საქმოსნების ქვეყანა

ჩინეთის მთავარი და ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი, საძიებო სისტემა „ალიბაბას“ და მის ირგვლივ თავმოყრილი შვილობილი კომპანიების დამაარსებელი, 55 წლის ჯეკ მა, თავისი ბოლო _ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან, გადადგა.
მანამდე მილიარდერმა გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა და მთლიანად ჩამოსცილდა თავისი კორპორაციის მართვის პროცესს.
ადამიანი, რომელმაც ეკლიანი გზა გაიარა ინგლისურის მასწავლებლობიდან ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური კომპანიის მფლობელობამდე, დღეს უკვე საპატიო პენსიონერია.

ეს არ არის პირველი ამგვარი შემთხვევა გლობალურ ბიზნეს-სამყაროში _ უმსხვილესი მეწარმეები, მულტიმილიარდერები თავს ანებებენ აქტიურ ბიზნეს-საქმიანობას, ქონების უდიდეს ნაწილს ქველმოქმედებაზე ხარჯავენ, ცხოვრობენ მოკრძალებულად, აცვიათ ჯინსი და უბრალო მაისურები, სადილობენ ბავშვობიდან საყვარელ ფასტ-ფუდებში.
ამავე დროს, ისინი კვლავ აგრძელებენ სამყაროს გაოცებას თავიანთი გამოგონებებით, ინოვაციებით და ხელგაშლილობით.
უყურებ ამათ და ფიქრობ, _ ჩვენ საიდან მოვიყვანოთ ასეთი ბიზნესმენები? ვინც არ გამდიდრებულა სახელმწიფო რესურსების ძარცვით, ნაცნობობით, პრიმიტიული იმპორტით, ვაჭრობით და თაღლითური გზით დაუფლებული მიწის ნაკვეთების სარფიანი გაყიდვით?
ისეთებს, ვინც გადაადგილდება ჩვეულებრივი ავტომობილით და არა გიგანტური ჯიპით, ვისაც აცვია უბრალო ჯინსი და მაისური და არაერთი ბინის ფასად ნაყიდი კოსტიუმები?
ისეთებს, ვისაც აინტერესებს და ვისი აზარტის საგანიც არის არა მხოლოდ ფული, თავისთავად, არამედ საქმე და წინსვლა.
სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ პოსტსაბჭოთა სივრცეში და მდიდრებიც, მეტწილად, შესაბამისი გვყავს _ და ისინი არ არიან სტუდენტები, რომლებმაც შექმნეს რაღაც, რაც მანამდე არ იყო და არც ადამიანები ფანტაზიით და შორს _ ვაკეში ბინის, წყნეთის აგარაკის, ჯიპისა და 2000-დოლარიანი ტელეფონის იქით _ მიმართული ამბიციებით.
რას წარმოადგენს დღეს ტიპური ქართველი ბიზნესმენი? ფსიქოლოგიით და მენტალიტეტით ის არის ჩვეულებრივი წვრილი ვაჭარი, ყოველგვარი ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარის გარეშე. შორს მიმავალი იდეები, ტექნოლოგიური გარღვევები, ბოლოს და ბოლოს, სამრეწველო წარმოება _ ეს ყველაფერი მათთვის არაა _ ზედმეტად რთულია, საჭიროებს ორგანიზებულობას, დისციპლინას და ტვინის განძრევას.
ტრადიციული ქართველი ბიზნესმენის საყვარელი დარგებია იმპორტი, მიწის იაფად ყიდვა-ძვირად გაყიდვა და სახელმწიფო ტენდერებში ხელის მოთბობა.
რას წარმოადგენს ბიზნესის თვალსაზრისით ჩვენი საშუალოსტატისტიკური პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი ფული იშოვა სახელმწიფოს ხარჯზე? აქაც _ ნულოვანი ფანტაზია _ წავა და იყიდის 20 ბინას და 10 კომერციულ ფართს გასაქირავებლად. სულ ესაა.
ან იყიდის წილს ბაზარ-ბაზრობაში და მშვიდად დაისვენებს სახლში, სანამ მის ობიექტზე ადამიანები მუშაობენ ისეთ პირობებში, რომ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ მოექცეოდნენ ცხოველსაც კი.
ბაზარი _ საერთოდ, ტრადიციული ქართველი ბიზნესმენების ნამდვილი ელდორადოა. იდეალური ბიზნესი _ საღორე, სადაც ღირსებადაკარგული ადამიანები დასაქმებულებს დღეში 5-10 ლარს უხდიან _ აკრიფე და დახარჯე კაზინოში, სულ ესაა გასაკეთებელი საქმე.
ბაზრების დამფუძნებლების სიაში შედის ათობით წურბელა კარგი მადით, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ფული არ ჰყოფნით, იწყება დაუსრულებელი შიდა კონფლიქტები, რომელთა დიდი ნაწილი თავდება გასროლით _ თუ საქართველოში მოკლეს ბიზნესმენი, ძალიან მაღალი ალბათობაა, რომ ამის მიზეზი წილი გახდა რომელიღაც აყროლებულ ბაზარში.
და კიდევ მამაპაპურ ქართველ ბიზნესმენებს ძალიან უყვართ თითქმის იდეალური საქმე _ მანქანების სადგომი. უკეთესს ვერც კი წარმოიდგენ _ მოგყავს სამუშაოდ 2-3 გონებაჩლუნგი, ვისაც ერთადერთი საქმე აქვს _ შლაგბაუმის აწევ-დაწევა და მუქთა ფულის დათვლა.
აქაც, ისევე როგორც ბაზარ-ბაზრობებში, არავითარი ფანტაზია, არავითარი სწრაფვა უკეთესობისკენ _ ობიექტები, რომელსაც მეპატრონეებისთვის მილიონები მოაქვს, 90-იან წლებში ჩარჩა _ მოუვლელი, ბინძური, გადატენილი ვაჭრუკანებით და მათი ჟანგიანი კონსტრუქციებით. არც ერთ მათ მფლობელს არ გაუჩნდა თავისივე ბიზნესის, მეტ-ნაკლებად, მოწესრიგებისა და, თუნდაც, მე-20 საუკუნის დასაწყისის სტანდარტებამდე მიყვანის სურვილი.
ადამიანი წვრილი ვაჭრუკანის ფსიქოლოგიით _ არ შეიცვლება და მუდამ დარჩება წვრილი ვაჭრუკანა _ თანხას არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესში შეიძლება ბრუნავდეს მილიონები, მაგრამ ის მაინც იყო და დარჩება წვრილფეხა, უფანტაზიო საქმოსნად.
ქვეყანა რომ განვითარდეს, ბიზნესიც შესაბამისია საჭირო _ იდეებით, ინტერესებით, ანუ, როგორც უყვართ ქართულ ნეკროლოგებში, გულანთებული სურვილით გააკეთოს რამე ცოცხლი, დინამიკური და საინტერესო და არა, უბრალოდ, ჩამოიტანოს უცხოეთიდან ერთი ვაგონი სიგარეტი და გაყიდოს.
ამისთვის სულ არაა აუცილებელი, იყო აშშ, იაპონია ან, თუნდაც, ჩინეთი.
ამ მხრივ საინტერესოა ბალტიის პატარა ქვეყნების მაგალითი, სადაც ადგილობრივი ბიზნესი აწარმოებს ელექტრომობილებს, სპორტკარებს, ძვირადღირებულ ელექტროაპარატურას და ქმნის მესენჯერებს _ სწორედ ესტონეთში დაიბადა დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი სკაიპი.
მათ ეს მოახერხეს _ მათი ეკონომიკის საფუძველში არიან არა ვაჭრები, იმპორტიორები და სახელმწიფო ტენდერების მოყვარულები, არამედ ენერგიული, თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდები ჯინსებსა და ლურჯ მაისურებში…
ეს არის განვითარების ერთადერთი შესაძლებელი ვარიანტი _ ქვეყანას გადაარჩენენ მასშტაბურად მოაზროვნე და მოუსვენარი, შემოქმედებითი ადამიანები და არა იმპორტიორები, თაღლითები, ზარმაცები და ყოველგვარ დისციპლინას მოკლებული საქმოსნები.
სანამ ქვეყნის ეკონომიკის სიმბოლო იქნება ელიავას ბაზრობა _ ეს ქვეყანა ვერასდროს წავა წინ.

თენგიზ აბლოთია