#სირცხვილია _ საპროტესტო ტალღის გამოძახილი ყოფილი საპარლამენტო ქალაქიდან

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსი დეპუტატები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 20 ივნისს პირველად გამოჩნდნენ. იმ დღეებში თბილისმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში დედაქალაქს 25 ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელი ესტუმრა, მათ შორის იყო დუმის სამი დეპუტატი.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილი რუსმა დეპუტატმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა დაიკავა და „ქართული ოცნების“ წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
ამ ქმედებას საქართველოს რიგითი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოყვა. საბოლოოდ, ასამბლეა შეწყდა. გავრილოვი და რუსი დეპუტატები სასტუმროდან გაძლიერებული დაცვის თანხლებით გააპარეს. სამოქალაქო აქტივისტებმა, რომელთაც სასტუმროს ყველა შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდათ, რუს დეპუტატებს კვერცხები ესროლეს.
ფაქტს მოქალაქეების მიერ ორგანიზებული აქცია მოყვა. რიგითმა ადამიანებმა რუსული ოკუპაცია, რუსი დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჯდომა გააპროტესტეს და ხელისუფლების პასუხისმგებლობა მოითხოვეს. აქციაზე გამოჩნდნენ ოპოზიციის წევრებიც, რომლებიც ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.
სამართალდამცველებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
აქციის დაშლისას კლინიკაში გადაიყვანეს 240 მოქალაქე. მათგან 80 _ სამართალდამცველი. ორმა მოქალაქემ თვალი დაკარგა. მათგან ერთი 18 წლის გოგონაა. დაზიანება მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის 305 ადამიანი დააკავა.
საპროტესტო ტალღა დღემდე გრძელდება. სამოქალაქო პროტესტს გამოხმაურება მოყვა ბათუმსა და ქუთაისშიც.

***
ქუთაისში, რომელიც მსგავსი შემთხვევების დროს დიდი საპროტესტო ტალღით არ გამოირჩევა, პირველივე აქციაზე 300-ზე მეტი ადამიანი მივიდა. მას შემდეგ აქციები რეგულარულად, ყოველ საღამოს იმართება და ქალაქის მასშტაბით ავტომობილების მსვლელობით სრულდება. არსებული ვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის შესახებ ხმამაღლა საუბრობენ ქუთაისელი ახალგაზრდებიც.

აკაკი საღინაძე _ ქუთაისის აქციის ორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის“ დამფუძნებელი:
„მოქალაქეების ხმა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საქმე პრინციპულ საკითხს ეხება _ უნდა მოეწვიათ თუ არა რუსი დეპუტატები და უნდა ჰქონოდა თუ არა აქციის პირველ ღამეს ფატალური დასასრული“.

აქციების შესახებ

„ჩვენი პირველივე აქციის მიზანი იყო, რომ გაგვეპროტესტებინა რუსული ოკუპაცია და რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს წლებია ასეა და ეს არ არის ახალი თემა, მაგრამ მეორე საპროტესტო საკითხი იყო პროტესტი ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენი სახელმწიფო მოხელეები გულგრილები და ლოიალურები არიან პრორუსი სახეების მიმართ. მათ ისეთ შესაძლებლობებს აძლევენ, რაც წესით და რიგით ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოში კანონით უნდა იყოს აკრძალული. ეს იყო პროვოკაცია. ჩვენ ამ პროკოკაციას ვაპროტესტებთ ქუთაისში და სახელმწიფოს ვეუბნებით, მათ შორის, რუსეთსაც და იმ ადამიანებს, ვისაც კიდევ ერთხელ სჭირდებათ ამის შეხსენება, რომ საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ და აგერ უკვე ათი წელი შესრულდა, რაც ქართველი ადამიანები შეეწირნენ რუსების ნასროლ ტყვიას. პირველივე აქცია არ იყო ორგანიზებული რომელიმე კონკრეტული პარტიის ან კონკრეტული ორგანიზაციის მიერ.
ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს აქციის პირველ ღამეს განვითარებული ამბები და სხვა სარტყელში გადაჰყავს ეს ფაქტორი. ეს იყო არასამართლიანი, არაპროპორციული ძალების გამოყენება ჩვენნაირი, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. თბილისში ძალის გამოყენება საჭირო გახდა ხალხის დიდი რაოდენობის გამო, ჩვენ კი მცირე რაოდენობის გამო არავინ დაგვარბია _ ეს ხუმრობით. ჩვენთვის თბილისსა და ქუთაისში მყოფი დემონსტრანტი ერთია _ ეს არის რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი მოქალაქე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნის საქართველოსთვის. მეორე დღეს სწორედ ეს გავაპროტესტეთ და ყოველთვის აღვნიშნავთ _ სახელმწიფო არ უნდა ებრძოდეს საკუთარ ხალხს რეზინის ტყვიებით“.

დარბევის შესახებ

„გამორიცხული იყო, რომელიმე პარტიას რაიმე ყრილობა ჩაეტარებინა, მიეღო ეს გადაწყვეტილება და ეთქვა, მოდით, ახლა ავრიოთ ეს აქცია. ეს ძალიან არასწორი შეფასებაა. ერთადერთი პარტია, რომელსაც აქციის „არევა“ აწყობდა, არის „ქართული ოცნება“ იმიტომ, რომ აქციის დაშლა მხოლოდ მას აწყობდა. მაგრამ შეიძლება იმის განხილვაც, რომ ზოგიერთი ადამიანი აქციაზე მივიდა სხვა მოტივით _ არეულობის შესატანად. თუმცა ამ კონკრეტულ ადამიანებზე ვერ დავა ეს აქცია. აღშფოთებული ხალხის მხრიდან წამოსული გაღიზიანება არ იმსახურებდა მსგავს დასასრულს, შესაძლებელი იყო ხალხის სხვანაირად დაშოშმინებაც. ჩემი აზრით, რუსეთმა სასჯელის სახით გამოგვიგზავნა ეს ტყვიები ქართველის ხელიდან და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ არ არის აუცილებელი, თავად გვესროლოს. ის დღე ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მეორე დღეს რამდენიმე ჩემი ასაკისა და ჩემზე უმცროსი ახალგაზრდა ცალი თვალით შეხვდა. ისინი არ ითხოვდნენ ვინმეს ჩაგვრას, ვინმეზე ძალადობას. ითხოვდნენ იმის აღიარებას, რომ ჩვენ ვართ ჩაგრული რუსეთის მიერ და უნდა შევწყვიტოთ ყველანაირი მეგობრული თუ მეზობლური დამოკიდებულება ამ ქვეყანასთან“.

პარლამენტის აპარატი ქუთაისში რომ ყოფილიყო

„პარლამენტი ქუთაისში რომ ყოფილიყო, ხელისუფლებას პასუხს აქ ისევ გავცემდით და რა თქმა უნდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მით უმეტეს, „ქართული ოცნებისთვის“ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნება პარლამენტი იმისთვის, რომ რუს დეპუტატს სკამი გაუმზადოს. მაგრამ გავითვალისწინოთ ისიც, რომ თბილისი დედაქალაქია, იქ გაცილებით მეტია მოსახლეობა და მთავრობის წევრებმა მსგავსი პასუხიც ამიტომ მიიღეს. გაღიზიანება ამ ფაქტის მიმართ მოსახლეობის მხრიდან ქუთაისში ზუსტად იგივე დონის იყო, რაც დედაქალაქში. გასათვალისწინებელია ის, რომ მთავრობისგან არავინ ითხოვდა ბოდიშს, ყველა ითხოვდა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ, პირველ დღეს ეს პასუხისმგებლობა დააკისრეს ხალხს, რომელიც აქციაზე უდიერად დაარბიეს. სახელმწიფოში ვერავინ, ვერც ერთმა ინსტიტუტმა ორი დღის მანძილზე ვერ გადაწყვიტა, როგორ შეიძლებოდა აეღოთ პასუხისმგებლობა, როგორ ემოქმედათ და რა შეიძლება ეთქვათ ადამიანებისთვის“.

როგორ განვითარდება მოვლენები?

„რა თქმა უნდა, მმართველ ძალას უნდა, რომ აქცია მალე დაიშალოს და დარბევაც ოპოზიციურ ძალებს დაბრალდეს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მიერ გაჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ შიშით არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ვაძლევთ ხმას და ამ შიშს, ზოგადად, დიდი გავლენა აქვს. ეს ხელოვნურად შექმნილი იდეები ღრმადაა ჩაბეჭდილი ხალხში. პირველი აქციის შემდეგ მივხვდით, რომ ამ შიშს იწვევდა გაერთიანება, რომელიც მსგავსი ტიპის მეთოდებით მოქმედებდა, რა მეთოდებიც ხელისუფლებამ აქციის პირველ ღამეს გამოიყენა. პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე იქნებოდა თუ არა კობახიძე ისევ პარლამენტის თავმჯდომარე. პასუხისმგებლობა მთელ პოლიტიკურ გუნდს ეკისრება და აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ თავის წილ პასუხისმგებლობას ყველა არ აიღებს საკუთარ თავზე“.

იმედა ონიანი _ მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

ფაქტის შესახებ

„რუსეთის მხრიდან დღემდე მიმდინარეობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, საზღვრის ნელ-ნელა, თანდათანობით გადმოწევა, მიმდინარეობს მენტალური ოკუპაცია _ სხვადასხვა ძალა მუშაობს საქართველოში ხალხის ცნობიერების შესაცვლელად.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუს დეპუტატ გავრილოვის დანახვა იყო გაუგონარი ფაქტი, რომელიც, ფაქტობრივად, კაპიტულაციის ტოლფასია. ეს ადამიანი წესით ჩვენი ქვეყნის მიერ უნდა იყოს პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული. ამ დროს ხელისუფლებამ იგი საპატიო სტატუსით ჩამოიყვანა და ჩასვა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სკამში და მისცა საშუალება, იქიდან დაეცინა ქართველი ერისთვის. გავრილოვი მონაწილეობდა ჩვენ წინააღმდეგ აფხაზეთის ბრძოლაში, მან ხმა მისცა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, ეს პროტესტი ქართველი ხალხის მხრიდან აბსოლუტურად სამართლიანი იყო“.

დარბევის შესახებ

„ჩვენი ხელისუფლების ქმედებებით გაბრაზებულმა ხალხმა ვერ მოზომა ის, რომ შესაძლოა, მათი ქცევა ყოფილიყო გადამეტებული აქციის მშვიდობიან ფორმას, მაგრამ პოლიციის გადაცდომა მიუღებელია. ხალხის რეაქცია იყო მთავრობის მიერ ჩადენილი საქციელის პროპორციული და აბსოლუტურად სამართლიანი. ხელისუფლებას უნდა დაეცვა ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლება“.

რა იქნება მომავალში?

„ქუთაისი არ გამოირჩევა საპროტესტო აქციებზე დიდი გამოსვლებით, თუმცა ამ აქციებზე საკმაოდ ბევრი ხალხი გამოდის. ჩვენ შევიკრიბებით მანამ, სანამ რეალურ შედეგს, მმართველი გუნდის პასუხისმგებლობას არ დავინახავთ. შევიკრიბებით ყველანი, მოქალაქეები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ რუსი ჩვენი ნომერ პირველი მტერია, ოკუპანტია. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, პოლიტიკურ შეხედულებებს _ პოლიტიკოსები ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლოა, მოვიდნენ. ჩვენ შევეცდებით, ყველა აქცია რაც შეიძლება ნაკლებად პოლიტიზებული იყოს და არ გაკეთდეს პოლიტიკური განცხადებები. ხელისუფლება ხალხს ვერ გააჩერებს ბოდიშით, შელახულ ღირსებას მარტივად ვერ აღუდგენს“.

თუმცა ქუთაისში ყველა ერთნაირად არ ფიქრობს. ქალაქში მოიძებნებიან ადამიანები, რომელთათვისაც რუსეთი მოძმე ერია და აქციის დარბევას ამართლებენ. სამწუხაროდ, ეს პირები ქალაქის ხელისუფლებაში არიან ან მათთან ახლოს.

„ზოგს თვალში მოხვდება (ტყვია), ზოგს ტრ***ში“, _ წერდა ერთ-ერთი პოსტის კომენტარებში ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე. ხუციბერიძე უხამსი ლექსიკით და აგრესიული ფეისბუქ სტატუსებით აქამდეც გამორჩეული იყო.
ხუციბერიძე კომენტარის დაწერიდან მალევე თანამდებობიდან გაათვისუფლეს. საკუთარ მოსაზრებაზე და მერიიდან განთავისუფლებაზე მედიასთან და სოციალურ ქსელში მას განცხადება არ გაუკეთებია.

რუსეთს საშიშ მტრად არ მოიაზრებს ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრი, მწერალი ლია გვენეტაძე:
„მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს ეწვია, რადგან 19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა.
ახლა ლიბერალებს გეკითხებით, ამ ტრიბუნაზე თუნდაც რომელიმე გაუკუღმართებული სექტის წარმომადგენელი, ოკუპანტი თურქეთის ან გლობალისტური იდეოლოგიის წარმომადგენელი ამერიკელი რომ ასულიყო, ასეთ ამბავს ატეხდით?!!
ეს კაცი მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტია და ამ სტატუსით წარდგა პარლამენტში და არა, როგორც რუსეთის წარმომადგენელი!!! ასეც რომ არ იყოს, დიახ, დღეს ასეთ ვითარებაში, როდესაც ანტიქრისტიანული ე. წ. ლიბერალი გლობალისტები ყველა ხერხით ცდილობენ, მათ შორის, უზნეობის დანერგვის გზითაც, ქრისტიანების განადგურებას მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჭეშმარიტი მართლმადიდებლებისას და ახდენენ მათი ქვეყნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაგნაციას, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, ხოლო გლობალისტების დაფინანსებული ენჯეოების აკრძალვა სასწრაფო საქმედ… და რახან ასე გათავხედდნენ, მიეცით პასუხისგებაში ყველა, ვინც ხელს უწყობს ქვეყნისა და ხალხის განადგურებას!!!
დიახ, მე ვარ ჰომოფობი, რადგან ირგვლივ ვხედავ ამდენ ქვეყნის გამყიდველსა და პოლიტიკურ იმბეცილს!!!“ _ ამ სტატუსით გამოეხმაურა გვენეტაძე მომხდარ ფაქტს. სტატუსი გამოქვეყნებიდან მალევე გაქრა. ფაქტზე კომენტარი არც ქალაქის მერიაში და არც თავად მრჩეველს არ გაუკეთებია.

საპროტესტო ტალღა ქუთაისში დედაქალაქის პარალელურად გრძელდება. ქუთაისელმა ახალგაზრდებმა წამოიწყეს მოძრაობა „ფრთხილად, დამზადებულია რუსეთში!“ რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინონ რუსული წარმოების საკვები თუ სხვა პროდუქტები. ასევე მოუწოდებს, უარი თქვან რუსული ელექტრონული ფოსტით, მაილ.რუ- თი სარგებლობაზე.
აქციის მეოთხე დღეს ქუთაისელმა ახალგაზრდებმა, იმ მოტივით, რომ საქართველოში რუსეთის მსახურის ადგილი არ არის, თეთრი ნაჭრით დაფარეს ქუთაისში მდებარე საბჭთა გენერლის, ვასილ კიკვიძის ქანდაკება. ნაჭერზე იყო სიმბოლური წარწერა: „საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.

შორენა ლაღაძე