Association of Standardized Patient-ის სკანდალური დასკვნა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციის, Association of Standardized Patient -ის ანგარიშის თანახმად, თმის გადანერგვაში გიგაოპერაციების კუთხით საქართველო მეორე ადგილზეა. პირველზე გახლავთ კანადა, მესამეზე _ ბრაზილია.

ჯერ ქვეყნის მასშტაბები შეადარეთ, რომლის შემდეგაც ისმის კითხვა, _ რა ხდება?

ამ ინფორმაციის გადამოწმება „ქრონიკა+“-ს საკმაოდ გაუჭირდა. პირველი _ თმის ტრანსპლანტაცია საქართველოში განეკუთვნება პლასტიკური ქირურგიის სფეროს, სადაც პაციენტთა შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, სტატისტიკის ჩათვლით, მკაცრად საიდუმლოვდება; მეორე _ საქართველოში არ არსებობს მოცემული სეგმენტის ასოციაცია, ანდა კავშირი (მაგალითად, მსგავსად საქართველოს გინეკოლოგთა, ონკოლოგთა, ტრავმატოლოგთა ასოციაციისა და ა. შ.) დაბოლოს, მესამე _ კლინიკები და განყოფილებები საქართველოს მასშტაბით ხუთსაც ვერ მოითვლის. ყოველივე ამის ფონზე, რა გიგაოპერაციებზეა საუბარი?

არადა, Association of Standardized Patient საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციაა მთელ მსოფლიოში, რომლის დასკვნებსაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაზა სოფრომაძე და ვალერი კვარაცხელია თავიანთ პროგრამებში ხშირად იყენებდნენ.

 

სიტუაციის ახსნასა და ვითარებაში გარკვევას, როგორც იქნა, დაგვთანხმდა აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემიის პროფესორი, მედიცინის დოქტორი _ აკაკი წილოსანი:

_ ბატონო აკაკი, თმის გადანერგვის ყველაზე დიდი, ე. წ. გიგაოპერაციები აქ კეთდება. რას ნიშნავს ეს Aსსოციატიონ ოფ შტანდარდიზედ Pატიენტ-ის ანგარიში, გამელოტებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე დგას?

_ თუ შეიძლება, თქვენს კითხვაში კორექტივებს შევიტან: ჯერ ერთი, ქართველი პაციენტების გარდა, ჩამოსული პაციენტებიც ხომ არიან? მეორე _ საუბარია ე. წ. სპეციალიზებულ კლინიკებში ჩატარებულ გიგაოპერაციებზე, რომლებიც მსოფლიოში, ფაქტობრივად, რამდენიმე კლინიკაში კეთდება.

_ ანუ აშშ-ში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და ა. შ., სადაც ძალიან მაღალ დონეზე არის განვითარებული აღდგენითი მედიცინის ეს სფერო, ამ მასშტაბის ოპერაციები არ კეთდება?

_ არა.

_ ადრე კეთდებოდა და ახლა აღარ კეთდება?

_ არც ადრე კეთდებოდა.

_ მაშინ, აგვიხსენით, რა ხდება? თორემ ეს დასკვნა, ცოტა არ იყოს, განმარტებას საჭიროებს…

_ კარგით, ზუსტ სტატისტიკას მაინც არ დაგისახელებთ. გეტყვით მხოლოდ, რომ საქართველოში თმის ცვენის შედეგად განპირობებული პლასტიკური ოპერაციები პირველ ადგილზე დგას მამაკაცებს შორის. ახლა დასკვნას რაც შეეხება. აგიხსნით, რა იგულისხმება მასში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ იმათზე უკეთესად ვაკეთებთ ამ სახის ოპერაციებს, ანდა ისინი ჩვენზე უარესად. არა, რა თქმა უნდა. აქ საქმე ეხება მასშტაბებს და რაოდენობას. ბუნებრივია, მსოფლიოში ბევრი კლინიკაა, სადაც დიდი ოპერაციები კეთდება, მაგრამ საუბარია სპეციალიზებულ გიგაოპერაციებზე, რომელიც გულისხმობს 3500-ზე მეტი გრაფტის გადანერგვას ერთი ოპერაციის დროს.

_ ძალიან უცნაურია, როდესაც კანადის შემდეგ საქართველო სახელდება, ვინაიდან ქვეყნის მასშტაბებია ძალზე განსხვავებული. მათ შორის მეორეზე არის საქართველო?

_ კი ბატონო, პირველზეა ჰასან&ვონგის კლინიკა კანადაში და მესამეზე კლინიკა ბრაზილიაში.

_ კიდევ?

_ პრინციპში, მეტი არავინ.

_ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რომ გააკეთონ არ შეუძლიათ, თუ არ აკეთებენ?

_ რა თქმა უნდა, შეუძლიათ. ევროპასა და ამერიკაში ფანტასტიკური კლინიკებია, მაგრამ არ აკეთებენ. საზღვარგარეთ კლინიკების 90%-ში 1500-2000 გრაფტზე მეტი არ კეთდება. გიპასუხებთ, რატომ არ აკეთებენ ამას დასავლეთში: საქართველოში საშემოსავლო გადასახადი მცირე გახლავთ _ 20%, თმის აღდგენით ქირურგიას კი დიდი სტაფი სჭირდება, ამიტომ საქართველოში თუ გაქვს საშუალება შეინახო პროფესიონალთა დიდი გუნდი, იქ ეს შეუძლებელია. უცხოეთში ასეთ კლინიკებში 2-3 კაცი მუშაობს და საშემოსავლოს იხდიან 50%-ს. მაგალითად, კლინიკა ექიმს თუ უხდის ხელფასს 1000 ევროს, 1000 ევროს უხდის მთავრობას. რთულია დიდი სტაფის შენახვა _ ორმაგ ხარჯს უდრის. მე, კიდევ, ოქროს ხელები რომ მქონდეს და შეუდარებელი  სპეციალისტი ვიყო, ვერანაირად მოვახერხებ 1000-ობით გრაფტის გადანერგვას, თუ გუნდი არ მეყოლა. მაგალითად, ჩვენ რეკორდული მასშტაბის ოპერაციებს 16 კაცი ვაკეთებდით: ორი ქირურგი, ორი მენეჯერი, ქირურგის 12 ასისტენტი და 11 საათში ათი ათას გრაფტს გადავნერგავდით. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში (ზემოთ დასახელებული ქვეყნების გარდა) მსგავსი რამ არ კეთდება _ მაქსიმუმ, 2000 გრაფტი გადანერგონ და მორჩა!

_ თუ პაციენტს 10 000 გრაფტის გადანერგვა სჭირდება, მაგალითად, შვეიცარიაში, პლასტიკური ქირურგიის მექაში, მაშინ?

_ გადაუნერგავენ 1500-2000 გრაფტს, შემდეგ მივა ისევ 6 თვეში და კიდევ დაიმატებს 1500-ს, მერე კიდევ 6 თვის შემდეგ და ა. შ. 4-5 წელიწადში გადაენერგება 10 000 გრაფტი. მაგრამ როდესაც პაციენტი ჩამოდის ავსტრალიიდან, ანდა სამხრეთ კორეიდან, დაითვალეთ, რამდენი ვიზიტი უნდა განახორციელოს და რა უჯდება მას ეს. ამაზეა სწორედ საუბარი, რომ დიდმასშტაბიანი ოპერაციები ავსტრალიაში, სინგაპურსა და ა. შ. არ კეთდება. თუმცა როგორი მაღალი დონის მედიცინაც არის სინგაპურში, ყველამ კარგად იცის.

_ ახლა გასაგებია, რასაც გულისხმობს დასკვნა. უცხოელი ექიმები თავს არ იწუხებენ და ჩვენი ექიმები გაწყდნენ წელში?

_ არც მასეა საქმე. გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს.

_ გადანერგვა მხოლოდ თავზე ხდება?

_ არა, წარბებზე, წამწამებზე… ძალიან პოპულარულია წვერის აღდგენა.

_ ბატონო აკაკი, არ შემიძლია, არ გკითხოთ: დღეს ყოველი მეორე ქალი წამწამების დაგრძელებას მიმართავს. არის თუ არა წამწამების გადანერგვა სამუდამო გამოსავალი ამ პრობლემიდან?

_ არა, რა თქმა უნდა. საქმე ის არის, რომ წამწამების გადანერგვას თავისი ჩვენება აქვს. ვინაიდან წამწამების არეში ზუსტად ისეთი თმა ამოდის, როგორსაც ვნერგავთ, თუ კეფაზე თმა ხვეულია, წვრილი და მისი სტრუქტურა წარბს არ წააგავს, კარგ შედეგს ვერ მივიღებთ. ჩვენ ხომ ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ თმა ამოვიდეს. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რომ თმა ბუნებრივად ამოვიდეს. ადრე ზოგადი ქირურგი ვიყავი. როდესაც პაციენტს მუცლის მარჯვენა არეში აქვს ტკივილი, ეს შეიძლება იყოს აპენდიქსი, კოლიტი, თირკმლის ჭვალი და ა. შ. დიაგნოზი უნდა იყოს სწორად შერჩეული და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ოპერაცია და არა ნებისმიერი ტკივილის დროს. ასეა თავზეც. თუ პაციენტს სჭირდება 1500 გრაფტი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავუნერგოთ 3000, ვინაიდან, ჯერ ერთი, რომ ფლანგავთ სადონორო მარაგს და ოპერაცია პაციენტს ძვირი უჯდება. უნდა გადანერგოთ ცოტა, მაგრამ სიცოცხლისუნარიანობა უნდა ჰქონდეს მაქსიმალური.

_ შედის თუ არა სადაზღვევო სისტემაში ხსენებული ოპერაციები?

_ ყოველ შემთხვევაში, საქართველოში არ ფინანსდება. მაგალითად, ხშირად ხდება, რომ დმწვრობის შედეგად თმის საფარი ნადგურდება, ანდა ტრავმის დროს დიდი ნაწიბურები ჩნდება თავის ქალაზე. რატომ არ ფინანსდება, ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის.

_ მარტო დამწვრობაზე არ არის საუბარი. ქიმიოთერაპიის შემდეგ არის შემთხვევები, რომ თმა ძალიან ცუდად ამოდის, რასაც განსაკუთრებით განიცდიან ქალები.

_ აქ ცოტა სხვანაირად დგას საკითხი _ რამდენად გამართლებულია ქიმიოთერაპიის შემდეგ თმის გადანერგვა. თუმცა გეთანხმებით, რომ ასეთ შემთხვევაში თუ ჩვენება არის, ან სადაზღვევო კომპანია აფინანსებს, ან სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე, მაშინ შეიძლება. ჯერჯერობით ამის პრეცედენტი ჩვენთან არ ყოფილა.

_ როგორ რეგულირდება ეს ევროპაში?

_ ყველა ქვეყანაში განსხვავებული მიდგომაა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თმის გადანერგვის საერთაშორისო საზოგადოებას ფონდი აქვს და მის ფარგლებში უფასოდ ტარდება ასეთი ოპერაციები, როდესაც პაციენტები ტრავმებისა და დამწვრობის შემდეგ საჭიროებენ თმის საფრის აღდგენას. კვოტებია განაწილებული. ეს იმიტომ მოგიყევით, რომ იქაც არ არის ასე მარტივად საქმე, ყოველ შემთხვევაში, ანდროგინული ალოპეცია არსად ფინანსდება. რაც შეეხება ტრავმებს, დამწვრობებსა და ა. შ., მაგალითად, აშშ-ში აფინანსებენ, სხვაგან _ ნაკლებად.

 

 

თამარ როსტიაშვილი