27 წლის ქართველი მებრძოლის განვლილი გზა რუსეთ-უკრაინის ომში

გიგა გელხვიიძე

2022 წლის 24 თებერვალი _ ეს არის თარიღი, როდესაც უკრაინაში პირველი რუსული ბომბი აფეთქდა და პირველი მსხვერპლის შესახებ გახდა ცნობილი. სწორედ აქედან იწყება მსოფლიოს ისტორიაში იმ მძიმე დღეების ათვლა, რომლებსაც ერთადერთი სახელი _ უკრაინა ჰქვია.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც პუტინმა მისი სამხედროებისა თუ დაქირავებული მებრძოლების ხელით ჩაიდინა, ერთი მეორეზე მძიმეა. დღემდე ვრცელდება ცნობები გაუპატიურებული ქალებისა და ბავშვების შესახებ, ამოხოცილ ოჯახებსა თუ ნანგრევებად ქცეულ შენობებში არსებულ გვამებზე.
უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოდან არაერთი ქართველი წავიდა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დღეს უკრაინისა და თავისი სამშობლოს თავისუფლებასა და ერთიანობას ერთდროულად იცავს.
ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინის ტერიტორიაზე 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, რომელთა ნაწილი სამშობლოში ჯერაც არ გადმოუსვენებიათ, რადგანაც შემთხვევის ადგილიდან ცხედრების გამოტანა, ფაქტობრივად, ვერ ხერხდება.

„ქრონიკა+“ უკრაინიდან თითქმის ორი კვირის წინ დაბრუნებულ გმირ მებრძოლს, 27 წლის თორნიკე გოგუაძეს ესაუბრა, რომელიც შვიდი თვის მანძილზე იბრძოდა:

_ თორნიკე, რამ გიბიძგა, რომ უკრაინაში საომრად წასულიყავი?
_ როგორც კი ომი დაიწყო, რამდენიმე დღეში ჩავეწერე უკრაინის საელჩოში მოხალისედ. ვრცელდებოდა უმძიმესი კადრები, რომლებსაც ყველა ვნახულობდით, მეცოდებოდა უკრაინელი ხალხი და თან ამ ყველაფერში ვხედავდი შანსს იმისას, რომ საქართველო განთავისუფლებულიყო რუსეთის მარწუხებისგან. მივიჩნიე, რომ უკრიანისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ჩემი იქ წასვლა აუცილებელი იყო. თუმცა გავარკვიე, რომ უკრაინული მხარე არ უზრუნველყოფდა მებრძოლების გადაყვანას და მივხვდი, რომ საელჩო ამ შემთხვევაში ვერ დამეხმარებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემით წავსულიყავი. არავინ დამხმარებია, პირიქით, თვითონ ვეძებდი ისეთ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც უკრაინაში წავიდოდი, მშვიდობით ჩავიდოდი იქამდე და შევუერთდებოდი უკრაინელ მებრძოლებს. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე არანაირი პროპაგანდის „მსხვერპლი“ არ ვარ, ეს იყო ჩემი სურვილი და ჩემი ინიციატივა, მებრძოლა მოძმე უკრაინელების მხარდამხარ.
_ როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას ოჯახში?
_ საკმაოდ რთულად, რადგანაც მამა გარდაცვლილი მყავს, თუმცა ვფიქრობ, ის რომ ცოცხალი ყოფილყო, დადებითად შეაფასებდა ჩემს ამ გადაწყვეტილებას და თავადაც წამოვიდოდა ჩემთან ერთად. დედამ პატრიოტულად აღმზარდა, ჩემში ჭარბად არის სამშობლოს სიყვარული. არ შემწინააღმდეგებია, მაგრამ ცხადია, განიცადა მანაც და ჩემმა დამაც, ძალიან ბევრი იტირეს და შემდეგ გზა დამილოცეს. რაც შეეხება მეგობრებს, მათ იმთავითვე იცოდნენ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ამ გადაწყვეტილებას მაინც მივიღებდი.
_ ყველაფერს აქვს თავისი რისკი და მით უფრო, ომს. შესაძლოა, ბრძოლის ველიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდე. მიუხედავად იმ სულისკვეთებისა, რითაც წახვედი, რომ უნდა გებრძოლა უკრაინასთან ერთად შენი სამშობლოსთვის, თუ გქონდა ნაფიქრი რისკებზე?
_ ცხადია, რისკები გააზრებული მქონდა, რომ ომიდან შესაძლოა, ცოცხალი ვერ დავბრუნებულიყავი, მაგრამ ამ ფაქტორმა ვერ შემაფერხა. როდესაც უკვე იქ ჩადიხარ და ერთ კვირაზე მეტ ხანს ჩერდები, ბევრად უფრო ცხადად იაზრებ იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომლებზედაც მანამდე გიფიქრია, ომში ეს ყველაფერი შენ თვალწინ ხდება. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ სიცოცხლეს ვერ შესწირავს სამშობლოს, ის მაშინვე უკან ბრუნდება, ანუ ის პირველი ერთი კვირა საკუთარ თავში გასარკვევად ძალიან კარგი შესაძლებლობაა.
_ ის ბრძოლა, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ, არის თუ არა ბრძოლა, რომელზედაც გადის საქართველოს სამომავლო ბედი?
_ საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს და ეს ფაქტი ყველა ასპარეზზე გვაფერხებს, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ა. შ. თუ რუსეთი საბოლოოდ დამარცხდება და მინიმუმ დასუსტდება მაინც, ეს ძალიან წაადგება საქართველოს. თუ ჩვენ მოვძლიერდებით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელი გახდება, მინიმუმ, პოლიტიკური გზით. მთავარია, დასუსტდეს რუსეთი და აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიები კვლავ დაუბრუნდება საქართველოს. კარგად მქონდა გააზრებული, რომ თუ უკრაინა რუსეთთან ომში დამარცხდებოდა, შემდეგი იქნებოდნენ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნები.
_ როდესაც უკრაინაში ჩახვედი, როგორი იყო შენი პირველი შეგრძნებები და როგორ დაგხვდნენ იქაურები?
_ ჩასვლისთანავე მოვყევით დაბომბვებში, ლვოვი აქტიურად იბომბებოდა და საშიშროება იყო, რომ დესანტს გადმოსხამდნენ, შესაბამისად, კარგად ვიაზრებდი იმას, რომ ძალიან დიდი რისკის წინაშე ვიდექი. მანამდე კი, როდესაც უკრაინის საზღვარზე მივედი, დავინახე ადამიანების კოლონები, როგორ ტოვებდნენ ქვეყანას და ცდილობდნენ, თავიანთი სიცოცხლე გადაერჩინათ. ამის ფონზე, უკვე მქონდა გარკვეული შინაგანი მზაობა, თუმცა უფრო რთულ პერიოდებს ველოდი, რადგანაც ვიცოდი, რომ რუსეთი ასე ადვილად არ დაიხევდა უკან. მქონდა პარტიზანული ბრძოლების მოლოდინი. უკრაინელი ხალხის გამძლეობის, უშიშრობისა და დასავლეთის დახმარების შედეგად მალევე წავიწიეთ წინ და დაკარგული ტერიტორიებიც გავათავისუფლეთ. ახლა ჩვენც და მსოფლიოც ვხედავთ, რომ უკრაინა ამ ომს იგებს და ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი, განსაკუთრებით მათთვის, ვინც იქ ვიბრძოლეთ და ჩვენი წვლილი შევიტანეთ ამ ყველაფერში.
_ პირველი საბრძოლო გამოცდილება, რომელიც უკრაინაში მიიღე…
_ პირველი ოცი დღე ვიყავი ლვოვში, შემდეგ კი დადავედით კიევის დაცვაზე. პირველი საბრძოლო გამოცდილება მივიღე ლისიჩანსკის ოლქში, სადაც ძალიან მძიმე ბრძოლები მოგვიწია და ერთ-ერთი უკანასკნელები ვიყავით ქართველები, რომლებიც იქიდან გამოვედით. ფაქტობრივად, ქალაქი მიწასთან იყო გასწორებული და ლეგიონის გარღვევაც კი მოგვიწია გამოსასვლელად. შემდეგ დონეცკის ოლქში რაც კი ბრძოლები იყო, თითქმის ყველაფერში მიიღო მონაწილეობა ქართულმა ოცეულმა.
_ სხვა ქართველ მებრძოლებზე რას გვეტყვი?
_ თავიდან სულ რამდენიმე ადამიანი შევხვდით ერთმანეთს. როდესაც ლვოვში ჩავედით, იქ უკვე დასავლეთ ევროპიდან გადმოსული ადამიანები ვნახეთ, რომლებიც ასევე შინაგანი მოტივაციით იყვნენ ჩამოსულები, სხვადასხვა მისიაში ნამყოფი, გამოცდილი მებრძოლები. ყველა ერთი იდეით გაერთიანდა _ არანაირი მოწოდება არ ყოფილა, არანაირი თანხა, ეს იყო ზუსტად გააზრებული ქმედება.
ერთ-ერთმა ჩემმა თანამებრძოლმა, რომელსაც ბილეთის თანხა აკლდებოდა, საკუთარი ველოსიპედი გაყიდა. ასეთი ბევრი ადამიანია, მინახავს ისეთები, რომლებმაც ტექნიკაც კი გაყიდეს ოჯახში, რომ იქ ჩასულიყვნენ.
_ კითხვა, რომელიც ახლა უნდა დაგისვა, შეიძლება ძალიან მძიმე მოსასმენი იყოს, თუმცა ვერსად გავექცევით: ძალიან ბევრი მოხალისე თუ პროფესიონალი სამხედრო იყო და არის, რომელთაც უნდათ უკრაინაში საომრად წასვლა და თავიანთი მოძმე ერის დახმარება, თუმცა ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ ყველაფერში ხელის შემშლელის როლი იკისროს და მათ არ მიეცეთ უკრაინაში წასვლის საშუალება. როგორია შენი პოზიცია ამ მხრივ?
_ იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც დღეს კეთდება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვეულებრივი რუსული რეჟიმი, მან იგრძნო საფრთხე იმ მეომრებისგან, რომლებიც ახლა უკრაინაში იბრძვიან და მათი დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა, რაღაც გამწვავებებს ჰქონდეს ადგილი. მათ იგრძნეს, რომ უკრაინაში მყოფ მებრძოლებს მოსახლეობა მხარს უჭერს და მაშინვე დაიწყეს აგრესიული, ბოლშევიკური რიტორიკა. თავის დროზე, ალბათ, ფილიპე მახარაძეც იმავე სიტყვებით ესაუბრებოდა ადამიანებს. მსგავსი რამ სამარცხვინო და მიუღებელია შენი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან. თუმცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამ განცხადებებს არ ეთანხმება და ეს ძალიან კარგია. ისმის კითხვა, _ როდემდე აპირებს ამ რიტორიკის გაგრძელებას ხელისუფლება? პირადად არ ვურჩევდი მათ ამ ყველაფერში კიდევ უფრო შესვლას, რადგანაც იქიდან გამოღწევას ვეღარ მოახერხებენ.
_ განცხადებებმა, რომლებიც გაკეთდა დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით, „საცოდავი ბიჭები“ და ა. შ., თქვენში, როგორც მებრძოლში, რა რეაქცია გამოიწვია?
_ ცხადია, გავბრაზდი, მაგრამ როცა ვფიქრობ, რომ ეს ხალხი არის შუბლისძარღვგაწყვეტილი, აგრესიასაც არ გრძნობ, უბრალოდ გინდა, ხალხს დაანახო, ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი. ვცდილობ, საზოგადოების იმ ნაწილს დავანახო მართალი სიტყვა, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მხარეს არის სიმართლე. ამათგან ყველაფერს ველი: როცა საქართველოსთვის თავდადებულ გმირებზე საუბრობენ, მოიხსენიებენ როგორც საწყლებს და პროპაგანდის მსხვერპლებს და ასახელებენ კონკრეტულ პარტიებს, რომლებსაც მიჰყავთ თითქოს უკრაინაში ჯარისკაცები საომრად, რაზე არის საუბარი და ერთ-ერთმა ხელისუფალმა კიკუებსაც კი შეგვადარა. ასეთი რაღაც მოსახლეობას არასოდეს უპატიებია თავისი ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, აუცილებლად მივლენ იმ შედეგამდე, რომელიც მათთვის სასურველი არ იქნება.
_ საქართველოში ძალიან ბევრი რუსი შემოვიდა. ხომ არ გვექმნება საფრთხე, რომ როცა ჩვენთან 100 ათასი რუსი დასახლდა, ერთ დღესაც რუსეთი ჩვენთვისაც მოიცლის?
_ 100 ათასზე ბევრად მეტი რუსეთის მოქალაქე დასახლდა საქართველოში. ჩვენ გვახსოვს ყარსთან მომდგარი რუსების არმია და იქ სუბარი იყო 200 ათასზე მეტ ადამიანზე, რომელიც 2 კვირაში შემოვიდა. ზოგიერთი ექსპერტის მონაცემით, ეს რაოდენობა 300 ათას ადამიანსაც აჭარბებს და ცხადია, ეს საშიშია ჩვენთვის. ისინი არიან განსხვავებული კულტურისა და მენტალობის ადამიანები, ისინი დაავადებული არიან შოვინისტური იდეოლოგიით და განგვიხილავენ, როგორც გუბერნიას და არ წარმოუდგენიათ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თვითმყოფადი სახელმწიფო. თუ საჭიროება დადგა და თუ რუსეთის პოლიტიკური ელიტა გადაწყვეტს, რომ საქართველოში რამე ცუდი მოხდეს, ის ამას განახორციელებს და ამის რესურსი ექნება. 100 ათასი ადამიანიც რომ იყოს შემოსული, აქედან რამდენიმე ათასი შეიძლება იყოს მოქმედი ჯარისკაცი და დივერსანტი. ამას ჩვენი ხელისუფლება და სასაზღვრო პუნქტი არ აკონტროლებს. წარმოუდგენელია, რომელი დამოუკიდებელი და თავმოყვარე ხალხი მიიღებს ამ რაოდენობით იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელსაც შენი სამშობლო ოკუპირებული აქვს?! ეს მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში შეიძლება მოხდეს. მეორე ვარიანტი არის ასეთი: თუ რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, შეიძლება საკუთარი მოსახლეობის გულის მოსალბობად რაღაც ცუდი გააკეთოს საქართველოში, _ უკრაინა დავკარგეთ, _ ეტყვის მათ, მაგრამ საქართველო ხომ ჩვენია და ამით დააბალანსებს წაგებულ ომს. რუსეთის გამარჯვებისა თუ დამარცხების შემთხვევაში, თუ საქართველო არ იქნება დასავლეთთან და არ იზეიმებს უკრაინის გამარჯვებას, თუ დასავლურ ორბიტას მოვწყდით, მაშინ ჩვენ ვართ ძალიან ცუდ დღეში.
_ როგორ შეაფასებთ თბილისის საახალწლო სლოგანს: „თბილისი მშვიდობის ქალაქი“?
_ ესეც რუსული ნარატივით არის განპირობებული და ამით ანიშნებენ რუსეთს, რომ საქართველო არ აპირებს ომში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას. რეალურად კი რუსეთს არ აქვს ახლა მეორე ფრონტის გახსნის თავი და, ზოგადად, ეს მეორე ფრონტის თემა არის პროპაგანდისტული მანქანის შემოგდებული. რაც შეეხება სლოგანს, მარკეტინგულად კარგი გათვლაა, თუმცა ასეთი მშვიდობა, როცა ღირსება წართმეული გაქვს, ჩემთვის მიუღებელია, თითქოს არაფერი მომხდარა და რაღაც ალტერნატიულ რეალობას გვთავაზობენ.
_ რას ეტყვით იმ მებრძოლებს, რომლებიც დღემდე რჩებიან უკრაინაში და რას ეტყვით მათ, ვინ ახლა აპირებს, საქართველოს ინტერესები დაიცვას და ჩაერთოს ომში?
_ უკრაინაში ვინც იბრძვის, მათ არაფერი რჩევა არ სჭირდებათ ჩემგან, მათ იციან, რატომ იბრძვიან და რისთვის შეიძლება მოკვდნენ. იქ სიკვდილი ისეთი გაუფასურებულია, ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგეცეს ჭურვი, მოგხვდეს ტყვია. იქ სიკვდილი მიღებული მოვლენაა, ამას უნდა შეეგუოს ადამიანი. იმისთვის არავინ იბრძვის, რომ გადარჩეს. იმ მებრძოლებს, რომელთაც სურთ წასვლა ომში, ერთ რაღაცას ვურჩევდი: 21-ე საუკუნის ომი განსხვავებულია 90-იანი წლების ომისგან, ძალიან თანამედროვე ომია. თუ 90-იან წლებში ავტომატის სროლითა და კაკანით საქმე კეთდებოდა, იქ უკვე სხვა მიდგომები და მაღალი პროფესიონალიზმი გვჭირდება. ომში არ უნდა წავიდნენ გამოუცდელები და კარგად უნდა იცოდნენ, რომ ისეთ ადგილებში შეიძლება მოუწიოთ ბრძოლა, მტერი საერთოდ ვერ დაინახონ. იმის იმედად ნუ წავა ხალხი, რომ ჩასვლისთანავე კონტაქტურ ბრძოლებში მოხვდებიან. საერთოდ, 21-ე საუკუნის ომს ასეთი სტატისტიკა აქვს: დაახლოებით 3% მოდის მხოლოდ კონტაქტურზე და ძირითადად არის საარტილერიო დუელები და საავიაციო დაბომბვები. ამას უნდა გაუძლონ და თვეში შეიძლება ერთხელ მოუწიოთ კონტაქტური ბრძოლები. ძალიან კარგი ფიზიკური მომზადება უნდა ჰქონდეთ. არანაირად არ ვურჩევდი გამოუცდელ ადამიანს ომში წასვლას.