ჯელალ ქიქავა: „სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნული“

შორენა მარსაგიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჯელალ ქიქავა, მიიჩნევს, რომ პარტიაში მთავარი ფიგურა არის მიხეილ სააკაშვილი. ქიქავას აზრით, სააკაშვილს თანაპარტიელებმა უღალატეს და ბევრს მისი გარეთ გამოსვლა არც აწყობს. ჯელალ ქიქავას თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო, თუმცა მან ამ შეცდომით „ნაციონალების“ რეიტინგი აწია.

ვინ და რატომ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? რატომ უნდა დატოვოს ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი? რა სთხოვა მხარდაჭერებს ლევან ვარშალომიძემ? ვის ღალატზე საუბრობდა კიევში მყოფი მიხეილ სააკაშვილი? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ჯელალ ქიქავა ესაუბრება, რომელიც ცოტა ხნის წინათ თავადაც პატიმარი იყო. ის მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე გაკეთებეული მკვეთრი განცხადებების გამო დააკავეს.

_ ბატონო ჯელალ, თქვენ „ნაციონალებისგან“ განსხვავებით სხვა მოსაზრებები გაქვთ ამა თუ იმ საკითხზე, ისევ ამ პარტიის წევრი ხართ?
_ ისევ ამ პარტიის წევრი ვარ, ჩემი ნებით არ წავსულვარ და არა მგონია, ვინმეს გავერიცხე. თუ გამრიცხავენ და არც ეს იქნება პრობლემა. ბრძოლას პარტიის გარეშეც კარგად შევძლებ. მე ვიცი, რომ ჩემი ქვეყნის თავისუფლებისა და მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად უნდა ვიბრძოლო. ამას პარტიის გარეშეც გავაკეთებ.
_ თქვენზე ამბობენ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს აღიარებსო, მართლა ასეა?
_ დასამალი რა მაქვს? მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ამ პარტიაში. და ეს რომ ასეა, ამას ჩემი აღიარება რად უნდა? მიშა რომ მთავარია, ეს მთელმა საქართველომ იცის, კარგად იციან ეს პარტიაშიც.
_ პარტიაში ეს კარგად იციან, მაგრამ, ამის მიუხედავად, მათ სააკაშვილი მიივიწყეს. მასზე თითქმის არავინ საუბრობს. აღარც მისი განთავისუფლების მოთხოვნით იმართება აქციები.
_ სამწუხაროდ, ვიღაც-ვიღაცებმა დაივიწყეს მიშა. მიშა რომ დაივიწყეს, მაგიტომაც ვჩხუბობ და ამიტომ ვუთხარი ზოგ-ზოგიერთს, თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და წასულიყო. მნიშვნელობა არ აქვს, ვიქნები თუ არა მე პარტიული. ჩემს აზრს ყოველთვის ღიად დავაფიქსირებ.
_ ვის უთხარით, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა და წასულიყო?
_ ვის ვუთხარი და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას.
_ რატომ უნდა წავიდეს ნიკა მელია?
_ პირველ რიგში იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არ არის და არ აკეთებს იმას, რაც გასაკეთებელია. რამის გაკეთება რომ შესძლებოდა, აქამდეც გააკეთებდა.
_ ეს თქვენ ნიკა მელიას პირადად უთხარით თუ სოციალური ქსელიდან მოუწოდეთ?
_ ვგავარ იმ კაცს, სათქმელი რომ ვინმეს პირადად არ ვუთხრა? პირდაპირ ვუთხარი მელიას, _ უნდა წავხვიდე-მეთქი. ბათუმში იყო ჩამოსული და მაშინ ვუთხარი. იმ შეხვედრაზეც ვთქვი და აქაც გავიმეორებ, _ სანამ მიშას ციხიდან არ გამოიყვანენ, მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნული. პირადად თქმა არ ვაკმარე და ამის შესახებ სოციალური ქსელითაც დავწერე. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩემს თანაპარტიელებს და ვუთხრა, _ მიშას გარეშე ხართ ნულები!
ნიკა მელიას რაც შეეხება, ის არ არის ლიდერი. მართალია, პარტიის თავმჯდომარის პოსტი უკავია, მაგრამ ის ლიდერი ვერასდროს გახდება. ამას, მგონი, თავად ნიკა მელიაც აღიარებს და მისი მომხრეებიც. ის აუცილებლად უნდა გადადგეს დაკავებული პოსტიდან.
_ რატომ ვერ გახდება ნიკა მელია ლიდერი?
_ იმიტომ, რომ ხალხი მოატყუა. პოოლიტიკური ლიდერი რომ ხალხს მოატყუებს, ის უკვე კარგავს ლიდერობას. ლიდერი არის მიშა. კაცმა რაც ხუთი წლის წინათ თქვა, ის ახდა ახლა. ლიდერი ამით ფასდება და არა გარეგნობით. შეხედულებით რომ ადამიანს ირჩევდნენ ლიდერად, მაშინ ანჯელინა ჯოლი იქნებოდა მსოფლიოს პრეზიდენტი.
_ ამაში შეიძლება ბევრი შეგედავოთ. ვიღაცისთვის ჯენიფერ ლოპესი უფრო ლამაზი ქალია.
_ გემოვნებაზე არ დაობენ. ხუმრობა იქით იყოს და ლიდერს სულ სხვა თვისებები სჭირდება, რომელიც ნიკა მელიას არ გააჩნია. მიშა კი ყველა იმ თვისების მატარებელი იყო, რომელიც ნამდვილ ლიდერს სჭირდება.
_ თქვენ თქვით, რომ მიშამ რაც 5 წლის წინათ თქვა, ახდაო. ალღოც ასეთივე კარგი აქვს სააკაშვილს?
_ რა თქმა უნდა. მიშას ბევრი რამე განუჭვრეტია წინასწარ. ეს გამოარჩევს მას სხვებისგან.
_ ბევრი რამის განჭვრეტა თუ შეეძლო, ის რატომ არ განჭვრიტა, როგორ დასრულდებოდა საქართველოში მისი დაბრუნება?
_ მიშას არც ამის განჭვრეტა გაუჭირდებოდა, მაგრამ ის მოიქცა ისე, როგორც მოიქცა. ნამდვილი ლიდერები ასე იქცევიან. მიშა არასდროს ირჩევდა იოლ გზას. იოლი გზით სიარული ყველას შეუძლია. რთული გზებით ცოტა დადის.
_ თქვენი აზრით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო?
_ ახლანდელი გადმოსახედიდან, ეს იყო დიდი შეცდომა, მიშა შეცდა, აქ რომ დაბრუნდა. როცა ბრუნდებოდა, ალბათ, არ ფიქრობდა იმაზე, ამდენი ვინმე თუ უღალატებდა და მარტოს მიატოვებდა. მოღალატეები რომ ჰყავდა გვერდით, ამაზე თავად ლაპარაკობდა. იცოდა, რომ ღალატობდნენ.
_ იცოდა, რომ ღალატობდნენ და მაინც ჩამოვიდა?
_ ხომ გითხარით, იოლი გზებით სიარული არ არის ამ ადამიანის ჩვევა-მეთქი. მოღალატეებზე მიშას მაშინ ველაპარაკე, როცა კიევში შევხვდი. ბევრი რაღაცები მიამბო. მერე ვკითხე, _ ამდენი მოღალატე თუ გყავდა, ქვეყანა როგორღა ააშენე-მეთქი? მითხრა, _ დრო არ მქონდა, რომ უკან გამომეხედაო. მართლა საოცარ რამეებს აკეთებდა ეს კაცი და არ ეცალა გაერკვია, ვინ იყო მისი ერთგული და ვინ _ არა. საზღვრებს არღვევდა, აშენებდა, საქართველოს რეკლამას უკეთებდა. უკან მოსახედი დრო არ ჰქონდა, ამით ისარგებლეს მის ზურგსუკან და უღალატეს.
_ ყველაფრის განჭვრეტა შეუძლიაო და ამ ღალატზე რატომ არ იფიქრა?
_ ყველაფერს ვერ გათვლის ადამიანი და ვერც მიშამ გათვალა. მიშამ საკუთარ თავს დაუშავა საქართველოში დაბრუნებით, მაგრამ ზოგიერთს კი ნამდვილად კარგად აუწყო ცხოვრება.
_ ვის აუწყო ცხოვრება? რას გულისხმობთ?
_ იმათ აუწყო ცხოვრება, რომლებიც პარლამენტში მოკალათდნენ. გადასარევად აქვთ ცხოვრება აწყობილი. მიშას მოტანილი ხმებით სხედან თბილ სავარძლებში და მესამე პრეზიდენტი ერთხელაც კი არ ახსენდებათ. არ შეიძლება, პატიმრობაში კაცი ასე მიატოვო. ნიკა მელიას ეს არ ეპატიება.
_ ნიკა მელიაც იჯდა ციხეში და არც მისი გულისთვის გაუგიჟებია პარტიას თავი.
_ რამდენიმე თვე მართლაც იჯდა ციხეში, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ციხეში რომ იყავი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარე უნდა გახდე. საზოგადოებას ციხეში ნაჯდომი არ უნდა პარტიის თავმჯდომარედ, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს სჭირდებათ ლიდერი. ნიკა მელია კი ლიდერი არ არის. ლიდერობა კიდევ იცით, რა არის? რაღაცას რომ იტყვი, ის უნდა შეასრული. ამან არ შეასრულა და მიშას გამოსაყვანად არაფერი გააკეთა.
_ მარტო ნიკა მელიას რატომ სთხოვთ პასუხს? სხვებსაც ხომ შეძლოთ, მიშას გასათავისუფლებალდ ებრძოლათ? თქვენ ხომ გამოდიხართ და აწყობთ ხმაურიან ღონისძიებებს.
_ ყველას შეუძლია, რომ მიშას თავისუფლებისთვის იბრძოლოს, მაგრამ არ იბრძვის. ბევრს სულაც არ უნდა, რომ მესამე პრეზიდენტი გარეთ იყოს. მათი ნება რომ იყოს, სააკაშვილს ციხიდან არასდროს გამოუშვებდნენ.
_ რატომ არ აწყობთ მიშას გარეთ გამოსვლა?
_ იმიტომ, რომ დარჩებიან ყველანი უხელფასოდ. ზოგს ცოლიც იქვე ჰყავს დასაქმებული, თვეში 10.000 ლარამდე იღებენ ხელფასს და ამის დაკარგვა, ცხადია, არ უნდათ. მიშას გამოსვლის შემთხვევაში „ნაციონალებს“ პარლამენტიდან მოუწევთ წამოსვლა. ამის გარდა, კიდევ ბევრი რამე შეიცვლება. ამიტომაც არ უნდათ ციხიდან გამოსული მიშა.
_ პარლამენტში მყოფ „ნაციონალებს“ არ სურთ მიშას გარეთ გამოსვლა?
_ მარტო მაგათ არა, სხვებსაც, მაგრამ ესენი განსაკუთრებით წინააღმდეგი არიან. მიშას გამოსვლა ნიშნავს, რომ ისინი კომფორტს დაკარგავენ. ამ პარტიას სხვა ლიდერი სჭირდება, რომ სხვანაირად წავიდეს საქმე.
_ ვთქვათ, გადადგა ნიკა მელია თავმჯდომარეობიდან, ვინ უნდა დაიკავოს მისი ადგილი?
_ ახალი ლიდერი პარტიამ უნდა აირჩიოს. ვიღაცას აუცილებლად ნახავენ. შენ თუ არ შეგიძლია საქმის კეთება, გვერდით უნდა გაიწიო. მე რომ არ შემეძლო რაღაცების კეთება, მაგიტომ გავერიდე. არსად ვჩნდები, ხმას არ ვიღებ.
_ ხმას როგორ არ იღებთ? _ სააკაშვილის სასამართლოზე ისეთები იყვირეთ, რამდენიმე თვე ციხეში გაატარეთ.
_ იქ როგორ არ ვიყვირებდი? პროკურორი მიშას გაექაჩა და ამას ისე ვერ გავატარებდი. ჩემი სათქმელი ვთქვი და არ ვნანობ, ასე რომ მოვიქეცი.
_ ისე, თქვენ რომ დაგაკავეს, პარტიაში თითქმის არავის ამოუღია ხმა. თქვენმა პატიმრობამაც ძალიან ჩუმად ჩაიარა.
_ არ შეიმჩნიეს ჩემი დაკავება. ერთადერთი, ვინც ჩემს დაკავებაზე ისაუბრა, ეს კობა ნაყოფია იყო. დანარჩენმა არაფერი თქვა. არ ვსაყვედურობ, ასეთი ხალხია და სხვას არც ველოდი მათგან. ჩვენ, ვინც მართლა ვიბრძვით, ვიცით, რომ ადრე თუ გვიან დაგვიჭერენ. ერთადერთი იმან შემაწუხა, რომ შვილის ქორწილს ვერ დავესწარი. ქორწილის წინა დღეს დამაკავეს. დანარჩენი დაჭერა არაფერია. ხომ ნახეთ. არც მიკივლია და არც მიწივლია. მამაკაცები ვართ და ვიცით. რომ თუ ვახურებთ, დაგვიჭერენ. ჩვენზე ხმა არავინ ამოიღო, ჩვენ მათ გამო ღამეები უნდა ვათენოთ. აწი არავის გამო არ გავათენებ ღამეებს. ერთადერთი გამონაკლისი არის მიშა. მიშას მივყვებით ბოლომდე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის. რომ მიშა ციხიდან გამოვიყვანოთ. მთავარია. ის გარეთ გამოვიყვანოთ და მნიშვნელობა არ ექნება, სად წავა _ უკრაინაში თუ მონღოლეთში. ეს ადამიანი იმსახურებს იმას, რომ იყოს თავისუფალი. ესაა საქმე. ვიღაც ტუტუცი პროკურორი „ე, ბიჭოთი“ ელაპარაკებოდა მესამე პრეზიდენტს. ეს ვერ ავიტანე და ვიყვირე. ამის გამო დამიჭირეს. მანიკურიანი ხალხი რას იზამს, არ ვიცი, პროსპექტის პოლიტიკოსები მიშასთვის ვიბრძოლებთ. შარიანები ვართ და ჩხუბიც არ გვეზარება. მთავარია, მანიკურიანები არ ვართ.
_ მანიკურიანებში რას გულისხმობთ?
_ გარეთ რომ არ უნდათ გამოსვლა და ეზარებათ ქუჩის აქციები. სახლში ჯდომით არაფერი კეთდება. მოძრაობა და მოქმედებაა საჭირო. პარტიას კი აქციის მოწყობაც ეზარება. იმასაც აღარ ითხოვენ, თავისუფლება მიშასო.
_ „ოცნებამ“ ხომ არ დააკომპლექსა „ნაციონალები“? როგორც კი გამოდიოან, ომი უნდათო, გაიძახიან.
_ მიშა რომ დაიჭირეს, მაშინ ხომ არ იყო ჯერ ომი? თებერვალში დაიწყო და მანამდე ეკივლათ. არანაირი გამართლება არ აქვს ამ დუმილს. „ნაციონალები“ რომ მიშასთვის არაფერს აკეთებენ, ეს „ოცნების“ ბრალი არ არის. ეს იცით, რისი ბრალია? _ პარტიას ლიდერი არ ჰყავს. ლიდერი რომ იყოს, სხვა სურათი იქნებოდა აქ. ნიკა მელიამ რომც მოგვიწოდოს, გავიდეთ ქუჩაშიო, არ გავყვები.
_ რატომ არ გაყვებით?
_ იმიტომ, რომ არ ვენდობი. პარტიის ლიდერი სხვანაირი წარმომიდგენია. ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი.
_ მიშა ციხეშია და მის გარდა სხვა ვინ შეიძლება იყოს ლიდერი? ლევან ვარშალომიძე შეიძლება იყოს ლიდერი?
_ ლევანი ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ლიდერობას ვერ შეძლებდა, იმიტომ კი არა, რომ ამის უნარი არ ჰქონდა, არაფრის გაკეთების უფლებას არ მისცემდნენ. მას თბილისში არ გაახარებდნენ და გამოაგდებდნენ. პარტიის თავმჯდომარედ ლევანიც იყო წარდგენილი. ლევანმა გვითხრა, რომ არ გვეაქტიურა და არ გვიაქტიურია. კარგია, რომ ის არ აირჩიეს თავმჯდომარედ, ყველაფერი მას დაბრალდებოდა.
_ ნიკა მელიას, როგორც ამბობენ, ბევრი აღარ ემორჩილება პარტიაში? თქვენი ინფორმაციით, ვინ არის ახლა პარტიაში მთავარი?
_ რამდენიმე კაცი აქტიურობს. ზოგ-ზოგიერთი ცდილობს, თავიანთი გუნდი შექმნას. მიშას გარეშე ეგენი ვერაფერს გააკეთებენ. მიშა უნდა იყოს გარეთ და მერე ყველაფერი კარგად იქნება, როგორც ქვეყნისთვის, ასევე _ პარტიისთვის.
_ პარტიის საქმეებში ახლა კუდის უფროსის ყოფილი მოადგილეც ჩაერია. სოსო თოფურიძის წერილებზე რას იტყვით?
_ რა უნდა ვთქვა? შინაარსზე არაფერს ვიტყვი. რატომღაც, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს წერილები სოსო თოფურიძის დაწერილი არ იყო.
_ აბა, ვისი დაწერილი იყო, ვანო მერაბიშვილის?
_ არ ვიცი, ვანოს ხელს ვერ დავადებ. იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს თოფურიძის დაწერილი წერილები არ არის. ვანო მერაბიშვილს რაც შეეხება, მე მას პირადად ძალიან ვენდობი.
_ მერაბიშვილს ვენდობიო, ამას სერიოზულად ამბობთ?
_ რა თქმა უნდა. ჯელალ ქიქავა ვანო მერაბიშვილის სიტყვას ენდობა. მელიას სიტყვას კი არ ვენდობი.
_ ამბობენ, რომ მიშა საქართველოში მერაბიშვილმა ჩამოიტყუა. ამაზე რას ფიქრობთ?
_ არ მჯერა ამ ვერსიის. მიშა არ არის ის კაცი, ვინმეს შემოეტყუებინა. გამორიცხულია, ვინმემ მიშა მოატყუოს. საქართველოში მოუნდა წამოსვლა, ადგა და წამოვიდა. მიშა რომ არ დაბრუნებულიყო, „ნაციონალები“ თვითმმართველობის არჩევნებზე მაქსიმუმ 8%-ს აიღებდნენ. ეს მაინც დაუფასონ მესამე პრეზიდენტს. როგორც ვიცი, მიშას ლიდერები ეუბნებოდნენ, საქართველოში წასვლა არ ღირსო, მაგრამ მიშა წამოვიდა. რატომ არ უნდა წამოსულიყო? საქართველო მან დააყენა ფეხზე და თუ ვინმეს ეკუთვნის ამ ქვეყანაში ყოფნა, ეს საქართველოს მესამე პრეზიდენტია.
_ რომელი ლიდერები ეუბნებოდნენ, საქართველოში წასვლა არ ღირსო?
_ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები. იმათ კარგად იცოდნენ, რაც მოჰყვებოდა ამას. მიშამაც იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ წამოვიდა. მსოფლიოს ლიდერებს მიშა გარეთ სჭირდებოდათ. მიშა რომ გარეთ იყოს, ახლა იცით, რა ამბებს დაატრიალებდა უკრაინაში? არ გაჩერდებოდა, მთელ მსოფლიოს ფეხზე დააყენებდა. ახლა ისეთი ამბები მიდის, რომ მსოფლიო ლიდერებისთვის მიშა აღარ არის პრიორიტეტი. უკრაინის ომმა ბევრი რამე შეცვალა. ახლა მიშასთვის აღარავის სცალია.
დასავლეთის ოცნება იყო, რუსეთი რამეში გამოეჭირა, რომ მერე დაეშალა. რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებით დიდი დანაშაული ჩაიდინა და დიდი შეცდომა დაუშვა. დასავლეთი ამ შანსს არ გაუშვებს ხელიდან და რუსებს ბოლომდე მიაწვება. შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთის ამბავი დამთავრებულია.
_ ფიქრობთ, რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება?
_ უკვე დამარცხებულია და ამას მხოლოდ იურიდიულად სჭირდება გაფორმება. რუსეთის დასრულება ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დასრულებასაც ნიშნავს. ამ დამარცხებას თავადაც გრძნობენ და ამიტომაც წივიან და კივიან უაზროდ.
_ უაზროდ წივილ-კივილში რას გულისხმობთ?
_ დასავლეთის ლანძღვას. რასაც „ოცნება“ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე ამბობს, ამას საღ გონებაზე მყოფი კაცი არ იტყვის. არიან საღად, აგონიაში იმყოფებიან. აქამდე თურქეთს ლანძღავდნენ, ახლა ევროპა და ამერიკა ჰყავთ მიზანში ამოღებული. მათ ლაპარაკს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ამ საცოდავების ლაპარაკს ცოტა გაგებითაც მოვეკიდოთ.
_ გაგებით როგორ უნდა მოვეკიდოთ? ისეთ სისულელეებსა და ტყუილებს გაიძახიან, ძნელია, არ აღშფოთდე.
_ ხომ გითხარით, რომ აგონიაში არიან. აგონიაში მყოფი ადამიანი ვერ ფიქრობს, თუ რას ამბობს, ასე მივუდგეთ მათ სამარცხვინო განცხადებებს. თან გვახსოვდეს, რომ მათი განცხადებები არაფერს შეცვლის, რუსეთის მარცხი გარდაუვალია. სხვა თუ არაფერი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამი აგონია გამოვიარეთ.
_ სამ აგონიაში რას გულისხმობთ?
_ ასლანის ხალხის აგონია! შევარდნაძის ხალხის აგონია! მიშას ხალხიც არ აკლებდა აგონიას! ყველაზე უტიფრები მაინც „ქოცები“ არიან. „ნაციონალები“, თავის დროზე, ისეთ რამეებს აკეთებდნენ, სულ მეგონა, ასე სპეციალურად იქცევიან-მეთქი. აგონია მეტი კი არაფერია.
ახლა „ოცნება“ იქცევა ისე, თითქოს ვიღაც სპეციალურად აკეთებინებს ცუდს. ქვეყანას ხომ უშავებენ და უშავებენ, მაგრამ საკუთარ თავებსა და პარტიასაც აზარალებენ. აგონიის გაკონტროლება ძალიან ძნელია. ამათაც გაექცათ და რას აკეთებენ, აღარ იციან. შეცდომები და სისულელეები აწი ნახეთ. ესენი აუცილებლად დასრულდებიან, მანამდე კი რუსეთი დასრულდება.
_ მიშას რა ეშველება? ადამიანი არის ძალიან ცუდად.
_ მიშამ ცოტაც უნდა გაძლოს და მალე ისიც თავისუფალი იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გარეთ გამოვიყვანოთ.