ISIS და საქართველო

ISIS იშიფრება, როგორც ერაყისა და ლევანტის (მაშრიყი) ისლამური სახელმწიფო. იგი სუნიტი ჯიჰადისტების მიერ შექმნილი დაჯგუფებაა. რას წარმოადგენს ISIS _ ორგანიზაცია, რომელსაც გაერო ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში ადანაშაულებს? რამდენად საშიშია ეს ორგანიზაცია საქართველოსთვის და აქვს თუ არა რაიმე მექანიზმები ქვეყანას საფრთხეების თავიდან ასაცილებლად?!

აღნიშნული თემით „ქრონიკა+“ დაინტერესდა. გთავაზობთ ინტერვიუს კავკასიოლოგ ალეკო კვახაძესთან:

_ პირველ რიგში, მინდა გითხრათ, ISIS-ი ციდან არ ჩამოვარდნილა და მის ჩამოყალიბებას სერიოზული სოციალურ-პოლიტიკური პროცესები უძღოდა წინ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ორგანიზაციის შექმნაში დიდი როლი შეასრულა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ ქვეყანაში წარმოქმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა, რელიგიურმა შუღლმა და რაც მთავარია, შიიტური მთავრობის მიერ სუნიტი უმცირესობის დევნამ. მაგალითად, როდესაც ISIS-მა 2-მილიონიანი ქალაქი მოსული აიღო, მან ეს ტყვიის გასროლის გარეშე შეძლო და მოსახლეობა მათ, როგორც განმათავისუფლებლებს, ისე შეხვდა. როგორც შემდგომში მოსულიდან გამოსულმა დევნილებმა ინტერვიუებში აღნიშნეს, მართალია, მათთვის ISIS-ი მიუღებელია, თუმცა გაცილებით ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე ერაყის შიიტური მთავრობა. არ შეიძლება არ აღინიშნოს ISIS-ის ლიდერის, აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის ორგანიზაციული ნიჭი. მან მოახერხა სადამ ჰუსეინის დროინდელი სამხედროების, ძალოვნებისა თუ უბრალო ზონდერების მობილიზაცია და თავის ორგანიზაციაში ჩართვა. ის საშინელი ძალადობა, რასაც მთელმა მსოფლიომ ტელევიზიით უყურა, სადამ ჰუსეინის მმართველობის ჩვეულებრივი მეთოდებია. უბრალოდ, იმ დროს სადამ ჰუსეინის ოფიცრები სელფებს არ იღებდნენ მოჭრილი თავების ფონზე. ამერიკის დაზვერვის მონაცემების მიხედვით, ISIS-ის ბიუჯეტი მისი ზეობის პერიოდში 2 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ადამიანური რესურსი რამდენიმე ათეულ ათას გაწვრთნილ მებრძოლს აღწევდა. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ISIS-ი ნებისმიერი ქვეყნისთვის შეიძლება წარმოადგენდეს სერიოზულ საფრთხეს.
_ რამდენად მოსალოდნელია ISIS-ის გააქტიურება ჩვენს ქვეყანაში?
_ ISIS-ში წარმოდგენილი არიან საქართველოს მოქალაქეები 3 რეგიონიდან: პანკისის ხეობიდან, აჭარიდან და ქვემო ქართლიდან. აქედან პანკისელები სჭარბობენ. მათ შეძლეს და ამ ორგანიზაციაში საკმაოდ მაღალი თანამდებობები დაიკავეს. მაგალითად, თარხან ბათირაშვილი ერთადერთი არაერაყელია, ვინც მოახერხა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის გარემოცვასთან დაახლოება და მისი ნდობის მოპოვება. გარდა ამისა, ერთ-ერთი პანკისის ხეობის მკვიდრი თურქეთ-სირიის „საზღვრის დაცვის უფროსიც“ კი იყო ISIS-ში, სანამ ეს ორგანიზაცია ამ საზღვარს აკონტროლებდა. თუმცა დღეისთვის მათი მდგომარეობა არასახარბიელოა. ისინი, ფაქტობრივად, ალყაში იმყოფებიან და რთულია საუბარი დაღუპულების რაოდენობაზე. დაბომბვის შედეგად საქართველოს ბევრი მოქალაქე უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რაც შეეხება საქართველოსთვის მუქარას, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს გააკეთეს არა პანკისის ხეობის მკვიდრებმა, არამედ აჭარის მკვიდრებმა. მაგალითად, თამაზ ჭაღალიძე საქართველოს მოქალაქეებს თავის მოჭრით დაემუქრა. ყოველივე ეს სერიოზული შეშფოთების საფუძველს იძლევა. მართალია, საქართველოში არსებობს კანონი, სადაც ტერორისტული ორგანიზაციების წევრების კრიმინალიზაცია ხდება, თუმცა სახელისუფლებო ინსტიტუტების ჩამოშლის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული ამ პირების საქართველოში დაბრუნება. დიდი საფრთხეა რადიკალიზმის შემდგომი გავრცელება ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ქვემო ქართლი და აჭარა. ქვემო ქართლში დღესაც არის სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა და ასეთი გარემო ნოყიერ ნიადაგს ქმნის რადიკალიზმის გავრცელებისთვის. რაც შეეხება აჭარას, ნუ დაგვავიწყდება ზოგი შოვინისტი პოლიტიკოსის და ეკლესიის შავრაზმული ფრთის მიერ გაჩაღებული აგრესიული კამპანია აჭარელი მუსლიმების წინააღმდეგ. გავიხსენოთ ჭელას, სამთაწყაროსა და სხვა ეპიზოდები. მიუხედავად იმისა, რომ აჭარელი მუსლიმები ისეთივე ქართველები არიან, როგორც სხვა დანარჩენები და მათი აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს პატრიოტია, როცა არსებობს ასეთი სახის ზეწოლა, ამით კარგად სარგებლობენ უცხოური რადიკალური ორგანიზაციების ემისრები და უფრო ადვილად ავრცელებენ რადიკალურ იდეოლოგიას.
_ რაც შეეხება მექანიზმებს საფრთხეების თავიდან არიდების შესახებ, აქვს თუ არა ამ მიმართულებით რაიმე სტრატეგია ქვეყანას?
_ საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არც გრძელვადიანი და არც მოკლევადიანი კონტრტერორისტული სტრატეგია. მივყვეთ ქრონოლოგიას: 2012 წლის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ საკმაოდ დიდ სიბინძურეზე წავიდა და პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, მზად იყო, საქართველოსთვის ტერორიზმის მფარველობა დაებრალებინა. ვგულისხმობ ლაფანყურის ტრაგედიით სპეკულირებას. მაგალითად, როცა სუს-მა დაიბარა დაკითხვაზე ჩეჩენი აქტივისტი საიხან მუზაევი, მას პირდაპირ შესთავაზეს, ლაფანყურის საკითხზე ჩვენება მიეცა გია ლორთქიფანიძეზე და სანდრო ამირიძეზე (იმდროინდელი შსს-ს მაღალჩინოსნები), წინააღმდეგ შემთხვევაში მას რუსეთში დეპორტაციით დაემუქრნენ. ანალოგიური რამ მოსთხოვეს მიქაელ კადიევს, ოღონდ მას უკვე მიხეილ სააკაშვილის მიერ ტერორისტების გაწვრთნის დაბრალება მოსთხოვეს. ბუნებრივია, კადიევი ასეთ ბინძურ გარიგებაზე არ წავიდა და შედეგად მას უარი ეთქვა დევნილის სტატუსზე. მას რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება.
2012 წლის არჩევნების შემდეგ ანტიტერორისტული ცენტრიდან დაითხოვეს ისეთი პროფესიონალი პირები, როგორებიც იყვნენ სანდრო ამირიძე, გიორგი მაისურაძე და სხვები. ამის შემდეგ იყო ზელიმხან ხანგოშვილის მოკვლის მცდელობა. იგი სასწაულებრივად გადარჩა. ზელიმხან ხანგოშვილი გახლდათ ჩეჩნეთის ომის ვეტერანი ქისტი, რომელსაც ხეობაში დიდ პატივს სცემდნენ და რომელიც აქტიურად ეხმარებოდა ქართულ სახელმწიფოს პანკისის ხეობაში სიმშვიდის შენარჩუნებაში. ამ ადამიანს თბილისის ცენტრში, დღისით- მზისით, თავს დაესხნენ ფსბ-ს ქილერები, თუმცა ეს საქმე არათუ გამოუძიებელია, საქმე სხეულის მსუბუქად დაზიანების მუხლით აღიძრა. ფაქტობრივად, სუს-მა ფსბ-ს ქილერები გააპარა. ამის გარდა, 2013 წელს ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს დაღესტნელი მებრძოლი და ფარულად გადასცეს რუსულ მხარეს. ის უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული მანამ, სანამ „წითელი ჯვარი“ მას არ იპოვიდა რუსეთის ერთ-ერთ ციხეში. ამ ზეწოლების პარელელურად, იქ, სადაც საქმე რეალურ ტერორიზმს ეხება, საქართველოს ხელისუფლება უძლურია. მაგალითად, „ქართული ოცნების“ მიერ დიდი ზარზეიმით განთავისუფლებული აჰმედ ჩატაევი სტამბულის ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად დასახელდა. ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ „გაეპარათ“ ქართველ მესაზღვრეებს არასრულწლოვანი პანკისელი, რომელიც შემდგომ სირიაში აღმოჩნდა. ჩვენ ვნახეთ სირიაში ნაომარი დავით ბორჩაშვილის საქმეც, რომელიც თურქეთმა საქართველოში დაადეპორტა, თუმცა ქართული მხარე იმდენად დაბნეული იყო, რომ ბორჩაშვილი უკან სტამბულში გაუშვეს, შემდეგ თურქულმა მხარემ ის საქართველოში ხელახლა გაგზავნა და ბოლოს როცა ეს გახმაურდა, ქართული მხარე იძულებული გახდა, იგი დაეპატიმრებინა. ეს სუს-ის არაპროფესიონალიზმის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. გარდა ჯიჰადისტური ტერორიზმისა, არსებობს საქართველოში სხვა სახის ტერორიზმის რისკები. პირველ რიგში, ეს არის ულტრამემარჯვენე დაჯგუფებები, რომლებიც ბოლო წლებში სოკოებივით მომრავლდნენ. ვგულისხმობ „ქართულ მარშს“ და მასთან ასოცირებულ დაჯგუფებებს. ევროპასა და ამერიკაში ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებმა არაერთი ტერაქტი თუ ძალადობრივი ქმედება განახორციელეს. ყველაზე საგანგაშო ის ფაქტია, რომ მსგავს დაჯგუფებებს ერთ-ერთი სახელისუფლებო კლანი უჭერს მხარს თავისი ვიწროკლანური მიზნების გამო. სამწუხაროდ, ისინი არ ითვალისწინებენ იმ სამომავლო საფრთხეს, რაც შეიძლება ამ ორგანიზაციებმა მოუტანონ საქართველოს. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება თვალს ხუჭავს საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან დნრ (თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის აბრევიატურა,-რედ.) და ლნრ (თვითაღიარებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა, – რედ.)-ის შემადგენლობაში, რომლებიც აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციებად. ამ პრორუსულ დაჯგუფებაში გაწვრთნილმა ადამიანებმა მომავალში შესაძლოა, გააგრძელონ ძირგამომთხრელი ქმედება საქართველოში.
არსებობს რამდენიმე სახის კონტრტერორისტული სტრატეგია. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, უნდა ავირჩიოთ გრძელვადიანი სტრატეგია და სწორება ავიღოთ არა შედეგების, არამედ მიზეზების აღმოფხვრაზე. იდენტობის კრიზისი, გულში ჩადებული წყენა, მატერიალური პრობლემები, არაინტეგრირებულობა, გარეშე ძალების ინტერესები და მრავალი სხვა არის ის პრობლემები, რომელიც ხელს უწყობს ტერორისტული ორგანიზაციების გაძლიერებას. პირველ რიგში, სუს-ი, კერძოდ კი ანტიტერორისტული ცენტრი უნდა გახდეს აპოლიტიკური და აბსოლუტურად გაემიჯნოს პარტიულ საქმიანობას. აუცილებელია თანამშრომლობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და რაც მთავარია, აუცილებელია პროფესიონალი კადრების მოძიება, მათი გადამზადება და მათი აზრის გათვალისწინება. დღეისთვის საქართველოში არ არსებობს რაიმე საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ტერორიზმის შესახებ სრულყოფილი სალექციო კურსი იყოს წარმოდგენილი. პირადად მე მსგავსი კურსი ბრიტანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში გავიარე და საკუთარი თვალით ვნახე, თუ რამხელა ყურადღებას უთმობს ბრიტანეთი ამ საკითხს და როგორი მოთხოვნილება აქვთ ამ საკითხის მცოდნე კადრებზე. სამწუხაროდ, საქართველოში ეს საკითხი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც მსოფლიოში ან რამე დიდი ტერაქტი მოხდება, ან მორიგი ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპება სირიის კონფლიქტში.

მარიამ ბაშარული