ზურაბ ნადირაძე: „პოლიტპატიმრებს თუ არ გაათავისუფლებენ, შეიძლება დასავლეთიდან ფინანსური დახმარება ვერ მივიღოთ“

რატომ არ მოსწონს ოპოზიციას ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა? ვისზეა იგი მორგებული? ნანობს თუ არა ოპოზიციაქართული ოცნებისთვისგამოცხადებულ სოლიდარობას? რა მოხდება თუ ივანიშვილი უარს იტყვის პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე? _ ამის შესახებქრონიკა+“-გამარჯვებული საქართველოსპოლიტსაბჭოს წევრი, ზურაბ ნადირაძე ესაუბრება:

_ რას გვეტყვით მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც სრულიად ოპოზიციამ დაიწუნა და „ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებად მონათლა?

_ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე,  რადიკალური ვიქნები და  პირდაპირ ვიტყვი, რომ გეგმა, რომელიც მთავრობამ 24 აპრილს წარმოგვიდგინა, წინასაარჩევნო სპეცოპერაციაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო პანდემიის დროს მოსახლეობის  კრიზისიდან გამოყვანასთან და  გათვლილია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წინასაარჩევნოდ გამოყენებასთან, რაც შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად ჩანს.

მეტი სიცხადისთვის რამდენიმე არგუმენტს მოვიყვან და  გეტყვით, რომ  საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს წლის ბოლომდე 3 მილიარდი  დოლარით, ანუ 9 მილიარდზე მეტი ლარით ეხმარებიან, ამას დამატებული ქვეყნის ბიუჯეტიდან დაანონსებული შესაძლო გამოსაყოფი 2 მილიარდამდე ლარი,  გახარიამ კი  3.5 მილიარდ ბიუჯეტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარმოგვიდგინა, რომელიც ხელისუფლებისავე ჭირვეულობით მაისის ბოლომდე ბიუჯეტში ვერ აისახება და, შესაბამისად, დახმარების გაცემის დაწყების თარიღიც ბუნდოვანია.

სერიოზული კითხვები ჩნდება გეგმის პუნქტობრივი განხილვისასაც. მაგალითად, მოსახლეობის ყველაზე დიდ სეგმენტს, თვითდასაქმებულ 840.000 ადამიანს (საქსტატის მონაცემი), ხელისუფლება სთავაზობს ყველაზე ნაკლებ დახმარებას ერთჯერადი 300 ლარის ოდენობით და ამისთვის გეგმაში გაწერილი აქვს 75 მილიონი, რაც მეოთხე კლასის მათემატიკური გათვლებით არის ერთ ადამიანზე 89 ლარი; ბუნდოვანია ასევე თვითდასაქმებულთა აღრიცხვის კრიტერიუმები, რისი განსაზღვრაც,  სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ სოციალურ მუშაკებსა და კოორდინატორებს მოუწევთ და რომელიც მხოლოდ „ფორმა ქოცის“ წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. დახმარება არ არის გამოყოფილი ყველაზე ღარიბ სოციალურად დაუცველ ფენაზე, რომელზედაც  ხელისუფლებას ზეწოლის ბერკეტი ისედაც აქვს, რაც დახმარების შესაძლო მოხსნის მუქარით გამოიხატება და რასაც ხელისუფლება  ყველა არჩევნებზე წარმატებით იყენებს,  – მინიმალური 100 ლარით ეხმარება მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ნაწილს, რომელთაც 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

გეგმაში არაფერია ნათქვამი დაახლოებით  1.5 მილიონ სოფლად მცხოვრებ და მიწათმოქმედებით დაკავებულ მოსახლეობაზე, რომელთაც არც დასაქმებულის საბუთი აქვთ და არც რაიმე შეღავთებით სარგებლობენ და საგაზაფხულო სამუშაოებისთვისაც კი ხელისუფლება არაფერს სთავაზობს; ასევე გასაკვირია 2020-ის ფარგლებში 400 ათასზე მეტი პენსიონერის დახმარების მიღმა დატოვება. სამაგიეროდ, მთავრობა 200 მილიონით უზღვევს სამშენებლო მასალების შესაძლო ფასების ზრდას ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიებს, რომლებიც ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც მონაწილეობენ და ბიუჯეტიდან იქით გააქვთ თანხები. კითხვის ნიშნებია ისევ ბიუჯეტში დასაბრუნებელი საშემოსავლო გადასახადის 250 მილიონით სუბსიდირებაზე, ასევე საბანკო სექტორისთვის გამოყოფილ 600 მილიონიან რესურსზე, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერისთვისაა გამოყოფილი და რომელი სეგმენტისთვისაცაა მიმართული ეს თანხები, მკითხველი ადვილად მიხვდება; ბუნდოვანებითაა მოცული საკრედიტო-საგარანტიო სქემის 300-მილიონიანი მიზნობრიობა და დღგ-ს გამარტივებული 600-მილიონიანი დაბრუნების  დეტალები გაჩერებული ბიზნესის პირობებში, როდესაც მათ გადასახედების  გადახდაც კი გაუჭირდებათ.

შორს ვარ  იმ აზრისგან, რომ ბიზნესს ხელისუფლება არ უნდა ეხმარებოდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს თანაფარდობაში მოსული გაჭირვებასა და შიშშილის ზღვარს მიღმა დარჩენილ თითოეულ მოქალაქესთან. ეს არის მხოლოდ რამდენიმე პუნქტი იმ „შავი ხვრელებით“ დახუნძლული ფსევდოანტიკრიზისული გეგმისა, რომლის პარლამენტში განხილვა მთავრობამ ვერ გაბედა. ხელისუფლება ამ არასამართლიანი ნაბიჯით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს, მაგრამ გაბრაზებული და გონიერი  მოსახლეობა  შემოდგომაზე გამოუტანს მას განაჩენს.

_ ემზადება თუ არა არჩევნებისთვის ოპოზიცია? ხელისუფლებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა შეცდომა ხომ არ იყო და ცოტა უფრო კრიტიკულები ხომ არ უნდა ყოფილიყავით?

_  რა თქმა უნდა, ოპოზიციური სპექტრი  არჩევნებისთვის ემზადება. ოპოზიციის  თითოეული ნაბიჯი, ხელისუფლებისადმი რეკომენდაციები თუ კრიტიკა, არის ამომრჩევლის ინტერესებით გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა,  ხელისუფლება ითვალისწინებს თუ არა ამ რეკომენდაციებს. ოპოზიცია სისტემატურად მკვეთრი ნაბიჯებით ცდილობს, მოსახლეობას დაანახოს სიმართლე. ინფორმაციას ყველა ვუსმენთ და მთავრობის არც ერთი არასწორი გადაწყვეტილება არ რჩება რეაგირების მიღმა, იქნება  ეს  აქციებით, ბრიფინგებით გამოხატული თუ სხვადასხვა ტელევიზიიდან გამოთქმული პროტესტით. რა თქმა უნდა, ზოგჯერ მოლოდინი უკეთესის სურვილს  ტოვებს, მაგრამ ოპოზიციამ ერთიანობით მოახერხა და ხელისუფლებას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა, რაც საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მწვავე რეაქციებით დასტურდება, ეს ეხება სამართლებრივ, ეკონომიკურ თუ საარჩევნო გადაცდომებს. რაც შეეხება სოლიდარობას, პანდემიის პირობებში მედიცინის სფეროს რეკომენდაციები გათვალისწინებულია. 

ოპოზიციამ კონსტრუქციული   ნაბიჯები გადადგა და ხელისუფლებას აქაც შესთავაზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, ფიზიკური დახმარება შესაძლო რესურსით, რაზედაც მთავრობამ ერთმნიშვნელოვნად უარი განაცხადა, ეს კი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ხალხზე ზრუნვით ან საქმის კეთებით კი არა, ოპოზიციისადმი ოპონირებით და, სოლიდარულობისთვისაც კი, „პოპულისტის“ ძახილით არის დაკავებული, რაც, ეჭვი არავის ეპარება, რომ ბიძინა ივანიშვილის გაუგებარი ხუშტურის შედეგია. ამის გამო ეს „ზრდასრული“ და „თავმოყვარე“ „ქართული ოცნების“ წევრები საკუთარი ხალხის წინაშე ხშირად არასახარბიელო ვითარებაში ვარდებიან. მაგალითად, აგერ,  დღეს, აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის რეკომენდაცია აგრესიული ტესტირებების შესახებ, რომელიც წინა დღეებში ოპოზიციის მისამართით პოპულიზმში დადანაშაულების მიზეზი გახდა, სულაც არ ყოფილა მიზანს მოკლებული, ჩაატარა რა მთავრობამ აგრესიული ტესტირების 900-მდე პროცედურა და 24 საათში  25 კოვიდინფიცირებული აღმოაჩინა – სამწუხაროდ. საერთოდაც, პანდემიის დაწყების დღიდან  ხელისუფლების უამრავ შეცდომას ჩამოგითვლით სამედიცინო თუ საკანონმდებლო ნაწილში, რამაც უარყოფითი შედეგები მოიტანა და ამაზე უცილებლად მოუწევთ პასუხების გაცემა.

_ რა მოლოდინი გაქვთ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით? ოპოზიციამ დასავლეთს მიმართვა გაუგზავნა, იქიდან მოსულ პასუხზე რამდენად იქნება დამოკიდებული პოლიტპატიმრების ბედი?

_ ზემოთაც აღვნიშნე  ხელისუფლების მსგავსი საკითხებისადმი არაპროგნოზირებადობა, მაგრამ ეს შედეგს და მიზანს არ ცვლის, ოპოზიცია ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც პოლიპატიმრების: ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და გიგი უგულავას განთავისუფლებას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, მიუხდავად დიპკორპუსის თანდასწრებით დადებული პირობისა, 13 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა, პირად დაქვემდებარებაში მყოფი  სასამართლოს მეშვეობით, ირაკლი ოქრუაშვილს  5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რასაც ამერიკის საელჩოსა და ევროპარლამენტის ელჩის მყისიერი უარყოფითი რეაგირება მოყვა. ხელისუფლებამ ამას ჩაწერილი განცხადებებით უპასუხა და მხოლოდ შეთანხმების საარჩევნო პუნქტზე გააკეთა განმარტება.

ამ პასუხით ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი ძალიან სახიფათო თამაშში „ჩაებნენ“, რადგანაც პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ოპოზიცია პრინციპულად არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობის მიღებას, რომელიც აუცილებლად  ჩავარდება და ხელისუფლების მიზეზით შეთანხმების ორივე პუნქტის დარღვევის საბაბი გახდება. ივანიშვილსა და მთლიანად „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, ვინაიდან წინა წლებში და  ახლაც საერთაშორისო პარტნიორები მტკიცედ იცავენ ჩვენს ქვეყანასთან პარტნიორულ ურთიერთობას, რაც სუვერენიტეტისა და  უამრავი პროექტის მხარდაჭერით თუ ფინანსური დახმარებით გამოიხატება. იგივე რეალობის წინაშე ვდგავართ მიმდინარე პანდემიის დროსაც, როდესაც ივნისიდან წლის ბოლომდე ხელისუფლება  3 მილიარდი დოლარის საერთაშორისო დახმარებას ელოდება. ვფიქრობ, მაისის ბოლომდე პოლიტპატიმრების თემა თუ არ ამოიწურება, საკმაოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ფულადი ტრანშებიც და ქვეყნის დასავლური კურსიც, რაც ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვისაც კატასტროფული ზიანის მომტანი გახდება.

ამიტომ ვფიქრობ, ეყოფათ გონიერება და პირობას შეასრულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნახეთ, რაც მოყვა პროპორციული საარჩევნო კანონის ჩაგდებას.  ხელისუფლებას  ვურჩევ, გამოუშვას პოლიტპატიმრები და დააბრუნოს საარჩევნო გარემო გარკვეულწილად თანაბარ პირობებში და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს. ოპოზიციის წარმომადგენელმა პარტიებმა,  პოლიტპატიმრების საკითხთან დაკავშირებით, 23 აპრილს ღია წერილითაც მიმართეს უცხოელ პარტნიორებს და მოუწოდეს, პანდემიის პირობებშიც კი, არ მოადუნონ ყურადღება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასევე 24 აპრილს  ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ევროპარლამენტარებს შორის გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა ევრონესტის თანათავმჯდომარე, სადაც კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ, რომ ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს, ასრულებს თუ არა ხელისუფლება ხალხთან დადებულ დაპირებას და  8 მარტის ხელშეკრულებას. 

შორენა მარსაგიშვილი