თორნიკე აკოფაშვილი: „ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას არ შევწყვეტ!“

ირინა მაკარიძე

21 წლის თორნიკე აკოფაშვილთან ინტერვიუ იმ დროს ჩავწერეთ, როდესაც ის რუსული თვითმფრინავის საქართველოში შემოსვლას სხვა აქტივისტებთან ერთად თბილისის აეროპორტში აპროტესტებდა. თორნიკე, რომელიც რუს ოკუპანტებს უკრაინაში ებრძოდა, 7 მარტის აქციაზე რუსულ კანონს აპროტესტებდა. ის 8 მარტს „თავისუფლების მოედანზე“ იქამდე დააკავეს, ვიდრე აქციას შეუერთდებოდა. თორნიკე აკოფაშვილი, რომელიც ამჟამად 3-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის განთავისუფლებული, სამართლდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით.

„ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში თორნიკე აკოფაშვილმა განაცხადა, რომ იგი ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას არ შეწყვეტს:

_ აქაც ვმსახურობდი ჯარში კონტრაქტით, თან სულხან-საბას უნივერსიტეტში ვსწავლობდი პოლიტიკის მეცნიერებას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აკადემიური ავიღე და უკრაინაში გავემგზავრე. უკრაინის მხარდამჭერი იქამდეც ვიყავი. ვიცი, რომ ისინიც გვეხმარებოდნენ აფხაზეთის ომის დროს, თან ბაბუაჩემიც ებრძოდა წითელარმიელებს, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და 10 თუ 11 მარტს უკვე უკრაინაში ვიყავი. ჩემს მეგობართან ერთად წავედი, მაგრამ ის შემდეგ უკან დაბრუნდა, გზაში შევხვდი სხვებს და დახლოებით 30 კაცამდე შევგროვდით. ჩავედით „ქართულ ლეგიონში“ მამუკა მამულაშვილთან. იქედან უკვე გადავნაწილდით სხვადასხვა ჯგუფში, ვმონაწილეობდი სამხედრო ოპერაციებში. დეკემბრამდე იქ ვიყავი, თუმცა შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. დედა ავადმყოფობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ორჯერ ინსულტი აქვს გადატანილი, ამას დაემატა დიაბეტი. გადავწყვიტე, რომ ცოტა ხნით ჩავალ და მივხედავ დედას-მეთქი, შემდეგ ვაპირებდი ისევ წასვლას, მაგრამ დამიჭირეს…
_ აქციებში სხვა დროსაც თუ მონაწილეობდით?
_ აქციებში ბავშვობიდან ვმონაწილეობდი, მაგრამ შემდეგ ცოტა ხელი შემეშალა. როდესაც კონტრაქტით ჯარში ვმსახურობდი, ვეღარ გამოვდიოდი, რადგან ეს კონტრაქტის დარღვევა იქნებოდა. 2 წელიწად-ნახევარი ვმსახურობდი, რის შემდეგაც ისევ შევუერთდი აქციებს. უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა და მასში ვმონაწილეობდი.
_ მარტის აქციების შესახებ რას იტყვით, რის გამოც თქვენ წინააღმდეგ საქმეა აღძრული?
_ პირველი დღიდან მოყოლებული ვიდექი აქციებზე, სანამ დამაკავებდნენ. ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. სხვადახვა ჯგუფი იყო იქ, ერთად მივდიოდით და ვაპროტესტებდით „რუსულ კანონს“. 7 მარტს ძალიან გაგვიხარდა, აქციაზე რომ ბევრი ხალხი მოვიდა. ჩვეულებრივად ვიდექით მომიტინგეებთან, გამომსვლელებთან ახლოს. მშვიდობიანი აქცია იყო. მიუხედავად ამისა, პოლიციამ მოგვიწოდა დაშლისკენ, რასაც მოყვა რობოკოპების ძალადობრივი ქმედებები, წიწაკის სპრეისა და მხუთავი გაზის გამოყენება. თვალები აგვეწვა და ყველას ცრემლები გვდიოდა. ბევრი ადამიანი დაზიანდა ფიზიკურად, ამან ძალიან გამაღიზიანა. ხალხი ძირს ეყარა, სცემდნენ. მახსოვს, ნიკა ობოლაძე დავინახე, ძირს ეგდო… ხალხს ვეხმარებოდით, რომ გაგვეყვანა იმ ადგილიდან, ამის კადრებიც არსებობს. ჩემ წინააღმდეგ ბრალდების მხარეს „პოსტივის“ კადრები აქვს ამოღებული, სადაც ჩანს, რომ ჩემი გასროლილი ლახტი პოლიციის ფარს ხვდება, დიდი ფარია და არანაირი დაზიანება ვინმესთვის არ მიმიყენებია. ეს ლახტი ძირს ეგდო და თავდაცვის მიზნით ავიღე, სხვა კადრებიც არის, რომ ეს ლახტი უბრალოდ მიჭირავს და არაფერს ვშვრები.
ჩემ წინააღმდეგ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება უსაფუძვლოა. მე ამ დროს ხალხს ვეხმარებოდი. პირიქით, ისინი ჩვენ გვარბევდნენ და ჩვენ წინაააღმდეგ ძალას იყენებდნენ.
_ როდის დაგაკავეს და რა ვითარებაში?
_ 8 მარტს დამაკავეს. 3 საათზე უნდა დაწყებულიყო აქცია და დაახლოებით 3-ის ნახევარზე დამაკავეს. თავისუფლების მოედანზე შენობიდან როდესაც გავედი, წრეში მომაქციეს. დაახლოებით 10 კაცამდე მონაწილეობდა ჩემ დაკავებაში. სამოქალაქო ფორმებში იყვნენ, სამოქალაქო მანქანებით გზა ჰქონდათ გადახერგილი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დამაკავეს… შემდეგ პროკურორმა თქვა, რომ მიმალვის მცდელობას ჰქონდა ადგილიო, მაგრამ არანაირ მიმალვას არ ვაპირებდი. პირიქით, ვემზადებოდი აქციაზე მისასვლელად.
_ თქვენ ითხოვთ, რომ თქვენი და ლაზარე გრიგორიადისის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. რა არის ამის მიზეზი?
_ ჩემს საქმეს განიხილავს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი. ის ერთ-ერთია იმ მოსამართლეთაგან, რომლებმაც კორუმპირებული მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ, მათდამი სოლიდარობის ნიშნად, აშშ-ში სასწავლებლად გამგზავრებაზე უარი თქვეს. ცხადია, ისიც არის სასამართლო კლანის წევრი. როდესაც მოვითხოვეთ მისი აცილება, მან განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები მათთვის არაფერს ნიშნავს და სოლიდარობას უცხადებს ამ მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, იმედი არ მაქვს, რომ იგი სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს. მსაჯულები კი მოქალაქეები არიან, სავარაუდოდ, ისინი არ დაემორჩილებიან კლანს და შეძლებენ მიიღონ თავისუფალი გადაწყვეტილება.
_ ლაზარე გრიგორიადისზე რას იტყვით, თქვენ იცნობდით ერთმანეთს?
_ ლაზარეს მხარში ვუდგავარ, ქცია იქნება თუ სასამართლოში მისვლა და პროცესზე დასწრება, თუმცა მას პირადად არ ვიცნობ. ბაბუამისი, მამამისი გავიცანი, დედამისი საზღვარგარეთ არის, ონლაინ შევეხმიანეთ ერთმანეთს. კარგი ადამიანები არიან და მათ გვერდით ვუდგავარ.
_ ფაქტია, მძიმე მუხლი გაქვთ, თქვენ ახლა ხართ გირაოს საფუძველზე განთავისუფლებული. გაქვთ მოლოდინი, რომ პატიმრობას მოგისჯიან?
_ კი, ბრალდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა ხალხის იმედი მაქვს. ჩემი გირაოს თანხა ხალხმა შეაგროვა და დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, ვინც ლარი მაინც ჩარიცხა. ყოველთვის მხარს დავუჭერ იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. საერთოდაც, ჩემი ქვეყნისთვის ბრძოლაში თავი მქონდა გადადებული, ომში წავედი და ამასთან 4-დან 7 წლამდე პატიმრობა არაფერია.
_ რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში უკვე დაფრინდა პირველი რუსული თვითმფრინავი, რას აპროტესტებთ ამ აქციაზე?
_ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა რუსული დაკვეთა და მტერს გაუხსნა ქვეყნის საჰაერო სივრცე. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ქართველი ბიჭები იბრძვიან უკრაინაში და ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. მხოლოდ ტერიტორიები კი არა, უამრავი ადამიანი დავკარგეთ რუსეთთან ბრძოლაში. ამიტომ ჩემს მოვალეობად მივიჩნევ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ქოცური მმართველობა, რუსებს რომ საქართველოში ეპატიჟება, უნდა მოვიცილოთ.

ემუქრება თუ არა 21 წლის ჯარისკაცს პატიმრობა? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“ თორნიკე აკოფაშვილის ადვოკატ ლაშა ტყეშელაძეს ესაუბრა:
_ ბრალდების მხარემ თორნიკე აკოფაშვილის წინააღმდეგ წარადგინა პოლიციელების ჩვენება, რომელიც არაობიექტურია. მეორე: არის ვიდეოკადრები, რომლითაც არ დასტურდება, რომ თორნიკემ რამე სახის დანაშაული ჩაიდინა. ძალიან რთულია, ამ ვიდეოკადრებით რამე დაადგინო, მხოლოდ რამდენიმე წამი გრძელდება და სრულ სურათს არ ასახავს. ამ დროს თორნიკე ცდილობდა, ხალხს დახმარებოდა, როდესაც ისინი არბევდნენ აქციის მონაწილეებს. დამნაშავე შეიძლება იყვნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც ძალადობდნენ ხალხზე და არა თორნიკე, რომელიც საკუთარ თავს იცავდა და ხალხს ეხმარებოდა.
თორნიკეს საქმეს განიხილავს კლანის წევრი მოსამართლე. ჩვენ დავაყენეთ აცილების შუამდგომლობა და ვთქვით, რომ გვინდოდა სხვა, ობიექტურ მოსამართლეს განეხილა საქმე. ყველა დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, როდესაც ერთი მხარე არ ენდობა სასამართლოს, მოსამართლემ აუცილებლად უნდა აიცილოს საქმე და გადასცეს სხვა მოსამართლეს. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა არ გადასცა საქმე სხვა მოსამართლეს. ჩვენ მას გამოვუცხადეთ სრული უნდობლობა, მაგრამ მან მაინც თქვა, რომ აღნიშნულ საქმეს განიხილავს. დაცვის მხარის პოზიციაა: მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს კლანმა დაავალა, თორნიკე აკოფაშვილს გამოუტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენის სამართლებრივი საფუძველი. ეს იქნება პოლიტიკური განაჩენი და ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგამდე, ვიდრე სამართალს არ მივაღწევთ. მხოლოდ მე არ ვამბობ ამას, სახალხო დამცველის აპარატმა თქვა, რომ შსს-მ გამოიყენა არაპროპორციული ძალა. ეს კი ნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლები კანონგარეშე ქმედებებს ახორციელებდნენ. აქედან გამომდინარე, მოქალაქეს თავის დაცვის უფლება აქვს. ამასთან, პოლიცია ვალდებულია, დაიცვას ადამიანი, ვისზეც ძალადობენ.
ცნობისთვის: 7-8 მარტის აქციების შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ არ არსებობდა აქციების ძალადობრივად დაშლის საფუძველი.
„სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში, გაფრთხილების თაობაზე განცხადებების გაჟღერების დროისთვის, აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის ფაქტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური _ აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“, _ წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.