იძებნება „ოცნების“ 100 საწარმო!

n4

„სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრი“ კომპანია „ყაზტრანსგაზში“ არსებულ დარღვევებზე საუბრობს. ნეპოტიზმი, ბუნებრივი აირის „ლევი“ დანაკარგები, რომელიც მოსახლეობის კისერზე გადადის და დაუცველი ტექნიკური უსაფრთხოება, _ ეს იმ დარღვევათა ჩამონათვალია, რომელსაც ცენტრის ექსპერტები იკვლევენ და უახლოეს მომავალში საზოგადოებას ვრცელ დასკვნას წარუდგენენ. არასამთავრობო ორგანიზაციამ „100 ახალი საწარმოს“ შესახებაც ჩაატარა კვლევა და რეგიონებში ადგილებზე მოიძია, აშენდა თუ არა რეალურად ეს საწარმოები და დასაქმდა თუ არა იქ ხალხი?

ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი _ ნათია ქოქოსაძე:

_ ამჟამად ვმუშაობთ „ყაზტრანსგაზის“ შესახებ. კომპანიიდან უკვე გამოვითხოვეთ შესაბამისი ინფორმაცია და სამწუხაროდ, არაერთ დარღვევასთან გვაქვს საქმე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ნეპოტიზმი, როდესაც ნათესაურ, ან ახლო მეგობრულ კავშირებზე დაყრდნობით ინიშნებიან ადამიანები თანამდებობებზე. ამასთნავე, გაზმომარაგების საკითხში არის ძალიან მძიმე პრობლემა, რასაც ჰქვია „ლევი“, ანუ გაზის მასობრივი დანაკარგი, რის ხარჯსაც ყოველთვიურად იხდის მოსახლეობა. ბუნებრივ აირზე ძალიან მაღალი ტარიფია, ამასაც ისევ გაზის დანაკარგთან მივყავართ. როდესაც წლიურად იკარგება გაზი, იგი შეივსება წინა წლის ხარჯიდან, რაც თავისთვად ტარიფს ზრდის. ცალკე საკითხია, რამდენად ხარისხიანია დღესდღეობით ბუნებრივი აირი, ანუ რა რაოდენობის კალორიულობა აქვს მას და როგორია ოდორიზაციის მონაცემები? ამ საკითხებზე ახლა ვმუშაობთ, ვატარებთ კვლევას და გვაქვს ინტენსიური შეხვედრები ექსპერტებთნ _ როგორი უნდა იყოს ბუნებრივი აირი, რამდენად ხდება მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა, ამოწმებენ თუ არა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები მოსახლეობაში გაზქურებს, ან გაზის გამათბობლებს?  ყოველთვიურად, ან 20 დღეში ერთხელ, თითოეულ ოჯახში მოდის კომპანიის წარმომადგენელი და მრიცხველიდან ჩვენებას იწერს, თუმცა არ მოწმდება გაზქურა, ან გამათბობელი, ყოველთვიურად თუ არა, გარკვეული დროის შუალედითაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რეალურად, არ ხდება. უახლოეს მანძილზე დავდებთ კვლევის შედეგებს _ რა ხდება დღესდღეობით „ყაზტრანსგაზში“? სად მიდის გაზრდილი ტარიფის მიხედვით მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხები? როგორია დღეს ბუნებრივი აირის ხარისხი? ხდება თუ არა აქაც ე. წ. ფულის გათეთრება და კორუფცია? ამ ყველაფერზე პასუხს საზოგადოებას თქვენი გაზეთის მეშვეობით გავცემთ.

_ თქვენმა ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა „100 ახალი საწარმოს“ შესახებაც… მიაგენით სადმე?

_ დიახ, ჩავატარეთ კვლევა… გადავწყვიტეთ, შეგვემოწმებინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეს პროექტი: აშენდა თუ არა რეალურად ეს საწარმოები? თუ აშენდა, ფუნქციონირებს თუ არა და შეიქმნა თუ არა ამ საწარმოებში ახალი სამუშაო ადგილები? ამიტომ მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვთხოვეთ მოეწოდებინა დოკუმენტაცია „100 ახალი საწარმოს შესახებ“: ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენ საწარმოში მოხდა ინვესტირება; ამ საწარმოების საქმიანობა; საწარმოს ინვესტირების შემდგომი სამეწარმოე მოცულობები; გაცემული კრედიტის მოცულობა და ამ კრედიტის შედეგად საწარმოში შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები; ასევე საწარმოების იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები. სამინისტროსგან პასუხად მივიღეთ, რომ 2013 წლის მარტიდან აღნიშნულ პროექტს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. დაფინანსებულია 485 საწარმო და გაცემულია 58 462 554 აშშ დოლარი. სამინისტროსგან შევიტყვეთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას საკუთარ მუნიციპალიტეტში დაფინანსებული საწარმოების შესახებ. როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას გავეცანით, გადავწყვიტეთ, ადგილზე გვენახა საწარმოები. ვიმყოფებოდით კახეთის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში. ვესაუბრეთ იქაური საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებს, რომლებიც სრულყოფილად არ ფლობდნენ ინფორმაციას საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებული საწარმოების შესახებ. არადა, ეს ცენტრები სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა. მას შემდეგ, რაც მათგან კომპეტენტური პასუხი ვერ მივიღეთ, იძულებული გავხდით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არსებული რუკით გვეხელმძღვანელა და ისე მოგვეძებნა საწარმოები. რამდენიმე საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი თავად გამოგვყვა ადგილზე საწარმოების სანახავად, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, დამოუკიდებლად გვიწევდა ძებნა.

სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, რუკის მიხედვით, 9 საწარმო უნდა დაგვხვედროდა, რომელთაგან 3-ის შესახებ საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია. ხობში ერთადერთი საწარმო იყო რუკაზე აღნიშნული, რაზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ადგილობრივი საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელს. იგივე შემთხვევა იყო აბაშაში. მეტიც, იქ არსებული ერთ-ერთი საწარმო, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე რუკაზე აღნიშნულია, როგორც შეღავათინი აგროკრედიტის პროექტში მონაწილე საწარმო, რეალურად, დაფინანსებული იყო ერთ-ერთი უცხოური დონორი ორგანიზაციის მიერ. სენაკის შემთხვევაში რუკაზე აღნიშნული საწარმოები უკვე წლებია, ფუნქციონირებს და არანაირი კავშირი არ აქვთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტთან.

რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, ქუთაისში 7 საწარმო უნდა დაგვხვედროდა, როგორც ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე განთავსებულ რუკაზეა, თუმცა ადგილზე მათი არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ. მეტიც, იქ საკონსულტაციო ცენტრი საერთოდ არ დაგვხვდა. მივაკითხეთ ქუთაისის მერიას, ოფიციალური წერილით მოვითხოვეთ ინფორმაცია იქაური საკონსულტაციო ცენტრის შესახებ, თუმცა პასუხი ჯერ არ მოგვსვლია. ეს იყო 2014 წლის მაისში, მას შემდეგ 6 თვე გავიდა და ისევ ველით პასუხს. ვესაუბრეთ ქუთაისის მერის მოადგილეს, რომელმაც გვითხრა, რომ რადგან ქუთაისი თვითმმართველი ქალაქია, იქ არ არის ისეთი მიწები, სადაც წარმოება მოხდება. ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საიტზე განთავსებულ რუკაზე რატომ არის აღნიშნული ქუთაისში 7 საწარმო? სად არის რეალურად ეს საწარმოები?!

_ აქედან გამომდინარე, რა დასკვნას აკეთებთ?

_ დასკვნა ის არის, რომ ან მართლა არ არის ქუთისში საწარმოები და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მარტივად რომ ვთქვათ, იტყუება, ან არის, მაგრამ მათ შესახებ არც ქუთაისის მერიას სმენია რამე, არც გუბერნიას და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ადგილობრივ მოსახლეობას! ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე ქუჩის გამოკითხვა აწარმოა. აშკარად ჩანს, რომ ქუთაისის მცხოვრებლებს წარმოდგენა არ აქვთ 7 `იდუმალი~ საწარმოს შესახებ. ქუთაისის მერის მოადგილემ წყალტუბოში გადაგვამისამართა იმ ლოგიკით, რომ შესაძლოა, წყალტუბოს საკონსულტაციო ცენტრს ჰქონოდა ქუთაისის 7 საწარმოს შესახებ ინფორმაცია. ხაზგასმით ვამბობ სიტყვა „შესაძლოას“. ნუთუ, მმართველ ორგანოს `შესაძლოაზე~ დაფუძნებული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს?! ეჭვქვეშ დგება მთლიანად ქუთაისის მმართველი ორგანოს მუშობა, მათი კომპეტენტურობა, თუმცა ეს კიდევ ცალკე საკითხია, თემას არ გადავუხვევ და დავუბრუნდები ისევ საწარმოებს.

ჩვენი მარშრუტი ამჯერად წყალტუბოს მიმართულებით გაგრძელდა. ვესტუმრეთ წყალტუბოს საკონსულტაციო ცენტრს, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ქუთაისის საწარმოების შესახებ, ხოლო თავად წყალტუბოში საწარმოები არ დაგვხვდა. იქაური საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ წყალტუბო აღნიშნულ პროექტში არ მონაწილეობს, ვინაიდან, გასული წლის განმავლობაში, მესამე და მეოთხე კომპონენტების მიხედვით, საკმაოდ დიდი თანხებია გაცემულიო. თუმცა აქაც შეუსაბამობამ იჩინა თავი _ სამინისტროს რუკაზე წყალტუბოში 9 საწარმოა აღნიშნული.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მენეჯერს, ირაკლი მოისწრაფიშვილს. მისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, მხოლოდ ზედაპირულად გვითხრა, რომ 500-ზე მეტი ახალი საწარმო დააფინანსეს… თუმცა, რეალურად, ეს საწარმოები არსად ჩანს. ჩვენი მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში სრული ქაოსია, მათი მოწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა ადგილზე არსებულ რეალურ სიტუაციას და მთელი რიგი ცდომილებებია რუკაზე არსებულ მისამართებსა და რეალურს შორის.

P.S. მასალაში მოყვანილი ფაქტების გამო, „ქრონიკა +“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, „სამოქალაქო მონიტორინგის ცენტრის“ მიერ წარმოდგენილ მასალებში უზუსტობებია და იმის დასამტკიცებლად, რომ 100 ახალი საწარმო ნამდვილად არსებობს, 11 დეკემბერს დაგეგმილ ღონისძიებაზე მიგვიწვიეს და დასძინეს, რომ ყველა გადაიარაღებული თუ ახალგახსნილი საწარმოს წარმომადგენელი იქ იქნება. „ქრონიკა +“ ასევე ცდილობდა „ყაზტრანსგაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას, თუმცა, მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

                                                                                                                თამარ ბატიაშვილი