ნინო გოგუაძე: „მელაშვილი და ილიჩოვა პოლიტიკური თამაშებისთვის დააკავეს!“

ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ „კარტოგრაფების საქმეზე“ გამოძიების ინიცირება რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, ამის დასადასტურებლად რამდენიმე ფაქტი არსებობს, მათ შორის, გამოძიების დაწყების დრო. გამოძიება მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან სენსიტიურ თემაზე. მსგავსი საკითხების წამოწევა ამ პერიოდში, დიდი ალბათობით, მიმართულია ამომრჩევლებზე ზემოქმედებისკენ. ასეთ ქმედებებს მმართველი პარტია ადრეც ხშირად მიმართავდა.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მიმდინარე საქმეზე, უდანაშაულობის პრეზუმპციის პრინციპის დარღვევით, გააკეთეს პოლიტიზებული და პოპულისტური განცხადებები. აღნიშნული განცხადებები იმ დროს გაკეთდა, როდესაც დაკავებულ პირებს ოფიციალურად არც კი ჰქონდათ წარდგენილი ბრალი.

რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ბინძური პოლიტიკურ თამაშებს აწყობს? შესაძლოა თუ არა, რომ ეს სტრატეგია ხელისუფლებას თავის საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდეს? რა არის „ევროპული საქართველოს“ მთავარი გზავნილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე? რა შანსები აქვს „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარ კანდიდატ ელენე ხოშტარიას?
აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრსა და ელენე ხოშტარიას შტაბის ხელმძღვანელ ნინო გოგუაძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ნინო, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, რომ არ უნდა მოხდეს „კარტოგრაფების საქმის“ პოლიტიზება, ამის პარალელურად კი ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას მოღალატეებს ეძახიან. რა პროცესებთან გვაქვს საქმე?
_ ეს არის საშინელება, კატასტროფა! ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური თამაშებისთვის დააკავეს. გვეუბნებიან, რომ მათ მიწები მოღალატეობრივად გადასცეს აზერბაიჯანს, თან აცხადებენ, რომ აზერბაიჯანთან ტერიტორიული პრეტენზია არ გააჩნიათ. ვიცით, რომ იმ საზღვარზე, რაზედაც მიმდინარეობს საუბარი, არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ე. ი. ადამიანები დაიჭირეს იმ ქმედებისთვის, რომელიც ბუნებაში არ განხორციელებულა. ეს არის სუფთა პოლიტიკური ავანტიურა, ადამიანების გაწირვა საკუთარი პოლიტიკური სცენარისთვის და მიზნებისთვის. ის ხელისუფლება, რომელიც ადამიანს ასე ექცევა, რომელსაც არაფრად მიაჩნია ადამიანის უფლებები, ღირსება, რეპუტაცია და ფეხქვეშ თელავს მას, ქართველმა ხალხმა უნდა გაისტუმროს. ეს არის არსობრივად საბჭოთა კავშირის გაგრძელება. სამწუხაროდ, ჩვენი სამართალდამცველი სისტემა საბჭოთა სისტემის მემკვიდრეა. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ საბჭოთა რეპრესიული ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირება მოეხდინა. იმის მაგივრად, ძალოვანი სტრუქტურები სამართადამცველ სტრუქტურებად გადაქცეულიყო, ანუ ადამიანის გასანადგურებლად და დაკვეთების შესასრულებლად კი არ არსებობდნენ, არამედ იმისთვის, რომ დაიცვან კანონი და ადამიანის უფლებები, სამართალი ამ ქვეყანაში, პირიქით ხდება. ეს ხელისუფლება, ისევე როგორც წინა, სასტიკად იყენებს ძალოვან სტრუქტურებს ადამიანის უფლებების მასობრივად დარღვევისთვის. ვიმეორებ: ეს ხელისუფლება თავისი არსით საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა. „კარტოგრაფების საქმეში“ უმნიშვნელოვანესი დარღვევაა უდანაშაულო ადამიანების უფლებებისა და ღირსების ფეხქვეშ გათელვა. ეს პოლიტიკური თამაში ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის. რელიგიური და ეროვნული გრძნობებით თამაში ყველაზე მძიმე კატეგორიაა. ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ეს დაგვიძაბავს ურთიერთობას, რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს. საერთოდ არ მიკვირს, რომ არჩევნებამდე სამი კვირით ადრე რუსეთიდან, „კგბ“-დან გაჩნდა ახალი რუკა, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვები გამოიწვია. წარმოუდგენელია, ვინმეს სჯეროდეს იმის, რომ რუსეთმა რუკა მოგვაწოდა საქართველოს ტერიტორიის სასარგებლოდ. მაშინ, როცა რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია, ყველანი ვხედავთ ყოველდღიურად რამდენ ადამიანს იტაცებს და როგორ ითვისებს ჩვენს ტერიტორიებს! მაშინ, როცა ყარაბაღის ომია გაჩაღებული, ჩვენს სახელმწიფოს ნორმალური ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მართლა ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს ამ ომში, თან იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ რამე ექსცესი არ მოხდეს ჩვენს ტერიტორიაზე. მუდმივად უნდა აწარმოოს პოლიტიკა, რომ ჩვენს ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებშიც არ მოხდეს გაუგებრობა. ამის ნაცვლად ხელისუფლება დაძაბულობას ქმნის აზერბაიჯანთან. დიახ, ეს არის დესტაბილიზაციის საქმე. ასე რომ, ამ ხელისუფლებას არც ადამიანი და არც ქვეყანა არაფრად მიაჩნია, მზად არის, ერთიც და მეორეც გაწიროს თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „კარტოგრაფების საქმეშიც“ გაჩნდა ირაკლი ღარიბაშვილისა და მინდია ჯანელიძის გვარები, რადგან „კაბელების საქმეშიც“ ანალოგიურად ხდებოდა, რომელიც ასევე იყო პოლიტიკური მიზნით შეკერილი და უდანაშაულო ადამიანები ჩასვეს ციხეში, რათა ირაკლი ალასანიას პოლიტიკურად გასწორებოდნენ. ეს იყო ამ ხელისუფლების პირობებში პირველი ასეთი შემთხვევა. მაშინაც ეს საქმე შეკერა ღარიბაშვილმა და მასთან დაკავშირებულმა ჯანყარაშვილის კლანმა. მინდია ჯანელიძე იყო ის ადამიანი, რომელმაც ალასანიას საფრანგეთში დაურეკა, როდესაც ის ძალიან მნიშვნელოვან თავდაცვის სისტემებზე მემორანდუმს ხელს აწერდა და მოსთხოვა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლო ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა, თუმცა ალასანიამ ხელი მოაწერა. სწორედ, მაშინ დააკავეს „კაბელების საქმეზე“ ის ადამიანები. ღარიბაშვილისა და ჯანელიძის, „კარტოგრაფების საქმეში“ ხსენება მიუთითებს იმაზე, რომ საქმეში რუსული ინტერესებია.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ბინძური პოლიტიკური თამაშებით არის დაკავებული. რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ამ თამაშებით ცდილობს ქულების დაწერას?
_ ეს არის, როგორც მათ უყვართ ხოლმე ამ სიტყვის გამოყენება, ხელისუფლების ხელწერა. მათი პოლიტიკა 9-წლიანი მმართველობის სიძულვილზე დგას. ბიძინა ივანიშვილს საერთოდ ასე მიაჩნია, რომ უნდა გამოაცხადოს მსგავსი რამ: ამ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ბიძინა და მიშა. ამით დაძაბოს სიტუაცია, ითამაშოს ადამიანების ფობიებზე და მხოლოდ ამით მოიგოს არჩევნები. გარდა ამისა, ასეთი სამარცხვინო რამ, რაც არის უდანაშაულო ადამიანების დაჭერა და ქვეყნის დესტაბილიზაციაში შეყვანის მცდელობა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილმა იცის, არ აქვს საქმე კარგად. ახლა სურს, ადამიანებს ისე დაუბნელოს რელიგიური და ეროვნული გრძნობებით გონება, რომ ისევ დარაზმოს ისინი, თითქოს წინა ხელისუფლებამ მიწები გაყიდა და თითქოს თავად დაუბრუნებს. 21-ე საუკუნეში რუკით ტერიტორიების დაბრუნება თუ ხდება, ნამდვილად არ ვიცი. მათ სურთ, რომ რუკებზე ლაპარაკით ჩაგვითრიონ აბსურდში და შეგნებულად არ გადავდივარ ამ საკითხზე. რასაკვირველია, ივანიშვილი ვერანაირ ახალ დაპირებას ვერ იძლევა, _ ყველამ იცის, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი კონკრეტული გეგმა, არც უნარი და არც შესაძლებლობა, ქვეყანა გამოიყვანოს ამ უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ეშინია და ეს პოლიტიკური თამაში ამის შედეგია და კიდევ იმის, რომ სხვა არაფერი შეუძლია.
_ ეს ტრიუკი როგორ შემოუბრუნდებათ არჩევნებზე?
_ დიდი იმედი მაქვს, რომ მართლა საზოგადოება ვართ და არა ადამიანების რაღაც ჯგუფი, რომელთა მანიპულაციაც ასე ადვილია. თუ საზოგადოება ვართ, უნდო მოვიშოროთ ის ხელისუფლება, რომელსაც ასე არაფრად მიაჩნია ადამიანი, ქვეყნის სტაბილურობა, პიროვნებასა და ქვეყანასაც სწირავს, ატარებს ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის ინტერესებს. რასაც ახლა გვთავაზობენ, ეს არის პუტინის რუსეთის ტიპის ქვეყანა, სადაც უსაფრთხოების სამსახურით, პოლიტიკური სასამართლოთი და პროკურატურით იმართება სახელმწიფო. ასეთ ხელისუფლებას, დიდი იმედი მაქვს, საზოგადოება დასჯის და მას არ მიანიჭებს ძალაუფლებას 2020 წლის 31 ოქტომბერს.
_ თქვენ განაცხადეთ, რომ ივანიშვილი ცდილობს შავ-თეთრი არჩევანი წარმოაჩინოს, თითქოს მხოლოდ ის და სააკაშვილი არიან, ამ დროს კი „ევროპული საქართველო“ ყველაფერს აკეთებს, რომ ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშანი დასვას. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური კინკლაობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის. მეტიც: „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო რგოლიც კი გააკეთა ივანიშვილსა და სააკაშვილზე. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ევროპული საქართველო“ თავს ესხმის მათ. რა არის ამ პროცესში „ევროპული საქართველოს“ მიზანი და რამდენად გამართლებულია ეს სტრატეგია?
_ საკუთარი დაფუძნებული პარტიიდან, რომლის უცვლელი პოლიტიკური მდივანიც ვიყავი, რომლის ღირებულებების, იდეოლოგიური დოკუმენტის შემქმნელი გახლდით, მომიხდა წამოსვლა, ახლა ვარ უპარტიო. მე ვარ „ევროპული საქართველოს“ სიის წევრი და არა _ პარტიის წევრი. რასაც დღეს ამბობენ, ამას 2016 წელსაც გავყვიროდი და მთავარი მესიჯი იყო, რომ არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი, მაგრამ ამჟამად ამაზე არ ვსაუბრობთ. თავის დროზე, „ევროპულ საქართველოსთან“ პრინციპულად შევედით ბლოკსა და კოალიციაში, რადგან ჩემთვის მსოფლმხედველობრივად მიუღებელია აბსოლუტური ძალაუფლებისკენ სწრაფვა. დიახ, ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია, რომელიმე ერთ ჯგუფს ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება, რადგან ეს იქნება ისევ საბჭოთა ტრადიციის გაგრძელება, როდესაც ერთი პარტია გაბატონდება ქვეყანაზე, ინსტიტუტებზე, კანონზე. ეს უკვე გავიარეთ და იგი წარსულში უნდა დარჩეს. დარწმუნებული ვარ, ეს იგულისხმება „ევროპული საქართველოს“ განცხადებებსა და სააარჩევნო სარეკლამო რგოლებში. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თვითონ კოალიცია აქვთ და ბევრი სუბიექტი ჰყავთ, უკაცრავად, მაგრამ ღიმილისმომგვრელია, რადგან როდესაც 2012 წელს შევედით ბიძინა ივანიშვილის კოალიციაში, მაშინ გაცილებით ძლიერი პარტიები ვიყავით: „თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელები, „ეროვნული ფორუმი“, მაგრამ მაინც მივიღეთ აბსოლუტური ძალაუფლება. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოალიცია შედგეს იმ პარტიებისგან, რომლებიც დამოუკიდებლად მიიღებენ ნდობასა და პროცენტს ქართველი ხალხისგან. ამის შემდეგ შევიდნენ კოალიციაში, იმიტომ, რომ ამას სხვა წონა აქვს. როდესაც კოალიცია ძლიერი ლიდერის ქვეშ გაქვს, ეს უკვე კოალიცია აღარ არის, ასეთ შემთხვევაში იმ ლიდერზე ხდები დამოკიდებული, რადგან სწორედ მისი მეშვეობით იღებ ამ პროცენტებს და არანაირი დამოუკიდებელი პროცენტი არ გაგაჩნია.
_ რამდენად მოახერხეთ თქვენი ამ მთავარი გზავნილების საზოგადოებამდე მიტანა?
_ ჩვენი ვალია, ხალხს გავაგებინოთ: მოქალაქეები თავიანთი არჩევანით ანაწილებენ ძალაუფლებას და მათი მიცემული ხმა აყალიბებს შემდგომ ხელისუფლებას. მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ თავად ანიჭებენ ძალაუფლებას ამა თუ იმ პირს. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მიუხედევად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად დაპირისპირებული წარსული გვაქვს, მომავალს ერთნაირად ვხედავთ, რომ უნდა იყოს დაბალანსებული ძალაუფლება. მაშინ, როცა ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტები და სასამართლო, კოალიციური მმართველობა სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ძალაუფლება დაბალანსდეს. თორემ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შატეტებში სულ ორი პარტიაა, მაგრამ იქ იმდენად ძლიერი ინსტიტუტები და სასამართლოა, თან იმხელა ავტორიტეტის, რომ მას კოალიციებით დაბალანსება არ სჭირდება. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ დაბალანსებული ძალაუფლების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და სასამართლოს შექმნა, ასევე პარტიები ერთმანეთთან იქნებიან კონკურენციაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ „ევროპული საქართველო“ არის ძლიერი პოლიტიკური გუნდი, გამოცდილებითა და კომპეტენციით. აქვს გაწერილი გეგმა თავისი ხედვით, თუ როგორ უნდა ამოვიყვანოთ ქვეყანა და ხალხი სიღარიბიდან, გამოვასწოროთ ეკონომიკური განვითარება, დავწიოთ გადასახადები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება მიხვდება, ვინმეს მხარეს კი არ უნდა იყო, გუნდები კი არ თამაშობენ, რომ რომელიმეს მხარი დაუჭირონ, არამედ რომელი პარტიაც უფრო ახლოს იქნება მათ წარმოდგენასა და თვალსაზრისთან, იმას უნდა მისცენ ხმა. ამომრჩეველმა უნდა დაინახოს, რომელ პარტიას აქვს იმის პოტენციალი, რომ მართლაც პროფესიულად განავითაროს ეს ქვეყანა და შეუქცევადად დააყენოს დასავლური ცივილიზაციის გზაზე, შეიყვანოს თავისუფალ სამყაროში. გარდა ამისა, ჩვენ, პოლიტიკურმა პარტიებმა, ქართულმა საზოგადოებამ და დასავლელმა პარტნიორებმა ერთად მოვიპოვეთ პროპორციული არჩევნები, რაც უნიკალური შანსია, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. მრავალპარტიული პარლამენტი კი მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად ასახავს ჩვენი მრავალფეროვანი ხალხის მისწრაფებებს. დარწმუნებული ვარ, კოალიციური მმართველობა იქნება და „ევროპული საქართველო“ მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ამ კოალიციაში.
_ თქვენ ხართ „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარ კანდიდატ ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევო პროცესი და რა მოლოდინიები გაქვთ?
_ წინასაარჩევნო პროცესებში შემოდის დამატებითი ფაქტორი: პანდემია, ვირუსი და ჩვენს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ეშინიათ ამ ვირუსის, მაგრამ პროცესი, მეტ-ნაკლებად, ნორმალურად მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ადმინისტრაციული რესურსი აქვთ დახარჯული მმართველი გუნდის კანდიდატზე, ელენე ყველა კვლევით უსწრებს „ქართული ოცნების“ კანდიდატს. ელენე ხოშტარია არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ იმიტომ კი არ უნდა აირჩიოთ, რომ ოპოზიციის საერთო კანდიდატია ან იმიტომ კი არა, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრია, არამედ იმიტომ, რომ ის არის გამორჩეული ადამიანი, რომლისთვისაც მოყვასის გვერდით დგომა მისი ცხოვრების წესია. მისთვის სულერთია, ვის დასჭირდება მისი დახმარება, მის მომხრეს თუ მოწინააღმდეგეს. არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელსაც ხალხის გასაჭირის გაზიარება და შემსუბუქება, მისი უფლებების დაცვა ისე შეუძლია, როგორც ელენე ხოშტარიას. ვაკეს აქვს ერთადერთი არჩევანი და ეს არჩევანი გახლავთ ელენე ხოშტარი. მინდა, თქვენი გაზეთის საშუალებით ყველას მივმართო, რომ 31 ოქტომბერს ყველანი მოვიდნენ არჩევნებზე, რადგან ამ დღეს წყდება, როგორი იქნება მათი ცხოვრება, მინიმუმ, მომავალი 4 წელი და საქართველო მოწყდება თუ არა რუსეთის ორბიტას, იქნება თუ არა დასავლური, ცივილიზებული, სამართლებრივი სახელმწიფო, თუ დარჩება პუტინის რუსეთის ტიპის სახელმწიფოდ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები თავისუფლებისა და ღირსების სასარგებლოდ გააკეთებენ არჩევანს. არავინ დაგაშინოთ, არ იფიქროთ, რომ თქვენს ერთ ხმას არ აქვს მნიშვნელობა, ყველანი არჩევნებზე და ეს ხელისუფლება, რომელიც ასე თამაშობს ადამიანების, ქვეყნის ბედით, მშვიდობიანად გავისტუმროთ ხელისუფლებიდან!

ნენე ინჯგია