გიორგი გელხაური: „სააკაშვილის საქმეზე პროკურატურა ჭორაობს, _ თუ რამეს ამბობ, თქვი! ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო ბრალდება ხარ“

ზუკა ნემსაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ისევ ციხეშია. ოპოზიციის ვნებები ძალის მოკრების განცხადებების ფონზე მინელდა. ხელისუფლება, ისე როგორც არასდროს, კატეგორიული აღმოჩნდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მის წინამორბედს არ შეიწყალებს. „არა და არასდროს!“ _ სალომე ზურაბიშვილი პრინციპულია. აქციები „თავისუფლება მიშას“ ლოზუნგით პერმანენტულად იმართება, უმთავრესი ლოკაცია ორბელიანების სასახლეა. ამასობაში კი სასამართლო პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილი 2 პროცესს დაასწრეს. საზღვრის უკანონო კვეთის სასამართლო პროცესზე, რომელიც 9 დეკემბერს გაიმართა, სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ მივიდა.

როდემდე იქნება ხელისუფლება კატეგორიული? _ იმ ფონზე, როცა მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროცესები ვითარდება, რეგიონში კი რუსეთსა-უკრაინას შორის მდგომაროება უკიდურესად დაძაბულია; როცა ევროპა და აშშ საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ.

არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. პოლიტიკურ დღის წესრიგს კი ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქმნის. როდემდე გაგრძელდება პოლარიზაცია და როდემდე იქნება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?!

„ქრონიკა+“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული თემების შესახებ სასაუბროდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატ გიორგი გელხაურს დაუკავშირდა:

_ გიორგი, 9 დეკემბერს იყო სასამართლო პროცესი, განიხილებოდა საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი. რა მოხდა სასამართლო პროცესზე? როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილს ყოფილი მაღალჩინოსანი ეხმარებოდა საზღვრის კვეთაში. ამ თემაზე ხომ არ არის რაიმე ახალი დეტალი?

_ პირველ რიგში, პროცესზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე მოცემულ საქმეს დაურთო სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გახლდათ არაადამიანური მოპყრობა.

_ ბრალდების მხარის პოზიცია რა იყო ამ საკითხზე?

_ ბრალდების მხარე წინააღმდეგი იყო, თუმცა სასამართლომ ისმჯელა და დაურთო.

იცით თქვენ, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით უამრავი საგმოძიებო მოქმედება აქვს ჩატარებული ბრალდების მხარეს, ათეულობით მოწმე ჰყავთ დაკითხული, რათა დაადგინონ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საქართველოში.

_ ფაქტი ხომ სახეზეა? _ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია და დაკავებულიცაა…

_ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საქართველოში. ჩვენ ისიც გვახსოვს, როცა მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა ქვეყანაში, ის ფეისბუქ ლაივებით გვამცნობდა, სად იმყოფებოდა. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ტრუსკავეცკში.

_ ტრუსკავეცკზე კომენტარები ყველას გვახსოვს და არა მხოლოდ…

_ რეალურად, ხელისუფლების წარმომადგენლები ეყრდნობოდნენ სუსის მიერ მიცემულ ინფორმაციას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ შემოსულა, იმყოფება კიევში. მიხეილ სააკაშვილმა სრული ლუსტრაცია მოახდინა ჩვენი სპეცსამსახურების.

_ დიახ, კეთდებოდა შეფასებები, რომ სააკაშვილმა „ჩამოშალა ინსტიტუციები“.

_ კი ბატონო, რადგან სუსი დაკავებული არის, მხოლოდ და მხოლოდ, ოპონენტების, ჟურნალისტებისა და სასულიერო პირებს მოსმენით, ასევე უსმენს დიპლომატიურ კორპუსს.

_ ცხადია, სუსის კრებსებზე აპელირებთ…

_ სუსს დრო აღარ რჩება, რომ იზრუნოს სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ეს ნაბიჯი იყო პოლიტიკური აქტი. მისი ამ ნაბიჯის განხილვა ჩვენს სამართლებრივ სივრცეში, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება. იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდებოდა და მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში, საქართველოსა და რუსეთის გარდა.

_ ამით რისი თქმა გინდათ?

_ იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი იძებნებოდა, ლეგიტიმაცია არ ჰქონდა. ცივილიზებული სამყარო ამას არ აღიარებდა. თვითონ ინტერპოლმაც კი უარი განაცხდა ძებნაზე.

_ იმიტომ, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყო? რა შუაშია აქ ლეგიტიმაცია?

_ იმიტომ, რომ უკრაინის მოქალაქე იყო, თუმცაღა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ლეგიტიმაცია, რომ დაკმაყოფილებულიყო მისი მოთხოვნები. ეს ცხადყოფს ერთ რამეს: მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ყველა სისხლის სამართლის საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, მას საერთო არაფერი აქვს მართლმსაჯულებასთან. იგი იყო პოლიტიკური დევნილი და არის პოლიტიკურ ტყვეობაში.

_ გიორგი, თქვენ თქვით, რომ სააკაშვილი საქართველოში რომ შემოვიდა, მმართველ გუნდში ამბობდნენ, ის კიევშიაო. მაგრამ ხელისუფლებამ დაკავების შემდეგ ახსნა, თუ რატომ მოიქცა ასე. ისიც თქვა, რომ რამდენიმე ადამიანმა იცოდა სიმართლე და არასწორ ინფორმაციებს შეგნებულად ავრცლებდა, რათა არ გაჟონილიყო და დაკავების ოპერაცია უსაფრთხოდ ჩატარებულიყო.

_ მათ ის ინფორმაცია, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ. მერე იმიტომ თქვეს, რამდენიმე ადამიანმა იცოდაო, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.

_ მაგრამ მიზეზიც დაასახელეს _ დაკავების ოპერაციის უსაფრთხოდ ჩატარება….

_ დიახ, გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდებოდა დაკავებაო, შეიძლება ამას რაღაც ექსცესები მოჰყოლოდაო. მათივე მასალებით, მიხეილ სააკაშვილი ორ პიროვნებასთან ერთად გადაადგილდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის დაკავებას არანაირი საფრთხე არ მოჰყვებოდა. ვერ მიიღება ეს არგუმენტი, არავის სჯერა ის, რომ იცოდნენ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო და გადაადგილდებოდა ორ პირთან ერთად და ვერ დააკავეს.

_ ამაზე სასამართლო პროცესზე ისაუბრეთ და რა პასუხი მიიღეთ ბრალდების მხარისგან?

_ ბრალდების მხარე ყველაფერს ძალიან ვიწროდ უყურებს. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომელიც ხალხმა ორი ვადით აირჩია და არაერთ რეფორმას უკავშირდება მისი პრეზიდენტობა. ამიტომ საუბარი ვიწრო სამართლებრივ სივრცეში ვერ მოხდება.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს ნაბიჯი _ საქართველოში დაბრუნება,  იყო პოლიტიკური აქტი.

_ ანუ?

_ დევნილი პრეზიდენტი დაბრუნდა საქართველოში.

_ მისი ჯანმრთელობის მდგომაროება როგორია? მან ბოლო სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.

_ რასაც მედიკოსები, მისი ექიმი, ალტერნატიული კონსილიუმის წევრები საუბრობენ, ეს ინფორმაცია მაქვს მეც. მისი ჯანმრთელობის მდგომაროება არის რთული, უჭირს გადაადგილება და ამიტომ ვერ შეძლო 9 დეკემბრის პროცესზე გამოცხადება.

_ ბატონო გიორგი, ოპონენტები საუბრობენ და ეს კითხვა ლეგიტიმურადაც ჟღერს, _ ის ხომ უკვე სასამართლო პროცესზე ორჯერ ვიხილეთ? ახლა რატომ გაურესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როცა ის  შიმშილობის შემდეგ, მალევე, ორ სასამართლო პროცესზე იყო?

_ იყო, კი ბატონო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რა დროს დამძიმდება და სისუსტეს როდის იგრძობს ამ რეაბილიტაციის პროცესში არ ვიცით. 50 დღე შიმშილობა ცოტა არ არის. ამ პროცესში როდის არ შეუწყობს ჯანმრთელობა ხელს, რომ პროცესზე გამოცხადდეს, ვერ გავიგებთ. ძალიან ნელა და მძიმედ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი.

_ გიორგი, ბოლოს როდის შეხვდით მიხეილ სააკაშვილს?

_ რამდენიმე დღის წინ.

_ ახალ შეზღუდვებზე იყო საუბარი მის მიმართ. მაგალითად, ტელევიზორის ჩამორთმევის საკითხი მალევე უარყო პენიტენციურმა სამსახურმა. ახლა სატელეფონო საუბრების შეზღუდვებზე საუბრობთ ადვოკატები…

_ თქვენ თუ გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილი როდესაც ჩამოვიდა საქართველოში და დააკავეს, მას შემდეგ გაიმართა რამდენიმე პროცესი და იგი პროცესზეც არ მიჰყავდათ.

_ მახსოვს…

_ საბოლოოდ, ხელისუფლება მიხვდა, რომ არ შეიძლება, პირი გაასამართლო თუ მას სასამართლო პროცესს არ დაასწრებ.

_ ამ შემთხვევაში უკან დაიხია ხელისუფლებამ, ამას ამბობთ?

_ დიახ, ანალოგიურად ხელისუფლებას არ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ისარგებლოს სატელეფონო ზარებით, გესუაბროთ თქვენ. არ სურს, რომ მისი ხმა გაჟღერდეს. საფუძველი ამ სატელეფონო ზარის აკრძალვისა არის თითიდან გამოწოვილი.

_ პაემნებთან დაკავშირებითაც იყო პრობლემებზე საუბრები…

_ ამ ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს პოლიტიკური დევნა. მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს საპატიმროდან, ვინაიდან ეს, ისევ და ისევ, ჩვენს ქვეყნაზე აისახება ნეგატიურად, თუ ის ციხეში დარჩება. ნახეთ, ხომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. სხვა უამრავი გამოხმაურებაა.

_ დეპარტამენტის განცხადება არ იყო კონკრეტულ ქეისზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენეტის განცხადებაში აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიას უთხრის ძირს.

_ დიახ, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რაში აწყობს ეს ყველაფერი ხელისუფლებას? ეს არის შურისძიება, რომელსაც ასე ახორციელებენ მესამე პრეზიდნეტის მიმართ.

_ შემდეგი პროცესი როდის არის?

_ 22 დეკემბერს.

_ თქვენ თქვით, რომ სასამართლოს სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა მივაწოდეთო. რეალურად გაქვთ იმის იმედი, რომ სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს?

_ ერთია, რისი იმედი გაქვს და მეორე _ მოლოდინი რა გაქვს.

_ რა მოლოდინი გაქვთ?

_ მე ყოველთვის ვიმედოვნებ, რომ ხელისუფლება მოეგება გონს და მიიღებს გადაწყვეტილებას _ დაასრულოს პოლიტიკური დევნა. თქვენ ახსენეთ, რომ პროკურორი აყენებს ბრალდებას, რომ ვიღაც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი ეხმარებოდა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის კვეთაშიო.

_ დიახ და პასუხი არ მომისმენია…

_ აი, წარმოიდგინეთ, მოდის პროკურორი და ამბობს, სააკაშვილს ეხმარებოდა ყოფილი მაღალჩინოსანი. რას ნიშნავს, საერთოდ, ეს?! თუ პროკურორი ხარ და საქმის მასალებზე დაყრდნობით განცხადებას აკეთებ, წარმოადგინე მტკიცებულებები _ სახელი, გვარი. ეს არის თემის შემოგდება, რომ ეხმარებოდნენ და ამაზე მეტს არაფერს ამბობენ. მერე ჩვენ გვეკითხებიან ჟურნალისტები, _ რა ხდება? რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით? _ ჭორაობას უფრო ჰგავს. თუ რამეს ამბობ, თქვი, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო ბრალდება ხარ, პროკურორი ხარ.

_ რადგან პროკურორებზე დაიწყეთ საუბარი, რატომ გიკვირთ მათგან ასეთი საქციელი იმ ფონზე, როცა  სახელისუფლებო სატელევიზიო ეთერებში ისინი პოლიტიკურ განცხადებებს ავრცელებენ, მაგალითად, ჯარჯი წიკლაური. ეს რამდენად სწორია?

_ არ გამოვრიცხავ, ამ პროკურორის კონკრეტული განცხადებები მიხეილ სააკაშვილის საქმეს სტრასბურგში წაადგეს. როცა ის საუბრობს, რომ მისი სტატუსი არაფერ შუაშია და მართლმსაჯულება უნდა აღდგეს, ეს უკვე პოლიტიკური განცხადებაა.

_ ანუ შეიძლება, ეს ამბავი სტრასბურგში გამოდგეს?

_ როცა პროკურატურა აკეთებს ასეთ განცხადებებს, არაფერია გამორიცხული.