Crowne Plaza Borjomi-ში ადვოკატთა ასოციაციის წევრები მასობრივად დაიწამლნენ?!

kl

დაახლოებით ერთი კვირის წინ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მორიგი გასვლითი შეხვედრა მოაწყო ბორჯომში, სასტუმრო Crowne Plaza Borjomi -ში, რომელიც „რიქსოსის“ ქსელს განეკუთვნება. აი, რა მოუყვა ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი „ქრონიკა+“-ს.

ზაზა ხატიაშვილი _ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე:

_ ეს ამბავი ადვოკატთა ასოციაციას შეგვემთხვა ზარზეიმით გახსნილ 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Crowne Plaza Borjomi . მე და მეორე ადვოკატ გიორგი თევზაძეს ჩვენთან ერთად მყოფმა ეთიკის კომისიის წევრმა გვიმკურნალა, თორემ რა დღეში ჩავვარდებოდით, ან რომელ საავადმყოფოში ამოვყოფდით თავს, არ ვიცი. ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან, სავარაუდოდ, თევზით მოვიწამლეთ ადვოკატები. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერი. თურმე, უფრო უარესი წინ მელოდა, _ რადგან შეუძლოდ ვიყავი, მირჩიეს, საუნაში ჩავსულიყავი. საუნიდან გამოსული შხაპის მისაღებად შევედი, მაგრამ ცხელი წყალი არ წამოვიდა. თან ვარ ძალიან ცუდად, თან საუნიდან ახლად გამოსული, წყალი არ მოდის. რა ვქნა?!  მივმართე Crowne Plaza Borjomi -ს პერსონალს. იქ მითხრეს, დაელოდე, დაელოდე და ცხელი წყალი აუცილებლად წამოვაო. 15 წუთი ხომ ველოდე, მაგრამ ცხელი წყალი რომ არ მოვიდა, იძულებული გავხდი, ცივი წყლით დამებანა, ვინაიდან უკვე თბილისში მოვდიოდით. ჯერ გზაზე, შემდეგ კი სახლში დაბრუნებული ისე ცუდად გავხდი, რომ მეორე დღესვე ჩავწექი და ქუთაისში ადვოკატებთან შეხვედრაზე ვეღარ წავედი. არადა, ორი თვის წინ დავგეგმეთ ეს შეხვედრა. რა მექნა? მოვატყუე კოლეგები და ვერ წავედი შეხვედრაზე. ისე ცუდად ვიყავი, ლოგინიდან თავს ვერ ვწევდი.

_ სასტუმროს ადმინისტრაციამ რა გითხრათ? მოუყევით თქვენი მდგომარეობის შესახებ, რომ ყველა ადვოკატი მოიწამლეთ?

_ რა მაინტერესებს, იცით?! სასტუმროების კონტროლი არ ხდება? როგორ შეიძლება, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, სადაც ერთი ღამის გატარება 400 ლარი ჯდება, 24 საათის განმავლობაში ექიმი არ ჰყავდეთ? ლიკანში ამ ზაფხულს 5-ვარსკვლავიან სასტუმრო „რიქსოსში“ დამაბრალეს ხალათის მოპარვა. მერე მიცნეს და ბოდიში მომიხადეს. აღმოჩნდა, რომ ჩემს ნომერში არ იყო ხალათი. მე და ჩემი 11 წლის ქალიშვილი ვიყავით, ბავშვი გაოგნებული მიყურებდა. რომ არ ვეცანი მომსახურე პერსონალს, წარმომიდგენია, რას მიზამდნენ. როგორ უნდა დამემტკიცებინა, რომ ხალათი არ მომიპარავს?! საშინელება ხდება ქართული სასტუმროებში. პირველ რიგში, უნდა უნდა გაკონტროლდეს საკვები.

_ ფიქრობთ, რომ საკვებით მოიწამლეთ?

_ დიახ, უფრო თევზით. უნდა დაავალდებულონ შესაბამისმა ორგანოებმა სასტუმროები, საექიმო პუნქტი გაიხსნას, ყველაფერში ასეთი უმოქმედობა შეიძლება? მინდა, ვუჩივლო სასტუმროს, მაგრამ მურუსიძეების სასამართლოში წავიდე? ამდენი კაცი რომ ასე დაიწამლება, ვის უნდა მოსთხოვო ამაზე პასუხი?!

 

„ქრონიკა+“ პასუხის „მოსათხოვად“ სასტუმრო Crowne Plaza Borjomi -ის დაუკავშირდა.

ნინო შერმაზანიშვილი _ ნომრების მართვისა და საოპერაციო განყოფილების მენეჯერი:

_ თქვენს სასტუმროში ადვოკატების მასობრივ დაწამვლასთან დაკავშირებით, ალბათ, საქმის კურსში ხართ. პირველი კითხვა ასეთი მაქვს, _ ექიმი არ გყავთ?

_ ორი დღის განმავლობაში მუშაობდა ჩვენი თანამშრომელი. ექიმი გვყავს, რომელიც ამ მომენტისთვის გახლავთ ჩვენი ხელმძღვანელი, ანუ უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ჩვენ სტუმარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბოდიში მოვუხადეთ და საჩუქარიც გავუკეთეთ…

_ უკაცრავად, რა საჩუქარი?

_ ღვინო გადავეცით საჩუქრად. თავად ძალიან პოზიტიურად დაგვემშვიდობა.

_ და მერე ჩვენ ნეგატიურად გველაპარაკა? ახლა, რას მეუბნებით?..

_ ჩვენ მოვიკითხეთ კიდეც, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბოდიში მოვუხადეთ და დავინტერესდით დეტალებით. ჩვენთან ხარისხის კონტროლი, სერტიფიკატები იმდენად მკაცრია, რომ  შეუძლებელია მსგავსი პრეცედენტის დაშვება.

_ ვერ გავიგე, ანუ არ მოწამლულან?

_ ჩვენი სტუმარი აბრალებს თევზს. კონკრეტულად ჩვენგან ამ ინფორმაციის გაცემა, ამ ეტაპზე, უპრიანი არ იქნება. ჩვენთან იმ საღამოს, მინიმუმ, 100 სტუმარი იყო განთავსებული და არც ერთი არ დაწამლულა. ყველამ მიირთვა სადილად ბუფეტი და არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

_ კონკრეტულ შეკითხვას დაგისვამთ: რატომ გახდა ცუდად ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი? თან ისე, რომ მომდევნო დღეებში ყველა შეხვედრა გადადო და თავს ბალიშიდან ვერ წევდა?

_ შეიძლება, ვირუსი ჰქონდა, რომელიც მანამდე არ გამოვლინდა და, მაინცდამაინც, ჩვენთან აღმოაჩნდა.

_ ეგ როგორ? ყველას ერთად?

_ სამნი იყვნენ სულ. ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი. ისინი ერთად მიირთმევდნენ, ერთად გადიოდნენ გარეთ და ა. შ. ან რამდენიმე პროდუქტის ერთობლივად მიღებამ გამოიწვია მოწამვლა… მაგალითად, რძის პროდუქტების მირთმევამ თევზთან ერთად. შეიძლება, რაღაც მოხდა. სტუმარმა თავად არ მოისურვა ჩვენთან ამ საკითხთან დაკავშირებით გასაუბრება.

_ კაცმა საჯარო სივრცეში დაწერა, უნდა ვუჩივლო სასამართლოშიო და ვირუსი ჰქონდა?

_ ჩვენთან ყველაფერი არის დაცული, უსაფრთხოების ნორმები, ჰიგიენურიც… დეზინფექციის ჩატარება, ანალიზების აღება. თქვენ თუ ამის განთავსებას დააპირებთ, ანუ სასტუმროს პოზიციის, აუცილებლად უნდა შეათანხმოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან.

_ მომეცით ნომერი, დავურეკო

_ თვითონ დაგირეკავთ. ძალიან გთხოვთ, ის ინფორმაცია, რაზეც ვილაპარკეთ, ჩვენი ნებართვის გარეშე არ გაუშვათ.

_ ქალბატონო ნინო, თქვენთან დამაკავშირა თქვენმა თანამშრომელმა, რომელიც წინასწარ გამესაუბრა და ვუთხარი, რომ ვარ ჟურნალისტი და ამ საქმეზე მაინტერესებს დეტალები. ამის შემდეგ გადამრთო თქვენთან და მიუხედავად იმისა, რომ არ დამიმალავს, ვიწერდი, მეუბნებით, არ გავუშვა. ამ შემთხვევაში კეთილ ნებას გამოვიჩენ (ვინაიდან იურიდიულად სრული უფლება მაქვს, გავუშვა და არ მჭირდება თქვენი ნებართვა), დაველოდები თქვენი პრესსამსაურის ზარს. მხოლოდ, თუ შეიძლება, მალე დამირეკოს, დიდხანს ნუ მალოდინებს.

_ დიდი მადლობა. ახლავე დაგირეკავთ.

 

რამდენიმე საათის განმავლობაში არანაირი პრეს-სამსახური არ დაგვკავშირებია, ამიტომ იძულებული გავხდით, ხელახლა დაგვერეკა სასტუმროში და შეგვეხსენებინა. ამჯერად საპასუხოდ ნათუკა ასათიანმა დაგვირეკა, რომელსაც ნინო შერმაზანიშვილის კომენტარი გადავუგზავნეთ.

 

„ქრონიკა+“ აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას.

 

                                                                                             თამარ როსტიაშვილი