ყეინიშვილების გვაროვნული წყობილება „წითელ ჯვარში“

ნანა ყეინიშვილი ხომ გახსოვთ? აი, პარლამენტარი რომ იყო, მანამდე კი „წითელი ჯვარი“ ებარა. ჰოდა, ახლა იმ „წითელი ჯვრის“ პრეზიდენტი მისი ქალიშვილია, ნანა ყეინიშვილის და თამარი კი ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, ხოლო ყეინიშვილების დეიდაშვილი, გელა სამხარაული, ახმეტის საკრებულოს წევრია…

ისე, მე „წითელი ჯვარი“ კახეთში მედიკო მეზვრიშვილთან ერთად მახსოვს. მას მერე ისიც კი არ ვიცი, აქვთ თუ არა ოფისი ან საერთოდ თუ არსებობენ ჩემს სახელმწიფოში… მაგრამ აშკრად რელსებს ავცდენილვარ, რადგან ჩემმა რესპონდენტმა ჩემსავით მივიწყებული, მკვდრეთით აღმდგარი წითელი ჯვარი ახმეტაში გააქტიურებული იპოვა.

„ქრონიკა+“ გაგაცნობთ ხელოვანის, ახმეტის მკვიდრ დემეტრე ვარდოშვილის გახსნილ საქმეს და დღეიდან უკვე ნაცნობ დეტალებს:

_ „წითელი ჯვარი“, რომელიც ადრე გარდაცვლილი იყო, განსაკუთრებით კახეთისთვის, ახლა გააქტიურდა.
წითელ კანტორას ვეძახი, რომელიც ათეული წელია, პრივატიზებულია. ჩაფიქრებულია, რომ მემკვიდრეობითი მმართველი _ ნანა ყეინიშვილის შვილი, რომელიც დღეს მართავს „წითელ ჯვარს“, საპარლამენტო სიის გამსვლელ რიგში შეიყვანონ.
ყუთების დარიგება დაიწყეს და საკრებულოსა და მერიების თანამშრომლები უფრო მეტია ყუთების დარიგებაზე, ვიდრე ბენეფიციარები.
_ შერჩევით არიგებენ?
_ ახმეტის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის კედელზე სურათებსა და ვიდეოებს ნახავთ. ეგ ნაკლებად მნიშვნელოვანია, როგორი პრინციპით არიგებენ, მიზეზი აქვთ სტიქიით დაზარალებულები, მაგრამ ძირითადი მიზეზია, მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა დაარწმუნონ, რომ ავტორიტეტი აქვთ და კახეთიდან ხმებს წაიღებენ.
_ ე. ი. მიზანმიმართულად ემზადებიან საპარლამენტო არჩევნებისთვის?
_ კი, მიზანმიმართულად, არადა, ამ კლანის მიმართ ისეთი ძლიერი ზიზღია საქართველოში და კერძოდ ახმეტაში, რომ აშკარად წაგების ტოლფასი იქნება.
მისასალმებელია, რომ „წითელმა ჯვარმა“ გამოიღვიძა! მას საკმაოდ დიდხანს ეძინა ხალხისთვის! აქ საუბარია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების სიმრავლეზე და სიუხვეზე! მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობას წყლის პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელი აქვს, მუნიციპალიტეტში, სადაც კერძო კომპანიები მოსახლეობას აყაჩაღებენ კომუნალური გადასახადებით დაუსაბუთებლად და ეს დღესაც გრძელდება (მაგალითად: მოქალაქე სპარტაკ შაშიაშვილს გასული წლის დენის მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლის 65 ლარის გადასახადი მიუვიდა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მრიცხველი დალუქული იყო!).
რამდენიმედღიანი უწყლობის დროს მოსახლეობის 0,00000001%-ს რომ დაურიგეს წყალი, მხოლოდ სურათები გადაეღოთ! სხვა უამრავი პრობლემის ფონზე მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ყუთების დარიგების სპექტაკლის ყურებით და შემდეგ თავიანთი ფოტოების პიარით არ უნდა იყოს დაკავებული!
მერიას განმარტებას სთხოვ და ჩვენ არ გვეკითხებიანო. საკრებულოს შეეკითხები და ჩვენ არ გვეკითხებიანო! ერთი უთხრით, რას ეკითხებიან, _ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ყუთების დარიგების ცერემონიალის საჯაროდ მოწყობას და ლენტების გაჭრას?
უამრავი მასალა მზადდება ახმეტის მუნიციპალიტეტში არსებულ მანკიერ ქმედებებზე! ახმეტაში სულ მალე ობიექტური გაზეთი გამოვა! საქართველოს ხელისუფლებასა და მთავრობას მასალა გაეგზავნება ახმეტის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მიერ უკანონო მშენებლობებისა და სახელმწიფო გზების მითვისების დაკანონებაზე მერიის შესაბამისი სამსახურის მხრიდან!
მერია უმოქმედოა, როდესაც ასობით თანამშრომელი დღეში 1 საათი და თვეში 20 საათი ანაზღაურების გარეშე მუშაობს! მერის მოადგილე უკანონოდ ერევა მერიის სამსახურების თანამშრომელთა დასჯის პროცესში და ქმედებას ვერ ასაბუთებს!
სამსახურებში არასპეციალისტებს ანგარებით ნიშნავენ გამოგონილ და არაფრისმომტან თანამდებობებზე, ბიუჯეტი იფლანგება ახლობლებისა და ნათესავების საამებლად!
_ ეს ამბავი გაზეთ „ბახტრიონისგან“ გაიგეთ? „წითელი ჯვრის“ აქტივობაზე ვსაუბრობ.
_ არანაირი პრეტენზია არ მაქვს გაზეთ „ბახტრიონის“ მისამართით! ვკითხულობ და არც პროფესიონალიზმს ვიწუნებ!
რაც შეეხება იმას, თუ რამ გამამწარა, ეს არის თვითმმართველობის უმოქმედობა და დაუსრულებელი გვაროვნული წყობილება. არაფრის გამკეთებლები რომ ხავსს ეჭიდებიან, ამ შემთხვევაში „წითელი ჯვრის“ ყუთებს და წლებია, ვერც ერთი პრობლემა მოაგვარეს. ამ პრობლემებმა გამამწარა და მაგათთვის მიცემულმა ფუჭად დაკარგულმა ჩემმა და ჩემი თანამოაზრეების საარჩევნო ხმამ გამამწარა!
გთხოვთ, ჩემი წერილი კიდევ ერთხელ წაიკითხოთ და მიხვდებით, რა უმსგავსობებს სჩადიან. სწორედ ეს უნდა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად და ყველამ აგოს თავისი წილი პასუხი! მე თუ ფაქტები არ მაქვს, ჭორების დონეზე ხმას არ ამოვიღებ!
კარგად არის ჩემთვის ცნობილი „წითელი ჯვრის“ განზრახვა საარჩევნოდ! არ დავუშვებ, რომ იგივე კლანი დარჩეს ახმეტაში და ისევ გაგრძელდეს მისი უკანონო თარეში! ამას სიკვდილის ფასად გავაკეთებ! სრულიად ახმეტას დავუდებ ფაქტებს საიქიოდანაც, რომ ეს კლანი პირველივე ტურში დამარცხდეს!
_ ე. ი. ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში პოლიტიკური ნარატვია?
_ „წითელი ჯვარი“ არის აპოლიტიკური ორგანიზაცია!
ხალხზე მეტი თანამდებობის პირები არიან და რა მიზნით მივიდა მთელი ადმინისტრაციული აპარატი? რა ხდება?
„წითელი ჯვარი“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა?
ეს უნდა ეცნობოს „წითელი ჯვრის“ სათავო ოფისს ჟენევაში!
წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო იგივე კლანის დასარჩენად!
გაახსენდათ ახმეტა!
ახმეტის მოსახლეობას არ სძინავს და ვიცით „წითელი ჯვრის“ მფლობელების გააქტიურების მიზეზი!
საქართველოში „წითელი ჯვარი“ არის პრივატიზებული ორგანიზაცია, კახეთში გარდაცვლილი „წითელი ჯვრის“ გააქტიურება კი მომავალი არჩევნების სიებს უკავშირდება!
ხოლო ყუთები ასრულებს მოსახლეობის კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანის როლს!
მივმართავ ახმეტის მოსახლეობას! თუ კმაყოფილი ხართ ახმეტის დღევანდელი ხელისუფლებით, დაუჯერეთ „წითელ ჯვარს“ და მომავალ არჩევნებზე ხმა მიეცით ისევ ასეთ მდგომარეობას ახმეტაში!
ახლა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება!

P. S. „წითელი ჯვრის“ ისტორია 101 წლისაა, ოფიციალურ გვერდზე იგი თავის ამბავს ასე ჰყვება:
„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ (სწჯს) დაარსდა 1918 წელს;
1923 წელი _ „საქართველოს წითელი ჯვარი“ წყვეტს დამოუკიდებელ არსებობას და ხდება „საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების ალიანსის წევრი“;
1993 წელი _ საქართველოს პარლამენტმა მოახდინა 1949 წლის ჟენევის კონვენციების რატიფიკაცია;
1995 წელი _ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ“ განაახლა არსებობა, როგორც დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ;
1997 წლის 2 ოქტომბერი _ საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლემებისა და სახელწოდებების შესახებ“;
1997 წლის 16 ოქტომბერი _ მიღებულია კანონი „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“;
1997 წლის 20 ნოემბერი _ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ გახდა „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის“ წევრი;
2008 წელი _ სწჯს-სა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ერონულ ცენტრს შორის გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ;
2008 წელი _ სწჯს გახდა „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წევრი;
2008 წლის აგვისტო _ გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის #415-ე ბრძანებულება და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ მიენიჭა საგანგებო როლი, რომლის თანახმადაც იგი ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებების ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით.

მაკა მოსიაშვილი