დემურ გიორხელიძე: „ხალხი ქუჩაში დედას იგინება!“

იმის გამო, რაც საქართველოს საზოგადოებამ რუს კომუნისტ მართლმადიდებელ(!!!) დეპუტატ სერგეი გავრილოვს დამართა, კრემლმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ვლდიმირ ვლადიმირის ძემ სასწრაფოდ სანქციები დაგვიწესა, რაც იმაში გამოიხატება, რომ რუს ტურისტებს „მზისა და ვარდების მხარეში“ ჩამოსვლა კატეგორიულად აუკრძალა. კრემლის ტურისტული ემბარგო ქართულ ეკონომიკას, ცხადია, დარტყმას მიაყენებს, თუმცა ამის გამო ოკუპანტი თავზე არ უნდა დავისვათ. ამასთან, როგორც ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე „ქრონიკა+“-ს ეუბნება, ეს სანქცია უმეტესად წვრილ და საშუალო მეწარმეებს დააზიანებს, თორემ მსხვილი სასტუმროები რუსი ტურისტების „სეკვესტრს“ მაინცდამაინც ვერ იგრძნობენ.

ისე, რუსი ტურისტების დეფიციტი ქართულმა ტურიზმმა შესაძლოა, ვერც იგრძნოს, რამეთუ მთელმა ცივილიზებულმა მსოფლიომ კამპანია დაიწყო, რაც საქართველოში დასვენებას ითვალისწინებს და იგივე ბალტიის ქვეყნებიდან ბათუმში ტურისტებით სავსე პირველი ჩარტერული რეისიც უკვე ჩამოფრინდა, მაგრამ რა ეშველება ეროვნულ ვალუტას, რომელმაც „გავრილოვის კრიზისის“ ფონზე გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს არათუ მიაღწია, არამედ, გადააჭარბა კიდეც? _ ეს კითხვა ჩვენ, რასაკვირველია, დემურ გიორხელიძეს დავუსვით, რომელმაც სანუგეშო ვერაფერი გვითხრა, ანუ ბატონი დემურის შეფასებით, სანამ ხელისუფლებას რეალური მაკროეკონომიკური პოლიტიკა არ ექნება, უკეთესი ცხოვრების იმედი არ უნდა გვქონდეს.
ერთი სიტყვით, რატომ უფასურდება ლარი, ვის ხმარდება სახელმწიფოში შექმნილი დოვლათი და როგორ ვაჭრობს ქვეყნის ინტერესებით ქართული პოლიტიკური თუ ბიზნესელიტა თავისი ინტერესების სასარგებლოდ? _ გთავაზობთ ინტერვიუს ანალიტიკოს დემურ გიორხელიძესთან:

_ბ-ნო დემურ, იმ მოვლენებს, რომელიც ბოლო დროს ქვეყანაში ვითარდება და რომელსაც „გავრილოვის კრიზისი“ დაერქვა, რუსული სანქციები მოყვა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კრემლმა, კონკრეტულად, პუტინმა რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალა. ისინი, ვინც ჩრდილოეთისადმი დადებითად არიან განწყობილნი, ამბობენ, რომ მართლმადიდებელი კომუნისტი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში ჩაჯდომის გაპროტესტება ამ სანქციებად არ ღირდაო. თქვენ რას იტყვით, ბატონო დემურ?
_ ეს კრიზისი, თავიდან ბოლომდე, ცხადია, ხელოვნურად არის გამოწვეული და ამაში ქართული მხარეც სერიოზულად მონაწილეობდა.
_ ქართულ მხარეში სახელისუფლებო ელიტას გულისხმობთ თუ ოპოზიციას?
_ მათ შორის, ხელისუფლებასაც…
_ ანუ?
_ ორგანიზებული და პროპაგანდით კარგად „დაბოლილი“ ახალგაზრდობა. ამ ორგანიზებულ აქციას კი რამდენიმე მიზანი ჰქონდა.
_ კერძოდ?
_ დავუშვათ, ის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, რომელიც ამ ეტაპზე ტურისტებისა და იმპორტ-ექსპორტის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, თურმე, არასასურველი ყოფილა.
ამასთან, დღევანდელი ხელისუფლება, ისივე როგორც წინა ხელისუფლებები, დამოუკიდებელ ძალას არ წარმოადგენს და ნებართვის გარეშე არაფრის გაკეთების უფლება არ აქვს.
მოკლედ, უკმაყოფილების საბაბი გაჩნდა და ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. ბოლო ორი წელია, ეს ხალხი ყველაფერ იმით, რაც ქვეყანაში ხდება, გულწრფელად უკმაყოფილოა და ამიტომაც თავისი პროტესტიც გულწრფელად გამოხატა, თუმცა დასაწყისში, ყველაფერი ეს აბსოლუტურად ორგანიზებული იყო. ერთი სიტყვით, საბაბი გაჩნდა და სიტუაციამაც იფეთქა.
ვინ დაზარალდება? _ ბოლო 30 წელია, აბსოლუტურად გაუმართავი პოლიტიკის შედეგად, საქართველო ისედაც დაზარალებულია. ამ კონკრეტულ სიტუაციაში კი ქართული მხარის ის ნაწილი დაზარალდება, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ეკუთვნის და რომელიც ტურისტულ სექტორშია დასაქმებული.
დიდი ფირმებისა და სასტუმროებისთვის ეს საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან მათ შეუძლიათ, 50 პროცენტზე ნაკლები დატვირთვა ჰქონდეთ, მაგრამ რენტაბელურობა, მეტ-ნაკლებად, შეინარჩუნონ, ანუ დიდ სასტუმროებში სხვა ფასებია და ამდენად, სიტუაცია მათთვის საშიში არ არის.
რაც შეეხება ქართულ ეკონომიკას, ის ისედაც საშიშ მდგომარეობაშია, ქვედა დონეზეა სტაბილიზებული და ამიტომ იმით, ტურისტი მოაკლდება თუ არა, დიდი უბედურება არ იქნება, თუმცა რაღაც ვალუტა, რა თქმა უნდა, მოაკლდება.
სხვათა შორის, ნეგატიური მოლოდინი გაჩნდა თუ არა, მაშინვე საქართველოში უცხოური ვალუტის შესყიდვა დაიწყო. ეროვნული ბანკი და მთავრობა ყოველთვის სტანდარტულ ფრაზას ამბობს. არადა, ამ დროს ლარი უფასურდება, საქართველოს მოქალაქეების შემოსავლები არ იზრდება, პირიქით, იკლებს, ფასებმა კი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს გადაამეტა. ამ სიტუაციაში ეროვნული ბანკი გვეუბნება, არაფერი ხდება, ყველაფერი ეს დროებითიაო.
გასაგებია, რომ დროებითია. საერთოდ, ჩვენც ყველანი დროებით ვართ, ამიტომ ეროვნულ ბანკსა და მთავრობას უნდა ვუთხრათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველანი მოვკვდებით.
_ და სანამ მოვკვდებით, ლარის რეკორდული გაუფასურება სოციალურ კატასტროფამდე ხომ არ მიგვიყვანს?
_ არა, ასე არ არის. საქართველოს მსგავს ქვეყანაში სოციალური კატასტროფა შეუძლებელია იმიტომ, რომ 90-ანი წლებიდან ჩვენ ისედაც სოციალურ კატასტროფაში ვართ! დღეს ცოტა უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ეს ოფიციალური ეკონომიკის შედეგი არ არის.
_ აბა, რისი შედეგია?
_ დააკვირდით, თბილისის რესტორნებში როგორი მოძრაობაა, ანუ საქართველოს ეკონომიკის ორი მესამედი ჩრდილოვანია. მთავრობა და ეროვნული ბანკი თავს იტყუებს. საერთოდ, სწორი გადაწყვეტილება შეიძლება, მაშინ მიიღო, როცა მოცემულობას ისეთს იღებ, როგორიც არის. ჩემს მონოგრაფიაში 64 პროცენტი დავწერე, მაგრამ იმის შემდეგ დრო გავიდა, ჩრდილოვანმა ეკონომიკამ მოიმატა და დღეს, ალბათ, 66 პროცენტია. ამ სიტუაციაში, როცა ეკონომიკური მაჩვენებლები ხელოვნურად გაქვს შელამაზებული, როგორ შეიძლება, სწორი პოლიტიკა გაატარო? ყველაფერი უნდა გააშიშვლო, რათა რეალური სურათი დაინახო და შემდეგ გადაწყვეტილებები ამ სურათიდან გამომდინარე უნდა მიიღო.
მოკლედ, ყველაფერი ძალიან ზედაპირულია და ამ საქმიდან ხეირი არაფერი იქნება. ტურიზმის გამო ჩვენი ათასობით მოქალაქე _ წვრილი მეწარმე დაზარალდება. იცით, მათი უბედურება რა არის? _ ბანკებიდან სესხი აქვთ აღებული და მთავრობა კარგს იზამს, თუ ბანკებთან მოილაპარაკებს, რათა ამ სესხების გრძელვადიანი რესტრუქტურიზაცია, ანუ გადანაწილება მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხალხი, უბრალოდ, გაკოტრდება!
_ შეიძლება, ვცდები, მაგრამ ვითარება ასეთი დრამატულიც არ უნდა იყოს, რადგან თუ რუსი ტურისტები არ ჩამოვლენ, სამაგიეროდ, ევროპელები გვესტუმრებიან, მით უმეტეს, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო კამპანია, რაც საქართველოში დასვენებას ისახავს მიზნად და ამ კამპანიაში არაერთი ცნობილი ადამიანი ჩაერთო.
_ ძალიან კარგი, მაგრამ არ შეიძლება, რომ ქვეყანა მარტო ტურიზმზე იყოს ჩამოკიდებული. მთავრობის შეცდომა სწორედ ის არის, რომ თანამედროვე ქართული ეკონომიკის მამოძრავებელი, ანუ დრაივერი ტურიზმია. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა ნელ-ნელა სოლიდურ წარმოებასა და ნოვაციებზე გადავიყვანოთ, ისევ ზედაპირულ აქცენტებს ვაკეთებთ. ამით კი საქმე წააგებს.
_ ტურიზმი იქით იყოს და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სხვა სფეროს ინვესტიციებსაც ხომ არ დაარტყამს? ანუ როცა ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური რყევებია, მსხვილ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში ფულის დაბანდების სურვილი კიდევ ექნებათ? იქნებ, კრემლის მიზანიც სწორედ ეს იყო?
_ საქართველოში სერიოზული საინვესტიციო ჯგუფი არ შემოსულა! ის ინვესტიციები, რაც შემოდის, ძალიან მწირია. დღევანდელი გადასახედიდან, ქართული ეკონომიკისთვის საჭიროა, რომ შიდა პროდუქტის, მინიმუმ, 25-30 პროცენტი ინვესტიცია იყოს, მაგრამ ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია და იმით თავმოწონება, რომ ქვეყანაში თითქოს ინვესტიციები შემოდის, აბსოლუტურად არასწორია!
ჯერ ერთი, ეს ინვესტიცია არასაკმარისია; მეორეც, _ ინვესტიციებზე არაფერია დამოკიდებული.
_ თუ არა ინვესტიციებზე, აბა, ეკონომიკის აღმავლობა რაზეა დამოკიდებული?
_ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, საქართველოში არსებული ადამიანური, ეკონომიკური და ფინანსური რესურსები განვითარებისკენ იქნება თუ არა მიმართული. ამის გაკეთება ჯერ ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო. როცა საკუთარი რესურსი გაქვს გამოუყენებელი, ინვესტიცია რად გინდა?
ინვესტიცია საჭირო მაშინ არის, როცა მობილიზებული, ანუ განვითარებაზე ხარ ორიენტირებული, მაგრამ სახსრები არ გყოფნის და გარედან იმატებ. მოკლედ, უცხოური ინვესტიციების გაფეტიშება დილეტანტიზმი და არცდონის შედეგია! ქვეყანაში ინვესტიციებზე, ვიმეორებ, არაფერია დამოკიდებული!
ინვესტიცია რად გვინდა, როცა ქვეყანაში უმუშევრების არმია გვყავს?
_ სხვათა შორის, „ოცნება“ თავს იწონებს, ბოლო წლებში უმუშევართა რიცხვი შემცირდაო.
_ იცით, უმუშევრობა რის ხარჯზე შემცირდა?
_ რის?
_ მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი თვითდასაქმებულია, ანუ მთავრობა აქაც თავს იტყუებს და ამიტომაც არაფერი გამოსდის!
_ „ოცნება“ იმასაც ამბობს, საქართველოში ძალიანაც კარგი ცხოვრებაა, აი, საშუალო ხელფასი 1000 ლარიაო.
_ ესეც ტყუილია!
_ დამისაბუთეთ, ტყუილი რატომ არის?
_ იცით, ტყუილი რატომ არის? _ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ხელფასი ძალიან მცირეა _ 150-დან დაწყებული 700-800-ლარამდეა. საშუალო მონაცემს კი ტოპ მენეჯერებისა და მაღალი ეშელონების ხელფასები განსაზღვრავს, მაგრამ საშუალო კი არა, ის უნდა გვითხრა, მედიანური მონაცემები და სტრუქტურა როგორია.
რამე კარგზე ლაპარაკი როგორ შეიძლება, როცა ქვეყანაში ქონების გადამხდელი სულ 32-35 ათასი ადამიანია? ეს იმას ნიშნავს, რომ ოჯახური შემოსავალი 40 ათას ლარს მხოლოდ ამ ადამიანების ხარჯზე აჭარბებს და ეს ევროპულ-ამერიკული მასშტაბით ხომ სასაცილო თანხაა?! ერთი სიტყვით, ასეთი ხელფასი მოსახლეობის მხოლოდ ერთ პროცენტს აქვს, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ხელფასი კი წვრილია.
მითხარით, 700 ან 800 ლარი ხუთ ან ოთხსულიანი ოჯახისთვის ნორმალურია?
_ რა თქმა უნდა, ნორმალური არ არის. ისე, ყურადღება თუ მიაქციეთ, ხელისუფლება იმით აპელირებს, რომ 20 ივნისს ხალხი ქუჩაში სოციალური გაჭირვების გამო არ გამოვიდა, ანუ ხელისუფლება სირაქლემის პოზაშია და ჰგონია, რომ სოციალური ბუნტი არ დაიწყება?
_ ტელევიზიით არაერთხელ ვთქვი და ახლაც გავიმეორებ: საქართველოს მთავრობას არ აქვს სტრუქტურა, რომელიც საზოგადოებაში არსებულ განწყობებს შეისწავლის და მთავრობას ეტყვის, ჩემო ბიძია, მოგწონს თუ არა, ხალხი ქუჩაში დედას იგინება, შენ კი სირაქლემის პოზაში ხარო.
20 ივნისს ხალხი ქუჩაში სწორედ უკმაყოფილებისა და პროტესტის გამო გამოვიდა. ქუჩაში გამოსვლის მიზეზი, ამ შემთხვევაში, გაჭირვება არ ყოფილა, თუმცა ყველაფერი ფართო ჭრილშია დასანახი.
_ ამ ფართო ჭრილის ერთ-ერთი მხარე კი, ალბათ, ლარის რეკორდული გაუფასურებაა. არსებობს რამე მექნიზმი, რითაც არსებული კურსი შენარჩუნდება?
_ გამორიცხულია, ვერ შევინარჩუნებთ!
_ ანუ ლარი უფრო მეტად გაუფასურდება?
_ არსებობს ფუნდამენტური მაკროეკონომიკური პრობლემები, რასაც ეროვნული ბანკი და მთავრობა იგნორირებას უკეთებს და ორივე თავს იტყუებს, ყველაფერი კარგად არისო.
საქმე ის არის, რომ ლარი ძალიან ცოტაა _ ეკონომიკაზე ხუთჯერ ნაკლებია, თანაც იმპორტზე ჩამოკიდებულ ქვეყანას ვალუტის სტაბილური წყაროები არ გააჩნია. შესაბამისად, ოდნავი შეფერხება იქნება თუ არა, ნეგატიური განწყობები იწყება.
დღეს ის კი არ არის საშიში, რომ ხვალ ერთი დოლარი, ვთქვათ, ოთხი ლარი ეღირება _ ასე, რა თქმა უნდა, არ იქნება, მაგრამ ბიზნესს ძალიან ნეგატიური განწყობა აქვს და იცის, რომ ლარი ნელ-ნელა, მაგრამ ქვემოთ წამოვა. ახლა დოლარსაც ამიტომ ყიდულობს. ზოგადად, ყოველთვის ასე ხდება.
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: თუ ასე გააგრძელებენ, არაფერი შეიცვლება. თვის ბოლომდე ლარის კურსის აწევ-დაწევა ოთხჯერ მაინც მოხდება. ლარის კურსის ყველა ასეთი აწევ-დაწევა ჩვენი ისედაც მცირებიუჯეტიანი მოსახლეობის ჯიბიდან ფულის ამოღებაა. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს პოლიტიკა არასწორია.
_ ეს გასაგებია, მაგრამ თქვენი გათვლებით, ლარის გაუფასურების რეკორდული ნიშნული რამდენზე შეიძლება გაჩერდეს?
_ ყველაფერი ეკონომიკაზეა დამოკიდებული. ქართულ ეკონომიკას ლარი არ ჰყოფნის და დოლარიზაციის მაღალი ხარისხი სწორედ ამიტომაა. იმის თქმა, რომ ხელისუფლება ლარს რამე კურსზე გააჩერებს, არ შეიძლება. არასწორად იქცევიან და ამიტომაც ეს პროცესი გაგრძელდება!
_ არსებული მოცემულობიდან გამოსავალი რა არის, ანუ ქართული ეკონომიკა როგორ უნდა შეიქმნას, ბატონო დემურ?
_ ეკონომიკა ძალიან დაბალ დონეზეა სტაბილიზებული _ 15-მილიარდიანი ეკონომიკა მწირზე-მწირია და მისი 4 ან 5%-იანი ზრდა გზა არსაითაა.
რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის ტენდენციას, ამას სწორი საშინაო და საგარეო, ასევე მაკროეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება, რაც არ არსებობს.
_ არადა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ოცნება“ არნახულ ეკონომიკურ წინსვლას გვპირდებოდა.
_ მესმის, მაგრამ თუ გახსოვთ, ყოველთვის ძალიან აგრესიულად ვაფასებდი და ვამბობდი, „ოცნებას“ არაფერი გამოუვა-მეთქი და არც გამოსდის.
იცით, რატომ? _ აქ პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათია არაფერ შუაშია. ეს პროფესიული საქმეა, ანუ სახლს რომ აშენებ, გინდ „ოცნების“ წევრი იყავი და გინდ _ „ნაციონალი“, ისე უნდა ააშენო, უსაფრთხოების, სიმტკიცისა და სიხისტის როგორი მოთხოვნებიცაა. ეკონომიკაშიც ასეა _ სწორ მექანიზმს არ აგებ და ამიტომაც არაფერი გამოვა.
_ ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ კარგად ვხვდები, რასაც ამბობთ, თუმცა ერთი რამ ვერ გამიგია _ ძლიერი ეკონომიკა არც „ნაციონალების“ მმართველობის დროს გვქონდა, თუმცა მაშინ ლარი ასეთი გაუფასურებული არ იყო.
_ ყველაფერი ეს „ნაციონალების“ ბრალია.
_ უკაცრავად, შვიდი წელია, ხელისუფლებაში „ოცნებაა“ და „ნაცმოძრაობა“ რა შუაშია?
_ „ნაციონალებმა“ უსაშველოდ ბევრი ფული ამოიღეს და ლარი გაამყარეს. ეს უდიდესი შეცდომა იყო.
_ რატომ?
_ ამან ქვეყნის ეკონომიკის განვითარება შეაფერხა. „ნაციონალებმა“ მხოლოდ იმდენი ფული დაიტოვეს, რამდენიც მთავრობას და პრივილეგირებულ ბიზნესს მოემსახურებოდა. აი, მთავრობამ ერთი დოლარი 50 თეთრი რომ გახადოს, მაშინ ნახავთ, ქართულ ეკონომიკას რაც მოუვა!
_ რა მოუვა?
_ ყველაფრის კეთება შეჩერდება, რადგან აზრი არ ექნება!
მაკროეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში წარმოებისა და ისეთი მომსახურების განვითარებას უწყობს ხელს, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება. ჩვენ გასაღების ბაზრები არ გვაქვს. ექსპორტი მიზერულია, იმპორტის წილი უზარმაზარია და წლიდან წლამდე არაფერი იცვლება.
სხვათა შორის, იმის შესახებ, ამ მდგომარეობიდან როგორ უნდა გამოვიდეთ, 2012 წელს ძალიან სერიოზული დოკუმენტი შევქმენით, მაგრამ მაშინვე ვთქვი, ეს ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის-მეთქი.
_ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო ანაკლიის პორტის გარშემო შექმნილი ვითარება, მართალია, ყველას დაავიწყდა, მაგრამ, ბატონო დემურ, ამაზეც გკითხავთ: ანაკლიის პორტის აშენება-არაშენება, ერთი მხრივ, წმინდა პოლიტიკური თემაა და რუსეთიც არ მალავს, რომ ამ პორტის აშენება არ ეპიტნავება, მაგრამ, მეორე მხრივ, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება, როგორც ამბობენ, ქართულ ეკონომიკას სერიოზულად დაარტყამს. თქვენ რას იტყვით?
_ ჯერ ერთი, იმან, რაც არ არსებობს, არ შეიძლება, რამეს დაარტყას. მეორეც, როცა ტენდერი ჩაატარა, საქართველოს მთავრობამ დანაშაული ჩაიდინა.
_ რას გულისხმობთ?
_ არასწორი პროექტი შეარჩია.
_ ანუ?
_ ანაკლიის პორტის ერთადერთი სწორი პროექტი ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილ, შესანიშნავ ქართველ ინჟინერსა და უმაღლეს პროფესიონალ სპარტაკ ზერაგიას, რომლის შესახებაც ყველამ იცის, ანუ ყველაფერი სხვანაირად იყო დაგეგმილი, მაგრამ ადგნენ და ეს პროექტი ხაზარაძესა და ამერიკულ ჯგუფს მისცეს. მათ არც პროექტი ჰქონდათ და არც _ ფული. ეს კვირიკაშვილის უდიდესი შეცდომაა და პრობლემებიც ამიტომ არის, თორემ წეღანდელი თქმისა არ იყოს, იმან, რაც არ არსებობს, როგორ შეიძლება, დაგაზიანოს?
ეს პროექტი პორტის პროექტი კი არა, სინამდვილეში, სატრანსპორტო კვანძია, რომელიც ოთხი ქვეყნის ინტერესებში შედის. ამიტომ ყველაფერი სხვანაირად დასაგეგმი იყო, მაგრამ ქართული რეალობა, სამწუხაროდ, პატარა ძმა-ბიძობას ვერ გასცდა და ეს შედეგიც ამიტომ მივიღეთ!
_ ის, რაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მოხდა, ექსპრემიერ კვირიკაშვილის შეცდომაა თუ დანაშაული?
_ კვირიკაშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მან, როგორც პრემიერ-მინისტრმა, უდიდესი შეცდომა დაუშვა.
_ ყველაფერ ზემოთქმულის გარდა, ბოლო დროს საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა კორუფციაა, რაზედაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ. თქვენი, როგორც გარედან მაყურებლის დაკვირვებით, ქვეყანაში კორუფციის მაჩვენებელი რატომ გაიზარდა?
_ ეს სისტემური პრობლემაა _ ინსტიტუტები არ მუშაობს და ხელისუფლებაში მყოფი ხალხი მხოლოდ რენტას, ანუ იმ სიმდიდრეს ანაწილებს, რაც შექმნილია. გახსოვთ, ქობულიამ რა თქვა? _ ქვეყანაში დოვლათი ხომ იქმნებაო, მაგრამ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მთავარს ვერ მიხვდა.
_ რას?
_ ქვეყანაში, დაახლოებით, 750 მილიონ დოლარამდე დოვლათი იქმნება, მაგრამ ეს ხალხისთვის ხელმიუწვდომელია და ამას რამდენიმე ათეული ოჯახი აზის! ეს უსაშველოდ უსამართლო ქვეყანაა, სადაც აბსოლუტურად ოლიგარქიული სისტემაა და სიმდიდრე, რომელიც იქმნება, ხალხს კი არა, ვიწრო ჯგუფის ინტერესებს ხმარდება!
_ ამ ვიწრო ჯგუფის სათავეში არის თუ არა, მაგალითად, ვანო ჩხარტიშვილი?
_ ჩხარტიშვილი, როგორც ვიცი, ქვეყნის ფაქტობრივი უმაღლესი პირის გარემოცვაშია და, ცხადია, სერიოზული გავლენები აქვს.
_ ანუ ქვეყანაში ე. წ. ელიტური ბიზნესი არსებობს, არა?
_ რა თქმა უნდა. მთელი სახელმწიფო შესყიდვები მხოლოდ ვიწრო ჯგუფის ხელშია.
_ ყველაფერ ამას ბიზნესი რატომ არ აპროტესტებს? აი, თუნდაც მაშინ, როცა სახელმწიფო რეკეტში თანამდებობის პირები ზაზა ოქუაშვილმა ამხილა, მას სხვებმა რატომ არ აუბეს მხარი?
_ საქმე ის არის, რომ ყველას თავისი ნიშა აქვს, მეტ-ნაკლებად კმაყოფილდება და იცის, რომ ამ ეტაპზე მეტს ვერ მიიღებს _ ყველაფერი ძალიან ვიწრო წრის ხელშია.
_ გასაგებია, მაგრამ, განა, ბიზნესმა არ იცის, რომ ძალა ერთობაშია?
_ ძალა კია ერთობაში, მაგრამ ბიზნესი ის ძალა არ არის, რომელიც პოლიტიკურ ზეწოლას მოახდენს. საქართველოში ბიზნესი, სამწუხაროდ, მხოლოდ ხელისუფლებას ემსახურება და არა _ თავისუფალ აზრსა და თავისუფალი პოლიტიკური ქცევის ადამიანების გაძლიერებას! ეს ქართული ბიზნესის უდიდესი პრობლემაა _ ხელისუფლების მორჩილია და სანამ ხელისუფლება კრიზისში არ ჩავარდება, ბიზნესი დგას და მას კვებავს! ეს უბედურებაა!
_ რუსული გავლენები, თქვენი შეფასებით, პოლიტიკის მსგავსად, ბიზნესშიც გაიზარდა?
_ ეს ტყუილი და ბოლშევიკური პროპაგანდაა. დამანახეთ, ძლიერი რომელი პრორუსული პარტიაა? საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა რუსეთია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკოსებმა პრობლემის მოგვარების პოლიტიკურ გზებზე იფიქრონ, პრობლემისკენ საერთოდ არ იხედებიან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა თუ ნატო-ში შესვლით ყოველთვის ერთსა და იმავეს საუბრობენ.
ქართული პოლიტიკური ელიტა ყოველთვის კომპრადორი იყო და დღესაც გამოკვეთილი კომპრადორია, ანუ ქვეყნის ინტერესებით თავის სასარგებლოდ ვაჭრობს! 30 წელია, საქართველოს ეს ტრაგედია სჭირს.
_ მოკლედ, სანამ ხელისუფლებაში პოფესიონალები არ მოვლენ, ქართულ ეკონომიკას არაფერი ეშველება, არა?
_ შეიძლება, შესანიშნავი ადამიანი იყოთ, ვიოლინო მოგცეთ და გითხრათ, ვახტანგ მაჭავარიანის ორკესტრში დაუკარითო, მაგრამ ვერ დაუკრავთ. ხელისუფლებაშიც ზუსტად ასე ხდება _ 30 წელია, ბელადმიყოლილი, შემთხვევითი ხალხი მოდის, რომელმაც არ იცის, უმაღლეს თანამდებობაზე რომ დაჯდება, იმ ინსტრუმენტზე, რომელსაც სახელმწიფოს მართვა ჰქვია, როგორ „დაუკრას“!

გიორგი აბაშიძე