„არ გამოგივათ! გარეთ XXI საუკუნეა!“

აზრის გამოხატვის თავისუფლება, განმანათლებლობის ეპოქიდან მოყოლებული, ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ეს უფლება ჯეროვნადაა ასახული ადამიანის უფლებათა შესახებ არსებულ ყველა ძირითად დოკუმენტში, მათ შორის, 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში. ის კონსტიტუციურადაა დაცული მთელ მსოფლიოში და მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ყველა სხვა უფლებასთან.

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. ის ბევრ, ზოგჯერ ერთმანეთისგან განსხვავებულ და მრავალფეროვან, კომპონენტს შეიცავს. ეს კომპონენტებია: აზრის, იდეის, სიტყვის, მედიის, ინფორმაციის შეგროვების, მიღებისა და გავრცელების თავისუფლებები, ჟურნალისტების დაცულობა და დამოუკიდებლობა, ისევე როგორც გამოხატვის ფორმის არჩევის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ეხება არა მხოლოდ სიტყვას, არამედ მუსიკას, ქანდაკებას, თქვენ წარმოიდგინეთ _ ჩაცმულობასა და ვარცხნილობასაც კი _ ეს მათთვის, ვისაც არ ესმის, ჯერ კიდევ, XXI საუკუნეში, თუ რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება და რატომ არ უნდა გვეშინოდეს ნორმალურ ქვეყანაში აზრის თავისუფლად დაფიქსირების.
სწორედ საკუთარი აზრის გამოხატვისა და დაფიქსირების გამო პროდიუსერ მაია სტეფნაძეს პრობლემები შეექმნა. პროდიუსერი „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული პოსტის გამო ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება _ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება! თქვენ გაბედეთ და ეს ყველაფერი შელამაზების გარეშე პირში მითხარით, ისე რომ სხვა მიზეზის მოფიქრებისთვის თავიც კი არ შეიწუხეთ!“ _ ასე მიმართავს მაია სტეფნაძე ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორ გიორგი კალანდარიშვილს.
„იმედის“ ოფიციალურო და არაოფიციალურო მმართველებო, თქვენ გადაწყვიტეთ, მე სანიმუშოდ დაგესაჯეთ, რომ ამ ხელისუფლების უტიფრად „გამპრავებელი“ ტელევიზიის ვერც ერთმა რიგითმა პატრიოტმა თანამშრომელმა და ჟურნალისტმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა ვეღარ გაბედოს…
არ გამოგივათ!!!
გარეთ XXI საუკუნეა!!!
ქართველი ხალხი ყველაფერს იტანს… ოღონდ დროებით… სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა ამ ქვეყანაში არავის გაუვიდა.
მე კარგად ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა არ იქნება მარტივი, რომ წინ მელის ათასგვარი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ტალღა, მაგრამ ამ ბრძოლას ვიწყებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შევქმნა პრეცედენტი, _ საქართველოში ვერასდროს ვერავინ გაბედოს აზრის გამოხატვის გამო რიგითი თანამშრომლის გაშვება სამსახურიდან. მე მინდა, რომ სხვებს მივცე მაგალითი. არ შეიძლება, XXI საუკუნეში, რაც არ უნდა ხელისუფლებას დაქვემდებარებულ სტრუქტურაში მუშაობდე, ეს გაგიბედოს ვინმემ და მით უმეტეს, გაუვიდეს…“ _ წერს მაია სტეფნაძე სოციალურ ქსელში.

რა მოხდა და რას აპირებს მაია სტეფნაძე, როდესაც თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში პოსტის გამო ადამიანს სამსახურიდან უშვებენ და მით უმეტეს, მედიიდან?! მედიას, რომელსაც, წესით, პრეტენზია და ამბიცია უნდა ჰქონდეს, რომ ემსახურებოდეს სიტყვის თავისუფლებას და ნებისმიერ თანამშრომელს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ჰქონდეს.
ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ტელეკომპანია „იმედის“, კერძოდ კი გადაცემების „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ და „პრაიმშოუს“ განთავისუფლებული პროდიუსერი, მაია სტეფნაძე:
_ მაია, პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორ ხართ, როგორ გრძნობთ თავს?
_ ძალიან კარგად. ჩემთვის არ არის პირველი, როდესაც ცხოვრება ნულიდან უნდა დავიწყო. ჩემთვის ეს არის დიდი გამოწვევა და ასე ვაგრძელებ ცხოვრებას. ძალიან ბევრი ფასეულობა მაქვს საიმისოდ, რომ არ დავჯდე და ტირილი არ დავიწყო. მინდა, სხვებისთვის მაგალითი ვიყო. მე შევქმნი ამ ქვეყანაში პრეცედენტს ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთაც თუ რაიმე დაემუქრებათ, არ შეშინდებიან და თამამად იტყვიან, რომ როგორც მაია სტეფნაძემ გააკეთა, მეც ისე მოვიქცევიო. მხოლოდ და მხოლოდ ასე უნდა შეიქმნას ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება, რადგან ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ მთავრობები მიდიან და მოდიან, მთავრობები, რომლებსაც ჩვენ ვჭირდებით მხოლოდ საბაზრო ხორცად. როდესაც უკვე ხმას ამოვიღებთ, ისინიც აუცილებლად უკან დაიხევენ. მე ეს ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა, ცნობიერების თვალსაზრისით, უფრო უნდა ამაღლდეს. კენედის სიტყვები ჩემთვის პრიორიტეტულია: „იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რა გაგიკეთა შენმა ქვეყანამ, არამედ იმაზე იფიქრე, რა შეიძლება გააკეთო შენი სახელმწიფოსთვის“. იმისთვის ვიბრძოლებ, რომ ჩემს შვილებს ღირსეული სახელმწიფო დავუტოვო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ რა აზრი ჰქონდა მთელ ჩემს ცხოვრებას? ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ, აუცილებლად რეალურ დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ. ყველანი ხომ არ გავიქცევით ამ ქვეყნიდან.
_ მაია, მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, გვითხარით, რა შინაარსის პოსტი დაწერეთ სოციალურ ქსელში, რომელიც სამსახურიდან თქვენი გაშვების მიზეზი გახდა?
_ 21 აპრილს, როდესაც ამ მთავრობამ კიდევ ერთი უგუნური ნაბიჯი გადადგა და როდესაც საფრთხის ქვეშ დააყენა ქვეყნის მთლიანობა (ვგულისხმობ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს), ხომ ქრისტიანები ვართ, ბზობა დღეს ამდენი შეიარაღებული ხალხი შეუშვა პანკისის ხეობაში და რისთვის? პანკისელები რომ იცავენ თავიანთ ბუნებას, მდინარეს, იმ კონკრეტულ ტერიტორიას? იმისთვის, რომ არ უნდათ დაანგრიონ და დააქციონ იქაურობა? რა არის აქ არალეგიტიმური? გეუბნებიან, რომ არ გვინდა და ამ წმინდა დღეს უპირისპირებ უხეშ ძალას და არ ითვალისწინებ იმ რეგიონის, თუნდაც, მენტალობას, აზროვნებას და ბევრ სხვა ნიუანსს, რაზედაც არ მინდა საუბარი. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ ჩემს გვერდზე რამდენიმე პოსტი დავდე, სადაც ჩემს აზრს გამოვხატავდი, მაგრამ საბაბი გახდა კიდევ ერთი პოსტი, რომელიც ჩემი უსაყვარლესი ადამიანებით დაკომპლექტებულ „TV პირველს“ ეხებოდა. პოსტში მეწერა, რომ თქვენ ხართ მაგრები, რომ ასე ობიექტურად აფასებთ და აშუქებთ ამ მოვლენებს-მეთქი. აი, ეს გახდა სამსახურიდან ჩემი გამოგდების მიზეზი.
_ რით ახსნეს ეს ქცევა, ანუ მიზეზად რა დაგისახელეს?
_ თურმე, ამ პოსტებით ტელეკომპანია „იმედის“ კორპორაციული ინტერესები შევლახე, ოღონდ რატომ შევლახე, დღესაც არ ვიცი. მე შევაქე სხვა ტელეკომპანიის გუნდი და ასევე ობიექტურად მუშაობდა „რუსთავი 2“. ამის აღიარებით რატომ შევლახე ჩემი ტელეკომპანიის კორპორაციული ინტერესები? მედიაჩეკერსი ტელევიზიების სიას აქვეყნებს, თუ ვინ როგორ იმუშავა ამ დღეს. გამოქვეყნებულ სიაშია „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „რუსთავი 2“ და „იმედი“. მოკლედ, მედიაჩეკერის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს მთავრობას, ადგილობრივ მოსახლეობასა და სამოქალაქო სექტორს, იგივეს აკეთებს „რუსთავი 2“ და დამატებით აქვს ჰესის მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლის კომენტარიც. „იმედი“ წერს მთავრობას და ჰესების ინტერესების დამცველსა და მფლობელებს. „იმედს“ არ ჩაუწერია ადგილობრივი მოსახლეობა, ექსპერტები და ოპოზიციური სპექტრი. ეს არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მედიაჩეკერის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ახლა გეკითხებით, ვინ არღვევს კორპორაციულ ინტერესებს, _ მე, რომელიც ობიექტურად ვაფასებ მოვლენებს, თუ ისინი, რომლებსაც ჟურნალისტური ღირსება საერთოდ არ გააჩნიათ?! თუ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის ობიექტური და თუ „რუსთავი 2-ს“ ვეძახით მხარეს და ისიც იცავს ობიექტურობას, მაშინ რა სჭირს „იმედს“? „იმედი“, რომელიც ასევე მხარეს წარმოადგენს და ეს ყველამ კარგად ვიცით. ამ ქვეყანაში ჟურნალისტური სტანდარტები აღარ არსებობს? ჟურნალისტური ღირსება აღარ არსებობს? მე ვარღვევ კიდევ კორპორაციულ ინტერესებს თუ ისინი, რომლებიც ნაცარს აყრიან ხალხს თვალებში. თუ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ახერხებს, რომ დაიცვას ობიექტურობა, მაშინ ტელეკომპანია „იმედს“ სხვა უფროსები ჰყავს, თუ რა ხდება?
_ თქვენ რა გგონიათ, რა ხდება?
_ „იმედს“ ეშინია და თვითცენზურა აქვს ჩართული.
_ პოსტის დადებიდან რამდენ დღეში დაგიბარათ დირექტორმა?
_ სამ დღეში. კვირას დავდე პოსტი და ამავე დღეს მონაწილეობა მივიღე არასამათავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაში პარლამენტის წინ, რომელიც ასევე ჰესების წინააღმდეგ გამოდიოდა და იდეურად აქამდეც ყოველთვის მათ მხარეს ვიდექი, მაგრამ ახლა, ვინაიდან ეს პანკისის ხეობას ეხებოდა, აქციაზე მივედი, დავდექი, ჩემი პოზიციაც დავაფიქსირე. ოთხშაბათს დირექტორმა დამიბარა და სამსახურიდან გამათავისუფლა.
_ კაბინეტში შედიხართ და რა სურათი გხვდებათ?
_ „იმედის“ დირექტორმა, გიორგი კალანდარიშვილმა, მითხრა, რომ კონკრეტულად ვატო წერეთლის პოსტით „იმედის“ კორპორაციული იმიჯი შევლახე, რომ ამით მე შეურაცხყოფა მივაყენე ტელეკომპანია „იმედს“ და ჩვენ ერთ არხზე ვეღარ ვიმუშავებდით. მითხრა, რომ გაძლევ 2 თვის კომპენსაციას და გამიშვა სამსახურიდან. იქვე დაუძახა ეიჩარს, რომელსაც უბრძანა, რომ განთავისუფლების შესახებ განცხადება გაეკეთებინა. შოკირებული ვიყავი.
_ ელოდით, რომ ტელევიზიიდან, სადაც 5 წელი იმუშავეთ, ასეთი ფორმით გამოგიშვებდნენ?
_ ველოდი საყვედურს, სიტყვიერ გაფრთხილებას, მაგრამ არა სამსახურიდან გაგდებას. როგორც ჩანს, კიდევ უფრო დემოკრატიულად ვაფასებდი ტელეკომპანია „იმედს“, ვიდრე ის სინამდვილეშია. იმის მცდელობა, რომ დადიან და ჰყვებიან, რომ თურმე მაია სტეფნაძე შეუთანხმდა ტელეკომპანია „იმედს“ და ვითომ საკუთარი სურვილით წავედი სამსახურიდან, ეს არის ტყუილი. ეგ მცდელობა არ გამოუვათ. ჩემი ნებართვა გიორგი კალანდარიშვილს არ დასჭირვებია იმისთვის, რომ სამსახურიდან გავეგდე. 5-წლიანი მუშაობის შემდეგ ჩემ მიერ შექმნილ გადაცემებს ყველაზე მაღალი რეიტიგნი აქვს და, თურმე, დირექტორს ვეხვეწებოდი, რომ სამსახურიდან გავეგდე. ეს არის თავხედობის პიკი.
_ წარმომიდგენია, რა დაგემართებოდათ…
_ შოკში ვიყავი, მაგრამ ის, რაც დავწერე, გულწრფელ სიტყვები იყო და მართლა აღფრთოვანებული ვიყავი, თუნდაც, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილის მუშაობით. გოგომ, რომელმაც ბოლი ჩაყლაპა, იხრჩობოდა და მაინც აგრძელებდა პირდაპირ ეთერს, ამაზე რანაირად უნდა გაეძლო გულს, რომ არაფერი დამეწერა? პირდაპირ რომ „რუსთავი 2“ მომენიშნა პოსტზე, ეს „იმედისთვის“ მართლა გამოწვევა იქნებოდა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე და მოვნიშნე „TV პირველი“, ტელეკომპანია, რომელიც ჩემთვის ობიექტურობისა და თვისუფალი სიტყვის სინონიმია.
_ მას შემდეგ, რაც სამსახურიდან გამოგიშვეს, ვინ გამოხატა თქვენ მიმართ ღია მხარდაჭერა?
_ საჯაროდ არა, მაგრამ ბევრმა ჩემმა მეგობარმა მხარდაჭერა გამომიცხადა. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც მთავრობები მიდიან და მოდიან და ეს ადამიანები ვრჩებით. აქედან გამომდინარე, არც ერთ პოლიტიკურ განწყობას ჩემთვის არასოდეს ხელი არ შეუშლია. მეგობრები მყავს „რუსთავი 2-შიც“, ჩემი მეგობრები მუშაობენ „TV პირველშიც“, „საზოგადოებრივ მაუწყებელშიც“ და „იმედშიც“. მე პირადად ვდგავარ, აი, ამ „კორპორაციულ ინტერესებზე“ ბევრად მაღლა. ჩემთვის ჯერ არის ადამიანობა და მერე _ სხვა დანარჩენი. ნაკლებად მაინტერესებს, თუ ვინ რომელ პარტიას ეკუთვნის და ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს.
_ მაია, აქამდე გიგრძვნიათ მსგავსი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ? ჩვენ არ ვცხოვრობთ დღეს ქვის ხანაში და ცოტა შოკისმომომგვრელია ის ფაქტი, როდესაც ადამიანს თანამედროვე სახელმწიფოში, რომელსაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია, სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო სამსახურიდან უშვებენ.
_ ჩვენ არ ვისხედით ცენტრალურ შენობაში, ჩვენ ვიყავით ე. წ. მეოთხე პავილიონში, სადაც, ძირითადად, ტოქშოუებია განთავსებული. მართლა ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. აქედან გამომდინარე, რა ხდებოდა საინფორმაციოებში, მართლა არ ვიცი, რადგან შეხება არ გვქონია და, სიმართლე გითხრათ, ჭორებისთვის არ მეცალა.
_ დღეს როგორ აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, რა ფორმით?
_ სამართლებრივად. ეს ბრძოლა უკვე დავიწყე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვიყავი, სადაც ძალიან კარგი კონსულტაცია გამიწიეს; რამდენიმე დღის წინ ეკა გიგაურს დავუკავშირდი, რომელიც გვერდით დამიდგა; შევხვდი ასევე სახალხო დამცველს; აუცილებლად საქმის კურსში ჩავაყენებ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებსა და ჩვენთან აკრედიტებულ საელჩოებს. მათ უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი და ამას ვაკეთებ, მხოლოდ და მხოლოდ, იმის გამო, რომ ამ ქვეყნაში არ უნდა შეიქმნას ისეთი რეჟიმი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს. ამ წუთას არ ვკანკალებ შიშით ჩემს ფინანსურ ინტერესებზე, ამაზე მაღლა დავდექი და ეს საქმე განვაზოგადე.
_ ეს არის თქვენი მთავარი მიზანი?
_ რა თქმა უნდა.
_ მაია, ძალიან ბევრს დაებადება კითხვა, რომ, რეალურად, მართლა პოსტის გამო გაგიშვეს სამსახურიდან, თუ ამას სხვა წინაპირობაც ჰქონდა, მაგალითად, კონფლიქტი ხელმძღვანელობასთან?
_ არა. ნახეთ, კურიოზი რა არის? _ პირველ აპრილს დირექტორმა ხელფასი მომიმატა, იმიტომ რომ იანვრიდან მოყოლებული ახალ სოციალურ პროექტზე ვმუშაობდი, რომელიც ტელეკომპანია „იმედზე“ უნდა გასულიყო და იმ დღეს, როდესაც დირექტორმა კაბინეტში დამიბარა, ჩანთაში მედო პილოტის ჩანაწერი, პრაქტიკულად, გადაცემის საბოლოო ვერსიისა და ვფიქრობდი, რომ მისთვის მეჩვენებინა. როგორ მექნებოდა კონფლიქტი, როდესაც ყველასთან მართლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა და გარდა ამისა, როგორც გითხარით, ახალ პროექტზეც ვმუშაობდით. მე რომ დღეს გავჩუმებულიყავი, ამას საკუთარ თავს არ ვაპატიებდი, ისევე როგორც ვერ ვაპატიე ჩემს თავს ის, როდესაც ღიად არ გამოვხატე პროტესტი საყდრისის აფეთქებაზე.
_ როგორც მოქალაქეს და არა როგორც მაია სტეფნაძეს ისე გეკითხებით, რა ხდება?
_ ეს არის რუსული მენტალობის აზროვნება საზოგადოებასთან მიმართებით _ უნდა დააშინო საზოგადოება, რათა ის ადვილად მართო. აი, ეს ხდება, მეტი არაფერი და ეს ამათ არ გაუვათ. ამ ქვეყანაში უნდა მივიღოთ ლიუსტრაციის კანონი, რადგან ყოველი მეორე, რომელიც ყოფილი „კაგებეშნიკია“ და იცით, რომ ყოფილი „კაგებეშნიკები“ არ არსებობენ და როდესაც ქვეყანაში ძალიან ბევრია შენი ქვეყნის მტერი, ეს კანონი აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, ვინ ვინ არის. ქვეყანას, რომელსაც პირადი, გრიფით საიდუმლო ინფორმაცია აღარ გააჩნია, სირცხვილია ეს ყველაფერი. ჩვენი ქვეყნის რაღაც გარკვეული ძალები რუსულ ინტერესებს ატარებენ და იგივე ხდებოდა პანკისის ხეობაში. პანკისის მოსახლეობას ასეთი ბრძნული, პატრიოტული და სამოქალაქო აზროვნება რომ არ გამოეჩინა, თქვენ წარმოგიდგენიათ, რა დატრიალდებოდა? საქართველო კიდევ ასეთ დიდ დარტყმას გაუძლებდა? მეხუთე კოლონა რომ მუშაობს, ხალხო, ამ ქვეყანაში ვერ ხედავთ?!
_ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ბევრჯერ დამიწყია ნულიდან ცხოვრებაო. ქალისთვის რამდენად რთულია, რომ მთელი ცხოვრება ასეთი გამოწვევების წინაშე იდგე?
_ მომავლისაც არ მეშინია. ეს ჩემთვის კიდევ ერთი გამოცდაა და როგორც პიროვნება, კიდევ ერთი საფეხურით გავიზარდე, რადგან სწორედ ამ გამოწვევას, ჩემი გადმოსახედიდან, ღირსეულად ვუპასუხე. მითიური ფენიქსივით ფერფლიდან აღვდგები ხოლმე. ფენიქსი ჩემი ცხოვრების რაღაცნაირი სიმბოლოა. კიდევ ძალიან ბევრჯერ გაიგონებთ ჩემს სახელსა და გვარს.
_ ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოხვალთ?
_ სიმართლე ჩემს მხარეზეა.
_ როგორ ფიქრობთ, იზეიმებს ეს სიმართლე?
_ სიმართლე აუცილებლად იზეიმებს და გეტყვით, რატომ: ჩემი მიზანი ის ხომ არ არის, რომ სასამართლოს ძალით ტელეკომპანია „იმედს“ რაღც კომპენსაცია „დავახიო“. ჩემი მიზანია, რომ ამ მთავრობამ უნდა გაიგოს, _ მოქალაქეებს ძალის მეთოდებით არ უნდა ელაპარაკო და ამ მთავრობას ამას აუცილებლად გააგებინებს ის საერთაშორისო ორგანიზაციები და მეოთხე ხელისუფლება, ანუ ჩვენ, ჟურნალისტები, სამოქალაქო სზოგადოება! ჩემი მიზანი უკვე მიღწეული იყო, როდესაც მთელი ქვეყანა დადგა ფაქტის წინაშე, რომ ტყუილუბრალოდ ადამიანის დაჩაგვრა საქართველოში აღარ მოხდება. მე უკვე გავიმარჯვე.
_ ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელი პირებიდან ვინმე თუ დაგიკავშირდათ ამ დღეების განმავლობაში?
_ რა თქმა უნდა, არავინ.
_ რა არის თქვენი უახლოესი გეგმები?
_ რა უნდა გავაკეთო, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვიცი ერთი რამ: ისეთი პროფესიონალი, როგორიც მე ვარ, ყველას დასჭირდება. მე უმუშევარი რომ არ დავრჩები, ეგ ზუსტად ვიცი, მაგრამ რა და როგორ იქნება, ამაზე მართლა არ მიფიქრია. ყველაზე მძიმე ამ პერიოდში იცი, რა გავიარე? ოთხშაბათს, როდესაც დირექტორმა სამსახურიდან გამომაგდო, ეს იყო მძიმე კვირა. ოთხშაბათი დღე, მოგეხსენებათ, როგორი დღე იყო, როდესაც იუდამ ქრისტე გაყიდა. მეორე დღე იყო დიდი ხუთშაბათი, წითელი პარასკევი და მერე იყო აღდგომა. ოთხშაბათიდან რამდენიმე დღე ვერავის ვერაფერს ვეუბნებოდი. ჩემს დას ვერ ვუთხარი, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემზე ნერვიულობს და ზრუნავს, ჩემს შვილებს ვერ ვუთხარი. ვიფიქრე, გაივლის ეს აღდგომა და მერე ვეტყვი-მეთქი. ეს იყო ყველაზე მძიმე და რთული პერიოდი.
_ ოჯახს რა რეაქცია ჰქონდა?
_ ყველანაირად გვერდით მიდგას. ჩემი შვილები ჩემი მეგობრები არიან და მათ ზუსტად იციან, როგორი დედაც ჰყავთ. ისინი ამაყობენ თავიანთი დედით და ეს ჩემთვის ყველაფერია.
_ ადამიანური თვალსაზრისით, რაზე გწყდებათ გული?
_ უმადურობაზე.

გიორგი საკარული