ხათუნა ლაგაზიძე: „ჩვენ თუ ადრე ვსაუბრობდით ორ რუსეთზე, მგონი, ახლა საუბარი გვიწევს ორ ამერიკაზე: ერთი _ ჰოჯესი, მეორე _ ტრამპი“

„ქრონიკა+“ ესაუბრება პოლიტოლოგსა და ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძეს:

_ მოგესალმებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ნიუ-იორკში გამართული საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრაა. ამ შეხვედრის შესახებ ჩვენ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში ვერ მივიღებთ, ანუ იმაზე მეტს, რასაც მხარეები ოფიციალურად იტყვიან. ამის მიუხედავად, თავად შეხვედრის ფაქტი შევაფასოთ და ის მოსაზრებაც, რომ ეს შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების პრორუსული კურსის გამოძახილია.
_ ლავროვ-ზალკალიანის შეხვედრის პარალელურად ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის სრული ჩანაწერი, სადაც ტრამპი პირდაპირ ეუბნება ზელენსკის, რომ უკრაინის პრობლემის გადაწყვეტაში ევროპამ გაცილებით მეტი წვლილი უნდა შეიტანოს, ვიდრე ამერიკამ და სამჯერ უთითებს რუსეთთან პირისპირ შეხვედრის აუცილებლობაზე. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფილი 250 მილიონის შეჩერებაზე. მიზეზებზე აქ ყურადღებას არ გავამახვილებ. მთავარი ის არის, რომ ამ და კიდევ სხვა ფაქტების გამო რჩება შთაბეჭილება, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უარს ამბობს უკრაინის პრობლემების გადაწყვეტაში აქტიური როლის შესრულებაზე.
გავიხსენოთ, ლავროვ-ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ საქართველოს ოფიციალური პირების განცხადებებიც, რომ ეს შეხვედრა დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციით შედგა. ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: ხომ არ გვტოვებს დასავლეთი ჩვენ და უკრაინას ჩვენი პრობლემებით რუსეთის პირისპირ?! ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რუსეთი ფიქრობს, რომ დრო დღეს მის სასარგებლოდ მუშაობს და სანამ ასეა, მაქსიმალური უნდა მიიღოს უკრაინისგანაც და საქართველოსგანაც.
_ რა შეიძლება იყოს მაქსიმუმი ამ პირობებში რუსეთისთვის?!
_ 2020 წელს რუსეთისადმი, როგორც არასდროს, ლოიალურად განწყობილი საქართველოს პარლამენტი და ამისთვის რუსეთი ძალისხმევას არ დაიშურებს. მაგრამ ლავროვ-ზალკალიანის შეხვედრის შედეგი ნამდვილად ვერ წაადგება რუსეთის ამ მიზანს. არ ვიცი, რა იყო შეხვედრის შინაარსი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ლავროვის დამცინავ-დამამცირებელი ტონი პრესკონფერენციაზე, რომლითაც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა შეაფასა, მხოლოდ ანტირუსულ განწყობებს თუ გააძლიერებს საქართველოში. და იმ მოსაზრებას აქარწყლებს, რაც თქვენს კითხვაში იყო: „ოცნების“ პრორუსულობაზე. რა გამოდის: თუ რუსეთი მისადმი ლოიალურად განწყობილი „ოცნების“ ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს 2020-ისთვის, მაშინ ასე მწარედ წიხლს რატომ აზელს საერთაშორისო არენაზე?!
_ პირადად ჩემთვის რუსეთის ფენომენიდან გამომდინარე, პასუხი ნათელია, მაგრამ მაინც სჯობს განვმარტოთ, ეს მეტად საინტერესო მოცემულობა _ რატომ დასცინა ლავროვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და, რეალურად, რუსეთმა საქართველოსა და მის ხელისუფლებას?
_ თუ მთელი ეს სცენარი, შეხვედრიან-პრესკონფერენციანად, იმიტომ დაიდგა, რომ ლავროვს გაეროს ტრიბუნიდან მოქნეული წიხლით საერთაშორისო საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მათი პარტნიორი არ არის, რადგან პარტნიორებს ასე არ იმეტებენ?! ხომ ცხადია, რომ ლავროვი ამაზე არ დახურდავდებოდა. თუმცა ვერც ქართული ფეისბუკის ნაწილის მოთქმას შევუერთდები იმის თაობაზე, თუ როგორ გაილახა ქართული დიპლომატია: კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს _ არ ვიცით, რა იყო ამ მოლაპარაკების რეალური მიზანი, მაგრამ შედეგი რომ რუსეთისთვის არასახარბიელო დადგა, ცხადზე ცხადია: საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაინახა, რას შეიძლება ელოდოს რუსეთისგან გაეროს ტრიბუნიდან მოქნეული წიხლის გარდა.
_ ამ ფონზე, რამდენიმე ხანში, საქართველოს ვიზიტად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო უნდა ეწვიოს. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ პომპეო არის პირველი ადამიანი აშშ-ის ისტორიაში, რომელმაც ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს უფროსის სავარძლიდან ამერიკის მთავარი დიპლომატის კაბინეტში გადაინაცვლა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ის უდიდესი ინფორმაციის მატარებელი ადამიანია. პარალელურად, ქართული მხარის განცხადებებიდან ვიცით, რომ ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორისა და სხვა პარტნიორების მიერ გახლდათ ინიცირებული. რატომ იყო აქტუალური იმავე ამერიკული მხარისგან, ამ პროცესის პროვოცირება მოეხდინა? რას ელოდება ამ კონტაქტებისგან აშშ ან უფრო მეტიც, ამ კონტექსტში რა განცხადებებს უნდა ველოდოთ ბატონი პომპეოსგან თბილისში?
_ კითხვა, რომელსაც საკუთარ თავს ხშრად ვუსვამ, ასეთია: რამდენად შეიძლება დღეს ვილაპარაკოთ ორ აშშ-ზე _ ერთი, რომელიც ძალიან პროაქტიურია საქართველოსთან მიმართებით და მზად არის, ყველანაირად დაიცვას საქართველოს ინტერესები, ნათლად ხედავს რა საქართველოს მნიშვნელობას ამერიკის საგარეო პოლიტიკაში და მეორე _ ტრამპის ამერიკა, რომელსაც სრულყოფილად ფორმულირებულიც კი არ აქვს საქართველოს მიმართულებით პოლიტიკა.
_ რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ამოცანა ის არის, რომ ჩვენ მარტონი გავუმკლავდეთ იმ მონსტრს, რომელსაც თავად ანგარიშს უწევენ, ხშირად ეშინიათ კიდეც და უთმობენ ბევრ რამეს. თუ ჩვენც და უკრაინამაც ამ ბრძოლაში მათ გარეშე გავიმარჯვეთ, მერე რა პოლიტიკური ნამუსით უნდა დაესწრონ გამარჯვების ფოიერვერკს ან თუ დავმარცხდით, ასევე რა ნამუსით უნდა დაესწრონ ჩვენი დაკრძალვის ცერემონიალს? უკაცრავად, შეგაწყვეტინეთ…
_ თუმცა, ვფიქრობ, არის საკითხები, რომლებზედაც ყველა ჯერდება და ერთ-ერთი ასეთი ანაკლიის თემაა, რაზეც პომპეომ წინა პრემიერის ამერიკაში ვიზიტისას ძალიან ნათლად ისაუბრა. თუმცა მასზე უფრო თვალსაჩინოდ ანაკლიის პორტის მნიშვნელობა საქართველოსთვის და დასავლელი პარტნიორებისთვის ახსნა ბენ ჰოჯესმა, ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილმა სარდალმა. ჰოჯესი ამბობს, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს საშუალებას მისცემდა, ერთი მხრივ, გამხდარიყო შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიანი სივრცის ნაწილი, „რომლის ფარგლებში მოხდება თანამშრომლობა ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა, წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლის უნარების დახვეწა, წვრთნები, ტექნიკური და ინფრასტრუქტურული საკითხები და ნაოსნობის თავისუფლების რეალიზება“, ხოლო, მეორე მხრივ, ანაკლიის პორტი სამი ზღვის _ ბალტიის, ადრიატიკისა და შავი _ სურათს შეცვლის და ამ ზღვებს ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. ამიტომაცაა, რომ რუსეთს არ სურს ამ პროექტის განხორციელებაო“. სიტყვა ძალიან რომ არ გაგვიგრძელდეს, თუ პომპეოს ვიზიტი ძალაშია, მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი თემა უდავოდ იქნება ანაკლიის პორტი, თუმცა მთლად უკეთესი იქნება, თუ ამერიკელები განცხადებებს საქმესაც, ანუ ინვესტორსაც მოაყოლებენ და დააფინანსებენ ანაკლიის პორტის მშენებლობას. თორემ მათ ადგილას „ანაკლიის კონსორციუმი“ გაურკვეველი წარმოშობის „მერიდიანს“ გვთავაზობს, სავარაუდოდ, ყაზახური კაპიტალით და ერთ-ერთი დამფუძნებლით, რომელიც, იმავდროულად, 2006 წლიდან „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს წევრია.
_ დიახ, ანაკლია ნამდვილად მნიშვნელოვანი თემაა როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. მაგრამ, იცით, რა მაინტერესებს, _ რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ, რომ ქართულმა მხარემ, თუნდაც პომპეოს ვიზიტის ფარგლებში, დასვას საკითხი საქართველოში სტრატეგიული პარტნიორის ბაზების განთავსების შესახებ? მით უფრო, რომ რასმუსენის იდეის გარშემო, ამ ეტაპზე, საფუძვლიანი ქმედებები არ ჩანს და ნატომდე კვლავ შორია.
_ იგივე ბენ ჰოჯესი ზემოხსენებულ ინტერვიუში ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, რომ მიმდინარეობდა დისკუსიები საერთო ავიაბაზის შესახებო. ანუ ძალიან აქტიურ ფაზაში ყოფილა ამერიკა-საქართველოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ვიგებთ. მაგრამ არ ვიცით, რა ეტაპზეა დღეს ეს მოლაპარაკებები თუ დისკუსიები. თუმცა ცხადად ჩანს, რომ იგივე ამერიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილში საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პროდასავლურობის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს და ამას იგივე ბენ ჰოჯესი თავის ინტერვიუში 3-ჯერ იმეორებს და ამბობს, რომ ნატოში და დასავლურ სივრცეში შემდგომი წინსვლისთვის აუცილებელი პირობაა, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ეჭვები გააქარწყლოს.
_ ახლა საშინაო პოლიტიკასაც მივხედოთ. უკვე საკმაო დრო გავიდა სამთავრობო ცვლილებების შემდგომ, მაგრამ საზოგადოებას ჯერ არაფერი უგრძნია. ანუ გიორგი გახარიას, როგორც ახალი პრემიერის პოზიციონირებას, ვერ ვხედავთ და იგი ნელ-ნელა ემსგავსება ჩუმ წინამორბედებს, თუ ეს დროებითი ილუზიაა?..
_ დავიწყოთ იმით, რომ არა მგონია, ივანიშვილს სურდეს, მთელი პასუხისმგებლობა და ყველა ისარი მისკენ იყოს მიმართული, ამიტომ მან ყველა შესაძლო ვარიანტიდან გახარიას სახით აირჩია ფიგურა, რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს არა მარტო წარმატების შემთხვევაში, არამედ მარცხის დროსაც. ამის მაგალითი მან 20 ივნისს აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს დღემდე არ სჯერა, რომ ის იყო 20 ივნისის მოვლენების რეალური ავტორი, მან საკუთარ თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა. ამავე მიზეზით, მას ექნება უფრო მეტი თავისუფლება, ვიდრე _ წინამორბედ პრემიერებს. თუმცა ეს თავისუფლება შეზღუდული იქნება: ამაზე მეტყველებს წულუკიანის მაგალითი, რომლის დაწინაურების ინიციატორი გახარია არა მგონია, ყოფილიყო. მაგრამ წულუკიანმა ეს საზღაური სასამართლოს ქუსლქვეშ მოქცევისთვის მიიღო, როგორც ჩანს.
რაც შეეხება ინდივიდუალიზმს: დარჩენილ ერთ წელიწადში ყველაფერი არჩევნებს იქნება მორგებული და როლებიც „ოცნებაში“ ამის მიხედვით განაწილდება. არჩევნებზე ივანიშვილი სამი ფალავნით გავა.
_ ვის გულისხმობთ?
_ ღარიბაშვილს _ რომელიც „ოცნების“ ძველი წევრებისა და ამომრჩევლების დროშა და ფლაგმანია; კალაძეს _ თბილისში განხორციელებული პროექტებითა და აქტივობებით და გახარიას, რომლის პოზიციონირება უკვე დაიწყო, როგორც ქვეყნისა და ხელისუფლების სახელმწიფო გადატრიალებისგან გადამრჩენის. მისი მოქმედებების ლოგიკაც არჩევნებამდე სწორედ ამ ხაზს დაექვემდებარება _ გახარია, როგორც „ოცნების“ ფარი და მახვილი, რომელმაც ქვეყანა ყოველგვარი რევოლუციური სცენარებისგან თუ გადატრიალებებისგან უნდა დააზღვიოს. რამდენად მისცემენ მას საშუალებას ინოვატორისა და რეფორმატორის ფუნქციაც შეითავსოს, ეს „ოცნების“ საარჩევნო სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული.
რაც შეეხება იმას, რა უნდა მოესწრო განვლილ არასრულ ერთ თვეში: ბევრი არც არაფერი. მთავარია, დარჩენილ ერთ წელიწადში რას მოისურვებს და რას მოასწრებს.
_ როგორ ფიქრობთ, საერთოდ, არსებობს რაიმე სახის შანსი, რომ არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში რამე სასიკეთოდ შეიცვალოს _ ვგულისხმობ ხალხისთვის სასიკეთოდ და არა ჩინოვნიკებისთვის, და კონკრეტულად რა სფეროში?
_ წესით, „ოცნება“ უნდა მიხვდეს, რომ მას წინასაარჩევნოდ არა მხოლოდ ოპოზიციის გასანადგურებლად წარმოებული შავი პიარი, არამედ პოზიტიური იმიჯიც სჭირდება და ამ მიზნით მასშტაბური ინიციატივების დაანონსება უნდა დაიწყოს, რომელიც შემდეგში ან განხორციელდება, ან _ არა. ამ მასშტაბური ინიციატივების არსებობას მაფიქრებინებს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაციის მოწყობა, რომელიც თავისი არსით გლობალური პროექტია, რომელმაც საქართველოს ახალი თაობებისთვის განათლების თანამედროვე სტანდარტი უნდა შექმნას, თუ ის რეალობად იქცა. ასეთი ტიპის შემოთავაზებების დაანონსებას ველი ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ, თუმცა არ ველი, რომ „ოცნება“ წავა რეალურ რეფორმებზე ან მით უფრო, ერისთვის ერთიანი, ნაციონალური იდეის შეთავაზებაზე.
_ რატომ არ ელით?
_ „ოცნებას“ ამის არც რესურსი აქვს და არც _ სურვილი. „ოცნებას“ არ სჭირდება ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოება, რადგან: 1. მას ასეთი მიზანი არ აქვს და 2. დათითოკაცებულ-დეპრესიული ადამიანების მართვა უფრო ეიოლება. ამიტომაც წინასაარჩევნოდ უფრო სოციალურ პროექტებზე იქნება ორიენტირებული, რომელსაც შესაძლოა, მოსყიდვის სუნი აუვიდეს. სამწუხაროდ, არ ველი მთავარს: კორუფციასთან მასობრივი ბრძოლის დაწყებას, რადგან, რასაც ვუყურებ, ისეთი ხალხი მონაწილეობს „ოცნების“ პარტიული აქტივის შეხვედრებში, რომლებზეც მილიონობით გაფლანგვის ფაქტი უდევს აუდიტის დეპარტამენტს და რომელთა საქმიანობასაც სუს-ი იძიებს. ხელისუფლება, როგორც ჩანს, მომავალი საარჩევნო კამპანიის განხორციელებასაც მათი ზურგებით აპირებს, რადგან სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილის მართვას რა უნდა, როცა მის ციხეში გამოსაკეტად უამრავი მასალა გიდევს უჯრაში.
_ თქვენ გჯერათ, რომ გახარია გახდება 2020 წლის არჩევნებისთვის ივანიშვილის წარმატების გასაღები? და უფრო თუ გავშლით თემას, რა განაპირობებს „ოცნების“ ასეთ თვითდაჯერებულობას და რა შეიძლება აღმოჩნდეს მისი აქილევსის ქუსლი?
_ თვითდაჯერებულობას განაპირობებს ოპოზიციის სისუსტე, რასაც დასავლეთიც გრძნობს: იმგვარი ალტერნატიული ლიდერების არარსებობა, რომელთა იმედადაც დასავლეთი გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომ მოქმედებაში მოეყვანა საქართველოსთვის ჩვეული „2 ვადის“ პრინციპი, ანუ მიეღო გადაწყვეტილება საქართველოში ხელისუფლების შეცვლის თაობაზე. რადგან ასეთი ლიდერები და პარტიები არ არიან და ტრამპის ადმინისტრაციის აქტივობაც საქართველოს მიმართ შემცირებულია, „ოცნება“ ფიქრობს, რომ ის შეძლებს ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩენას.
თუმცა ეს თვითდაჯერებულობა აბსოლუტური არ არის და ამას მოწმობს გია ჟორჟოლიანის მხრიდან ორიოდე დღის წინ გაკეთებული ინიციატივა, რომ არჩევნები ჩატარდეს რეგიონულ-პროპორციული სისტემით მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში. არსებობს პროპორციული სისტემის სხვადასხვა ნაირსახეობა, მათ შორის, არის პროპორციული სისტემა რეგიონულ-პროპორციული სიებით, რაც მარტივად რომ ვთქვათ, იმას ნიშნავს, რომ იქნება იმერეთის სია, გურიის, თბილისისა და ა. შ. ეს 150 მანდატი გადანაწილდება რეგიონების მიხედვით დაყოფილ სიებში. ამ შემთხვევაში ეს ყბადაღებული ნულოვანი ბარიერი ზოგიერთ რეგიონში 0.67% კი არ იქნება, როგორც დაანონსდა, არამედ შეიძლება იყოს 10-12% და მეტიც. მაგალითად, დავუშვათ, თბილისს პროპორციული სიით ერგო 20 დეპუტატი და ვთქვათ, ჰყავს მილიონი ამომრჩეველი, მაშინ ბუნებრივი ბარიერით 1 მანდატისთვის საჭირო გამოდის 50 000 ხმა და არა, იგივე _ 15 000. ასეთ პირობებში მომავალ პარლამენტში აღმოჩნდება, მაქსიმუმ, 3 პარტია, რადგან ეს სისტემა საქართველოში პერსპექტივას უსპობს მცირე პარტიებს, თუნდაც, ერთი დეპუტატის გაყვანის. რა თქმა უნდა, ჟორჟოლიანის პირით ხელისუფლება ღაღადებს და თუ საბოლოოდ ეს ვარიანტი გავიდა, „ოცნება“ კვლავ მოვა უმრავლესობით, თავქეიფა ოპოზიცია კი, რომელმაც ჟორჟოლიანის ეს ინიციატივა მდუმარედ ჩაატარა, მორიგ ჯერზე გაუცრუებს ამომრჩეველს იმედს.
_ რადგან ოპოზიცია ახსენეთ, ახლა მათზე შევაჩეროთ ყურადღება. თქვენი შეფასებით, რა ვითარება გვაქვს ამ ფლანგზე და რამდენად მიგაჩნიათ წარმატების ფორმულად საზოგადოებისთვის შეთავაზებული „ყველას მინუს ერთი“?
_ ოპოზიციამ დაკარგა ის პროცენტებიც კი, რომელიც 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ჰქონდა. დღეს, ბოლო გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლის 70%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული არჩევანი არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციისთვის გამოცხადებული უნდობლობაც არის. ოპოზიციის პრობლემა ის გახლავთ, რომ წინ ვერ იხედება, ყველა წარსულ მიღწევებზე აპელირებს, წარსულში კი მათთვის სახარბიელო ბევრი არაფერია, ახალს კი საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობენ. ფორმულა: ერთი ყველას წინააღმდეგ, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვების საწინდარია. რადგან თუ ამომრჩეველში იმედგაცრუება შენარჩუნდა, ხალხი, უბრალოდ, სახლში დარჩება და არჩევნებზე არ მივა. რატომ არ იმუშავებს ეს ფორმულა?! იმიტომ, რომ ვისაც უნდა შეეკრა „ოცნების“ წინააღმდეგ, ანუ იგივე „ნაცებს“, რომლის წევრების ნაწილის რიტორიკა დღესაც ისეთი აგრესიითა სავსე განსხვავებულად მოაზროვნეთა მიმართ, რომ ყოველ ჯერზე გეუფლება მათი მხრიდან შურისძიების მოლოდინი, უფრო მეტი დანაშაულებით არიან ხელისუფლებაში ყოფნისას დაღდასმულნი. ამიტომ, ოპოზიციას სრულიად სხვა სტრატეგია სჭირდება.
ზემოთ „ოცნების“ აქილევსის ქუსლი მკითხეთ. „ოცნების“ აქილევსის ქუსლი ის არის, რომ მას პოლიტიკურ ველში ისეთი პარტნიორები არ ეგულება, რომლებთან ერთადაც კოალიციას შეკრავს მომავალ პარლამენტში: პრორუსულ პარტიებთან კოალიციას ამერიკა არ მიესალმება, ხოლო „ევროპულ საქართველოსთან“ თუ „გირჩთან“ _ „ოცნების“ ამომრჩეველი. ამიტომაც „ოცნება“ იძულებულია, იბრძოლოს პრიცნიპით: ან ყველაფერი ან არაფერი, რაც მას შეცდომებს დააშვებინებს, ავტორიტარიზმისკენ და ხელების გადაგრეხის პოლიტიკისკენ და არჩევნებში აკრძალული მეთოდებით ბრძოლისკენ უბიძგებს და თუ ამ გზაზე ძალიან გადააჭარბებს, მაშინ მართლა შეიძლება ამუშავდეს პრინციპი: ერთი ყველას წინააღმდეგ.
_ ცხადია, რომ ქვეყანაში არ არის მესამე ძალის რესურსი. არ არის ამ ძალისთვის არც მატერიალური და არც ინტელექტუალური რესურსი. პირადად მე სულაც არ მიმაჩნია მესამე ძალად „ლელო“ და მისი ლიდერი. მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ამ ვითარებაში რით უნდა მოხიბლოს ოპოზიცამ ამომრჩეველი? მხოლოდ „ბიძინა უნდა დავამხოთ“ იმუშავებს? ამან ხომ ერთხელ იმუშავა 2012 წელს, როდესაც „ყველა მინუს ერთი“ ფორმულით დაამხეს სააკაშვილი და რაც მივიღეთ ვხედავთ, ანუ ისევ ის. ამიტომ არის საინტერესო, რაზე გაურიგდება და გაჰყვება ამომრჩეველი ოპოზიციის გაცვეთილ სახეებს? მხოლოდ ბიძინას დასამხობად? და ეს თავად აქვს გათვითცნობიერებული ოპოზიციას?
_ დღეს საზოგადოებას სჭირდება ჩირაღდანი პოლიტიკოსი, ლიდერი, ლიდერთა ჯგუფი თუ იდეა, რომელიც სწორედ ჩირაღდანივით გაჭრის ამ მრუმე პოლიტიკურ სივრცეს და ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ მას გამარჯვება შეუძლია, მასზე მინდობა და გაყოლა ღირს. ქართულ პოლიტიკას დღეს კატასტროფულად აკლია: იდეა, მისია, მუხტი და ენერგია და, კიდევ და კიდევ, ენერგია, ანუ, რეალურად, ყველაფერი, რაც პოლიტიკოსსა და პოლიტიკას ქმნის. თუ ოპოზიცია ამას ვერ მიხვდა და თავად არ განიცადა სრული ტრანსფორმაცია, რაც ძალზე სათუოდ მეჩვენება ერთ წელიწადში, მაშინ არჩევნებში ის დამარცხდება.
ისევ და ისევ აუცილებელია ახალი სახეებით და იდეებით პოლიტიკური სივრცის გაჯერება, ოღონდ მუხტის, ენერგეტიკის, მისიის მქონე პოლიტიკოსებით.
რაც შეეხება ხაზარაძეს, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის პოლიტიკურ პარტიას კი არა, აკადემიურ პოლიტიკურ კლუბს აყალიბებს „რესპუბლიკური პარტიის“ მსგავსად. მხარდაჭერაც შესაბამისი ექნება. საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკოსებთან, პარტიასთან ერთიანობის განცდა და არა აკადემიური ტრაქტატები.
თავად ხაზარაძე, როცა მის ყველა გამოჩენას ელვის ეფექტი უნდა ჰქონდეს, რომ გაანათოს და გაჭრას დამყაყებული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სივრცე და აანთოს საზოგადოება, პირიქით, სულ უფრო ეწერება რიგითი პოლიტიკოსების კოჰორტაში: იყო რიგითი მომიტინგე მიტინგზე სხვა კოლეგა პოლიტიკოსებს შორის, სულ უფრო აკადემიური ხდება მისი გამოსვლებისა თუ პრეზენტაციების მანერა და ა. შ. მაინტერესებს, ვინ ჩემი ცოდვით სავსემ ურჩია, რომ პოლიტიკა აკადემიური წერაა?! მოკლედ, მასაც სრული ტრანსფორმაცია მართებს, თუ პოლიტიკაში წარმატების მიღწევა უნდა.
_ ქართული პოლიტიკის წყევლაა პოლიტიკოსების ვიწრო თვალსაწიერი. ამ მხრივ ვერც ამომრჩეველი დაიკვეხნის იმით, რომ გააზრებული ჰქონდეს, რა სურს _ ამორფული პასუხის _ კარგად ცხოვრების გარდა. ამის დასტურია, რომ დღეს გვაქვს სადღეგრძელოებით გაჯერებული კონსტიტუცია, რომლისთვისაც არ ვიბრძოლეთ და კიდევ უარესი _ ამ დღეებში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელმაც „ოცნების“ გუნდში დაპირისპირება გააღრმავა. რას უნდა ველოდოთ ამ პროცესისგან?
_ „ოცნების“ დაშლა შეჩერდა, რადგან იქ დარჩენილთა უმრავლესობას პოლიტიკურ-იმიჯურ-რესურსულად ნულოვანი ღირებულება ან ნულს ქვემოთ ღირებულება აქვს სხვა პოლიტიკური ძალებისთვის, შესაბამისად, წასასვლელიც კი არსად აქვს. მეორე მხრივ, არც „ოცნების“ „პეხოტას“ მიაჩნია სხვა პოლიტიკური ძალები იმ პერსპექტივის მქონედ, რომ მათთან საკუთარი ბედის დაკავშირება ხიბლავდეთ. მორალსა და ღირებულებებზე კი „ოცნების“ დეპუტაციის უმრავლესობა არც არასდროს ყოფილა ორიენტირებული და ხვალაც არ იქნება. მახსენდება „ოცნების“ ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ნათქვამი, რომ 2016 წლის პარლამენტის დეპუტაციის შერჩევისას არავინ დაინტერესებულა მათი ხედვებით ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკისა თუ სხვა ფუნდამენტური საკითხების და ღირებულებების თაობაზე და „უმრავლესობის“ უმრავლესობამ ერთმანეთი ლამის პარლამენტში გაიცნო. თუმცა ახლა ჩვენ იმ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ვისი არც ყოფნა და არც არყოფნა არანაირ კვალს არ დატოვებს ქართულ პოლიტიკაში. მთავარი სხვა რამეა: რამდენად აქვს საქართველოს საზოგადოებას რესურსი, შვას არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში სიცოცხლისუნარიანი და კონკურენტული იდეა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მეორე სუნთქვას გაუხსნის და პროპორციული არჩევნების იდეასაც მორიგ ფიქციად არ აქცევს.

გეგა სილაგავა