„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავლები 2012-2017 წლებში

დემოკრატია, პირველ რიგში, ნიშნავს ხალხის კონტროლს გადაწყვეტილების მიღებაზე. სწორედ, დემოკრატიის საშუალებით შესაძლებელი ხდება, თეორიულად მაინც, შეიქმნას სისტემა, სადაც მოქალაქეები და საარჩევნო კანდიდატები პოლიტიკაში გამჭვირვალე და თანაბარ პირობებში იქნებიან.
რაც უფრო დიდ გავლენს ახდენს ფული როგორც ახალგაზრდა, ისე დიდი ხნის ჩამოყალიბებულ დემოკრატიული სისტემაში, მით უფრო ცხადი ხდება, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ფაქტორია პოლიტიკური კურსის გასატარებლად და არჩევნებში სასურველი შედეგების მისაღწევად.

ზოგადად, მმართველი გუნდი რომ ფინანსური უპირატესობით სარგებლობს, ეს ცნობილი ფაქტია, მათ შორის, გამონაკლისი არც „ქართული ოცნებაა“, რომელიც ფინანსურ რესურსს, ცხადია, სათავისოდ იყენებს და ხშირად, შეიძლება ითქვას, რომ ფული გადამწყვეტ როლს თამაშობს.

გაგაცნობთ, როგორ იცვლებოდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალი 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით

ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა. ოფიციალური მონაცემებით, 2012 წელს „ქართული ოცნების“ შემოსავალი ფულადი სახით, 2,737,130 ლარი იყო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ _ 25,301,341 ლარი. მაშინ იმჟამინდელ მმართველ გუნდს აშკარა ფულადი უპირატესობა ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 54,9% მიიღო და ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი ხმების 40.4% მიიღო, თუმცა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სტატუსს კვლავ ინარჩუნებდა. წინ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარადგინა. აღნიშნულ არჩევნებში მარგველაშვილმა 62,12% მიიღო და ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გახდა. ასევე 2013 წელს ჩატარდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55,25% მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, ხმების 21.73% მიიღო, შუალედურ არჩევნებზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული ხმები 17.11%-ს წარმოადგენდა.
2013 წელს, მაშინ, როცა ორი მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა, „ქართული ოცნების“ ფულადი შემოსავალი 6,397,179 ლარი იყო, რაც თითქმის 3-ჯერ მეტია 2012 წლის შემოსავლებთან შედარებით. „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალი კი 4,249,700 ლარი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 21 მილიონით ნაკლები იყო.
როგორც ჩანს, წლიდან წლამდე მმართველი გუნდის შემოსავლები იზრდებოდა. 2014 წლის მონაცემებით „ქართული ოცნების“ ფულადი შემოსავალი, 9,247,156 ლარი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის 3 მილიონით მეტია. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ პარტიის შემთხვევაში შემოსავლები შემცირდა და 2014 წელს 4,078,562 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 71 მუნიციპალიტეტში, მერები და გამგებლები აირჩეს პირდაპირი წესით 50%-იანი ბარიერით. მთელი ქვეყნის მასშტაბით „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 50,8% მიიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ _ ხმების 22,4%.
რაც შეეხება 2015 წელს, ყველაზე ნაკლები ფულადი შემოსავალი „ქართულ ოცნებას“ სწორედ ამ წელს ჰქონდა, 2015 წელს მმართველი გუნდის შემოსავალი 1,416,132 ლარი იყო. შესაძლოა, ეს იმით აიხსნას, რომ მათ უკვე საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებაში გარანტირებული ჰქონდათ ძალაუფლება, ამიტომაც ფინანსური რესურსი განსაკუთრებულ საჭიროებას არ წარმოადგენდა. „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალი კი ამ წელს კიდევ უფრო შემცირდა და 3,271,032 ლარს წარმოადგენდა.
2016 წელს „ქართულ ოცნებას“, 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, ყველაზე მეტი ფულადი შემოსავალი ჰქონდა, რაც 26,760,921 ლარს წარმოადგენდა. „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალიც ამ წელს, 2013, 2014 და 2015 წლებთან შედარებით, გაიზარდა და 5,452,486 ლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,67% მიიღო და ხელისუფლებაში დარჩა, ხოლო რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მან ხმების 27.11% მიიღო.
2017 წელს კი „ქართული ოცნების“ ფულადი შემოსავალი 19,110,261 ლარს წარმოადგენდა, ამავე წელს ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები (მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის არჩევნები). „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55,81% მიიღო. თბილისის მერი კახა კალაძე გახდა, არჩევნებში მან 51.09%-ით გაიმარჯვა.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, 2017 წელს პარტიის შემოსავალი, 2016 წელთან შედარებით, დაახლოებით, 2 მილიონი ლარით შემცირდა და 3,301,779 ლარი იყო. ამავე წელს თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 17.05% მიიღო.
ასეთია მმართველი გუნდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ფულადი შემოსავლები 2012 წლიდან 2017 წლის ჩათვლით. როგორ ჩანს, ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ფულად შემოსავლებში ზრდის ტენდენცია შეინიშნება, „ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში კი შემოსავალი კლებულობს. თუ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალი 25,301,341 ლარი იყო, 2017 წლის მონაცემებით, მთავარი ოპოზიციური ძალის შემოსავალი მხოლოდ და 3,301,779 ლარია.
ასევე თვალსაჩინოა, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ფულად შემოსავლებს შორის სხვაობა. თუკი 2012 წლის მონამცემებით „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართულ ოცნებაზე“, დაახლოებით, 23 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი ჰქონდა, უკვე 2017 წლის მონაცემებით მოცემულობა შეიცვალა და „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, დაახლოებით, 16 მილიონით მეტი შემოსავალი აქვს.

ნენე ინჯგია