მიშა კაჭკაჭიშვილი: „ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავებს არავინ არაფერს ეკითხება“

გვირგვინოსანმა ჭირმა პოლიტიკური პროცესები მეორე პლანზე გადაწია. არადა, ქართულ პოლიტიკაში ძალიან მაღლა იყო ტემპერატურა აწეული. დასავლეთიც აქტიურად გახლდათ ჩართული და „ქართული ოცნება“ სერიოზული ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ამ საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლებამ მაჟორიტარების ნაწილი დათმო. თქვენ წარმოიდგინეთ, ამბოხებული დაჩი ბერაიაც კი დაითანხმეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის დაეჭირა მხარი. ამ ცვლილებების თანახმად, რომლისთვისაც ჯერ კენჭი არ უყრიათ, არჩევნები პრინციპით 120/30-ზე ჩატარდება. არადა, ოპოზიცია ამბობდა, რომ მხოლოდ სრულად პროპორციულ წესს დავჯერდებით და ისიც იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე „ოცნება“ პოლიტპატიმრების განთავისუფლებას დათანხმდა. ამ ინფორმაციას კატეგორულად უარყოფს მმართველი პარტია. ამან ამომრჩეველი ცოტა დააბნია. ამომრჩეველს ისიც აბნევს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ძველებურად მწვავედ აღარ აკრიტიკებს. გაჩნდა ეჭვები, რომ მათ შორის გარიგება შედგა.

რა ხდება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით? რა შეთანხმებას მიაღწიეს ამ საკითხზე? რატომ ითხოვს გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალებას? გაჩერდა თუ არა ოპოზიცია? მოიცლის თუ არა დასავლეთი საქართველოსთვის? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მიშა კაჭკაჭიშვილი ესაუბრება:

_ 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. ოპოზიციის მტკიცებით, პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზეც შეთანხმდნენ. პირველ რიგში, ბესიკ თამლიანის განთავისუფლებას ველოდით, მაგრამ სასამართლომ ის პატიმრობაში დატოვა. ამან ოპოზიციის მომხრეები დააბნია. ისინი ასევე დაიბნენ გიგი უგულავას გადაწყვეტილებით, _ მან სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. თქვენ რას გვეტყვით, რა ხდება პოლიტპატიმრების თემაზე?
_ გიგი უგულავას მიმართვის შესახებ და ბესიკ თამლიანის ციხეში დატოვების მიზეზებზე დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია, სამაგიეროდ სხვა საკითხზე მაქვს ინფორმაცია და არა მგონია, ის მცდარი იყოს. ასე ღიად პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე ვერავინ ისაუბრებს, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მასზე მუშაობა მიმდინარეობს.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს?
_ ამ ეტაპზე აღნიშნული საკითხზე სერიოზულად ვმუშაობთ. მერე რამდენად შეიცვლება გადაწყვეტილება, არ ვიცი. არც ის ვიცი, რატომ მიმართა გიგი უგულავამ სალომე ზურაბიშვილს. შესაძლოა, ეს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არის მიღწეული. მე ამ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიმიღია და დეტალები არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, დეტალების გარკვევით არც დავინტერესებულვარ.
_ მაგრამ ის იცით, რომ პოლიტპატიმრების განთავისუფლების პროცესი დაწყებულია.
_ ეს პროცესი, რომ დაწყებულია, ეს ნამდვილად ვიცი. ამაზე ახლა ყურადღება იმიტომ აღარ მახვილდება, რომ მსოფლიოში მთავარი თემა კორონავირუსი გახდა. ყველა ამ ჭირთან ბრძოლაზეა გადასული. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა და ხელისუფლების მიმართ პოლიტპატიმრების თემაზე აღარ ხორციელდება პრესინგი. ამან „ქართულ ოცნებას“ ცოტა ამოსუნთქვის საშუალებაც მისცა.
_ რამდენად სწორად მოიქცა ოპოზიცია, ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება რომ მისცა?
_ ახლა ყველანი ერთ რამეზე ვფიქრობთ, რომ როგორმე ეს ჭირი გადავაგოროთ და ლეტალური შედეგი არ იყოს. ახლა რაღაც პოლიტიკური გამოსვლები მთლად გამართლებული არ მგონია.
_ ამ წუთს შეიძლება მართლა არაა გამართლებული, მაგრამ იმის გამო, რომ წელს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, პოლიტიკური პროცესები გვერდით ვერანაირად გაიწევა.
_ რა თქმა უნდა. გვინდა თუ არა, პოლიტიკა კვლავ აქტუალური გახდება. კორონა აუცილებლად გადაივლის. არ ვიცი, ეს როდის მოხდება _ მაისსა თუ ივნისში, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამას აუცილებლად გადავაგორებთ. ყველა პარტია დაიწყებს საარჩევნო კამპანიას. ასე თუ გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, მაშინ, ალბათ, არჩევნებიც გადაიდება. მთავარია, ჯანმრთელად იყოს ხალხი. ახლა რა სიტუაციაშიც ვართ, ეს ჩვეულებრივი ომია. ასეთ დროს სხვანაირად იქცევიან ხოლმე. დავუბრუნდები ისევ პოლიტპატიმრების თემას და გეტყვით, რომ 99.99%-ით გადაწყვეტილია, რომ მათ გაათავისუფლებენ.
_ 100%-ით დარწმუნებული მაინც არ ხართ?
_ 0.1% გაურკვეველია. თუ ბიძინა ივანიშვილმა არ გადაიფიქრა, პოლიტპატიმრები მალე გამოვლენ ციხეებიდან. ამ ეტაპზე ვიღაცებმა ნიშნის მოგებით დაიწყეს საუბარი და ამბობენ, რომ რაღაც ისე არ მოხდება. ახლა ასე ლაპარაკი არ მგონია, მომგებიანი იყოს.
_ ვინ დაიწყო ნიშნისმოგებით ლაპარაკი, ოპოზიციამ?
_ ოპოზიციამ არა, ხელისუფლების მხარემ. ე. წ. მოლაპარაკე თავები საუბრობენ ნიშნისმოგებით. შტერები არიან და რა ქნან, მეტს ვერ მოსთხოვ. მათ არც პოლიტპატიმრების დაჭერას ეკითხებოდა ვინმე და არც გამოშვებაზე ჰკითხავენ რამეს. შესაბამისად, ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.
_ პოლიტპატიმრებზე გავარკვიეთ, რა მდგომარეობაა, მაგრამ რა ხდება არჩევნების ჩატარების წესზე? თავიდან ოპოზიცია ამბობდა, რომ მხოლოდ სრულად პროპორციულზე დათანხმდებოდა. ახლა პრინციპზე 120/30-ზე დათანხმდა. ეს მოსახლეობის დაბნეულობას იწვევეს.
_ ამ შემთხვევაში ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ იმ პოლიტპატიმრებმა, ვის განთავისუფლებასაც ვითხოვდით, საპატიმროები დატოვონ. მართალია, კარგად არ ვერკვევი საარჩევნო სისტემებსა და არჩევნების ჩატარების ტექნიკაში, მაგრამ არა მგონია, რომ ეს სისტემა ცუდი იყოს. ამ შემთხვევაში მთავარია, საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს. საჭიროა, თავისუფალი საარჩევნო გარემო იყოს და ზეწოლა არ მოხდეს; პროცესებში არ ჩაერთოს შსს და ქუჩა, არ იყოს მოსყიდვა. რაც ჩამოვთვალე, ამას თუ აღმოვფხვრით, არჩევნები ძალიან მშვიდად და კარგად ჩაივლის. თანაც ამ არჩევნებიდან ერთ წელიწადში აუცილებლად ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები, რომელიც უკვე სრულად პროპორციული იქნება.
_ რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული, რომ ერთ წელიწადში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება?
_ იმიტომ, რომ ქვეყანაში შეიქმნება კრიზისი და მთავრობის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება. ვერავინ შეძლებს დამოუკიდებლად მთავრობის დაკომპლექტებას, მათ შორის, ვერც „ქართული ოცნება“.
_ მთავრობის დაკომპლექტება იმ პარტიას შეეძლება, რომელიც 40%-ს აიღებს. „ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ 50%-ს აიღებენ.
_ ახლა იმაზე ბაქიბუქი, რომ საპარლამენტო არჩევნებში 50%-ს ავიღებთო, უაზრობაა. ისეთ დიდ სისულელეს ამბობენ, რომ თავადაც არ სჯერათ თავისი ნათქვამის. პირადად მე ოქრუაშვილის, რურუას, თამლიანისა და უგულავას გამოშვებაზე მაქვს აქცენტი. საარჩევნო ექსპერტი არ ვარ, არც კონსტიტუციონალისტი და საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე ბევრს ვერაფერს გეტვით. თან რაკი შეთანხმდნენ, ეტყობა, ოპტიმალური ვარიანტი იყო.
რაკი ჩვენ სრულად პროპორციულს ვითხოვდით და ამ წესს დავთანხმდით, ამის გამო ხალხში რაღაც ნიჰილიზმი გაჩნდა. მაგრამ ამას სხვანაირად შევხედოთ და ამ ეტაპზე დასკვნების გამოტანა არ ვიჩქაროთ. ახლა საშინელი ვირუსი მძვინვარებს მთელ მსოფლიოში და ამ დროს თემების გაშლა არ გამოდის. მე შემიძლია რაღაც ვთქვა, მერე ვიღაცამ მიპასუხოს. ეს მედიით არ გაშუქდება. მედია მთლიანად ვირუსზეა გადართული. თემას ვერ გავშლით და ამან შემდეგ რაღაც დისონანსი შეიძლება გამოიწვიოს და ოპოზიციაში ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. იმის გამო, რომ თემა ვერ გაიშლება, რაღაცები შეიძლება კარგად ვერ გავიგოთ. არ მინდა, გაფუჭებული სიტუაცია შევქმნა, ამიტომ ვცდილობ, თავი შევიკავო საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისგან. ველი, რომ პოლიტპატიმრები გარეთ გამოვლენ. ამაში 99.99%-ით ვარ დარწმუნებული.
_ რა ფორმით გამოვლენ პოლიტპატიმრები გარეთ?
_ რა ფორმით გამოვლენ, ეს იმათ გადაწყვიტონ, ვინც ისინი უკანონოდ დაიჭირა. მთავარია, რომ პროცესი დაწყებულია.
_ პოლიტპატიმრების საქმე რომ ადგილიდან დაიძრა და ხელისუფლება რაღაც დათმობაზე წამოვიდა, დასავლეთის დამსახურებაა. ყველას გვეგონა, დასავლეთი აქტიურად დააკვირდებოდა არჩევნებს და ეს იყო გარანტი, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდებოდა. ახლა თითქმის ყველგან საგანგებო მდგომარეობაა და ჩვენთვის აღარავის სცალია.
_ კორონავირუსმა ბევრი რამე შეცვალა. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და მინისტრებს აღმოაჩნდათ ეს ვირუსი, ზოგი ლიდერი თვითიზოლაციაშია. აშშ-ის პრეზიდენტიც კი წაიყვანეს და ანალიზები აუღეს. ასეთ დროს ყველა საკუთარ ქვეყანაზე ფიქრობს.
_ აშკარაა, რომ ჩვენთვის აღარავის ეცლება და ამით ხომ არ ისარგებლებს „ქართული ოცნება“?
_ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი გადაივლის და საქართველოს მიმართ დაინტერესება ისევ გაიზრდება. ვიმეორებ: ახლა „ქრთულ ოცნებას“ ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. ამასაც რომ ვლაპარაკობ, ისიც არ მომწონს და ჩემი ნათქვამი ყურში მხვდება, მეხამუშება. პოლიტიკურად ამოისუნთქეს, კორონა რომ არა, მათზე დასავლეთის პრესინგი გაორმაგდებოდა. ხომ სერიოზული ზეწოლა იყო დასავლეთიდან, მაგრამ აქამდე რაც იყო, ყვავილები იქნებოდა, ისეთი ზეწოლა წამოვიდოდა. მშვიდობა და ჯანმრთელობა იყოს და ყველაფერს მოევლება. ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები თუ ნოემბერში, მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
მაქსიმალურად ერთსულოვნები ვიყოთ და ერთმანეთის ჭამას თავი დავანებოთ. როცა კორონა გადაივლის, მერე ყველაფერი გამოვიტანოთ გარეთ. პირადად მე ყოველთვის გამჭვირვალობის მომხრე ვარ.
_ პირდაპირაც ამბობთ ხოლმე რაღაცებს, მათ შორის, ოპოზიციაზეც, მაგრამ ახლა ძალიან მოზომილი მეჩვენებით და ესეც კორონას ბრალია?
_ სხვანაირად ლაპარაკის უფლება ახლა არ მაქვს. ადამიანები ნერვიულობენ, ამ საშინელმა ვირუსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. ასეთ დროს რაღაც აქტივობები და ხალხთან შეხვედრები დაუშვებელია. შეიძლება, ამ დროს ვიღაც დაავადდეს და ეს არავის უნდა. ყველა ერიდება ხალხმრავლობას და ერთგვარი პოლიტიკური სტაგნაციის პერიოდია. უნდა დაველოდოთ, სხვა გამოსავალი არც არსებობს.
_ გინდათ თქვათ, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური სტაგნაცია ცუდი არ არის?
_ ღმერთმა დაგვიფაროს ეპიდემიისგან. ასეთ დროს პოლიტიკური სტაგნაცია ჯობია. ჩემი აზრით, აქამდეც უნდა შემოეღოთ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა.
_ საგანგებო მდგომარეობა რომ ბევრ რამეს შეზღუდავს? ასეთი აუცილებელია მისი შემოღება?
_ შეზღუდავს და შეზღუდოს, განა რა უნდა შეგვიზღუდოს ისეთი? ეპიდაფეთქების საშიშროება თუ დადგება, თანახმა ვარ, რომ ადამიანის უფლებები ნაწილობრივ შეიზღუდოს. საგანგებო მდგომარეობის დროს, როგორც წესი, ადამიანის უფლებები შეზღუდულია.
ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენზე წინ არიან დემოკრატიით. იქ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ ვის დავკარგვივართ, საერთოდ? როცა ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ რაღაც უნდა შეიზღუდოს. ადამიანის მთავარი უფლება სიცოცხლის უფლებაა და ამის დაცვა ყველა მეთოდით უნდა მოხერხდეს. ამ დროს ყველაფერი მეორე პლანზე გადადის. რომელი რეგვენი იტყვის, რომ არ შეიძლება საგანგებო მდგომარეობა, როცა ადამიანების სიცოცხლეს ეხება საქმე?!
_ საკმაოდ მოზომილ კომენტარებს აკეთებენ ამ დროს ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რაც შეიძლება ხალხს არ მოსწონდეს, მაგრამ ცუდი არ არის. ამ დროს ხელისუფლების წევრები ოპოზიციის მიმართ საკმაოდ აგრესიულ და ხისტ პოზიციას აფიქსირებენ. მათთვის არ არის კორონავირუსი? მათ არ აქვთ სოლიდარობის განცდა თუ მათგან ყველაფერი მოსულა?
_ ე. წ. მოლაპარაკე თავების აზრი არ მაინტერესებს. ილაპარაკონ და იუზრდელონ, გადაივლის ეს ყველაფერი და მაგათ აუცილებლად გავცემთ პასუხს. ვიღაცა რომ ცუდად იქცევა, ჩვენც ცუდად ხომ არ მოვიქცევით? ყველაფერი მაგათ ნამუსზე იყოს. თუ ისინი იმით სარგებლობენ, რომ ჩვენ ჩუმად ვართ, მაგასაც არა უშავს, ღმერთმა შეარგოს. ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ თავებთან მართლები ვართ და ახლა ამის დრო არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანი რაღაც გვაწუხებს. ეს მოლაპარაკე თავები სკამების შენარჩუნებაზე ფიქრობენ, ჩვენ სხვა რაღაცები გვაწუხებს და ჩვენთვის პარლამენტში მოხვედრა არ არის მთავარი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი მძიმე მდგომარეობაა.
ხელისუფლებაში, როგრც ჩანს, არიან ადამიანები, რომელთაც მეათეხარისხოვნად მიაჩნიათ, თუ როგორ ჩაივლის რთული რეალობა. მაგრამ ყველა მათნაირად არ მოიქცევა. მაგათ აუცილებლად გაეცემათ საკადრისი პასუხი, თანაც ათმაგად. მერწმუნეთ, ამის გარეშე არ დავტოვებთ. მთავარია, კორონავირუსი როგორმე გადავაგოროთ.
_ ამის ფონზე ხელისუფლების მხარდამჭერები აქტიურად წერენ სოციალურ ქსელში, რომ იმ სამუშაოებით, რაც ამ ვირუსთან ბრძოლაში გასწიეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, „ქართულმა ოცნებამ“, არჩევნებში შეიძლება, 90% აიღოს.
_ წერონ და იკითხონ, ასეთ რაღაცებს მეც ვკითხულობ. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ხელისუფლების მომხრე მეგობარი მყავს. ისინი ბევრ რამეს წერენ, მაგრამ ყურდაღებას არ ვაქცევ. ისინი ჩემს კედელზე არაფერს წერენ და არც მე ვპასუხობ რამეს. ამ მძიმე დროს ასეთ სისულელეებს თუ წერენ, ეს მაგათ ნამუსზე იყოს. ეს ყველაფერი რამდენიმე თვეში გაივლის, შემოდგომაზე არჩევნები იქნება და დაე, მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ რამდენ პროცენტს აიღებს. გარწმუნებთ, რომ 40%-ს ვერც ერთი პარტია ვერ აიღებს _ ვერც სახელისუფლებო და ვერც ცალკეული ოპოზიციური პარტია. ჯამში ოპოზიცია ხელისუფლებაზე ორჯერ მეტსაც აიღებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცალკე ვინმე მთავრობის დაკომპლექტებას შეძლებს.
_ ძალიან კარგი იქნება, თუ არც ერთი პარტია არ დააგროვებს ამდენ პროცენტს. ეს ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ქვეყანაში ერთპარტიულ მმართველობას.
_ აშშ-ის სახელმწოფო დეპარტამენტის ბოლო დასკვნა „ქართული ოცნებისთვის“ განაჩენივით იყო. უბრალოდ, კორონავირუსის აფეთქებას დაემთხვა ეს ყველაფერი. პანდემია გამოცხადდა, თორემ „ქართული ოცნება“ ძალიან მწარედ გამათრახდებოდა. ახლა ამის დრო არ არის. არჩევნები აღარავის ახსოვს და ყველასი მესმის. ახლა მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნები და პოლიტიკა ვინმეს დაავიწყდა, მათ შორის, არც დასავლელ პარტნიორებს; არც სახელმწიფო დეპარტამენტსა და არც ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. მათ ათჯერ მეტი ინფორმაცია აქვთ, რაც აქ ხდება.
პოლიტიკა ცოტა მოგვიანებით გახდება აქტუალური. არ უნდა დავუშვათ, რომ სიტუაცია იტალიასავით გაგვექცეს. ეს, ალბათ, არცაა მოსალოდნელი. ქართული მენტალობიდან გამოდინარე, ჩვენს ქვეცნობიერში ერთად ბრძოლა გვიდევს საერთო მტრის წინააღმდეგ. რაც ახლა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი ომი. ომის დროს კი ისევ ერთად უნდა ვიდგეთ, როგორც ეს 2008 წელს იყო. მაშინდელი ხელისუფლების მიმართ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ რაკი ჩემს ქვეყანას ეხებოდა საქმე, აგვისტოს ომში მოხალისედ წავედი. ასე უნდა იყოს, როცა ომია და თავს მტერი გესხმის, იქ ერთიანობაა საჭირო. ახლაც ომია და ეს ომი ერთად უნდა გადავიტანოთ.
_ 2008 წელსაც მწვავედ უპირისპირდებოდა ოპოზიცია მაშინდელ ხელისუფლებას, მაგრამ ომის დროს მათ ყოველგვარი აქტივობა შეწყვიტეს.
_ როცა ომია, ასე უნდა იყოს. მნიშვნელობა არ აქვს, იარაღს აიღებ ხელში თუ სახლში დაჯდები და სხვასაც იგივეს გაკეთებას აიძულებ. ახლა სიფრთხილე და სახლში დარჩენაა საჭირო, რათა ვირუსი არ გავრცელდეს.
_ ბოლოს და ბოლოს, დისტანციურად გამოთქვამთ პროტესტს. სოციალური ქსელები ამის საშუალებას გვაძლევს.
_ ქუჩაში სირბილი არაა ყოველთვის აუცილებელი. როცა საომარია, უნდა ვიომოთ და როცა თვითშეგნებაა საჭირო, სახლში უნდა დავსხდეთ. რაღაცები გვეშლება, მაგრამ საზოგადოების წინაშე მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს. ახლა შეხვედრები და მიტინგები გაუმართლებელია. ჩვენი ექიმები ისეთ საქმეებს აკეთებენ, რომ პროპორციების გადანაწილებაზე რაღაც გამოსვლებს ვერ დავიწყებთ. ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზეა საქმე. ერთადერთი, რასაც გავაკეთებ და რაზეც ვიაქტიურებ, ეს არის პოლიტპატიმრები. ამაზე სერიოზულად ვმუშაობთ. რა ფორმით და როგორ გამოვლენ, ამას მომავალი გვიჩვენებს.
_ დაახლოებით როდისთვის ელოდებით მათ გამოსვლას?
_ ზუსტი თარიღის თქმა გამიჭირდება. არც ისეა საქმე, რომ ხვალვე ჩაქუჩს დაარტყამს მოსამართლე და ისინი გარეთ გამოვლენ. ასე ადვილი არ არის. იქ რამდენიმე საქმეა. რაღაცები არის გასათვალისწინებელი. პატიმრის განთავისუფლების პროცესი იურიდიულად გამართული უნდა იყოს. პირველყოფილები ხომ არ ვართ. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს.
_ სამაგიეროდ, დაჭერაა ძალიან მარტივი.
_ ეგ ყოველთვის ეგრეა! ყველაფერი ისე იქნება, როგორც შეთანხმდნენ, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ჩვენ სულ გვეჩქარება: გვინდა, რომ რაც შეიძლება ჩქარა გადაიაროს კორონავირუსმა, რაც შეიძლება ჩქარა გამოვიდნენ პოლიტპატიმრები, არჩევნები ჩქარა ჩატარდეს. ესაა ქართული ბუნება, სულ გვეჩქარება…
_ ამის გამო სულ თუ არა, ხშირად გვაგვიანდება.
_ ტყუილად კი არაა ნათქვამი, მოჩქარეს მოუგვიანდესო. ამის გარდა, სულ ორ კურდღელს დავდევთ, მაგრამ მეჩვენება, რომ ცოტა გავიზარდეთ და ისეთები არ ვართ, როგორებიც, ჯერ კიდევ, ცოტა ხნის წინ ვიყავით. მართლა მინდა, ჩვენს ექიმებს მადლობა გადავუხდი. მათ ხომ არ იცოდნენ, რომ ეს ვირუსი პირდაპირ კლავდა თუ არა, მაშინვე წინა ხაზზე დადგნენ სხვების გადასარჩენად. ეს მერე გავიგეთ, რომ ლეტალობა მაღალი არ აქვს. თავი გადადეს და სამოქალაქო გმირობის მაგალითები გვაჩვენეს. ხელისუფლების ქებას ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ. იმას კი ნამდვილად ვიტყვი, რომ ცუდად არ ართმევენ თავს. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. პოლიტიკის დროც მალე დადგება. ახლა მთავარია, ეს საშინელება გადავაგოროთ და ეპიდემიამდე არ მივიდეთ.

შორენა მარსაგიშვილი