ახალდაბელების გმირი გიორგი დალაქიშვილია – რწმუნებული, რომელიც სტიქიას შიშველი ხელებით ებრძოდა!

el5

მდინარე ვერის ხეობაში დატრიალებული ტრაგედია ქვეყნის უბედურებად იქცა. ყველაფერი კი წყნეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ულამაზესი სოფლიდან დაიწყო. იმ საშინელ ღამეს ბეთანიის მთიდან წამოსულმა ზვავმა სოფელ ახალდაბას ჩაუარა და სტიქიის მსახვრალი ხელიც პირველად იქაურობას შეეხო. სოფელი ახალდაბა წყნეთიდან 3-4 კილომეტრითაა დაშორებული და მასთან დაკავშირება ტყეში გამავალი სამანქანე გზით არის შესაძლებელი. 13 ივნისის ღამეს ზვავმა ეს გზა დაანგრია, ჩახერგა და სოფელთან კონტაქტიც შეუძლებელი გახადა. თუმცა გაჭირვების ჟამს ახალდაბელებსაც გამოუჩნდათ გმირი სოფლის რწმუნებულის, გიორგი დალაქიშვილის სახით, რომელმაც ბავშვების, მოხუცებისა და ქალების ევაკუაცია და უსაფრთხო ადგილზე გაყვანა შეძლო. მას შემდეგ ის სოფელს არ სცილდება და კომუნიკაციების აღდგენის პროცესებს თავად ხელმძღვანელობს. იმდენი კარგი და დაუჯერებელი რამ ითქვა სოფლის რწმუნებულზე, „ქრონიკა+“-მა გადაწყვიტა, სტიქიის ეპიცენტრში მცხოვრები ადამიანები ჩვენი დროის გმირთან ერთად მოენახულებინა.

წყნეთიდან ახალდაბაში მიმავალი საავტომობილო გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგილი დაგვხვდა, თუმცა იქ აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობდა. მთიდან ჩამოწოლილ მეწყერს სათბობი აირის მილები და გზის განათების სისტემებიც დაეზიანებინა. სპეციალისტებს მისი აღდგენა დაწყებული ჰქონდათ. როგორც მეგზურებმა აგვიხსნეს, რამდენიმე დღეში ეს პრობლემაც მოგვარდებოდა. სამანქანო გზაზე ტყეში ჩაფლული, ულამაზესი ტბა შეგვხვდა. როგორც აგვიხსნეს, მეწყრის გაჩენამდე იქ მხოლოდ ორმო ოყო და მასში წყალი ამ დღეებში თავისით ჩადგა…

ზურაბ შაყულაშვილი _ წყნეთის მუნიციპალიტეტის უფროსის მოადგილე:

_ აქ ტბა, დაახლოებით, 20 წლის წინათ იყო, ხალხი დასასვენებლად და გასართობად მოდოდა და ნავებით სეირნობდა. მას ესაზღვრებოდა პატარა ნაკადული და შიგნით ადგილობრივი მთებიდან წამოსული წყლებიც იწურებოდა, მაგრამ ნელ-ნელა ტბა ამოშრა და კარგა ხანია, აქ წყალი აღარ ჩამდგარა. ახლა მეწყრის მიერ მოტანილმა ნაშალმა მასალამ ამოლესა ტბის ფსკერი და წყალი ისევ ჩადგა. ტბის წინ გზა მთლიანად დაფარული იყო მიწით. ეს წყალი აქ გაჩერდება თუ არა, ვერ გეტყვით.

სოფლისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ადგილზე შეგვხვდა ჩამოწოლილი მეწყრის ნაკვალევი. მთიდან წამოსული მიწისქვეშა წყლები უკვე ღიად მოედინებოდა. მოგლეჯილი მთიდან წამოსულ ზვავს ხევები ნაშალი მასალით ამოევსო, ჩანგრეული და წაღებული ჰქონდა გზის გარკვეული მონაკვეთები. ერთ დროს წარმტაცი გარემო ამ ადგილებში შემზარავად გამოიყურებოდა. სოფლის შესასვლელთანაც მეწყრის კვალი დაგვხდა, თუმცა იქ უკვე ტექნიკა მუშაობდა და გზის გარკვეული ნაწილი გაესუფთავებინათ და აღედგინათ.

იქვე სოფელში მცხოვრები მამაკაცები და სოფლის გმირი, გიორგი დალაქიშვილიც შევნიშნეთ.

ზაზა წიკლაური _ ახალდაბის მცხოვრები:

_ ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე. 50 წლის ვარ და ასეთი რამ არასდროს მომხდარა. სანამ ეს საშინელება დაიწყებოდა, 6-7 საათი განუწყვეტლად წვიმდა, გეგონებოდათ, კოკით ასხამენ წყალსო. მერე შუქები გაითიშა და რა ხდებოდა, ვერ ვხედავდით. ჩვენი სახლები მიწით და წყლით აივსო. დილით ვნახეთ, რომ წყალს მაღაზია წაუღია. იქვე ერთი ქალი ცხოვრობდა და მისი სახლიც წაიღო, მეზობელმა იმარჯვა და სახლის პატრონი ქალბატონი გადაარჩინა. გამთენიისას დავინახეთ, რომ სოფლის შემოსასვლელთან მთა მთლიანად იყო ჩამოშლილი. ჩვენს დასახმარებლად გამოჩნდა კიდეც რწმუნებული გიორგი დალაქიშვილი და ვერტმფრენით ბავშვები, ქალები და მოხუცები უსაფრთხო ზონაში გადაიყვანა. ზოგი გვეუბნება, რომ სოფელი უნდა დაიცალოს, რადგან შეიძლება მეწყერი კიდევ განმეორდესო, მაგრამ რაც უნდა მოხდეს, აქედან არ წავალ. აქ დავიბადე და აქ მოვკვდები.

სოფელში, ძირითადად, 60 მოსახლე ცხოვრობს, თუმცა თბილისელებს აგარაკებიც აქვთ და სტიქიის დროს იქაც იმყოფებოდნენ დამსვენებლები. ისინიც ვერტმფრენებით გადაიყვანეს. სოფლის მოსახლეობა მთავრობას დიდ მადლობას უხდიდა და ამბობდა, _ ძალიან სწრაფად მოვიდნენ ჩვენს დასახმარებლად, წყალი და საჭმელიც მოგვაწოდეს, გაჭირვება არ გვაგრძნობინესო.

წყნეთი-ბეთანია-სამადლო-ახალდაბა-კვესეთის რწმუნებული, გიორგი დალაქიშვილი, სამხედრო ფორმაში ჩაცმული დაგხვდა და სტიქიით მიყენებულ ზიანის სანახავად თავად გამოგვყვა. ქრონიკა+“-სთან გიორგი დალაქიშვილი იმ დღის შემზარავ ამბებსაც იხსენებდა: 

_ დაახლოებით ღამის 12 საათი იყო, როცა 112-მა დამირეკა და აქ შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ მაცნობა. მაშინვე გამოვიქეცი. წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მიწა უკვე ჩამოწოლილი იყო. ცენტრალურ გზაზე ჩავარდნილი მანქანები ვნახეთ, რომელშიც ხალხი იყო ჩარჩენილი. 112-ს დავუკავშირდი და მათ განახორციელეს ამ ადამიანების უვნებლად ამოყვანა. ამერიკის ორი მოქალაქეც მოხვდა სტიქიის ზონაში. ამ დროს ისევ კოკისპირულად წვიმდა. სოფელ ახალდაბის მიმართულებით, ბეთანიიდან 500 მილიონი კუბმეტრი მიწის მასა წამოვიდა. გათენდა თუ არა, ყველა იქ გაჩნდა _ მერი, ვიცე-მერი, გამგებელი. სოფელ ახალდაბაში საშინელი მდგომარეობა იყო, თუმცა პანიკის ნაცვლად ხალხში შემართება უფრო იგრძნობოდა. განმეორებითი ზვავის შეგვეშინდა და ორი ვერტმფრენით მოვახდინეთ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუაცია. წყნეთში მოვაწყვეთ ვერტმფრენის დასაჯდომი ტერიტორია და პროდუქტი, წყალი და სურსათიც იქიდან გადმოგვქონდა სოფელში. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომლის სახლსაც მოწყვეტილი მიწის მასა დაეცა, ძლიერი დაზიანებები მიიღო. ისიც  ვერტმფრენით წამოვიყვანეთ ბავშვებთან, ქალებთან და მოხუცებთან ერთად. ყველას ვეხვეწებოდით, რომ დაეტოვებინათ სოფელი, მაგრამ თხოვნა-მუდარის მიუხედავად, სოფლის მიტოვებაზე უარი განაცხადეს.

იმავე დღეს შემოვიყვანეთ მძიმე ტექნიკა და ოპერატიულად დავიწყეთ გაწმენდითი სამუშაოები, კომუნიკაციების აღდგენა. დროდადრო გზებზე მაინც იშლებოდა მიწის მასები და ხელს გვიშლიდა სამუშაოების შესრულებაში. მეწყერმა ინფრასტრუქტურაც გაანადგურა. თავადაც ნახეთ გაზის დამტვრეული მილები, მოგლეჯილი ელექტრობოძები. სოფელს დენი არ მიეწოდებოდა, ამიტომ `თელასმა~ მოიტანა დიდი სიმძლავრის  გენერატორი. სასმელმა წყაროებმაც სათავეები დაკარგა და სოფელს წყალი შეუწყდა. რაც დარჩა, უკვე უვარგისი იყო და იქ წყლის ჩატანაც დაგვჭირდა. თითოეულ მოსახლეს ვეხმარებით სახლისა და ეზო-კარმიდამოს გაწმენდაში. სოფელში, დაახლოებით, 50 კომლია, მაგრამ დაზიანებული, ძირითადად, 3-4 სახლია. გამგებელი ლაშა აბაშიძე თითქმის ყოველდღე მოდის და აკონტროლებს სამუშაოების მიმდინარეობას. ყველა სამსახურია ორგანიზებული ამ ადამიანების დასახმარებლად, „წითელი ჯვარიც“ უკვე მოვიდა. მაქსიმუმ ორ დღეში დაუბრუნდება სოფელი ძველ ცხოვრებას.

აქვე ვიტყვით, რომ რწმუნებულმა სიტყვა აასრულა და ახალდაბაში ჩვენი ყოფნის შემდგომ დღეს იქ გზა და კომუნიკაცია მთლიანად აღდგა. როგორც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მითხრეს, სოფელში ხევები იყო, მაგრამ იქ წყლები არ მოედინებოდა, ახლა კი ხევებში წყალია. რწმუნებულმა აგვიხსნა, რომ მთებში არსებულმა წყაროებმა სათავეები დაკარგა და უკვე ხევებში მოედინება, შემდეგ კი, მდინარე ვერეში ჩადის.

„ეს წყალი ვერეს ვერ აადიდებს. 13 ივნისის ღამეს მომხდარი ტრაგედია ბეთანიის დედა მთის მოწყვეტამ გამოიწვია _ წყალი დაგუბდა, გასცდა და მიწასთან ერთად საშინელებად წამოვიდაო“, _ ასე ამიხსნეს იმ  საზარელი დღის გამომწვევი მიზეზი. სოფელში 3 ასეთი ხევი ვნახეთ, მაგრამ იმედი აქვთ, რომ მთა დაიწურება და იქ წყალიც შეწყდება.

„ქრონიკა+“ სტიქიის შედეგად დაზარალებული ოქრუაშვილების ოჯახსაც ესტუმრა, რომელიც ერთ-ერთი ასეთი ხევის გვერდით ცხოვრობს.

ნანა ოქრუაშვილი:

_ უფროსი შვილიშვილები წყნეთში იყვნენ წასულები და მათ ველოდებოდი. გადაუღებელმა წვიმამ ცოტა შემაშინა, მაგრამ რაც შემდგომ მოხდა, ამას  ვერ წარმოვიდგენდი. დაახლოებით 11 საათი იქნებოდა, მეუღლეს ეძინა, მაგრამ, ეტყობა, გულმა უგრძნო, ადგა და ეზოში ჩავიდა. ნახევარი ეზო უკვე შლამით იყო სავსე. ამ სახლში ორი ოჯახი ვცხოვრობთ, წლინახევრის შვილიშვილსა და სიძეს ქვედა სართულზე ეძინათ. არც გვიფიქრია, რომ პირველ სართულზე წყალი შევარდებოდა, ამიტომ მანქანას მივაქციეთ ყურადღება, რომელსაც წყალი `გარაჟიდან~ აგდებდა. მეუღლემ ეზოდან დამიყვირა, _ ჩქარა, ბიჭი გააღვიძეო! ჩვენს ვაჟიშვილს მეორე სართულზე ეძინა, მერე სიძეც გამოვიდა და ამის შემდეგ ჩავედით შვილიშვილთან. ბავშვი უკვე ძლივს გამოვიყვანეთ ოთახიდან, კინაღამ დაგვეხრჩო. ქვედა სართულის ოთახები ტალახიანი წყლით ელვის უსწრაფესად გაივსო. მეორე სართულზე გავიქეცით, მაგრამ წყალი ფეხდაფეხ მოგვყვა. იქაურობაც წყლით ივსებოდა. უკვე კიბეს ვეძებდით სახლის სახურავზე ასასვლელად და თავის გადასარჩენად. აღმოჩდა, რომ კიბეც წყალს წაეღო. უშუქობაში სახურავის ასასვლელი ძლივს ავხადეთ, მაგრამ იქ აძრომა აღარ დაგვჭირდა. წვიმამ რომ გადაიღო,  წყალიც აღარ მატულობდა. მთიდან მომდინარე ხევს კი კარგა ხანს მოჰქონდა საშინელი ხმაური. ფაქტობრივად, ორ წყალს შორის მოექცა ჩვენი სახლი. გამწარებულები ვრეკავდით 112-ში და დახმარებას ვითხოვდით. 32 წელია, რაც აქ ვცხოვრობ და ასეთი რამე არ მომხდარა. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ჩვენი სახლის კართან წყალს მოტანილი ჰქონდა ავტობუსის მოსაცდელი ჯიხურის სახურავი. მან შეაგუბა წყალი და მერე ამხელა წყლის მასა სახლში შემოგვივარდა. წყალს ჩვენს ეზოში მთიდან ჩამოტანილი ხეები ჰქონდა ჩახერგილი და ეტყობა, ამანაც შეაკავა წყლის ძლიერი ნაკადი. გარეთ მეზობლებიც არ ჩანდნენ, რადგან ამ დროს ყველას თავისი გასაჭირი ჰქონდა. მხოლოდ დილით დავუკავშირდით ერთმანეთს. სახლში არსებული ნივთებიდან აღარაფერი დაგვრჩა. სამი დღეა, სამხედროები ჩვენს სახლს ჰგვიან და დასასრული არ აქვს. ქვედა სართულში ისევ ყრია წყლისგან შეტანილი მიწა. უამრავი ადამიანი გვაკითხავს, გვეხმარება, ჩვენი რწმუნებული გიორგი დალაქიშვილი ოჯახის წევრივით გვყავს, რადგან მას შემდეგ სულ ჩვენთან არის. არ მეგონა, მთავრობა ასე თუ დაგვიდგებოდა გვერდით, ყოჩაღ მაგათ!

„ქრონიკა+“-მა ფეხდაფეხ მოიარა ნანა ოქრუაშვილის სახლი. ეზოში ტალახში ამოსვრილი და განადგურებული ტელევიზორი, კომპიუტერი, ბავშვების სათამაშოები, უთო, თეფშები და სხვა საგნები ეყარა. ქვედა სართულის ის ოთახი, სადაც წლინახევრის ბავშვს, ამ ტრაგიკულ ღამეს, მამასთან ერთად ეძინა, კვლავ მიწით იყო ამოვსებული. ზედა სართულის გაბზარული კედელი რომ სახლს კარგს არაფერს უქადის, ოქრუაშვილებმაც იციან, მაგრამ მაინც წინააღმდეგი არიან კარმიდამოს მიტოვების.

სოფლის ვიწრო გზებზე, რამდენიმე ადგილზე, მიწის ნაპრალები შეინიშნება. იქ საფრთხის „სუნი“ კვლავ იგრძნობა, თუმცა მცხოვრებლების შემართება ცუდზე ნაკლებად გაფიქრებს.

სოფელში სტიქიის შემდეგ სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის ექიმების ბრიგადა მუდმივად იმყოფება და დაზარალებულ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.

ნინო ოქრუაშვილი:

_ ღამის 10 საათზე დაიწყო საშინელი სეტყვა და წვიმა. ძლიერი წვიმა სხვა დროსაც ყოფილა, მაგრამ ასეთი არასდროს მინახავს. ყველაფერი ზანზარებდა და გრიალებდა. ამას ელვა-ჭექაც ერთვოდა. წვიმამ რომ გადაიღო, გრიალი მაინც გაგრძელდა. მერე გავიგეთ, რომ ხევებში წყალი იყო მოვარდნილი. თავიდან ვახერხებდით გამკლავებას, მაგრამ მერე თავი დავანებე. სახლში არ შემომვარდნია ეს საშინელება, მაგრამ ბოსტნის ნახევარი წაღებული დაგვხვდა. ჩამოქცეული მთაც დილით დავინახეთ. არაჩვეულებრივი სანახავი იყო, სულ გამწვანებული. ახლა შემზარავი საყურებელი კლდე არის. ამ მთას ხუმრობით „სიდედრის ენასაც“ ეძახიან და, აი, ხომ ხედავთ, რა დაგვმართა. უხუცესები გვყავს სოფელში _ 105 წლის ადამიანიც ცხოვრობს, მაგრამ ასეთი რამ მათაც არ უნახავთ.

მაია მარღიშვილს ნიაღვარმა ღობე გადმოუნგრია და სახლში შეუვარდა. „ქრონიკა+“-თან საუბრის დროს მან სამძიმარი გამოუცხადა იმ ღამეს სტიქიის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს და დასძინა, რომ მართალია, სოფელს წყალმა და მეწყერმა დიდი ზიანი მიაყენა _ დატბორა სახლები, დააზიანა სახურავები, წყალმა წაიღო რამდენიმე ბოსელი საქონლით, ერთი ადამიანი ძლივს გამოსტაცეს სტიქიას და გადაარჩინეს, მაგრამ ამ გაჭირვებაში მათ მთავრობა დაუდგა გვერდით და დახმარება გაუწია. განსაკუთრებულ მადლობას კი ადგილობრივები წყნეთის მუნიციპალიტეტის რწმუნებულს, გიორგი დალაქიშვილს ეუბნებიან, რომელიც 24 საათი გვერდიდან არ მოსცილებია მათ და ყველანაირ დახმარებას უწევდა.

ახალდაბელთა თავს გადახდენილი ამბით შეძრულმა დავტოვეთ სოფელი. იმის შიშით, რომ გზაზე რამე საფრთხე არ შეგვქმნოდა, წყნეთამდე რმუნებული გიორგი დალაქიშვილი გამოგვყვა. გზად წყნეთში იმ სამთავრობო აგარაკებზეც  შევიარეთ, სადაც ამ სოფლიდან ვერტმფრენით გადმოყვანილი ბავშვები, ქალები და მოხუცები იყვნენ დაბინავებულნი. როგორც აგვიხსნეს, ეს სახლი წინათ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის აგარაკი იყო. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულ ადამიანებს იქ არაჩვეულებრივი პირობები ჰქონდათ შექმნილი. ახალდაბელები მათი სოფლის გმირს სიყვარულით შეხვდნენ. ბავშვები გარს შემოეხვივნენ და სურათები ერთად გადაიღეს. როგორც გავარკვიეთ, გზებისა და კომუნიკაციების სრულად აღდგენის შემდგომ მათ თავიანთ სახლებში დააბრუნებენ.

 

                                                                                   ნელი ვარდიაშვილი

e6

e1

e2

e3

e4

e5