შეიძლება, ბევრ რამეს დააბრალო _ საერთაშორისო სტატუსს, იმუნიტეტს, გარკვეულიტიპის ხელშეუხებლობასა და ა.შ., მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველად ყოფნის პერიოდში არცერთი ომბუდსმენი არ ყოფილა ასეთი „უშიშარი“. ზეწოლისა და გაფრთხილებების მიუხედავად, ანგარიში ანგარიშზე იდება, სადაც დეტალურად ფასდება დარღვევები. ეს კი ძალიან არმოსწონთ არც შსს-ს, არც პროკურატურას, არც პეტრეს და არც პავლეს. არადა, ვერც შეეხებიან _ მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, საერთაშორისო სკანდალის თავი არავის აქვს. სამაგიეროდ, არა პირადი, ძვირადღირებული მანქანის სკანდალი შეუძლიათ აუგორონ და სამჯერ ძვირი მანქანებით თვითონ იარონ. შეუძლიათ, შენობა არმისცენ და ავარიულ ოფისში ჩატოვონ. ბევრი რამე შეუძლიათ... მაგრამ არა იმდენი, რომ გააჩუმონ.
„ქრონიკა+“-ის კითხვებს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი პასუხობს:
_ თქვენ ერთ-ერთი ის სახელმწიფო ორგანიზაცია ხართ, ერთადერთი თუ არა, რომელიც შსს-სა და პროკურატურის მხრიდან არსებულ ზეწოლებზე ყოველთვის ღიად ლაპარაკობდით.
_ რაც არის რეალობა, იმით ვსაუბრობთ. ყველაფერს ვიღებთ კონკრეტული ფაქტებით, ინფორმაციითა და მტკიცებულებებით. ის, რა პრობლემებიც არის, ამაზე ვსაუბრობთ ღიად და რაც მთავარია, ვასაჯაროებთ. ბოლოდროინდელი მოვლენები კი იმას ამტკიცებს, რომ ასეთი ფაქტები არსებობს და პირიქით, გაიზარდა.
_ სახალხო ორგანიზაციებთან ურთიერთობის პრაქტიკა სახალხო დამცველთან ყოფნის პერიოდში როგორი იყო, რას გვაძლევს ეს ურთიერთობები? რაში გვეხმარება? რა ახალი პრაქტიკა და პროგრამები დაინერგა წინა წლებთან შედარებით?
_ ჩვენ გავწევრიანდით არაერთ საერთაშორისო ორგაზაციაში, რომლის წევრიც არ ვყოფილვართ. მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ ომბუდსმენთა საერთაშორისო ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ევროპული ინსტიტუტების ევროპული ქსელი, მისი ცენტრი ბრიუსელშია. საქართველოს სახალხო დამცველი მმართველ ორგანოში იმყოფება, უკვე რამდენიმ ეწელია _ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ვართ და ასევე ფინანსური კომიტეტის ხელმძღვანელი. ომბუდსმენების გლობალურ ალიანსში 2017 წლის მარტიდან ბიუროს წევრივართ. ცნობისთვის: ბიურო არის მმართველი ორგანო, რომელიც ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ჩვენ ევროპიდან ვართ საკონტროლო, ასევე გერმანიასთან, ხორვატიასთან და ფინეთთან ერთად წარმოვადგენთ ევროპის რეგიონს. ეს ხდება სწორედ იმ ავტორიტეტიდან და საქმიანობიდან გამომდინარე, რაც ოფისმა წლების განმავლობაში განახორციელა. ზოგადად, ომბუდსმენის ინსტიტუტებს გარკვეულ კლასიფიკაციას ანიჭებენ, სტატუსებს აძლევენ და ჩვენ უმაღლესი სტატუსი გვაქვს. ეს ნიშნავს პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას, რომ რეალურად ორგანიზაცია სრულყოფილად ასრულებს იმ ვალდებულებებს და რაც მთავარია, ეს სტატუსი წლებია, გვაქვს, რაც გვეხმარება, თავი წარმოვადგინოთ ბევრ საერთაშროისო ფორუმზე, კონფერენციაზე და ვისაუბროთ გაეროსეგიდით. ეს გვეხმარება, რომ სათქმელი მივიტანოთ საერთაშორისო ორგანიზაციებამდე. მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოსთანაც გვქონდა არაერთი კომუნიკაცია იგივე აღსრულებასთან დაკავშირებით.
_ ალბათ დარღვევებს გულისხმობთ?
_ ევროსასამართლოში გამოტანილია არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას არ აღუსრულებია. მაგალითად, კომპენსაცია არის გაცემული, მაგრამ ევროპული სასამართლო ასევე მოითხოვდა კონკრეტული ფაქტების ხელახალ გამოძიებას. ამ საქმეების მდგომარეობასთან დაკავშირებით რამდენჯერმე კომუნიკაცია გვქონდა ევრო სასამართლოს მინისტრთა კომიტეტთან. მითუმეტეს, რომ ეს გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის სავალდებულოა. და იმის გამო, რომ ვალდებულება არ შესრულდა, ვცდილობთ, საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ რა მდგომარეობაა ამ საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით.
_ სხვათაშორის, გოგა ონიანის საქმეზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა „ქრონიკა+“-თან აღნიშნა, რომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სახალხო დამცველი სასამართლოში მივიდა ჩვენების მისაცემად და არ დამალა გოგა ონიანის მიმართ, რომ დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილიო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ამის ვალდებულება არ გქონდათ.
_ აღნიშნული სასამართლო პროცესი დახურული იყო და მე უფლება არ მაქვს, დეტალებზე ვისაუბრო. თუმცა არ შემიძლია არ დავეთანხმო ხატიაშვილს _ ვალდებულება არ მქონდა, მაგრამ მივედი. ყოველთვის და ყველგან მივალ, სადაც სამართლიანობის აღდგენის შანსი მექნება.
_ თქვენს საქმიანობაში ამის გამო რა სიძნელეებს აწყდებით?
_ ძალიან ბევრს! მაგალითად, ხუთიწელია, შენობას ვითხოვთ. ეს შენობა, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, სახელმწიფო ბალანსზეა, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაშია. ის ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიქცეს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ამაზე „სამხარაულის“ ექსპერტიზის დასკვნაც მაქვს. არაერთი წერილი გავგზავნეთ, რომ სახალხო დამცველის შენობა ავარიულია და არ არის ადაპტირებული, თან ბოლო წლებში თანამშრომელთა რაოდენობაც გაგვეზარდა.
2015 წლის ნოემბრიდან სახალხო დამცველის ცხელი ხაზი გვაქვს მობილური ჯუფით. ანუ ომბუდსმენის აპარატის რეაგირება სადღეღამისო გახდა, მათ შორის, უქმეებზე _ მობილური ჯგუფი ყოველთვის მზად არის, შემთხვევის ადგილზე გავიდეს, რაც ცალკე პრევენცია გახლავთ. და რა გამოდის, რომ დღეს, როდესაც ომბუდსმენის აპარატი სხვა დაწესებულებას სთხოვს გარკვეული შრომითი პირობების შექმნას, მაგალითად, იგივე ციხეებში ვითხოვთ, რომ ერთ პატიმარზე 4 კვ.მ-ზე ნაკლები არ იყოს და ამ დროს ჩვენ ვართ გაუსაძლის პირობებში. ამის გამო გავაუქმეთ ბიბლიოთეკა და სამზარეულო. ფიზიკურად არ გვაქვს ადგილი.
_ ყველაზე საგანგაშო, ალბათ, შენობის ავარიულობის ფაქტორია. ცოტა მიჭირს დაჯერება, რომ არ გეხმარებიან და სახალხო დამცველს დღეს საკუთარი შენობა არ გააჩნია.
_ ზოგიერთი სტრუქტურა მზად არის, დაგვეხმაროს და ჩვენთან აქტიურად ითანამშრომლოს, მაგრამ არის რამდენიმე უწყება, რომელიც იმის გამო, რომ ჩვენი კრიტიკა მათთვის მიუღებელია, უკვე თანამშრომლობის ფორმაზეც აისახება. მოკლედ, სამართალდამცველი უწყებები არ „გვწყალობენ“.
_ როგორც გავიგე, ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ვალდებულნი არიან და მზადყოფნასაც გამოთქვამენ, რომ შენობა გამოგიყონ, ამას ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ სხვა რამდენიმე სახელმწიფო უწყება თქვენგან მოითხოვს, შეწყვიტოთ მათზე კრიტიკული ანგარიშების წერა.
_ დიახ, ასეა.
_ ძნელი წარმოსადგენი არ არის, რომელი უწყებებიც იგულისხმება _ სავარაუდოდ, სამართალდამცველი _ შსს და პროკურატურა. ბატონო უჩა, თქვენგან დიდი ვაჟკაცობაა ამის თქმა.
_ მე ვარ უფლებადამცველი. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ადამიანის უფლებები კი _ უზენაესი.
_ ეს ხელს ხომ არ შეგიშლით მომავალი ომბუდსმენის არჩევნებში? სამომავლო გეგმებზე გეკითხებით...
_ კანონით ყველა საპარლამენტო ფრაქციას შეუძლია წარადგინოს კანდიდატი. ოფიციალურად ამაზე საუბარი ჯერ არ დაწყებულა და ჩემი უფლებამოსილების ვადა 17 დეკემბრამდეა.
_ ანუ სამომავლო გეგმებზე ჯერ ვერ გვეტყვით?
_ ჯერ არ ვიცი, სად როგორ ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, ადამიანის უფლებების სფეროში კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მერე რა, რომ ბევრს არ მოვწონვართ იმიტომ, რომ პრინციპულები და ობიექტურები ვიყავით, განსაკუთრებით იმ სახელმწიფო ორგანოების მიმართ, სადაც სისტემური პრობლემებია. განცხადებებიც იმიტომ მოდის, ძირითადად, იქიდან: პროკურატურიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სასამართლოდან და ა. შ. გასულ წელს ჩვენთან საჩივრის 8 800 განცხადება შემოვიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით დინამიკა იზრდება.
_ ბატონო უჩა, ჩვენ, ალბათ, ბევრი გვექნება ამის გარშემო სასაუბრო, მაგრამ ამჯერად მინდა, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკითხს შევეხო. კერძოდ, იმ ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში შედარებით ნაკლებად ექცევიან. ბოშებით დავიწყოთ...
_ კი ბატონო. აქ მთელი რიგი პრობლემებია, რომელსაც ბოშები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. პირველ რიგში, პირადობის მოწმობების არქონა. მართალია, ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა და ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე, ბოლო წლებში, რამდენიმე ათეული ბოშა დარეგისტრირდა და მათ პირადობა მიიღეს. ეს პოზიტიური ფაქტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პრობლემა სანახევროდაც არ არის გადაწყვეტილი.
_ ბოშები თვითონ არ მიმართავდნენ სარეგისტრაციო ორგანოებს, თუ მიმართავდნენ და არ აძლევდნენ?
_ აქ ცოტა რთულად არის საქმე. იცით, თვითონ არ სჭირდებოდათ და, შესაბამისად, მცდელობაც არ ყოფილა, რომ მიემართათ. ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინისტროს პროაქტიური მცდელობა ჰქონდა მათი დარეგისტრირების, რომელიც, ცნობისთვის, ისევ გავიმეორებ, ჩვენი რეკომენდაცია გახლდათ წლების განმავლობაში. თუმცა პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. თავად ამ ეთნიკური ჯგუფის მენტალობიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, პირადობის მოწმობის აღების საჭიროებას არ მიიჩნევს აუცილებლად.
_ კი მაგრამ, სოციალური დახმარებები, განათლება?.. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით არ სარგებლობენ?
_ აქ, პირველ რიგში, განათლების მიღების პრობლემასთან მივდივართ. ჯერ გეტყვით, რა გაკეთდა და შემდეგ რა არ კეთდება: ბოშები საქართველოს ტერიტორიაზე სულ რამდენიმე რეგიონში არიან დასახლებულები, სადაც მათთვის სპეციალური პროგრამები ხორციელდება. ამ მხრივ, შემიძლია დაგისახელოთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი სოფელი, ძველი სახელწოდებით ლენინოვკა, ამჟამინდელი ჭოეთი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. მას ასევე ჰქვია „ბოშათა ორგანიზაცია“. ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე და ხსენებული ორგანიზაციის აქტიურობით, ბავშვებს სპეციალური სასკოლო ტრანსპორტი დაენიშნათ. პარალელურად შეკეთდა გზა, ამ სოფელში მოეწყო გარე განათება. ასევე ქობულეთში მდებარე ერთ-ერთი ქართული სკოლის დირექტორმა, ნარგიზ ჯინჭარაძემ, თვითონ შეიმუშავა საგანმანათლებლო პროგრამა ბოშა ბავშვებისთვის. მან ერთ-ერთ ჩვენს კონკურსშიც გაიმარჯვა და ტოლერანტობის პრიზი მიიღო სახალხო დამცველის აპარატიდან. მაგრამ სერიოზული პრობლემები სხვა კუთხით არსებობს.
_ ბოშათა მიმართ დისკრიმინაციას გულისხმობთ?
_ იცით, რა, ის, რომ ბოშათა მიმართ პირდაპირი დისკრიმინაციის ნიშნები არსებობს, ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს. დისკრიმინაცია რომ დადგინდეს, კონკრეტულ ფაქტებს შესწავლა სჭირდება, აქ ძალიან ბევრი გარემოებაა. თუმცა რასაც ბოშები პირად საუბრებში აცხადებენ, გახლავთ ის, რომ მათ სამსახურში აყვანის დროს უნდობლობით უყურებენ. აქ იგულისხმება ის სტერეოტიპები, რაც ბოშების მიმართ არსებობს.
_ რა სტერეოტიპები?
_ თითქოს ყველა ბოშა მიმართულია იქითკენ, რომ მან შეიძლება რაღაც გააფუჭოს, ან მოიპაროს. ანუ პირდაპირი არა, მაგრამ ირიბი დისკრიმინაციის ფორმებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ეს ეხება როგორც დასაქმებას, ისე განათლებას, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობას და ა. შ. გაგიკვირდებათ, მაგრამ როდესაც ბოშები სხვადასხვა უწყებას მიმართავენ, ხშირად იშვიათად იღებენ დახმარებას. მათი უმრავლესობა თავად არ მიმართავს, ვინაიდან ინფორმაციულად არ აქვს გათვითცნობიერებული, რა შეუძლია მოითხოვოს კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისგან.
_ კი მაგრამ, რაღაც სერვისებით ხომ სარგებლობენ?
_ ძირითადად იციან სასწრაფოს მომსახურების შესახებ, ასევე სოციალური დახმარებების, შემწეობის მიღება, რასაც უნდა მიმართონ და მანდაც მთელი რიგი პრობლემებია. ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენს სახელმწიფოს ინიციატივა უნდა ჰქონდეს, რომ ამ პირებს დაეხმაროს... ესეც ცალკე პრობლემაა. მახსოვს, რამდენიმე თვის წინათ სოფელ გაჩიანში ვიმყოფებოდით, სადაც ელემენტარული პირობების მოგვარებაც კი დროში იწელება, მაგალითად გზა რომ იყოს მიყვანილი და ბოშების საცხოვრებლები ელექტროენერგიით და გაზიფიკაციით უზრუნველყოფილი.
_ კი მაგრამ, თუ რეგისტრირებულები არ არიან, როგორ უნდა გადაიხადონ მათი მოხმარების საფასური?
_ ესეც იმას უკავშირდება, რომ კერძო საკუთრება რეგისტრირებული არ არის. ჩვენ სადაც ვიყავით, იქ ბუნებრივი აირი ვერ შეიყვანეს, იმიტომ რომ შენობები კი არა, ძირითადად, ბარაკები იდგა. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, კომპანია, რომელიც ვალდებული იყო, გაზიფიკაცია მოეხდინა, უსაფრთხოების წესების დაცვიდან გამომდინარე, ეს თავის თავზე არ აიღო.
_ ბატონო უჩა, კი მაგრამ, საქართველოში მცხოვრები ბოშების საარსებო წყარო რა არის?
_ რაღაცას ცდილობენ, ყოველ შემთხვევაში: ვაჭრობენ, მათხოვრობაც საკმაოდ გავრცელებულია... მთლიანობაში, მათი ყოფა რთულია. სხვადასხვა რეგიონის მიხედვით, სხვადასხვა პრიორიტეტია. მაგალითად, შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე _ კურორტებზე სეზონური მიგრაცია იციან ბოშებმა და აცივებასთან ერთან უკან ბრუნდებიან.
_ რა შეიძლება გაკეთდეს ბოშების, როგორც ეთნიკური ჯგუფის საზოგადოებასთან ადაპტირებისთვის?
_ ამისთვის ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული, განსაკუთრებით ევროპაში, იმისთვის რომ შენარჩუნდეს მათი თვითმყოფადობა, კულტურა.
_ და როგორ წარმოგიდგენიათ ეს საქართველოში? აღნიშნული ეთნიკური ჯგუფი მომთაბარეა. ისინი ფიზიკურად არ მუშაობენ, განათლებაც არ არის მათთვის პრიორიტეტი. სამაგიეროდ, არაჩვეულებრივი ფოლკლორი აქვთ. დასავლეთში ისინი მოთხოვნადები არიან: კონცერტებით გამოდიან, მინითეატრები აქვთ, იწვევენ... აქ კი ქართველებს საკუთარი კონცერტების ორგანიზება უჭირთ...
_ თუმცა შეიძლება, რომ შეიქმნას და არსებობდეს ანსამბლი, რესტორანი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ბოშათა კულტურის პოპულარიზაცია. ისინიც მიიღებდნენ შემოსავალს და _ სახელმწიფოც.
_ აქვთ კი საქართველოში მცხოვრებ ბოშებს ამის რესურსი?
_ ყოველ შემთხვევაში, ამაზე ფიქრი შეიძლება, რომ თუნდაც სეგმენტურად დასაქმდნენ. თუმცა აქ ისევ ელემენტარული განათლების მიღების საკითხთან მივდივართ. ამ კუთხით ძალიან დიდი პრობლემებია. რელუარად, ბოშები მხოლოდ დაწყებით ეტაპზე სწავლობენ იმის გამო, რომ იძულებულნი არიან, იმუშაონ და შემოსავალი ეძიონ. ეს პრობლემები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. რეალურად, ინტეგრაციის მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა. მხოლოდ პირადობის მოწმობის მიცემა არაფერს შველის. ეს არის სწორედ პრობლემა, რომ სახელმწიფოს მათი ინტეგრაციისკენ მიმართული სპეციალური პროგრამები არ გააჩნია.
_ იქნებ, იმიტომა, ჩვენი ბოშები არ იჩენენ ინიციატივას და თავისთვის არიან?
_ იცით, რა, ეს ჯგუფი სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან ბევრად განსხვავდება. ასე რომ, მათ მიმართ რაღაც სპეციალიზებული პროგრამა რომ იყოს, სადაც ყველა ამ კომპონენტს გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, კარგი იქნება. მათ შორის, განათლების მიღების, დასაქმების, ან თუნდაც პროფესიული გადამზადების კუთხით. იცით, რამდენი ბოშაა, რომელთაც დაბადების მოწმობაც არ გააჩნია, იმიტომ რომ სახლში იმშობიარეს.
_ თქვენ განსხვავებული და სპეციფიკური ეთნიკური ჯგუფი ახსენეთ, ამიტომ არ შემიძლია, მალაკნებზე არ გკითხოთ. სად არიან ისინი? მეჩვენება თუ „გაქრნენ“?
_ მალაკნების დიდი რაოდენობა საქართველოდან გაემგზავრა. ახალქალაქში მალაკნების რამდენიმე სოფელი იყო, ასევე ნინოწმინდაში, სადაც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი დარჩნენ და ისიც, ასაკოვანი ხალხი.
_ სოფელ ქანდაში მცხოვრებ ასირიელებთან რა ვითარებაა?
_ ქანდელი ასურელები ბევრად ინტეგრირებულები არიან, სახელმწიფო ენაც იციან და აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამების შესახებ. ეს კი უკვე ძალზე მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია ეხებოდა მცირე ეთნოსების მიერ მშობლიური ენის შესწავლის საკითხს. ეს რეკომენდაცია განათლების სამინისტრომ გაითვალისწინა. ასევე რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა, თავიანთ სოფლებში შეესწავლათ მშობლიური ენა. იმის თქმა მინდა, რომ კარგი იქნება, ამ მიმართულებით მცირე ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ სოფლებში სპეციალური კურსები გაიხსნას. ჩვენი რეკომენდაციების საფუძველზე უკვე სწავლობენ ქურთულ, ოსურ, ჩეჩნურ, ავარულ და ა. შ. ენებს. ანუ სადაც ამის შესაძლებლობა არის, სწავლობენ კიდეც.
_ ავარები ცხოვრობენ ჩვენთან?
_ დიახ, ყვარლის რაიონში რამდენიმე სოფელია. მაქსიმალურად ვცდილობთ, მცირე ეთნიკური ჯგუფების ინტეგრირების საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული გავხადოთ თანამედროვე საზოგადოებაში. სხვანაირად ჰუმანურ და დემოკრატიულ საზოგადოებად ვერ ჩამოვყალიბდებით.
_ არჩევნებზე საჩივრები შემოვიდა?
_ იყო რამდენიმე. მთლიანობაში, ეს არჩევნები შედარებით მშვიდობიანად ჩატარდა, თუმცა რამდენიმე მიმართულებით პრობლემები გამოიკვეთა. ჩვენ ინდივიდუალურად ვსწავლობთ დარღვევის იმ ფაქტებს, რომელიც კონკრეტულად ომბუდსმენის აპარატს შემოუვიდა საჩივრის სახით. სახალხო დამცველის მობილური ჯგუფი იყო როგორც თბილისში, ასევე რეგიონში და ამასთან დაკავშირებით მუშაობას ვაგრძელებთ. აქ საუბარია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ძალადობის რამდენიმე ინციდენტზე, ასევე ჟურნალისტისთვის ხელის შეშლის ფაქტზე, კოორდინატორების საკითხზე და სხვ.
_ მუსლიმების შემთხვევები?
_ მთავარი პრობლემა, სადაც ეთნიკურად არაქართველები ცხოვრობენ, არის სახელმწიფო ენის არცოდნა და აქედან გამომდინარე შედეგები. ისინი ამით ელემენტარულ საინფორმაციო სივრცეს არიან მოწყვეტილნი და საქმის კურსში არ არიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მაგალითად, სოციალური პროგრამების შესახებ, რაც მათ ეკუთვნით და რასაც სახელმწიფო მათთვისაც ახორციელებს. ანუ ენის არცოდნა შეიძლება მთავარ პრობლემად ჩაითვალოს არა მარტო მცირე ეთნიკური ჯგუფებისთვის, არამედ მარნეულში, ახალქალაქსა და ა. შ.
_ სომხებსა და აზერბაიჯანელებს გულისხმობთ? და რატომ არ სწავლობენ?
_ იმასაც ვიტყვი, რომ ახალგაზრდებში ეს პრობლემა ნაკლებად არის, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ფლობს ქართულ ენას. მათთვის ინფორმაციის მთავარი წყარო არის ან აზერბაიჯანული ტელევიზები, ან რუსულენოვანი ინტერნეტგამოცემები; ჯავახეთში _ სომხურენოვანი. შესაბამისად, რამდენად ობიექტურია ის ინფორმაცია, რომელსაც ისინი იღებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თავად განსაზღვრეთ. ამაზე ჩვენ უკვე წლებია, ვსაუბრობთ, რომ ხარვეზები სახელმწიფო ენის შესწავლასთან დაკავშირებით სერიოზულია. წლებია, თითქოს მიმდინარეობს ამის გამოსწორება და შედეგი არ დგას.
_ ანუ რა დროს ვაშლებია! კარგით, გალში როგორ დგას ეს საკითხი?
_ ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ ამ კუთხით. დაახლოებით, ორი წლის წინათ ჩვენი მონიტორინგი გალში მშობლიური ენის აკრძალვის საკითხს ეხებოდა, ამაზე სპეციალური ანგარიშიც მოვამზადეთ. ასევე ვსწავლობდით და ვსწავლობთ ინდივიდუალურ საკითხებსაც, როდესაც რაიმე დარღვევები ხდება. სისტემატურად ვატარებთ მონიტორინგს თავისუფლებისა და დაკავებების თემაზე, ასევე გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიებზე გვქონდა რამდენიმე ანგარიში მომზადებული, როგორიც იყო ხურჩა სამეგრელოში. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური წვდომა არ გვაქვს, ვცდილობთ, იქ არსებული უფლებადამცველი ორგანიზაციების მეშვეობით ინფორმაცია მივიღოთ.
თამარ როსტიაშვილი