მთავარი საზოგადოება პარლამენტარებისა და მოსამართლეების დამალული ქონებები _ რას მალავს ქიბარ ხალვაშის და?

პარლამენტარებისა და მოსამართლეების დამალული ქონებები _ რას მალავს ქიბარ ხალვაშის და?

560
0
გაზიარება

სახელმწიფო საჯარო ბიუროს სამსახურმა თანამდებობების მიხედვით 448 პირი შეამოწმა. შემოწმდა საქართველოს პარლამენტის 60 წევრი და საქართველოს პარლამენტის ორი თანამშრომელი _ ჯამში 62 თანამდებობის პირი. უარყოფითად შეფასდა 59 პირი (59 პარლამენტარი და პარლამენტის ერთი თანამშრომელი), დადებითად _ პარლამენტის ერთი წევრი და პარლამენტის ერთი თანამშრომელი.

სასამართლო ხელისუფლება _ შემოწმდა 14 მოსამართლე. უარყოფითად შეფასდა 7 მოსამართლე, დადებითად _ 7.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია _ შემოწმდა 2 თანამდებობის პირი, უარყოფითად შეფასდა ორივე.
ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლება _ შემოწმდა 104 დეკლარაცია. უარყოფითად შეფასდა 76 თანამდებობის პირი, დადებითად _ 24, წარმოება შეწყდა 4 თანამდებობის პირზე.
ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები _ შემოწმდა 3 დეკლარაცია, აქედან წარმომადგენლობითი ორგანოებიდან 1 და აღმასრულებლიდან _ 2. უარყოფითად შეფასდა 2 თანამდებობის პირი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან. წარმოება შეწყდა ერთ თანამდებობის პირზე წარმომადგენლობითი ორგანოდან.
ადგილობრივი თვითმმართველობა _ შემოწმდა 182 დეკლარაცია, აქედან 106 საკრებულოს თანამდებობის პირი და 76 მერიებისა და გამგეობების თანამდებობის პირები. საკრებულოს თანამდებობის პირებიდან უარყოფითად შეფასდა 94, დადებითად შეფასდა _ 12, მერია/გამგეობების შემთხვევაში უარყოფითად შეფასდა _ 66 დეკლარაცია, დადებითად შეფასდა _ 6 დეკლარაცია, წარმოება შეწყდა _ 4 დეკლარანტის მიმართ.
თბილისის მუნიციპალიტეტი _ შემოწმდა 12 დეკლარანტი. აქედან საკრებულოს 4 წევრი, თბილისის მერიის 7 თანამდებობის პირი და სსიპ-ების 1 თანამდებობის პირი. საკრებულოს შემთხვევაში უარყოფითად შეფასდა _ 4, გამგეობების თანამდებობის პირების დეკლარაციებიდან უარყოფითად შეფასდა 7 დეკლარაცია, თბილისის მერიის სსიპ-ების თანამდებობის პირებიდან დაჯარიმდა 1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირები _ შემოწმდა 15 დეკლარანტი. დადებითად შეფასდა 2 დეკლარაცია, ხოლო უარყოფითად _ 13.
კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები _ შემოწმდა 18 დეკლარაცია. აქედან ა(ა)იპ-ი _ 10 და შპს _ 8. ა(ა)იპ-ების შემთხვევაში დადებითად შეფასდა _ 1 დეკლარაცია ხოლო უარყოფითად _ 8, წარმოება შეწყდა 1 დეკლარანტის მიმართ, შპს-ების შემთხვევაში უარყოფითად შეფასდა _ 7 დეკლარაცია, წარმოება შეწყდა 1 დეკლარანტის მიმართ.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია _ შემოწმდა 10 დეკლარაცია. უარყოფითად შეფასდა 10.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური _ შემოწმდა 21 დეკლარაცია. უარყოფითად შეფასდა 16, ხოლო დადებითად _ 5.
სხვა დაწესებულებების, კერძოდ: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ეროვნული ბანკი, აჭარის ტელევიზია, თანამდებობის პირებიდან შემოწმდა 6 დეკლარაცია. უარყოფითად შეფასდა 6 დეკლარაცია.
არა უშავს, ხომ? გაინტერესებთ, რას მალავენ სახელმწიფო სამსახურში მყოფი ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობის პირები, რის მიხედვით განხორციელდა მონიტორინგი და რა გახდა დეკლარაციების უარყოფითად შეფასების საფუძველი?
1. შეუსაბამობა უძრავი ქონების ფართებში, ანუ დეკლარანტს მითითებული აქვს დაახლოებითი ფართი და არა რეალური;
2. არადეკლარირებული უძრავი ქონება, რომელიც რეგისტრირებულია ოჯახის წევრის სახელზე და არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
3. არადეკლალირებული საბანკო ანგარიშები;
4. კომპანიების ფლობის შემთხვევაში, არ ფიქსირდება საწარმოების წილები;
5. ანაზღაურებადი საქმიანობის ნაწილში დარღვევები: ოჯახის წევრების შემოსავლების არდაფიქსირება ან განსხვავებული ოდენობით დაფიქსირება.
ა, ბატონო? რეალურად ეს ქონების დამალვაა. იმ ქონების, რის შეძენასაც აღნიშნული პირები თავისი ხელფასით და ასევე ოჯახის წევრების შემოსავლებით ვერ შეძლებდნენ.
2018 წელს შესამოწმებელ დეკლარაციებად მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შეირჩა 320 დეკლარაცია. აქედან, მონიტორინგი დაიწყო 73 დეკლარაციაზე, ჯამურად 2018 წლის განმავლობაში შემოწმდა 448 დეკლარაცია.
შემოწმებული დეკლარაციებიდან უარყოფითად შეფასდა 379 დეკლარაცია, მათ შორის, ერთი შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა სამართალდამცველ ორგანოებში. მონიტორინგის შედეგები გაასაჩივრა 13-მა თანამდებობის პირმა.
მონიტორინგის ფარგლებში სრულყოფილად შესწავლილია შერჩეულ თანამდებობის პირთა დეკლარაციები, ისინი შეადარეს სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში დაცულ მონაცემებს და თანამდებობის პირების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, რის შედეგადაც გადაწყვეტილება მიღებულია თითოეული თანამდებობის პირზე.
სტატისტიკურად, დადებითად შეფასებული დეკლარაციების რაოდენობა შეადგენს 2018 წლის განმავლობაში შემოწმებული დეკლარაციების 13%-ს. ხოლო უარყოფითად შეფასდა შემოწმებული დეკლარაციების 78%, წარმოება შეწყდა დეკლარაციების 2%-ზე.
უარყოფითად დასრულებული შემოწმების შედეგები 379-ია, მათ შორის, 25 საიდუმლო თანამდებობა.
საქართველოს პარლამენტის წევრები: სესიაშვილი ირაკლი, ხაბელოვი ლერი, ხუციშვილი ზაზა, წილოსანი ნინო, ჩუგოშვილი თამარ, ბეგაძე გიორგი, ბეჟანიძე ლევან, ოდიშარია ბექა, პოღოსიანი რუსლან, მუჩიაშვილი რომან, ქანთარია ალექსანდრე, არველაძე რევაზ, დამენია ლაშა, მკოიანი ენზელ, ოხანაშვილი ანრი, ჭკუასელი თეიმურაზ, ხალვაში ფატი, ხუბულური თენგიზ, ჯაფარიძე ვიქტორ, წიკლაური მირიან, ნოზაძე სიმონ, ოქრიაშვილი კახაბერ, ხახუბია ირაკლი, მდინარაძე მამუკა, თოლორაია ედიშერ, იონათამიშვილი რატი, ლომია გიორგი, მაკრახიძე იოსებ, კვიციანი ემზარ, კოპაძე გიორგი, კედელაშვილი ზაზა, მხეიძე დიმიტრი, ქუცნაშვილი ზაქარია, ფრუიძე ირინე, გუნავა თენგიზ, ენუქიძე გოჩა, ძიძიგური ზვიად, რატიანი სერგო, წულაია ივლიანე, ჩიქოვანი მამუკა, ჭიჭინაძე დავით, ხუნდაძე დიმიტრი, ჯაში მარიამ, გეგიძე ბიძინა, კობიაშვილი ლევან, მაჭარაშვილი გურამ, ნარჩემაშვილი კობა, ჟორჟოლიანი გია, ხაბარელი შოთა, ინაშვილი ირმა, ფოფხაძე გედევან, ტრიპოლსკი ერეკლე, კუდბა სვეტლანა, კილაძე სოფიო, ნადირაშვილი ირმა, კახიანი გიორგი, სამხარაძე დიმიტრი, მახათაძე სულხან.
მოსამართლეები:
კუპატაძე რომან _ გურჯაანის რაიონული სასამართლო. მურუსიძე ლევან _ თბილისის სააპელაციო სასამართლო. მეთოფიშვილი სერგო _ თბილისის საქალაქო სასამართლო. სვანიძე თეიმურაზ _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო. სირბილაძე ცისანა _ თბილისის საქალაქო სასამართლო (გაფრთხილებულია). ჭუნიაშვილი თამარ _ თბილისის საქალაქო სასამართლო. კაკაბაძე ხათუნა _ თბილისის საქალაქო სასამართლო (გაფრთხილებულია).

სხვა თანამდებობის პირებზე ცნობებს „ქრონიკა+“ გზადაგზა შემოგთავაზებთ, ამ ზაფხულს კი შევეცდებით, დეტალურად შემოგთავაზოთ თითოეულ მათგანზე ყველა ის მასალა, თუ რა დაუმალეს მათ სახელმწიფოს და რაში მოატყუეს საზოგადოება.
მაგალითად, რას უმალავს სახელმწიფოს ქიბარ ხალვაშის და? ქართული სპორტის სიამაყე, უმანკოთა შორის პირველი _ ლერი ხაბელოვი და სხვა ზემოთ ჩაოთვლილი?
რაც შეეხება მოსამართლეებს, მათ „ქრონიკა+“ ასევე ცალკე მიმოიხილავს, მანამდე კი გვინდა ერთ მათგანზე შევჩერდეთ, რომელთანაც ქუთაისელ ექიმ ირაკლი მერკვილაძეზე მასალის მზადებისას უშუალო შეხება გვქონდა.
პროფესორი ირაკლი მერკვილაძე, რომელიც სამეანო დარგში ეროვნული პროტოკოლების ერთ-ერთი ავტორია და დღეს სამშობიაროები მისი თანამონაწილეობით შექმნილი გაიდლაინებით ხელმძღვანელობენ, ციხეში ზის. მის „ჩაჯენაში“ დიდი წვლილი მიუძღვის მოსამართლე თეიმურაზ სვანიძის მიერ გამოტანილ განაჩენს. ექიმს ვიოლეტა მატონავას გარდაცვალებაში ედებოდა ბრალი, რომელსაც საკეისრო კვეთა 2013 წელს გაუკეთა და გოგონა სახლშ, გარდაიცვალა. საქმე რამდენიმე წლის მერე აღიძრა და ირაკლი მერკვილაძის წინააღმდეგ დავა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო ექსპერტიზა ექიმის უდანაშაულობას ადასტურებდა, მოსამართლემ ეს არ გაითვალისწინა. როგორც თავად მერკვილაძის მხარე აცხადებდა, შეკვეთა ყოფილი „ხონელიძის“ კლინიკიდან მიიღო და სწორედ ამ შეკვეთას მიჰყვებოდა პროკურორიც და მოსამართლეც.
თეიმურაზ სვანიძის შემთხვევის მსგავსი საქმეები უნდა ამოიღონ და თავიდან შეისწავლონ, ვინაიდან უფასო „შეკვეთები“ არ არსებობს. და იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი მერკვილაძე მართალი აღმოჩნდება, მაშინ დაფარული ქონების წარმომავლობის აღმოჩენა ბევრად იოლია.
ცნობისთვის: დაფარული შემოსავლების გამო სვანიძე ხელფასის 20%-ის ოდენობით დააჯარიმეს და ძალიან აზარალეს.
სხვათა შორის, თუ ერთ-ერთი დაზარალებულის დაცვის მხარის განმარტებას ვენდობით, თეიმურაზ სვანიძე, იმ შემთხვევებში, როდესაც მოსამართლე მარინე სირაძესთან ერთად მიჰყავს საქმე, მთლიანად სირაძის მონა-მორჩილია. ანუ ერთობლივ საქმეებში გადამწყვეტი ქალი მოსამართლეა. მარინა სირაძე კი დაზარალებულთა დაცვის მხარეების განცხადებით პროკურატურის მოსამართლედ არის მიჩნეული და მაშინაც კი, როდესაც სხვა მოსამართლეებს სურთ დამოუკიდებელი განაჩენის გამოტანა, ეს ვერ ხერხდება. თუ დაცვის მხარეებს ვენდობით _ სადაც სირაძეა, იქ პროკურატურაა! საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ის მოსამართლეა, რომელიც ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში „ღიმილთმოძულე“ მოსამართლის სახელით შევიდა. ღიმილის გამო დაჯარიმებული ადვოკატების ამბავი კი სტარსბურგის ვერდიქტს ელოდება.
„ქრონიკა+“ წერდა სოფელ ტყაჩირში, სათბურში ამოღებულ 1.7 მილიონ ევროზე, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა კოკაინით ვაჭრობას დაუკავშირეს, ოღონდ კოკაინის გარეშე, რადგან 220 კილო კოკაინი, რაზედაც საბრალდებო დასკვნაშია საუბარი, ბუნებაში არ არსებობს.
ამ და სხვა ამბებს, რომელიც ქართველ მოსამართლეებს უკავშირდება, „ქრონიკა+“ დეტალურად მოგაწვდით.

თამარ როსტიაშვილი

 

დატოვეთ კომენტარი