რატომ არ აპირებდა პატრიარქი ევროპის მოედანზე მისვლას?!

ilia2

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ დურან ბაროზუმ საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უთხრა: მაგარი ხალხი ხართ ქართველი პოლიტიკოსები, გინესის რეკორდების წიგნში ხართ შესაყვანი, სამ დღეში 1200-გვერდიანი დოკუმენტის დამუშავებაც მოასწარით, კომისიებზე გატანაც და პარლამენტში დამტკიცებაცო. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტზეა საუბარი. ბაროზუ არ ცდება _ მართლა საარაკოდ მცირე დროში „შეისწავლა“ და დაამტკიცა ამხელა მოცულობის დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა. სხვათა შორის, დოკუმენტთან დაკავშირებული საოცრებანი მარტო ამით არ ამოიწურება. მიუხედავად იმისა, რომ აქ ორმხრივ ხელშეკრულებაზეა საუბარი, 1200-გვერდიან მასალაში ვერ იპოვით ვერც ერთ თავს, მუხლს, თუ პარაგრაფს, რომ ქართული მხარის მიერ იყოს შედგენილი. მოკლედ, ევროპელებმა დაგვიწერეს ხელშეკრულება და გასულ კვირაში ხელიც მოგვაწერინეს, რასაც თბილისში დიდი ზარზეიმი მოჰყვა.

ქართველებს უბრალო წარმატების „დასველებაც“ კი გვიყვარს ხოლმე და რა გასაკვირია, ხსენებულ ხელმოწერას თბილისში კონცერტი და სხვა სახის საზეიმო ღონისძიებებიც თუ მოჰყვა?.. მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ საზეიმო მილოცვებში მონაწილეობის მიღებას, თურმე, ჩვენი პატრიარქი საერთოდ არ აპირებდა. ილია მეორის არყოფნა ჩრდილს მიაყენებდა საზეიმო ღონისძიებას, ამიტომ, ჩვენი ინფორმაციით, პირადად ბიძინა ივანიშვილს უთხოვია უნეტარესისთვის ამის გაკეთება და მასაც ხათრი ვეღარ გაუტეხია. გაინტერესებთ, ალბათ, რატომ არ აპირებდა უწმინდესი ღონისძიებაზე მისვლას? რატომ და მან კარგად იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ხალხს ყველაფერს არ ეუბნება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით.

საქმე ეხება შემდეგ გარემოებას: პოლიტიკური თვალსაზრისით ხელმოწერის შემდეგ იმაზე უკეთეს პოზიციაში აღმოვჩნდებით, ვიდრე აქამდე ვიყავით. უბრალოდ რომ ვთქვა, მთლად უპატრონოები აღარ ვართ. მთელი ევროპა ნომინალურად მაინც გვიდგას მხარში. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი გულისთვის ახლა მაინც გამოუცხადებენ ომს რუსეთს, მაგრამ მოსკოვიდან წამოსული მორიგი აგრესიის შემთხვევაში ევროპის შეშფოთების ხარისხიც გაიზრდება და სანქციებიც რუსეთის წინააღმდეგ. ერთი სიტყვით, პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა, ეკონომიკური კუთხიდან თუ შევხედავთ საკითხს. სწორედ აქ არის ის საჩოთირო თემები, რის თაობაზეც ხელისუფლება, ჯერჯერობით, მოსახლეობასთან საუბარს ვერ ბედავს. დავიწყოთ იმით, რომ ევროპასთან ასოცირება სულაც არ ნიშნავს ეკონომიკურ აღმავლობას. უკეთეს შემთხვევაში, ამას რამდენიმე ათეული წელი მაინც დასჭირდება. ამის საუკეთესო მაგალითია ალბანეთის სახელმწიფო, რომელმაც ჩვენზე გაცილებით ადრე მოაწერა ხელი იგივე ხელშეკრულებას, მაგრამ დღეს ოთხპროცენტიანი კლება აქვს ეკონომიკაში, რომლის გამოსწორებაც აქამდე ვერ მოახერხეს და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ვერც მოახერხებენ, რადგან ხელშეკრულებაში ჩადებული მუხლები არ იძლევა ამის საშუალებას. დიდი ქართველი ექსპერტები ეკონომიკის დარგში მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ქართული პროდუქცია ბაჟის გადასახადის გარეშე შევა ნახევარმილიარდიან ევროპულ ბაზარზე. ეს მართლაც ასეა _ საბაჟო მოსაკრებელი მართლაც უქმდება. მაგალითად, საქართველო ევროპაში თუ შეიტანს ბამბას, ან ავტომობილებს, ამისთვის საბაჟო გადასახადს არ გადაიხდის, მაგრამ საქართველო არც ბამბას აწარმოებს და არც ავტომობილებს. ჩვენ ევროპაში შეგვიძლია შევიტანოთ ხილი, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელი და სხვა სახის სოფლის მეურნეობის პროდუქტი. აქაც არ იქნება საჭირო ბაჟის გადახდა. მთლიანობაში, ეს ქართველ მეწარმეს გვარიან მოგებას ჰპირდება: ვინაიდან ამ ტიპის ქართულ პროდუქტს დაბალი თვითღირებულება აქვს, ევროპაში მისი სწრაფი რეალიზებაა შესაძლებელი… მაგრამ საქმე ის არის, რომ სწორედ ამ ტიპის პროდუქტზე ხელშეკრულება აწესებს სხვა სახის გადასახადს, რასაც ევროპის ბაზარზე შესვლის გადასახადი ჰქვია და რაოდენობრივად ზუსტად იმდენივეა, რაც საბაჟო გადასახადი, ანუ, ფაქტობრივად, ქართული პროდუქტი ევროპაში შესვლის წინ მაინც იბეგრება. რა მნიშვნელობა აქვს, ახლა, თუ რას დავარქმევთ ამას _ საბაჟო, თუ ბაზარზე შესვლის გადასახადს? _ არც არაფერი და ქართული პროდუქციის გასაღების პრობლემები ისევ ისე რჩება, როგორც ადრე იყო. აი, ამაზე არ საუბრობს დღეს საქართველოს ხელისუფლება.

 

                                                                                                                                              დავით დევიძე