დავით ბეჟიტაშვილი: „პიერ რიშარი პარიზის ცენტრში ქალბატონოთი მომმართავდა“



დავით ბეჟიტაშვილი _ ეს სახელი და გვარი ქართველმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. მას უკავშირდება არაერთი წარმატებული პროექტი თუ პოპულარული ქართული ფილმი. პროდიუსერი ყოველთვის ასოცირდებოდა ინდოეთთან და ბოლივუდთან, რადგან მისი ორგანიზებით საქართველოში არაერთი ცნობილი ბოლივუდის ვარსკვლავი ჩამოვიდა. მათ ჩამოყვანას მომავალშიც გეგმავს.
ამბობს, რომ ინდოეთისადმი სიყვარული ბავშვობიდან აქვს. გაიზარდა ინდურსა და ფრანგულ ფილმებზე. მისი საყვარელი ფილმები იყო „სათამაშო“, „მამები“, „უიღბლონი“ და ბევრი სხვა. ყოველთვის უნდოდა ბავშვობის კერპ პიერ რიშართან შეხვედრა და ეს ოცნებაც აისრულა.

დათოს საქართველოში ფრანგული კინოს ლეგენდა – პიერ რიშარი ჩამოჰყავდა. გაწერილი იყო მსახიობის სამდღიანი გრაფიკი, მზად იყო კონტრაქტი, ვარსკვლავს ღვინის სამშობლოში თან მოჰქონდა საკუთარი წარმოების ფრანგული ღვინო, თუმცა მსოფლიო პანდემიისა და ჩაკეტილი საზღვრების გამო რიშარის ვიზიტი საქართველოში გადაიდო.
„ქრონიკა+“ დავით ბეჟიტაშვილის ესაუბრება:

_ ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ სულ ვასოცირდები ინდოეთთან და ბოლივუდთან, ამიტომ ,უცებ ყველასთვის წარმოუდგენელი იყო პიარ რიშარის ვიზიტი. მოგეხსენებათ, ჩემი სიყვარული ინდოეთის მიმართ ბავშვობიდან დაიწყო, _ 7 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ინდური ფილმი, „დაგვიანებული შურისძიება“ ვნახე და იმდენად დავინტერესდი ზოგადად ამ სფეროთი, რომ 12 წლისა პროფესიონალი კინომექანიკოსი გავხდი. იმ პერიოდში ინდური ფილმების გარდა გადიოდა ფრანგული ფილმები: „მამები“, „სათამაშო“, „უიღბლონი“… პიერ რიშარი ჩემი კერპი იყო. ერთი წლის წინათ, როცა საქართველოში ბოლივუდის ვარსკვლავები ჩამოვიყვანე, მაშინ ვთქვი, რომ პიერ რიშარის ჩამოყვანა უნდა ვცადო, იქნებ, შევძლო-მეთქი.
_ როგორ დაუკავშირდით?
_ მას უკრაინული ტელე-კინო ფროდაქშენ „კვარტალი 95-ის“ მეშვეობით დავუკავშირდი. პიერი ორჯერ ჰყავდათ ჩაყვანილი, _ უკრაინის ახლანდელ პრეზიდენტ ზელენსკის თავის გადაცემაშიც ჰყავდა სტუმრად. მოკლედ, ამ პროდიუსერების შუამდგომლობით დაიწყო მოლაპარაკების პროცესი, რომელიც წარმატებით დასრულდა. საბოლოოდ, უკვე კონტრაქტით, პირველიდან 3 აპრილის ჩათვლით დაიგეგმა მისი ვიზიტი. ყველაფერი გაწერილი გვქონდა, _ პროტოკოლი, სად უნდა ყოფილიყო, რომელ საათზე და ა. შ. უნდა ეთამაშა მონოსპექტაკლი: „მე – პიერ რიჩარდ მესამე“. ასევე იგეგმებოდა კახეთში ვიზიტი მეღვინეებთან შეხვედრით. მოკლედ, ძალიან დატვირთული პროგრამა იყო. სამწუხაროდ, პანდემიისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩემი ბოლო ერთი წლის ნაწვალები პროექტი შემოდგომისთვის გადაგვედო. კონკრეტულ რიცხვს ვერ ვასახელებ, რადგან არავინ იცის, როდის გაიხსნება საზღვრები.
_ ჩახვედით საფრანგეთში, როგორი იყო თქვენი და პიერ რიშარის შეხვედრა?
_ მიუხედავად იმისა, რომ რიშარი 85 წლისაა, ჩვენთან შეხვედრაზე მოტოციკლეტით მოვიდა. „ქეჟუალ“ ფორმით და ახალგაზრდული შემართებით იყო. ვერაფრით იფიქრებთ, რომ ამ ხნის არის. პირველი სიტყვები, რაც მან გვითხრა, იყო: „საქართველო ჩემი გულია“. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში პიერ რიშარი 90-იან წლებში იმოფებოდა და ის მთავარ როლს ასრულებდა ნანა ჯორჯაძის ერთობლივ ქართულ-ფრანგულ ფილმში „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“. სხვათა შორის, აქედან ჩავუტანე ქართული ღვინოები, მაგრამ იმდენად დიდ ემოციებში ვიყავი, რომ საჩუქარი უკან წამოვიღე. კიდევ კარგი, მალევე გამახსენდა, არ იყო წასული, მივბრუნდი და საჩუქარი მივეცი. მეორე დილით ადრე მოვფრინავდით, თორემ სახლშიც დაგვპატიჟა.
_ პიერ რიშარი ნამყოფია 90-იანი წლების საქართველოში. საინტერესოა, რა იცის ახალ, დღევანდელ საქართველოზე? ალბათ, ამაზეც ისაუბრებდით.
_ რა თქმა უნდა, საქართველოს შესახებ ყველაფერი იცის, რადგან სანამ ჩვენ შევხვდებოდით, ფოტო-ვიდეო მასალები გავუგზავნეთ. სხვათა შორის, მან ორი ვიდეო გამომიგზავნა, სადაც ის ამბობს, რომ მიყვარხარ, საქართველო და მოვდივარო. უბედნიერესი ვიყავი, რომ პირადად მე მომმართავდა ჩემი ბავშვობის ლეგენდა. ჩემთვის ნებისმიერ მატერიალურ კეთილდღეობაზე ბევრად მეტია ეს უბრალო მილოცვა.
_ ადვილად დაითანხმეთ?
_ დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ასაკის გამო რისკფაქტორშია, მაინც თვითონ მწერს ძალიან აქტიურად და მეკითხება, თუ რა სიტუაციაა კორონა ვირუსთან დაკავშირებით ჩვენთან. იმედი მაქვს, ფრენები მალე აღდგება და შემოდგომაზე უკვე მოხერხდება პიერ რიშარის საქართველოში ჩამოყვანა. ახლა, როგორც არასდროს, კარგი იქნება ამ ადამიანის საქართველოში ჩამოყვანა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის რეკლამაა _ მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჩამოდის საქართველოში და თან ამ პერიოდში.
_ ბატონო დავით, ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მსოფლიო დონის ვარსკვლავს. კერძო სპონსორების დახმარებით ჩამოგყავთ პიერ რიშარი, თუ სახელმწიფო გეხმარებათ?
_ კერძო სპონსორებით ჩამომყავს. ძალიან მარტივად აეწყო ეს ყველაფერი. სასტუმროსა და ბილეთის თემა მალევე მოგვარდა. ყველას პირიქით უნდოდა, რომ პიერ რიშართან რამენაირ კავშირში ყოფილიყვნენ, რადგან ეს მათთვის დიდი რეკლამა იქნებოდა. სახელმწიფოსთვის არ მიმიმართავს დახმარებისთვის, თუმცა არა მგონია, ვინმეს უარი ეთქვა. ავიაკომპანიამაც დიდი სიხარულით გამოყო ბილეთები, რადგან ვიმეორებ, ესეც მათივე რეკლამაა და არც ამ მხრივ ყოფილა პრობლემა.
_ დიდი ჰონორარი გამოიყო საქართველოში მის ჩამოსაყვანად?
_ სხვათა შორის, ჰონორარზე არ იყო საუბარი. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში სამი დღის ცხოვრება, სასტუმრო და ფრენა უნდა დაფარულიყო.
_ მისი ინტერესი, ამ შემთხვევაში, რა არის?
_ საქართველოს სიყვარული და თავისი ღვინის რეკლამირება. აქ დიდი და კარგი ღონსძიებები იგეგმებოდა.
_ ვიზიტის დროს რამე განსაკუთრებული მოთხოვნა თუ აქვს?
_ ერთადერთი მოთხოვნაა, რომ სასტუმროში ყოველ დილთ უნდა ჰქონოდა ფრანგული გაზეთი.
_ საუბრისას ახსენეთ, რომ ვიდეოები გამომიგზავნაო, სადაც ის ქართულად ამბობს, თუ როგორ უყვარს საქართველო და ქართული ღვინო. ანუ ქართულად რამდენიმე სიტყვა იცის?
_ როდესაც ერთმანეთს შევხვდით, ეტყობა, ძალიან მოინდომა ქართული სიტყვების დემონსტრირება, რადგან ის 90-იან წლებში 2 თვე იმყოფებოდა აქ და იმის დასამტკიცებლად, რომ აი, ქართული ენა რა კარგად მახსოვსო, მომიბრუნდა და მეუბნება – ქალბატონო! ქალ-ბა-ტო-ნო! არტისტულად და დამარცვლით. ეგონა, რომ ბატონოთი მომმართავდა პატივსაცემად.
_ რა რეაქცია გქონდათ, არ გაგეცინათ?
_ რა თქმა უნდა, გამეცინა. არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ პიერ რიშარი პარიზის ცენტრში ქალბატონოთი მომმართავდა.
_ აქამდე რატომ არ გაგიჩნდათ პიერ რიშარის ჩამოყვანის სურვილი?
_ აქამდე ძალიან ბევრ სხვა პროექტზე ვმუშაობდი. თქვენ კარგად იცით, რომ საქართველოში ბოლივუდის ბევრი ვარსკვლავი ჩამოვიყვანე. ერთ-ერთი ვიზიტის დროს ინდოელმა ვარსკვლავმა ჰემა მალინმა გადაწყვიტა, რომ „სუხიშვილები“ მიეწვია ინდოეთში გასტროლით და 2017 წლის სექტემბერში ანსამბლი ინდოეთში ჩავიყვანეთ _ 4-5 დიდ ქალაქში ჩატარდა კონცერტები. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ბედნიერება იყო, როდესაც ინდოეთის ქუჩებში ხედავდი „სუხიშვილების“ უზარმაზარ ბილბორდებს. კონცერტებს ესწრებოდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სხვადასხვა მინისტრი და აღარაფერს ვამბობ მედიაზე, რომელიც ორი კვირის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა ამ კონცერტებს. ყველას პირზე ეკერა საქართველო.
_ საუბრის დასაწყისშიც აღვნიშნეთ და მართლაც ასეა, რომ თქვენ ასოცირდებით ინდოეთთან. რა არის ის, რის გამოც ასე ძალიან გიყვართ ინდოეთი?
_ არ ვიცი, ალბათ, წინა ცხოვრებაში ინდოელი ვიყავი. ამას მეუბნებოდა მიხეილ ცაგარელიც.
_ არ გიფიქრიათ ინდოეთში ცხოვრებაზე?
_ გაგიკვირდებათ და _ არა. იქ როცა ვარ კარგია, მაგრამ მერე საქართველოში დაბრუნება მინდა.
_ ინდოეთში საქართველოს საელჩომ საქველმოქმედო პროექტი განახორციელა, სადაც თქვენც იყავით ჩართული. მოგვიყევით ამის შესახებ…
_ საქართველოს საელჩომ ინდოეთში ძალიან კარგი საქველმოქმედო საქმე წამოიწყო. მოგეხსენებათ, თუ როგორი კარგი ელჩი გვყავს _ ბატონი არჩილ ძულიაშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. ეს ის ელჩია, პატარა ანიტა რომ ჩაიყვანა ინდოეთში ოპერაციის გასაკეთებლად. საოცარი პიროვნებაა და მითხრა, რომ პირველადი დახმარების პროდუქტები იქნება თუ ჰიგიენური ნივთები, გაჭირვებულ ოჯახებს გადავცეთ საქართველოშიო. მე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და სიამოვნებით ჩავები ამ საქმეში. მოვიცავით სრულიად საქართველო, დავიწყეთ თბილისიდან, გადავედით კახეთის რეგიონში, შემდეგ დასავლეთში, ავედით სვანეთის სოფლებში და ა. შ. ამდენ მადლიერ ადამიანს რომ ხედავ, ბედნიერი ხარ და მოტივაცია გიჩნდება, რაც შეიძლება ბევრი კარგი საქმე გააკეთო და რისი შესაძლებლობაც იქნება, იმით დაეხმარო ხალხს. არ დამავიწყდება მოხუცებული ქალბატონი გურიაში, რომელიც ქუჩაში იდგა და ტიროდა. მას რომ გამოველაპარაკეთ, გვითხრა, სამი დღე ჩაი არ დამილევია, რადგან შაქარი არ მაქვსო. გავგიჟდი! ავდექი და ყველაფერი, რაც იმ წუთს გვქონდა და, მათ შორის, შაქარი, მას მივეცით. მოხუცი უბედნიერესი იყო.
_ და ეს ყველაფერი გააკეთა ინდოეთში საქართველოს საელჩომ და არა _ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა?
_ დიახ. ინდოეთში საქართველოს საელჩომ ორგანიზება გაუწია და გამოთქვა სურვილი, რომ აქ გაჭირვებულ ოჯახებს დახმარებოდა.
_ ბევრი პროექტი გაქვთ გაკეთებული. არ გიფიქრიათ, რომ ქართულ-ინდური ფილმი გადაგეღოთ?
_ არსებობს ასეთი ფილმი: „ყველაფერი კარგად იქნება“, რომელიც გადაღებულია ინდოეთში. მახსოვს, ავთო ვარსიმაშვილმა მომწერა, _ მეც მიყვარს ინდური კულტურა და არ შეიძლება, თქვენთან ერთად წამოვიდეო? _ წამოდით-მეთქი. ბოლოს ჩემმა ერთმა ინდოელმა მეგობარმა მითხრა, რომ რაღა უნდა ნახოთ მუმბაიშიო და თავისი აგარაკის გასაღები მომცა, _ წადით გოაში, დაისვენეთო. მე ზღვა არ მიყვარს, მაგრამ ავთოს, კახა მიქიაშვილს რომ ენახათ, გოაში ჩავედით. გადაირია ავთო და მითხრა, რომ აქ ფილმს ვიღებთო, თუმცა საუბრის დონეზე მეგონა ეს ყველაფერი. როცა საქართველოში ჩამოვედით, ორ კვირაში მირეკავს ავთო ვარსიმაშვილი… შევხვდით და უკვე მზად ჰქონდა ფილმის სცენარი, რომელიც ძალიან მომეწონა და ფილმი გადავიღეთ. იგი დღემდე დიდი პოპულარობით სარგელობს მაყურებელში.
_ ასეთივე პოპულარობით სარგებლობს ზაზა ურუშაძის ფილმი „დარჩი სახლში“, რომლის პროდიუსინგიც ასევე თქვენ გეკუთვნით.
_ „დარჩი სახლში“ ირანული ფილმის რიმეიკია. ირანულში მომღერალი ქალისა და მასზე უმცროსი ბიჭის სიყვარულის ისტორია იყო, რომელიც მერე ავად ხდება და იღუპება. ირანულ ფილმში მთავარ როლს ვინც ასრულებდა, ეს ქალი რეალურ ცხოვრებაშიც ცნობილი მომღერალია და როგორც პროდიუსერმა, ამ როლისთვის ლელა წურწუმია ავარჩიე. პირველად გეტყვით, რომ თვითონ რეჟისორს (ზაზა ურუშაძე) მთავარ როლზე ნატო მურვანიძე უნდოდა, მაგრამ მე ლელა გადავწყვიტე, რადგან მომღერალი იყო და სჯობდა, თვითონვე ემღერა ფილმში. რაც შეეხება ლელას მეწყვილეს, მსახიობი პაატა ინაურიც ჩემი აღმოჩენაა, რომელიც ბიჭის მთავარ როლზე დავამტკიცეთ. მინდოდა, რომ ამ როლით გაეცნო ის საზოგადოებას და ასეც მოხდა. ის მარჯინიშვილის თეატრის თითქმის ყველა სპექტაკლში თამაშობს და ძალიან წარმატებით მოდის დღემდე.
_ ბევრი თანამედროვე ფილმის პროდიუსერი ხართ. რამდენად მომგებიანია, ზოგადად, საქართველოში ფილმის გადაღება?
_ იმ პერიოდში მომგებიანი იყო.
_ დღეს?
_ ახლა დაფინანსება თუ არა გაქვს, რთულია გარისკო ფილმის გადაღება. მაშინ რომ გადაიღებდი, იცოდი, რომ კინოთეატრში თუ მოგება არ დაგრჩებოდა, შენს დანახარჯს მაინც ამოიღებდი. მოტივირებული იყავი, რაც შეიძლება ბევრ მაყურებელს ენახა ფილმი. ახლა კინოთეატრებში, სამწუხაროდ, აღარ დადიან ქართულ ფილმებზე. დღეს დიდად სარეკლამო კამპანიითაც აღარ იკლავენ თავს. სადაც არ უნდა გადაგერთოთ, ყველგან ჩვენ ვიყავით. მაგალითად, ფილმი „გარიგება“ გხვდებოდათ ყველგან, ასევე „მაიტა ნასოსი“, „ყველაფერი კარგად იქნება“ და ა. შ. _ გადაცემები და საეთერო დრო ეთმობოდა, ქუჩაში ბანერები იყო გაკრული. ერთი სიტყვით, კარგი პრომოუშენი კეთდებოდა.

გიორგი საკარული