მიხეილ ჩომახაშვილი: „საზოგადოება მიხვდა, რომ „არა მიშას“ კი არა, „არა ქოცებს“

კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილების მიუხედავად, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ყველაფერი კარგადაა და რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.
„საარჩევნო მუშაობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ჩვენი ამოცანაა, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ პარტიული რეიტინგი კიდევ გავზარდოთ, თუმცა არსებული მოცემულობაც გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს. 2016 წელს ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა და, სულ მცირე, ეს შედეგი უნდა გავიმეოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა. გუნდის განახლება მუდმივი პრიორიტეტია. 2016 წელს არსებითი განახლება გვქონდა, ოპოზიციისგან განსხვავებით, რაც არჩევნებში წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო“, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ გასულ კვირას განაცხადა. მეტიც: კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პარტიას არჩევნებზე 60%-იანი მაჩვენებლის მიღწევის რესურსი აქვს, თუმცა ყველაფერი ხელისუფლების მუშაობაზე იქნება დამოკიდებული.

რამდენად ლოგიკურია მმართველი პარტიის წარმომადგენლის მსგავსი განცხადებები მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და აშშ-ისგან მუდმივი კრიტიკა გვესმის მმართველი გუნდის მისამართით? რა რესურსები აქვს ოპოზიციას და როგორია ახალგაზრდების როლი პოლიტიკურ პროცესებში?
აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ სამოქალაქო აქტივისტ მიხეილ ჩომახაშვილს წარმოგიდგენთ:

_ კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილების შემდეგ ვაშინგტონში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაემგზავრნენ, რათა კონგრესმენებს „ზუსტი ინფორმაცია“ მიაწოდონ. რა შანსები აქვთ მათ კონგრესმენების დასარწმუნებლად?
_ ამ მხრივ „ქართული ოცნების“ შანსი 0%-ია, რადგან კონგრესმენებმა იციან, საქართველოში რა მდგომარეობაც არის. მათ ისიც კარგად იციან, რომ ქვეყანაში პოტენციური ავტორიტარიზმი ყალიბდება, მათ შორის, არჩევნებთან, ოპოზიციონერ ლიდერებთან, ტელევიზებთან დაკავშირებით. კონგრესმენებმა იციან, რომ ჩვენი ხელისუფლება ეწინააღმდეგება თავისუფალ აზრს და ებრძვის თავისუფალი აზრის გამოხატვას, რაც ასევე ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკულ ინვესტიციებს ებრძვიან, ამის ნათელი მაგალითია ანაკლიის პორტი, ეს პროექტი შეაჩერეს და ხელისუფლებისგან მყარი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ, თუ რატომ შეაჩერეს პორტის მშენებლობა. ამ შემთხვევაში გაურკვევლობაა ხაზარაძესთან დაკავშირებითაც და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. რეალურად, ანაკლიის პორტის პროექტი ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის გარანტი უნდა ყოფილიყო, _ ასეთი მასშტაბის პროექტი ისე გააჩერეს, რომ არგუმენტირებული განმარტებები არ მოგვისმენია. ამასთანავე, ჩვენი ხელისუფლება სხვა ბევრი მავნებლური საქმითაც არის დაკავებული. არა მხოლოდ ანაკლიის პორტის პროექტი, სხვა პროექტებიც გააჩერეს. ხელისუფლება პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის დემოკრატიას და განვითარებას.
_ ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ დასავლეთისგან ზეწოლას ხელისუფლების მისამართით კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილების სახით, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ გაერთიანებულ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც ისევ პიკეტირებისა და აქციების გზით ცდილობს მმართველ გუნდზე ზეწოლას, თუმცა ხელისუფლება აქციის მონაწილეების რაოდენობაზე აკეთებს აქცენტს, საზოგადოებაში კი სულ უფრო მყარდება აზრი, რომ ოპოზიცია, ხელისუფლების მსგავსად, უუნაროა. რამდენად ქმედითია ამ მოცემულობაში ოპოზიცია?
_ 2012 წელს ჩვენს ქვეყანაში მთავრობის გადაბარება მშვიდობიანი გზით მოხდა, ეს იყო ყველაზე დემოკრატიული პროცესი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ამის შემდეგ საზოგადოების თვითშეგნება გაიზარდა და მან გააცნობიერა ისიც, რომ 2012 წელს მათ მიერ გაკეთებული არჩევანით მოტყუვდა. ხალხი ხელისუფლების იმედზე არ დარჩა, არამედ ავტომატურად დაიწყო განვითარება. რეალურად, საზოგადოების უდიდეს ნაწილში მძლავრი პროტესტია. ხშირად მიწევს შეხვედრები და 10-დან 9 ადამიანი ამ ხელისუფლების უკმაყოფილოა. უბრალოდ, საზოგადოება დაიღალა ქუჩაში გამოსვლით, ჩვენს მოსახლეობას ქუჩაში დგომის არც დრო აქვს და არც საშუალება, რომ აქციებზე იაროს, აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. ხელისუფლებამ ეს ძალიან კარგად იცის, ასევე იმასაც ხვდება, რომ ხალხის დანაპირები ვერ შეასრულა და საზოგადოებას იმედები გაუცრუა. ჩვენ გვახსოვს, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ საპროტესტო აქციაზე 20-მა პოლიტიკურმა პარტიამ მხოლოდ 5000 ადამიანის შეკრება შეძლო, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ აქციაზე მდგომი 5000 კაცი მთელი საქართველოს აზრს გამოხატავდა. დღეს ხელისუფლება ვალდებულია, გაითვალისწინოს საზოგადოების მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და შესაბამისი ზომებიც უნდა მიიღოს. ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილმა ამ 8 წლის მანძილზე, რეალურად, ვერაფერი გააკეთა და ქვეყანა განვითარების იმ ეტაპზე დატოვა, რაც 2012 წელს იყო, შეიძლება ითქვას, ქვემოთაც დაწია. რა თქმა უნდა, საზოგადოება იმედგაცრუებულია „ქართული ოცნების“ გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მუშაობის სტილით, მათ შორის, მეც იმედგაცრუებული ვარ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს საარჩევნო სისტემას ასეთი მნიშვნელობა, გეტყვით: ბელგიაში, ჯერ კიდევ, 1889 წელს ჩაატარეს პროპორციული წესით არჩევნები, ჩვენ 1991 წლიდან დღემდე ამ მოჯადოებულ მაჟორიტარულ სისტემაზე ვტრიალებთ. მაჟორიტარული სისტემა კი გახდა საკუთარ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკოსების თავშესაფარი, რეალურად, ეს მაჟორიტარები თავიანთ რაიონებს ძარცვავენ. პატარა პარტიები, რომლებსაც არ გააჩნიათ დიდი ფინანსები, მაჟორიტარული სისტემის შემთხვევაში გარეთ რჩებიან და საზოგადოების ნაწილის ხმა ჰაერში რჩება. თავის მხრივ, ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად მაჟორიტარული სისტემით საზრდოობს.
_ ამ ყველაფრის ფონზე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს და რომ მათ აქვთ 60%-იანი შედეგის მიღწევის რესურსი. როგორ ფიქრობ, _ რას ემსახურება ეს განცხადება, ხელისუფლება ვერ აფასებს შექმნილ ვითარებას თუ, უბრალოდ, ამ გზით ცდილობს საკუთარი თავისა და ამომრჩევლის დამშვიდებას?
_ დარწმუნებული ვარ, ბატონმა კობახიძემ მშვენივრად იცის, თუ რა რთულ მდგომარეობაში ჩააგდეს ქვეყანა და რომ შესაბამისი განწყობა აქვს საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ცდილობენ, ფსიქოლოგიურად იმოქმედონ საზოგადოებაზე, რომ თითქოს ისინი დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებას შეძლებენ. 2018 წლის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო პერიოდში კობახიძე აცხადებდა, რომ მეორე ტური არ იქნებოდა საჭირო, ისე გაიმარჯვებდა სალომე ზურაბიშვილი, თუმცა, რეალურად, მეორე ტური დაინიშნა და მმართველი ძალა საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი კობახიძის ეს მოჩვენებით ნარატივი, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა და დამაჯერებლად მოიგებენ არჩევნებს, უფრო საზოგადოებაზეა გათვლილი, რომ მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედონ. ისინი მანიპულირებენ ამ გზავნილით, რომ შეძლებენ მოგებას, მაგრამ ამის არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. ისინი ვერ შეძლებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგებას და ძალაუფლების შენარჩუნებას.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართული ოცნება“ ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურად მანიპულირებს. 2012 წლიდან დღემდე ფსიქოლოგიური ზეწოლის კიდევ ერთი მეთოდი აქვთ წინასაარჩევნოდ: „არა მიშას, არა ნაცებს“, ეს რამდენად იმუშავებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
_ ამ ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ, რა თქმა უნდა, თავის დროზე, საზოგადოებაზე გავლენა მოახდინა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაც იმუშავა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში საზოგადოება მიხვდა, რომ „არა მიშას“, კი არა „არა ქოცებს“. ბევრ სხვა რამესთან ერთად ქართველმა ერმა ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაც გამოიარა და გააცნობიერა თუ რა მიზნით აკეთებს ამას ხელისუფლება. შესაბამისად, ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ ამ მოძველებულ გზავნილს ზედაპირულად აღიქვამს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა კარგად გააცნობიერა _ მიშა ბუა არ არის და ბუები სწორედ „ქართული ოცნების“ წევრები არიან. ესენი სწორედ იმიტომ არიან მოსულები, რომ ქვეყანა ვერ განვითარდეს, ბევრი მასშტაბური პროექტი ჩააგდონ. მათ ისეთ დღეში ჩააგდეს ქვეყანა, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლების მხრიდან გზავნილი: „არა მიშას“ საერთოდ არ იმუშავებს ამათ სასარგებლოდ, უბრალოდ ესენი რაღაცას ფხაკურობენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ისინი ყველაფერს ეცდებიან, რომ როგორმე ხელისუფლება შეინარჩუნონ, მაგრამ მათ ამის არანაირი შანსი არ გააჩნიათ.
_ ამ პოლიტიკურ პროცესებში რა როლი აქვთ ახალგაზრდებს? რა კუთხით უნდა ჩაერთონ ისინი?
_ შეიძლება ითქვას, რომ უკვე დამკვიდრდა ასეთი ტერმინი: „მიშას თაობა“. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ეროვნული გამოცდებით უნივერსიტეტებში მოხვედრილი ახალგაზრდები, რომლებმაც თავიანთი ნიჭისა და მონდომების მეშვეობით მიიღეს განათლება, ყოველგვარი კორუფციის გარეშე. ამ ადამიანების გონება და შეგნება იმ დონეზეა, რომ მათ არ სურთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, როგორშიც დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გვაცხოვრებს. რა თქმა უნდა, ეს ახალგაზრდები იძულებულები არიან, არსებული ვითარება გააპროტესტონ. ვეთანხმები აზრს, რომ ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში, ასევე მნიშვნელოვანია, ქართველი ახალგაზრდები გაერთიანდნენ და საერთო კონსენსუსამდე მივიდნენ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არ მოუწიოთ დღევანდელის მსგავს ყოფაში ცხოვრება. ხელისუფლებამ დროულად უნდა შეძლოს ძალაუფლების დათმობა, _ ეს არის სწორედ, დემოკრატიული პროცესი. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამარცხდება და გაერთიანებული ოპოზიცია უმრავლესობით მოვა, რომელიც შეძლებს ქვეყნის განვითარებას.

ნენე ინჯგია