ტრისტან წითელაშვილი: „უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლებს საფრთხე ემუქრებათ!“

უკრაინაში მებრძოლ ქართველებს ბოლო დროს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ამბობს, რომ ძალიან მალე მათზე შეიძლება, ნადირობა დაიწყონ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მათ გადასარჩენად.

რატომ დაიწყეს ქართველი სამხედროების დევნა უკრაინაში? აქვს თუ არა ამ კამპანიასთან კავშირი შოთა ჭიჭიაშვილის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას? რატომ დუმს თბილისი კონგოში დატყვევებულ სოსო ოსორაულზე? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება:

_ თქვენ ხშირად აკეთებდით უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებზე სკანდალურ განცხადებებს. ბოლო ხანებში უკრაინაში ჩვენებურებზე, ფაქტობრივად, ნადირობა დაიწყო. რა ხდება? და აქვს თუ არა ამასთან კავშირი შოთა ჭიჭიაშვილის წინააღმდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც ამ უკანასკნელის ლიკვიდაცია მოხდა?
_ იმის შეფასებას, რაც უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების თავს ხდება, სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. იქ მარტო ქართველ სამხედროებს არ სდევნიან _ უკრაინაში მოხალისეებად ჩასულ ყველა ეროვნების წარმომადგენელს შეექმნა პრობლემები.
დაახლოებით ოთხი თვის წინ საქართველოში ჩამოსული იყვნენ ამერიკელი ჟურნალისტები. ისინი მეც შემხვდნენ. ამერიკელები დაინტერესებული იყვნენ უკრაინაში მებრძოლი ქართველების მდგომარეობით. მათ ასევე აინტერესებდათ სააკაშვილის დროს საქართველოში ჯო ბაიდენის ვიზიტის დეტალები.
სულ ახლახან გასაჯაროვდა ტრამპისა და ზელენსკის საუბრის დეტალები. ამას ამერიკაში დიდი სკანდალი მოყვა. ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ეუბნება, რომ მათი პროკურატურა აუცილებლად უნდა დაინტერესდეს უკრაინაში ჯო ბაიდენის საქმიანობით.
იმას, რაც დღეს უკრაინაში ქართველი მოხალისეების მისამართით ხდება, ამ მოვლენებთან პირდაპირი კავშირი აქვს. ეს ჯაჭვის ერთი რგოლია მხოლოდ.
მე არაერთ მედიაგამოცემასთან მისაუბრია იმაზე, რომ უკრაინაში ჩვენი ბიჭები სუფთა გულით წავიდნენ საბრძოლველად. ამ შემთხვევაში სააკაშვილის ზონდერებს არ ვგულისხმობ. ამ ბიჭებიდან ბევრს ვიცნობ. ზოგიერთ მათგანთან აფხაზეთში მიბრძოლია. ვიცი მათი განწყობა და ისინი უკრაინაში პატრიოტული გრძნობებით წავიდნენ.
ბევრ მათგანს რუსეთთან ომში აქვს მონაწილეობა მიღებული. აფხაზეთსა და ცხინვალში ჩვენ რუსებთან დავმარცხდით. რა გასაკვირია, რომ ქართველ მებრძოლებს რუსეთი თავის დაუძინებელ მტრად მიაჩნიათ.
როგორც კი უკრაინა იგივე პრობლემის წინაშე დადგა, რა პრობლემაც ჩვენ გვქონდა, ქართველი სამხედროების ნაწილი ამ ქვეყანაში წავიდა. ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთს ყველგან უნდა ებრძოლო, რათა დაასუსტო. ამის გარდა ისინი უკრაინელებსაც ეხმარებოდნენ.
ახლა უკრაინაში სულ სხვა ამბები მიდის, ამერიკა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და ბევრი რამე შეიცვლება. უკრაინაშიც შეიცვალა პოლიტიკა. იქ ყველა იმ დაჯგუფების წევრი იდევნება, ვისაც უკრაინაში ჩასულ ამერიკელ ინსტრუქტორებთან რაიმე კავშირი ჰქონდა.
ქართველ და სხვა უცხოელ მოხალისეებს პოროშენკოს ხელისუფლება ხელშეუხებლობას ჰპირდებოდა: რომ ექნებოდათ სამსახური და ბინა. ისინი ამას იმსახურებდნენ კიდევაც _ რუსეთის იმპერიას უკრაინელებთან ერთად ებრძოდნენ და უკრაინულ საქმეს აკეთებდნენ.
სამწუხაროდ, უკრაინის წინა ხელისუფლებამ ქართველი სამხედროები გაყიდა. ეს განსაკუთრებით ზელენსკის მოსვლის შემდეგ გამოჩნდა.
აქ ოფიციალური კიევი იმდენად არ არის დამნაშავე, რამდენადაც საერთაშორისო პოლიტიკა. ჩვენი ბიჭები საერთაშორისო პოლიტიკის მსხვერპლი გახდნენ.
ვშიშობ, რომ ეს პოლიტიკა იმ ქართველებსაც დააზარალებს, რომლებიც დღეს უკრაინის ძალოვან სტრუქტურებში ოფიციალურად მსახურობენ. ბევრ მათგანს სახელმწიფოსგან ჯილდოებიც აქვს მიღებული.
ამათ წინააღმდეგ დაწყებული კამპანია კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლაში არ უნდა აგვერიოს. ბოლო დროს უკრაინაში რამდენიმე ქართველი კრიმინალი დააკავეს, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა.
_ კრიმინალებიო, თქვით და შოთა ჭიჭიაშვილთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი იყო. საქართველოში ის პოლიტიკურ ამბებში რაღაც დოზით გახლდათ გარეული.
_ ჭიჭიაშვილს ჩვენს მოხალისეებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ის სულ სხვა საქმეებით იყო დაკავებული. ასე რომ, მის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაცია ქართველი სამხედროების დევნასთან არანაირ კავშირში არ არის.
ვიღაც შეიძლება გამოვიდეს და ჭიჭიაშვილს პოლიტიკური მსხვერპლი დაარქვას, რაც სიმართლე არ იქნება. უკრაინაში მებრძოლი ქართველები კი ნამდვილად პოლიტიკას ეწირებიან.
ეს ადამიანები ოფიციალურმა თბილისმა ბედის ანაბარა არ უნდა მიატოვოს. ოფიციალური თბილისი ვალდებულია დაინტერესდეს, თუ რატომ დევნიან მის მოქალაქეებს.
საქართველოს უკრაინაში საელჩო აქვს და იქაც შეუძლიათ რაღაც ზომების მიღება. საელჩოს თანამშრომლებს მარტო ხელფასების აღება და კარიერისა თუ ბიზნესების აწყობა არ ევალებათ. მათი პირველი მოვალეობა უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სამხედროებს.
ჯარისკაცი და პოლიციელი სახელმწიფოს სიმბოლოა. საელჩოს თანამშრომლებს ამას მე არ უნდა ვასწავლიდე.
ქართველი სამხედროების დასაცავად უკრაინელები უფრო მოტივირებულები არიან. იქ რამდენიმე უფლებადამცველი და სამხედრო ექსპერტი ძალიან იცავს ჩვენს ბიჭებს და თუ რომელიმე მათგანი დააკავეს, ერთ ამბავს ტეხენ.
ჩვენი ბიჭების შესახებ მეც ისინი მაწვდიან ინფორმაციებს. ძალიან საგანგაშო ცნობები მოდის კიევიდან. დღეს ჩვენს მებრძოლებს უკვე გადარჩენა სჭირდებათ. აქ დახმარებაზე აღარ არის ლაპარაკი.
_ რას გულისხმობთ? იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ?
_ იმას, რომ ისინი შეიძლება, ფიზიკურად გაანადგურონ. ამიტომ ვითხოვ საელჩოს გააქტიურებას და სათანადო სამსახურებს მოვუწოდებ, ამ ბიჭების გადარჩენაზე იზრუნონ.
არავის აქვს უფლება, რომ ის ადამიანები მიატოვოს, ვინც ჯერ საქართველოში ებრძოდა რუსულ ოკუპაციას, ახლა კი ამას უკრაინაში აგრძელებს.
_ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რას მიდიოდნენ უკრაინაშიო, მაგრამ, ალბათ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს ჩვენ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მხოლოდ უკრაინელები იბრძოდნენ.
_ ეს ცნობილი ფაქტია, უკრაინელებს ეს არასდროს დაუმალავთ. პირადად ჩემ გვერდით იბრძოდა რამდენიმე უკრაინელი. ბევრი უკრაინელი ვაჟკაცი შეეწირა საქართველოს ტერიტიორიული მთლიანობის დაცვას.
ისინი აქ საქართველოს დასაცავად და რუსებთან საომრად ჩამოვიდნენ. ჩვენი ბიჭებიც ასეთივე მისიით წავიდნენ უკრაინაში, ამიტომ მათ იქ ყოფნას ნურავინ გაიკვირვებს.
ის უკვირთ, ქართველები უკრაინაში რატომ იბრძვიანო და იმაზე ხმას არ იღებენ, ახალქალაქში სომხეთის ეროვნულ გმირსა და ბაგრამიანის ბატალიონის შემქმნელების ძმაკაცს ძეგლი რომ დაუდგეს.
_ თქვენ ყარაბაღის ომში მოკლულ სომეხ „ბოევიკზე“ საუბრობთ? დავაკონკრეტოთ, ვინმეს არ ეგონოს, რომ ის აფხაზეთშიც იბრძოდა.
_ აფხაზეთში არ უბრძოლია. იქ რომ საომარი მოქმედებები დაიწყო, ის უკვე მკვდარი იყო. სამაგიეროდ, წლების განმავლობაში მსახურობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შსს-ში და იქ ბევრი მეგობარი ჰყავდა. „ბაგრამიანის სახელობის“ ბატალიონი სწორედ მისმა მეგობრებმა შექმნეს.
ამ „ბოევიკის“ ძეგლის დადგმა ქართულ მიწაზე ჩვეულებრივ ამბად ჩაითვალა, ხოლო ჩვენი ბიჭები უკრაინაში რუს ოკუპანტებს რომ ებრძვიან, ეს ლამის ღალატად შეფასდა.
მინდა, მივმართო ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც: არ პატრონობთ ნაომარ ხალხს, მაგრამ იმის უფლება მაინც მიეცით, რომ მტერს ებრძოლონ.
მერე რა, რომ ომი უკრაინის მიწაზე მიდის, ოკუპანტი იქაც რუსეთია. ჩემი აზრით, ოკუპანტს ყველგან უნდა ებრძოლო. მისი დასუსტების შანსი ხელიდან არასდროს უნდა გაუშვა.
სამხედროებზე ძალიან ცუდად მოქმედებს ის ფაქტი, როცა ხედავენ, როგორ ღვთის ანაბარა არიან მიტოვებული ქართველი მებრძოლები. სოსო ოსორაული ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. მას უსამართლოდ მოექცნენ.
ჯერ ის არის დანაშაული, რომ ეს ადამიანი შეიარაღებული ძალებიდან გაუშვეს. მისნაირი მფრინავები საქართველოში ბევრი არ გვყავს.
ის არსად წასულა საომრად _ უსამსახუროდ იყო დარჩენილი და კონგოში წავიდა სამუშაოდ. იქაური ხელისუფლება საჰაერო ძალებს ქმნიდა და იქ მუშაობდა. ამბოხებულებმა ჩამოაგდეს მისი საფრენი აპარატი, სოსოც დაჭრილი იყო, გადმოხტომა კი მოასწრო, მაგრამ ამბოხებულებს ტყვედ ჩაუვარდა.
ოსორაულზე დღეს ხმას არავინ იღებს. ეს როგორ შეიძლება?! სოსო გმირი კაცი იყო. იცით, რამდენი რამე აქვს გაკეთებული? იცით, რამდენი ადამიანი გადაარჩინა აგვისტოს ომის დროს? 2008 წლის აგვისტოში მან ბოლო საბრძოლო გაფრენა შეასრულა ცხინვალის მიმართულებით და იმ მიდამოებში ჩარჩენილი ბიჭები სამშვიდობოზე უვნებლად გამოიყვანა. ამ კაცის ბედის ანაბარა მიტოვება როგორ შეიძლება?!
ჯერ საერთოდ რომ არაფერი ჰქონდეს გაკეთებული, შენი მოქალაქეა და უნდა მიხედო. სოსოს კი ბევრი რამ აქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული. ბოლოს და ბოლოს, ის საქართველოსთვის იბრძოდა, თავი ჰქონდა გადადებული. როგორია, საბრძოლო გაფრენა შეასრულო იმ მიმართულებით, რომელსაც უკვე მოწინააღმდეგე აკონტროლებს!
_ სოსოს ამბავი ბინდით არის მოცული. ახლობლები ამბობენ, რომ ცოცხალია, საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, დიდი ალბათობით ცოცხლებში აღარ არისო. თქვენ თუ გაქვთ რაიმე დამატებითი ინფორმაცია?
_ მის ოჯახთან კავშირი მაქვს, მის ძმასაც ვეკონტაქტები ხოლმე. სოსოს ამბავი დღემდე ბურუსით მოცულია. ბევრი არც მათ იციან… ან საიდან უნდა იცოდნენ? კონგოელ ამბოხებულებთან ხომ ვერ წავლენ.
რამდენიმე თვის წინ მე სოსოს თანამებრძოლს შევხვდი. ისინი ერთად მუშაობდნენ კონგოში და მისგან სერიოზული ინფორმაციები მივიღე.
_ ოსორაულის თანამებრძოლი სად ნახეთ?
_ საქართველოში. აქ იყო ის კაცი ჩამოსული. ბოლომდე ისიც ვერაფერს ამბობს, მაგრამ იმედი აქვს, რომ ოსორაული ცოცხალია. ამის იმედი მეც მაქვს.
_ ოფიციალურად არაფერი დასტურდება, არც მისი სიკვდილი და არც ის, რომ ცოცხალია?
_ ოფიციალურად არაფერი დასტურდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანთან დაკავშირებით ოფიციალური პასუხი არ არის. იმედი მაქვს, ის ცოცხალია. 80%-ით სოსო ცოცხალი უნდა იყოს.
_ თუ მისი გარდაცვალების ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, როგორ ამტკიცებენ საგარეო უწყებაში, რომ ოსორაული ცოცხალი აღარ არის?
_ ეს უნამუსობაა! თან ამ ინფორმაციის გაჟღერება მათ ინტერესებში არ შედის.
მას შემდეგ, რაც სოსოს გარდაცვალების შესახებ განცხადება გაავრცელეს, ტვირთი და ვალდებულება მოეხსნათ.
_ რა ვალდებულება მოეხსნათ?
_ კონგოელი ამბოხებულები სოსოს გასათავისუფლებლად 1 მილიონ დოლარს ითხოვდნენ. ეტყობა, ამ ფულის გადახდა საგარეო უწყებას არ სურდა ან მოლაპარაკებების წარმოება ეზარებოდა და ეშინოდა. გარდაცვლილად გამოაცხადეს ადამიანი, რომლის შესახებაც დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.
ჟურნალისტი ხომ ხართ, გამაგებინეთ, როგორ შეიძლება, სახელმწიფომ ფულის გულისთვის გაწიროს ადამიანი?! სახელმწიფოსთვის ერთი მილიონი არაფერია.
_ მართლა არაფერია. ჩინოსნები სარესტორნო მომსახურებაში ხარჯავენ ამდენ ფულს. პრემია-დანამატები ასეულობით მილიონს აღწევს.
_ მანქანების პარკის განახლებაში ყოველ წელს ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება და 1 მილიონი გაუჭირდათ სოსოსთვის. სირცხვილია, ხალხო, სირცხვილი.
ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ მან მეტი ყურადღება გამოიჩინოს იმ ქართველი სამხედროების მიმართ, რომლებიც საქართველოს ფარგლებს მიღმა იბრძვიან. ვისაც გაგება უჭირს, იმის გასაგონად კიდევ ვიტყვი, რომ საბრძოლველად წასულებს მეომრის სული უდუღთ და მაგიტომ წავიდნენ უკრაინაში რუს ოკუპანტებთან საომრად. ამ ოკუპანტებს ჩვენი ტერიტორიები აქვთ წაღებული.
მეომარი ადამიანისთვის იცით, რა მძიმე ასატანია ომში დამარცხება და ტერიტორიების დაკარგვა? ყველას ვურჩევ, ამ ადამიანების განკითხვას მოეშვან და მათ გადარჩენაზე ვიფიქროთ. ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.
უკრაინაში შეიძლება, ვერაფერი გავაკეთოთ, მაგრამ აქ უნდა დავიცვათ მათი უსაფრთხოება. იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, აქ რომ ჩამოვლენ, დევნა არ დაუწყონ.
სააკაშვილი ამ ბიჭებთან დაკავშირებით ძალიან ცუდად იქცევა. მას, როგორც უკრაინაში, ასევე ამერიკაში, რაღაც გავლენები აქვს და მათი შველა შეუძლია.
_ რა უნდა გააკეთოს სააკაშვილმა?
_ მას მთელი რიგი ბერკეტები აქვს, შეუძლია, რომ მათი დევნა შეაჩეროს, მაგრამ, რატომღაც, არაფერს აკეთებს. ეს სამხედროები ყველამ მიატოვა, როგორც წინა ასევე მოქმედმა ხელისუფლებამ. ისინი უკრაინელებმაც გაწირეს.
დღეს მათ დევნიან, _ თუ მალე არ გაეცალნენ იქაურობას, მათ ლიკვიდაციაზეც გადავლენ.
_ საქართველოში რატომ არ ბრუნდებიან?
_ ეს ცალკე უბედურებაა. საქართველოს კანონმდებლობით სხვა ქვეყანაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება აკრძალულია. აქ თუ ჩამოვლენ, შეიძლება, არ დააკავონ, მაგრამ სუსი დაუწყებს „დაკაჩავებას“.
_ რას ჰქვია, „დაკაჩავებას“ დაუწყებს?
_ დაკითხვებით გააწამებენ. მერე მოსთხოვენ, ჩვენთან ითანამშრომლეო. იცით, რა მძიმეა ასეთი შეთავაზება მეომარი ადამიანისთვის? რამდენიმე დაბრუნდა უკრაინიდან და სიცოცხლე გაუმწარეს. ადგნენ და ის ბიჭები საერთოდ წავიდნენ საქართველოდან.
უკრაინაში მათი დატოვება უკვე არ შეიძლება _ მათ ფიზიკური განადგურება ემუქრებათ. რაღაცაა მოსაფიქრებელი.
_ ჩვენი უფლებადამცველები თუ მუშაობენ ამ საკითხზე? არავისგან მომისმენია, რომ უკრაინაში მყოფ ქართველ სამხედროებზე ეთქვათ რამე.
_ რატომ იტყვიან? ამაში ხომ გრანტს არავინ აძლევს. უკრაინაში წასულ სამხედროებს კი არა, აქ დარჩენილ ომის ვეტერანებს არ იცავენ. იმასაც კი არ აპროტესტებენ, 22-ლარიანი პენსია რომ აქვთ ვეტერანებს. ჯერ ხომ ეს სამარცხვინოა, მაგრამ ბევრი ამ თანხასაც ვერ იღებს.
ბევრი ვეტერანი შიმშილობს! ზოგი ამას მალავს, მაგრამ ზოგი ვეღარ უძლებს სიდუხჭირეს და ხმამაღლა საუბრობს.
მიდით „რუსთაველის“ მეტროსთან, იქ ზის ხოლმე ერთი ვეტერანი და მათხოვრობს. მათხოვრობით ირჩენს თავს ის ადამიანი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძოდა!
ნებისმიერი სახელმწიფო ფასდება იმით, თუ როგორ პატივს სცემს ის ვეტერანებს. ჩვენთან ვეტერანები მათხოვრობენ, რომ პურის ფული იშოვონ.
რას მიკეთებენ პარლამენტში შესული ვეტერანები? რამე სასიკეთო კანონი რომ მიიღონ მათთვის, არ შეიძლება? თუ კანონს ვერ იღებენ, ტრიბუნასთან ერთი განცხადება მაინც გააკეთონ.
ასევე არ გვაქვს უფლება, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები მივატოვოთ. მათ ახლა ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ.

შორენა მარსაგიშვილი