„შუმახერს ვიღაც „პოლიტიკური პრასტიტუტკები“ შეხვდნენ!“


რამდენიმე დღის წინ მსოფლიო პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ფორმულა 1-ის“ ლეგენდა, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ავსტრიელი მრბოლელი ნიკი ლაუდა, 70 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
„ცნობილი სპორტსმენის ოჯახს მიუსამძიმრეს „ფერარისა“ და „მაკლარენის“ გუნდების წარმომადგენლებმა, რომელთა ბოლიდებითაც ლაუდამ წარმატებას მიაღწია“, _ იუწყებოდა მსოფლიო მედია.

ვინ იყო ნიკი ლაუდა? _ ის მსოფლიო ჩემპიონი 1975 და 1978 წლებში „ფერარით“ გახდა, 1984 წელს კი _ „მაკლარენით“.
„ფერარის“ გუნდში ლაუდა 1974 წელს მივიდა და მსოფლიო ჩემპიონი მეორე წელსვე გახდა. როგორც ამბობენ, მას შედეგის მიღწევა 1976 წელსაც შეეძლო, მაგრამ გერმანიაში, ცნობილ „ჩრდილოეთ მარყუჟის“ ტრასაზე, რომელსაც ასევე „მწვანე ჯოჯოხეთის“ სახელითაც იცნობენ, ავტოავარია მოუვიდა _ მეორე წრეზე ლაუდას მანქანა ტრასას მოსწყდა, მესერს შეეჯახა, ცეცხლი მოეკიდა და ისევ ტრასაზე დაბრუნდა, სადაც უკან მომავალი ბოლიდი შეეჯახა.
ლაუდა ნამსხვრევებს შორის გაიჭედა, ამასთან, შლემი მოძვრა და თავის სერიოზული დამწვრობა მიიღო.
მაშინ ლაუდა სიკვდილს შეჯიბრის სხვა მონაწილეებმა გადაარჩინეს _ მათ საკუთარი ავტომობილები გააჩერეს და კოლეგას დაეხმარნენ.
ლაუდას სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, ანუ კომაში იყო, თუმცა ექიმებს ძალისხმევით იგი გადარჩა.
ამ ავარიის შედეგად ლაუდამ თვალი დაიზიანა, რის გამოც 1976-77 წლები უტიტულოდ დაასრულა.
1977 წელს ლაუდა შუა რბოლიდან თავისი ნებით გავიდა, რადგან წვიმის გამო ტრასის დანახვა ვერ შეძლო.
მიუხედავად ამისა, 1978 წელს ლაუდა მაინც გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და განაცხადა, _ მომავალი წლიდან „ფორმულა 1-ს“ თავს დავანებებო, მაგრამ 1982 წელს, „მაკლარენის“ თხოვნით, რბოლებს დაუბრუნდა და 1984 წელს მესამე წარმატებასაც მიაღწია.
საბოლოდ, სპორტს ნიკი ლაუდა 1986 წელს ჩამოშორდა და საავიაციო ბიზნესს მიჰყო ხელი. მას ორი კომპანია ჰქონდა: Lauda Air-ი, რომელიც 2000-იან წლებში გაყიდა და Niki, რომელიც 2017 წელს გაკოტრდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ თავიდან Lauda Air-ში ლაუდა რეისებს თავად ასრულებდა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნიკი ლაუდამ არაერთი ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, მათ შორის, ორჯერ თირკმელი გადაინერგა, 2018 წლის აგვისტოში კი _ ფილტვი.
2005 წელს ლაუდას მეორე თირკმელი მისმა მაშინდელმა მეგობარმა ქალმა, ბრიჯიტ ვეცინგერმა მისცა, რომელიც ლეგენდარული პილოტის ავიაკომპანიაში ბორტგამცილებლად მუშაობდა.
2008 წელს წყვილმა იქორწინა. ერთი წლის შემდეგ კი ტყუპი შეეძინა.

***
„ნიკი ლაუდა ავტოსპორტის ნამდვილი ვარსკვლავი იყო“, _ ეუბნება „ქრონიკა+“-ს ვეტერანი ქართველი ავტომრბოლელი დავით ჩაჩანიძე, რომელიც „ფორმულა 1-ის“ ლეგენდას პირადად იცნობდა და მასთან მეგობრობდა.
სხვათა შორის, დავით ჩაჩანიძე ის პირველი ქართველი პილოტია, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების შუახანებში „ფორმულა 1-ზე“ ტესტპილოტის სტატუსით გამოდიოდა.
ამას გარდა, როგორც ირკვევა, დავით ჩაჩანიძე უშუალოდ იყო ჩართული მსოფლიოს ერთ-ერთ გიგანტ ავტომწარმოებელთან მოლაპარაკებებში. კერძოდ, „რენოს“ სურდა, რომ საქართველოში არათუ თავისი წარმომადგენლობა გაეხსნა, არამედ ქარხანაც აეშენებინა და ჩვენს ქვეყანაში წარმოებული „რენოს“ ავტომობილები მსოფლიოში გაყიდულიყო, თუმცა ეს პროექტი და მოლაპარაკება ჩაიშალა.
რატომ? _ როგორც დავით ჩაჩანიძესთან საუბრით ირკვევა, მაშინდელი ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს მადა გაეხსნათ და „რენოს“ ბიზნესის „დაკრიშვა“ მოინდომეს. შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთმა გიგანტმა ავტომწარმოებელმა ოფიციალურ თბილისთან მოლაპარაკებები აღარ გააგრძელა და მის მენეჯმენტს ასეთი ფრაზაც უთქვამს, _ საქართველომ იდარდოს, თორემ ჩვენ არაფერს ვკარგავთო.
ზოგადად, ავტოწარმოება და ასევე ავტოსპორტი, როგორც ამ საქმის სპეციალისტები ამბობენ, „ფულის საჭრელი „ცეხია“. ალბათ, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ქართველმა ჩინოვნიკებმა ერთ-ერთ ქართველ მცირეწლოვან პილოტს შუმახერთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს.
„შუმახერს პოლიტიკური „პრასტიტუტკები“ შეხვდნენ“, _ ამბობს ვეტერანი პილოტი დავით ჩაჩანიძე და ნიკი ლაუდასთან, ასევე შუმახერთან ურთიერთობის დეტალებს გვიყვება. ამას გარდა, ჩვენი რესპონდენტი იმის შესახებაც საუბრობს, თუ როგორ ჩაიშალა საქართველოში „რენოს“ წარმომადგენლობისა და ქარხნის გახსნა და რატომ ვერ მოხერხდა ლეგენდარული ნიკი ლაუდას საქართველოში ჩამოყვანა.
მოკლედ, წინამდებარე ინტერვიუ მხოლოდ ავტოსპორტის მოყვარულებს კი არა, საზოგადოების სხვა ფენების წარმომადგენლებსაც დააინტერესებს.

დავით ჩაჩანიძე, ვეტერანი ავტომრბოლელი:

_ ანდრეს ნიკოლას ლაუდა, ანუ ნიკი ლაუდა ავტოსპორტის პელე იყო.
დღევანდელი სპორტსმენები ტექნიკაში კი ერკვევიან, მაგრამ მანქანის გაკეთებაში ნაკლებად ერევიან _ ფიზიკურად არ მუშაობენ. ნიკი ლაუდა კი მექანიკოსებს თავზე ადგა და თავისი მანქანის, ასე ვთქვათ, დაინსტალირებაში ეხმარებოდა.
მოკლედ, ლაუდას ჯერ ფილმებით და გაზეთებით ვიცნობდი, მერე კი, როცა იტალიაში ჩავედი და იტალიელების სახელით გამოვდიოდი, პირადად გავიცანი. ნიკი ლაუდა „ფიატში“ იყო, „ფიატი“ და „ფერარი“ კი, პრინციპში, ერთი და იგივეა.
_ იტალიაში პირველად როდის ჩახვედით?
_ 1989 წელს, მეორედ კი _ 1995-ში.
_ იტალიაში თქვენი სურვილით ჩახვედით?
_ არა, როგორც სპორტსმენი, მიმიწვიეს…
მსოფლიო ავტოსპორტში ერთ-ერთი ცნობილი გუნდი და, ასე ვთქვათ, საჯინიბო „ავტომავერიკია“. ამ საჯინიბოში ავტოსპორტის აბსოლუტურად ყველა სახეობაა განვითარებული _ „კარტინგით“ დაწყებული, „პირველი ფორმულით“ დამთავრებული.
მოკლედ, ამ გუნდში მოვხვდი და შეჯიბრებებზე გამოვდიოდი.
ერთხელაც, მონცას ტრასაზე მომიწია გამოსვლა. პროტოტიპით დავდიოდი.
_ პროტოტიპი რა არის?
_ ფორმულასნაირი მანქანა. ნიკი ლაუდაც სწორედ მაშინ გამაცნეს.
სხვათა შორის, ეს ის პერიოდია, როცა შუმახერმა აღზევება დაიწყო. საერთოდ, ნიკი ლაუდა 70-80-იანი წლების ავტოსპორტის კორიფე იყო…
_ ამის შემდეგ მასთან ურთიერთობა კიდევ გქონდათ?
_ დიახ. ამ დროს საბჭოთა კავშირი უკვე ინგრეოდა და ჩემ მიმართ ცოტა დაცინვის ფაქტორი არსებობდა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ არ ელოდნენ, ასეთი სიარული თუ შემეძლო, მაგრამ რეზულტატები რომ ნახეს, გაუსწორდათ… ნიკი ლაუდასთან ასე ნელ-ნელა დავახლოვდი. ერთი ჩვევა მაქვს _ შეჯიბრებამდე ტრასაზე ფეხით გავდივარ და ვათვალიერებ ხოლმე. ერთ დილასაც ლაუდა შემხვდა, მომესალმა და საუბარი გავაბით. მერე, წლები რომ გავიდა, საქართველოში მის ჩამოყვანას ვგეგმავდით. ამ თემაზე მიწერ-მოწერაც გვქონდა. სხვათა შორის, მალე მსოფლიოს ვეტერანი ავტომრბოლელების შეხვედრა უნდა გაიმართოს და მეც დაპატიჟებული ვარ…
_ სანამ თქვენ გაგიცნობდათ, ნიკი ლაუდამ საქართველოს არსებობა იცოდა?
_ არა. ლაუდასთვის კავკასიელი რუსი ვიყავი… სხვათა შორის, მაშინ იტალიაში ძალიან პოპულარულები იყვნენ დათო ყიფიანი, სუხიშვილები და, თავისთავად ცხადია, სტალინი და შევარდნაძე.
ერთი სიტყვით, ლაუდას ვუთხარი, „ფერარიში“ მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ეს ოცნება ამისრულდა და თქვენნაირ ცნობილ პიროვნებასთან შეხვედრის შანსი მომეცა-მეთქი.
_ იცი, ცნობილი ვინ არისო? _ ვინ-მეთქი? _ დავინტერესდი. წამიყვანა და ტაციოს ძეგლი მაჩვენა.
_ ტაციო ვინ იყო?
_ ერთ-ერთი პილოტი, რომელსაც ფერარი ენდობოდა. ზოგადად, ფერარის ყველა მიღწევა სწორედ ამ ტაციოს დამსახურება იყო. აი, ტაციოსნაირი ფერარიში არასოდეს არავინ ყოფილა და არც იქნებაო, _ მითხრა ნიკი ლაუდამ. მის მერე ხშირად ვსაუბრობდით და რაღაცებს ვეკითხებოდი ხოლმე. მოტოციკლეტით კარგად დადიოდა. ჩემი მოღვაწეობა მეც მოტოსპორტით დავიწყე და საერთო ამ მხრივაც გამოვნახეთ.
_ წეღან მითხარით, ნიკი ლაუდას სქართველოში ჩამოყვანა იგეგმებოდაო. მოლაპარაკება ვერ შედგა თუ რა მიზეზით არ ჩამოვიდა?
_ რაღაც პრობლემები გაჩნდა.
_ რა პრობლემები?
_ მიუხედავად იმისა, რომ ფულს არ ითხოვდა, შეთანხმება არ შედგა.
_ რატომ?
_ საქართველოში ვეტერანთა შეჯიბრში უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა „ფერარის“ დირექტორი იყო და გრაფიკიც დატვირთული ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ეს მოლაპარაკება ვერ შედგა, თუმცა გეგმაში ისევ არის, რომ საქართველოში საკმაოდ ცნობილი პილოტები და მსოფლიოს ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობის ვარსკვლავები ჩამოვიდნენ. შესაბამისად, ქართველ გულშემატკივარს მათი ნახვისა და თუნდაც ფოტოების გადაღების საშუალება ნამდვილად ექნება.
_ როგორც ვიცი, ურთიერთობა შუმახერთანაც გქონდათ, ბატონო დათო, არა?
_ დიახ. სხვათა შორის, შუმახერი თბილისში იყო ჩამოსული. ზოგადად, შუმახერი ძალიან ძლიერი პილოტი იყო, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე კარგი თვისება ის გალხდათ, რომ 23 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მაგრამ ეს ტიტული, როგორც იტყვიან, თავში არ აუვარდა.
მეც იმ გუნდში ვიყავი, რომელშიც შუმახერი იყო. როგორც გითხარით, მაშინ საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და ისე გამოვიდა, რომ არარსებული ქვეყნის არარსებული მოქალაქე ვიყავი, ანუ ქართული პასპორტიც არ გვქონდა… საქართველოდან 15 კაცი უნდა წაგვეყვანა, აქედან ერთი ავტოინჟინერი უნდა ყოფილიყო, ერთი _ ეკონომიკის სპეციალისტი, ერთი _ ექიმი და ტელეოპერატორები, მაგრამ როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, 15-ის ნაცვლად დელეგაცია უცებ 115-კაციანი გახდა.
ზურაბ ჟვანიასთან მივედი და ვუთხარი, _ ზურა, დახმარება მინდა-მეთქი.
_ ამ დროს ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარე იყო?
_ დიახ. შევარდნაძესთანაც შევედი და მთელი დოკუმენტაცია დავუდე, _ საქართველოს სახელი იქნება-მეთქი. ამ დროს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე კახი ასათიანი იყო და ე. წ. ტექნიკურ სპორტთან შეხება არ ჰქონდა, მაგრამ ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, _ აი, შენ 5 ათასი დოლარი, ეს ჩემი პირადი ფულიაო…
_ ანუ შევარდნაძესა და ჟვანიას დახმარებას იმაში სთხოვდით, რომ ქართველ ავტომრბოლელებს მსოფლიო დონის შეჯიბრში მიეღოთ მონაწილეობა და ამისთვის სახელმწიფოსგან დაფინანსება გინდოდათ?
_ დიახ, მაგრამ ვერაფერი გავაკეთეთ.
_ რატომ?
_ შევარდნაძემაც მითხრა, მოგეხმარებითო და ჟვანიამაც, მაგრამ იცით, რა ხდებოდა?
_ რა?
_ ერთ-ერთ მანქანას სერიოზული რეკლამა გავუკეთეთ, ანუ თბილისში „რენო“ უნდა ჩამოსულიყო და მისი წარმომადგენლობა გახსნილიყო. ასევე ქარხნის აშენებაც იგეგმებოდა _ მანქანები აქ აეწყობოდა და გაიყიდებოდა. ახლა, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა ფულსა და ინვესტიციაზე იქნებოდა ლაპარაკი?
_ დიახ, წარმომიდგენია, მაგრამ ვერ ვხვდები, ეს მოლაპარაკება მაშინდელმა „ვერხუშკამ“ რატომ ჩაშალა?
_ ამათ მუღამი რომ გაუგეს, რა და როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო, ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა.
_ როგორც ვხვდები, ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება და „დაკრიშვა“ ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდოდათ?
_ ჰო, რა… ერთი სიტყვით, ყველაფერი ჩაიშალა. იძულებული გავხდით, რომ „რენოსთვის“ ბოდიში მოგვეხადა, მაგრამ იცით, რა გვითხრეს?
_ რა?
_ ეს ჩვენი პრობლემა არ არის და თქვენმა ქვეყანამ იდარდოსო.
ასე იყო თუ ისე, შეჯიბრზეც ვეღარ გამოვედით. ზოგადად, შეგიძლია, რომელიმე გუნდის სახელით იარო, მაგრამ აუცილებელია, რომ შენი ქვეყნის დროშა და ჰიმნი გქონდეს.
_ 90-იან წლებში ჩვენი დროშაც გვქონდა და ჰიმნიც. შესაბამისად, დროშისა და ჰიმნის წაღება რა პრობლემას წარმოადგენდა?
_ კი ბატონო, სამფეროვანი დროშა გვქონდა, მაგრამ ქართული პასპორტი არ არსებობდა.
მოკლედ, მაშინ ვერ წავედით, მაგრამ დღეს ამ შეჯიბრზე ქართველი გოგო გამოდის, ოღონდ _ ფრანგების სახელით.
_ ბატონო დავით, იმას, რომ 90-იან წლებში ქართველებმა მსოფლიო ავტოსპორტის შეჯიბრში მონაწილეობა ვერ მიიღეს, პოლიტიკური სარჩული ჰქონდა?
_ აქ ქვეყნის უნიათობაზე იყო საუბარი. ავდექი, ამათ მთავრობას მივაფურთხე, წავედი და ისევ იტალიელების სახელით გამოვდიოდი.
მართალია, წარმატება გვქონდა, მაგრამ მაინც ტესტპილოტები ვიყავით, ანუ პირველ პილოტად არ გვთვლიდნენ.
_ მაგალითად, შუმახერის ტესტპილოტი თუ ყოფილხართ?
_ არა, თუმცა შუმახერთან ერთად მივარჯიშია. სხვანაირად არ გამიგოთ და, ერთ-ერთი პირველი ქართველი ვარ, ვინც „პირველი ფორმულით“ იარა და ამის დოკუმენტებიც არსებობს. მახსოვს, მაშინ მთელი იტალიური პრესა ჩვენით იყო აჭრელებული.
_ ვერ ვხვდები, „პირველ ფორმულაში“ საქართველოს სახელით რატომ არ გამოდიოდით?
_ ვერ გამოვიდოდი.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ საქართველოს საიმისო ტექნიკა არც ჰქონდა და არც _ აქვს.
_ საქართველოში „რენოს“ ქარხანა რომ აშენებულიყო და სახელმწიფოს თქვენი წამოწყებისთვის ხელი შეეწყო, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, არა?
_ დიახ.
_ ბატონო დავით, დამიკონკრეტეთ, საქართველოში „რენოს“ ქარხნის აშენება ვინ ჩაშალა _ შევარდნაძემ, ჟვანიამ თუ სხვა ვინმემ?
_ მთლიანად სახელმწიფომ.
_ რა უცნაურია _ მსოფლიო ბრენდის ქარხნის აშენებისთვის სახელმწიფოს ხომ უნდა შეეწყო ხელი?
_ კი, უნდა შეეწყო, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, _ პოლიტიკური განათლება აკლდათ და ძალიან ბევრ რამეში ვერ ერკვეოდნენ!
ამას გარდა, საქართველო ახლა არ არის მზად და მით უმეტეს, მაშინ, 90-იან წლებში იქნებოდა მზად, რომ „რენოს“ ქარხანა აშენებულიყო?
_ ისე, მსმენია, რომ ავტოსპორტში ძალიან ბევრი ფული კეთდება. ასეა?
_ კი, კი. ეს საკმაოდ რაინდული, ძვირადღირებული სპორტი და, როგორც იტყვიან, დიდი ფულის საჭრელი „ცეხია“!
_ ავტოფედერაციები საქართველოშიც არსებობს. ეს ფედერაციებიც ფულის საჭრელი „ცეხებია“?
_ თუ ვინმე თავისთვის რამეს აკეთებს, არ ვიცი, მაგრამ ისე რა ფული უნდა გაკეთდეს? ქართველი პილოტები კი არიან, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდ წარმატებას ვერ აღწევენ. საერთოდ, პილოტი ბავშვობიდან უნდა გაზარდო, მაგრამ სქართველოში ამის საშუალება არ არის.
_ რატომ არ არის?
_ ხომ გითხარით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული სპორტია-მეთქი? ისე, ქართველებს საკმაოდ კარგი სკოლა გვაქვს და იმასაც გეტყვით, რომ, თავის დროზე, მსოფლიოში ცნობილი პილოტებიც გყვავდა.
_ შუმახერი საქართველოში ვინ ჩამოიყვანა?
_ სააკაშვილის დროს, თუ გახსოვთ, ქუჩაში უსაფრთხო მოძრაობის პროექტი ხორციელდებოდა. ჰოდა, შუმახერი, ცოლთან ერთად, საქართველოში გავლით იყო _ ვიღაცებთან სურათები გადაიღო და გვითხრა, ქართველები კარგები ხართო.
სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ შუმახერმა ერთ-ერთ პატარა ქართველ პილოტს მოწვევა გამოუგზავნა. ეს ძალიან მტკივნეული თემაა.
_ მტკივნეული თემა რატომ არის?
_ ბავშვმა შუმახერს მისწერა (ძალიან მაგარი ბავშვი იყო _ ოთხი წლის ასაკში „კარტინგზე“ დადიოდა და თავისზე დიდებს უგებდა)… მოკლედ, შუმახერს მისწერა, ასე და ასეა, „კარტინგით“ დავდივარ და შენი ფანი ვარო.
შუმახერმა ამ ბავშვს თავისი მაისური, ასევე ვიზა გამოუგზავნა და შეჯიბრზე დაპატიჟა, თან მოსწერა, _ მეც შენსავით პატარა ვიყავი, როცა ყველაფერი დავიწყეო.
სამწუხაროდ, ეს ბავშვი არ შეახვედრეს და შუმახერს ვიღაც „პოლიტიკური პრასტიტუტკები“ შეხვდნენ!
_ ამ „პოლიტიკურ პრასტიტუტკებს“ შუმახერთან შეხვედრა ფინანსური მოგებისთვის უნდოდათ თუ პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად?
_ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შუმახერია და ხომ იცით, ვიღაცებს ეს მომენტი აქვთ, აი, კამერების წინ შუმახერთან ერთად გამოვჩნდითო…

გიორგი აბაშიძე