საქართველოს გასაბჭოების უცნობი სისხლიანი ქრონიკა

დღეს 25 თებერვალია _ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკრალური თარიღი, _ თარიღი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ბედი უკუღმა დაატრიალა და წითელი იმპერიის კლანჭებში მოგვაქცია. მართალია, საბჭოთა კავშირი, ლამის, 30 წლის წინათ დაიშალა, მაგრამ ბოლშევიკური მენტალობა არსად გამქრალა და მხოლოდ კრემლი კი არა, ქართველი რენეგატებიც კვლავ ჩრდილოეთისკენ გვექაჩებიან! როგორი იქნებოდა საქართველო 99 წლის წინ, ანუ 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმია თავს რომ არ დაგვსხმოდა და სერგო ორჯონიკიძეს მოსკოვში დეპეშა არ ეფრინა, თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებსო? _ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რასაკვირველია, მარტივია _ რომ არა ბოლშევიკური ოკუპაცია, დღეს ჩვენი პატარა სამშობლო ევროპის სრულფასოვანი წევრი, ანუ ისეთი ქვეყანა იქნებოდა, სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები დაცული იქნებოდა, სადაც კორუფცია სირცხვილად ჩაითვლებოდა და სადაც ხელისუფლება იძულებული იქნებოდა, რომ ხალხისთვის მოესმინა, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა _ 1921 წლის 25 თებერვალს თბილისის თავზე სისხლისფერი დროშა აფრიალდა და, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტები კარგა ხანია, დინოზავრების გზას დაადგნენ, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა კვლავაც საბჭოთა სისტემით იმართება!

და მაინც, რა მოხდა 99 წლის წინათ? _ „ქრონიკა+“, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, საქართველოს გასაბჭოების სისხლიან ქრონიკებს გთავაზობთ.

დიახ, ესაა წერილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, განსაკუთრებული გულისყურით კი მათ უნდა წაიკითხონ, ვინც რუსეთს ერთმორწმუნე ძმად მიიჩნევენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ ამ ჩრდილოეთელ დათვს „ბაბაია“ უნდა დავუძახოთ!
ყველაფერი კი 1921 წლის 11 თებერვალს, ღამით დაიწყო _ ე. წ. ლორეს ნეიტრალურ ზონაში განლაგებულ ქართულ შენაერთებს რუსი ბოლშევიკები თავს ესხმიან. ბრძოლები, ლამის, ორი დღე გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტები ქართველ სამხედროებს ქვემეხებიდან ესვრიან. 13 თებერვალს გენერალი გედევანიშვილი სადახლო-სანაინის მიმართულებაზე კონტრშეტევას გადაწყვეტს. გენერალ ჯიჯიხიას დაჯგუფება კიზილკაის სიმაღლეებს იკავებს, მაგრამ საერთო შეტევა მაინც ვერ ხერხდება, რამეთუ გენერალ სუმბათაშვილის შენაერთი პირადი შემადგენლობის მესამედს კარგავს, გადარჩენილ მებრძოლებს კი წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ შესწევთ.
14 თებერვალს გენერალ სუმბათაშვილის ნაწილები მდინარე ხრამისკენ იხევს. ოკუპანტები სადახლოს იკავებენ…
15 თებერვალს რუსეთის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, ანუ ლენინი, მითითებას იძლევა, რომ მე-11 არმიამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. მეორე დღეს, ანუ 16 თებერვალს, ბოლშევიკები წითელი და ფოილოს ხიდების მიმართულებით ცეცხლს ხსნიან. წითელ ხიდს გურიის ბატალიონის ასეული იცავს, თუმცა მტერს წინააღმდეგობას ვერ უწევს… გენერალი სოსო გედევანიშვილი სარდლობას გენერალ სუმბათაშვილს აბარებს და თბილისში მოდის. ხრამთან მდგარი ქართველი მებრძოლები იძულებულნი ხდებიან, უკან დაიხიონ…
16-17 თებერვალს ბოლშევიკები, პრაქტიკულად, უკვე კახეთში არიან, ანუ პირველ რესპუბლიკას ზაქათალის მხრიდან უტევენ. მე-6 ათასეულის მცირე რაზმებად დაშლილი შენაერთები მტერს სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ უწევენ. ამასობაში, მთავარსარდალს, გენერალ ილია ოდიშელიძეს, თანამდებობას ატოვებინებენ და მის ადგილას გენერალ გიორგი კვინიტაძეს ნიშნავენ. ახალი ხელმძღვანელი გენერლების _ ანდრონიკაშვილის, მაზნიაშვილისა და ჯიჯიხიას სარდლობით, თბილისის დაცვის სამ სექტორს ქმნის.
საერთო ჯამში, თბილისის დაცვაში გვარდიის საგანგებო, თბილისის სამი, დუშეთის, გორის, ხაშურის, ახალციხის, იმერეთის მე-2 და მე-3, სენაკის, ზუგდიდის, ბათუმის ბატალიონები და არმიის პირველი, მე-4, მე-5, მე-7, მე-9, მე-10 ათასეულები მონაწილეობენ. ამასთან, დედაქალაქს სადარაჯო და საყარაულო ათასეულთა ნაწილები, სამხედრო სკოლა, მოხალისეები, გვარდიისა და არმიის საკავალერიო ნაწილებიც იცავენ. საერთო ჯამში, თბილისის მეციხოვნეთა რიცხვი 12-დან 15-ათასამდეა…
თბილისზე იერიში 18 თებერვალს მძაფრდება. ამ დღეს ქართულ შეიარაღებულ ძალებს შემდეგი პოზიციები უკავია: მარჯვენა ფლანგზე, ანუ კოჯორ-მანგლისის გზატკეცილზე, თეთრი დუქნიდან აზეულას (ქოროღლის) ციხემდე მე-4 ათასეულის ორი ასეული დგას, რომელსაც პოლკოვნიკი პლატონ ჩიქოვანი მეთაურობს. ტაბახმელის მონაკვეთს სამხედრო სკოლა ამაგრებს გენერალ ალექსანდრე ანდრონიკაშვილის მეთაურობით. ცენტრში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ნაწილია დისლოცირებული. სოღანლუღის სიმაღლეებზე კი პოლკოვნიკ დავით ვაჩნაძის სადარაჯო ათასეული და მეტყვიამფრქვევეთა ბატალიონია გამაგრებული…
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, რკინიგზის ხაზამდე, გვარდიის გორისა და ხაშურის ბატალიონები იცავენ. მარცხენა ფლანგს _ გვარდიის აღდგენილი ნაწილები გენერალ არტემ ჯიჯიხიას მეთაურობით. კერძოდ, იმერეთის მე-2, ზუგდიდისა და დუშეთის ბატალიონები და თითო-თითო საველე და სამთო-საარტილერიო ბატარეები. სოფელ ლილოსთანაა გვარდიის ცხენოსანი დივიზიონი.
დაახლოებით, საღამოს 8-9 საათზე ქართველთა სადაზვერვო რაზმები ოკუპანტების მოძრაობას აფიქსირებენ. მოგვიანებით კი ცნობილი ხდება, რომ წითელმა არმიამ იაღლუჯის ქედს მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან შემოუარა და გენერალ მაზნიაშვილის პოზიციებისკენ დაიძრა. დაზვერვაზე წასული გორის გვარდიისა და სადარაჯო ათასეულის რაზმები, ხანომკლე შეტაკების შემდეგ, უკან იხევენ. ამასობაში, გენერალი მაზნიაშვილი იღებს ცნობას, რომ ბოლშევიკები სოღანლუღისკენ მოიწევენ, თუმცა მე-9 ათასეულის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ვაჩნაძე, სხვა რამეს იუწყება, ანუ ამტკიცებს, რომ მოწინააღმდეგე არ ჩანს. იგივე ცნობას აწვდის მაზნიაშვილს ჯავშანმატარებლის მეთაური ვალოდია გოგუაძეც კუმისის სადგურიდან.
„გენერალმა მაზნიაშვილმა დაასკვნა, რომ მტერი ძირითად იერიშს მხოლოდ ერთი მიმართულებით _ მტკვრიდან რკინიგზის ხაზამდე არსებულ მონაკვეთზე მიიტანდა. მაზნიაშვილი გვარდიის გორის ბატალიონის მიერ დაკავებულ პოზიციებზე მივიდა, რადგან შეტევა სწორედ აქ იყო მოსალოდნელი. გენერალმა ძლივს მოასწრო ბატალიონის უფროსის მოხსენების მოსმენა, რომ შეტევა დაიწყო.
მოწინააღმდეგის იერიშის დაწყებისთანავე, სოღანლუღის ხიდთან ბრძოლაში ჯავშანმატარებელი ჩაება. მე-11 არმიის ნაწილებმა შეტევის ფრონტი გაშალეს და ბრძოლაში უკვე საყარაულო რაზმი და სადარაჯო ათასეულიც ჩაერთო. მოწინააღმდეგემ ხელთ იგდო ორი ზარბაზანი და მიუახლოვდა სოღანლუღის სადგურს.
ქართულმა ჯავშანმატარებელმა მოწინააღმდეგეს სადგურის დაკავების საშუალება არ მისცა. 19 თებერვლის 2-დან 3 საათამდე მტერმა სადარაჯო ათასეულის მიმართულებით იერიში შეწყვიტა და მთელი ძალებით გვარდიის გორის ბატალიონის პოზიციებს შეუტია. სადარაჯო ათასეული სანგრებიდან სროლით ცდილობდა გორის ბატალიონის დახმარებას. გვარდიელებმა ყველა შეტევა მოიგერიეს. ამ დროისთვის ბრძოლაში, კვინიტაძის ბრძანებით, გვარდიის სარეზერვო ბატალიონი ჩაერთო. ვალიკო ჯუღელის მიერ მოყვანილი ჯავშანმანქანების დახმარებით, სოღანლუღის სადგურიდან მტერი უკუაგდეს“, _ ვკითხულობთ საქართველოს ისტორიის ქრონიკებში, სადაც ასევე წერია, რომ გენერალი მაზნიაშვილი მოწინააღმდეგის მიერ ძირითადი მიმართულების შეცვლას ვარაუდობდა, თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა, ანუ ბოლშევიკებმა გორის გვარდიელთა პოზიციების გარღვევა გააგრძელეს
19 თებერვალს, გამთენიისას, მოწინააღმდეგის მორიგი იერიშის მოგერიების შემდეგ, სადარაჯო ათასეული იერიშზე გადადის. სანგრებიდან ამოსულ გორის ბატალიონს სარეზერვო ბატალიონიც უერთდება და ქართველი მეომრები საყარაულო ათასეულის რაზმის მიერ დატოვებულ თავდაპირველ პოზიციებს იკავებენ. რუსები უკან, ანუ იაღლუჯის მიმართულებით იხევენ. ქართველებს ისიც ამშვიდებთ, რომ 1600 წითელარმიელი ტყვედ ვარდება, ანუ არსებობს შანსი, რომ საქართველო დაპყრობას გადარჩეს, თუმცა სხვა გეგმა აქვს მე-11 არმიის სარდლობას, რომელიც დარწმუნებულია, რომ თბილისს 19 თებერვალს აიღებს, მაგრამ ქართველების წინააღმდეგობის გამო რუსები სტრატეგიას ცვლიან, ანუ ჩვენი ჯარების მარჯვენა ფრთას უტევენ.
19-ში, გარიჟრაჟზე, მეთერთმეტეარმიელები სოფლების _ ვაშლოვნისა და კუმისის მიდამოებში გამოჩნდებიან და ტაბახმელა-კოჯრისკენ იღებენ გეზს. ტაბახმელას, სამხედრო სკოლასთან ერთად, მე-10 ათასეული იცავს, რომელსაც პოლკოვნიკი საგინაშვილი მეთაურობს. როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, ტაბახმელის პოზიციებიდან მაიორი ბახუტაშვილი მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლს უხსნის. რუსები იფანტებიან, თუმცა მალე ბოლშევიკების ცხენოსანი რაზმი გამოჩნდება…
აშკარაა, რომ მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობა დიდია, თუმცა ლეიტენანტ ერისთავის მეთაურობით გახსნილი ტყვიამფრქვევების ცეცხლი მტერს ცოტა ხნით აყოვნებს.
ამასობაში, კოჯორთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იმართება. სამწუხაროდ, მე-4 ათასეულის ნაწილები თავდასხმას ვერ იგერიებენ და უკან, მამადავითისკენ იხევენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კოჯორი უკვე ბოლშევიკების ხელშია.
ამის შემდეგ რუსები წავკისისა და ტაბახმელისკენ ეშვებიან. დიდი ალბათობით, ტაბახმელის პოზიციებზე მყოფი ქართული ნაწილები ალყაში მოექცევა. ამიტომაც გენერალი ანდრონიკაშვილი პოლკოვნიკ ჩხეიძეს უბრძანებს, რომ ტაბახმელა დატოვონ და მამადავითისკენ დაიხიონ.
ჩხეიძემ იცის, რომ კოჯრის განთავისუფლებას ვერ შეძლებს, მაგრამ დამატებითი ძალების მოსვლამდე მტერი უნდა შეაჩეროს. ჩხეიძე იმასაც გრძნობს, რომ გენერალი კვინიტაძე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გუმანი მართლდება, ანუ კოჯრის დაკარგვის ინფორმაციას იღებს თუ არა, გენერალი კვინიტაძე ტაბახმელის მიმართულებით მე-5 ათასეულს, ასევე გვარდიის იმერეთისა და ბათუმის ბატალიონებს აგზავნის.
„პოლკოვნიკმა ჩხეიძემ მაიორ ბახუტაშვილს არტილერიის მობრუნება და მტრისთვის ცეცხლის გახსნა უბრძანა. დროებით, სარდლობა ნესტორ გარდაფხაძეს გადააბარა და თავად გენერალ ანდრონიკაშვილთან შტაბში ჩავიდა. გადაწყდა არსებული ძალებით კონტრშეტევის განხორციელება და მტრის შეჩერება. იუნკრები, კაპიტან თოიძისა და მე-10 ათასეულის მებრძოლთა ნაწილი, კაპიტან ქარუმიძის მეთაურობით, შეტევაზე გადავიდნენ. პირველი ამოცანა გადაჭრილი იყო _ მტრის შეტევა შეჩერდა. იმ დღესვე მოწინააღმდეგე მარცხენა ფრთაზეც გამოჩნდა. ამ მიმართულებით მცირე შეტაკებები მიმდინარეობდა“, _ ნათქვამია საქართველოს 21 წლის ანექსიის ქრონიკებში.
ამასობაში, 20 თებერვალიც თენდება, ანუ საქართველოს გაწითლებამდე სულ ხუთი დღეღაა დარჩენილი. ქართველები კოჯრის განთავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ. ქრონიკებიდან ირკვევა, რომ ეს უმძიმესი ბრძოლა იყო.
ამონარიდი ისტორიული ქრონიკებიდან: „ქართულმა ჯარმა ხელთ იგდო მტრის ოთხი ზარბაზანი, ათზე მეტი ტყვიამფრქვევი, ერთი ჯავშნოსანი და ტყვეები. გვარდიის იმერეთის მე-3 ბატალიონის მებრძოლთა ერთი ჯგუფი სოფელ ვაშლოვანში შევიდა, იქ მდგარი ბოლშევიკების აღალი გაანადგურა და თავის პოზიციებზე დაბრუნდა. მარცხენა ფრთაზე გვარდიის ნაწილებმა მტერი უკუაგდეს და სადგური ვაზიანი დაიკავეს.
20 თებერვალს მოწინააღმდეგე მთელი ღამე კოჯორ-ტაბახმელის მიმართულებაზე უშედეგო შეტევას განაგრძობდა და მხოლოდ 21 თებერვალს დილით დაიწყო უკან დახევა. მალე მათი ქვეითი ჯარი აღარსად ჩანდა. ძირითადი მოვლენები გენერალ ჯიჯიხიას სექტორში განვითარდა. მოწინააღმდეგემ თბილისის დამცველთა მარცხენა ფლანგის შემოვლა განიზრახა, მაგრამ გვარდიის ბატალიონები კონტრშეტევაზე გადავიდნენ. ჯიჯიხიას ძალები კვინიტაძემ წინასწარ დამატებითი ბატალიონებით გააძლიერა. სოფელ ლილოდან ხუთმა გვარდიულმა ბატალიონმა, ქართველ კავალერისტთა მხარდაჭერით, მოწინააღმდეგის ფლანგს დაარტყა. ორხევში მდგარმა ასევე ორმა გვარდიულმა ბატალიონმა ფრონტალური შეტევით მოწინააღმდეგეზე ძლიერი იერიში მიიტანა.
მე-11 არმიის ნაწილებმა უკან დახევა დაიწყეს. მათი დევნა დაღამებამდე გაგრძელდა. ქართულმა შენაერთებმა მტერს უკან 10 კილომეტრზე მეტით დაახევინეს. ეს წარმატება კაპიტან ედიგარაშვილის ბორჩალოს მოხალისეთა საკავალერიო ასეულით გაძლიერებული გვარდიის ცხენოსანი დანაყოფების სწრაფმა და ეფექტიანმა მოქმედებამ განაპირობა“.
ასე და ამგვარად, ბოლშევიკები მიხვდნენ, რომ თბილისს პირდაპირი იერიშით ვერ აიღებდნენ, ამიტომ მე-11 არმიის სარდლობა ქალაქის დამცველთა ფლანგებიდან შემოვლასა და ძალების გადაჯგუფებას იწყებს. კერძოდ, ორ _ ველიკანოვისა და კუიბიშევის _ დაჯგუფებას ქმნის. კუიბიშევის დაჯგუფებას თბილისზე აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შეტევა ევალება; ველიკანოვმა კი შეტევა დასავლეთიდან უნდა განახორციელოს.
22 თებერვალს ბოლშევიკების ცხენოსანთა რაზმი მანგლისს იკავებს და მანგლისი-კოჯრის გზატკეცილის გასწვრივ იერიშს იწყებს, თუმცა მარცხდება.
მოჩვენებითი სიმშვიდეა ტაბახმელა-კოჯრის მიმართულებაზე, თუმცა ორმხრივი სროლის შედეგად ლეიტენანტები _ ერისთავი და ანდრონიკაშვილი იჭრებიან.
23 თებერვალს, ანუ საბჭოთა არმიის დაარსების დღეს, მოვლენები ასე ვითარდება:
მოწინააღმდეგე თავისი მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მე-11 არმიის ცხენოსანი ნაწილები, მე-12 და მე-18 საკავალერიო დივიზიები ჩნდებიან. ამასთან, ბოლშევიკებს ქართულ ნაწილებზე მიაქვთ იერიში და გენერალ ჯიჯიხიას ქართული შენაერთები უკან იხევენ.
ნაშუადღევს მოწინააღმდეგე ქართველთა უკანდახევისას აფეთქებული ფოილოს სარკინიგზო ხიდს აღადგენს, რაც დამატებითი ძალების, მათ შორის, ტანკების სწრაფი გადაადგილებისა და ჯავშანმატარებლების გამოყენების საშუალებას აძლევს. საღამოს რუსების ჯავშანმატარებლები ქართულ პოზიციებთან მოახლოებას შეეცდებიან, მაგრამ ქართველ არტილერისტთა ზუსტი ცეცხლის გამო, იძულებულნი ხდებიან, უკან დაიხიონ. პარალელურად, წითლებს ტაბახმელის პოზიციებზე მიაქვთ იერიში, მაგრამ ჩვენები აქაც მედგარ წინააღმდეგობას უწევენ.
24 თებერვალს, დილიდანვე, მტერი მარჯვენა ფლანგზე ქართულ შენაერთებს საარტილერიო ცეცხლს უხსნის და შეტევაზე გადმოდის. სულ 90-მდე იუნკერიღა დარჩენილიყო, თუმცა ისინი მტერს კვლავ მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ და, შესაბამისად, ბოლშევიკები ქართველთა პოზიციების გარღვევას ვერ ახერხებდნენ.
საბოლოოდ, რიცხობრივი უპირატესობა თავისას შვრება და ნაშუადღევს წითლები რამდენიმე სანგარს იკავებენ.
„ამის შემდეგ პირდაპირ ლეიტენანტ გოგი მესხიშვილის ბატარეის წინ აღმოჩნდნენ და ქართველ არტილერისტებზე ხიშტებით წამოვიდნენ. ლეიტენანტმა მესხიშვილმა ხმალი იშიშვლა და იუნკრებთან ერთად მოწინააღმდეგეს ეკვეთა.
მათ ოფიცრების შავდიას, ხოშტარიასა და ჩოჩუას წინამძღოლობით სხვა იუნკრებიც წამოეშველნენ და მტერს უკან დაახევინეს. მოწინააღმდეგე მარჯვნივ და მარცხნივ გაიფანტა და ამით უკან მყოფ მეტყვიამფრქვევეებს 100-120 ნაბიჯის მანძილიდან იუნკრებისთვის ცეცხლის გახსნის საშუალება მისცა. იუნკერთა ნაწილმა, კაპიტან ჩოჩუას მეთაურობით, მეტყვიამფრქვევეებს შეუტია.
მტრის რიგებამდე პირველმა იუნკერმა შალვა ერისთავმა მიირბინა და მემიზნე ოფიცერი ხიშტით განგმირა, თუმცა თავადაც სასიკვდილოდ დაიჭრა. ასევე დაიღუპნენ იუნკრები _ ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი, 15-მდე კი დაიჭრა. დაიჭრა კაპიტანი ჩოჩუაც. ასევე დაიჭრნენ კაპიტნები _ შავდია და ხოშტარია. იერიშები დაღამებამდე გაგრძელდა, მაგრამ ბოლშევიკებმა წინ წაწევა ვეღარ შეძლეს, მეტიც, იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ“, _ ვკითხულობთ საქართველოს რუსული ანექსიის ქრონიკებში.
ამავე წყაროს ცნობით, არანაკლებ მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლა მიმდინარეობდა სოღანლუღ-შავნაბადის მიმართულებაზე: „ამ სექტორში მოწინააღმდეგემ მთავარი დარტყმა გზატკეცილისა და რკინიგზის ხაზის გასწვრივ განავითარა. ამ მიმართულებით მოწინააღმდეგის მოგერიება მოხერხდა, მაგრამ კრიტიკული ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც მტერი შეტევაზე თელეთიდან გადმოვიდა, ფრონტი გაარღვია და 18:00 საათისთვის სოღანლუღის ქედზე მდებარე სიმაღლე დაიკავა. შეიქმნა საშიშროება, რომ მოწინააღმდეგე ღრმად შემოიჭრებოდა და საშუალება მიეცემოდა, ზურგში მოჰქცეოდა არა მარტო გენერალ მაზნიაშვილის ნაწილებს, არამედ გენერალ ანდრონიკაშვილის შენაერთებსაც. საჭირო იყო სასწრაფოდ სიმაღლის დაბრუნება“.
ნაშუადღევს ქართული არმია საარტილერიო და ტყვიამფრქვევების ცეცხლს ანახლებს. მერე ნისლი ჩამოწვება, თოვას დაიწყებს და აცივდება. ამინდის გაუარესების მიუხედავად, ოთხ ქართულ თვითმფრინავს ბოლშევიკების ჯავშანმატარებლებზე იერიში მიაქვს და ოცდაათამდე ბომბს ჩამოაგდებს. ბრძოლაში ქართული ჯავშანმატარებელიც ერთვება, მაგრამ მოწინააღმდეგის დიდი უპირატესობის გამო, იძულებილია, ნავთლუღისკენ დაიხიოს. აქაურობას კი რუსები ბომბავენ.
„ორხევის სანგრებში მყოფმა გვარდიელებმა მოწინააღმდეგის არაერთი იერიში მოიგერიეს, მაგრამ, დაახლოებით, 17:00 საათისთვის, სანგრებთან მტრის სამი ტანკი გამოჩნდა და იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ. გენერალმა ჯიჯიხიამ იმერეთის მე-2 ბატალიონს კონტრშეტევა დაავალა, რომელმაც კონტრშეტევა წარმატებით აწარმოა. იმერეთის ბატალიონს მეგრელებიც შეუერთდნენ, რომლებიც სანგრების უკან, გორაკზე იყვნენ ჩასაფრებულნი. იმერლები და მეგრელები ყიჟინით შეცვივდნენ სანგრებში, ამორეკეს იქიდან რუსები და დაედევნენ, _ იუწყება მემატიანე და დასძენს, რომ რუსების ერთი ტანკი ხრამში გადავარდა და მწყობრიდან გამოვიდა, _ სანამ ორხევთან ბრძოლა მიმდინარეობდა, მოწინააღმდეგის კავალერიამ ჩვენი ჯარების მარცხენა ფრთის შემოვლა განიზრახა და სოფელ ლილოსთან გამოჩნდა. მთავარსარდალი იძულებული გახდა, დაცვის კიდევ ერთი სექტორი გაეხსნა გენერალური შტაბის ოპერატიული სამსახურის უფროსის, პოლკოვნიკ ნიკოლოზ გედევანიშვილის მეთაურობით, რომელსაც დაექვემდებარნენ გვარდიის სამი ბატალიონი, მოხალისეები, არმიისა და გვარდიის ცხენოსანი რაზმები. წითელმა კავალერიამ სოფელ დიდ ლილოს შემოუარა და ავჭალისკენ დაიძრა.
მთავარსარდალმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან შეიტყო, რომ მოწინააღმდეგის კავალერიამ დაიკავა სოფლები _ მამკოდა, გლდანი და ავჭალა“.
„იქ ჯავშანმატარებლით, შანიძის მეთაურობით, მოხალისეთა რაზმი გავაგზავნე, სადგურ ავჭალის განთავისუფლება და რკინიგზაზე თავისუფლად მიმოსვლის უზრუნველყოფა ვუბრძანე…
24 თებერვლის საღამოსთვის თბილისი, არსებითად, ალყაში მოექცა… თბილისის ქუჩებში ბრძოლების გამართვა შეუძლებელი იყო, ვინაიდან ქალაქი ტაფობში მდებარეობს და მთებითაა გარშემორტყმული. ეს ხაფანგი იყო, საიდანაც ვერავინ გააღწევდა და ჯარი იძულებული გახდებოდა, დანებებულიყო. ჯარის გაყვანა და თბილისიდან 12-13 ვერსის მანძილზე გამაგრება გადავწყვიტე. თბილისის დასაცავი ყველა ძალა და საშუალება ამოიწურა, წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეგვეძლო. ქვეყნის დასაცავად თბილისი უნდა დაგვეტოვებინა, თუ არა, ჯარისა და მმართველობის გარდაუვალი დაღუპვა გველოდა.
ჩემი ეს გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარეს ვაცნობე. თბილისზე გავლით ბრძოლით უკან დახევა წარმატებას არ გვიქადდა. საუკეთესო საშუალება ღამის სიბნელეში უკან დახევა იყო“. მთავარსარდლის ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა გენერალი ილია ოდიშელიძე, რომელმაც განაცხადა: „ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია უკან დახევა, რადგანაც მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, თუ რა ფსიქოლოგიურ გამოძახილს ჰპოვებს ეს ნაბიჯი ჩვენს გამარჯვებულ ჯარში. ვფიქრობ, მცხეთაში არც ერთი ჯარისკაცი არ გაჩერდება. ამიტომ თუ ხსნა გვიწერია, ხსნა ისევ იქ არის, იმ პოზიციებზე, რომელიც ჯარს უკავია… თუ სხვა რამ არ გვიწერია, მე ვფიქრობ, უმჯობესია, თბილისის წინ სასახელოდ დავიხოცოთ“, _ ამ სიტყვების ავტორი კი გენერალი კვინიტაძეა.
მთავრობის თავმჯდომარე, ნოე ჟორდანია, მთავარსარდალს უჯერებს და 24 თებერვალს, ღამით, ქართული შეიარაღებული ძალები თბილისს ტოვებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს გასაბჭოება-გაწითლების ოპერაცია წარმატებით დაგვირგვინდა!
აი, ამის შემდეგ იწყება საქართველოს „კომუნისტური რუტინა“, რომელიც, გვინდა თუ არა, დღემდე გრძელდება. ამას ისიც მოწმობს, რომ ჩვენ ქვეყანა ახლაც „ჩრდილოეთელი დათვის“ მიერაა ოკუპირებული და თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული შენაერთები დგანან.
სხვათა შორის, წლევანდელი 23 თებერვალი, ანუ საბჭოთა არმიის დაარსების დღე, რუსებმა „ორიგინალურად“ მოგვილოცეს _ შიდა ქართლიდან ოკუპანტებმა ქართველი მოზარდი გაიტაცეს, თუმცა ამაში „ოცნებამ“ საგანგაშო ვერაფერი დაინახა. აი, მაგალითად, უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ, განაცხადა:
„ტანკით ვერ შევალთ, ბუნებრივია, ვერ ავტეხთ ქაოსს და უარესს ვერ დავიმართებთ!“
აი, სწორედ ასეთი განწყობაა ოკუპანტების წისქვილზე წყლის დასხმა!


მოკლედ, დღეს 25 თებერვალია, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და საკრალური თარიღი, რომლის სიმძაფრესაც ყველაზე უკეთესად კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი აღწერს, რომელიც სსრკ-ის არსებობის განმავლობაში აკრძალული იყო და მხოლოდ 1885 წელს იხილა მზის სინათლე. მაშინ საბჭოთა საქართველოს მოსახლეობას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა მოხდა 25 თებერვალს და ეს ლექსი მეხივით გავარდა. ლექსი გამოსცა გამომცემლობა „მერანმა“, როგორც ზემოთ ვთქვით, 1985 წელს „პოეტის ათას სტრიქონში“. ვინც პირველი პარტიის ყიდვა მოასწრო, მას წიგნის სრული ვერსია აქვს, დანარჩენი ტირაჟიდან კი „ცეკამ“ ის ფურცელი ამოახევინა, სადაც ლექსი იყო დაბეჭდილი. ცნობისთვის: ლექსი დაწერილია 1969 წელს:
25 თებერვალი 1921 წ.
„თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი _
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს _
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, _
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!“

გიორგი აბაშიძე