მამუკა ნოზაძე: „ნინო გვენეტაძეს პატივს ვცემ, მაგრამ თანამდებობებზე დაქალობის ნიშნით აღარ უნდა ინიშნებოდნენ!“

ardajh

„ქრონიკა+“-თან ადვოკატი მამუკა ნოზაძე მოსამართლეების კანონდარღვევებზე, მათ კოლოსალურ ხელფასებსა და ნეპოტიზმზეც ალაპარაკდა.

მამუკა ნოზაძე:

_ მოსამართლეებზე საუბარს ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, ნათია ბუსკაძის მხილებით დავიწყებ. ბოლო პერიოდში ის იხილავს იმ ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია პატიმრებთან და მათი უფლებების დაცვასთან, პირად და ოჯახურ ურთიერთობებთან, საპატიმრო დაწესებულებებში მათ მდგომარეობასთან, ვადაზე ადრე განთავისუფლების გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან და ა. შ. პატიმრები ზოგჯერ თავად ითხოვენ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვას, ოჯახის წევრებთან შეხვედრას, რადგან საპატიმრო დაწესებულებაში არ უკმაყოფილებენ იმ უფლებებს, რაც მათ აქვთ გარანტირებული არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობითაც. მოსამართლე ბუსკაძემ განიხილა პატიმარ მალხაზ ბადუაშვილის საქმეც.

როდესაც თეა წულუკიანი საქართველოში ჩამოვიდა და პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამდა `თავისუფალ დემოკრატებთან~ ერთად, ის ერთ-ერთ გადაცემაში მიიწვიეს, სადაც უმნიშვნელოვანესად სწორედ მალხაზ ბადუაშვილის საქმე დაასახელა, სადაც დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან ადამიანი სასჯელს იხდიდა ჩაუდენელი მკვლელობისთვის და საქმეში არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება.

_ მალხაზ ბადუაშვილი ვისი მკვლელობისთვის იხდის სასჯელს?

_ მკვლელობა რამდენიმე წლის წინათ მოხდა კახეთში, რის გამოც მას 17 წელი მიუსაჯეს. სააკაშვილის მმართველობის დროს უდანაშაულო ადამიანებს ათას ცოდვა-ბრალს რომ ჰკიდებდნენ, ეს ყველამ იცის. ბადუაშვილიც ერთ-ერთი იმათგანი იყო. მისი დაკავების ერთადერთი ინტერესი გახლდათ ის, რომ იმდროინდელ ხელისუფლებას არ უნდოდა, მკვლელობის საქმე გაუხსნელი დარჩენილიყო და თუ რეალური მკვლელის მიგნება გაძნელდებოდა, ვინმესთვის უნდა დაებრალებინა. ჩაუდენელი მკვლელობისთვის დააკავეს მწყემსი ბახუტოვი, თუმცა შემდგომ მის მიერ „მოკლული“ ადამიანი ცოცხალი აღმოჩნდა. მალხაზ ბადუაშვილის საქმე ევროპის სასამართლოში უკვე დასრულდა, მაგრამ წლებია, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მაინც ღირსებაშემლახველად და არაადამიანურად ეპყრობიან. მას მოუწოდებენ, საჩივარი გამოიტანოს ევროპული სასამართლოდან. ბადუაშვილი სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში იხდის სასჯელს, სადაც ყველაზე მკაცრი პირობებია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულია  დანაშაულის კატეგორიები: ნაკლებადმძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. კანონმდებელს განსაზღვრული აქვს, რომელი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პატიმარს როდის ეკუთვნის ვადაზე ადრე განთავისუფლება. ამ ადამიანს ეკუთვნის ვადაზე ადრე თავისუფლება, მაგრამ ბადუაშვილის განთავისუფლების საქმე განიხილა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს 1-ლმა ადგილობრივმა საბჭომ და უარი უთხრა. ეს არის უკანონობა, ასევე ამ კომისიის ოქმიც შედგა კანონდარღვევით, რაც სასამართლოს დავის საგნად ვაქციეთ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, როცა ადმინისტრაციული ორგანო რომელიმე ადამიანს უარს ეუბნება, ის უნდა იყო არგუმენტირებულად დასაბუთებული და სხდომის ოქმი სრულყოფილად შედგენილი. ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეს საშუალება უნდა მიეცეს, წარადგინოს თავისი მოსაზრებები, საკუთარი თავის დაცვა დამოუკიდებლად თუ არ შეუძლია, ადვოკატით უნდა უზრუნველყონ, მაგრამ ბადუაშვილს სასჯელაღსრულების ადგილობრივმა საბჭომ ამის შესაძლებლობა არ მისცა, მოტივად კი დაასახელა: ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, თანაც წარსულში ნასამართლებიაო. კანონმდებლობით, იმისათვის რომ, პირობით, ვადაზე ადრე განთავისუფლდეს, წარსულში ნასამართლებმა პირმა სასჯელის ¾ უნდა მოიხადოს. როგორ შეიძლება, არ მისცე ადამიანს ის, რაც კანონმდებლობით განისაზღვრა? მაგრამ როცა ადმინისტრაციული ორგანო არღვევს პირის უფლებებს, ის სასამართლომ უნდა დაიცვას. ჩვენც არგუმენტირებული საჩივარი წარვადგინეთ სასამართლოში, მაგრამ იქ ისეთი ცივი თვალებით უცქერდნენ ყველაფერს, დარღვევაზე რეაგირებას რომ არ ექნებოდათ, თავიდანვე მივხვდით და ასეც მოხდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს 1-ლი ადგილობრივი საბჭოს მიკერძოებულობაზე ბევრ მოქალაქეს აქვს პრეტენზია. ის არ ხელმძღვანელობს თანასწორობის პრინციპით, მოქმედებს შერჩევითობით, რაზედაც უკვე სასამართლოს უნდა ჰქონდეს რეაგირება, მაგრამ არ ახდენს. როცა მალხაზ ბადუაშვილი სასამართლო სხდომაზე მოიყვანეს, მას თავზე დააყენეს ავტომატებით შეიარაღებული 5 სპეცრაზმელი. ავტომატები პირდაპირ მოსამართლის წინ ჰქონდათ მისთვის მიშვერილი. ცხადია, ყველა პატიმარი ასე არ დაჰყავთ და ამ შემთხვევაში ეს ხდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით. უნდოდათ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ბადუაშვილი იყო ძალიან საშიში ადამიანი. როცა მოსამართლე დარბაზში შემოვიდა, მაშინვე განვუცხადე, _ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, რატომ არიან ეს შეიარაღებული პირები დარბაზში-მეთქი? მაგრამ მან მყისვე მიპასუხა, _ მე უკვე მივიღე გადაწყვეტილებაო. მანამდე დარბაზში არც შემოუხედავს და სად მიიღო გადაწყვეტილება, გაუგებარია?! პროცესზე სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენელი ამახვილებდა ყურადღებას, რომ წარსულში ბადუაშვილი ადმინისტრაციამ დასაჯა. მოგეხსენებათ, ამ დაწესებულებაში, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გადაჩურჩულების გამოც ისჯებოდნენ პატიმრები ადმინისტრაციული წესით. მიუხედავად ამისა, ბადუაშვილს ყველა ადმინისტრაციული სასჯელი გაქარწყლებული აქვს და არ შეიძლება, ეს მხედველობაში არავინ მიიღოს. ამიტომაც ვაცხადებ: არ ვიცი, რას ეფუძნებოდა ნათია ბუსკაძის მიღებული გადაწყვეტილება _ ბადუაშვილის პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლებაზე უარი?!

მოსამართლეების უმრავლესობა სათანადო დონეზე არ არის მომზადებული, რომ ობიექტური სასამართლო პროცესები ჩაატაროს. სარჩელების განხილვა ფორმალური ხასიათისაა, რადგან ღრმად და შინაარსობრივად ვერ წვდებიან განსახილველ საკითხებს. შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ არსებობს სამოსამართლეო სამართალშემოქმედება, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ ყველა ფაქტობრივ გარემოებას უნდა მისცეს შეფასება და ყველაფერს გაუკეთოს რეზიუმე, ადმინისტრაციულ ორგანოსაც მიუთითოს დარღვევებზე, სამომავლოდ რომ აღარ გაიმეოროს, დაამკვიდროს ერთნაირი სტანდარტი ყველა საქმის განხილვაზე და ა. შ.  მართალია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საბჭოს აქვს უფლება, პირი გაათავისუფლოს ან არ გაათავისუფლოს ვადაზე ადრე, მაგრამ მის გადაწყვეტილებას შესაბამისი დასაბუთება უნდა. როცა ეს დასაუთება არ არის, ის მოსამართლემ უნდა მოითხოვოს, მაგრამ ესეც არ ხდება. მოსამართლეები გადაწყვტილებებს ერთმანეთისგან იწერენ და მათი დამოუკიდებელი აზრი არ ჩანს. დღეს თუ მალხაზ ბადუაშვილს მოექცნენ უკანონოდ, გუშინ სხვას გაუკეთეს ასე, ზეგ კიდევ სხვასთან მოიქცევიან და სამართლიანობა ვერასდროს დამკვიდრდება. მოსამართლეები სახელმწიფო ორგანოების ინტერესებს ატარებენ და ადამიანის უფლებების დაცვას არად დაგიდევენ. თავისუფალი სასამართლოს მთავარი მოთხოვნაა, რომ თემიდას მსახური არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის საშიში, ის სამართლის დამდგენია და მხოლოდ კანონიერებას უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ასეთი კანონდამრღვევი მოსამართლეები ყვირიან, რომ თურმე მოსამართლის კრიტიკა არ შეიძლება და ის ზეგავლენას ახდენს მათზე. ნებისმიერმა ადამიანმა, მათ შორის, ადვოკატმა, ხმამაღლა რომ თქვას, სასამართლო უკანონოდ მომექცაო და დაასაბუთოს თავისი ნათქვამი, თურმე ეს ზეწოლა ყოფილა. თურმე,  მოსამართლეებს აქვთ პირადი ცხოვრება,  ოჯახი და ასეთი განცხადებები მათზე უარყოფითად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, უკვე მე ვსვამ შეკითხვას, _ მალხაზ ბადუაშვილს ოჯახი და ახლობლები არ ჰყავს? რატომ შეიძლება, რომ ის უკანონოდ დაჩაგრონ? შუა საუკუნის ინკვიზიციის ეპოქაში ხომ არ ვცხოვრობთ?! ევროპის სასამართლო თავის აზრს გამოთქვამს მოსამართლის კრიტიკაზე: მოსამართლე ყვავილი არ არის, კრიტიკის შედეგად რომ დაჭკნესო. პარლამენტი იღებს კანონებს და ამის შემდგომ კანონს უნდა ამკვიდრებდნენ და იცავდნენ სწორედ მოსამართლეები, არათუ თავად არღვევდნენ.

_ ბოლო პერიოდში მოსამართლეების გარკვეული ნაწილი საკმაოდ გააქტიურდა საკუთარი მანტიის დაცვაში. ისინი მუდმივად ამ სამსახურში ყოფნის უფლებასაც ითხოვენ. რამდენად სამართლიანი და მისაღებია საქართველოს რეალობისთვის ასეთი პრეტენზიები?

_ როგორ შეიძლება, კანონის დამრღვევი მოსამართლე კვლავ ირგებდეს მანტიას? ამ მოსამართლეების პრეტენზიების მიზეზი არის ის, რომ მათ ეპატიათ ჩადენილი დარღვევები, აქედან გამომდინარე, უკვე თავად აიმაღლეს ხმა. მათ წინააღმდეგ, რამდენიმე ადვოკატის, მედიასაშუალებისა და ჟურნალისტის გარდა, ხმას არავინ იღებს.

მოსამართლეებისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ ისინი არ არიან ღმერთები და მათ მოუწევთ კრიტიკის ან ადვოკატის მწარე პასუხის მოსმენა. სწორედ საზოგადოების მიშვებულობამ მიიყვანა მოსამართლეები იქამდე, რომ მათ გადაწყვეტილებების წერაც კი აღარ უნდათ. სარეზოლუციო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ 20-30 დღის განმავლობაში უნდა დაიწეროს გადაწყვეტილება, მაგრამ ვერ წერენ! დრო არ გვაქვსო. ეს არის ტყუილი და ცინიზმი. ისინი ვერ ასრულებენ სამოსამართლეო უფლებამოსილებას. ასეთ დროს მან უნდა დაიხუროს ქუდი და წავიდეს სახლში, მაგრამ თავისით წამსვლელები არიან?

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებს ჰყავთ კონსულტანტებიც, თანაშემწეებიც, რომელთა ფუნქციაც არის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, მაგრამ ეს საქმე კვლავ მოუგვარებელია, რადგან ამ ქვეყანაში მათთვის პასუხის მომთხოვი არავინ არის და თავს არ იწუხებენ. ხელისუფლებასაც არ აქვს კეთილი ნება, შემოიღოს ისეთი მექანიზმი, რომლითაც მოსამართლეებს საქმეების უსაფუძვლო გაჭიანურების გამო დასჯის. ელემენტარული დავის საგანზე განხილვას, როგორიც არის იპოთეკის ან სესხის ხელშეკრულება, რად უნდა სჭირდებოდეს წელიწადი და 6 თვე? ძალიან ხშირად მხოლოდ იმიტომ გადაიდება სხდომა, რომ მოსამართლეს ეზარება მისი ჩატარება. მოსამართლემ არ უნდა მისცეს მხარეს სხდომის ჩაშლის საშუალება, თუ ის დაინტერესებული არ არის და განხილვაც უნდა დაასრულოს 2-3 სხდომით. ქვეყანაში დანაშაულის თავი და თავი არის თავად მოსამართლე.

28 მაისს გორის რაიონულმა სასამართლომ, რომლის მოსამართლეც იყო შალვა კაკაურიძე, გამოიტანა უკანონო განაჩენი. მე და ჩემს დაცვის ქვეშ მყოფ კუკური ნოზაძეს გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეს 5-ჯერ მივმართე ოფიციალური განცხადებებით, ჩაგვაბაროს გადაწყვეტილება, გასაჩივრების უფლება რომ გამოვიყენო, გადაწყვეტილებას მაინც არ გვაბარებს და ამ უფლებას შეგნებულად გვიზღუდავს.

_ განცხადებებით, რომლითაც ადვოკატები მიმართავენ  მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოში არავინ ინტერესდება?

_ მოსამართლეების კონტროლი მთლიანად მოშლილია. მათ მიცემული აქვთ კარტბლანში. მარტივი დავის საქმეებზე წინასწარ დადგენილია ვადები და მისი გადაცდენა ადამიანის უფლებების დარღვევაა. რაც შეეხება რთულ საქმეებს, მოსამართლე თუ არის გონიერი, ის წლობით არც ამ საქმეებს გააჭიანურებს, თუმცა ისინი რომ უყაირათოდ ხარჯავენ დროს, ფაქტია. მოსამართლეები დადიან სხვადასხვა შეხვედრაზე, უაზრო ტრენინგებზე, კონფერენციებზე მივლინებებში, კითხულობენ ლექციებს, მაგრამ არ აკეთებენ მთავარს, რაც მათ ევალებათ.

ნინო გვენეტაძე გამოდის და ამბობს, რომ კიდევ 100 მოსამართლე უნდა დავნიშნოთო. ქვეყანაში პენსია 150 ლარია და სექტემბერში ჰპირდებიან მხოლოდ 10 ლარის დამატებას, ანუ ბიუჯეტს საშინლად უჭირს, ამბობენ, რომ ქვეყანა კატასტოფის წინაშეა. 100 მოსამართლის ხელფასს იცით, რამდენი უნდა? პირველი ინსტანციის მოსამართლეებს სახელმწიფო 4 ათას ლარამდე უხდის ხელფასად. გარდა ამისა, კვარტალურად, ხელფასის ოდენობის თანხას დანამატის სახით აძლევს. 100 მოსამართლის შენახვა აპარატიანად რამდენი დაუჯდება სახელმწიფოს, რთული მისახვედრი არ არის. ახლახან საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებდა, საქმეები დარბაზების სიმცირის გამო ჭიანურდებაო. შეგიძლიათ წახვიდეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაატაროთ მონიტორინგი: აუცილებლად ნახავთ, რომ დარბაზების უმეტესობა ცარიელია! მოსამართლეების დამატება კი არა, ამ საქმეს კონტროლი და საქმის კეთების მოთხოვნა სჭირდება.

_ ცხადია, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ არის პრობლემა. უზენაეს სასამართლოში რა ხდება, ნინო გვენეტაძემ მდგომარეობა არ მოაწესრიგა?

_ ცოტა ხნის წინათ მივმართე იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს და ყველა ინსტანციის მოსამართლეთა ხელფასებთან და დანამატებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გამოვითხოვე. საჯარო ინფორმაცია დაუყოვლებლივ, ან 10 დღის განმავლობაში უნდა გაიცეს, მაგრამ ორი თვე გავიდა და ამ ოფიციალურ ინფორმაციას არ მაძლევენ. თუმცა სიმართლე არ იმალება. უზენაესში მოსამართლეებს, დაახლოებით, 7 ათასი ლარი აქვთ და გარდა ამისა, ისინიც იღებენ სახელფასო დანამატებს. იმ კომფორტზე აღარ ვლაპარაკობ, რაც მათ აქვთ მივლინებების დროს. უზენაეს სასამართლოშიც ირღვევა საქმის განხილვის ვადები. გადაწყვეტილებებში რაც მიიღეს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა, იმას წერენ და უმატებენ, რომ საქმის განხილვა არ არის მნიშვნელოვანიო. დასაბუთებულ ახსნაზე თავს არც აქ იწუხებენ. ქვეყანაში სასამართლო სისტემა არის ცალკე სახელმწიფო და მისი წარმომადგენლები არიან მართლაც ხელშეუხებელი უმდიდრესი ფენა. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კვლავ ინიშნებიან მეგობრობით და ნეპოტიზმი ყვავის.

_ რას გულისხმობთ?

_ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი ეკა გასიტაშვილი უზენაეს სასამართლოში დაინიშნა მხოლოდ იმიტომ, რომ ნინო გვენეტაძის დაქალია. ისინი „გაუში“ კითხულობდნენ ლექციებს. გვენეტაძემ გასიტაშვილი დანიშვნიდან მეორე დღესვე წაიყვანა უზენაეს სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ გვენეტაძეს პატივს ვცემ და მისი მომხრეც ვიყავი, ეს ქმედება მიმაჩნია არასწორად. გასიტაშვილი ჯერ უზენაესი სასამართლოს აპარატში დანიშნეს, რამდენიმე კვირაში კი პრეზიდენტს გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს წვერად წარადგენინა. უზენაესი სასამართლოს წევრი უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული დამსახურებით იურისპრუდენციაში, ან არის წარჩინებული ადვოკატი, მეცნიერი და ა. შ. გასიტაშვილი ასეთი პერსონა ნამდვილად არ გახლავთ. გვენეტაძემ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიიდან წაიყვანა კიდევ ორი ადამიანი _ მაკა კვაჭაძე და სერგო ჯორბენაძე. კვაჭაძეც მისი დაქალია. უზენაესში მოსამართლეთა რაოდენობა იზრდება და, სავარაუდოდ, კვაჭაძე, რომელიც ახლა ანალიტიკური სამსახურის უფროსია, ალბათ, უზენაესი სასამართლოს წევრი გახდება.

თანამდებობებზე მეგობრობისა და დაქალობის ნიშნით აღარ უნდა ინიშნებოდნენ, კადრები დამსახურების მიხედვით უნდა შეარჩიონ. ვაკანსიებზე უნდა გამოაცხადონ ღია კონკურსი და როგორც თავად გვენეტაძე შეირჩა, სხვა მოსამართლეებზეც ანალოგიურად მოხდეს საჯარო განხილვა. ნინო გვენეტაძის ეს ქმედება ბევრს არ მოსწონს, კულისებში ამაზე უკვე საუბრობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხმამაღლა მხოლოდ მე ვახმოვანებ. საზოგადოების შეურაცხყოფაა ისიც, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები არ არიან უმუშევრად დარჩენილები და მათ სასათბურე პირობები მოუწყვეს უზენაეს სასამართლოში. ვისაც კი უფლებამოსილება დაუმთავრდა, მაგალითად, თეიმურაზ თოდრიას, დავით სულაქველიძესა და სხვებს, დატოვეს უზენაესი სასამართლოს კონსულტანტებად და ხელფასს 2 ათას ლარს აძლევენ. თავად მოსამართლეები არაფერს აკეთებენ და კონსულტანტებს რა საქმე უნდა ჰქონდეთ?! ეს ხალხიც უსაქმურობაში იღებს ამდენ ფულს! სახელმწიფომ ამას დროულად უნდა მიხედოს!

 

                                                                                       ნელი ვარდიაშვილი