ნიკა ჩიტაძე: „ხელისუფლება არჩევნების მოსაგებად ყველაფერს კადრულობდა“

შუალედური არჩევნები, როგორც ჩანს „ქართული ოცნებისთვის“ პრინციპული მნიშვნელობის იყო. როგორც თავად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია ამბობს ფარულად გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, მმართველ გუნდს ყველანაირი მეთოდის გამოყენებით უნდა მოეგო არჩევნები. განსაკუთრებით ზუგდიდში, წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნება“ მისთვის დამახასიათებელი სტილით ცდილობდა შავი პიარის აგორებას ოპოზიციური კანდიდატის წინააღმდეგ.

რამდენად შეშინებულია ხელისუფლება? რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ „ოცნება“ ყველანაირ მეთოდზე იყო წამსვლელი არჩევნების მოსაგებად? რამდენად რეალურია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რა შემთხვევაში შეიძლება დათმოს მმართველმა გუნდმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:
_ნიკა, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ იმ უთანხმოებაზე ალაპრაკდა, რომელიც მასსა და ხელისუფლებას შორის იყო?
_ პირველ რიგში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამინისტრო საქართველოში, მით უმეტეს, როდესაც გაუქმდა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტრო და მათი ცალკეული დეპარტამენტები უკვე ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში შევიდა. ამიტომაც ეკონომიკის სამინისტრო პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგეტიკულ და ეკოლოგიურ პოლიტიკაზე და ა. შ. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი გვამცნობს, რომ ქვეყანაში გარკვეული ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, შარშანდელი მონაცმებით საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4%-ს გადააჭარბა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ექსპორტის მოცულობა გაიზარდა, დაახლოებით, 17%-ით, რეალურად კი მოსახლეობა ვერ გრძნობს შვებას და უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც უკმაყოფილოა არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით. აღნიშნულზე მეტყველებს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვები, ასევე „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვებიც, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 60%-ის აზრით, მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ლარის კურსის გაუფასურებაც, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება და სტატისტიკის სამსახური, ეკონომიკის ზრდას აცხადებს, ლარის კურსი მაინც უფასურდება სხვადასხვა საგარეო და საშინაო ფაქტორის გამო. გარდა ამისა, ჯინის კოეფიციენტი (სოციალური უთანასწორობის მაჩვენებელი, _ რედ.) საქართველოში იზრდება, ანუ მაღალშემოსავლიანი ადამიანები უფრო მაღალ შემოსავალს იღებენ, ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან, სოციალური დისპროპორცია იზრდება და საქართველო ჯინის კოეფიციენტის მიხედვით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ასევე მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო ასეულშიც ვერ შედის, თუმცა განვითარების ინდექსის მაჩვენებლით 88-ე ადგილზეა, მაგრამ ფაქტია, რომ მოწინავე პოზიციები არ გვიკავა. ამ ყველაფერზე სწორედ იმიტომ ვისაუბრე, რომ პირველი პრობლემა ეკონომიკაა, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, ქობულიას თანამდებობიდან განთავისუფლება უკავშირდებოდეს იმ ფაქტს, რომ ქობულიამ განტევების ვაცის როლი ითამაშოს, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ გარკვეული მიზნები ჰქონდა ქვეყნის შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მინისტრმა არ გაამართლა. ისევე, როგორც მანამდე, ივანიშვილმა ყველაფერი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს გადააბრალა. ასე მგონია, რომ ეს ერთგვარი ტაქტიკაა, როცა რაღაცას ვერ ახორციელებ, ცალკეულ ადამიანებს აბრალებ. მოსახლეობაში უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი რომ არ გაიზარდოს, ამიტომ მინისტრს აბრალებენ, ვითომ მან არ გაამართლა. ასევე ხალხს უკეთესის იმედის განცდას უქმნიან, რომ მინისტრი შეიცვლება და სიტუაცია გაუმჯობესდება. ახლა უკვე სულ წინა პლანზე ჩანს ნათია თურნავა, პრესკონფერენციები ტარდება, საუბრობს ენგურჰესის რეაბილტაციაზე, ენერგეტიკული რესურსების რაციონალურ ათვისებაზე. გარკვეულწილად, მოსახლეობას ამცნობენ, რომ ქობულია კი ცუდი იყო, მაგრამ მდგომარეობა ახალი მინისტრის პირობებში გამოსწორდება. რაც შეეხება უშუალოდ უთანხმოების მიზეზებს, შესაძლებელია, ის იყო, რომ ანაკლიის პორტის განვითარება შეფერხდა; „თიბისი ბანკთან“ არსებული ვითარება აფრთხობს ინვესტორს და ამ შემთხვევაში აფერხებს ინვესტიციების შემოდინებასა და დაბანდებას სხვადასხვა სექტორში. ეს ერთ-ერთი მაგალითია. წინა ეკონომიკის მმართველობის დროს საწვავზე აქციზური გადასახადები გაიზარდა და ბენზინი გაძვირდა. შესაძლოა, ქობულიას სურდა ამ გადასახადის შემცირება და ამიტომაც მოუვიდა უთანხმოება, ეს ზუსტად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, უთანხმოების მიზეზი ბევრი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო. გარდა ამისა, შესაძლოა, პირადი პრობლემებიც არსებობდა, შეიძლება ვერ გამონახა პარტიის თავმჯდომარესთან საერთო ენა, შესაძლოა, თავად ბატონ ქობულიასთან დაკავშირებითაც დაისვას კითხვები.
_ არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, ის სწორედ რუსულ თამაშს თამაშობდა… რამდენად ეთანხმებით ამ აზრს?
_ ცოტა რთულია ამაზე საუბარი. ის რუსეთში მოღვაწეობდა და მნიშვნელოვანი კაპიტალი სწორედ რუსეთში დააგროვა. გამორიცხული არ არის, რომ რუსეთის მიერ იყოს მართული. თუ რუსეთის მიერ არის მართული, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რატომ დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად ეს ადამიანი?! ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის ხერხემალს უნდა წარმოადგენდეს, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი იმაზე, რატომ დაინიშნა ეს ადამიანი ეკონომიკის მინისტრად?! რა მიმართულებით თამაშობდა ის რუსულ თამაშს, ესეც საინტერესოა, _ რამე ისეთი პროექტი იყო განსახორციელებელი და არ განხორციელდა? მაგალითად, ეწინააღმდეგებოდა თუ არა ქობულია ანაკლიის პორტის განვითარებას? რუსეთი ეწინააღმდეგება ანაკლიის პორტის განვითარებას იმიტომ, რომ იგი ფიქრობს, ამ შემთხვევაში, რუსულ პორტებს დიდი კონკურენტი გაუჩნდება ანაკლიის პორტის სახით. რამდენიმე დღის წინ რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა იმასთან დაკავშირებით ილაპარაკა, რომ რუსეთის კასპიისა და შავი ზღვის პორტები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს, ცენტრალური აზიიდან მომავალი ტვირთების ტრანსპორტირება ნოვოროსიისკის პორტამდე უნდა განხორციელეს ან ჩრდილოეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სახით რუსეთი იღებს დიდ კონკურენტს. რამდენად იყო ამ საკითხში ქობულია ჩართული, ბუნებრივია, უნდა გაირკვეს. მოსახლეობამ უნდა იცოდეს სიმართლე, ვინ არის მართალი. არისტოტელეს ლოგიკაში ორი ვარიანტი არსებობს, მესამეს გამორიცხვის პრინციპით. როდესაც ორი სუბიექტი ერთმანეთთან დაობს ან ერთია მართალი, ან _ მეორე. მესამე ვარიანტი არის გამორიცხული. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას თუ რამე დამამტკიცებელი საბუთი აქვს, უნდა აუხსნას მოსახლეობას, რომ ქობულია ცდებოდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, თავად ხელისუფლება თამაშობს გარკვეულ რუსულ თამაშს. ვგულისხმობ იმას, რომ დღეს „თიბისი ბანკი“ წნეხის ქვეშ არის, სწორედ ხაზარაძე და „თიბისია“ ანაკლიის კონსორციუმის წევრი. თუ ამ პროექტის განხორციელება შეფერხდა, რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, რუსეთს აწყობს. ჩვენ ვიცით, რომ ანაკლიის პორტს შეეძლება 100 მილიონამდე ტვირთის გადამუშავება, ტრანსპორტირება, როდესაც რუსეთში მდებარე ნოვოროსიისკის პორტი სამი თვის განმავლობაში დაკეტილია შტორმების გამო და ამიტომაც ანაკლიის პორტი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი პორტი იქნება შავ ზღვაზე. რუსული თამაშია სწორედ ის, რომ შეფერხდეს აღნიშნული ნავსადგურის მშენებლობა. მით უმეტეს, როდესაც ევროკავშირი 300 მილიონი ევროს დაბანდებას აპირებს, საერთო ჯამში, საქართველომ 5-6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს 3 მილიარდი ევრო და 10% უნდა მოხმარდეს ანაკლიის პორტის განვითარებას. ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, საქართველომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა დაიწყო. ეს ქობულიას მინისტრობამდეც ასე იყო. 2013 წელს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების შეედეგად გაიხსნა რუსული ბაზარი, ქართული ექსპორტის მოცულობა რუსულ ბაზარზე 150%-ით გაიზარდა, დღეს რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. ქართული საექსპორტო პროდუქციის გასაღების მიხედვით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო პირველ ადგილზეა, ანუ ეს არის ვითარება, რომელიც გამოწვეული იყო „ქართული ოცნების“ საქმიანობის შედეგად. ამიტომაც ყველაფერს ქობულიას ვერ დავაბრალებთ.
_ როგორ შეაფასებთ შუალედურ არჩევნებზე წინასაარჩევნო გარემოს? ზუგდიდში მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავე იყო, მათ შორის, გავრცელდა ჩანაწერები, სადაც „ოცნების“ დეპუტატი იმაზე საუბრობს, რომ ყველანაირი მეთოდით უნდა მოიგონ არჩევნები. რაზე მეტყველებს ეს ფაქტები?
_ დიდი ილია იტყოდა: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“. მე ადრეც აღმინიშნავს და ახლაც მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი არის ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ქმედების შედეგი. 2012 წელს აცხადებდნენ, რომ ოღონდ მიშა არა და ვინც გინდა, მოვიდესო. არც ფიქრობდნენ მომავალზე, ეგონათ, რომ მოვიდოდა ადამიანი, რომელიც მათ ფულს დაურიგებდა და ისინიც უდარდელად იცხოვრებდნენ. ერთი დღით ცხოვრობდნენ და შედეგი არის ის, რაც მივიღეთ. ბიძინა კი არ არის უბედურება, ბიძინიზმია უბედურება, რა თქმა უნდა, არც მიშიზმი და ზვიადიზმია არის მისაღები. ზოგადად, ბელადიზმი მიუღებელია. შენ უნდა იყო ინდივიდუალური და თავისუფალი. ქართველებს გვაქვს ასეთი სიტყვა _ თავისუფალი, ანუ შენი თავის უფალი. 5 უცხო ენას მეტ-ნაკლებად ვფლობ, ასეთი სიტყვა არც ერთ ენაში შემხვედრია. ჩვენთან არსებობს, მაგრამ რამდენად ვიყენებთ, ეს სხვა საკითხია. რომაელ ფილოსოფოსსა და პოეტ ოვიდიუსს აქვს ნათქვამი: „მხოლოდ განათლებულ ადამიანს ძალუძს თავისუფლება“; ციცერონმაც კარგად თქვა: „ყველაზე ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია, პირველ რიგში, საკუთარ თავზე“. ჩვენთან ყოველთვის დამოკიდებულები არიან სხვაზე, რომ თავისუფლება მიჰყიდონ სხვას და ხშირ შემთხვევაში ბელადს, რომელიც, მათი აზრით, მათ გასაკეთებელს გააკეთებს. ცნობილ ფსიქოლოგ ერიხ ფრომის კონცეფციაა: თავისუფლებისგან გაქცევა. ჩვენთან საქართველოში ბევრი გაიქცა ამ თავისუფლებისგან, აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ ის, რომ ხელისუფლებაში გვყავს ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, რომ ყველანაირი მეთოდის გამოყენებით უნდა მოიგონ არჩევნები. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ეს მისაღებია, ერთი მეორეს გადაულაპარაკებს ხოლმე _ შენ რომ ყოფილიყავი ხელისუფლებაში, იგივეს არ იზამდი?!. ხელისუფლება შეშინებულია და ეს გამოჩნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგაც. ხელისუფლებას მმართველობის დაკარგვის, გარკვეულწილად, ყოველთვის უნდა ეშინოდეს, ოღონდ ამას კარგი გაგებით ვამბობ. დემოკრატიულ ქვეყნებშიც ასეა, მაგალითად კონსერვატორები რომ მართავენ ბრიტანეთს, მათ ეშინიათ, რომ თუ ვერ განახორციელეს პროექტები, შემდგომ არჩევნებში დამარცხდებიან, მაგრამ ეს არის ნორმალური და საფუძვლიანი შიში, რაც აიძულებს ქვეყნის მმართველ ძალას, კონკრეტული რეფორმები გაატაროს. საქართველოში განსხვავებული ფაქტორია, _ ერთი მხრივ, ხელისუფლება შეშინდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ისიც დაინახა, რომ მონდომების შემთხვევაში, ხელისუფლებას შეინარჩუნებს, ანუ დაარიგებს 5 კილო კარტოფილს, თბილისში მცხოვრებლებს, ვინც რეგიონებშია რეგისტრირებული, მიკროავტობუსებით ჩაიყვანს ხმის მისაცემად. ამასთან დაკავშირებით მინდა, გითხრათ: რამდენიმე დღის წინ გაჩერებაზე შევესწარი საუბარს, ზუდიდელი გოგო ელაპრაკებოდა მობილურზე, სავარაუდოდ, მეგობარს ან ნათესავს, _ ახლა არჩევნებზე მთავაზობენ „მარშუტკით“ ჩასვლას, თან 50 ლარს იხდიანო. ჩვეულებრივად, ხმამაღლა საუბრობდა, სხვებსაც ესმოდა. ეს გოგო იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ჩავიდოდა და თავის მეგობარს თუ ნაცნობს შეხვდებოდა, ანუ არჩევნებზე უფასოდ წასვლა და 50 ლარის აღება ეს მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, როგორც ჩანს. ხელისუფლება ყველაფერს კადრულობდა არჩევნების მოსაგებად. 2016 წელსაც ყველაფერი გააკეთა, რომ 73-ე ოლქში თავისი კანდიდატი გაეყვანა, ფორმალურად მაინც გაეყვანათ ოპოზიციის კანდიდატი. ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რომ წაეგო, შეეძლო განეცხადებინათ, რომ მშვიდობიანად გადააბარა საპრეზიდენტო პოსტი ოპოზიციის კანდიდატს. ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა ისაუბრონ „სისხლიან 9 წელზე“, „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი აქვს სალაპრაკო. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს სათქმელი, რომ მან 2012 წელს მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება „ოცნებას“, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება. „ქართულ ოცნებას“ მეორე ტური რომ წაეგო, მაინც ინარჩუნებდა მთავრობას, პარლამენტსა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადებოდნენ. თუმცა ისინი საქართველოს პრესტიჟზე ნაკლებად ფიქრობენ. ისინი ფიქრობენ, რომ არჩევნების წაგების ერთი პრეცედენტი მაინც თუ შეიქმნება, ეს იქნება რღვევის დასაწყისი. ამიტომაც ეჭიდებოდნენ ასე მთაწმინდის ოლქსა და ზუგდიდს. ორივე საარჩევნო ოლქი ხელისუფლებისთვის მტკივნეული იყო. ზუგდიდი იმიტომ, რომ სამეგრელო, როგორც წესი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად ითვლება. სანდრა რულოვსი ადრეც იყრიდა კენჭს და ყუთებიც კი გაიტაცეს საარჩევნო უბნებიდან, ესეც კი იკადრეს. ამ შუალედურ არჩევნებზეც არაერთი ცილისწამება მოვისმინეთ სანდრა რულოვსის მისამართით.
_ რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას სანდრა რულოვსის წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით მოუწია ბრძოლა?
_ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს მეტყველებს მოსახლეობის დაბალ კულტურაზე. რა თქმა უნდა, ეს მეც მეხება, ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი ვარ. გული შემტკივა და ამიტომაც ვამბობ, რომ ქვეყანაში განათლების განვითარებაა საჭირო. წარმოგიდგენიათ, როგორ დონეზე ვრცელდება ეს ცრუ ინფორმაციები?! _ ამბობენ, სანდრა ორგანოებით ვაჭრობდაო და ვიღაც ამას იჯერებს. ადამიანს უნდა ჰქონდეს განათლება, კულტურა და ინტელექტი იმისთვის, რომ არ დაიჯეროს მსგავსი ინფორმაცია, რომელიც ჭორის დონეზე მიზანმიმართულად ვრცელდება. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობენ, ცოცხებით აუპატიურებდნენ ხალხსო. იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამას დღემდე ამბობენ, პასუხი არავის მოუთხოვია. ნორმალურ ქვეყანაში, ვინც შეგნებულად ავრცელებს მსგავს ცრუ ინფორმაციებს, ცილისწამებისთვის პასუხს მოსთხოვდნენ. ის ადამიანი (თუ ადამიანამდე ჯერ კიდევ არმისული არსება, როგორც ნიცშე იტყოდა), რომელიც წინასაარჩევნოდ გამოვიდა და სანდრას უთხრა, თირკმელი ამომაცალეო, თურმე, ჯგუფურ ყაჩაღობაზე ყოფილა ბრალდებული. მაგ „ადამიანს“ სჯობდა, სანდრასთვის ეკითხა, ჩემი ტვინი სად წაიღეო და ამას უფრო დაიჯერებდა ხალხი. თუ ხელისუფლება ასეთი ადამიანების იმედზეა, ეს საშინელებაა. თუნდაც გავიხსენოთ კორცხელის ინციდენტი, რაც იკადრა ამ ხელისუფლებამ. წინა ხელისუფლებაზე შეიძლება გაიხსენო 7 ნოემბერი და 26 მაისი. მე „იმედში“ შეჭრას არ ვამართლებ, მაგრამ 7 ნოემბერს ხელისუფლების დამხობის მოწოდება იყო, შესაბამისად, ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა, უბრალოდ, გადაამეტა. რაც შეეხება 26 მაისს, მომიტინგეებს მოუწოდეს, რომ სხვაგან გაემართათ მიტინგი, რათა აღლუმი ჩაეტარებინათ, რისი საშუალებაც არ მისცეს, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ცოტა განსხვავებულ ვითარებასთან გვქონდა საქმე, ნებისმიერი ხელისუფლება იმოქმედებს, როდესაც მიტინგი არასანქცირებულია. ჩვენ გვინახავს მიტინგის დარბევები ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, ხელისუფლების მოქმედება საფრანგეთში, ყვითელჟილეტიანებთან მიმართებით. საერთო ჯამში, რა თქმა უნდა, ძალადობის წინააღმდეგი ვარ. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ისეთ რეალობას ვიღებთ, ხშირად ჩანს, რომ ხელისუფლება მოძალადეებს თავადვე აფარებს ხელს. კორცხელის ინციდენტის მონაწილეებს აწინაურებენ, თბილისის მერი ხელს ართმევს ადამიანს, ვინც თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმა განახორციელა. აშკარად აჩვენებენ ხალხს, რომ ამ მოძალადეებს მფარველობენ, რომ ეს მოძალადეები მათ მხარეს დგანან, „მხედრიონის“ დროს, როგორც იყო, უბრალოდ ესენი შეიარაღებულები არ არიან, თან ახლა უფრო ცივილიზებული გარემოა, უფრო მეტი ასფალტია დაგებული, ქუჩები განათებულია, რაც „ოცნების“ დამსახურება ნამდვილად არაა, ვინც გაანათა, ძალიან კარგად ვიცით. გაანათა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაანაათლა ხალხი და სამწუხარო რეალობას ამიტომაც ვიღებთ.
_ გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორ ფიქრობთ, აწყობს თუ არა ამ მოცემულობაში მმართველ გუნდს ვადამდელი არჩევნები?
_ ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ხალხს დაჰპირდა, ერთი წელიც მაცადეთო. უკვე ნახევარი წელი გავიდა და, სამწუხაროდ, პროგრესი არ იგრძნობა. შეიძლება ფიქრობენ, რომ 2020 წლამდე ამ რეიტინგს ვერ შეინარჩუნებენ და ამიტომაც ვადამდელი აწყობთ. ამ ეტაპზე მათ სახელმწიფო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები უჭერენ მხარს, ისინი იმდენად „ოცნებას“ არ უჭერენ მხარს, რამდენადაც საკუთარ თავს. „ოცნების“ წასვლის შემთხვევაში ფიქრობენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ და ამიტომაც უჭერენ მხარს. მგონია, რომ შესაძლოა, ხელისუფლებას სწორედ ამიტომაც აწყობდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, თუმცა ეს გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს. პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, ასევე ეს პროცედურა ითვალისწინებს პარლამენტის დათხოვნას, რასაც აქვს წესები, რა შემთხვევაში შეიძლება დაითხოვოს პარლამენტი და ა. შ. მაინც მგონია, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება. ოპოზიციაც ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, თუმცა შეცვლილი საარჩევნო სისტემით. რაც შეეხება პროპორციული სისტემით ჩატარებას, ოპოზიცია სხვა შემთხვევაში ვადამდელ არჩევნებს არ უნდა დასთანხმდეს. შესაძლებელია, „ვენეციის კომისიასთან“ და უცხოელ პარტნიორებთან მუშაობა იმ საკითხზე, რომ 2024 წლის ნაცვლად პროპორციული სისტემით არჩევნები 2020 წლიდან ჩატარდეს. ამის შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება. დღეს საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებულია, რომ აირჩევა 150 დეპუტატი, აქედან 77 პროპორციული, ხოლო 73 მაჟორიტარული წესით. მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. თუ კანონის უზენაესობა არსებობს, მაჟორიტარულ სისტემაში პრობლემა ნამდვილად არ არის. წმინდა მაჟორიტარული სისტემაა დიდ ბრიტანეთში, მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ თემთა პალატის წევრებს; ასევე წმინდა მაჟორიტარული სისტემაა აშშ-ში, სადაც თემთა პალატისა და სენატის წევრებს ირჩევენ ამ სისტემით; შერეული სისტემაა გერმანიაში; ბელგიასა და ისრაელში კი წმინდა პროპორციული სისტემაა; ევროპარლამენტი ერთადერთი არჩევითი საერთაშორისო სტრუქტურაა, სადაც წმინდა პროპორციული სისტემით ირჩევენ. იმ შემთხვევაში თუ კანონის უზენაესობაა, მაჟორიტარის არჩევისას ხელისუფლება კონკრეტულ საარჩევნო ოლქში ადმინისტრაციულ რესურსს ვერ გამოიყენებს. როდესაც დემოკრატია არ არის ქვეყანაში, სწორედ ეს ქმნის პრობლემას. ამიტომაც დღეს იძულებულები ვართ, წმინდა პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ. უფრო მრავალპარტიული და პლურალისტული პარლამენტი მივიღოთ. პროპორციული სისტემის შემთხვევაშიც ხელისუფლება მაინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, თუმცა ამის შანსი ნაკლები ექნება.
_ რა შემთხვევაში შეიძლება აიძულოს ოპოზიციამ ხელისუფლება, რომ დათმოს მაჟორიტარული სისტემა, გარდა ხელმოწერების შეგროვებისა, რაც, შეიძლება ითქვას, არადამაჯერებლად ჟღერს?
_ დიახ, არადამაჯერებლად ჟღერს, რადგან ოპოზიციამ უნდა შეაგროვოს მილიონი ხელმოწერა, თუმცა სწორედ ხელმოწერებშია საქმე. თუ ოპოზიცია შეაგროვებს მილიონ ხელმოწერას და ხელისუფლებას ძალას აჩვენებს, რომ მათ უკან მილიონი ადამიანი დგას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დაახლოებით, 780 ათასმა ადამიანმა მისცა ვაშაძეს ხმა, შესაბამისად, შესაძლებელია მილიონი ხელმოწერის შეგროვება. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას კონკრეტული დოკუმენტი ექნება, რომ მან მილიონი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვა, მეორე მხრივ, საჭიროა მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროპის საბჭოსთან, ეუთოსთან, ასევე დემოკრატიულ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფოთაშორის და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც გარკვეული ზეწოლას მოახდენენ ხელისუფლებაზე, რომ 2020 წელს პროპორციულ არჩევნებს დათანხმდეს.

ნენე ინჯგია