11 მარტს ბიძინა ივანიშვილის სახლთან შიმშილობის აქცია იწყება!

trreewww

აქციას „საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის“, „ცეკავშირის“ აქციონერები სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით იწყებენ, რომელთაც უერთდება მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი არჩილ ჩუბინიძეც. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ადვოკატი კლიენტების ინტერესების დასაცავად უვადო შიმშილობას დაიწყებს.

როგორც „ქრონიკა+“-ს არჩილ ჩუბინიძემ განუცხადა, მან „ცეკავშირის“ აქციონერების დასაცავად საქართველოში ყველა სამართლებრივი გზა ამოწურა, ამიტომაც მიმართავს პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.

ადვოკატის განცხადებით, „ცეკავშირის“ ქონების მითვისების საქმე გამოძიებულია და მას შემდეგ, რაც დამნაშავეებს ბრალი უნდა წარდგენოდათ, უკვე დასრულებული სისხლის სამართლის საქმე თაროზე შემოდეს, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანეს და „პანორამა-თბილისისათვის“ სწორედ მითვისებული შენობა შეაძენინეს. არჩილ ჩუბინიძის განმარტებით, „ცეკავშირის“ ქონების მითვისებაში ეჭვმიტანილ პირებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მფარველობს.

რა მოხდა რეალურად „ცეკავშირის“ საქმეში? რა სქემით გასხვისდა ქონება? როგორ აღმოჩნდა მეპატრონეთა შორის იმერეთის ყოფილი გუბერნატორი დავით მუმლაძე და რატომ შემოდეს თაროზე უკვე გამოძიებული საქმე? _ მივყვეთ თანმიმდევრობით.

2006 წლის 10 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #92060170 საქმეზე, „საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის _ ცეკავშირის“ ხელმძღვანელ პირთა მიერ „ცეკავშირის“ კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „ცეკავშირის“ უფლებამოსილი ორგანოს მიერ 1995 წლის 30 მაისს დაარსდა შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურება“, რომელიც ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობისა და ექსპლუატაციის მიზნით საწესდებო კაპიტალში გადასცა თავისუფლების მოედნის #7-ში მდებარე 10929 კვ.მ საბინაო, ნარჩენი ღირებულებით და 530 891 ლარად შეფასებული არასაცხოვრებელი ფართი, რომლის ნაწილიც, 3486 კვ.მ, 1996-1999 წლებში გაურკვეველ ვითარებაში გასხვისდა სხვადასხვა პირებზე. კერძოდ: 205 კვ.მ გადაეცა ორგანიზაცია „ქალები მშვდობისათვის“, 300 კვ.მ შპს „ევრომარკეტს“, 2441 კვ.მ „საქართველოს ეროვნულ ბანკს“ და 540 კვ.მ ამჟამად ლიკვიდირებულ „საინვესტიციო სავაჭრო ბანკს“, რომელიც შემდგომში გადავიდა ჯერ ზურაბ აზმაიფარაშვილის, ხოლო შემდეგ მერაბ ბუჩუკურის საკუთრებაში და სადაც განთავსდა დავით მუმლაძისა და მამუკა აბესაძის მიერ შექმნილი დაცვის სამსახური „ატლანტი“ (შემდგომში _ „იუნაიტედ სეკიურიტი“). ცნობილი იყო, რომ აღნიშნული 540 კვ.მ ფართი დავით მუმლაძის არაოფიციალურ საკუთრებას წარმოადგენდა. ზემოაღნიშნული ცვლილების შემდეგ შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ ბალანსზე რიცხულმა შენობის ფართმა შეადგინა 7443 კვ.მ.

შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ სამეთვალყურეო საბჭოს 2005 წლის 9 მარტის სხდომის ოქმის მიხედვით სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს მამუკა აბესაძე, მოადგილედ _ ზურაბ გეგეჭკორი, წევრად _ პოლიკო ხანთაძე.

ამავე წყაროს ინფორმაციით:

2005 წლის 4 მარტს შპს „ინტერაუდიტის“ მიერ, წინასწარ შეთანხმებისამებრ, შეფასდა შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ საწესდებო კაპიტალში ჩადებული 7443 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 3 704 835 ლარად (რაც მის რეალურ ფასთან შედარებით 10-ჯერ ნაკლებია). შპს-ს დამფუძნებლის _ „ცეკავშირის“ 2005 წლის 9 მარტის დადგენილებით (სხდომის ოქმი N2, მუხ. 3) საწესდებო კაპიტალში შევიდა ცვლილება და საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 3704835 ლარით. 2005 წლის 11 მარტს შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ წესდებაში შევიდა ცვლილება და წესდება დამტკიცდა ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც: 4.1 მუხლის თანახმად საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 3704835 ლარით, 7.1 მუხლის მიხედვით საზოგადოების მართვის ორგანოებად დაწესდა პარტნიორთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო სამი კაცის შემადგენლობით და დირექტორი. 7.5 მუხლის შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანებსა და კომპეტენციაში შევიდა წილთა შეძენა-გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია; უძრავი ქონებისა და მისი მსგავსი უფლებების შეძენა, გასხვისება, დატვირთვა ან იჯარით გაცემა, აგრეთვე წარმოების იჯარით გაცემა ან მისი საქმიანობის შეწყვეტა. 2005 წლის 20 აპრილის დადგენილებით, შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ წესდებაში შევიდა უმნიშვნელო ცვლილება და წესდება დამტკიცდა ახალი რედაქციით. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა გიორგი გველესიანი. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დარჩა „ცეკავშირის“ გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მამუკა აბესაძე, მის მოადგილედ _ ზურაბ გეგეჭკორი, ხოლო წევრად _ პოლიკო ხანთაძე. აღნიშნული ცვლილებებით გამგეობის იმდროინდელ თავმჯდომარეს, ივანე ქელბაქიანს, მოადგილეს და შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა აბესაძეს, წინასწარი გეგმისა და შეთანხმებისამებრ, იურიდიულად მიეცათ საშუალება, „ცეკავშირის“ საბჭოს კრებისგან დამოუკიდებლად გაესხვისებინათ ცეკავშირის მიერ შპს „სამეურნეო და კომუნალურ მომსახურებაში“ საწესდებო კაპიტალის სახით ჩადებული 7443 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი.

„ცეკავშირის“ ადვოკატის განმარტებით, სქემა შემდეგი მიმართულებით გაგრძელდა (მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი კანონის შესაბამისად სამეთვალყურეო საბჭოს ამგვარი ქმედების განხორციელების უფლება არ ჰქონდა შპს-ს დამფუძნებლის, „ცეკავშირის“ გვერდის ავლით): შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურება“ და ვინმე ბადრი კაჭარავა 2005 წლის 2 სექტემბერს ნოტარიუს ოთარ ზოიძესთან ამოწმებენ შპს „იალქნის“ (ს/ნ205088661) წესდებას, რომლის მიხედვითაც შპს „იალქნის“ საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 10000000 (ათი მილიონი) ლარით, სადაც შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ სამეთვალყურეო საბჭომ საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის სახით ჩადო თბილისში, თავისუფლების მოედნის N7-ში მდებარე ზემოთ ხსენებული 7443 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც 02.09.2005 წელს, შპს „აუდიტ-რეფორმატორის“ მიერ  შეფასდა არარეალურად დაბალ ფასად _ 3700000 (სამი მილიონ შვიდასი ათასი) ლარად, ანუ 1კვ.მ 497 ლარად, როცა იმავე შენობაში განთავსებული მერაბ ბუჩუკურის კუთვნილი 540 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, ამავე აუდიტორის მიერ, ერთი თვის შემდეგ, 24.10.2005 წელს შეფასდა 500000 (ხუთასი ათასი) ლარად, ანუ 1 კვ.მ 925,9 ლარად. ბადრი კაჭარავამ შპს „იალქნის“ საწესდებო კაპიტალში თავის წილად შეიტანა წინა დღეს, 01.09.2005 წელს, თავის პარტნიორ თამაზ მაღლაკელიძისგან ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას #16-ში არსებული შენობის მე-13 და მე-14 სართულებზე მდებარე 1016 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც ნოტარიუს პ. შენგელიას მიერ 09.09.2004 წელს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით (რეესტრის N1-2811) დატვირთული იყო იპოთეკით ს/ს „საქართველოს ბანკის“ მიერ შპს „ატლანტი-უსაფრთხოების სამსახურზე“ გაცემული 100 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ფართი 02.09.2005 წელს შპს „ბუღალტრული ექსპერტიზისა და აუდიტის“ მიერ შეფასდა 1.300000 (ერთი მილიონ სამასი ათასი) ლარად, ანუ 1 კვ.მ 1279,5 ლარად. მიუხედავად ამისა, ბ. კაჭარავას წილობრივი კუთვნილება განისაზღვრა 63%-ით, ხოლო შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ წილი განისაზღვრა 37%-ით. იმისათვის, რომ წილთა ამგვარ განაწილებას გარკვეული გამართლება ჰქონოდა, შპს „იალქნის“ წესდებაში მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქ/პუნქტით ფორმალურად განისაზღვრა ბ. კაჭარავას დამატებითი ვალდებულება, საწესდებო კაპიტალში 2007 წლის 3 სექტემბრამდე განეხორციელებინა ფულადი შენატანი 5000000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით, რაც დღემდე არ მომხდარა. წესდების მიხედვით შპს „იალქნის“ საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობა, რაც კანონით არ არის აკრძალული. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად დაინიშნენ ავთანდილ ჯანგობეგოვი (პირადი N18001002856), კახაბერ წაქაძე (პირადი N18001023034) და ელიზბარ რაქვიაშვილი (პირადი N01030014915). აღსანიშნავია, რომ შპს „იალქნის“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში მოხდა 2005 წლის 7 სექტემბერს და იურიდიულ მისამართად დაფიქსირდა თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N16. დირექტორად დაინიშნა გაიოზ ყუბანეიშვილი.

აღნიშნულიდან 1 კვირის შემდეგ, 2005 წლის 15 სექტემბერს, ე. წ. ფორმალობების დაცვის მიზნით, შპს „იალქანმა“ მიიღო წერილი N17/9-05 შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანიისგან“ (დამფუძნებელი „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ნ.ვ.“ (GRDC), რომელიც დაფუძნებულია ნიდერლანდებში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ჰოლანდიელ ბიზნესმენ ბობ მეიერის მიერ), რომლის მიხედვითაც შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანია“, როგორც საერთაშორისო და საინვესტიციო კომპანიების პარტნიორი, დაინტერესებულია შპს „იალქნის“ საკუთრებაში არსებული თბილისი, თავისუფლების მოედნის N7-ში მდებარე „შვიდსართულიანი ადმინისტრაციული შენობით“ და სთავაზობს შენობის რეკონსტრუქციასა და განვითარებას. აღნიშნული წერილის პასუხად შპს „იალქანი“ 2005 წლის 22 სექტემბრის N1-ლი მიმართვით თანხმობას აცხადებს შეთავაზებულ წინადადებაზე. 2005 წლის 3 ოქტომბერს N18/10-05 წერილით შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანია“ შპს „იალქანს“ სთავაზობს ერთობლივი შპს-ს დაფუძნებას, რომლის საწესდებო კაპიტალშიც „იალქანმა“ უნდა შეიტანოს  თბილისი, თავისუფლების მოედნის N7-ში მდებარე ზემოთ ხსენებული არასაცხოვრებელი ფართი. 2005 წლის 16 ოქტომბრის N2 წერილით შპს „იალქანი“ თანხმდება შეთავაზებულ წინადადებაზე და 2005 წლის 24 ოქტომბერს ნოტარიუს ოთარ ზოიძის მიერ დამოწმდა შპს „იალქნის“, მერაბ ბუჩუკურისა და შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანიის“ (ს/ნ205042121) მიერ ერთობლივად შექმნილი შპს „ბიზნეს პალასის“ (ს/ნ204491978) წესდება, რომლის მიხედვითაც შპს „იალქანმა“ შპს „ბიზნეს პალასის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა თავისუფლების მოედნის N7-ში მდებარე ხსენებული არასაცხოვრებელი ფართი, შეფასებული 3700000 (სამი მილიონ შვიდასი ათასი) ლარად. მერაბ ბუჩუკურმა შეიტანა იმავე შენობაში არსებული ზემოთ ხსენებული 540 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, შეფასებული 500000 (ხუთასი ათასი) ლარად, ხოლო შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანიას“ უნდა შეეტანა 1.800000 (ერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი 2010 წლის 31 დეკემბრამდე, რაც  დღემდე არ არის შეტანილი. წილობრივი კუთვნილება განისაზღვრა შემდეგნაირად: შპს „იალქანი“ _ 61,667%, მერაბ ბუჩუკური _ 8,333% და შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანია“ _ 30%. შპს „ბიზნეს პალასის“ კაპიტალი განისაზღვრა  6000000 (ექვსი მილიონი) ლარით. სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირება მოხდა 2005 წლის 4 ნოემბერს, მისამართად დაფიქსირდა თბილისი, თავისუფლების მოედანი N7 და დირექტორად დაინიშნა შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანიის“ დირექტორი, ირაკლი კილაურიძე.

2005 წლის 10 ნოემბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია (Nგ-1112/2005) შპს „ბიზნეს პალასში“ შპს „იალქნის“ კუთვნილი 61,667% წილის გირავნობა „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ნ.ვ.“-ს სასარგებლოდ (საფუძველი _ ნოტარიუს ოთარ ზოიძის მიერ 07.11.2005 წელს დამოწმებული გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად დავით სულთანიშვილმა „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ნ.ვ.“-სგან ისესხა 500 000 აშშ დოლარი).

2006 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძე „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ნ.ვ.“-ს სახელით იძლევა თანხმობას ზემოთ აღნიშნული გირავნობის საგნის, ანუ შპს „ბიზნეს პალასში“ შპს „იალქნის“ წილის გაყიდვაზე, რის შემდეგაც 2006 წლის 23 იანვარს ნოტარიუს ოთარ ზოიძესთან გაფორმდა ხელშეკრულება შპს „ბიზნეს პალასში“, შპს „იალქნის“ წილის, შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანიის“ მიერ გადახდის განვადებით (ოთხი მილიონ შვიდას ოცდაორი ათას ორას ოცდაორი) აშშ დოლარად ყიდვის შესახებ, საიდანაც 1527778 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2006 წლის 31 იანვრამდე, ხოლო დარჩენილი თანხა 2012 წლის 31 იანვრამდე.

2006 წლის 26 იანვარს ნოტარიუს ოთარ ზოიძესთან (რეგისტრაციის N1-190) გაფორმებული გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „იალქნის“ მიერ შპს „ბიზნეს პალასში“ არსებული კუთვნილი წილის შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანიაზე“ მიყიდვის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ 37%-იანი წილი შპს „იალქანში“.

2006 წლის 31 იანვარს, ნოტარიუს მედეა გვაზავას მიერ დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით, „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ნ.ვ.“ (GRDC) და შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანია“, ს/ს „თიბისი ბანკთან“ აფორმებს საკრედიტო ხაზს სესხის სახით 10000000 (ათი მილიონი) აშშ დოლარის მიღების შესახებ და სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით იტვირთება უკვე შპს „ბიზნეს პალასის“ საკუთრებაში არსებული თავისუფლების მოედნის N7-ში მდებარე „ცეკავშირის“ ყოფილი შენობა.

შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანიამ“, ს/ს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით, შპს „იალქანს“ ჯერ 2006 წლის 31 იანვარს გადაურიცხა 1847255,16 ლარი, ხოლო შემდეგ 2006 წლის 1-ლ თებერვალს 921842,47 ლარი, სულ, ჯამში, 2769097,63 (ორი მილიონ შვიდას სამოცდაცხრა ათას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი.

ამის შემდგომ, კვალის დაფარვის მიზნით, მამუკა ხაზარაძემ, მის მიერვე დაფუძნებულ კომპანიებში, უხეშად რომ ვთქვათ, გადაათამაშა ხსენებული კომპანიების წილები და კომპანიებს შეუცვალა სახელწოდებები და დამფუძნებლები. მაგალითად: შპს „ბიზნეს პალასს“ შეუცვალა სახელწოდება და დაარქვა შპს „თავისუფლების 7“; „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ნ.ვ.“ გადასცა „GRDC „-ს და ა. შ.

ამის შემდეგ, 2006 წლის 31 იანვარს, შპს „იალქნის“ სამეთვალყურეო საბჭოსა და პარტნიორთა კრების _ ბადრი კაჭარავასა და შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ წარმომადგენელ გიორგი გველესიანის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შპს „იალქანმა“ იყიდოს სამშენებლო საინვესტიციო კომპანია შპს „ლიბოს“ (ს/ნ205086413) საწესდებო კაპიტალში დამფუძნებელ დავით სულთანიშვილის 87,5%-იანი წილი და შპს „ლიბოს“ სტრატეგიული განვითარების კონცეფციის შესაბამისად გაზარდოს ამავე კომპანიის საწესდებო კაპიტალი.

2006 წლის 1-ლ თებერვალს ნოტარიუს ოთარ ზოიძის სანოტარო ბიუროში გაფორმდა შპს „ლიბოს“ წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დავით სულთანიშვილის 87,5%-იანი წილი შპს „იალქანმა“ იყიდა 971000 (ცხრაას სამოცდათერთმეტი ათასი) ლარად, რის გამოც შპს „იალქანმა“ შპს „ბიზნეს პალასში“ არსებული თავისი წილის გაყიდვის შედეგად მიღებული 2769097,63 (ორი მილიონ შვიდას სამოცდაცხრა ათას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარიდან, 971000 (ცხრაას სამოცდათერთმეტი ათასი) ლარი ჩარიცხა დავით სულთაშვილის ანგარიშზე, რის შემდეგაც, იმავე დღეს, შპს „ლიბოს“ ანგარიშზე, შპს „ლიბოს“ კაპიტალის გასაზრდელად, გადარიცხა 1312500 (ერთი მილიონ სამას თორმეტი ათას ხუთასი) ლარი, ანუ სულ გადაირიცხა 2283500 (ორი მილიონ ორას ოთხმოცდასამი ათას ხუთასი) ლარი. შპს „ბიზნეს პალასში“ არსებული შპს „იალქნის“ წილის სანაცვლოდ მიღებული 2769097,63 (ორი მილიონ შვიდას სამოცდაცხრა ათას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარიდან დარჩენილი 485597 (ოთხას ოთხმოცდახუთი ათას ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი მიითვისა მამუკა აბესაძემ და დავით მუმლაძემ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ შპს „ლიბო“ დავით სულთანიშვილისა და შპს „გამას“ მიერ დაფუძნდა 2005 წლის 25 აგვოსტოს, რომლის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 2000 ლარს. 2005 წლის 22 ნოემბერს შპს „ლიბოს“ კაპიტალი გაიზარდა 600 000 ლარით, საიდანაც 525 000 ლარი იყო დავით სულთანიშვილის გადასახდელი, რომლის ნაწილიც _ 400 000 ლარი _ უნდა შეეტანა საწესდებო კაპიტალის ცვლილების რეგისტრაციამდე, ხოლო დანარჩენი თანხა _ 2005 წლის 31 დეკემბრამდე. ს/ს „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით 2005 წლის 25 ნოემბერს ს/ს „თიბისი ბანკის“ მარჯანიშვილის ფილიალიდან შპს „ლიბოს“ საწესდებო კაპიტალში (ანგარიშის N303467668) დავით სულთანიშვილის წილის შესავსებად ამ უკანასკნელის ანგარიშიდან ჩაირიცხა 413 100 ლარის ეკვივალენტი 229 500 აშშ დოლარი (დავით სულთანიშვილმა ზემოთ აღნიშნული თანხა, დაახლოებით, 900 000 ლარი ისესხა GRDC -სგან (მამუკა ხაზარაძისგან), გირავნობით დაიტვირთა შპს „იალქნის“ 61% წილი „ბიზნეს პალასში“, ხოლო ეს ვალი დაიფარა `იალქნისგან~ მიღებული წილის ნასყიდობით (მითებული თანხით).

ამის შემდეგ, 2006 წლის 28 დეკემბერს, მამუკა აბესაძემ შპს „იალქნისაგან“ 1600000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარად გადახდის განვადებით იყიდა შპს „იალქნის“ კუთვნილი წილი შპს „ლიბოში“. აღნიშნული 1600000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარის გადახდის ბოლო ვადა იყო 2012 წლის 31 მარტი (აღნიშნული თანხა არ არის გადახდილი).

2012 წლის 12 აპრილს შპს „იალქნის“ დამფუძნებელმა, ბადრი კაჭარავამ, მიიღო გადაწყვეტილება შპს „იალქნის“ დირექტორობიდან გაიოზ ყუბანეიშვილის განთავისუფლებისა და შპს „გამას“ დამფუძნებელ დავით მაყაშვილის დანიშვნის შესახებ. ამ გადაწყვეტილებასა და საჯარო რეესტრში ცვლილებების სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში საკონტაქტოდ მითითებული იყო დავით მუმლაძის პირადი ელექტრონული ფოსტა: [email protected], რომელიც არის დავით მუმლაძის მიერ დაარსებული კერძო დაცვის ფირმის „ვებ-გვერდი“. ამ ცვლილებების სარეგისტრაციო ბაჟი გადახდილი აქვს მამუკა აბესაძეს.

ბადრი კაჭარავამ შპს „იალქნის“ საწესდებო კაპიტალში ჩადებული ვაჟა-ფშაველას N16-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი უკანვე დაუბრუნა თამაზ მაღლაკელიძეს შპს „ბიზნეს პალასში“ შპს „იალქნის“ წილის გაყიდვის შემდეგ. საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2006-2008 წლებში ბადრი კაჭარავასა და თამაზ მაღლაკელიძის ფირმები კომერციულ გარიგებებში მონაწილეობდნენ „GRDC „-ს მიერ დაფუძნებულ შპს „თბილისი ინტერნეიშენელისთან“.

2006 წლის 18 აგვისტოს მამუკა აბესაძემ ვინმე გოჩა ნიკოლაძეს 2704840 ლარად, ანუ საწესდებო კაპიტალზე თითქმის 1000000 ლარით ნაკლებად, გადახდის განვადებით მიჰყიდა შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ 100%-იანი წილი. გადახდის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 31 მარტი, რაც დღემდე არ გადაუხდია. ამასთან ერთად მამუკა აბესაძემ დაიწყო „ცეკავშირის“ ლიკვიდაციის პროცესი, რაც ვერ განახორციელა.

გოჩა ნიკოლაძემ დადგენილ ვადაში არ გადაიხადა შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ 100%-იანი წილის საფასური და უარი განაცხადა ამ წილის უკან დაბრუნებაზეც. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვადის გასვლის შემდეგ, 2012 წლის 17 დკემბერს, „ცეკავშირის“ გამგეობის თავმჯდომარე რ. ადამაძემ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების წესით ბრძანების გაცემის თაობაზე გოჩა ნიკოლაძის მიერ თანხის გადახდევინების შესახებ. 2013 წლის 3 იანვარს გ. ნიკოლაძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარადგინა პროტესტი, რომლითაც უარი განაცხადა ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდაზე, რის საფუძველზეც რ. ადამაძეს უარი ეთქვა გადახდევინების ბრძანების გაცემაზე (03.01.2013 წლის გადაწყვეტილება N12121728/10649).

2007 წლის 14 მაისს „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია ნ.ვ.“-მ, 20000000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის კრედიტის მიღების მიზნით, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ სასარგებლოდ დააგირავა შპს „თბილისის უძრავი ქონების კომპანიასა“ და შპს „ბიზნეს პალასის“ 100%-იანი წილები და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უკვე შპს „ბიზნეს პალასის“ საკუთრებაში არსებული თბილისი, თავისუფლების მოედნის N7-ში მდებარე „ცეკავშირის“ ყოფილი შენობა.

2005 წლის 30 სექტემბერს „ცეკავშირის“ XXIII მოწვევის საბჭოს X კრებამ როინ ადამაძე აირჩია „ცეკავშირის“ თავმჯდომარედ, რომელსაც 2006 წლის 31 იანვარს მოსამართლე ი. ადეიშვილმა შეუჩერა უფლებამოსილება.

2006 წლის 10 თებერვალს „ცეკავშირის“ გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა მამუკა აბესაძე, რომელმაც გენერალურ პროკურატურაში რ. ადამაძის მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე აღძრულ სისხლის სამართლის #74068027 საქმესთან დაკავშირებით 2006 წლის 13 ივნისს მიმართა პროკურატურას და აცნობა, რომ „ცეკავშირის“ ადმინისტრაციული შენობის გასხვისება მოხდა თითქოსდა კანონიერად და „ცეკავშირს“ აღნიშნულ საქმეზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლის #74068027 საქმეზე პასუხისგებაში მიეცა შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ დირექტორი, გიორგი გველესიანი, იმის გამო, რომ ნაცვლად 22 ლარისა, ადმინისტრაციულ შენობაში ფართებს აქირავებდა 1 კვ.მ-ს 20 ლარად. გიორგი გველესიანთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ჯარიმა განისაზღვრა 1000000 (ერთი მილიონი) ლარად. გიორგი გველესიანმა საპროცესო შეთანხმებისთვის გადახდილი თანხა მიიღო ასევე წინასწარ შემუშავებული კომბინაციებით, კერძოდ: შპს „იალქანმა“ ს/ს „თიბისი ბანკისგან“ ისესხა, დაახლოებით, 1500000 აშშ დოლარი (თავდები მამუკა ხაზარაძე); აღნიშნული თანხა „იალქანმა“ ასესხა გოჩა ნიკოლაძეს; გოჩა ნიკოლაძემ აღნიშნული თანხა გადაიხადა შპს „სამეურნეო და კომუნალურ მომსახურებაში“, რითაც იყიდა შპს „სამეურნეო და კომუნალური მომსახურების“ 37%-იანი წილი შპს „იალქანში“ (ეს ნასყიდობა ოფიციალურად არ გაფორმებულა); შპს „სამეურნეო და კომუნალურ მომსახურებაში“ ჩარიცხული თანხა სესხის სახით აიღო გიორგი გველესიანმა, 1 მლნ ლარი გადაიხადა  საპროცესო შეთანხმებაში, ხოლო დანარჩენი თანხით, დაახლოებით, 870 000 აშშ დოლარით, აუქციონზე შეიძინა 4 მიწის ნაკვეთი; აღნიშნული ნაკვეთები, დაახლოებით, 400 000 აშშ დოლარად გადახდის განვადებით მიჰყიდა შპს „ბათუმი ბიზნეს პლაზას“, რომლის დამფუძნებელიცაა GRDC (მ. ხაზარაძე, დირექტორი ი. კილაურიძე), თუმცა ამ მიწის ნაკვეთების შემძენი სხვა მსურველის გამოჩენის შემდეგ გაცილებით მეტ თანხაში გაიყიდა (მიღებული თანხები კი ამავე პირებმა მიითვისეს).

შპს „იალქანში“ ჩარიცხული თანხებით გაიოზ ყუბანეიშვილმა საგურამოში შეიძინა მიწის ნაკვეთები, რომელიც შემდგომ გადააფორმა მამუკა აბესაძის სახელზე, აგრეთვე შეიძინეს სხვადასხვა ძვირადღირებული უძრავი ქონება, რომელიც შემდგომ გადაფორმდა დავით მუმლაძის სახელზე.

ეს სტატისტიკა და ციფრები უცვლელად მხოლოდ იმიტომ მოვიტანეთ, რომ მკითხველისთვის უფრო ცხადი გამხდარიყო, როგორ აღმოჩნდა იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, დავით მუმლაძის ხელში ქ. თბილისში, ცენტრალურ უბანში მდებარე პრესტიჟული შენობა?! გავრცელებული ინფორმაციით, მუმლაძემ სწორედ იმერეთის გუბერნატორის პოსტიდან სკანდალური წასვლის შემდეგ მოითხოვა მისთვის საკომპენსაციოდ სწორედ „ცეკავშირის“ შენობის გადაცემა, რაც, საბოლოოდ, განხორციელდა კიდეც.

„ცეკავშირის“ აქციონერებმა წინა ხელისუფლების პირობებში სამართალი ვერ იპოვეს, მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა. 2006 წელს აღძრული სისხლის სამართლის საქმე დიდხანს იდო თაროზე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ განცხადებით ისევ მიმართა მთავარ პროკურატურას. ადვოკატის განცხადებით საქმეზე გამოძიება, პრაქტიკულად, დასრულებულია. არ მომხდარა „ცეკავშირის“ შენობის დაყადაღება და სადავო შენობა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ მიჰყიდა ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდს“ „პანორამა თბილისის“ განსახორციელებლად.

„ჩვენ, ცხადია, არანაირი აღმშნებლობის წინააღმდეგი არ ვართ, კონკრეტულმა პირებმა შექმნეს ყველა პირობა იმისთვის, რომ „ცეკავშირის“ მეპაიეთა მთელი აგრესია მიმართულიყო სწორედ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ეს მიზანმიმართული საბოტაჟია პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ერთი მხრივ, პროკურატურა სრულიად უმოქმედოა, მეორე მხრივ, მეპაიეთა სახელით არაერთგზის მივმართეთ ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ მან ამ თხოვნას ყურადღება, უბრალოდ, არ მიაქცია, წერილი გავუგზავნეთ ყოფილ პრემიერსაც, „თანაინვესტირების ფონდს“ არ შეეძინა სადავო შენობა, მაგრამ „ცეკავშირის“ მეპაიეთა თხოვნამ ადრესატამდე არც ამჯერად მიაღწია. რაკი ყველა სამართლებრივი მექანიზმი ამოვწურე, იძულებული ვხდები, მივმართო პროტესტის უკიდურეს ფორმას და ბიძინა ივანიშვილის სასახლის წინ 11 მარტს უვადო შიმშილობის აქცია დავიწყო ჩემს კლიენტებთან ერთად. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი პრემიერ ღარიბაშვილისა და მისი პროკურატურის დანაშაულებრივმა უმოქმედობამ არ დამიტოვა“, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს „ცეკავშირის“ მეპაიეთა ინტერესების დამცველმა, არჩილ ჩუბინიძემ.

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის „GRDC“ -ის წარმომადგენელს ლევან ყარალაშვილს დაუკავშირდა:

„GRDC ”-ს მხრიდან ყოფილი „ცეკავშირის“ შენობაში არსებული ფართების შეძენა განხორციელდა სხვადასხვა მფლობელებისგან არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით და არანაირ გადაცდენას ადგილი არ ჰქონია. ასევე, „GRDC „-ის მხრიდან არსებული შენობის შემდგომი გასხვისება თანაინვესტირების ფონდზე მოხდა საერთაშორისო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ამ ტრანსაქციის სრული შესწავლის შემდეგ საქართველოს მოქმედ კანონმდებოლობასთან სრული შესაბამისობით.“

 

იმერეთის ყოფილი გუბერნატორი, დავით მუმლაძე კი მომსახურების ზონიდან გასული აღმოჩნდა.

 

ელისო კილაძე