პრესის ფურცლებზე, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა მან გამონაკლისი დაუშვა და გულწრფელად ისაუბრა ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რაც დღეს საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. _ აბაგაელ, რა ასაკიდან დაიწყეთ ეზოთერიკოსობა? _ ბავშვობის პერიოდში გარკვეული ადამიანების გარშემო ენერგო ინფორმაციულ ველს აღვიქვამდი. იმ დროის ინფორმაციულ ვაკუუმში ლიტერატურასთან წვდომა არ გვქონდა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა უცნაური გრძნობა იყო: მეგონა, რომ ეს ბუნებრივ პროცესად მიიჩნეოდა და ყველა იგივეს ხედავდა, რასაც _ მე. არ ვიყავი აქტიური ბავშვი, რომ მშობლებისთვის შეკითხვები დამესვა, ისინიც იგივეს ხედავდნენ თუ არა. ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში უფრო ვითარდებოდა. ეზოთერიკას რაც შეეხება, მის შესახებ ზღვა მასალასა და ლიტერატურას გავეცანი, მაგრამ იმას, რასაც მე ვაკეთებ თუ ვსაქმიანობ, ეს შესწავლილი არ მაქვს, ანუ ნასწავლით არ ვმოქმედებ. დაახლოებით 10 წელია, რაც ამ კუთხით ვმოღვაწეობ. _ აბაგაელ, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის თქვენთან. რატომ და რისთვის გაკითხავენ ისინი? ძირითადად, რა აინტერესებთ? _ ადამიანებს, ძირითადად, აინტერესებთ მომავალი, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მათ გარშემო და ა. შ. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით, რომ, ძირითადად, აინტერესებთ ის პაკეტი, რასაც ვთავაზობ. იშვიათად, რომ ვინმე პირადი ცხოვრების გამო მოვიდეს. თან ვუხსნი, თუ რა უშლის ხელს წარმატების მიღწევაში, ეძლევა რეკომენდაციები, სპეციალური რჩევები, ვეუბნები პლუს და მინუს მხარეებს. ძირითადად მომავალი და ფინანსური საკითხები აინტერესებთ. _ ბევრს ეზოთერიკა მკითხაობაში ერევა. მკითხველს უფრო დეტალურად ავუხსნათ, რა განსხვავებაა ეზოთერიკასა და მკითხაობას შორის ან, საერთოდ, თუ არის განსხვავება? _ მკითხაობა, ყავაში ჩახედვაც, სანთლის ანთება, ქვებით მკითხაობა, რუნები _ ამ ყველაფრის საერთო რეგალიას ქმნის ეზოთერიკა. ამაში, რა თქმა უნდა, შედის ასტროლოგიაც. ეზოთერიკოსი შესაძლოა, ყველაფერს ფლობდეს, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერს აკეთებდეს. _ ეზოთერიკა ექსტრასენსორიკისგან შორსაა? _ პროფესიონალურ დონეზე რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ, რომ ეს ექსტრასენსორიკაა _ როცა ადამიანს გარკვეული სახის უნარების გამოვლინებები აქვს, რომელიც შეიძლება, სხვა ადამიანს არ ჰქონდეს. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა ადამიანს აქვს ეს უნარი, უბრალოდ, ზოგის შემთხვევაში სხვადასხვანაირად ვითარდება და სხვადასხვა გამოვლინებით. მომღერალს, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ვოკალი და საოცრად მღერის, ეს უკვე უნარია. მე მაქვს ამის უნარი, მასაც ჰქონდა უნარი, მაგრამ სიმღერის კუთხით განვითარდა. ყველას გვაქვს ჩვენი უნარები და სხვადასხვა მიმართულებით უნდა განვავითაროთ. მაგალითად, ექსტრასენსი შეიძლება, გამოძიებაზე წაიყვანონ და მან გამოიკვლიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში, თავისი ხილვებით, ტრანსის მდგომარეობით და ფაქტები დადოს. შეუძლია, გამოძიება კონკრეტულ დამნაშავემდეც კი მიიყვანოს. _ თქვენ ყოფილხართ მსგავს საქმეზე? _ არა. _ შემოთავაზებაც არ გქონიათ? _ შემოთავაზება ყოფილა, მაგრამ უარი მითქვამს. _ რატომ? _ მსგავს თემატიკაზე მუშაობის სურვილი არ მაქვს. ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო, ენერგია და ძალისხმევა. მირჩევნია, ეს ენერგია სხვა მიმართულებით გამოვიყენო. ეს ჩემთვის სხვა სფეროა. _ რამდენად წინააღმდეგობაში მოდის ეზოთერიკა რელიგიასთან? _ სიტყვა იმისთვის გაჩნდა, რომ რაღაცას დაერქვას სახელი, მაგალითად, ქმედებებს, რიტუალებსა და ა. შ. რა არის რელიგია? ის არის სწავლება, გარკვეული სახის დოგმაც და შეიძლება, ამ ყველაფერს სხვადასხვა რაღაცაც რომ დავურთოთ. როგორც ეზოთერიკაში, ასევე რელიგიაშიც არის ბევრი ცდომილება, რომელიც ფაქტების სახით, არგუმენტებად შეიძლება დაუდო ადამიანს და უთხრა, თუ რატომ ხდება ან მოხდება ასე. თუ ადამიანები, როგორც რელიგიური მიმდევრები, ფიქრობენ, რომ ღმერთმა გაგავაჩინა და შესაძლებლობა მოგვცა, რომ დავბადებულიყავით, ბიბლიაში ისიც წერია, რომ ჩვენ ვართ ღმერთის ხატები, ანუ სახეები. პირველ რიგში საკითხავია, ჩვენ, ადამიანებმა შევქმენით ღმერთი თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი?! მეორე: ვართ ადამიანები და ვსწავლობთ ადამიანურ ცხოვრებას, თუ რა ხდება საერთოდ? ფაქტები სხვა რაღაცებზე მეტყველებს და რეალობა ცოტა სხვანაირია. რელიგია იმიტომ უპირისპირდება ამ ყველაფერს, რომ მისი თვალთახედვით ეზოთერიკა მიიჩნევა ცოდვად. ერთმანეთთან თუ პარალელს გავავლებთ, გეტყვით, რომ რელიგიაც ერთი დიდი მაგიაა, თავისი რიტუალებით და ეზოთერიკაში დაწყებული მაგიური მიმდინარეობები იგივე რიტუალის მატარებელია. თეთრი შავს დაუპირისპირდება თუ შავი თეთრს, ერთი და იგივეა. ორივე ერთმანეთს უპირისპირდება. _ ეზოთერიკა რომელს მიეკუთვნება, შავს თუ თეთრ მაგიას? _ ეზოთერიკა რადგან მოიცავს სხვადასხვა მიმდინარეობას, ფერს ვერ მივცემდი. უფრო იასამნისფერს მივანიჭებდი, რადგან ტრანსფორმაციული ფერია. გააჩნია, რა კუთხით უდგები ეზოთერიკას. _ როგორ ფიქრობთ, ეს უნარი, ძალა და ნიჭი საიდან გაქვთ, ვისგან ან რისგან? _ ჩემი აზრით, ადამიანები არიან პოტენციური ღმერთები. ყველა ადამიანი პოტენციური წმინდანია დღევანდელ ეპოქაში. თუ წარსულში შამფურით დაღავდნენ ვიღაცას და სიკვდილით სჯიდნენ და ამიტომ შერაცხდნენ წმინდანად, დღეს ჩვენ ყველანი წმინდანები გამოვდივართ. მაგალითისთვის ავიღოთ ძალიან ბევრი უმიზეზოდ დაღუპული ადამიანი, რომელიც ეწირება ომს, ისინიც წმინდანები არიან, რადგან რაღაცას იცავენ. წმინდანები არიან ადამიანები, რომლებიც ბულინგის გამო იჩაგრებიან, ვიღაცები ცუდ საქციელს სჩადიან, მსხვერპლი სუიციდამდე მიჰყავთ. ვიღაცა რომ ეწინააღმდეგება განსხვავებულ აზრს, ამის გამო შეუძლიათ, ჩაქოლონ და ვისაც ქოლავენ მიმაჩნია, რომ ის ადამიანი წმინდანია. ჩემთვის წმინდანებს სტატუსი აღარ აქვთ. ეს ძალა და უნარიც იმ ენერგიისგან მაქვს, რომელიც ადამიანებმა შევქმენით ამ სამყაროში, ძალიან დიდი ენერგია გავუშვით კოსმოსში ღმერთის სახით ბუმერანგივით და დღეს ჩვენ ამ ენერგიის ნაწილი ვართ. ვაღიარებ ენერგიის არსებობას და სწორდ ამ ენერგიის სახით მოდის უნარი, ცოდნა და ა. შ. იმიტომ იბადები ამ სამყაროში, რომ გონებით განვითარდე. _ მართალია, როცა ამბობენ, რა ენერგიასაც გაუშვებ კოსმოსში, ის ენერგია გიბრუნდება უკან? _ რა თქმა უნდა. ადამიანს შეუძლია, პატარა ექსპერიმენტი ჩაატაროს: 15 დღის მანძილზე ტექსტი დაწეროს, რომელიც მისთვის დადებითთან ასოცირდება, იკითხოს ეს ტექსტი 15 დღის მანძილზე და ნახავს, თუ მისი ცხოვრება ზუსტად იმ ტექსტის მიხედვით არ წავიდეს. _ რანაირად? _ სიტყვების მთელი ეს ენერგეტიკა, ვიბრაციები კოსმოსში მიდის, შენ გარშემო იგივე ვიბრაციები ტრიალებს, იგივე კოდი იდება შენს გონებაში, ამ დროს ტვინში შენი რუკა სხვა ხდება და სწორედ ამ რუკით იწყებ ცხოვრებას. _ დღის რა მონაკვეთში უნდა ვიკითხოთ? _ განსაკუთრებით დილის საათებში არის აუცილებელი და კარგი. _ რა შინაარსის ტექსტი შეიძლება, რომ დავწეროთ? _ უარყოფითს ცვლით დადებითად. ვამბობთ, რომ ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად კარგია, არაფერი მაწუხებს, ვარ ძალიან კარგად, ბედნიერი, მაქვს შემოსავალი და კეთილდღეობა. ეს არის იმ სიტყვების აფირმაცია (დამტკიცება, დადასტურება, _ რედ.), რომელიც გონებაში უარყოფით პროგრამას დადებითით ჩაანაცვლებს. ჩვენ ვფიქრობთ მხოლოდ პრობლემაზე და არა მის მოგვარებაზე. _ აბაგაელ, თვალის ფენომენზე რას გვეტყვით? _ დავიწყოთ იქიდან, რომ ვერბალური ფსიქოლოგია არსებობს, რომელიც ადამიანის ნებისმიერ მოქმედებას ფიზიკურ დონეზე _ გამოხედვას, გახედვას თუ ხელის მოძრაობას აღწერს თავიდან ბოლომდე და ფაქტად წარმოგიდგენს, თუ რატომ გააკეთე ეს მოქმედება, რას ნიშნავდა და რა გაიფიქრე ამ წამს. მენტალისტიკაც ძალიან ბევრ რაღაცას ითვლის და ა. შ. თვალმა კი არა, ადამიანის ქმედების გამო ადამიანის გარკვეული გამოხედვით ან მოძრაობით ჩვენმა ენერგეტიკამ და ფიზიკურმა სხეულმა მისი ეს ქმედება მიიღო, თუნდაც უარყოფითად ან გასცა ზედმეტი ენერგია. ადამიანი გძნობს დაღლილობას, შეუძლოდ არის, შემდეგ რაღაც ცუდი მოხდა მის ცხოვრებაში და ა. შ. მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი განწყობა ექნება ადამიანს მეორე ადამიანის მიმართ. თუკი მე ცუდი განწყობა მექნება და ცუდს გამოვავლენ, ავტომატურად მის ტვინშიც ინახება ეს ინფორმაცია და მეორე ადამიანს განცდა რჩება, რომ შენ ძალიან ცუდი ხარ. თუ ენერგოვამპირიზმი ჩართულია და ხარ დონორი პიროვნება, რომელიც გასცემ იმ ენერგიას, აქ სხვისი თვალი არაფერ შუაშია, რადგან საკუთარი თავი დაცალე, იმიტომ რომ სრულიად უმიზნოდ გაეცი შენი ენერგია და ბალანსი დაცული არ გქონდა. ამ ყველაფერს კი ამბრალებენ თვალს, ცუდ ფეხს და ა. შ. _ ეს ბალანსი როგორ დავიცვათ? ვგულისხმობ თუნდაც იმას, რომ ზედმეტად არ გავცეთ ენერგია. _ ენერგეტიკული არხები უნდა ჩაკეტო, რომ არ იყოთ ზემეტად გამცემები. აუცილებელია დიალოგის პროცესში მოსმენის უნარი. ჯობია, იყო მომსმენი და მომთმენიც. როგორი საკამათო სიტუაციაც არ უნდა იყოს, მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ სიმშვიდე შეინარჩუნო. ამ დროს საერთოდ არ გასცემ ენერგიას. _ აბაგაელ, რამდენად ახდენს ჯადო ზემოქმედებას ადამიანის ცხოვრებაზე? _ ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ თავად ადამიანებს. ვინ არის ჯადოს შემსრულებელი? ვინ აკეთებს ამ ჯადოს? _ რა თქმა უნდა, ადამიანი. ე. ი., ისევ ადამიანები ვუშავებთ ერთმანეთს და ადამიანები ვქმნით რაღაც საფრთხეს. მაგალითისთვის გეტყვით: ეს არის საბჭოთა კავშირის დრო, როდესაც ეზოთერიკა ძალიან პოპულარული იყო, ეს არ იყო ფენომენი მხოლოდ საბჭოთა კავშირისთვის, ეს იყო აშშ-თვის, ნაცისტური გერმანიისთვისაც ძალიან საინტერესო თემა გახლდათ, რადგან თვით ჰიტლერიც კი დაინტერესებული იყო მსგავსი ადამიანებით. რატომ? იმიტომ, რომ მათ იცოდნენ მათი შესაძლებლობების შესახებ, თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანონ ადამიანებს. იმ პერიოდში, ვინც მსგავსი თემებით საქმიანობდა ან ჯადოებს იყენებდა, გათვლილი იყო იმ საუკუნის ადამიანების ენერგეტიკაზე. მაშინ არ იყო ტექნოლოგიური განვითარება, ტექნოლოგიური ვიბრაციები, სხვა ჰერცებზე გათვლილი მუსიკა იყო, უკვეთდნენ, რომ მუსიკა უნდა დაწერილიყო ამა და ამ ჰერცზე, რადგან ის მოსახლეობაზე ზეგავლენას ახდენდა. დღეს არავინ ფიქრობს, როგორ მუსიკას უსმენს და როგორ ვიბრაციას იღებს. სწორედ ამიტომ იმ პერიოდის ეზოთერიკა იმ ადამიანებზე მოქმედებდა, მათი ენერგეტიკული ველი და ვიბრაციები დაბალი იყო. თუკი დავიჯერებ, რომ ჯადო ჩემზე ზეგავლენას ახდენს, ამით იმ უარყოფით ენერგეტიკას გავააქტიურებ. უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად გულწრფელია ის, ვინც ჯადოს აკეთებს. იქნებ, გაბრაზებული აკეთებს და მართლა არ გამოსდის, ამ ყველაფრით კი საკუთარ თავს იზიანებს, უარყოფითი ველი ბუმერანგივით უკან უბრუნდება. თუ ფინანსური პრობლემა გვაქვს ან რაღაცაში არ გვიმართლებს, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჯადო გაგვიკეთეს. ყველაფრის პრობლემა ჩვენშია. _ და მაინც, არსებობს თუ არა ჯადო? _ ჯადო არსებობს, მაგრამ ეს არის ადამიანების სურვილების ენერგეტიკული ძალა. _ როგორია დღევანდელი პოლიტიკური ამინდი, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ? _ პოლიტიკურ პროგნოზზე არასდროს გამიმახვილებია ყურადღება. არ დავინტერესებულვარ ისე, რომ სიღრმისეულად გამომეკვლია და ჩავწვდომოდი ამ სფეროს. ძალიან დაბალი ვიბრაციული ენერგეტიკა ტრიალებს საქართველოში, ამიტომ ყველანაირი პროტესტის გამოხატვის საშუალება გაქრა. ადამიანებს აურაზეც ეტყობათ. სიჩუმე ყოველთვის ხმაურს მოასწავებს. შეიძლება იყოს ეს აქციების კუთხით ან სხვა რაღაცებს მოგვასწავებდეს. მგონია, რომ საქართველოს ეყოლება სხვა პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს აუცილებლად ჩაანაცვლებს მამაკაცი და ეს მოხდება ძალიან მალე. ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, მდგომარეობას დააბალანსებს და სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის.

გიორგი საკარული

 

გაზიარება