„ამ ველზე ზელენსკიზე ძლიერი პოლიტიკოსი არ მეგულება“

გიორგი საკარული

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის სოფელი სტანიცია ლუგანსკა დაბომბეს. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ოკუპანტებმა სტანიცია ლუგანსკის მიმართულებით საარტილერიო დანადგარებიდან გაისროლეს. ერთ-ერთი ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, დაზიანდა კომუნალური ინფრასტრუქტურაც _ დასახლების ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გაერთიანებული ძალების სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები სასწრაფოდ თავშესაფარში გადაიყვანეს. მოხალისეების თქმით, წინასწარი ცნობებით, არის მსხვერპლიც. საუბარია ორ მოზარდზე. არსებული ინფორმაციით, დაბომბვის დროს საბავშვო ბაღში ბავშვები იმყოფებოდნენ.

აღმოსავლეთ უკრაინაში მტრის დაბომბვის შედეგად დაიღუპა კაპიტანი ანტონ სიდოროვი. 30-ე ბრიგადის ჯარისკაცი, კაპიტანი ანტონ სიდოროვი, დაახლოებით დილის 7 საათზე დონეცკის ოლქის ბახმუტის რაიონის სოფელ მირონოვსკოესთან დაბომბვას ემსხვერპლა.

დაბომბვა განხორციელდა გამთენიისას რუსეთის ფედერაციის პოლარული ფრონტის მე-2 არმიის კორპუსის მიერ მირონოვსკოეს მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე. უკრაინული დაზვერვის წამყვანმა ოფიცერმა, კაპიტანმა ანტონ სიდოროვმა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა თავის არეში მიიღო.

რა ხდება და როგორია დასავლეთის რეაქცია და მხარდაჭერა ამ დროს? გადავა თუ არა ლუგანსკი პუტინის მმართველობის ქვეშ და როგორ უპასუხებს ამაზე ოფიციალური კიევი? რა შემთხვევაში დაიბრუნებს უკრაინა ყირიმს?

ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი და ექსპერტი, მამუკა გამყრელიძე:

_ ბატონო მამუკა, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ მდგომარეობას როგორ შეაფასებდით? ჩვენ კარგად ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებას. პუტინმა იერიში უკვე მიიტანა ლუგანსკზე, დაბომბა რკინიგზის სადგური, ასევე საბავშვო ბაღი, რასაც მსხვერპლი მოყვა. დასავლეთის მხრიდან ასეთი ზეწოლის მიუხედავად, გაბედავს თუ არა რუსეთი უკრაინასთან ომს?

_ რაც შეეხება დიდ ომს, ანუ ფართომასშტაბიან შეჭრას, რომლის მაქსიმალური მიზანიც არის კიევის აღება, ამას საერთოდ გამოვრიცხავ, ასევე სამხრეთ უკრაინის აღებას, ვგულისხმობ მარიუპოლს, ოდესას, ნიკოლაევს, _ არც ამის შესაძლებლობა აქვს დღეს რუსეთს, რადგანაც ის საჯარისო ფორმირებები, რაც დღეს დგას საზღვარზე და იმ 100 000 კაცს კიდევ 7000 დაემატაო, არც 107 და არც 120 ათასი სამხედრო საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ეს ტერიტორიები აიღოს და ომი დაიწყოს.

_ ე. ი. ფიქრობთ, რომ აღჭურვილობა და ტექნიკა რუსეთს არასაკმარისი აქვს ამისთვის?

_ აღჭურვილობა აქვს იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჭიროა, მაგრამ აუცილებლობა არ აქვს.

_ და მაინც, რას ელოდება რუსეთი?

_ რეალურად, ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ავღანეთიდან ამერიკას ძალიან არასწორად მოუწია გასვლა და აქ იყო დაზვერვის უზარმაზარი შეცდომა, რომელმაც ვერ გათვალა პირობები და გასვლის სიჩქარე, _ მინიმუმ, ექვს თვეს გაუძლებს ავღანური ჯარი თალიბების შემოტევას. ეს ასე არ მოხდა და რეალურად გაქცევა მოუწია ამერიკის ჯარს, ამიტომ დემოკრატიულმა პარტიამ, ბაიდენმა და თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ძალიან მძიმე რეპუტაციული დარტყმა მიიღეს. აქედან გამომდინარე, ვთქვათ, სჭირდებოდათ რაღაც პოზიტიური მოქმედება: შემოდგომაზე წელს კონგრესში გაიმართება არჩევნები, სადაც მათთვის დამარცხება არ შეიძლება, _ ისინი დაკარგავენ უმრავლესობას და ეს ძალიან ცუდ გავლენებს მოიტანს შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

შესაბამისად, მათ სჭირდებოდათ რაღაც პოზიტივი. მთლიანობაში თუ არ განვიხილავთ ამ საქმეს, ძალიან ვიწროდ უყურებენ ამას და არარეალურ დასკვნებს აკეთებენ. გააქტიურდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, იქ შეიქმნა ახალი სამხედრო-პოლიტიკური კავშირები, ასევე ახალი და ძლიერი სადაზვერვო კავშირები. შესაბამისად, ჩინეთის გარშემო დაიწყეს რაღაც წრის დარტყმა და ასე ცდილობდნენ მიეღოთ პოზიტივი, რა დროსაც რუსეთმა დრო იხელთა. არ შევალ რაღაც გარკვეულ შეთქმულების თეორიებში, რატომ ჩავიდა იქ ნოემბერში… მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, _ ცენტრალური სადაზვერვო რომ ერევა და კრემლი შეხვედრებს ატარებს, მაგრამ ამას არ გააგრძელებს. მოკლედ, რუსეთმა დრო იხელთა, გააქტიურდა ამ მიმართულებით და დასვა გარკვეული ულტიმატუმი, რომლის მოთხოვნაც იყო, რომ ნატო აღმოსავლეთ მიმართულებით არ უნდა გაფართოებულიყო. აი, აქ იწყება ძალიან საინტერესო მომენტი: უცებ ჩაერთო აქ ამერიკაც, დასავლეთი ევროპაც, ნატოც, რა თქმა უნდა, სტოლტენბერგი და სასწრაფო პასუხი გასცეს, _ შევხვდეთ და ვისაუბროთო, რასაც შემდეგ მოყვა ბაიდენისა და ბლინკენის საუბრები, რომ რუსეთის ინტერესებიც უნდა დავიცვათო. შემდეგ მივიღეთ სამი შეხვედრა ზედიზედ: ეს იყო შერმანი და რაბკოვი; შემდეგ გრუშკოსა და ნატოს ხელმძღვანელობის შეხვედრა; შეხვედრა ეუთოსთან, სადაც უკვე პირველად გავიგონეთ ის, რასაც მამუკა გამყრელიძე დიდი ხანია, ამბობდა და არავინ უჯერებდა, რომ რუსეთის მთავარი ინტერესი იყო კიევის დათანხმება მინსკის შეთანხმებაზე. მაშინ გრუშკომაც და რაბკოვმაც თქვეს, რომ ჯერ ამაზე ვისაუბროთო. ამას მოყვა საუბრები დასავლეთში, რომ შესრულდეს მინსკის შეთანხმება, რომელიც გაეროს უშიშროების რეზოლუციაშიც არის მოხსენიებული, რომ ეს ის დოკუმენტია, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. მასზე არის ოთხმხრივი ხელმოწერა: გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და უკრაინა. რეალურად, უკრაინას აიძულებდნენ, რომ მიეღო მინსკის შეთანხმების პირობები. ეს არის დამღუპველი უკრაინის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის და ჩემთვის იყო ძალიან დიდი სიურპრიზი, რაც ძალიან გამიხარდა, რომ ზელენსკი აღმოჩნდა უძლიერესი დიპლომატი და პოლიტიკოსი. დღეს მე ამ ველზე ზელენსკიზე ძლიერი პოლიტიკოსი არ მეგულება. მან სრულიად აურია კარტები როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. ეს ძალიან კარგი გამოსავალი იქნებოდა დასავლეთისთვის, რადგანაც სწორედ დასავლეთის მიერ შექმნილი დოკუმენტია, ეს არ არის რუსების მიერ შექმნილი დოკუმენტი, თავის დროზე მერკელმა და სარკოზიმ შექმნეს.

_ რა მხრივ აურია თავგზა?

_ შეთანხმებაზე უარი თქვა. ჩვენ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოხდა ობამას პირობებში. გახსოვთ ობამას დამოკიდებულება, ყირიმი წაიღეს, რა არ გააკეთეს და თვალებს ხუჭავდა, ვითომ აქ არ ვარო, სირაქლემის პოზაში იყო. როდესაც ტრამპი მოვიდა, მინსკის შეთანხმებაზე საუბარი აბსოლუტურად შეწყდა, აღარ ყოფილა მოწოდება, რომ ეს შეთანხმება უნდა შემდგარიყო. ის ოთხმხრივი ჯგუფი, რასაც ნორმანდიის ფორმატი ჰქვია და შეხვედრები, რომელიც რეგულარული იყო, ნელ-ნელა მოკვდა. 2020 წელს იყო ბოლო შეხვედრა. ჩაკვდა ეს სიტუაცია, მაგრამ როგორც კი ბაიდენი მოვიდა, კვლავ გააქტიურდა, რადგანაც იგრძნო პუტინმა, რომ აქ შეიძლება რაღაც დაიჭიროს ხელში. მინსკის შეთანხმებაზე უკრაინის დათანხმება არის ძალიან დიდი პლუსი მისთვის. რაც შეეხება რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობას, რაც ახლა შეიტანეს რუსეთის დუმაში, ეს არის უკანასკნელი ნაბიჯი და ბოლო იმედი მას შემდეგ, რაც ყველა დიპლომატიური ხერხი და სამხედრო მანევრი დამთავრდება, მხოლოდ მაშინ ცნობს რუსეთი ამ რეგიონების დამოუკიდებლობას, რადგანაც დეპრესიული რეგიონების ჩამოკიდება კისერზე მას არ უნდა. თუ სხვა შედეგი ვერ მიიღო, იძულებული იქნება. ის, რომ რუსეთი დღეს დამარცხებულის პოზიციაშია და ის, რომ არც დასავლეთი არის კმაყოფილი, ამის მიზეზი გახლავთ ზელენსკის ძალიან სერიოზული და პრინციპული პოზიცია, რომლითაც გაოცებული ვარ. დღეს შეიძლება მივიღოთ ისეთი სიტუაცია, რომ ნატოში მიღება არ უნდათ უკრაინის, ეს ღიად ჩანს და მათ შორის საქართველოსიც, ასეთი ვითარება შეიქმნა ახლა. თან არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი მათ სჭირდებათ ჩინეთთან მიმართებით, რადგანაც ჩინეთი იქნება ძირითადი მიმართულება და, რა თქმა უნდა, რუსეთი საჭიროა მათთვის, როგორც ბუფერული ზონა. მისი ხელისკვრა და გადასროლა ჩინეთის ველზე არ იქნება სწორი და კარგი, ამიტომ ცდილობენ გაატარონ რბილი პოლიტიკა.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში იყო ზელენსკის პოზიცია, რომელსაც ძალიან შეუწყო ხელი დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის უკიდურესად სერიოზულმა დახმარებამ. ის შემოთავაზება, რაც წამოვიდა დიდი ბრიტანეთისგან, ეს, ჩემი აზრით, არის ახალი მსოფლიო მოწყობის ერთი-ერთი უმთავრესი ნიშანი, რომ ასეთი მიმართულებით უნდა წავიდეს ცივილიზაცია, რადგანაც ბიუროკრატიული და ძალიან მოუხეშავი ნატო რთულად მოაზროვნეა, მას უჭირს კონსენსუსის მიღება 30 წევრში და, შესაბამისად, ასეთი პატარ-პატარა კავშირები (ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა) პერსპექტიულია. ხოლო თუ წარმოვიდგენთ ბრიტანეთს, უკრაინას, პოლონეთს, მოლდოვას, საქართველოსა და თურქეთს, ეს შავი ზღვის კავშირები და ბალტიის ქვეყნების ჩართვა იქნება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ახალი გზა. ასეთი იქნება მომავალი ევროპის უსაფრთხოება, სხვანაირად არ მესახება, რადგანაც უსაფრთხოება უნდა იყოს მობილური. უსაფრთხოება არ შეიძლება იყოს მოუხეშავი, აი, თავში რომ დაინახავ და მერე კუდი სადღაც 2 წუთის მერე მოიქნევა, ეს არის სისუსტის მაჩვენებელი.

_ ზელენსკი თავის მტკიცე და პრინციპულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და ეს რუსეთმაც კარგად იცის. ამ შემთხვევაში რა მდგომარეობაში იქნება რუსეთი? სანქციების, რითაც დასავლეთი ემუქრება პუტინს, ეშინია რუსეთს?

_ როგორც მოგახსენეთ, ბოლო ნაბიჯი იქნება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ცნობა, რასაც შიდა მოხმარებისთვის გაყიდიან ისე, როგორც გამარჯვებას.

_ ანუ აიღებს?

_ აღებული აქვთ, პრინციპში, უკვე: რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მოხდა, დაახლოებით, ეგ სიტუაციაა და ამას სჭირდება ლეგიტიმაცია. ამ ლეგიტიმაციის შემდეგ შეძლება უკვე ჯარის შეყვანაც და იარაღის მიწოდებაც.

_ და ამაზე კიევს პასუხი არ ექნება?

_ არა მგონია, რადგანაც რუსეთისთვის ეს ხელსაყრელი იქნება და ჯობია, რომ არ უპასუხოს, ამით რუსეთს მიეცემა საშუალება, შემდგომში უკვე სამხედრო თვალსაზრისით უპასუხოს. აი, ამაზე დასავლეთიც ხელს შეუშლის კიევს.

_ ანუ კიევის პასუხის შემთხვევაში ომი გარდაუვალი იქნება?

_ მაშინ ნამდვილად მოსალოდნელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველანაირად შეეცდება დასავლეთი, რომ ამ პასუხისგან შეაკავოს კიევი. კიევსაც ძალიან კარგად ესმის, რომ ჯობია, ახლა მოითმინოს და დიპლომატიური ხერხებით იმუშაოს, ვიდრე თავზეხელაღებულად დაიწყოს ომი. აქ კიდევ ერთი ფაქტორია: დედამიწის ზურგზე არავის უნდა რუსეთისთვის სანქციების დაკისრება. საკმაოდ ძლიერი სანქციებია და უკვე დაიწყეს იმაზე ლაპარაკიც, რომ სვიფტიდან  ჩახსნა არ იქნება და ამაზე კატეგორიულად უარზე არიან, რადგანაც პროცედურულადაც ძალიან რთულია, მაგრამ წუხელ გამოვიდა ამერიკის ფინანსთა მინისტრი და საფრანგეთის ტელევიზიასა და რადიოს მისცა ინტერვიუ: ძალიან რთული შეფასება გააკეთა იმ მოვლენების, რაც მოჰყვება ამ სანქციებს. ასეთი სიტყვა იხმარა, _ ბირთვული აფეთქების შემდეგ რომ მტვერი ილექება, დაახლოებით ეს შედარება მოიყვანა. ვის რად უნდა ომი? ყველას უნდა ივაჭროს, ნორმალურად იმუშაოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გერმანია ძალიან მოწყვლად სიტუაციაშია და მას შემდეგ, რაც მერკელმა ძალიან წინდაუხედავად გააუქმა ატომური ელექტროსადგურები, პირდაპირ არიან რუსეთის ხელში ჩავარდნილები. სანამ ახლა იქ ახალი გაზით მომარაგების გზებს განიხილავენ, მით უმეტეს ჰოლანდიის გაზის მარაგი იწურება, ხომ? ვხედავთ, რომ ურთულეს პოზიციაშია და შეიძლება გაზის გარეშე დარჩეს. ერთია ევროპის მდგომარეობა და მეორეა ამერიკის მდგომარეობა. ამერიკას ევროპის გაბრაზებაც არ უნდა. მსოფლიო არის გადაჯაჭვული. სამწუხაროდ, ჩვენი მკითხველი ძალიან ლოკალურად უყურებს ყველაფერს, დაიწყებს თუ არ დაიწყებს ომს რუსეთი და წინაპირობებიც უნდა განვიხილოთ ხოლმე. ამ შემთხვევაში ძალიან ადვილად მივალთ დასკვნამდე. ომი არ იქნება, თუ უკრაინა არ წამოეგო პროვოკაციას.

_ მოითმინოს და რეალურად ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს: რუსეთს ძალიან წყნარად და მშვიდად მიაქვს ტერიტორიები, ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში. ე. ი. დასავლეთის აღშფოთებას დიდად არანაირი შედეგი არ მოაქვს.

_ ერთ რამეს ვიტყოდი, რომ ნატოში შესული უკრაინა რუსეთისთვის ნაკლებად საშიში ფაქტორია, რადგანაც ნატო შემაკავებელია უდავოდ, ვიდრე კბილებამდე შეიარაღებული მორალური უპირატესობის მქონე უკრაინული ჯარი, რომელიც კარგად დაძეძგეს იარაღით დასავლეთმა და თუ შემტევ იარაღსაც მიაწოდებენ, ყირიმს უკრაინის მხარე ორ დღეში აიღებს. ამიტომ ასე მარტივადაც არ არის საქმე.

_ და რატომ არ აწვდის ამ შემტევ ძალას და თუნდაც იარაღს?

_ იმიტომ, რომ ეს არ იყოს უკრაინისთვის პროვოკაციის ნაწილი, არ გააღიზიანოს ამით უფრო მეტად რუსეთი, ასე ბრძანა ბატონმა ბაიდენმა. უფრთხიან რუსეთს, მან პირდაპირ თქვა მაკრონთან, რომ კედელთან ნუ მიმაყენებთ, თორემ კონვენციური იარაღი კარგია, მაგრამ შეიძლება ატომურზეც გადავიდეო, ვითომ იხუმრა, მაგრამ.

_ ერთი მხრივ, თითქოს დასავლეთი უჭერს მხარს და, მეორე მხრივ, ამბობს, რომ თვითონ ბაიდენის ინტერესებშიც შედის ომის წამოწყება.

_ არა, ომი არ უნდა, მაგრამ ბაიდენს უნდა პიარ-ომის მოგება. რატომ წევს ისტერიას? გუშინ გამოვიდა სახდეპის წარმომადგენელი და თქვა, რომ 15-ში არ დაიწყო, მაგრამ 20-მდე დაიწყებაო. ბაიდენისთვის ეს წაუგებელი თამაშია, რადგანაც ამბობს, რომ ომი დაიწყება. თუ რუსები ომს დაიწყებენ, იტყვის, მე გაგაფრთხილეთო და თუ არ დაიწყებს ომს, იტყვის, რომ აი, მე რომ გაფრთხილებით, იმიტომ არ დაიწყო ომიო. ერთადერთი უნდა, საიმიჯო პლუსები დაიწეროს, რომ მან იხსნა ევროპა დიდი ომისგან და დაიჭიროს გამარჯვებულის პოზიცია, უთხრას მის ამომრჩეველს, _ აი, ტრამპი როგორი სულელი იყო და ჩვენ როგორი ჭკვიანები ვართო. რუსეთის მხრიდანაც, რა თქმა უნდა, ეს არის კუნთების თამაში. 150 000 კაცით რომ ვერ შევა და ხარკოვს ვერ აიღებს, ეს მან კარგად იცის, რადგანაც მეორე მსოფლიო ომის დროს 700 000 კაცი იყო ხარკოვის აღებისას საბჭოთა კავშირის მხრიდან ჩართული და ის ვერ აიღეს. წარმოიდგინეთ, მაშინ იქ იყვნენ გერმანელები და ახლა არიან უკრაინელები, რომლებმაც ომიც კარგად იციან და საკუთარ მიწას იცავენ.

_ რას ნიშნავს ამ დროს საქართველოს ხელისუფლების დუმილი და მისი ეს პოზიცია?

_ სიბრალულის მეტს საქართველოს ხელისუფლება არ იწვევს, რადგანაც ახლა ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, რომ გავაქტიურდეთ ყველა კუთხით, დიპლომატიური თვალსაზრისით. ჩვენ ახლა უნდა დავძრწოდეთ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში და უნდა ვმუშაობდეთ. ჯერ ერთი, ნატოს სამიტია ივნისში, სადაც რაღაც პოზიციით უნდა მივიდეთ და ამ ხალხს უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთი აგრესორია და მარტო უკრაინა კი არ არის დაჩაგრული, ჩვენც ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით! ამის მაგივრად ვხედავთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინას, სამხედრო დახმარებაზე აღარ არის ლაპარაკი, მორალურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც არ უწევ, პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერ გამოხატავ. ეს აბსურდის ტოლფასია, მე მებრალება საქართველო ამ პრემიერის, ამ საგარეო საქმეთა მინისტრისა და ამ მთავრობის ხელში.

_ საქართველოს ხელისუფლება სირაქლემის პოზაშია.

_ ეს სამარცხვინოა. მსოფლიოს მთავარი ლიდერები ჩადიან უკრაინაში, ერთადერთი ვინც არ ჩადის, ეს არის საქართველო და ბაიდენი, რომელსაც, სხვათა შორის, ზელენსკიმ სთხოვა, რომ ჩასულიყო, მაგრამ იმ კაცმა დააიგნორა და არ ჩადის.

_ ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ: ლუგანსკს ბოლომდე აიღებს პუტინი და ამაზე უკრაინას რეაქცია არ ექნება და შეტევაზე არ გადავა?

_ აიღებს რას ნიშნავს? _ უკვე აღებული აქვს. ლუგანსკსა და დონეცკში არის ხელისუფლება, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსულია და იქ განლაგებულია 30 000 ჯარისკაცი, რომელიც იბრძოლებს რუსეთისთვის.  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსი სიტუაციაა. თუ ცნობს რუსეთი მათ დამოუკიდებლობას, აი იქ უკვე ან უკრაინამ უნდა დაიწყოს ომი (და არა მგონია, ამის საშუალება მისცეს მას დასავლეთმა, უმჯობესია, ის სტატუსი, რაც არის ამჟამად, ის დარჩეს),  შემდეგ კი რუსეთი შეეცდება, რომ შეიყვანოს იქ ჯარი და შეიტანოს იარაღი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რუსეთი არის დამარცხებული. რუსეთმა დაკარგა ყველანაირი მხარდაჭერა, ჩინეთიც კი აღარ უჭერს მხარს, მიუხედავად იმ დეკლარაციისა, რაც ოლიმპიადაზე გააკეთეს ქვეყნების ლიდერებმა. ამის შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისეთი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, რომ რუსეთის მხარდაჭერაზე საუბარიც ზედმეტია.

ალბათ, რუსეთს ერჩივნა უკრაინა ნატოში შესული და მორჯულებული, ვიდრე კბილებამდე შეიარაღებული, ტერიტორიები წართმეული და გაცეცხლებული. ზელენსკიმა იგრძნო, რომ ის ძალიან მაგარი პოლიტიკოსია. ამ ადამიანმა აჩვენა, რომ ის სერიოზული მოთამაშეა, ამის ფონზე კი რუსეთმა აჩვენა, რომ წამგებიან პოზიციაშია, _ ის წაგებულია გრძელვადიან პერსპექტივაში. კარგი, ნატოში არ მიიღებენ უკრაინას და რა? მე იმავეს ვუსურვებდი საქართველოსაც, რომ ყოფილიყო აქტიური და დაემყარებინა სამხედრო ურთიერთობები ბრიტანეთთან, თურქეთთან, ისრაელთან და განსაკუთრებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ძალიან მობილური და პირდაპირი კავშირები, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ეს წარმოუდგენელია _ და თუ გადავრჩით, ეს არის კარგი.