რუსები კახეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს პასპორტებს ურიგებენ

bu

წინა კვირას კახეთში ერთი საგანგაშო ფაქტი დაფიქსირდა, რასაც ისეთი ყურადღება არ დაეთმო, როგორსაც იმსახურებდა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ყვარელში გამართულ აქციაზე ვსაუბრობ. ამ ორგანიზაციებმა დაღესტნიდან კახეთში გადმომავალი გზის მშენებლობა გააპროტესტეს. შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ამ აქციას უკმაყოფილონი შეხვდნენ. ეთნიკურმა ლეკებმა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, თავისი აქცია ცალკე გამართეს, სადაც მოულოდნელი ლოზუნგი წამოისროლეს: ჩვენ რუსეთთან გვინდა, ქართველები კი ალაზნის გაღმა წადითო. მართალია, მომიტინგეთა შორის სხვა სახის დაპირისპირება არ მომხდარა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ საქართველოში ვიღაც რუსეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ითხოვს, შეიძლება მომავალი საფრთხის სიგნალი აღმოჩნდეს.

საქმე ის არის, რომ რუსული კანონმდებლობის მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, ყველგან დაიცვას თავისი მოქალაქეები, მსოფლიოს რომელ კონტინენტზეც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. შესაბამისად, თუკი კახეთში გარკვეული ჯგუფები მოითხოვენ რუსეთის მოქალაქეობას, ასეთ შემთხვევაში მათ უპრობლემოდ  დააკმაყოფილებენ. ამის შემდეგ კი რა შეუშლის ხელს რუსეთს, რომ კახეთში მცხოვრები თავისი მოქალაქეები იარაღით დაიცვას? _ არც არაფერი. სწორედ ეს გახლავთ მომავალი საფრთხეც, რაც ამ ეტაპზე დაუჯერებელიც კი ჩანს, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ ჯერ პასპორტების დარიგება და საკუთარ მოქალაქეებად გამოცხადება, შემდეგ კი სამხედრო დახმარების გაწევა რუსეთისთვის კარგად აპრობირებული მეთოდია, ნებისმიერი მოულოდნელობისთვის უნდა ვიყოთ მზად. ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო ცხინვალის რეგიონში 2005-2007 წლებში, როცა რუსებმა ოსებს პასპორტები და მოქალაქეობა ჩამოურიგეს. „ნაციონალებმა“ მაშინ ამ ფაქტს ჯეროვანი ყურადღება არ მიაქციეს, ხოლო ეს უყურადღებობა რითაც დაგვირგვინდა, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ასე რომ, საფრთხეების შეფასება და კონტრზომების მიღება არ გვაწყენდა.

თვითონ რუსეთში ძალიან საინტერესო პროცესები ვითარდება. მოსკოვში უკვე არ მალავენ, რომ პუტინმა რუსეთი ჩიხში შეიყვანა. ფაქტობრივად ასეცაა. რუსეთი ასეთი იზოლირებული და გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ცივი ომის წლებში თუ ყოფილა. იმ პერიოდს ვგულისხმობ, ნიკიტა ხრუშჩოვი ტრიბუნაზე რომ ფეხსაცმელს უბრაგუნებდა და მთელ მსოფლიოს ატომური ომით ემუქრებოდა. არ ვიცი, რამდენად მართებულია შედარება, მაგრამ დღეს პუტინი თამაშობს ხრუშჩოვის როლს. მეტიც, ცივი ომის პერიოდში რუსეთი ფინანსურად ნაკლებად იყო დამოკიდებული გარე სამყაროზე, დღეს კი დასავლეთის ფინანსურ სივრცეზეა მიბმული, ანუ პუტინს ისიც კი არ შეუძლია, რაც ნიკიტა ხრუშჩოვს შეეძლო. შესაბამისად, გამორიცხული არ არის, რომ თავისი წინამორბედივით დაასრულოს _ იძულებული გახდება, ძალაუფლებას შეელიოს. ერთი სიტყვით, სტალინობა უნდოდა და მგონი, ხრუშჩოვობასაც ვერ ქაჩავს. თუმცა ცნობილი აქსიომაა, როცა დიდი ხე ეცემა, ახლომახლო ყველაფერს ანადგურებს. მართალია, პუტინის დაცემამდე საუბარი ნაადრევია, მას ამჟამად სხვა ეტაპი აქვს გასავლელი _ თავის გადარჩენას ცდილობს; ხოლო თავის გადასარჩენი საუკეთესო საშუალება საქართველოა, ამიტომ პუტინი ცდილობს, უკრაინაში მიღებული მარცხი საქართველოთი გადაფაროს. უკრაინაში კი მართლაც ისეთი მარცხი იწვნია, რაც შეიძლება არა მარტო მისთვის, არამედ მთელი რუსეთისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. საქმე ის არის, რომ დასავლეთი იმაზე უფრო პრინციპული და შეუვალი აღმოჩნდა, ვიდრე მოსკოვში ელოდებოდნენ. ეკონომიკური სანქციებით რუსეთს მძიმე დარტყმა მიაყენეს, თანაც, როგორც ჩანს, დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ მრავალწლიანი სამოქმედო გეგმაც აქვს შემუშავებული. ეს კარგად ჩანს ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ ამ რამდენიმე დღის წინათ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც ნატოს ყოფილმა თავკაცმა ილაპარაკა, რომ ნატო-რუსეთის კონფლიქტი შესალოა, ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურდეს. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, რუსეთის ნეგატიური ქმედებები არა მხოლოდ უკრაინაზე აისახა, არამედ იმ ქვეყნებზეც, რომელთაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

„მოდელი აშკარაა: რუსეთს სჯერა, რომ თუ ეს კონფლიქტები არ მოგვარდება, ნატო და ევროკავშირი ახალი ქვეყნების გაწევრიანებას არ დაუშვებენ, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ ამ რეგიონებში მუდმივი არეულობა და დესტაბილიზაცია სუფევდეს“, _ აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა. ფაქტობრივად, ამ სიტყვებით რასმუსენი რუსეთის ტაქტიკას შიფრავს, ანუ საქართველო, მართალია, არ უხსენებია, მაგრამ ზუსტად იმ მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც რუსეთი საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიაში ახორციელებს. რასმუსენმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ თავის დროზე ნატოს გენერალური მდივნის რანგში პირველი გამოსვლისას განაცხადა, რომ იმედი ჰქონდა, ნატო და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები იქნებოდნენ: „ჩვენ ამაზე შევთანხმდით 2010 წლის სამიტზე. თუმცა დღეს რუსეთი ნატოს ოპონენტად განიხილავს და ამის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვფიქრობ, რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს. ეს შეიძლება მხოლოდ ერთმა ფაქტორმა შეცვალოს _ ნავთობის ფასმა, რასაც კონფლიქტის პერიოდის შემცირება შეუძლია“, _ ასეთი პროგნოზი გააკეთა რასმუსენმა.

მეორე მხრივ, რუსეთის მიმართ ასევე შეუვალი პოზიცია აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. ვაშინგტონი ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რუსეთთან საქმიანი ურთიერთობები უწინდებურად აღარ გააგრძელონ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ რუსეთის დელეგაციის ინდოეთში ვიზიტისა და იქ რიგი საქმიანი კონტრაქტების გაფორმების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა: „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომ არ აწარმოონ რუსეთთან ბიზნესურთიერთობები ძველებურად, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ვაგრძელებთ ამის მონიტორინგს. ბუნებრივია, არ ვიცნობთ ყველა კონტრაქტის სპეციფიკას ობიექტური მიზეზების გამო, მაგრამ გირჩევთ, გადახედოთ ამ კონტრაქტებს“, _ ამ სიტყვებით, ფაქტობრივად, ამერიკამ არა მარტო ინდოეთს, არამედ მთელ მსოფლიოს აუკრძალა რუსეთთან ურთიერთობა. მართალია, ზოგი გაიზიარებს ამ რეკომენდაციას და ზოგი _ არა, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას ეს ფაქტი კიდევ უფრო დაამძიმებს.

მოკლედ, ყველანაირად ჩანს, რომ დასავლეთი დროში გაწელილ თამაშს სთავაზობს რუსეთს. ალბათ სწორი ტაქტიკაა. რუსეთისგან განსხვავებით დასავლეთს დრო თავზესაყრელად აქვს. რუსეთისთვის კი ყოველ ახალ დღეს ახალი პრობლემები მოაქვს. სოციალური და ეკონომიკური ფონის გაუარესებას ვგულისხმობ. აი, ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობს რუსეთი. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ბერკეტები ნაკლებად აქვს. მხოლოდ იმას თუ გააკეთებს, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის, ანუ ახალ კონფლიქტს წამოიწყებს, მაგრამ კავკასიაში ახალი სამხედრო ავანტიურის წამოწყებით ნაკლებსავარაუდოა, რუსეთიდან კაპიტალის გადინება შეაჩეროს. პირიქით, ეს პროცესი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საქართველოში რაიმე სახის აგრესიის შემთხვევაში დასავლეთის სანქციები მომენტალურად გაათმაგდება. თუმცა პოლიტოლოგთა აზრით, ეს გარემოება პუტინს ნაკლებად აღელვებს. მისი პროგრამა მინიმუმი ამჟამად მდგომარეობის  შენარჩუნებაა. იგი პრეზიდენტის სავარძლის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს. ამიტომ სულაც არ არის შეუძლებელი, რომ თრუსოს ხეობის საკითხის გაცოცხლება ოსების მიერ, ხაჯიმბას მიერ ენგურჰესზე საუბრის დაწყება, შუა კახეთში რუსეთისთვის სიყვარულის გამოცხადება ერთმანეთს დავუკავშიროთ და ამ ერთ მთლიანობაში რუსეთის მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი ვეძებოთ. სხვათა შორის, იმასაც არ გამორიცხავენ, რომ კახეთში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე რუსებმა მალე თავიანთი პასპორტების გაცემაც დაიწყონ. მეტიც: საუბრობენ, რომ ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. ძნელია ჩვეულებაზე უარის თქმა და არც უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი თავის ჩვეულებებზე უარს იტყვის. მთავარია, ჩვენ დავხვდეთ მომზადებულები და ჩანაფიქრის იოლად განხორციელების საშუალება არ მივცეთ.

 

                                                                                                        დავით დევიძე