ნინო ჩხობაძე: „სანამ დასკვნები არ გვექნება, ვერ ვიტყვი, რომ „ლოპოტა 1“ არ უნდა აშენდეს!“

რამდენიმე დღეა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა 5.9 მეგავატი სიმძლავრის „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესი უკანონოდ შენდება, თუმცა ინვესტორი, შპს „ართანა ლოპოტა“, აცხადებს, რომ პროექტის განხორციელების ნებართვა კანონიერად აქვს მიღებული და არსებულ პროტესტს კერძო ინვესტორზე თავდასხმად მიიჩნევს.

„სამშენებლო ნებართვა გაიცემა კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, სხვადასხვა ინსტანციის შეთანხმებების საფუძველზე, მათ შორის აღსანიშნავია თელავის მუნიციპალიტეტის თანხმობა (N691 და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბრძანება N2-535). ყველა სხვა სამსახურიდან (სატყეო დეპარტამენტი, ნაპირდაცვა, ინფრასტრუქტურა, ძეგლების დაცვა და ა. შ.) გვაქვს შესაბამისი და აუცილებელი თანხმობები. სამშენებლო ობიექტის დერეფანში განლაგებული ტერიტორია აღნაგობით (ხანგრძლივი იჯარა) გადაცემულია კომპანიაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულება N527-ის საფუძველზე“, – აცხადებს ჰესის მშენებელი კომპანია.
ამასთან, კომპანიაში განმარტავენ, რომ ნებართვების გასაჩივრებისთვის დადგენილი ერთწლიანი ვადა უკვე ამოწურულია:
„საჯაროდ ვაცხადებთ, რომ პროექტის განხორციელების დაწყების ან შემდგომ პერიოდში ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ წინააღმდეგობა კომპანიის მიერ აღქმული იქნება, როგორც კანონდარღვევა და მსგავსი ქმედება ჩაითვლება, როგორც კერძო ინვესტორზე თავდასხმა.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია მიმართავს მოქალაქეებს, დაემორჩილონ კანონს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ შესაბამის ზომებს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით და მოვითხოვთ ფინანსურ კომპენსაციას“.
უნდა აშენდეს თუ არა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლოპოტაში 5.9-მეგავატიანი ჰესი? _ ამ კითხვაზე მკვეთრად უარყოფითი ან მკვეთრად დადებითი პასუხი არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა _ დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძეს, რომელიც ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი უნდა შეისწავლოს და დასკვნას მხოლოდ ამის შემდეგ დადებს:

_ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა, რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავს და სოფლიდან 3 კილომეტრის დაშორებით „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ქალბატონო ნინო, პროექტს თუ იცნობთ და, საერთოდ, ამასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?
_ სოფლიდან მთლად მოშორებით არ არის. ჩვენ გარემოს დაცვითი ნებართვა ვნახეთ, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბევრი პირობა მკაფიოდ უწერია, რაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში არ ჩანს.
_ „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კონკრეტულად, რა მოთხოვნები აქვს?
_ მაგალითად, ერთ-ერთი მოთხოვნა დამატებითი შესწავლაა, რადგან ეს ღვარცოფსაშიში მდინარეა, ასევე მეწყრული უბნები და, შესაბამისად, რისკებიც მითითებულია. მოკლედ, ყველაფერ ამაზე სამინისტრო კომპანიას გეგმას, ანუ დამატებით შესწავლას სთხოვს და ეს, ანგარიშების სახით, გარემოს დაცვის სამინისტროში უნდა იყოს წარდგენილი.
სხვათა შორის, გვინდოდა, რომ გარემოს ზემოქმედებაზე ე. წ. დამოუკიდებელი შეფასება გაგვეკეთებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ის დოკუმენტი, რომელსაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი ჰქვია, საკმარისი არ არის. ამიტომ სამინისტროს ვთხოვეთ, რომ ეს დოკუმენტაცია წარმოგვიდგინოს.
_ ეს საჯარო ინფორმაციაა?
_ დიახ. ამ დოკუმენტაციის გამოთხოვიდან ათი დღე უკვე გასულია, მაგრამ, ჯერჯერობით, სამინისტროდან პასუხი არ ჩანს. მოკლედ, ჩვენ პასუხები არ გვაქვს, ანუ იმაზე, რა დამატებით შეფასებები მოსთხოვა ჰესის მშენებელ კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ჩვენ, ჯერჯერობით, არ მიგვიღია, ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებელი შეფასება გავაკეთოთ. თვითონ მოსახლეობამ გარკვეული დოკუმენტაცია გამოგვიგზავნა.
_ და ეს რა დოკუმენტაციაა?
_ მიმოწერა ინვესტორს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის. მართალია, ეს მიმოწერა დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ვაპირებთ, რომ მაინც დეტალურად განვიხილოთ.
მოკლედ, სამინისტროს მკაფიოდ უწერია, რომ მშენებლობის დაწყებამდე რისკები უნდა ყოფილიყო შეფასებული, ასევე დამატებითი გეოლოგიური კვლევებიც უნდა ჩატარებულიყო და წყლის ხარჯიც დამატებით შესწავლილიყო, ანუ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტებისთვისაც აღმოჩნდა, რომ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი არასაკმარისი იყო.
_ ე. ი. კომპანიამ გარკვეული ვალდებულებები არ შეასრულა და მშენებლობა ისე დაიწყო?
_ ყოველ შემთხვევაში, ჩვენამდე ის ინფორმაცია არ მოსულა, რომ მან რამე გააკეთა.
_ ქალბატონო ნინო, ამ ეტაპზე თქვენი რეკომენდაცია როგორია, ჰესი უნდა აშენდეს?
_ სანამ ეს დოკუმენტები შესწავლილი არ იქნება და შემდეგ დამატებითი კვლევები არ ჩატარდება, არავითარ შემთხვევაში! როგორც გითხარით, იქ მეწყრული უბნებია და ასეთი სახის ჩარევა, პრინციპში, ამ ხეობის დაღუპვა იქნება! საერთოდ, ხეობა უნიკალურია _ ძალიან დიდი ბიომრავალფეროვნებაა წარმოდგენილი და მე რომ მკითხოთ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ეს დაცული ლანდშაფტი უნდა იყოს!
_ ანუ ჰესის მშენებლობაზე ნებართვა თავიდანვე არ უნდა გაცემულიყო?
_ ეს ამბავი, როგორც ვიცი, 2016 წელს დაიწყო და მოსახლეობა ჰესის მშენებლობას პირველი დღიდან აპროტესტებს. თავიდან თითქოს სხვა პროექტი იყო, ახლა კი სხვა პროექტია, მაგრამ იცით, რა ხდება? _ ამხელა პოტენციალის დაკარგვა იგივე ტურიზმისა და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, 4 თუ 5 მეგავატამდე ჰესისთვის, მგონი, არ ღირს!
_ შეიძლება, მაგრამ მცირე ჰესები გარემოზე დამანგრეველ ზეგავლენას ხომ არ ახდენს?
_ რას ბრძანებთ! ასე მსჯელობა არ შეიძლება! ჩვენი ხეობები ძალიან პატარა და უნიკალურია.
_ ეს რა შუაშია?
_ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა _ დედამიწის მეგობრები“ მუდმივად ვუსვამთ ხაზს, რომ საქართველოს პირობებში მარტო დიდი კი არა, უმეტეს შემთხვევაში, პატარა ჰესების მშენებლობაც არ შეიძლება.
_ სხვათა შორის, როგორც ვიცი, იულონ გაგოშიძის დასკვნა არსებობს, რომლის თანახმადაც, „ლოპოტა 1-ის“ აშენება, არქეოლოგიური თვალსაზრისით, საშიში არ არის.
_ არქეოლოგებს შეიძლება, თავიანთი შეფასება და მოსაზრება ჰქონდეთ, მაგრამ არქეოლოგია და გარემოს დაცვა განსხვავებული რამეა.
_ ვთქვათ, ინვესტორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამატებითი მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოს, თქვენ კი უარყოფითი დასკვნა დაწეროთ, ასეთ შემთხვევაში პროცესი ჩიხში შევა?
_ არ მგონია. წინასწარ ვერ ვიტყვი, ჩვენი დასკვნა როგორი იქნება. ამ ეტაპზე ჩვენ იმ დასკვნით ვხელმძღვანელობთ, რომელიც სამინისტრომ დადო, ამიტომ ჩვენ გვაინტერესებს, დამატებითი სამუშაოები შესრულდა თუ არა.
_ ინვესტორმა სამინისტროს ყველა რეკომენდაცია რომ შეასრულოს, ჰესი აშენდება?
_ იმ შემთხვევაში, თუ ყველა პირობა დაკმაყოფილდება და ტექნიკური გადაწყვეტა ისეა შესაძლებელი, რომ ბუნებას ნაკლები ზიანი მიადგეს, მშენებლობა, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს არ უნდა იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება და ჰესის მშენებლობაზე მოსახლეობის თანხმობაც უნდა არსებობდეს.
_ ისე, ქალბატონო ნინო, მოსახლეობას პირადად თუ შეხვდით?
_ ამ ხეობაში, ცხადია, ნამყოფი ვარ, მაგრამ ამ თემაზე მოსახლეობას ჩემი წარმომადგენლები შეხვდნენ.
_ ე. ი., თუ ინვესტორის მხრიდან ყველა პირობა არ დაკმაყოფილდა, ლოპოტის ხეობაში შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფის კერა მივიღოთ?
_ რასაკვირველია, თუ არასწორად ვიმოქმედებთ.
_ რომ დამიკონკრეტოთ, სწორი მოქმედება რა არის?
_ სწორი დასკვნების დადება, ყველაფრის შეფასება და რისკების დათვლა.
_ მოკლედ, თქვენი რეკომენდაციაა, რომ ეს მცირე ჰესი არ აშენდეს?
_ არა, ამას წინასწარ ვერ ვიტყვი. შეიძლება, ვინმემ ასე უპირობოდ თქვას, ჰესის აშენება შეიძლება თუ არა, მაგრამ ჩვენი ორგანიზაციის ავტორიტეტიდან გამომდინარე, სანამ დასკვნები არ გვექნება, ვერაფერს ვიტყვით

„ქრონიკა+“ კომენტარისთვის „ართანა ლოპოტას“ დირექტორს ბიძინა იმნაძეს დაუკავშირდა:
_ „ლოპოტა 1“ ჰესის პროექტი, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში მზადდებოდა და ამ სამუშაოს ფარგლებში ჩატარდა დეტალური ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, ტოპოგრაფიულ, არქეოლოგიური, გარემოს დაცვითი და სხვა კვლევები.
ჩატარდა სამუშაო სოფელ ლაფანყურის მოსახლეობასთან და მათი თხოვნის გათვალისწინებით საპროექტო ჰესის პარამეტრები შეიცვალა, ჰესი 2.5 კილომეტრის მანძილზეა გადატანილი სოფლიდან და პროექტი სოფელზე არანაირ გავლენას არ ახდენს. სოფელთან ჩატარებული მუშაობის შედეგად ასევე შედგა სოფელთან სოციალური თანამშრომლობის პროგრამაც. ამ დღეებშიც მიმდინარეობს სოფელთან დამატებითი მუშაობა, რათა გავარკვიოთ მათი განახლებული უკმაყოფილების მიზეზები.
ნებართვების გაცემის პროცესში კომპანიამ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო სტრუქტურების ყველა მოთხოვნა, უპასუხა დამატებით დასმულ კითხვებს და ყველა მოთხოვნილი დამატებითი კვლევა ჩაატარა. რა თქმა უნდა, ნებართვების გაცემის პროცესი, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას აქცევს პროექტის განხორციელების რისკებს, შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ ამ პროცესის დროს აქცენტი გადატანილია რისკებზე და შემარბილებელ ღონისძიებებზე, რაც ასევე ასახულია „ლოპოტა 1“ ჰესის მშენებლობის ნებართვებსა და მის შესრულების პირობებში.
ჩვენ არ ვიცით, რა მიზნებს ემსახურება ქალბატონი ნინოს ინტერესი ამ პროექტში და მის მიერ გარემოზე ზეგავლენის შეფასების დამოუკიდებელი შეფასება. ნებართვები გაცემულია 2018 წელს, მათი გასაჩივრების ვადები დიდი ხანია გასულია და მათზე არც ერთი საჩივარი არ მოსულა.
ჩვენი მოსაზრებით, უფრო კონსტრუქციული იქნებოდა ქალბატონი ნინოს ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული კერძო პირის ან ორგანიზაციის ჩართვა პროექტში მისი მომზადების სტადიაზე, მაგალითად შარშან გამოცხადებულ და ჩატარებულ საჯარო განხილვებში მონაწილეობის სახით, ვიდრე ახლა, როცა პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე ქალბატონი ნინოს მომზადებულ დასკვნებსა და შენიშვნებს არანაირი გავლენა არ ექნება პროექტის განხორცილებაზე, როგორც ამას თვითონვე აღნიშნავს ინტერვიუში. ასევე პროექტთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში ბუნებრივი იქნებოდა, მას კომპანიისთვის მიემართა კითხვებით. ჩვენთან კითხვებით არავინ შემოსულა.
როგორც თავად აღნიშნავს, ქალბატონი ნინო პროექტს არ იცნობს, მისი შენიშვნები არ ასახავს პროექტის რეალობას, ხოლო ამ შენიშვნების ზოგადი სახიდან გამომდინარე მათზე პასუხის გაცემაც შეუძლებელია. თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ რამდენიმე შენიშვნის ალოგიკურობას: მაგალითად, მეწყრულ ზონაში მშენებლობა ან აშენებული ჰესის დანგრევა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მოგვიტანს ზარალს და ამიტომ ცხადია, პროექტი ისეა მორგებული გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ თუ ტოპოგრაფიულ პირობებს, რომ მათი პროექტზე და, შესაბამისად გარემოზე, უარყოფითი გავლენა თავიდან იყოს აცილებული.

გიორგი აბაშიძე