„დავაფასოთ საკუთარი და არ დავიჯღანოთ ქართულზე“

„ოქროს ტალღა 2019“ წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს და პომპეზური ხდება. ქართველი ვარსკვლავებიც ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, რადგან იციან, რომ წინ უზარმაზარი წითელი ხალიჩა და პაპარაცები ელოდებიან.

წელს „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. სპეციალურად „ოქროს ტალღისთვის“ კანადელი შემსრულებელი, მარკ მარტელი საქართველოში ჩამოვიდა, რომელმაც ლეგენდარული „ქუინის“ კომპოზიციები გორის ქალთა გუნდისა და თბილისის მერიასთან არსებულ ვაჟთა კაპელის, ასევე ცნობილი ქართველი ინსტრუმენტალისტების მონაწილეობით შეასრულა.

საქართველოს კინოთეატრებში ფილმი „ქუინის“ შესახებ დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა და ის უამრავმა ადამიანმა ნახა. კინოთეატრებში მისი პრემიერა რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ უზრუნველყო. სწორედ რადიოჰოლდინგის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით წლევანდელი „ოქროს ტალღა“ _ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია _ „ქუინს“ მიეძღვნა.
ქართველი მსმენელის წინაშე მარკ მარტელი პირველად წარდგა, რომელიც ფრედი მერკურის საუკეთესო მუსიკალურ განსახიერებად არის აღიარებული. როდესაც „ქუინის“ დრამერმა, როჯერ ტეილორმა, მარკ მარტელს პირველად მოუსმინა, თქვა: „მარკ მარტელის მოსმენისას თვალებს თუ დახუჭავთ, თვალწინ ფრედი მერკური წარმოგიდგებათ“. სწორედ ამიტომ შეარჩიეს უამრავ პრეტენდენტს შორის უპირობოდ მარკ მარტელი, როცა პროექტისთვის „ქუინ ექსტრავაგანზა“ სოლისტს ეძებდნენ.

ფაქტები, რომელიც უნდა იცოდეთ მარკ მარტელის შესახებ:
1999-2013 წლამდე იყო ჯგუფ Downhere-ს წევრი, რომელთან ერთადაც, სხვადასხვა კომპოზიციისთვის, 5-ჯერ დაჯილდოვდა Juno Awards-ით.
მარკ მარტელის ვიდეოები სხვადასხვა არხზე, მათ შორის, „იუთუბსა“ და „ფეისბუქზე“, 85-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.
იყო სტუმარი სხვადასხვა პოპულარული ამერიკული შოუსი, მათ შორისაა: American Idol (სადაც „ქუინთან“ ერთად გამოვიდა) და ელენ დეჯენერესის შოუ.
2016 წელს ერთ-ერთ კანადურ არხზე სელინ დიონის წინაშე მისივე მიწვეით წარდგა და მომღერლის სრული აღფრთოვანება დაიმსახურა.
საქართველოში „ბოჰემური რაფსოდია“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა.
მარკ მარტელმა ოპერისა და ბალეტის თეატრში მნიშვნელოვანი სიმღერები შეასრულა. ოვაციები და მხურვალე აპლოდისმენტები დარბაზში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
რაც შეეხება „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებას, მთავარი ჯილდო წლის სიმღერის ნომინაციაში გადაეცა ანრი ჯოხაძეს სიმღერისთვის „ცივი ნოემბერი“. მომღერალი უკვე მეორედ გახდა მთავარი პრიზის მფლობელი. პირველად მან იმავე ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა კომპოზიციით „განა ყველა ქალი ქალია“.

პირველი ემოციები მომღერალმა ანრი ჯოხაძემ „ქრონიკა+“-ს გაუზიარა:

_ ჩემთვის ეს ჯილდო, როგორც შემოქმედისთვის, არის სტიმული. უკვე მეორედ ვიღებ ამ კონკურსის მთავარ პრიზს. აღსანიშნავია, რომ ვიღებ პრიზს საკუთარი საავტორო სიმღერებით. ჩემს რეპერტუარში ძალიან მაგარი კომპოზიტორების სიმღერები მაქვს, მაგრამ, რატომღაც, ჩემ მიერ დაწერილი სიმღერები იმარჯვებს.
_ ანრი, რას იტყვით თვითონ „ოქროს ტალღაზე“? ასეთი მასშტაბური დაჯილდოების ცერემონიით არ ვართ ქართველები განებივრებულები და მით უმეტეს, შოუბიზნესის წარმომადგენლები…
_ ჩვენი სფერო პირდაპირ მიერთებულია სოციალურ მდგომარეობაზე. მსმენელს როცა აქვს ბილეთის ყიდვის საშუალება, კონცერტზე მოდის და როცა არ აქვს, ვერ _ მოდის. ნუ გავამტყუნებთ. მსგავსი ღონისძიებები წარმოქმნის სტიმულს. არ მიმაჩნია, რომ ვიღაცაზე ნაკლები მომღერლები და მუსიკოსები გვყავს საქართველოში, უბრალოდ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ნუ გვექნება ამერიკის დონის ამბიცია. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მაგარი მუსიკოსების ამბიცია.
_ დღევანდელ საღამოზე რას გვეტყვით, მოგეწონათ?
_ ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, რომ მარკ მარტელს ქართველი მუსიკოსები უკეთებდნენ ბეგრაუნდს. კარგად დაინახეთ, რომ არავისზე ნაკლები კლასის მუსიკოსები არ გვყავს. ამიტომ უნდა დავაფასოთ საკუთარი და არ დავიჯღანოთ ქართულზე. მეტი კი არაფერი არის ერის დეგრადაცია, საკუთარზე რომ იჯღანები და უცხოურზე გიჟდები, თუნდაც ნაგავი იყოს.
_ ფულადი ჯილდო 5 ათასი ლარი გადმოგეცათ…
_ უი, ფულადი ჯილდო არც გამხსენებია, ახლა შენ მითხარი. რა თქმა უნდა, ეგეც სასიამოვნოა. ამ თანხას ძმურად გავიყოფთ მე და ნიკა ჩერქეზიშვილი. რომ არა ამ ადამიანის ლექსი, არც ეს სიმღერა და არც ეს ჯილდო არ იქნებოდა. მას ვუხდი პირველ რიგში მადლობას.
_ საუბარს სანამ დავიწყებდით, მითხარი, რომ არ დამისვა კითხვა, ელოდი თუ არა გამარჯვებასო? მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ერთი ფაქტი: როდესაც სცენაზე ახვედი, საკმაოდ ნერვიულობდი, რაც იშვიათად გემართება ხოლმე. შესაბამისად, ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა, _ ნამდვილად არ ელოდი გამარჯვებას?
_ იცით, რა არის? _ როცა ნომინირებული ხარ, რაღაც დოზით და პროცენტით ელოდები გამარჯვებას, მაგრამ როცა გასახელებენ მთავარ პრიზად, ეს არ ვიცი, რა შეგრძნებაა. დამიჯერეთ, მართლა მოვკვდი ნერვიულობით. მე რომ სიტყვებს ვერ მოვუყრი თავს, თქვენ წარმოიდგინეთ, რა დონეზე ვინერვიულე. გული ლამის გამისკდა. ეს იყო ბედნიერების განცდა და დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ყურადღება სასიხარულოა.

ახლა კი გთავაზობთ „ოქროს ტალღა 2019“-ის გამარჯვებულების სრულ ჩამონათვალს:
წლის დებიუტი _ Project-O _ „არ მახსოვს“ (კომპოზიტორი: ნიკა კაცია; ტექსტი: ანი კავლელიშვილი; არანჟირება: გიორგი დათიაშვილი);
წლის დუეტი _ გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები _ „ისე ძლიერ შეგიყვარე“ (კომპოზიტორი და ტექსტი: ნატო გელაშვილი; არანჟირება: ბორიკო შხიანი);
წლის რიმეიქი _ სოფო ნიჟარაძე და საბა კემულარია _ „შემოდგომა“ (კომპოზიტორი: ოთარ თევდორაძე/ტექსტი: ვახტანგ გოგოლაშვილი);
წლის ჯგუფი/ანსამბლი _ ანსამბლი შვიდკაცა _ „მხარე ლამაზი“ (კომპოზიტორი: მაცაცო სებისკვერაძე/ლექსი: გრიგოლ აბაშიძე; არანჟირება: რომა გიორგაძე);
წლის ქალაქური სიმღერა _ ლაშა ღლონტი და გროს ოქტეტი _ „ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ“ (კომპოზიტორი: მამუკა ჩარკვიანი/ლექსი: ჯანსუღ ჩარკვიანი; არანჟირება: მერაბ მამულაშვილი);
წლის მომღერალი ქალი _ მაკა ზამბახიძე _ „ჩემთან ერთად“ (კომპოზიტორი და ტექსტი: მანუჩარ მანჯავიძე);
წლის მომღერალი მამაკაცი _ სტეფანე _ „შენთან მოვდივარ“ (კომპოზიტორი: სტეფანე მღებრიშვილი/ ტექსტი: ზაზა კოშკაძე);
მუსიკის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ _ ნანი ბრეგვაძე;
მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი _ მამუკა ჩარკვიანი;
მუსიკალური პროდიუსინგი _ გიორგი კერესელიძე (ისთერნ პრომოუშენი);
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული _ სოფო გელოვანი;
მუსიკალური ვიდეოკლიპი _ ნოდიკო ტატიშვილი („მე ვოცნებობდი“ (კომპოზიტორი: დავით მჭედლიშვილი (Davi mc)/ტექსტი: დავით მჭედლიშვილი (Davi mc) და მანანა გურგენიძე, არანჟირება: ალეკო ბერძენიშვილი; კლიპის რეჟისორი: ნესტან სინჯიკაშვილი);
ინეტრნეტრჩეული _ ბაჩო რამიშვილი _ „შენ ხარ სამყარო“ (კომპოზიტორი: შეთე, ტექსტი: ბაჩო რამიშვილი);
მუსიკალური ტელეპროექტი _ „მხოლოდ ქართული“ ნიკა გვარამია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“;
წლის სიმღერა _ ანრი ჯოხაძე _ ცივი ნოემბერი (კომპოზიტორი: ანრი ჯოხაძე/ტექსტი: ნიკა ჩერქეზიშვილი).

„ქრონიკა+“ გთავაზობთ „ოქროს ტალღა 2019“-ის გამარჯვებულთა კომენტარებს:

თამარ ჩიგოგიძე _ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი:
_ „ოქროს ტალღა“ ჩვენთვის არის უაღრესად ღირებული პროექტი, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში საქართველოში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ წლიდან წლამდე მუსიკოსებს უფრო მეტი კარგი ნამუშევარი მოაქვთ რადიოკომპანიაში. ისინი როტაციას გადის და სიმღერების გადარჩევა ხდება, შემდეგ უკვე ჟიურის წევრებს მიეწოდება, რომლებიც საუკეთესო სამეულს არჩევენ, ხოლო საუკეთესო ხუთეულს _ ჩვენ, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წარმომადგენლები. მიხარია, რომ პროექტი ყოველ წელს იხვეწება, უფრო მასშტაბური და რეზონანსული ხდება და ვფიქრობ, ამ ყველაფერმა გაამართლა. ყველაზე მთავარია ხალხის, ჩვენი მსმენელის და, რა თქმა უნდა, მუსიკოსების განწყობა, რომლებიც გახარებულები მიდიან „ოქროს ტალღის“ სტატუეტით.

ლაშა ღლონტი _ მომღერალი:
_ ნებისმიერი ჯილდო საპატიოა, რომელიც სიმღერას ეხება და მით უმეტეს, ნომინაციაში _ ქალაქური სიმღერა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მამუკა ჩარკვიანს, ჩვენს გენიალურ შემოქმედს, _ მისი სიმღერა იყო და, რეალურად, ეს ჯილდო მისი დამსახურებაა. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამ სიმღერის ყველა ადრინდელ შემსრულებელს. ასეთი ღონისძიება დიდი ბედნიერება და სიხარულია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და ყველა ზეიმობს დიდ დღესასწაულს. დღეს ერთ-ერთმა მონაწილემ კარგად აღნიშნა, რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. სწორედ ერთმანეთის სიხარული და წარმატება გადაგვარჩენს. ძალიან დიდი მადლობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, ასევე „რუსთავი 2-ს“, რომელიც ყველასთვის ხარისხიანი პროექტების გვერდით დგას და ჩვენს უცხოელ სტუმარ მარკ მარტელს, რომელმაც გენიალურად იმღერა ფრედი მერკურის სიმღერები.

სოფო გელოვანი _ მომღერალი:
_ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სახის ღინისძიებების ჩატარება. სულ ვამბობ, რომ არ ვართ განებივრებულები, გვაკლია ყურადღება და ეს არის ის ადგილი, სადაც მომღერლები ვგრძნობთ ყურადღებას, დაფასებას. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს „ფორტუნა“ და „ოქროს ტალღა“. ყველა ჩემს კოლეგას ვულოცავ გამარჯვებას. ერთი რამ მინდა აღვნიშნო: თუ ერთმანეთის წარმატება და წინსვლა არ გაგვიხარდება, ვერ გავიზრდებით, როგორც მომღერლები, ღირებულს ვერაფერს შევქმნით, ამიტომ ჩემს ყველა კოლეგას წარმატებასა და გამარჯვებას ვუსურვებ.
_ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ სოფო გელოვანისგან?
_ ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, რომელიც დასასრულს მიუახლოვდა. სიმღერები იწერება „ბრავო რეკორდში“. კომპოზიტორი გახლავთ მიშა მდინარაძე. ეს არის ის მუსიკა, რომელიც ძალიან მიყვარს.
_ მიშა მდინარაძეს ძალიან განსხვავებული მუსიკალური სტილი აქვს, არ ჰგავს ყველას. რა ჟანრს გულისხმობთ?
_ ნარევია, სხვადასხვა ჟანრია და ჩემთვის ეს, ფაქტობრივად, ერთგვარი ექსპერიმენტიცაა. საფიქრალი მუსიკაა, ძალიან ბევრს ვფიქრობთ, თუ როგორი გამოვა ეს პროექტი. პროექტის ფარგლებშივე იწერება ალბომი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება.

მაკა ზამბახიძე _ მომღერალი:
_ ეს არის უდიდესი სიხარული და ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში. „ოქროს ტალღა“ _ მადლობა ამ ჯილდოსთვის, „წლის საუკეთესო ქალი მომღერალი“. ეს ჩემი გუნდის დამსახურებაა, ჩემი ყველაზე მაგარი პროდიუსერის, კახა მამულაშვილის (მამულიჩა) და ჩემი ჯგუფის NNon stop bend-ის. ასევე ძალიან დიდი მადლობა სიმღერის ავტორ მანუჩარ მანჯავიძეს. მიყვარხართ!

სოფო ნიჟარაძემ და საბა კემულარიამ წლის რიმეიქისთვის განკუთვნილი პრიზი მოიპოვეს სიმღერისთვის „კართან მოდგა შემოდგომა“, მისი ახალი ვერსიის არანჟირება ზვიად ბოლქვაძეს ეკუთვნის.

სოფო ნიჟარაძე _ მომღერალი:
_ ჩვენმა სიმღერამ და მისმა ახალმა ვერსიამ წელს „ოქროს ტალღაზე“ საუკეთესო რიმეიქის ჯილდო აიღო. მადლობა ზვიად ბოლქვაძეს, „ნიუტონს“, „რუსთავი 2-ის“ გუნდს, „ნანუკას შოუს“ ამ ულამაზესი და ყველასთვის საყვარელი სიმღერის სრულიად განსხვავებული ვერსიის შექმნისთვის. მადლობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „ოქროს ტალღას“, ასევე ჟიურის ჩვენი დაფასებისთვის. ეს არის კიდევ ერთი სტიმული იმისთვის, რომ არ გავჩერდეთ და ვიაროთ წინ, ვაკეთოთ მეტი.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ტალღა“ 2014 წლიდან რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით იმართება. მთავარი ჯილდოს, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებულები სხვადასხვა დროს გახდნენ: ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე, სტეფანე მღებრიშვილი, ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე.

გიორგი საკარული