ირმა ნადირაშვილი: „ივანიშვილს ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დავამარცხებთ“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, საპატიმროში მესამედ შეაბრუნეს, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კი 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე. წ. მატროსოვის ციხე დატოვა. მან საპატიმროს დატოვების მერე განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. ვარაუდობენ, რომ იგი „ევროპული საქართველოს“ რიგებს შეუერთდება.
პარალელურად კი გასულ კვირას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ირმა ნადირაშვილმა და ელენე ხოშტარიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბჭოთა ჰიმნის ჩართვით „მმართველი გუნდის პრორუსული პოლიტიკა“ გააპროტესტეს. პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საბჭოთა ჰიმნის გაჟღერების გამო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გამართეს. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოითხოვდნენ, რომ ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს საპარლამენტო მანდატი დაეტოვებინათ. აქციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, მოთხოვნა ფეისბუქზე დაწერა.

რა გავლენას მოახდენს ვანო მერაბიშვილის პოლიტიკაში ჩართვა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაზე? რას ემსახურებოდა „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება? რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას ხელისუფლების არჩევნებში დასამარცხებლად?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ ირმა ნადირაშვილს ესაუბრა:

_ ქალბატონო ირმა, მას შემდეგ, რაც პარლამენტში საბჭოთა ჰიმნი გააჟღერეთ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ითხოვდნენ, თქვენ და ელენე ხოშტარიას საპარლამენტო მანდატები დაგეტოვებინათ და ამ მიზნით აქციებს მართავდნენ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან. რაზე მეტყველებს ხელისუფლების ეს ქმედება?
_ თქვენ თავად ნახეთ, რომ ადამიანები ჩამოიყვანეს შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, სენაკიდან, რუსთავიდან, მათ დაარქვეს რიგითი მოქალაქეები თუ სტუდენტები, სინამდვილეში კი ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, კალაძის ცოლისძმის მეგობრები და ბანდა, რომელიც ზონდერებად გარდაქმნეს და ამ ადამიანებს იყენებენ. მათ იმისიც კი რცხვენიათ, რომ სახე გამოაჩინონ და პირბადეებით იყვნენ მოსულები. მათ იციან, რომ კარგ საქმეს არ აკეთებენ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, უკუღმა იქცევა. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ჰიმნის გაჟღერება გავრილოვის ჩამოყვანისა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასმის ტოლფასი გახადონ, საერთოდ მოჩლუნგებული აქვთ აბსოლუტურად ყველა გრძნობა, საერთოდ ვერ აღიქვამენ საზოგადოების რეაქციას. მე და ელენე ხოშტარიას გვაბრალებენ, რომ თითქოს ჩვენ ვართ რუსეთის წარმომადგენლები. საერთოდ სად არიან! კომიკურიც აღარ არის ეს ყველაფერი. საბჭოთა კავშირი იყო მასობრივი რეპრესიების მანქანა, საბჭოთა კავშირს ჰყავდა პოლიტიკური პატიმრები, საბჭოთა კავშირის დროს პარტიის ხელმძღვანელი იყო უფრო დიდი ძალაუფლების მქონე, ვიდრე ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირი. საბჭოთა კავშირის დროს იყო ერთი პარტია. ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, დღეს ერთი ერთში გამეორებულია „ქართულ ოცნებაში“. სწორედ ამიტომ, რადგან იმ დარბაზში იმ დღეს იყო საბჭოთა კავშირი, ყველაზე ლოგიკური ჰანგები ეს იყო საბჭოთა კავშირის ჰიმნი, რომელიც იქ უნდა აჟღერებულიყო. დიახ, დარბაზში ჰქონდათ საბჭოთა კავშირი და ამიტომ, მე და ელენე ხოშტარიამ გადავწყვიტეთ, ეს მუსიკალურადაც შესაბამისობაში მოგვეყვანა.
_ იფიქრეთ თუ არა იმაზე, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება სათავისოდ გამოიყენებდა და ეცდებოდა, ეს პერფორმანსი გავრილოვის ვიზიტის ტოლფასი გაეხადა?
_ არ მეგონა, ასე შორს თუ წავიდოდნენ „ქართული ოცნების“ წევრები, რომ სენაკის საკრებულოს, თავიანთი ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელებს რუსთავიდან, მცხეთიდან ეტყოდნენ, აღშფოთებულიყვნენ. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა ისწავლოს ნამდვილი პროტესტისა და დავალებული აღშფოთების ერთმანეთისგან გარჩევა. როგორც ჩანს, ისინი ძალიან გამწარდნენ.
_ მიუხედავად სამოქალაქო პროტესტისა, მთავარი პროკურორი კვლავ ირაკლი შოთაძეა. რატომ გაბედა „ქართულმა ოცნებამ“ მისი ხელახლა დანიშვნა იმ ფონზე, როცა შოთაძის სახელი „სარალიძის საქმეს“ უკავშირდება და საპროტესტო მუხტის გამო მას, თავის დროზე, თანამდებობის დატოვება მოუწია?
_ ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, ის არც ანგარიშვალდებულებას გრძნობს ხალხთან, ის არის „მაფიის ბოსი“ და მიჩვეულია კომპანიებისა და არა ქვეყნის მართვას. ეს ქვეყანა თავისი ერთ-ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჰგონია. ივანიშვილს ფიქრობს, როგორც თავის კომპანიებში შეუძლია, ვიღაცები მოიყვანოს, შემდეგ გაუშვას, გაუწყრეს და უკან დააბრუნოს, ისე თავისი ხუშტურების მიხედვით იმოქმედოს ხელისუფლებაშიც. ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ ეს ყველაფერი გროვდება და ადამიანებმა საქართველოში იციან, როგორ გამოხატონ ამ დაგროვილ ბრაზზე პროტესტი არჩევნების საშუალებით.
_ მაშინ, როცა ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციასთან ერთად იჯდა, რა მიზანს ემსახურებოდა ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება და რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ ამისთვის?
_ გიგი უგულავას დაჭერით ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ მას ცუდად აქვს საქმე არჩევნებთან მიმართებით. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების მოგება არ შეუძლია, შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელზედაც ფიქრობს, რომ მისთვის სახიფათო პოლიტიკური მეტოქეა, ივანიშვილი ცდილობს, ისინი ციხეში გამოამწყვდიოს. გიგი უგულავა სერიოზული მოთამაშე იყო, როგორც ოპოზიციის ერთ-ერთი გამაერთიანებელი ფიგურა. ის ასევე სერიოზული მოთამაშე იყო ქუჩის აქციების დროს და სწორედ ამის გამო ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური ველი მოასუფთავოს. რაც შეეხება პოლიტიკურ ფასს, დარწმუნებული ვარ, რომ გიგი უგულავა მალე დატოვებს საპატიმროს, მაქსიმუმ, არჩევნებამდე დაჰყოს იქ. პირველივე დღეებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჩამოსცილდება ხელისუფლებას, ცხადია, ყველა პოლიტიკური პატიმარი დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
_ მმართველი გუნდის წარმომადგენლები გიგი უგულავას დაჭერასთან დაკავშირებით აცხადებდნენ, რომ პოლიტიკა თავშესაფარი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის. რას უპასუხებთ მათ?
_ დიახ, პოლიტიკა არ არის თავშესაფარი ისეთი კრიმინალებისთვის და თაღლითებისთვის, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ხელისუფლება და სახელწმიფო მიიტაცა. ის არაფორმალურად, საკუთარი სტომატოლოგებით, დაცვის უფროსებით, ოჯახის წევრების საშუალებით მართავს ამ ქვეყანას და დიახ, ასეთი ადამიანებისთვის პოლიტიკა ვერ იქცევა თავშესაფრად. რაც შეეხება გიგი უგულავას დაჭერას ერთსა და იმავე საქმეზე მესამედ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ანრი ოხანაშვილს შეიძლება სჯეროდეს, რომ ეს არის სამართლიანობის აღდგენა. დანარჩენი ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ, ძალიან ნათლად ხედავს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკური ველის მოსუფთავება. სწორედ ამის გამო აქვს ივანიშვილს პრობლემები, მათ შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ამიტომაა სწორედ, რომ ახალ-ახალ ლობისტურ კომპანიებს ქირაობს, რომ თავისი ბნელი საქმეები გაამართლოს, მაგრამ ლობისტური კომპანიები მას ვერ უშველის. თქვენ თავად ხედავთ, როგორი განწყობაა. ახლა მთავარია, ბიძინა ივანიშვილის ამ ქმედებების გამო ქვეყანა არ დაზიანდეს და სანქციები, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს, სწორედ ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელდეს.
_ დასავლეთის კრიტიკული წერილების ფონზე რატომ გარისკეს უგულავას დაჭერა?
_ არ მგონია, ივანიშვილი ვერ აცნობიერებდეს, რამდენად დიდი პრობლემაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ასეთი განცხადებების გაკეთება, მაგრამ მას იმდენად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის და, ამავდროულად, გრძნობს, რომ ეს დრო ახლოსაა, აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ასეთ ქმედებაზე მიდის. მან იცის, რომ სხვაგვარად წაგებული აქვს და ფიქრობს, რომ ასე მაინც გაძვრება. მაგრამ მან სტრატეგიულ პარტნიორებს მოატყუა. აშშ-ში პარლამენტის თავმჯდომარე გაგზავნა და დაჰპირდა, რომ პროგრესი იქნება, პოლიტიკური პატიმრები არ ეყოლება, მაგრამ პირობები ისე დაარღვია, პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-დან ჩამოსულიც არ იყო. ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ ჰპირდებოდა სენატორებსა და კონგრესმენებს, რომ ვითარებას გამოასწორებდა. ზალკალიანს პოლიტიკური თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, მინისტრის პოსტიდან გადადგებოდა, მაგრამ ზალკალიანი და მთავრობის სხვა წევრები, საპარლამენტო უმრავლესობა, არ არიან დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები, ისინი მიბმული არიან ივანიშვილის ნება-სურვილზე. არ გრძნობენ, რომ ხალხის წინაშე ვალდებულები არიან. ერთადერთ ვალდებულებას ისინი ბიძინა ივანიშვილთან გრძნობენ და მათ თავიანთი ნება-სურვილი არ გააჩნიათ.
_ უგულავას დაჭერის შემდეგ პოლიტიკური მოცემულობა შეიცვალა. ოპოზიციამ ყველანაირ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადეთ, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დიალოგისკენ მოგიწოდებენ და ცალკეულ პარტიებს მოლაპარაკებას სთავაზობენ. როგორია „ევროპული საქართველოს“ პოზიცია?
_ „ევროპულმა საქართველომ“ ნათლად განაცხადა, რომ არ შეიძლება, მოლაპარაკების მაგიდიდან ადამიანი ციხეში გაუშვა და შემდეგ დანარჩენს უთხრა, კონსულტაციები გავაგრძელოთო. სწორედ ეს არის მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ ვთქვით, რომ ეს წითელი ხაზი იყო და ამის შემდეგ მოლაპარაკებების გაგრძელება ვეღარ მოხერხდებოდა. რაც შეეხება ცალკეული პოლიტიკური პირების საუბარს ხელისუფლებასთან, თავისთავად, ეს მათი გადასაწყვეტია. ლაპარაკი არ არის პრობლემა, პრობლემა ის იქნება, თუ ვინმე მოლაპარაკების მაგიდიდან ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც არ იქნება შეთანხმებული საერთო ოპოზიციურ სპექტრთან. ეს იქნება პრობლემა, თორემ თუ, ვთქვათ, „გირჩმა“ თალაკვაძესთან გადაწყვიტა საუბარი, ეს არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტი იქნება შედეგი.
_ რამე შეთანხმების მისაღწევად თებერვლის ბოლომდე არის დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მოესწრება. დიდი ალბათობით ეს შეთანხმება ვერ შედგება. მაშინ, რა გრჩებათ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში?
_ ოპოზიციის ყველაზე მთავარი ბერკეტი არის მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება. ესაა გადამწყვეტი და ჩვენ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მივმართავთ, რომ ასეთი შეთანხმება არსებობდეს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, ოპოზიცია ამ კონსულტაციის შედეგებს მალე დადებს. მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა გაერთიანდეს. რეგიონებსა და რაიონებში უნდა იყოს ოპოზიციის საერთო კანდიდატები და დარწმუნებული ვარ, პირველსავე ტურშივე გადაწყდება ბიძინა ივანიშვილის საკითხი. რაც მთავარია, ეს არ იქნება მისთვის სასარგებლოდ.
_ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები რომ გავიხსენოთ, მაშინ ოპოზიცია აცხადებდით, რომ არჩევნები არჩევნებამდე გააყალბეს, რომ გამოყენებული იყო ფინანსური, ადმინისტრაციული რესურსი, ასევე კრიმინალების დახმარებით ცდილობდა ხელისუფლება ამომრჩეველზე ზემოქმედებას. თუ 2020 წელს ხელისუფლებამ იგივე გაიმეორა, ამისთვის ოპოზიცია მზად არის?
_ ჯერ არ ყოფილა ისეთი ვითარება, რომელიმე ხელისუფლებას არჩევნები გაეყალბებინოს და ის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენილიყოს. შეგახსენებთ ედუარდ შევარდნაძის მაგალითს, რომელიც არჩევნების შედეგების გადაწერას ცდილობდა და ამას რაც მოყვა, ძალიან კარგად იცით. ჩემი სიტყვები არანაირად არ უნდა აღიქვათ რევოლუციისკენ მოწოდებად, მაგრამ ქართველ ხალხს თავისი არჩევანის დაცვა შეუძლია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. რაც შეეხება ძალიან დიდ ფულს, მოსყიდვას, დაშინებასა და სხვა მეთოდებს, რომელსაც ხელისუფლება აქტიურად იყენებდა, არის ვითარება, როდესაც არც ერთი მეთოდი აღარ მუშაობს. როგორ ფიქრობთ, 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დახარჯა ან ადმინისტრაციული, ან მატერიალური რესურსი?! მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა, რადგან ხალხი შეთანხმებული იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას ჩამოეშორებინა. სწორედ ასე მოხდება 2020 წელს, ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს, ამაში ეჭვის შეპარვა, უბრალოდ, ზედმეტია. ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე მიიყვანა, იგი ფიქრობს, რომ ასეთი ხალხის მართვა უფრო ადვილია, ის ქუჩაში გამოსული ხალხის თავებს ითვლის, მაგრამ სწორედ აქ ცდება, რადგან ადამიანები ყველაფერს იმახსოვრებენ. არავინ დახუჭავს თვალს იმაზე, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც ბავშვებს თვალები დასთხარა, პრემიერ-მინისტრი გახდა. „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე მოსთხოვენ პასუხს.
_ ოპოზიციის ეფექტიან მუშაობას მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ხელს უშლის, _ ასე ფიქრობს პოლიტოლოგების გარკვეული ნაწილი. თქვენ გაიზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას და რა როლს თამაშობს მიხეილ სააკაშვილის ფიგურა ოპოზიციისთვის?
_ ბიძინა ივანიშვილმა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მეორე ტურში ასეთი არჩევანი დააყენა: ბიძინა თუ მიშა? ასეთი არჩევანი ვეღარ იქნება სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიციური სპექტრი მრავალფეროვანია. ჩვენ გვინდა, არც ერთ პარტიას არ ჰქონდეს ისეთი გადამწყვეტი უპირატესობა, რომ ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს. პირდაპირ პოლიტიკური წყევლაა ნებისმიერი პარტიისთვის, როცა მას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. წყდებიან რეალობას და ჰგონიათ, რომ ეს ძალაუფლება სულ ექნებათ და ისეთ სისულელეებს სჩადიან, როგორიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, როცა პროპორციულთან დაკავშირებული დაპირება ადამიანებს თავზე გადაახია. პირველ რიგში, მთელი სამუშაო ამისკენ არის მიმართული, რომ არჩევანი, რომელსაც მუდმივად იყენებდა ივანიშვილი, _ ბიძინა თუ მიშა? _ ამ არჩევანის წინაშე ქართული საზოგადოება ნამდვილად არ დადგეს და არც დგას. მე ვიცი ერთი რამ, რომ სააკაშვილს არ აქვს უფლება, იყოს საქართველოში და პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა, ეს უფლება მას ივანიშვილმა შეუზღუდა, რაც უსამართლობაა. კონკურენცია უნდა იყოს თანაბარი, სააკაშვილს აქ ყოფნის საშუალება უნდა ჰქონდეს და ისე მონაწილეობდეს პოლიტიკურ პროცესებში. რაც შეეხება სააკაშვილის ფაქტორს, ვიცი, რომ გადაწყვეტილებები მიიღება აქ და მიხეილ სააკაშვილი რა დოზით ერევა ამ გადაწყვეტილებებში, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმეა. რა დოზით უსმენენ ისინი მიხეილ სააკაშვილს, ეს მათი საქმეა, მაგრამ ოპოზიციაში გადაწყვეტილებები მიიღება იმ მაგიდის ირგვლივ, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში დგას და სადაც თავს იყრის მთელი ოპოზიციური სპექტრი, ვისაც შეგნებული აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას.
_ თქვენ ლეიბორისტული პარტიის ოფისი ახსენეთ, სადაც თავს იყრის ოპოზიციური სპექტრი. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, საპატიმროს დატოვების შემდეგ, განაცხადა, რომ ის აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. ანზორ ბიწაძემ განაცხადა, რომ თუ ვანო მერაბიშვილი ამ მაგიდას მიუჯდება, „ერთიანი საქართველო _ დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვებს ამ საკონსულტაციო ფორმატს. აქედან გამომდინარე, თქვენი აზრით, შეუშლის თუ არა ოპოზიციურ ერთობას ხელს ვანო მერაბიშვილი და მოიაზრებთ თუ არა მას „ევროპულ საქართველოში“?
_ პირველ რიგში, ყველა განცხადება იმის შესახებ, თუ სად წავა მერაბიშვილი, ძალიან სპეკულაციურია, რადგან არც ერთი განცხადება, თუ სად აპირებს ის თავისი პოლიტიკური აქტივობის გაგრძელებას, ვანო მერაბიშვილს არ გაუკეთებია. მეტიც: მას მინიშნებაც კი არ ჰქონია ამაზე, მათ შორის, პირად საუბრებში. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომ მერაბიშვილი წავა „ევროპულ საქართველოში“ თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ან კიდევ სხვაგან, ეს არის სპეკულაცია და ახლა მით უმეტეს არანაირი საჭიროება აღარ არის, რომ ვანო მერაბიშვილის ნაცვლად ვისაუბროთ. ვანო მერაბიშვილმა სამარტოო საკანში 7 წელი გაატარა, რაც წამების დახვეწილი მეთოდია ივანიშვილის მხრიდან. მას არ ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამის თაობაზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი იყო. მან უკვე დატოვა საპატიმრო და მის ნაცვლად საუბრის საჭიროება დღეს ნამდვილად არ არსებობს. მას აღარ აქვს შეზღუდული კომუნიკაციის საშუალება საზოგადოებასთან. ის მიიღებს გადაწყვეტილებას და ამის შესახებ ყველა ძალიან მალე გაიგებს. რაც შეეხება ლეიბორისტული პარტიის ოფისში მოსვლას, არ ვიცი, რას აპირებს ვანო მერაბიშვილი, მაგრამ გამოვრიცხავ, მან ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც ხელს შეუშლის ოპოზიციის ერთიანობას. პირიქით, როგორც ჩემთვის ცნობილია, ის მოწოდებულია ამ ერთიანობის გამყარებისკენ. მე არ ვიცი, რას იზამს ვანო, მაგრამ ზუსტად ვიცი, არაფერს იზამს ისეთს, რაც ბიძინა ივანიშვილს გააძლიერებს.
_ კალაძემ განაცხადა: მეტი ვანო ოპოზიციას. ზაზა გაბუნიამ თქვა, რომ მკვლელისგან ნელსონ მანდელა ვერ დადგება. ხელისუფლების ეს განცხადებები უარყოფითად ხომ არ აისახება საზოგადოების ნეიტრალურ ნაწილზე?
_ ხელისუფლება გამოდგა და ყველანი თეა წულუკიანები იყვნენ თავიანთი ბოღმის ხარისხით. მოგეხსენებათ, წულუკიანი ამ მხრივ გამორჩეულია, მაგრამ ტოლს არ უდებდნენ. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება გრძნობს, _ თავისი პოლიტიკური პატიმარი გამოვიდა ციხიდან. არც წულუკიანის, არც გაბუნიას გადასაწყვეტი არასდროს იქნება, ვანო მერაბიშვილი დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში და როგორ იცხოვრებს. ვანო მერაბიშვილი თუ წავა რომელიმე პარტიაში, ეს ამომრჩეველს ეცოდინება და თავად გადაწყვეტს, ამ პარტიას მისცეს თუ არა ხმა, მაგალითად, იმის გამო, რომ იქ ვანო მერაბიშვილია. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ჩვენი „ნელსონ მანდელა ზაზა გაბუნია“ ამას ნამდვილად ვერ შეცვლის.

ნენე ინჯგია