აგენტი მღვდლები

ამ თემაზე ხმამაღლა და დაუფარავად ახლა ლაპარაკობენ, თორემ წლების განმავლობაში ეს საკითხი ტაბუდადებული იყო, ანუ შეიძლება, ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ეკლესიაში არსებულ მანკიერებებზე საჯარო მსჯელობას ყველა ერიდებოდა. ცხადია, ჩვენ ახლაც არ ვაპირებთ, ცალკეული სასულიერო პირის ინტიმური ცხოვრების შესახებ მოგითხროთ _ ეს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პირადი ცხოვრებაა. ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრება კი, თუ ის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს, რა თქმა უნდა, ხელშეუხებელია. ჩვენ, უბრალოდ, იმის შესახებ მოგიყვებით, თუ როგორ ერეოდა ყველა დროის უშიშროების სამსახური ეკლესიის შიდა სააქმეებში და, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გამომზეურებასაც არ მოვერიდებით, რომ სპეცსამსახურებს საპატრიარქოში საკუთარი აგენტურა ჰყავდა და, რა თქმა უნდა, ახლაც ჰყავს. ზოგადად, ეს პროცესი არც ახლანდელი, არც წინა და არც იმის წინა ხელისუფლების დროს დაწყებულა. იგივე საარქივო მასალების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საერო ხელისუფლება აგენტურას ეკლესიაში, ჯერ კიდევ, მეფის რუსეთის დროს აგზავნიდა და ამის ნათელი მაგალითი, სხვა თუ არაფერი, პატრიარქ კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) ბურუსით მოცული გარდაცვალებაა, ანუ მართალია, უწმინდესის სიკვდილი, თავის დროზე, თვითმკვლელობად მოინათლა, მაგრამ, დიდი ალბათობით, კირიონი მოკლეს და ამ ტრაგედიაში, ცხადია, უშიშროების ხელი ერია.

როგორ „ავერბოვკებს“ სპეცსამსახური სასულიერო პირებს? _ როგორც „ქრონიკა+“-ს საქმის სპეციალისტები უხსნიან, ამ მხრივ განსხვავებული მეთოდები არ არსებობს, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მსოფლიო სპეცსამსახურები ამა თუ იმ პროფესიის ადამიანის გადასაბირებლად სულ რამდენიმე მეთოდს იყენებენ, ამ მეთოდებიდან კი ყველაზე აპრობირებული სამია _ ფინანსები, პატრიოტული მოტივები და კომპრომატები.
ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ყველაზე გამანადგურებელ კომპრომატად პირადი ცხოვრება ითვლება, თუმცა პირადი ცხოვრებაც, თავის მხრივ, ასე ვთქვათ, კლასიფიცირებულია, ანუ არავის უნდა, რომ მისი „ლოგინის ამბები“ საჯარო გახდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისაა, ეს ფაქტორი უშიშროებისთვის ნამდვილი კოზირია.
სხვათა შორის, უშიშროების მუშაობაში გარკვეულთა თქმით, „სოდომური ცოდვით“ პიროვნების „დავერბოვკებაზე“ დასავლურ სპეცსამსახურებს დიდი ხანია, ხელი აღებული აქვთ, ანუ ამას იშვიათ და განსაკუთრებული შემთხვევების დროს იყენებენ. აი, ყოფილი საბჭოთა კავშირის „კაგებე“ კი, როგორც გვიხსნიან, ადამიანებზე ზემოქმედებას, უმეტესად, ამ თემით ახერხებდა.
ის კი არადა, საბჭოთა სუკ-ის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ასეთ ამბავსაც გვიყვება:
„დაახლოებით, 70-იანი წლების ბოლოს სსრკ-ში ერთი უცხოელი დიპლომატი ჩამოვიდა, რომლის „დავერბოვკებაც“ დაგვევალა. ხან აქედან მოვუარეთ, ხან _ იქიდან, მაგრამ ვერაფერზე „წამოვიკიდეთ“. ბოლოს, ხელი რომ უნდა ჩაგვექნია, შემთხვევით გავიგეთ, რომ, თურმე, კაცები მოსწონდა. მართალია, საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის წესით ისჯებოდა, მაგრამ ჰომოსექსუალები მაშინაც იყვნენ და თითქმის ყველა მათგანი ჩვენ გვყავდა კავშირზე. ჰოდა, ერთი ძალიან სიმაპათიური ბიჭი მივუგზავნეთ და სურათებიც გადავუღეთ. მერე ჩვენი წარმომადგენელი ამ უცხოელს შეხვდა და ყველაფერი უთხრა, თან ეს სურათებიც დაულაგა, _ აი, თუ იმას არ გააკეთებ, ამ ფოტოებს შენს ცოლს გავუგზავნით და ოჯახი დაგენგრევაო. დიპლომატი სიცილით მოკვდა, _ ჩემმა ცოლმა ყველაფერი იცის და არც ეს სურათები გაუკვირდებაო. ერთი სიტყვით, ეს კაცი ვერც ამ სექსფოტოებით გადმოვიბირეთ“.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი 30 წლის წინ დაიშალა და საქართველოს სწორება დასავლეთზე აქვს, ყველამ იცის, რომ ჩვენი უშიშროების სამსახურები, როგორც წესი, ბოლშევიკური „კაგებეს“ მეთოდებით მუშაობენ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჰომოსექსუალიზმი, რომელიც კარგა ხანია, დასჯადი აღარ არის, მაინც გამოიყენება ადამიანის მამხილებლად, მით უფრო, რომ ჩვენი საზოგადოება ამ მხრივ, მაინცდამაინც, შემწყნარებელი არ გახლავთ. ჰოდა, როგორც ხმა დადის, უშიშროება ამ მეთოდის გამოყენებაზე უარს არც სასულიერო პირებთან მიმართებით ამბობს.
ამასთან, ირკვევა, რომ ეს მეთოდი მარტო საქართველოში არ არის აპრობირებული.
ასე, მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, მსოფლიო მედიით მეტ-ნაკლებად სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა, ანუ ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ ნაპოვნი იქნა დოკუმენტი, რომლითაც ლატვიის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის კავშირი დასტურდებოდა „კაგებესთან“.
„ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ბარათი ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის „კაგებეს“ აგენტების კარტოთეკაში ნახეს, რომელიც ლატვიის ეროვნული არქივის საიტზე გამოქვეყნდა.
აგენტის ბარათი ეკუთვნის 1939 წელს დაბადებულ ალექსანდრ ივანეს ძე კუდრიაშოვს. ბარათში არსებული მონაცემები სრულად ემთხვევა ლატვიის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, რიგისა და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტ ალექსანდრეს (კუდრიაშოვი) ბიოგრაფიულ მონაცემებს.
როგორც ბარათში წერია, კუდრიაშოვი გადაიბირეს, როგორც „კაგებეს“ აგენტი, ზედმეტი სახელით „მკითხველი“, 1982 წლის იანვარში.
იგი გადაიბირა ლატვიის სსრ-ის „კაგებეს“ მეხუთე განყოფილების თანამშრომელმა, რომელიც იდეოლოგიურ დივერსიებს ებრძოდა.
ბარათში წერია, რომ კუდრიაშოვის საქმიანობაა მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი.
კარტოთეკაში ნახეს ასევე სხვა სასულიერო პირის, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამოჩენილი მოღვაწის ბარათი, ანუ ივან მიროლიუბოვის მონაცემები ემთხვევა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თანამშრომელი დეკანოზის მონაცემებს.
მიროლიუბოვიც წარმოშობით რიგიდანაა. მოსკოვის საპატრიარქოს ამ ცნობის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
კარტოთეკაში არაა დეტალები, თუ რას საქმიანობდნენ უშიშროების სამსახურის გადაბირებულ პირები.
აგენტების კარტოთეკაში სულ 11 ათასამდე ბარათია.
სხვათა შორის, ნახეს საბჭოთა კავშირის კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, ვალდის ვალტერსის, ასევე დაუგავპილსის მერის, რიხარდ ეიგიმსისა და ადრე ლატვიის უმდიდრესი ადამიანის, ალექსანდრ ლავენტის ბარათები.
ლატვიის ეროვნულმა არქივმა ქსელში გაავრცელა „კაგებეს“ დოკუმენტები საბჭოთა უშიშროების სამსახურზე კანონში ცვლილებების საფუძველზე. ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ ახლა გამოქვეყნებული კარტოთეკა ძალიან შეზღუდულ ანალიტიკურ შესაძლებლობებს იძლევა ოპერატიული მასალების გარეშე“, _ იუწყებოდა „რადიო თავისუფლება“ 11 თვის წინ.
იმას, რომ უშიშროებას ეკლესიაში თავისი აგენტები ჰყავდა, არც საქართველოს უშიშროების ყოფილი შეფი, ვალერი ხაბურძანია უარყოფს. მეტიც, ხაბურძანია, რომელიც ამ დროისთვის რუსეთში ცხოვრობს, ამბობს, რომ უშიშროებაში სასულიერო პირების „დასავერბოვკებლად“ სპეციალური განყოფილება არსებობდა.
„ეკლესიაში „ოდეერის“ ყოლა როგორ შეიძლება?! ძველი ინერციით, ვიღაც-ვიღაცებს ეკლესიიდან რაღაც ინფორმაციები მოჰქონდათ, მაგრამ ამაზე ჩემი რეაგირება ნული იყო, რადგან ვთვლიდი, რომ ეკლესიაში არ უნდა ჩავრეულიყავით, თუმცა, კომუნისტების დროს, უშიშროებაში არსებობდა „მეხუთე განყოფილება“, რომელიც ეკლესიას უთვალთვალებდა. ეს „მეხუთე განყოფილების“ ელიტა იყო, რომელიც უშიშროების სამინისტროს ჩემამდე კარგა ხანს მართავდა.
უშიშროების აგენტები კი, ძირითადად, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის სასულიერო პირები იყვნენ.
როცა უშიშროების მინისტრად მივედი, აგენტურის სიაში საერთოდ არ ჩამიხედავს, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, თუმცა წელიწად-ნახევრის შემდეგ რაღაც დამჭირდა და ამ სიას ცალი თვალით გადავხედე. ვერ გეტყვით, რომ ეს სია რაღაც ღირებული იყო…
სია გაცხრილული გახლდათ და სერიოზული არავინ ეწერა…
ვისაც ამ ხალხთან ურთიერთობა ჰქონდა, მათ ჩემამდე ნელ-ნელა ჩაატარეს გაცხრილვა. საერთოდ, როცა აგენტი არასაჭირო ხდება, რიცხავენ ხოლმე ან როცა აგენტი მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება, მისი დოკუმენტაცია ნადგურდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ აგენტურის საქმეები, თავის დროზე, რუსეთში, კერძოდ, სმოლენსკში გაიტანეს. ამდენად, რეალური მტკიცებულებები, რომ ესა თუ ის პიროვნება აგენტი იყო და ამ კუთხით აქტიურად საქმიანობდა, აღარ არსებობს.
სხვათა შორის, სააკაშვილის ხალხი უშიშროებაში რომ მოვიდა, აგენტების სიას ატრიალებდა, ამაზე ხორხოცობდა და ბავშვობდა. ასეთ რაღაცას მე არასოდეს ვიკადრებდი, რადგან, მათგან განსხვავებით, უშიშროებაში ქუჩიდან არ მივსულვარ. ოპერატიული მუშაკისთვის აგენტურის სია წმიდათაწმიდაა _ თუ აგენტს გაამჟღავნებ, შენთან ნდობაში აღარავინ შემოვა. „ნაციონალებმა“ სწორედ ეს სისტემა მოშალეს და აგენტებად ისინი აქციეს, ვინც, ძირითადად, კომპრომატებით ჰყავდათ „დაბმული“, _ ეს განცხადება ვალერი ხაბურძანიამ რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში გააკეთა.
ზოგადად, თუ საარქივო მასალებს კარგად გავაანალიზებთ, მივხვდებით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დამორჩილებას _ არც მეტი, არც ნაკლები _ იოსებ სტალინმა ჩაუყარა საფუძველი. ყველაფერი კი დიდი ოქტომბრის რევოლუციის დროს, დაახლოებით, ასე დაიწყო:
1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია არ ცნო რუსეთის ეკლესიის სინოდმა. ეს „არცნობა“ 1943 წლამდე გაგრძელდა. 1943-ში, ანუ გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს, სტალინი ბრძანებს, რომ რუსეთის ეკლესიამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია დაუყოვნებლივ უნდა აღიაროს.
რას ემსახურება საბჭოთა ბელადის ეს ბრძანება? _ მივყვეთ ფაქტებს:
1943 წლის 16 ივლისს ქალაქ კურსკთან გერმანიის არმიის ბოლო სტრატეგიული შეტევა ჩაიშალა, რის შემდეგაც ყველასთვის, მათ შორის, გერმანიის სამხედრო შტაბისთვისაც, ნათელი გახდა, რომ გერმანია დამარცხდებოდა, ანუ შეუძლებელი იყო, 781-ათასიან დაჯგუფებას ფრონტის ვიწრო ზოლში ხელმეორე კონცენტრირება და სტრატეგიულ გარღვევაზე კიდევ ერთხელ გადასვლა მოეხერხებინა.
ამიტომ დღის წესრიგში ჰიტლერელებისგან განთავისუფლებული მიწების ეფექტიანად კონტროლის საკითხი დადგა.
4 სექტემბერს კუნცევოს აგარაკზე იმართება შეხვედრა, სადაც საბოლოოდ აანალიზებენ შექმნილ სიტუაციას. შეხვედრის მთავარი ლაიტმოტივი, როგორც ირკვევა, რელიგიური საკითხებია.
ისტორიული წყაროების თანახმად, ამ შეხვედრაში მონაწილეობენ: სტალინი, ბერია, მალენკოვი და უშიშროების პოლკოვნიკი კარპოვი, რომელიც რელიგიის კურატორი და მე-3 განყოფილების უფროსი იყო.
შეხვედრაზე გადაწყდა:

  1. ვინაიდან გასათავისუფლებელი მიწების დიდი ნაწილი მართლმადიდებლური (უკრაინა, ბელარუსი, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, რუსეთის დასავლეთი და ა. შ.) იყო და იქ ნაცისტებმა მორწმუნეებს რელიგიის სრული თავისუფლება მიანიჭეს, შეუძლებელი გახდებოდა სადისტურ-ათეისტური რეჟიმის გაგრძელება, რადგან მოსახლეობა შეიარაღებული და რელიგიურად განწყობილი იყო, ანუ გამოვიდოდა, რომ „ნაცისტების“ დროს უკეთ ცხოვრობდნენ და ამიტომ არსებული რელიგიური რეჟიმი შერბილებას საჭიროებდა, თან კატასტროფული მდგომარეობის მიუხედავად, რელიგიურმა ლიდერებმა მთავრობას დაუჭირეს მხარი და ამ ლოიალობამაც გარკვეული როლი ითამაშა;
  2. სტალინმა ამავე შეხვედრაზე გადაწყვიტა, რომ ომის შემდეგ მოსკოვი „მართლმადიდებლური სამყაროს ვატიკანად“ ექცია და ამ გზით მართლმადიდებლური ქვეყნების ეკლესიები საბჭოთა უშიშროების კონტროლქვეშ ნომინალურად მოექცია.
    ამ ორი მიზეზის გამო გადაწყდა, რომ სასწრაფოდ მოეგვარებინათ ყველა გაუგებრობა მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის და მკვეთრად შეეცვალათ რელიგიური პოლიტიკა.
    ისტორიული წყაროების მიხედვით, იმავე დღეს, ანუ 1943 წლის 4 სექტემბერს, შედგა შეხვედრა სტალინსა და ეკლესიის ლიდერებს შორის, სადაც გადაწყდა, რომ აღედგინათ სინოდი, აერჩიათ პატრიარქი, აღედგინათ საეკლესიო იერარქია, გამოეშვათ ბანაკებიდან დაპატიმრებული მღვდლები და ბერები (გამოსაშვებთა სიაში შეყვანილი სასულიერო პირების უმეტესობა უკვე მოკლული აღმოჩნდა), გაეხსნათ ტაძრები და სამრევლოები, აღედგინათ სასულიერო სემინარია და დახმარებოდნენ სანთლების წარმოებაში.
    8 სექტემბერს იკრიბება სინოდი და ირჩევს რუსეთის პატრიარქს.
    14 სექტემბერს საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებმა გაცვალეს წერილები, 1943 წლის 31 ოქტომბერს კი რუსეთის ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
    მოგვიანებით, სტალინი ასევე პირადად ხვდება სომხეთის ეკლესიის მეთაურს და მას ყველა თხოვნას უკმაყოფილებს.
    ასე და ამგვარად, სხვადასხვა ეკლესიას შორის არსებული გაუგებრობები სწრაფად ამოიწურა.
    1948 წელს სტალინი მიხვდა, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში ეკლესიას ეფექტიანად ვერ გამოიყენებდა, ანუ ამ დროისთვის ომით გამოწვეული აშლილობა მეტ-ნაკლებად ჩამცხრალი იყო. ამას გარდა, მოსახლეობისგან იარაღიც ამოღებული იყო და, შესაბამისად, სტალინმა ისევ დაიწყო მორწმუნეების დევნა-შევიწროება: აიკრძალა ახალი ეკლესიებისა და ყველა რელიგიის სამლოცველო სახლების გახსნა (აკრძალვა მოქმედებდა სტალინის გარდაცვალებამდე), ბევრი გახსნილი ტაძარი დახურეს, აიკრძალა ნებისმიერი რელიგიური მოქმდება სამლოცველო სახლის გარეთაც, მკვეთრად გაძლიერდა უშიშროების კონტროლი მღვდელთმსახურებზე, გახშირდა ეკლესიებში უშიშროების აგენტებისა და პროვოკატორების შეგზავნა, ბევრ რელგიურ პირს კი ქადაგება აეკრძალა.
    სხვათა შორის, სტალინი ბოლო რელიგიურ იერარქს 1945 წლის აპრილში შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო ლიდერები ითხოვდნენ, სტალინი მათ აღარ შეხვედრია.
    „სტალინს საერთოდ არ ამოძრავებდა არც ქართულ-პატრიოტული მოტივები და არც _ რელიგიური რწმენა, ის მოქმედებდა მისთვის დამახასიათებელი მკაცრი პრაგმატულობით და იყო ჩამოყალიბებული ათეისტი (ასეთად სასულიერი სემინარიაში აქციეს და მას მერე აზრი აღარ შეცვლია). ამ დასკვნას მხარს უჭერს ყველა სერიოზული ისტორიკოსი, რომელიც აღნიშნულ თემატიკაზე საიდუმლო არქივების გახსნის დროს მუშაობდა“, _ მიიჩნევს მკვლევართა ნაწილი.
    ყველაფერ აქედან გამომდინარე, ცხადია, ჩნდება კითხვა, თუ საიდან მოდის სტალინის მორწმუნეობის მითი?
    „ამ მითის საფუძველი საზოგადოების ნაწილის სურვილია, რომ ის მკაცრმა დიქტატორმა და ძლიერმა ხელმა მართოს, რომელიც ყველა საკითხს მის ნაცვლად გადაწყვეტს. ესაა პირადი პასუხისმგებლობის არიდება, ქვეცნობიერი მოთხოვნილება და დესპოტური, უკიდურესი ძალაუფლების გაფეტიშება. აღსანიშნავია რომ, „ნაციზმის“ დამარცხების შემდეგ გერმანელები მხოლოდ ჰიტლერისკენ იშვერდნენ თითს, _ ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით, ყველაფერს ის აკეთებდაო. ფსიქოლოგიური კუთხით ასეთი პოზიცია მომგებიანია…
    საქართველოში ყველაფერ ამას ემატება ტოტალური გაუნათლებლობა და სტალინის ეთნიკური ქართველობა, რაც პატარა ერის პატრიოტულ სიმებს ეხება.
    ამ ტიპის ბელადის მისაღებად და აღსაქმელად საჭიროა, რომ ის ტრადიციული სულიერი საფუძვლებისა და სამშობლოს დამცველი იყოს (მორწმუნე, პატრიოტი, მორალისა და ზნეობის მატარებელი) ან თუ ასე არაა, ილუზიაა შესაქმნელი, ანუ ადამიანებს სურთ, რომ სწორედ ასეთი ყოფილიყო სტალინი და ასეთად გამოჰყავთ კიდეც, ოღონდ ჭორებისა და არა _ მეცნიერული კვლევების საფუძველზე“, _ ეუბნება „ქრონიკა+“-ს ერთ-ერთი ფსიქოლოგი, რომელიც, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, გვთხოვს, რომ მისი ვინაობა არ გავასაჯაროოთ.
    ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოგიკურია კითხვა, _ უნდა გამოაშკარავდნენ თუ არა ეკლესიაში მყოფი აგენტები? ამ თემაზე სხვადასხვანაირი მოსაზრება არსებობს, თუმცა შეგვიძლია, სხვა ქვეყნების პრაქტიკით ვიხელმძღანელოთ და ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ვეცადოთ. ამ მხრივ კი, მინიმუმ, განსჯისთვის, შესაძლოა, ბულგარეთის მაგალითიც გამოგვადგეს, სადაც 2012 წელს ზუსტად ჩვენი მსგავსი საეკლესიო კრიზისი დაიწყო, ანუ მაშინ ბულგარეთის სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი იმ მიტროპოლიტების გადადგომას მოითხოვდა, რომელთა საბჭოთა უშიშროების ორგანოებსა და სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობაც სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ დაადგინა.
    ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბულგარულმა კომისიამ, რომელიც საბჭოთა სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე მოქალაქეების გამოვლენას ისახავდა მიზნად, გამოაქვეყნა მონაცემები რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. შედეგმა მრევლი შეძრა. სპეცსამსახურებთან კავშირში თხუთმეტიდან მხოლოდ ოთხი მართლმადიდებელი მიტროპოლიტი, მათ შორის, პატრიარქი მაქსიმე არ აღმოჩნდა. დანარჩენი „კაგებესთან“ სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდა.
    ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ლუსტრაციის დაწყებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის გადაეცა ყველა აუცილებელი მასალა, რომელიც საბჭოთა დროს გადაბირებული სასულიერო პირების შესახებ მოეპოვებოდა, თუმცა კეთილი ნების აქტმა მღელვარება ვერ შეაკავა.
    მონაცემების გამოქვეყნებამდე ცნობილი იყო, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებთან მხოლოდ ორი ბულგარელი ეპისკოპოსი თანამშრომლობდა. მათ შორის, ერთმა, მიტროპოლიტმა იოსებ ბოსანოვმა, ყველაფერი თავად აღიარა კომისიის საქმიანობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე.
    აგენტურის დოსიეთა გახსნის შემდეგ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მოსახლეობის ნდობამ მნიშვნელოვნად იკლო. ნდობის რეიტინგი, ანალიზისა და მარკეტინგის ცენტრის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, 2012 წელს 45.9%-დან 34,7%-მდე შემცირდა.
    კომისიამ დაადგინა, რომ სამი მიტროპოლიტის დოსიე სპეცსამსახურებმა კომუნისტური რეჟიმის დამხობამდე ცოტა ხნით ადრე გაანადგურეს, თუმცა კომისიამ აღმოაჩინა და გათქვა ბარათები, სადაც მათი მეტსახელები იყო დატანილი. ცნობილი გახდა ისიც, რომ ვარნის მიტროპოლიტმა კირილმა 1990 წელს თავად სცადა დოსიეს განადგურება, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
    რა პრინციპით სპობდნენ სპეცსამსახურები პოლიტიკური და რელიგიური პირების დოსიეებს, უცნობია, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ დოსიეების განადგურება აგენტის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმიანობაზე მეტყველებს.
    სლივენის მიტროპოლიტმა იოაკიმემ თქვა, რომ „გაკვირვებული და შეურაცხყოფილია“ ინფორმაციით, თითქოს ის „კირილევიჩის“ ფსევდონიმით თანამშრომლობდა პოლიტიკური მიზნებისთვის. ანალოგიური განცხადება გააკეთა ველიკო-ტირნოვოს მიტროპოლიტმა გრიგორიმ. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ფსევდონიმი „ვანო“ არასდროს სმენია.
    „მე ნუ მეკითხებით, ჰკითხეთ მათ, ვინც დოსიე შექმნა. ყოველივე ეს ჩემთვის სიახლეა. თან წერენ, რომ არავის გავუშვივარ სამსახურიდან და ამჟამადაც მოქმედი აგენტი ვარ, ამიტომ მაინც ვერაფერს ვიტყვი“, – ირონიულად განაცხადა მეუფე გრიგორიმ, მაგრამ ისინი, ვის ბიოგრაფიაშიც მეტსახელებზე მეტი იპოვეს, ასეთივე თამამები არ ყოფილან.
    როგორც ცნობილია, გასაიდუმლოებული დოსიეები უმთავრესად იერარქების ერთმანეთსა და პატრიარქზე დასმენებს შეიცავს. ასევე ინფორმაციებს სინოდის დაჯგუფებებსა და უცხოელებზე, რომელთანაც კონტაქტშიც აგენტები შედიოდნენ. მაგალითად, ვრაჩანის მიტროპოლიტმა კალინიკმა მოხსენებაში ჩაწერა, რომ პატრიარქი ეგოისტია და არ შეეფერება თავის პოსტს, ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა კი უცხოეთში ვიზიტისას სამონაზვნო აღთქმა გატეხა. ის ასევე წერდა, როგორ ივსებოდა ეკლესიები აღდგომის დროს და ვინ ურთიერთობდა უცხოელებიდან სასულიერო პირებთან. კომისიის მოხსენების გამოჩენის შემდეგ მეუფე კალინიკმა შენდობა ითხოვა საკუთარ ეპარქიაში მყოფი მორწმუნეებისა თუ ურწმუნოებისგან, რომლებიც მის შესახებ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ შეურაცხყო.
    დოსიეების გახსნის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ვარნის მიტროპოლიტი კირილი, მეტსახელად „კოსაჩევი“, ჩართული იყო ოპერაცია „ციტადელში“, რაც ათონის მთაზე მდებარე ბულგარულ მონასტერ ზოგრაფში ბულგარული სპეცსამსახურების კონტროლის განხორციელებას ემსახურებოდა. ამავე ოპერაციის მიზანი იყო ზოგრაფის სიმდიდრის ხელში ჩაგდება. მიტროპოლიტი კირილი, მონოზონ ნათანაილთან ერთად, რომელიც შემდეგ ასევე მიტროპოლიტი გახდა, კომუნისტურმა სპეცსამსახურებმა ახალგაზრდობაში გადაიბირეს. 1976 წელს მიტროპოლიტ კირილს მისცეს სპეციალური ფოტოაპარატი მონასტრის სტუმართა და ზოგადი რელიგიური ფონის შესასწავლად. ზოგრაფში ის აგროვებდა ინფორმაციას არა მხოლოდ სხვა მონასტრებზე, არამედ ბერძნული ეკლესიის გავლენაზე, საბერძნეთის არმიასა და სპეცსამსახურებზე. აგენტ „კოსაჩევის“ ზედმეტი აქტიურობის გამო ის ბერძნულმა კონტრდაზვერვამ გაშიფრა და ქვეყანა დაატოვებინა. მისივე დოსიეებიდან ირკვევა, რომ ათონის მთაზე სამონაზვნო კაბის ქვეშ არაერთი აგენტი იყო „დაყუდებული“ და არა მხოლოდ ბულგარეთიდან.
    ერთი სიტყვით, ყოველივე ეს ნათელყოფს, რომ ეკლესია უშიშროებისთვის ერთგვარი დასაყრდენია, თუმცა რამდენად საჭიროა სასულიერო პირების საჯარო ლუსტრაცია, ეს თემა საკამათოა.

გიორგი აბაშიძე