მურმან დუმბაძე: „თორნიკე რიჟვაძე მართლა თუ აპირებს „ნაციონალებისგან“ აჭარის გაწმენდას, ეს პროცესი მამისგან უნდა დაიწყოს“

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ღვთისა და ერის წინაშე პირობა დადო, რომ რეგიონს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან გაათავისუფლებს. მის ამ განცხადებას დიდი ვნებათაღელვა მოყვა. პარლამენტის ყოფილი წევრი, მურმან დუმბაძე, მიიჩნევს, რომ რიჟვაძე საკუთარი მამის წინააღმდეგ მიდის.

დაუპირისპირდა თუ არა რიჟვაძე მამას? ვინ დაწინაურდა აჭარაში 2012 წლის პირველი ოქტომბრის მერე? როდის შეიცვალა ბიძინა ივანიშვილი და რატომ ვერ იტანს ის პოლიტიკოსებს? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი, მურმან დუმბაძე ესაუბრება:

_ ბატონო მურმან, თორნიკე რიჟვაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, აჭარა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან გაწმინდოს. რა კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ მის ამ განცხადებაზე?
_ მსგავსი განცხადებები ისეთი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ. თორნიკე რიჟვაძეც არაფერს წარმოადგენს. ის შემთხვევით მოხვდა ამ თანამდებობაზე.
მისი განცხადების კომენტირება არ ღირს, მხოლოდ ერთს ვურჩევ ამ ახალგაზრდა კაცს _ შვილმა საკუთარ მამაზე ხელი არ უნდა აიღოს. არაა ლამაზი, როცა შვილი მამაზე ხელს აღმართავს. თორნიკე რიჟვაძე მართლა თუ აპირებს „ნაციონალებისგან“ აჭარის გაწმენდას, მაშინ ეს პროცესი მამისგან უნდა დაიწყოს.
მამამისი, დავით რიჟვაძე, „ნაციონალების“ დროს ცნობილი იყო, როგორც დამრბევი პოლიციელი. ის სხვადასხვა მიტინგს არბევდა. მან დაარბია 2011 წლის 21 მაისს ბათუმში, აჭარის ტელევიზიის წინ, გამართული აქცია.
ამ კაცმა, ცრუ ჩვენებებით, 7 ადამიანი დააჭერინა სააკაშვილის რეჟიმს. არც სასამართლოზე მოერიდა ცრუ ჩვენების მიცემას. მის მიერ დაკავებულმა ადამიანებმა რამდენიმე თვე სულ ტყუილად გაატარეს საპატიმროში.
_ დავით რიჟვაძის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი იცოდა, მაგრამ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ იგი დააწინაურეს. ამას რით ახსნით?
_ ხელისუფლებაში როცა მოვედით, ვამბობდით, ჯალათებსა და დამრბევ პოლიციელებს არ დავაწინაურებთო, მაგრამ, რატომღაც, ისე მოხდა, რომ თორნიკე რიჟვაძის მამა დააწინაურეს და ის ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი გახდა.
მამის ნამოქმედარის გამო თორნიკე რიჟვაძეს პასუხს არავინ სთხოვს. ასე რომ, მანაც დაანებოს თავი „ნაციონალებზე“ საუბარს და საერთოდ გაჩუმდეს. გაჩუმდეს, რადგანაც ამ ბიჭუნას წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური თანამდებობა. ყველას გთხოვთ, რომ რიჟვაძეს ნუ განიხილავთ, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს.
_ რატომ ნუ განვიხილავთ მას რეგიონის მთავრობის მეთაურად?
_ იმიტომ, რომ ის არის შემთხვევითი ადამიანი და მხოლოდ კენჭისყრის წყალობით მოუწია ამ თანამდებობაზე მოხვედრა.
_ კარგი, რიჟვაძეზე არაფერს გკითხავთ, მაგრამ ის გვითხარით, აჭარაში „ნაციონალები“ ასე სერიოზულად არიან წარმოდგენილი, რომ მათგან რეგიონის გაწმენდა დადგა დღის წესრიგში?
_ აჭარაში „ნაციონალები“ იმდენად ძლიერად არ არიან წარმოდგენილი, რამდენადაც „აღორძინების კავშირი“. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც „ნაციონალებს“ ებრძოდნენ და 2004 წელს ასლან აბაშიძესთან კარგად ითანამშრომლეს. ჩოლოქზე ბარიერები მათი გამოისობით შეიქმნა.
ჩვენ ქართველები ყველაფერს ყოველთვის ერთ კაცს ვაბრალებთ ხოლმე. ასე ვაბრალებდით ყველაფერს შევარდნაძეს, აბაშიძეს, სააკაშვილს. ახლა ყველაფერს ბიძინა ივანიშვილს ვაბრალებთ. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: რაც არ უნდა ავტორიტარული ბუნება ჰქონდეს ადამიანს, მარტო ის ვერაფერს მიაღწევს. მას მიზნის მიღწევაში გარემოცვა უწყობს ხელს.
იმ ხალხმა, ვინც აბაშიძესთან ერთად ჩოლოქზე პრობლემები შექმნა, სააკაშვილთანაც შეეცადა სიტუაციის დალაგებას, მაგრამ მიშამ ისინი არ იერთგულა. სამაგიეროდ, ისინი კარგად მიიღო „ქართულმა ოცნებამ“.
მე შემიძლია გვარებიც დაგისახელოთ, დავასახელებ კიდევაც. არ მიყვარს, როცა პოლიტიკოსები საჯარო განცხადებებს აკეთებენ და გვარების დასახელებას ერიდებიან. მაგალითად ავიღოთ ბადრი ნაკაშიძე, ის იყო საქართველოს პარლამენტისა და „აღორძინებს კავშირის“ წევრი და 2004 წლის 6 მაისამდე ასლან აბაშიძეს ერთგულობდა.
2004 წლის მაისში, როცა აბაშიძე რევოლუციის გზით ჩამოაცილეს ხელისუფლებას, ბადრი ნაკაშიძე მოსკოვში წავიდა.
_ ასლან აბაშიძეს გაჰყვა ემიგრაციაში?
_ აბაშიძეს არ გაჰყოლია. მან მიიჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლა გაუჭირდებოდა, მას კი კომფორტში სურდა ცხოვრება და ამიტომ წავიდა. 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე ის საქართველოში არ ჩამოსულა. დღეს ამ ადამიანს აჭარაში განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკავია.
ახლავე მოგახსენებთ, თუ რატომ გავამახვილე ასეთი ყურადღება ამ ადამიანზე. რამდენიმე კვირის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილი მეუღლესთან ერთად ბათუმში იყო ჩამოსული. შვილმოკლული მშობლები მთელ საქართველოში აგროვებენ ხელმოწერებს, რათა პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს შეისწავლის.
ბატონ მალხაზსა და მის მეუღლეს სპეციალური ბანერი და მაგიდა დავუდგით, იქ ადამიანები მიდიოდნენ და მოთხოვნაზე აწერდნენ ხელს. იმ ტერიტორიაზე მოუწია გავლა ბადრი ნაკაშიძეს. მან როგორც კი ბანერი და მაჩალიკაშვილი დაინახა, მიბრუნდა და უკან გაიქცა.
დარწმუნებული ვარ, რომ გულში ის მაჩალიკაშვილებს თანაუგრძნობს, მაგრამ ამის ხმამაღლა გამხელას ვერ ბედავს. შესაძლოა, მას ყველაზე მეტად სურდა, ხელი მოეწერა მოთხოვნაზე, რომ პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი კომისია შეიქმნას.
_ შეიძლება უნდოდა, მაგრამ ეს რომ გაეკეთებინა, მას თანამდებობას დაატოვებინებენ.
_ მეც სწორედ მანდ ვარ. ამ ადამიანმა სიმართლის მხარეს დადგომას კომფორტში ყოფნა არჩია. ბადრი ნაკაშიძის მსგავსი ადამიანები მუდმივად კომფორტულ მდგომარეობას ეძებენ.
ჩვენ ბიძინა ივანიშვილს კი არ უნდა ვებრძოლოთ მარტო, არამედ კოლექტიურ ბადრი ნაკაშიძეებს უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა; უნდა ვებრძოლოთ კოლექტიურ ლადო კახაძეებს.
ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდითაც მრავლად არიან, რომლებიც ყველა ხელისუფლებას ერგებიან და მუდმივად კომფორტს ეძებენ. მათაც უნდა გამოვუცხადოთ ბრძოლა.
როგორც უკვე გითხარით, ვერც ერთი მმართველი ვერ მიაღწევს თავისას, თუ მას გარემოცვა არ ჰყავს. ადამიანები, რომლებიც ყველა ხელისუფლებასთან საერთო ენას პოულობენ, ქვეყნის მუხრუჭს წარმოადგენენ.
არ ვამბობ, რომ ასეთი ხალხი უნდა მოიკვეთოს. ბევრი მათგანი თავისი საქმის შესანიშნავი სპეციალისტია. აკეთონ თავისი საქმე, მაგრამ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობები მათ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკავონ.
_ თქვენ ახსენეთ ადამიანები, რომლებიც სულ ხელისუფლებასთან არიან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც სულ ოპოზიციაში ვხედავთ. ასეთების კატეგორიას განეკუთვნებით თქვენ. ეს ნორმალურია?
_ მადლობა ღმერთს, რომ ოპოზიციაში ვარ და კომფორტს არ ვეძებ. დამჯერი რომ ვყოფილიყავი, დღესაც საქართველოს პარლამენტის წევრი ვიქნებოდი. ძალიან მარტივია ივანიშვილის პირობებში პარლამენტის წევრობა.
მართლა მადლობა ღმერთს, რომ უმრავლესობის წევრი არ ვარ. იქ რომ ვყოფილიყავი, თვალთხარია გახარიას გაპრემიერებისთვის უნდა დამეჭირა მხარი და ამის გამო გული გამისკდებოდა.
მართლა არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ კიდევ მხარს უჭერენ „ქართულ ოცნებას“. ეს იყო საშინელი ძალადობა, რომლის პატიებაც არ შეიძლება.
_ „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, ამბობს, რომ ისინი სულაც არ არიან მოძალადეები. მედიასთან საუბარში ამაყად განაცხადა, „ოცნების“ სტილი სითბო და სათნოებააო.
_ მტრის მიმართ ნამდვილად იჩენენ სითბოსა და სათნოებას. დარწმუნებული ვარ, რომ გია ვოლსკისა და „ოცნების“ ბევრ წევრს არც კი სმენია გიორგი ანწუხელიძეზე. ანწუხელიძე ქართული დროშის ფეხქვეშ გათელვას რომ დათანხმებოდა, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა.
ეს ანწუხელიძემაც იცოდა, შეეძლო გადაერჩინა თავი, მაგრამ არ გააკეთა. არ გააკეთა იმიტომ, რომ დროშის გათელვით საქართველოს მოკლავდა. ქვეყნის სიკვდილს კი საკუთარი სიკვდილი ამჯობინა. თან სიკვდილსაც ხომ გააჩნია _ საშინელი წამებით მოკლეს ეს ბიჭი.
საბედნიეროდ, საქართველოს გიორგი ანწუხელიძის გარდა სხვა გმირებიც ჰყავს და ამიტომაც მოაღწია დღემდე ამ ქვეყანამ.
_ სამწუხაროა, რომ ანწუხელიძე და სხვა გმირები მიწაში წვანან. მათი სისხლით გაჟღენთილ მიწაზე კი მოღალატეები თავისუფლად დადიან და „გავრილოვის ღამეებს“ აწყობენ.
_ ანწუხელიძე და სხვა გმირები მიწაში კი წვანან, მაგრამ ისინი მარადიულობას შემორჩნენ. „ოცნების“ დეპუტატების დიდი ნაწილი კი პარლამენტიდან წასვლის შემდეგ არაფრის მაქნისი აღარ იქნება. მათ შორის არც გია ვოლსკი, რომელიც ამტკიცებს, რომ „ოცნების“ სტილი სათნოებააო.
ვოლსკიზე ვსაუბრობ და მინდა, თქვენი გაზეთის მკითხველს შევახსენო, რომ 2004-2006 წლებში ის მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრი იყო.
_ გოგა ხაინდრავას მოადგილედ იჯდა.
_ მინისტრის მოადგილე გახლდათ და მე არ მახსენდება, რომ მას ოდესმე კრიტიკული განცხადება გაეკეთებინოს. ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ ის სააკაშვილს „ეჭიდავა“. ეს „ჭიდაობა“ მას შემდეგ გაააქტიურა, რაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში.
სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ, ბევრისგან განსხვავებით, ვოლსკი „ოცნებაში“ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ არ მისულა. მან, ასე თუ ისე, იბრძოლა „ნაციონალების“ წინააღმდეგ.
_ „ოცნებას“ ბევრი 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეუერთდა. მმართველი პარტიის დღევანდელი საპარლამენტო გუნდი იმ ხალხით არის დაკომპლექტებული, რომელიც „ოცნებასთან“ 2016 წელს მივიდა.
_ ამ ადამიანებს, რატომღაც, ახალ სახეებს ეძახიან. ჩემთვის არც ირაკლი კობახიძეა ახალი სახე, არც სოფო კილაძე, არც არჩილ თალაკვაძე და არც მამუკა მდინარაძე.
ახალ სახეებს არც გუნდისთვის და არც ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ მოაქვს. რატომ არის მისაღები თანამდებობებზე იმ ადამიანების დანიშვა, ვისი სახელიცა და გვარიც საქართველოს მოქალაქეებს არ გაუგიათ? ხელისუფლებაში ახალი სახეების მიყვანა კი არ არის მთავარი, მთავარი ისეთი ხალხის მიყვანაა, ვინც თანამედროვედ აზროვნებს.
ადამიანი თუ მოდერნისტი არ არის, ის ვერაფერს გააკეთებს. მოდერნისტები ჰაერივით სჭირდება პოლიტიკას. ივანიშვილს კი პოლიტიკოსები საშინლად სძულს. თუმცა როცა დასჭირდა, პოლიტიკოსები შემოიკრიბა. ისეთი პოლიტიკოსები შემოიკრიბა, რომლებიც უკანონობას არ ეგუებიან და შედეგიც დაიდო.
მათთვის რომ მოესმინა, დღეს საქართველოს საქმე კარგად იქნებოდა. სამწუხაროდ, 2012 წლის 2 ოქტომბერს ჩვენ სრულიად სხვა ბიძინა ივანიშვილი მივიღეთ.
_ რას ნიშნავს, სხვა ივანიშვილი მიიღეთ?
_ 2 ოქტომბერს ჩვენ ისეთი ივანიშვილი მივიღეთ, როგორიც ის დღეს არის.
_ იქნებ, არ შეცვლილა, ასეთი იყო და მანამდე თამაშობდა?
_ ახლა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ის მართლაც თამაშობდა.
_ მაშინ ვერავინ ხვდებოდა, რომ ეს ადამიანი თამაშობდა?
_ მაშინ ადამიანზე დაკვირვების დრო არ გვქონდა. გაიხსენეთ, რა პერიოდი იყო. მაშინ მხოლოდ ერთი ამოცანა არსებობდა _ რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო. ივანიშვილთან ერთად ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. ჩვენ მაშინ მიხეილ სააკაშვილის სიძულვილმა გაგვაერთიანა.
სიმართლის თქმა მიყვარს და ერთსაც ვიტყვი: სააკაშვილი რომ არ გაჯიუტებულიყო, ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ვერ მოიგებდა არჩევნებს.
_ გაჯიუტებაში რას გულისხმობთ?
_ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ პროპორციული წესით ჩაეტარებინა და საკანონმდებლო ორგანოში მედასავლეთე ოპოზიცია შეეშვა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.
არც მილიარდერი შემოვიდოდა 2011 წელს პოლიტიკაში და რომც შემოსულიყო, ოპოზიცია მის გარშემო არ გაერთიანდებოდა.
სააკაშვილმა მაშინ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ოპოზიცია კუთხეში მიიმწყვდია. კუთხეში მიმწყვდეულ ოპოზიციას მხსნელად ივანიშვილი გამოუჩნდა და მის გვერდით დავდექით. სხვა გამოსავალი მაშინ, უბრალოდ, არ გვქონდა.
2012 წელს მან კარგი გუნდი შეკრიბა, მაგრამ მერე ნელ-ნელა ყველა მოიშორა. პირველი ვიყავი მე, მერე „თავისუფალი დემოკრატები“, მერე რესპუბლიკელები და „ეროვნული ფორუმი“.
_ რატომ მოგიშორათ ის ხალხი, ვისთან ერთადაც ამხელა გამარჯვებას მიაღწია?
_ როგორც ზემოთ უკვე გითხარით, მას პოლიტიკოსები სძულს. ჩვენ კი ყველანი პოლიტიკოსები ვიყავით.
_ მას შემთხვევით „ოცნებაც“ ხომ არ სძულს? ისეთი ხალხი შეიყვანა, თუ პარტია გიყვარს, ასეთი ადამიანებით რატომ უნდა დააკომპლექტო, გაუგებარია.
_ „ოცნება“ არ სძულს, მაგრამ სძულს ამ გუნდის ის წევრები, ვისაც ადეკვატურად შეუძლია მოვლენების შეფასება. მაგალითად, ივანიშვილს სძულს ლევან გოგიჩაიშვილი.
ის დღეს აღარ არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაგრამ როცა იქ იყო, მაშინაც დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდა, რაც ივანიშვილს არ მოეწონებოდა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ „ოცნების“ ლიდერს პოლიტიკოსები სძულს. მას გუნდში მხოლოდ ისეთი ადამიანები უნდა, ვინც მის ნებას ბრმად აღასრულებს.
მმართველი პარტია, ფაქტობრივად, გაწმინდა პოლიტიკოსებისგან და ამიტომაც მიიღო ის შედეგი, რაც ახლა აქვს. მთავარი შედეგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაიდება.
_ 2020 წლის არჩევნებისთვის „ოცნება“ იმედიანად არის განწყობილი _ სჯერა, რომ მესამე ვადით მოვა ხელისუფლებაში.
_ მაჟორიტარული სისტემა რომ დარჩენილიყო, „ოცნებას“ ხელისუფლების შენარჩუნების შანსები ჰქონდა, მაგრამ ახლა ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება. ამიტომაც არ თანხმდებოდნენ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.
_ ხელისუფლებაში მოსვლამდე პირობას დებდნენ, რომ არჩევნები პროპორციული წესით უკვე 2016 წელს ჩატარდებოდა.
_ მაგას მაშინ ამბობდნენ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. მერე არათუ 2016 წელს, 2020 წელსაც კი არ აპირებდნენ მაჟორიტარულის დათმობას. 20-21 ივნისის სისხლიანმა ღამემ ბევრი რამე შეცვალა ამ ქვეყანაში და ხელისუფლებაც იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო. ისინი იძულების წესით დასთანხმდნენ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას.
ივანიშვილს ნუღარ ექნება იმის იმედი, რომ ხალხი არჩევნების გაყალბებას შეეგუება. 2003 წელს საქართველოში უარესი მდგომარეობა იყო, მაგრამ მაშინ საზოგადოება გარეთ გამოვიდა და ის ხელისუფლება გარეკა, რომელმაც მას არჩევანი მოჰპარა.
მიხეილ სააკაშვილს თუ ვინმე ებრძოდა, ერთ-ერთი მოწინავე მე ვიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლე არ ვთქვა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველო განვითარების გზას დაადგა. არ გახსოვთ, როგორი იყო 2003 წლამდე საქართველო? _ ჩაბნელებული და გაყინული. ადამიანები თვეობით ვერ იღებდნენ ხელფასებსა და პენსიებს.
2003 წლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა და საქართველომ განვითარება დაიწყო. მართალია, ჩვენ გვერდით ბევრია კომფორტის მაძიებელი, მაგრამ საზოგადოებაც შეიცვალა. ჩვენს ხალხს არ მოსწონს კრიმინალის თარეში, კორუფცია.
_ ასევე არ მოგვწონს, როცა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჯდება.
_ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თავისუფლება გვინდა. ჩვენ ასევე ისეთი ქვეყანა გვინდა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. 2004-2012 წლებში საქართველოზე ყველა ლაპარაკობდა. მაშინდელი ხელისუფლება საგარეო ფრონტზე ძალიან აქტიურობდა.
_ ახლა საქართველოს, ფაქტობრივად, არავინ ახსენებს.
_ იმიტომ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ასეთი პოლიტიკა აქვს. საგარეო ფრონტზე აქტიურობასა და ყურადღების ცენტრში ყოფნას ბევრი კარგი რამ მოაქვს. მაგალითად, 2007 წელს საქართველოში 2 მილიარდის ინვესტიცია შემოვიდა.
„ოცნება“ სერიოზული დაპირებებით მოვიდა, მაგრამ არცერთი დაპირება არ შეასრულა. ბიუჯეტიც კი ვერ გაზარდა. რა დღეშია ლარი, ყველა ხედავს. არც ინვესტიციები შემოდის, არ იქმნება სამუშაო ადგილები, ხალხი ნიჰილიზმშია. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
2012 წლის მერე საქართველომ, ერთი შეხედვით, პერსპექტივა დაკარგა. ამის მიუხედავად, არ ვნანობ იმას, რაც მაშინ მოხდა. 2012 წლის პირველი ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში მაინც მნიშვნელოვან თარიღად დარჩება.
მნიშვნელოვან თარიღად დარჩება იმიტომ, რომ იმ დღეს პირველად მოხდა, როცა საქართველოს მოსახლეობამ ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვალა. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად აღიარა დამარცხება და გამარჯვებულს გამარჯვება მიულოცა. დროა, რომ ივანიშვილიც მოემზადოს დამარცხების აღიარებისთვის.
_ აღიარებს ივანიშვილი დამარცხებას?
_ მოუწევს. ის არჩევნებს ვეღარ გააყალბებს.
_ და თუ მაინც გააყალბა?
_ მაშინ რევოლუციას მიიღებს. 2003 წელი განმეორდება. მაშინაც არავინ ელოდა რევოლუციას.
_ თქვენი აზრით, წავა ივანიშვილი გაყალბებაზე?
_ მან ისეთი ადამიანები დააწინაურა მთავრობაში, რომლებიც ხალხსა და ოპოზიციას უხეშად ელაპარაკებიან. ასეთი ადამიანები მას დათვურ სამსახურს გაუწევენ და შედეგიც არ დააყოვნებს.
მე აღარ მინდა რევოლუცია და იმედი მაქვს, რომ საქართველოში ხელისუფლება კვლავ არჩევნების გზით შეიცვლება.

შორენა მარსაგიშვილი