მირიან მირიანაშვილი: „ივანიშვილს პოლიტიკიდან გაქცევა უნდა“

20 ივნისის სისხლიან ღამეს ხალხის დიდი მღელვარება მოყვა. მღელვარების გასანეიტრალებლად ქვეყნის მთავარმა მეოცნებემ განაცხადა, რომ მისი პარტია თანახმა იყო, არჩევნები პროპორციული წესით ჩატარებულიყო. დაიწყო კიდევაც ამ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ პროცესები ისე ვითარდებოდა, დიდი იყო იმის ალბათობა, რომ მმართველი გუნდი არც ამ დანაპირებს შეასრულებდა.
სპექტაკლის დასადგმელად ბევრი სცენარი განიხილეს და საბოლოოდ მაჟორიტარების ბუნტზე შეთანხმდნენ. ამ ხელისუფლებას კი ეძახიან უუნაროს, მაგრამ ისეთი უუნაროებიც არ არიან, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შიოლაშვილმა და კახა ოქრიაშვილმა დააშანტაჟონ.

რატომ წაიღო უკან თავისი სიტყვები ივანიშვილმა? რა თამაშს თამაშობს უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან ერთად იგი? ემუქრება თუ არა საფრთხე მის ქონებას? რა გეგმა ჩავარდა საპატრიარქოსთან დაკავშირებით? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი, მირიან მირიანაშვილი ესაუბრება:

_ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა კიდევ ერთხელ გადააგდო საზოგადოება. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის ჩაგდებას ოპოზიციის სერიოზული პროტესტი მოყვა. არავინ იცის, რით დამთავრდება ეს ამბავი. რატომ გადადგა ბიძინა ივანიშვილმა ასეთი სარისკო ნაბიჯი?
_ ეს რომ ასე მოხდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვიცოდი. იმდენად ზედაპირზე იდო ყველაფერი, რომ სცენარის გამოსაცნობად ოპერატიული ინფორმაცია საჭირო არ იყო.
ამაზე ღიად საუბრობდნენ საპარლამენტო კომიტეტებში. ვისაც „ოცნებასთან“ რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდა, ყველამ იცოდა, რომ ეს საკითხი ჩავარდებოდა. ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მინდა, ჩემი პირადი აზრიც მოგახსენოთ. არ მიმაჩნია, რომ ეს სისტემა უკეთესია, ვიდრე შერეული. ვფიქრობ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თემა ხალხს თავს მოახვიეს, მაგრამ რაკი დაჰპირდნენ და შემდეგ გადააგდეს, საზოგადოება თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.
_ თქვენ თქვით, რომ ივანიშვილი იძულებული იყო, ასე მოქცეულიყოო. ეს რას ნიშნავს, თავად არ დადო ეს პირობა? რა ეგონა, რომ „ვჭამდით“ იმ ზღაპარს, თითქოს მას მაჟორიტარები აუმხედრდნენ?
_ მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ქართული საზოგადოება ამ ზღაპარს არ ჭამდა, მაგრამ გარისკა. გარისკა იმიტომ, რომ იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო. რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ამ ადამიანს თამაშიდან გასვლა უნდა. ეს ყველაფერი ამისთვის გააკეთა. მას აღარ სურს დამატებითი პასუხისმგებლობა.
ჩვენს რეგიონს რომ პუტინი კურირებს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ამ ყველაფრის ფარგლებში საქართველოს ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს. პუტინისა და ივანიშვილის ამგვარი თანამშრომლობა მსოფლიოსთვის უკვე პრობლემურია. საქართველოში რაც ხდება, რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს ივანიშვილს აბრალებს. ეს უკანასკნელი შეზღუდულია _ გასაგები მიზეზების გამო პუტინს ვერაფერს დააბრალებს. ერთადერთი შანსი აქვს, _ ბრალდების დელეგირება ქვევით გადაუშვას.
ეს ვერაფერს ცვლის _ მსოფლიო პოლიტიკურ ელიტას არ აინტერესებს, რომ ვიღაც ქუცნაშვილი, ოქრიაშვილი და ბერაია რაღაცის წინააღმდეგი იყვნენ. მათ ეს გვარები, უბრალოდ, არ იციან.
_ მათ კი არა, ჩვენი მოსახლეობის 70%-მა არ იცის, ვინაა პარლამენტში მისი მაჟორიტარი.
_ გვარები არ ვიცით, მაგრამ ვიცით, თუ რას წარმოადგენენ ეს მაჟორიტარები. არც ქართველები და არც უცხოელები არ დაიჯერებენ იმას, რომ ამდენმა მაჟორიტარმა გაბედა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წასვლა. ისინი პოლიტიკური მომავლით, აწმყოთი, საქმიანობითა და კიდევ ბევრი რამით ჩამოკიდებული არიან „ოცნების“ ლიდერზე.
ვინც ამ ადამიანებსა და მათ საქმიანობას ოდნავ მაინც იცნობს, დამეთანხმება, რომ მათი მხრიდან ივანიშვილის გადაგდება ფიზიკურად შეუძლებელია. ეს ყველაფერი შეთანხმებულია. ამის წაკითხვა ძალიან მარტივად შეიძლება. როგორც უკვე გითხარით, ამ ადამიანს თამაშიდან გასვლა უნდა.
_ თამაშიდან სხვანაირად ვერ გავიდოდა? ამდენი ხალხის გამოყვანა ქუჩაში რა აუცილებელი იყო?
_ სხვანაირად როგორ უნდა გასულიყო? ამის შანსი არ არის. ჩვენი მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ 2012 წელს მიშა სააკაშვილმა არჩევნები წააგო, სინამდვილეში, სხვა რამე მოხდა. მას არჩევნების გაყალბება და ივანიშვილის დამარცხებულად გამოცხადება აუკრძალეს.
როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს მანიპულაციები შეეზღუდა, 2012 წელს მოხდა ის, რაც მოხდა.
დღეს გვაქვს ასეთი ვითარება, ივანიშვილი, როგორც რუსული პოლიტიკური სივრცის ეკონომიკური სუბიექტი, საქართველოში იყო დელეგირებული. სხვა ვარიანტი არ არსებობდა. რუსეთმა სააკაშვილის შემცვლელად დასავლეთს მისი კანდიდატურა შესთავაზა და რაკი სხვა ვარიანტი არ იყო, ისინიც დასთანხმდნენ.
იმ დროს აშშ-ს რუსეთთან ჯერ კიდევ ჰარმონიული ურთიერთობები ჰქონდა. 2014 წელს მათ შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მანამდე ბევრ რამეს უთანხმებდნენ ერთმანეთს.
„ოცნების“ ლიდერი რუსეთის წინაშეც ვალდებულია და _ დასავლეთისაც. ვერც ერთს გადააგდებს და ვერც _ მეორეს. ორივეს ერთად, მით უმეტეს, ვერ გადააგდებს, ამიტომ ის შეზღუდულია მოქმედებებში.
წასვლა უნდა, მაგრამ ამას ღიად ვერ ამბობს. რომც თქვას წავედიო, იბადება კითხვა, _ საიდან წავიდა? ის ხომ არაფორმალური მმართველია.
ის იძულებულია, მსოფლიო თანამეგობრობისთვის ასეთი სპექტაკლი დადგას, რომ მას არაფორმალური მმართველობის სადავეები ხელიდან გაუსხლტა, ხალხი აუჯანყდა და ის იძულებულია, მართვის ყველა ბერკეტზე უარი თქვას.
არაფორმალური მმართველობა ცნობილი ფენომენია, დასავლეთმა კარგად იცის, როდის არის ეს შესაძლებლი და როდის _ არა.
ივანიშვილმაც იცის ამის თაობაზე და ცდილობს, როგორმე გაძვრეს. ეს მისი პირველი მცდელობა არ არის.
_ იმის გამო, რომ ივანიშვილი კარგად გამოძვრეს, შეიძლება ქვეყანა ამხელა საფრთხის წინაშე დადგეს? ასეთი მღელვარება ქვეყანას ხომ სერიოზულ პრობლემებსა და რისკებს უქმნის?
_ რა თქმა უნდა, რისკებს უქმნის. ეს თავად ივანიშვილსაც უქმნის რისკებს, ამას ძალიან კარგად აცნობიერებს, მაგრამ ის იძულებული იყო, ასე მოქცეულიყო, სხვა გზა მას, უბრალოდ, არ ჰქონდა.
_ მასაც უქმნის რისკებსო და რა გარანტია აქვს, რომ მისი სცენარი მისთვის სახიფათოდ არ შეტრიალდება?
_ არც ეგეთი მიამიტია „ოცნების“ ლიდერი, რომ თავი არ დაეზღვია. პროცესების სადავეები საკმაოდ კარგად უკავია ხელში და ორმოში არ ჩავარდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ოპოზიციასთან კომუნიკაცია არ აქვს, ძალიან ცდება. ის სიტუაციას აკონტროლებს.
_ ხომ შეიძლება, სადავეები ხელიდან მაინც გაექცეს?
_ შეიძლება, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გაექცეს. ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყნის არასტაბილურ მდგომარეობაში შეყვანა წინასწარ დაგეგმილი პროცედურაა. მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, ესაა და არა ის, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი ჩააგდო.
_ არასტაბილურობა ახსენეთ და ბოლო დროს საპატრიარქოს გარშემო რაც მოხდა, ესეც ამ სცენარის ნაწილი ხომ არ იყო?
_ საპატრიარქოს წინააღმდეგ დაწყებული შეტევა რომ ხელისუფლების გარკვეული ძალების დირიჟირებული იყო, ამას დიდი მიხვედრა არ უნდა. ოღონდ იქ მოქმედების ფაქტურა გახლდათ ცოტა სხვანაირი.
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ ვიხილეთ გეგმა, რომელიც საპატრიარქოზე ლევან ვასაძის არაფორმალური მმართველობის დამყარებას ისახავდა მიზნად. ვინც იცის, რა ურთიერთობები აქვთ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსა და ვასაძეს, დაახლოებით მიხვდება, თუ რაზე ვსაუბრობ.
პოლიტიკური სისტემა ხომ იმართებოდა არაფორმალურად, ამას უნდა დამატებოდა რელიგიის არაფორმალური მმართველიც.
_ ისევ ივანიშვილის სცენარს დავუბრუნდეთ: თქვენი ვერსიით, მას წასვლა უნდა და არეულობის გარეშე ვერ მიდის. ამ სცენარით როგორ წავა, ყველაფერს აურდაურევს და გაიპარება?
_ აქ ასე მარტივად არ არის საქმე და შეიძლება, სულაც არ გაიპაროს ქვეყნიდან. პოლიტიკაში კარის გასახურად უამრავი კატაკლიზმის გამოწვევა შეიძლება. გადადგომის ხელოვნება ცალკე სპეციალობად ისწავლება, საერთოდ.
_ ის საიდან უნდა გადადგეს? ოფიციალურად მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეა.
_ საქმეც ეგ არის, რომ ვერსაიდან გადადგება. მას სურს, მსოფლიო პოლიტიკურ ელიტას დაანახოს, რომ არაფორმალური მმართველობის განხორციელება აღარ შეუძლია და იძულებულია, პასუხისმგებლობა მოიხსნას. თან ისე უნდა ამის გათამაშება, რომ თავად კი არ მოიხსნა, არამედ ხალხმა ახსნა.
ივანიშვილი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ის ამ სიტუაციიდან ასე მარტივად ვერ გამოვა. როგორც უკვე გითხარით, მას აქვს ოპოზიციასთან კომუნიკაცია, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტი, რომ სიტუაციიდან ლამაზად გამოძვრეს.
ათასობით ადამიანის ემოციური ქცევა ვერც ერთი მათემატიკური მოდელირების სიტემაში ვერ მოექცა… და ვერც „ოცნების“ ლიდერი შეძლებს ამ ემოციების სისტემაში მოქცევას.
იმის გამო, რომ ივანიშვილს სერიოზული პრობლემები აქვს, ის იძულებული გახდა, ბედის ფორმულას მინდობოდა, სადაც ბევრი გაუთვალისწიენებლი რამ შეიძლება მოხდეს.
_ და არის იმის გარანტია, რომ ივანიშვილი კიდევ ერთ სპექტაკლს არ დგამს? იქნებ, მხოლოდ დასავლეთისა და რუსეთის დარწმუნება უნდა, რომ არაფორმალური მართვის სადავეები ხელიდან გაექცა?
_ მის დღევანდელ მდგომარეობას რამდენიმე სისტემური რისკი ახლავს _ უკან დახევაც კი სარისკოა მისთვის. არადა, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ახლა უკან დახევაა. ერთ სიტყვას იტყვის, დეპუტატებიც მოხსნიან თავის პრინციპულ პოზიციას და პროპორციულ სისტემაზე გადავალთ.
ამ შემთხვევაში ოპოზიცია და საზოგადოება ამას საკუთარ გამარჯვებად ჩათვლის. ქვეყანაში პოლიტიკურ ძალთა ახალი განლაგება ჩამოყალიბდება, რასაც კატაკლიზმები მაინც მოყვება. არადა, ეს „ოცნებისა“ და მისი ლიდერისთვის საუკეთესო გამოსავალია.
უკან დახევის შემთხვევაში ის დასავლეთს დაანახებდა, თუ როგორ აქვს რუსეთს საქართველოში პოზიციები შერყეული; რომ მას თავისი ვეღარ გააქვს. ამით ის მსოფლიო პოლიტიკური ელიტის თვალში ქულებს დაიწერს.
უკან თუ არ დაიხევს, ქაოსი წარმოიქმნება, რაც არ ვიცი, რამ უნდა განმუხტოს. ეროვნული ხელისუფლების დროსაც წარმოიშვა ასეთი ქაოსი და მაშინ, სამწუხაროდ, იქიდან გამოსავალი, უბრალოდ, დაიკარგა.
რამდენიც არ უნდა ვეძებოთ, დღეს შექმნილ სიტუაციაში პოზიტიურს ვერ დაინახავ. თვალში საცემი კი ისაა, რომ ივანიშვილს პოლიტიკიდან გასვლა უნდა.
_ ჩემთვის საკითხავი ეგაა, გასვლა უნდა პოლიტიკიდან, თუ გასვლას თამაშობს?
_ მას მართლა უნდა წასვლა, მაგრამ საკითხავია, რას ფიქრობენ მსოფლიოს პოლიტიკური ცენტრები? არც რუსეთი და არც ამერიკა ივანიშვილს საქართველოს მმართველის რანგში აღარ განიხილავს, ამიტომაც მისთვის სულერთია, როდის ჩატარდება საქართველოში არჩევნები _ თავის დროზე თუ ვადამდე. ვადამდელი უკეთესია, რადგან მალე გავა თამაშიდან. მას 2020 წლის არჩევნებში გამარჯვების უფლება არ აქვს, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ დამარცხება მიუსაჯეს.
მისი დღევანდელი მდგომარეობა ძალიან წააგავს იმ სიტუაციას, რომელშიც 2012 წელს მიშა სააკაშვილი იმყოფებოდა. მაშინ მას დამარცხება მიუსაჯა მსოფლიოს პოლიტიკურმა ელიტამ.
მისი მოქმედებებიდანაც კარგად ჩანს, რომ „ოცნების“ ლიდერმა კარგად იცის, თუ რა განაჩენი აქვს გამოტანილი.
_ ეს განაჩენი მას რუსეთმა და ამერიკამ ერთად გამოუტანეს?
_ რუსეთს განსხვავებული ინტერესები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ივანიშვილის არაფორმალურ მმართველად დანიშვნა არც მათ ინტერესში შედის და არც _ ამერიკის.
რუსეთი გამუდმებით ცდილობს, რომ საქართველოსთან მიმართებით ამერიკა ჩაითრიოს და მასთან ერთად კონსოლიდირებულად იმოქმედოს. რუსეთს დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ორი სცენარი აქვს შემუშავებული.
მოსკოვი კარგად ხვდება, რომ ამერიკული პოლიტიკური ელიტა მათ არანაირ შეთავაზებას არ მიიღებს საქართველოს საკითხზე.
რუსეთს ისიც კარგად მოეხსენება, რომ ივანიშვილი აშშ-ს კონგრესის სარეზერვო სიაშია. არავინ იცის, თუ როდის გადმოიტანენ მის საქმეს მთავარ სიაში.
_ მისი ანგარიშების გაყინვას გულისხმობთ?
_ დიახ, ამას ვგულისხმობ. ამ სარეზერვო სიიდან ზოგიერთი მთავარ სიაში გადმოიტანეს და ანგარიშები დაუყადაღეს. იქ მიდგომა ინდივიდუალურია და დაყადაღებაზე გადაწყვეტილების მიღება ბევრ რამეზეა დამოკიდებული.
_ ბოლო დროს ივანიშვილი აშკარად ცუდად ეთამაშება ამერიკას. გასულ კვირას, საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრის წინა ღამეს, მას აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ესაუბრა და უთხრა, რომ ეს საკითხი არ უნდა ჩავარდნილიყო, მაგრამ ჩავარდა. აპატიებს აშშ მას ამ გადაგდებას?
_ ივანიშვილი კარგად აფასებს რისკებს და ყველაფერი ისე მოაწყო, რომ თითქოს ეს მან არ გააკეთა. განცხადებაც კი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საკითხის ჩაგდების გამო ძალიან წუხს.
_ ჩვენ ვერ მოგვატყუა ამ სპექტაკლით და ამერიკელები რატომ მოტყუვდებიან?
_ ამერიკელების მოტყუება ასეთი ადვილი არ არის. მათ ინფორმაციის ამოღების მექანიზმი ძალიან მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული. მეეჭვება, ქართველების ანდა რუსების შენიღბული ინფორმაცია მათ ვერ გაშიფრონ.
ივანიშვილს რაც შეეხება, ის ცდილობს, ისეთი სურათი დახატოს, რომ მაჟორიტარები აჯანყდნენ, რაშიც, ერთი შეხედვით, ეჭვის შეტანა ძნელია. რა გასაკვირია, რომ მაჟორიტარს მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება არ უნდოდეს?
ამერიკელებმა რა უნდა ქნან _ დაიბარონ ეს მაჟორიტარები და გამოკითხონ? ჰკითხონ, მართლა გულით გააკეთეს ეს, თუ სპექტაკლი დადგეს?
_ ეგღა აკლია ამერიკელებს, ჩვენი მაჟორიტარების დონეზე დავიდნენ. ჩვენზე უკეთესად იციან, თუ რას წარმოადგენენ ისინი.
_ ამ დონეზე არ დავლენ, თან ისედაც მშვენივრად იციან, რაც ხდება. „ოცნების“ ლიდერი კი იმას მიაღწევს, რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტა კიდევ უფრო ნეგატიურად განეწყობა მის მიმართ. ამერიკა მას ისედაც ეჭვის თვალით უყურებს.
საქართველო რუსულ ორბიტაზე არასდროს დაბრუნდება, მაგრამ მოსკოვისკენ თუ ოდნავ მაინც გადაიხარა, ვაშინგტონი ამას ივანიშვილს დააბრალებს.
ივანიშვილს დააბრალებს იმასაც, თუკი 2020 წელს საქართველოში მოვლენები მათთვის არასასურველი სცენარით განვითარდა. ამის გამო მას შეიძლება, ანგარიშები გაუყინონ და რა გასაკვირია, რომ მას აქედან გამოძრომა უნდა.
მისი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ეს საქართველოს სტაბილურობის ხარჯზე ხდება.
ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რათა საკუთარი თავი რისკის ზონიდან გაიყვანოს, მაგრამ ამ დროს ქვეყანა შეჰყავს რისკის ზონაში. ის ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მას არც ქვეყანა ახსოვს და არც _ საზოგადოება.
ბევრს ცდილობს, რომ რისკის ზონიდან გავიდეს, მაგრამ საბოლოო შედეგი ზუსტად ისეთი არ იქნება, როგორც მას სურს.
_ დასჯიან?
_ დასჯით შეიძლება არ დასაჯონ, მაგრამ ყველაფერზე მას მოსთხოვენ პასუხს. ახლა საუბრობენ, რომ შეიძლება კრიზისი შეიქმნას და საქართველოში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. მნიშვნელობა არ აქვს, როდის ჩატარდება არჩევნები, ის ივანიშვილისთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება.
არც ისე მოხდება, რომ ხელისუფლება მისთვის სასურველ ძალას გადააბაროს, ეს სცენარი ჩავარდება. ასეთი სცენარის ჩავარდნა თურქეთში ჩემი თვალით ვნახე.
_ რა სცენარის ჩავარდნაზე საუბრობთ?
_ თვითმმართველობის არჩევნებში სტამბული ერდოღანის ხელისუფლებამ რუს ანალიტიკურ ცენტრს ჩააბარა. ყველაფერი რუსების ხელში იყო და თურქები მათ, უბრალოდ, ემსახურებოდნენ.
ერდოღანის შტაბმა წარმოუდგენელი რესურსის მობილიზება მოახერხა, მაგრამ მაინც ოპოზიციამ მოიგო.
იგივე მოხდა ბოლივიაში, მორალესის არჩევნებზე. მისი საარჩევნო შტაბი, ფაქტობრივად, სულ რუსებით იყო დაკომპლექტებული. დაახლოებით 400 კაცი სამი თვითმფრინავით ჩაფრინდა იქ მოსკოვიდან. როგორი ხვედრი ერგო ამის შედეგად მორალესს, მთელმა მსოფლიომ ნახა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ რუსული პოლიტტექნოლოგია შედეგებს ვეღარ დებს და ვეღარც დადებს.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ვეღარ დადებს?
_ დარწმუნებული ვარ. რუსეთი პოლიტტექნოლოგიურ შედეგებს პოსტსაბჭოთა სივრცეში მაშინ დებდა, როცა ამერიკა ამის წინააღმდეგი არ იყო.
მოსკოვმა საპატრიარქოზეც სცადა გავლენების დამყარება, მაგრამ ვერ მოახერხა. პატრიარქმაც დაინახა, რომ აქ ძალთა თანაფარდობა შეცვლილი იყო და მოსკოვს გადადგომაზე უარი შეუთვალა.
არადა, რუსებს საპატრიარქოზე ზემოქმედების ბევრად მეტი რესურსი ჰქონდათ, ვიდრე ეს ქართველ ხალხზე და ხელისუფლებაზე აქვთ.
_ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 86 წლის პატრიარქი სულიერად უფრო ძლიერია, ვიდრე _ ივანიშვილი. გაუძლებს ივანიშვილი ზეწოლას?
_ პატრიარქი ბევრად ძლიერია. ივანიშვილი, სამწუხაროდ, ვერც მჟავანაძე გახდა და ვერც _ ბერია. რუსულ პოლიტტქნოლოგიას საქართველოში ორი ტიპის პოლიტიკოსის დაბადების ეშინია, ეს არის მჟავანაძე და ბერია.
ივანიშვილი არც ერთია და არც მეორე, მაგრამ რუსული პოლიტტექნოლოგია აქ ვეღარ გაიმარჯვებს. ეს დამთავრებული ამბავია.

შორენა მარსაგიშვილი