ლევან ალაფიშვილი: „დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტით „ოცნებამ“ პარლამენტს ლეგიტიმაცია მოაკლო“

ნენე ინჯგია

15 თებერვალს პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს, _ შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეს, _ უფლებამოსილება შეუწყვიტა.

წინასწარ იყო ცნობილი, რომ პარლამენტში უმრავლესობაში მყოფი პარტია „ქართული ოცნება“ ამ სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერდა. „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძის საკითხის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ დაიწყო, რაც მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო ჯგუფურ თაღლითობაში, თუმცა სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.

„დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია და ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი კი არცერთ სხდომას არ დასწრებიან _ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ასეთ შემთხვევაში დეპუტატს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს. ნათელაშვილი მზად იყო, დაეწყო საპარლამენტო საქმიანობა, ხოშტარიას კი აზრი არ შეუცვლია.

რაზე მეტყველებს და რით აიხსნება მმართველი გუნდის აღნიშნული გადაწყვეტილება? არათანმიმდევრულია თუ არა ენმ თავის ნაბიჯებში? რა პოლიტიკური მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში?

ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს:

_ ბატონო ლევან, პარლამენტმა სამ ოპოზიციონერ დეპუტატს: შალვა ნათელაშვილს, ელლენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა. რაზე მიუთითებს მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება? გარდა ამისა, ამ პროცესის პარალელურად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენა მოითხოვა, _ ეს ფაქტი ენმ-ს მხრიდან არათანმიმდევრულობაზე ხომ არ მიუთითებს?

_ ვწუხვარ, რომ ბევრი საკითხი, რომლის განჭვრეტაც შესაძლებელი იყო, ჯეროვნად არ მოგვარდა და აღმოჩნდა, რომ რასაც ვამბობდი, არცთუ დიდი ხანი დასჭირდა იმ ყველაფრის რეალობად ქცევას. თქვენი კითხვის პასუხის საწყისი არის 19 აპრილი და მისი წინა პერიოდი, ვგულისხმობ შარლ მიშელის შეთანხმებასა და ოპოზიციონერების ნაწილის პარლამენტში შესვლას. მაშინ ვამბობდი და დღეს უკვე საჯაროდ დადასტურდა, რომ საკუთარ მხარდამჭერებთან, ამომრჩევლებთან, თუნდაც პარტიის წევრებთან კომუნიკაციის არარსებობამ შესაძლებელია, ამ თუ იმ პოლიტიკოსს ძალიან მძიმე შედეგები მოუტანოს. იმ დროს არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ ჰქონია კონსულტაციები, მინიმუმ, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, იმ ამომრჩეველთან, მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებთან, რომლებიც სწორედ ამ ე. წ. ბოიკოტის რეჟიმით ატარეს აპრილამდე საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. შესაბამისად, ამით გარკვეული საზოგადოებრივი განწყობა, მოლოდინები შექმნეს და ამას მიჰყვებოდა საზოგადოება. როცა გჭირდები, თემას მეუბნები და შენთან ერთად საზოგადოებრივ აქტივობებში, პოლიტიკურ ბრძოლაში ვერთვები და შემდეგ უცებ ჩემ გარეშე იღებ რაღაც გადაწყვეტილებებს, ბუნებრივია, მე შენ აღარ გენდობი და აღარ გამოგყვები. მარტივი რამ არის და შესაბამისად, მარტივი დასანახი იყო შედეგიც. ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ პარლამენტში შესვლა ცუდი გადაწყვეტილება იყო, _ ამას არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ იმას, რომ არა მხოლოდ დღეს, ყოველთვის ასე იყო, ჩვენთან პარტიული დემოკრატია სწორად არ აქვთ გაგებული. ჩვენთან პარტიები ჩამოყალიბებული არიან ვიწრო ჯგუფის ინტერესების გასატარებლად, ძალაუფლებაში მოსასვლელად თუ ძალაუფლებაზე გავლენის მოსახდენად. ხოლო საერთოდ არ აინტერესებთ ამომრჩევლები და პარტიის წევრები, რაც დემოკრატიის ანა-ბანაა. ან აინტერესებთ იმდენად, რამდენადაც არჩევნებია. შესაბამისად, თავს აწონებენ წინასაარჩევნო პერიოდში. ეს მწარე გაკვეთილია ყველასთვის, საზოგადოებისთვისაც, რომ პოლიტიკოსებს იმაზე მეტი კითხვა დავუსვათ, იმაზე მეტი გავლენა მოვახდინოთ მათზე, ვისაც მხარი დავუჭირეთ, რომ გველაპარაკონ, რა გადაწყვეტილებებს იღებენ, რას აპირებენ; ჩვენთან ერთად განიხილონ და ასე უნდა გაჯანსაღდეს ჩვენი პოლიტიკური გარემო, დემოკრატია. განვითარების მაღალ საფეხურზე უნდა გადავიდეთ და არა უკან, რასაც თვალყურს ვადევნებთ. ერთი მხრივ, გვაქვს მთლიანად პარტიული სისტემის ასეთი მოცემულობა, მეორე მხრივ, ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფრით სარგებლობს და დემოკრატიას კიდევ უფრო აუარესებს, აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ, სოციალურ და საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე და ამ კუთხით მის ქცევაზე. მეორე მხარეს კი დარჩენილია საზოგადოება. ამ პოლიტიკოსების ამარა ვართ და არ ვაქტიურობთ. ისინი რომ არ აქტიურობენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ არც ჩვენ ვითხოვთ. კითხვებს არ ვსვამთ მხარდაჭერილ კანდიდატსა თუ ოპონენტზე. არ ვეკითხებით, ხვალ ან ერთი თვის, ერთი წლის მანძილზე რას აპირებენ? 19-მა აპრილმა და ბოიკოტის შემდგომ პარლამენტში შესვლამ ისე, რომ ამომრჩეველსა და მხარდამჭერებს არაფერი ჰკითხეს, ჩვენს პოლიტიკოსებს შეუქმნა დღევანდელი საკმაოდ მძიმე მდგომარეობა. საბოლოოდ, შეცდომები ყველამ დაუშვა და ეს უნდა აღიარონ. თუკი დემოკრატია ნიშნავს წარმომადგენლობას პარლამენტსა თუ სხვა ორგანოში და ხალხმა გააკეთა არჩევანი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ვერ შეიცვლება, ამავე დროს ობიექტური თუ სუბიექტური მოცემულობის გამო შეუძლებელი ხდება ამ წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფა (სიები ჩახსნილია და ვეღარ ჩაენაცვლება სხვა დეპუტატები), მაშინ საკითხი ვიწრო პარტიულ ჭრილში კი არა, ფართო სახელმწიფოებრივად წარმოჩინდება. ამ კითხვაზე პასუხი ჰარცელმა გასცა, რომლის განცხადებაც არა მხოლოდ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტას ეხმიანებოდა, არამედ წარმომადგენლობითი უზრუნველყოფის, აღდგენის შესაძლებლობასაც განმარტავდა.

_ მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტით. რამდენად მისაღებია მათი ეს არგუმენტი სამართლებრივ ჭრილში?

_ უნდა აღვნიშნო, რომ მმართველი პარტიის ასეთი ქცევა, რომელიც მას თითქოს ძლიერად წარმოაჩენს, სულაც არ არის სწორი შეფასება. შესაძლებელია, მე და თქვენ სპორტულ შეჯიბრში ვპაექრობდეთ და თქვენ მომიგოთ იმის გამო კი არა, რომ ძლიერი ხართ, არამედ იმის გამო, რომ მე დავუშვა ისეთი შეცდომა, რომ თქვენთვის სასარგებლო შედეგი დადგეს. ე. ი, თქვენ რომ ხართ ძლიერი იმიტომ კი არ მომიგეთ, არამედ მე ვარ სუსტი და ამის გამო დადგა თქვენთვის სასარგებლო შედეგი, _ ამ უკანასკნელთან გვაქვს საქმე. ოპოზიციის ფონზე მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სასარგებლო შედეგი დგება, თორემ ეს არ ნიშნავს, რომ ის ძლიერია. ძლიერი პარტია დემოკრატიული პარტიაა თანამედროვე გაგებით, როგორიც საქართველოში არ არის. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, მმართველი პოლიტიკური ძალა ამბობს, რომ ჩვენ ძლიერი ვართ, რადგან სამართლებრივად ეს ასეა, კონსტიტუციაში ასეაო. ყველა გარდამავალი დემოკრატიისა და ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ სახელმწიფოში ასეა, სამწუხაროდ. როცა მმართველ პოლიტიკურ ძალას სჭირდება, კონსტიტუციას, კანონს, კონვენციას ფორმალური გაგებით ჩამოარაკრაკებს, ფარად იყენებს პოლიტიკური მოცემულობის შესანიღბად ან გადაწყვეტილების გასაკეთილშობილებლად. თუკი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპიდან ამოვალთ, რაც ნიშნავს წარმომადგენლობითობას პარლამენტსა თუ საკრებულოებში, ხალხის ხმას ამ ორგანოებში, ისე, როგორც ხალხმა გააკეთა არჩევანი, თუკი ამ პრინციპს აიღებენ მმართველ პოლიტიკურ ძალაში მყოფი კონსტიტუციონალისტები, მაშინ მიხვდებიან, საპირწონედ რა უნდა დადონ. ის კი არა, ფორმალურად რა წერია კონსტიტუციაში, არამედ რა პარლამენტს ვიღებთ: არის ის დემოკრატიული? არის წარმომადგენლობითი? თუ არ არის, ასეთ შემთხვევაში უნდა უზრუნველვყოთ ეს ყველაფერი, შემდეგ უკვე მხოლოდ გაფორმება რჩება და კანონში შესატანი ცვლილებები. სიძლიერე და გონიერება გამოიხატება სახელმწიფოებრივ აზროვნებაში და არა _ ვიწრო პარტიულში. ისარგებლა რა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პოლიტიკოსების შეცდომებით, „მოიპოვა მათზე გამარჯვება“, ფორმალურად შეუწყვიტა უფლებამოსილება და რა?! _ გაძლიერდა ამით, რამე მოემატა?! ეს ხომ დადებული ნაღმია, რომელიც მას აუცილებლად დახვდება წინ, რადგან საზოგადოებრივ ცხოვრებაში რაღაც პრეცედენტს რომ შექმნი, ის სამომავლოდ აუცილებლად იმუშავებს. აღარ ვლაპარაკობ ამ ხელისუფლებაზე, რომელიც უკვე 10 წლის განმავლობაში მართავს. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული შეწყვეტები წინა და იმის წინა ხელისუფლებების დროსაც გვინახავს, _ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიუღიათ და არაერთი პარლამენტარისთვის შეუწყვეტიათ უფლებამოსილება. ამიტომ ფორმალურ-სამართლებრივი საკითხების გამოყენება და მოშველიება არის მხოლოდ და მხოლოდ ფარი, რომ მმართველი პარტიის ვიწრო პარტიული ანგარიშსწორება და ზრახვები შენიღბო. სახელმძღვანელო კი ამ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივი დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი _ წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფა. ბუნებრივია, ჩახსნილი სიების პირობებში წარმომადგენლობითობა ჩვენს პარლამენტს არ ექნება, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ პარლამენტი არ არის სათანადოდ ან სრულად ლეგიტიმირებული. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ამ გადაწყვეტილებით პარლამენტს ლეგიტიმაცია მოაკლო. მით უმეტეს, რომ ბადრი ჯაფარიძე აქტიური დეპუტატი იყო, ბოლოს _ ნათელაშვილიც, ის აპირებდა შესვლას, ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ამომრჩევლის ხმა შესაძლოა, შენარჩუნებულიყო პარლამენტში. ამას გადაუსვეს ხაზი, ნაჯახით ჩაჭრეს, შესაბამისად, ამით პოლიტიკოსი კი არ გააძავეს ან პოლიტიკური პარტია კი არ დატოვეს პარლამენტს მიღმა, არამედ _ დემოკრატია, წარმომადგენლობითობა, პარლამენტის ლეგიტიმაცია შეამცირა მმართველმა გუნდმა.

_ ამ საკითხის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა“. ამის საპასუხოდ მდინარაძე-კობახიძე აცხადებს, რომ ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან ელჩს. ფაქტია, რომ საკმაოდ მწვავე შეფასება ჰქონდა ჰარცელს. ამას ხომ ელოდნენ მმართველ გუნდში და მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი _ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუჩერეს. რა მოიგეს ამით მოკლევადიან პერსპექტივაში?

_ მათ კუნთები ათამაშეს საკუთარი მხარდამჭერებისა თუ პარტიის წევრების წინაშე, _ ჩვენ შეგვიძლია ვიღაცაზე გამარჯვებაო. პოლიტიკოსი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს, ასეთ რამეს აზრადაც არ გაივლებს. ჰარცელის სწორაქცენტიან განცხადებაზე ძალიან უსუსურად უპასუხა ერთმაც და მეორემაც, ვინც თქვენ დაასახელეთ: აბა, რომელიმემ თუ თქვა, რაში არ ეთანხმებიან ჰარცელს? დემოკრატია რომ ინკლუზიურობას ნიშნავს, ამაში არ ეთანხმებიან? თქვან მაშინ და დიაგნოზსაც დაგვისვამენ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობა, პარტნიორები და ჩვენი საზოგადოებაც, რომ ავტორიტარიზმი არის ამათი საოცნებო ადგილიო. წარმომადგენლობა, ანუ პარლამენტში რომ უნდა ისმოდეს ზუსტად ისეთივე რაოდენობის ადამიანის ხმა, რა არჩევანიც გააკეთა ამომრჩეველმა არჩევნებზე, _ ამაში არ ეთანხმებიან? თუ არ ეთანხმებიან, ამით აღიარებენ, რომ თვითონ რამდენი მანდატიც აქვთ, ანუ ხმათა პროპორიცია, თვითონაც არაპროპორციულად არიან წარმოდგენილი, ანუ დემოკრატიის, საარჩევნო სისტემისა და წარმომადგენლობის გაუმჯობესება კი არა, მათი საოცნებო ადგილია ავტორიტარიზმი _ ისეთი, როგორიც რუსეთშია. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები და, პირველ რიგში, მმართველი პოლიტიკური ძალა ჯეროვნად ვერ უფიქრდება საერთაშორისო კონტექსტს, თავი დავანებოთ იმას, რომ ნატო-რუსეთის დაპირისპირების თვალსაზრისით საერთოდ არანაირი პოზიცია არ გააჩნიათ, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან, რომელზედაც, ალბათ, „ქართული ოცნება“ ძალიან გაბრაზებულია. ასევე ზალკალიანმა გააკეთა განცხადება, რომელიც მოკრძალებული იყო, მაგრამ პარლამენტისგან განსხვავებული მაინც გახლდათ, მაშინ, როცა პრემიერსაც არ ჰქონდა პოზიცია დაფიქსირებული. თუკი ვინმეს გონი აქვს დარჩენილი მმართველ პოლიტიკურ ძალაში, უბრალოდ ფაქტებს მიადევნოს თვალი. მიუხედავად იმისა, რომ ხმას არავინ იღებს, საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველო არ მოიხსნა, ბოლო 2-3 დღის განცხადებებში საქართველო-უკრაინას ერთად მოიხსენიებენ, _ ეს რას ნიშნავს ამათ („ქართული ოცნების“ წევრებს)  კარგად ვერ წარმოუდგენიათ. ეს დაპირისპირება დიდხანს არ გაგრძელდება და ჩვენი პარტნიორები, რომლებიც კბილებით იცავენ საქართველოს და მისი მთავრობა ამ დროს გულხელდაკრეფილია, ხვალ საქართველოს მოუბრუნდებიან და იმაზე მკაცრები იქნებიან დემოკრატიის გაძლიერების კუთხით საქართველოში, ვიდრე ოდესმე ყოფილან! მე ამაში დარწმუნებული ვარ. ის საჯარო განცხადებები მხოლოდ დიპლომატიური, ეთიკისა და სტანდარტების დაცვით არის გაკეთებული, რომლის უკან იმაზე გაცილებით მძიმე მოთხოვნები და პირობები იქნება დაყენებული. პირობა არ იქნება რომელიმე ჩვენი პარტნიორის ზრახვებიდან გამომდინარე, არამედ საქართველო უნდა იყოს ძლიერი დემოკრატიის ქვეყანა _ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნა: უზრუნველყავით საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება და ინსტუტიციური დემოკრატიის დამკვიდრება, სადაც დაუშვებელია არაფორმალური მმართველობა. ამას აღარ დაუშვებს ჩვენი მხარდამჭერი საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობა. ამაზე ვერც კი ფიქრობენ, _ ვჩუმდებით და თავს გადავირჩენთ რუსეთისგანო, _ ეს ძალიან სასაცილოა. იმაზე არ ფიქრობენ, რომ გეოპოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა, რუსეთმა ვერ მოახერხა საკუთარი ზრახვების განხორციელება, რაც თავისთავად მის დასუსტებას ნიშნავს, ეს ხანგრძლივი, 2020 წლიდან დაწყებული პროცესი გაგრძელდება, მაგრამ მეც მოვესწრები რუსეთის ძალიან დაპატარავებას. თუ პრეტენზია გაქვს, რომ საჯარო პოლიტიკოსი იყო, გაანალიზებული უნდა გქონდეს, შენი სახელმწიფო როგორი წარმოგიდგენია. ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, რას იზამს მერე ჩვენი მთავრობა დემოკრატიის გაუარესებასთან ან თუნდაც ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რაც პარლამენტარებთან დაკავშირებით მიიღეს? რა პასუხები უნდა გასცენ იგივე კარლ ჰარცელს, ევროკავშირის წევრებსა თუ ამერიკას? პარლამენტში ნაკლები ხმა რომ ისმის, ეს დემოკრატიის გაძლიერებააო, ამას ეტყვიან და თვალებში შეხედავენ, თუ საჯაროდ გააკრიტიკებენ და იტყვიან, რომ კატეგორიულად არ ეთანხმებიან ჰარცელს? იმდენად უსუსურები არიან, რომ საკუთარი მხარდამჭერების გულის მოფხანის გარდა, არაფერზე ფიქრობენ. ყველა პოლიტიკოსი მუშაობს იმაზე, რომ მხარდამჭერებს საჯარო გზავნილებით ძლიერად დაანახოს საკუთარი თავი, მაგრამ ამის გარდა სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამ ხომ არის? პრაქტიკულად, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აღარ შემოდის. ხელფასები მოვუმატეთო და ინფლაცია მომატებულ ხელფასებზე მეტია. ყველაზე დიდი დამსაქმებელი ბიზნესის ნაცვლად საჯარო სექტორია. როცა ასეთი მოცემულობა გაქვს და იცი, რომ ხვალვე პრობლემები შეგექმნება, არა მხოლოდ სახელმწიფოსი, არამედ მმართველი პოლიტიკური პარტიის წევრის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იყოს ძლიერი დემოკრატია, საქართველო მიმზიდველი გახდეს უცხოური ინვესტიციისთვის და იყოს ღირსეული პარტნიორი. ბოლო პერიოდია, ინდიკატორად უცხოურ ინვესტიციებს ვიღებ, _ იგი ნულია და გასაგებია, რაც ხდება. იმისთვის, რომ სტატისტიკა გაეუმჯობესებინათ, ობშორში გაშვებული ფული უკან შემოიტანეს, _ ესეც გასაგებია. იმისთვის, რომ სავალუტო ფონდმა თუ მსოფლიო ბანკმა ან საერთაშორისო თანამეგობრობამ რაღაც ისეთი გადაწყვეტილებები ან მოთხოვნები არ დააყენონ, მათ აჩვენებენ, რომ მაინც გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიო. ამ დროს არ გვაქვს ეს ინვესტიციები.

_ 14 თებერვალს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა გახდა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 25-მა დეპუტატმა, მათ შორის, კანდიდატს მხარი დაუჭირა ენმ-მ. იმ პირობებში, როცა ენმ თავის დროზე გახარიას გადადგომას ითხოვდა, აქციებს უმართავდა და მისი მხარდამჭერების დიდი ნაწილისთვის გახარია კატეგორიულად მიუღებელი იყო, ახლა მათი თანამშრომლობა რამდენად გასაგები იქნება ენმ-ს ამომრჩევლისთვის?

_ წუხილით უნდა გავიმეორო, რომ ჩვენი პოლიტიკა ისეთივეა, როგორი მოთხოვნაც არის საზოგადოებისგან. პოპულისტურ საკითხებს უფრო გამოეკიდებიან ხოლმე და კვირების განმავლობაში საუბრობენ, ნაცვლად შინაარსის გააზრებისა. ისეთ საკითხებს უსვამენ ხაზს, სადაც ძლიერად წარმოჩინდებიან, რომ ვიღაც დაამარცხეს, ვიღაცას სისხლი ადინეს, ვიღაცამ უღალატათ. ისეთ თემებს წამოწევენ წინა პლანზე, რომელიც ემოციებზეა გათვლილი, თუმცა შინარსს მოკლებულია. ერთ სკამთან დაკავშირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება იმისთვის, რომ საკრებულომ დაიწყოს მუშაობა და პრობლემა აღარ შეექმნას, _ ეს შეიძლება კონკრეტულად ვინმეს გამარჯვება იყოს?! ჩემი აზრით, _ არა. ეს ყველას გამარჯვებაა, ვისაც ამ საკრებულოში პოლიტიკური პროცესების განვითარება უნდა. ვგულისხმობ იმას, რომ იმ საკრებულოში სკამების გარდა არაერთი გადაწყვეტილებაა მისაღები, მათ შორის, ბიუჯეტისა თუ სხვადასხვა ტიპის გეგმა. ერთი გადაწყვეტილება მაინც გინახავთ გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ან გახარიასა და „ქართული ოცნების“? ჯერჯერობით, არ გვინახავს. გახარიას პარტიის წევრი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, უფლებრივად სრულად უუნაროა, რადგან გადაწყვეტილების მიღების დროს მასაც ერთი ხმა აქვს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მმართველ გუნდს ამ საკითხში შეჰყვა და აცხადებს, გახარიასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თანამშრომლობა შედგაო. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსებისთვის სკამი და ფულია საოცნებო და არა საზოგადოების კეთილდღეობა, ამიტომ მსჯელობენ ასე. სულ ცოტა ხნის წინათ რუსთავის საკრებულოში ასევე ოპოზიციონერი გახდა საკრებულოს თავმჯდომარე, როგორც „ქართული ოცნება“ უწოდებს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის პოლიტიკური ქორწინება შედგაო. მეორე გადაწყვეტილება, რაც რუსთავის საკრებულომ ერთხმად მიიღო, ეს იყო რუსთავის მერის („ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი) მიერ შედგენილი ბიუჯეტი. ანუ „ქართულმა ოცნებამ“, გახარიას პარტიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იქორწინეს?! _ რა გამოდის „ოცნების“ ლოგიკით, თუ გახარიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იქორწინეს, „ქართული ოცნება“ შეუერთდა ამ ქორწინებას, ოჯახი წმინდააო და ორცოლიანობა თუ ორქმრიანობა დააკანონეს კონკრეტულ პოლიტიკურ მუნიციპალიტეტში? _ რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად არ ვამბობ, მე ხაზს ვუსვამ მათი მსჯელობის არასერიოზულაბას. წარმომადგენლობითობა ცენტრალური დონის გარდა, ადგილობრივ დონეზე, ნიშნავს იგივე პროპორციასა და პრინციპებს, რაც პარლამენტთან მიმართებით ვთქვი. იმდენი ხმა უნდა იყოს საკრებულოში წარმოდგენილი და მონაწილეობას იღებდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორი არჩევანიც გააკეთა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ადგილობრივი მოსახლეობის არჩევანი საკრებულოებთან მიმართებით არ იყო პოლიტიკური თემებით დახუნძლული. მათი და თვითმმართველობის უმთავრესი ფუნქცია არის ე. წ. ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება. აქ პოლიტიკის ადგილი არ არის. თუკი ვინმე ამაში  ეძებს ბოლიტიკას, ვიღაცების გადაბირებას, დაშინებას, იმისთვის, რომ პოლიტიკური ზრახვები განახორციელოს და ძლიერად წარმოჩინდეს, ამ ქმედებით და პოზიციით, რა თქმა უნდა, აზიანებს პროცესს, რასაც თვითმმართველობა და მუნიციპალიტეტი ჰქვია. ეს თავისთავად გულისხმობს დემოკრატიის გაუარესებას. თქვენს მკითხველს ვეტყვი: ადგილებზე მიაქციეთ ყურადღება, რა პოზიცია აქვთ ახლად არჩეულ საკრებულოებსა და მერებს, რა პოზიცია აქვთ იმ საკითხებზე, რომლებსაც ცენტრში იღებენ. გასული წლის ბოლოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ, სივრცით დაგეგმვაში, რომელიც ექსკლუზიურად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა, შეაქვთ ცვლილება და საკრებულოებსა და მერებს ეუბნებიან, _ შენ რომ თავში განზრახვა მოგივა, ჯერ რეგიონული განვითარების სამინისტროში გამოუშვი და თუ მოეწონებათ, მერე დაგრთავთ განხილვის პროცესის ნებასო. ამდაგვარი კანონპროექტი დევს დღეს პარლამენტში. ახლა ველოდები, მუნიპალიტეტებიდან პოლიტიკოსები ამ საკითხებზე თუ ამოიღებენ ხმას. თვითონ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონსა და კონსტიტუციაში წერია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა არის დამოუკიდებელი, მას აქვს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილებები, საკუთარი პასუხისმგებლობით რომ ახორციელებს და მასში ვერავინ ერევაო. ამაში ჩარევას აპირებს მთავრობა საკრებულოებთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. ეს რამდენად მისაღებია მოსახლეობისთვის? მულახის თემში სად რა ზონები დადგინდეს, ეს როგორ და რატომ უნდა განსაზღვროს თბილისში, სამინისტროში მჯდომმა?! არადა, სუბსიდირების პრინციპი კონსტიტუციაში ჩაწერეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი საკითხები ადგილზე უნდა წყდებოდეს. 5 თვითმმართველ ერთეულში, სადაც „ქართულმა ოცნებამ“  წარმატებას ვერ მიაღწია, საკრებულოებმა შესაძლებელია, იგივე განვითარების გეგმების დამტკიცებით, ახალი გეგმების შემუშავებით დაიწყონ მართლაც მნიშვნელოვანი პრეცედენტების შექმნა. გადაწყვიტეს, ესეც თავიანთ კონტროლქვეშ აეღოთ, პროცესს ბლოკავენ ამ გადაწყვეტილებით, _ სხვა დასკვნის გაკეთების საშუალება არ მრჩება.