საქართველოს მორიგი წარმატება და თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

გიორგი საკარული

მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემების ფონზე დიდად კულტურული ღონისძიებებით არ ვართ განებივრებულები. ის, რომ საქართველოში ნაკლებად ექცევა ყურადღება კულტურასა და, მით უმეტეს, მოდის სფეროს, ამაშიც დამეთანხმებით, თუმცა ამ ყველაფრის მიზეზებსა თუ პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, გაზეთის ფურცლები ნამდვილად არ გვეყოფა.

აუცილებლად უნდა ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ უდიდესი პრობლემებისა თუ უყურადღებობის ფონზე ფარ-ხმალს არ ყრიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოში მაინც ჩაატარონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებები და ჩვენი ქვეყნა კიდევ ერთხელ ასახელონ საერთაშორისო ასპარეზზე. რომ არა მედია, ალბათ, მათი ეს შრომა აბსოლუტურად უყურადღებოდ დარჩებოდა, რადგან სახელმწიფო არაფერს აკეთებს ამ პროცესების გასაშუქებლად.
სულ ახლახან თბილისში საერთაშორისო სილამაზისა და ტალანტის კონკურსი „მის და მისტერ პლანეტა 2022-ის“ ფინალი გაიმართა. „მისტერ პლანეტა 2022-ის“ ტიტული მოიპოვა საქართველოს წარმომადგენელმა, გიორგი მეტრეველმა, ხოლო „მის პლანეტა 2022-ის“ ტიტული _ ბულგარელმა კონკურსანტმა. საერთაშორისო კონკურსში 15 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ღონისძიება საერთაშორისო მედიამ გააშუქა, საქართველოს სახელი კი უცხოურ გამომცემლობაში აქტიურად ჟღერდებოდა.

რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძებების ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის? როდის ჩაეყარა საფუძველი „მის და მისტერ პლანეტას“ საქართველოში? რამდენად რთულია წარმატების მიღწევა სამოდელო სფეროში? _ ამ და სხვა საინტერესო სიახლეებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამოდელო სახლ „კატრინის“ დამფუძნებელი, უამრავი საერთაშორისო კონკურსის ლიცენზიის მფლობელი და ჟიურის წევრი, ეკა მგალობლიშვილი:

_ საერთაშორისო სილამაზისა და ტალანტის კონკურსი, „მის პლანეტა“, პირველად 2015 წელს ჩატარდა საქართველოში. „მის პლანეტის“ ლიცენზიის მფლობელი გახლავთ ირინა პაპაზოვა. თანამშრომლობიდან და ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მან მომცა თანხმობა და საქართველოს საერთაშორისო ჟიურისა და დელეგაციის თანხლებით სტუმრად ეწვია 36 ქვეყნის მისი და გამარჯვებული. ეს იყო 2015 წელს. ფინალი ჩატარდა ფილარმონიაში. 2016 წელს შევიძინე საერთაშორისო ლიცენზია „მისტერ პლანეტა“. მე და ირინა პაპაზოვამ გადავწყვიტეთ, გაგვეერთიანებინა ეს კონკურსი და ჩაგვეტარებინა „მის და მისტერ პლანეტა“. 2016 წელს „მის და მისტერ პლანეტა“ გაიმართა ბათუმში, სადაც 30-დან 40-მდე ქვეყანას ვმასპინძლობდით. ასე გაგრძელდა წლების განმავლობაში. 2021 წელს კონკურსის ჩატარება პანდემიის გამო ვერ შევძელით. შესაბამისად, „მის და მისტერ პლანეტის“ შესარჩევი ტურები 2022 წელს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა, თუმცა მხოლოდ დაჯილდოება გადავწყვიტე და ონლაინ რეჟიმში ჩატარდა ნახევარფინალი საერთაშორისო ჟიურის მიერ. გადავწყვიტეთ, მხოლოდ ფინალში გადასული განსაკუთრებული ტალანტი და გამორჩეული სილამაზის მქონე მონაწილეები ჩამოგვეყვანა. ფინალი აქ ჩატარდა. ეს არ იყო ისეთი გრანდიოზული ღონისძიება, როგორც წინა წლებში. იანვარში უამრავ ქვეყანას ველოდებით საერთაშორისო მოდის კვირეულისა და მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავის ფარგლებში. საბჭოს მივწერე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს შეუძლია, მხოლოდ ფინალი და დაჯილდოება უზრუნველყოს. კონკურსანტები განთავსდნენ სასტუმრო „თბილისი თაუერში“, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ადმინისტრაციას.
ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა სხვადასხვა ტური და აქტივობა: ნაციონალური სამოსი, ტალანტშოუ, საცურაო კოსტიუმების ტური, სხვადასხვა დიზაინერთა ფოტოსესია და ბოლოს გაიმართა ფინალი. სტუმრებს გავაცანით ქართული კულტურა, სამზარეულო, მოვაწყვეთ ექსკურსია ძველ თბილისში. გაიმართა სატელევიზიო გადაღებები, ჩატარდა ფინალი. კონკურსანტები ფინალზე წარდგნენ ნაციონალური სამოსით, თავიანთი ქვეყნის დიზაინერების ჩაცმულობით; ფინალში ასევე მონაწილეობდა ორი ქართველი დიზაინერი: ხათკო და ბრენდი „ნათი“. „ნათის“ სამოსით წარდგნენ სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელები და „მის და მისტერ პლანეტის“ კონკურსანტები.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მარკუს მეტრეველმა და ვერიკო ტურაშვილმა. ჩემთან ერთად საღამო ინგლისურ ენაზე მიჰყავდა სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელ ნინი გრძელიშვილს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „მის და მისტერ პლანეტის“ ჯგუფში 70-ზე მეტი სტუმარი იყო ჩამოსული. მაგალითად, „ტოპ მოდელ ოფ იუნივერსის“ პრეზიდენტი ჩამობრძანდა თურქეთიდან, რომელმაც დაწერა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო კონკურსი იყო: „საქართველომ საუკეთესო სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწია“. მან მოუწოდა თავის ჯგუფში კიდევ სხვა ეროვნულ დირექტორებს, რომ აუცილებლად უნდა ესტუმრონ ეკას მიერ ჩატარებულ კონკურსებს საქართველოში. რამდენიმე ქვეყანა დარჩა საქართველოში. მათ თქვეს, რომ იანვარში მაინც ვართ ჩამოსასვლელები და ამიტომ იანვრამდე დავრჩებითო. ეს თითოეული ქართველის დამსახურებაა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მედიას, პრესას, სააგენტოებს, ჟურნალისტებს, იმიტომ რომ ისინი თითქმის 24-საათიან რეჟიმში აშუქებდნენ კონკურსს.
_ რაც შეეხება გამარჯვებულებს, რამდენად ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს ჟიურის წევრებმა?
_ როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება სილამაზისა თუ ტალანტის კონკურსები, მაქსიმალურად ვიბრძვი, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი და ტიტული მოიპოვოს. უფრო მორიდებული და მოკრძალებული ვარ, როცა კონკურსი ჩემს ქვეყანაში ტარდება. ეს იყო საერთაშორისო ჟიურის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ გიორგი მეტრეველს გაემარჯვა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით მივიღეთ. რაც შეეხება ბულგარეთს, მისი წარმომადგენელიც ერთხმად ავირჩიეთ.
_ ეკა, მსგავსი ტიპის ღონისძიებები რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის? რამდენად დიდია ჩართულობა თუნდაც ტურიზმის დეპარტამენტის ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან?
_ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩემი მიზანი არ არის უბრალოდ ჩავატარო კონკურსი. ჩემი მიზანი და ოცნება ბავშვობიდან იყო, მაქსიმალურად გამეცნო სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლისთვის საქართველო. ეს ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, პოპულარიზაციას უწევს ქვეყანას და, ზოგადად, ჩვენს კულტურას. 2015 წლიდან წელიწადში 4-ჯერ გვაქვს ასეთი პროექტი. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ტელეეთერების მეშვეობით საუბრობდნენ, რომ დღეს მთელი ალბანეთის, სერბეთის ყურადღება მიმართულია საქართველოსკენ და ეს უმნიშვნელოვანესი პროცესია, როდესაც ჩვენი ქვეყანა ასეთ ფოკუსში ექცევა. ერთადერთი უარყოფითი კომენტარები გიორგის მიმართ წამოვიდა ქართველებისგან. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ. მინდა მივმართო საქართველოს: გიორგი ძალიან ღირსეული კანდიდატი იყო, მაგრამ თუნდაც არ ყოფილიყო ღირსეული კონკურსანტი, იმდენი ვიბრძოლეთ, რომ საქართველომ გაიმარჯვა, ეს ცუდია? ვიმეორებ: რამდენიმე ნეგატიური კომენტარი ისევ ქართველებისგან იყო. ისინი თარგმნიან ყველაფერს და ეს სირცხვილია.
ამ ყველაფრისთვის თავიდანვე ვიყავი მზად. გიორგი რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობდა, საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. დიდ მადლობას ვუხდი „პრაიმ ჰაუსს“. ვიცოდი, გიორგი მეტრეველს თუ გადავიყვანდით, ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ნეგატიური კომენტარები.
_ პანდემიის პერიოდში ყველა სფეროს შეეხო მძიმე კრიზისი, მათ შორის, მოდას, რომელიც ფეხს იკიდებდა. მოდას კრიზისი ყოველთვის ჰქონდა ჩვენთან, მაგრამ პანდემიამ ალბათ ძალიან იმოქმედა.
_ თვალს ვადევნებ, რა ხდება მსოფლიო მოდის სფეროში, როგორ ხვდება ადგილობრივი ხელისუფლება სიახლეებს, როგორ არიან ჩართულები ამ პროცესში. პანდემიამდე მოდის სფერო სუნთქავდა, პანდემიისას კი სასუნთქი გზები ჩაგვეკეტა, თუმცა „კატრინი“ მაინც აკეთებდა პროექტებს კანონის ფარგლებში. გული მტკივა, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებში უფრო გვაფასებენ, უფრო მეტი აღიარება გვაქვს. მადლობა მინდა ვუთხრა ბევრ ადამიანს საქართველოში, მაგრამ არის ხალხი, რომელიც ძალიან გვტკენს გულს. მოდის სფეროში საზღვარგარეთ ბევრად მეტი დაფასებაა, მეტი ფინანსური ანაზღაურება და მეტი მხარდაჭერაა, ვიდრე საქართველოში. ჩემთან ერთად არიან ჩემი მეგობრები: ნინი შერმადინი, ვერიკო ტურაშვილი, მარკუს მეტრეველი, გია ნიკოლაძე, ფატუნა ბუშიჰედი. მე ხომ მარტო ბავშვები, მოდელები არ მიმყავს მსოფლიოს მასშტაბით, მე იქ ქართულ სიმღერას ვაჟღერებ, ქართველი მომღელები მიმყავს. თქვენ მათ უნდა ჰკითხოთ ეს.
_ რატომ ხდება ეს ყოველივე? რატომ არ ვინტერესდებით ჩვენი ქვეყნის წარმატებით?
_ ძალიან მინდა, ირგვლივ ყველა ბედნიერი იყოს, მარტო მე ბედნიერი ვერ ვიქნები. მინდა, ირგვლივ იყოს ლამაზი, მშვიდი დღეები. თუ რამე გიჭირს, ხალხი მაშინ ლმობიერია; როცა ლხინში ხარ და ლამაზი, ბრჭყვიალა დღეები გაქვს, ქარცეცხლში ატარებენ ყველაფერს. მინდა, ხალხს მოვუწოდო, რომ სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა და ხომ შეიძლება, კლავიატურასთან 24-საათიან რეჟიმში კომენტარების წერას, საკუთარი კარიერით დაინტერესდნენ? მე მქონია 39 სიცხე, ძალიან ცუდად ვყოფილვარ, მაგრამ არ გავჩერებულვარ. რაც შენ იხილე იმ ღონისძიებაზე, მხოლოდ 3 დღე მქონდა, ყველაფერი რომ შემეკრა. ყველამ ნახა, როგორ იყო ჩაწიკწიკებული ყველაფერი. ერთი წამით არ ჩავარდნილა სცენა.
ყველაფერი გამოვა, როცა ცდილობ, მოაგვარო, იფიქრო, ლედ ეკრანზე რა გავიდეს, პარალელურად მუსიკის შერჩევა, მომღერალი, _ ამ ყველაფერს აკეთებ და ერთი კვირაც არ გაქვს. ვინც ეს სფერო იცის, ყველაზე კარგად მოეხსენება, რას ნიშნავს სამოდელო ბისნესი. ყოველ საღამოს ქართულ რესტორნებში მასპინძლობ, აგემოვნებინებ ჩვენს კერძებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ყველაფერს აკეთებ და უცებ ვიღაც გამოხტება, ისევ ქართველი და ამბობს, რატომ გაიმარჯვა გიორგი მეტრეველმაო? რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩატარდეს ბევრი ტენდერი, გამოიყოს ბიუჯეტი, ყველამ მივიღოთ მონაწილეობა, ვისაც ამ სფეროში სიტყვა გვეთქმის. უდიდესი სურვილი მაქვს, რომ ამ სფეროთი უფრო აქტიურად დაინტერესდეს ჩვენი სახელმწიფო.
_ პანდემიის პერიოდს მინდა დავუბრუნდეთ. სწორედ მაშინ, როცა ყველაფერმა მიიძინა, თქვენ მუშაობა დაიწყეთ სამეფო კარის მეჯლისის კოსტიუმებზე. თქვენ იყავით პირველი, რომელიც წახვედით და გაიტანეთ ეს კოლექცია სხვადასხვა ქვეყნის მოდის კვირეულზე. არ გაგიჭირდათ გაყინული კედლის გალღობა და ისევ აქტიურ ფაზაში დაბრუნება?
_ ძალიან დიდი რისკია. მე არ ვარ დიზაინერი და არასოდეს ვიტყვი, რომ უბრალოდ გამომივიდა. შევქმენი კოლექცია, ბრენდს დავარქვი სახელი „ლუსი და ანასტასია“, ორი პრინცესა იყო ჩვენი ინსპირაცია. ჩვენს მეგობარს, მაკას დავუკავშირდი ლონდონში, ერთად რომ გაგვეკეთებინა, შემდეგ გადაიღეს ფოტოები, მივეცი მიმართულება, რომ სამეფო კარი მიდის სტუმრად დრაკულასთან, ფოტოები იყო სასახლეების ფონზე, ყველაფერი განვათავსე სოციალურ ქსელში და საოცრება მოხდა _ მიმიწვიეს საერთაშორისო მოდის კვირეულზე. ერთ კვირაში ისევ მივდივარ საზღვარგარეთ მოდის კვირეულზე. რა თქმა უნდა, ახალი კოლექცია შევქმენი.
მაშინ მოხდა საოცრება _ 33 დიზაინერს შორის წლის საუკეთესო ზღაპრული კოლექციისა და წლის ახალგაზრდა დიზაინერის ტიტულებით დამაჯილდოვეს. გაოცებული ვამბობდი, რომ მე არ ვარ დიზაინერი. არ დამავიწყდება, ერთ-ერთი მოდის კრიტიკოსი შემომიტრიალდა და მითხრა, _ არ ვიცი, შენ ხარ თუ არა დიზაინერი, მაგრამ ჩვენი რჩევაა, რომ გააგრძელო ეს საქმე, შენ გადაგვიყვანე შექსპირის ეპოქაში. ალბათ, ეს განსხვავებული იყო, რაც მათ მოეწონათ და ჩემი წარმატების ფორმულაც სწორედ ესაა. ვცდილობ, ყოველთვის განსხვავებული ვიყო, განსხვავებული შოუ დავდგა, განსხვავებული დეტალები მოვიფიქრო და სიახლე შევთავაზო საზოგადოებას.
_ ანასტასია ბაკურაძის ბოლოდროინდელ წარმატებაზე მინდა ისაუბროთ, რომელმაც საქართველო არაერთხელ ასახელა საერთაშორისო კონკურსებზე.
_ ბოლო პერიოდში ბავშვმა 5 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა და ხუთივე მოიგო. დაჯილდოვდა სუპერგრანპრით, რომელიც საქართველოში მხოლოდ ანასტასიას აქვს. აქაც მინდა ხაზი გავუსვათ, რომ ვინც არ იცნობს ანასტასიას, მათ არ იციან, ალბათ, რომ ჩემი შვილი საქართველოში ჩემს ჩატარებულ კონკურსებზე არასოდეს გამყავს. გამყავს მხოლოდ საზღვრებს გარეთ და საზღვარგარეთ არა მხოლოდ ჩემი შვილი, არამედ სხვა ეროვნული კონკურსების დირექტორის შვილები და ნათესავებიც გადიან, ბავშვებზე ვსაუბრობ.
არავინ თქვას, რომ ანასტასია ეკას შვილია და ამიტომ გაიმარჯვა. 50 ქვეყანას შორის, სადაც გერმანიის 4, რამდენიმე ქვეყნის ეროვნული დირექტორების შვილები გამოდიოდნენ, ამ კონკურსზე მხოლოდ ერთი სუპერგრანპრი გაიცა და ანასტასიას ხვდა წილად. ანასტასია მღერის, ცეკვავს… როცა პლანეტის კონკურსი მქონდა და რამდენიმე კონკურსანტმა დააგვიანა, მოკლე თათბირი ჩავატარე და ვუთხარი ასეთი რამ: მე მყავს 12 წლის შვილი, რომელიც 2 წლიდან სხვადასხვა კონკურსისა თუ ფესტივალის პრეზიდეტებს შორის იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს, როცა 9 საათზე რეპეტიცია ჰქონდა, 9-ის ნახევარზე დგებოდა, მეშვიდე სართულიდან ფეხით ჩადიოდა და სარეპეტიციო დარბაზში პირველი იჯდა, რომ არ შევერცხვინე და არ დაეგვიანა.
როცა ანასტასია კონკურსზე გამოდის, ის საცურაო აუზებს, აკვაპარკებსა თუ ზღვას არ ეკარება _ იბრძვის გამარჯვებისთვის. ის ფლობს ინგლისურს, რუსულს, სწავლობს გერმანულს; უმაღლეს ქულებზე სწავლობს, მღერის, სამოდელო სააგენტო „კატრინისა“ და სხვადასხვა საერთაშორისო სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელია, ფლობს პოდიუმის ხელოვნებას. წლისა და სამი თვის იყო, როცა ჩავატარე „ბესთ მოდელ ოფ ჯორჯია“, საერთაშორისო კონკურსი. მაშინ კრისტი ყიფშიძემ მოჰკიდა ხელი და გავიდა პოდიუმზე _ აქედან დაიწყო, გავიდა და გავიდა. ძალიან უყვარს შრომა. კონკურსებზე ვინც წამიყვანია, ნინი შერმადინია ასეთი, 24-საათიან რეჟიმში უყვარს შრომა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, დუბაიში ანასტასიას გამოსვლა სიმღერა თბილისოთი და ცეკვით, სადაც აფხაზურის ელემენტები იყო. არ შემიძლია არ გამოვყო „ტიფანის“ მოდის კვირეული პარიზში, ასევე კანის კინოფესტივალი, მონაკოში ჩვენება. აქ არ არის მხოლოდ პოდიუმზე გასვლა, აქ ინტერვიუ უნდა მისცე, ინგლისურ ენას უნდა ფლობდე კარგად, შენი ქვეყნის შესახებ უნდა ისაუბრო, კითხვებზე პასუხი უნდა გასცე ინგლისურ ენაზე, უნდა წარმოაჩინო ის, თუ როგორ საუბრობ, როგორ აზროვნებ.
არ დამავიწყდება ერთი დღე, როდესაც ანასტასიამ ამატირა „მის პლანეტაზე“, სადაც მიმდინარეობდა ინტერვიუ ჟიურისთან. მან ასეთი სიტყვები თქვა: „…დაბოლოს, მადლობა ღმერთს და მადლობა დედას, გავიხედოთ ირგვლივ, რამდენი ჩემზე ლამაზი ბავშვია, რამდენი ადამიანია, რომელსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ მე მაქვს სახლი, ოჯახი, შესაძლებლობა, რომ ჩემი ნიჭი გამოვავლინო, მადლობა ღმერთს და მადლობა დედას“. ემოციებისგან ვიცლებოდი, ვიტირე, როცა ანასტასიას ამ სიტყვებს ვუსმენდი.
_ რთულია, ხელშეწყობის გარეშე ამ სფეროში გოგონამ ან თუნდაც ვაჟმა მიაღწიონ წარმატებას? რის ფასად შეუძლიათ ეს დაუჯდეთ?
_ რა თქმა უნდა. ბევრი ანასტასიაზე ნიჭიერი, მეტად განათლებული, ლამაზი ბავშვია საქართველოში, უბრალოდ ანასტასიას მაქსიმალურად ვუწყობ ხელს. მე უფროსი შვილიც მყავს, თათული. მე, დედა, როცა ვხედავ, რომ ჩემი შვილი ძლიერია ამ სფეროში და მას ეს შეუძლია, ამიტომ ვუწყობ ხელს. ნებისმიერ ნიჭს, ეს იქნება მათემატიკის ცოდნა, სიმღერა, ცეკვა თუ სხვა რამ, უნდა ხელშეწყობა და განვითარება. ყველა დამეთანხმება, რომ თუ ნიჭის განვითარებას ხელი არ შეუწყვე, რა თქმა უნდა, ის ვერ განვითარდება ისე, როგორც საჭიროა და წინ ვერ წავა.
ანასტასია იყო პირველი ქართველი პატარა მოდელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოში მაღალი მოდის კვირეულში… ანასტასია იყო პირველი, როცა 2019 წელს, ნიკოლოზ ბერძენიშვილთან ერთად, ტაილანდში 103 ქვეყანას შორის მიიღო მონაწილეობა და გრანპრი ჩამოიტანა. ის იყო პირველი ბავშვი, რომელმაც უფროსი თაობის მოდელებთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ეს შედეგი დგება დიდი შრომის, მუდმივი მუშაობისა და, თავისთავად, ხელშეწყობის ხარჯზე.