გიორგი ტუღუში: „ციხეებში კრიმინალური სუბკულტურა გაძლიერიდა“

საკანი #5-ით და ციხეში ცოცხით გაუპატიურების ფსევდოკადრებით ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნების“ მმართველობის მეშვიდე წელს ციხის კადრების თემა ისევ აქტუალურია. როგორც ირკვევა, კადრების გარკვეული და საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დადგმული იყო.

როგორი ვითარება გახლდათ 2012 წელს ციხეებში, რა შეიცვალა, დღეს რა პრობლემების წინაშე დგას სასჯელაღსრულების დაწესებულება და მოახერხა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ამ მიმართულებით წარმატებული ნაბიჯის გადადგმა?

აღნიშნულ და მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე „ქრონიკა+“ „ევროპული საქართველოს“ წევრს, 2012 წელს ციხის სკანდალის შემდეგ დანიშნულ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ გიორგი ტუღუშს ესაუბრა:
_ბ-ნო გიორგი , ციხის კადრების თემა, ჯერ კიდევ, გრძელდება. როგორც ირკვევა, კადრები დადგმული იყო. თქვენ, როგორც ყოფილი მინისტრი, ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებთ ამ თემას?
_ როგორც ყოფილი მინისტრი, ნაკლებად შევაფასებ, რადგან ძალიან ცოტა ხანი მომიწია ამ თანამდებობაზე ყოფნა. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყოფილ სახალხო დამცველს ჩემი გარკვეული ხედვა მაქვს. რაც შეეხება კადრებს, საუბარი იმაზე, რომ იქ ყველაფერი დადგმული იყო, სწორი არ არის _ კადრების ნაწილი, რომელიც ეხებოდა ე. წ. კარანტინის დაშლას, სადაც ცალსახად ჩანს პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, მიმაჩნია, რომ არ იყო დადგმული და ფარული კამერით გადაიღეს. ეტყობოდა კიდევაც, გამოსახულება არ იყო მაღალი ხარისხის. შემდეგ იყო საუბარი, რომ ერთ-ერთი თანამშრომელი ქამარზე დამაგრებული პორტატული კამერით იღებდა. ამის მტკიცებას ვერ დავიწყებ, ეს, საბოლოო ჯამში, გამოძიებას უნდა გაერკვია, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ციხეში დანაშაული ხდებოდა და არაერთი ის ადამიანი, რომელიც ამ კადრებში ჩანდა, ბევრჯერ იყო მოხსენიებული გვარითა და სახელით ჩემს ანგარიშებში. მათ შორის ფაცაცია, ავსაჯანიშვილი, სხვადასხვა პირი, რომელსაც პატიმრები მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაში ამხელდნენ. ის ადამიანები, რომლებზედაც პატიმრები ამბობდნენ, რომ სცემდნენ, სახალხო დამცველის ანგარიშში გვარითა და სახელით იყვნენ გაწერილები. თავის დროზე იმჟამინდელ პროკურატურას ამაზე რეაგირება მანამდე რომ მოეხდინა, სანამ კადრები საჯარო გახდებოდა, ეს პრობლემა არ დადგებოდა. რაც შეეხება ბედუკაძის კინომატოგრაფიის ნაწილს, #5 საკანსა და ცოცხს, ეს, რა თქმა უნდა, მეც მიმაჩნია, რომ ძალიან კარგად მომზადებული იყო. ნათქვამია: ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო და თვითონ იმგვარად იყო კადრები გადაღებული, რომ ადამიანებზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ადრე თუ მათ მხოლოდ ესმოდათ, რომ ციხეში სერიოზული პრობლემები იყო, მათ ეს გრძნობა კიდევ უფრო გაუმძაფრდათ, როდესაც საკმაოდ კარგად შესრულებული ნამუშევარი ნახეს. დიდი ხანი საუბრობდნენ იმაზე, იყო თუ არა რეალურად ცოცხი, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად კარგად იყო მოფიქრებული, რომ ცოცხი დღემდე დარჩა გარკვეულ სიმბოლოდ. ცხადია, ამან ძალიან კარგად იმუშავა _ გათვლა იყო ბინძური, მაგრამ ვინც ეს გეგმა შეიმუშავა, საკმაოდ ჭკვიანურად გათვალა და შეასრულა კიდეც. აქედან გამომდინარე, კადრების ავთენტურობა ან არაავთენტურობა არანაირად აქარწყლებს იმას, რომ ციხეებში მნიშვნელოვანი პრობლმები იყო. თუმცა კადრების ნაწილი რომ შევაფასოთ, მახსოვს, როცა ეს კადრები პროფესიონალებს აჩვენეს, მათ შორის, ოპერატორებს, რამდენიმე მათგანმა გარკვეულ ეპიზოდებზე იმ დღესვე თქვა, რომ დამონტაჟებული და დადგმულიაო.
_ ბედუკაძე ახსენეთ, ის დღემდე თავისუფალია. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ისჯება ის, როგორც ერთ-ერთი მთავარი რეჟისორი?
_ ბედუკაძესთან „ქართულმა ოცნებამ“, პირობითად, ხელშეკრულება გააფორმა, დაუფასა ის ღვაწლი, რომელიც „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსასვლელად შეიტანა. შესაბამისად, თავისუფლება აჩუქა. რამდენადაც ვიცი, არაერთი მტკიცებულებაა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს მის მონაწილეობაზე პატიმართა წამებაში.
_ ძალიან რთულ პერიოდში მოგიწიათ მინისტრობა. რისი გაკეთება მოასწარით, რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თქვენი მინისტრობის პერიოდში?
_ ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობა იყო! როცა მივედით, ფაქტობრივად, მთელი სისტემა „აფეთქდა“. აპარატურა და ინვენტარი განადგურებული დაგვხვდა, რომელიც, ჯერ კიდევ, ძველმა ხელმძღვანელობამ გააფუჭა. აბსოლუტურად დაბნეული და შეშინებული თანამშრომლები დაგვხვდნენ. დიდი რისკი იყო, რომ ციხეში რამე არეულობა მომხდარიყო. მიუხედავად ამ ვითარებისა, ჩვენ ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადავდგით, რაც შეიძლებოდა ადამიანს იმ სამ კვირაში გაეკეთებინა. მთლიანად შეიცვალა პატიმრების მიმართ მიდგომა, მათ შორის, გლდანის დაწესებულებაში, უმალვე შევიტანეთ ტელევიზორები, პატიმრებს გამოვუცვალეთ მატრასები, შიშის გრძნობა მთლიანად გავუქრეთ. გარდა ამისა, არაერთი საინტერესო მოვლენა მოხდა სხვა დაწესებულებებში. განთავისუფლდა მრავალი თანამშრომელი, რომელზეც პატიმრები მიუთითებდნენ, რომ მათ ცუდად ეპყრობოდნენ; დაიწყო გამოძიება არაერთ ფაქტზე. გვქონდა ინიციატივა, რომ ზოგადად შექმნილიყო საერთაშორისო ჯგუფით დაკომპლექტებული საგამოძიებო კომისია, რომელიც რეალურად გაარკვევდა, თუ ვინ რა დანაშაულს სჩადიოდა წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში; შევქმენით საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო, რომელმაც ჩემი მისვლიდან, ფაქტობრივად, მეორე დღესვე დაიწყო მუშაობა. საბჭოში შემავალი პირები, მათ შორის, რამდენიმე ჟურნალისტი, აქტიურად ახორციელებდა მონიტორინგს; თანამშრომლებს ხელფასი გავუორმაგეთ. ვიზრუნეთ იმაზეც, რომ არც ერთი პირი, რომელიც პატიმრებზე ძალადობდა, სისტემაში აღარ დარჩენილიყო; ჯანდაცვის კუთხით უამრავი წამალი ვიყიდეთ; მძიმედ დაავადებული პირების გარკვეული ნაწილი სასჯელის მოხდიდან გავათავისუფლეთ _ ფაქტობრივად, ჩემი მისვლიდან მეორე დღეს რამდენიმე პირმა, რომელიც ჯანმრთელობის კუთხით მძიმე მდგომარებაში იყო, დაწესებულება დატოვა, მაქსიმალურად შევეცადეთ, რაც შეიძლება მეტ მსჯავრდადებულს მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, კლიპიც კი გადავიღეთ და ოჯახის წევრებს მივმართეთ, რომ მათთვის პირადობის მოწმობა მოეტანათ ან იმ პერიოდში დაემზადებინათ, რათა არჩევნებში მონაწილეობა შეძლებოდათ; ბევრ ადგილას პატიმრებს რეჟიმი შევუმსუბუქეთ. რაც შეიძლებოდა შეცვლილიყო იმ დღეებში, მაქსიმუმი გაკეთდა. მაშინდელი ჩემი მრჩეველი, გიორგი მშვენიერაძეც, აქტიურად მეხმარებოდა და ძალიან ბევრი რამ შევძელით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ეს გახლდათ გლდანის დაწესებულებაში კრიზისის განმუხტვა, რადგან ეს დაწესებულება ნაღმივით იყო. მშობლები და ახლობლები ეჭვობდნენ, რომ მათი პატიმრები ნაწამები ან ნაცემი იყვნენ. უმალვე ავამუშავეთ სისტემა, რომ ყველას შეძლებოდა თავისი ოჯახის წევრის მონახულება. თუ მონახულებას ვერ ახერხებდნენ, პატიმრებს საშუალება მივეცით, დაწესებულებიდან ტელეფონით დაერეკათ. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. ახლა მიჭირს ყველა დეტალის გახსენება. ძალიან რთული დღეები გავიარეთ, მაგრამ პერიოდმა, რომელიც ამ გარდამავალ ეტაპს უკავშირდებოდა, საკმაოდ მშვიდად ჩაიარა და როდესაც სისტემა სუბარმა გადაიბარა, აბსოლუტური სიმშვიდე იყო.
_ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი 2012 წელს ციხეებიდან ვიდეომტკიცებულებების გაქრობაში გადანაშაულებდათ. რას უპასუხებთ ამ ბრალდებას?
_ ეს არის გაუგონარი აბსურდი! არ ვიცი, ქალბატონი ინაშვილი კონკრეტულად რაზე საუბრობს. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სამინისტროს პირდაპირი შეხება ამ თვალთვალთან და კადრებთან არ აქვს, ეს დეპარტამენტის თემა იყო. დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელობას, დაახლოებით, 3-4 დღე ჰქონდა, სანამ იქ რეალურად ახალი ხელმძღვანელობა მოვიდოდა. ასე რომ, იმ პერიოდში იქიდან რა წაიღეს და რა გაანადგურეს, ეს გამოძიებას უნდა გაერკვია. გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ მაშინდელმა დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა მათ მიმართა, რომ გარკვეული აპარატურა დაზიანებულიაო. რაც შეეხება მოროშკინასა და მათნაირების სპეკულაციები აბსოლუტურად გაუგონარია. ვერანაირ ლოგიკას ვერ ექვემდებარება. ძალიან გამიჭირდება განვჭვრიტო, რას ემსახურებოდა. ეს პერსონები იმით გამოირჩევიან, რომ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რაღაცებს აბრალებენ ადამიანებს.
_ თქვენ თქვით, რომ სოზარ სუბარს აბსოლუტური სიმშვიდე დახვდა. პარალელი რომ გავავლოთ მაშინ და ახლა, რა შეიცვალა და რამდენად მოახერხა „ოცნებამ“ სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება?
_ რაც შემიძლია ცალსახად ვთქვა, პატიმრების რაოდენობა, ფაქტობრივად, არა მხოლოდ განახევრდა, კიდევ უფრო დაიწია. დღეს საერთო რაოდენობა მერყეობს, დაახლოები, 9000-10000-ის ფარგლებში. როდესაც უწყებაში მივედი, დაახლოებით, 22 400 პატიმარი იყო. ამას დაემატა ის, რომ სისტემის დაფინანსება მკვეთრად გაიზარდა. გარდა ამისა, მიდგომაც დიდწილად შეიცვალა. სასჯელაღსრულების სისტემაში დღეს ერთ-ერთი თვალსაჩინო პრობლემა ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებაა, როდესაც ადმინისტრაციამ, გარკვეულწილად, გავლენიან პატიმრებს გადააბარა არაერთი ბერკეტი. როგორც ვიცი, ეს ძალიან შესამჩნევია და აშკარად ჩანს, განსაკუთრებით, ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში. მაგალითად, ქსანში, რუსთავის დაწესებულებებში ადმინისტრაცია ბევრად მოსუსტებულია, ამაზე სახალხო დამცველიც საუბრობს მის ანგარიშებში. შარშანდელ ანგარიშში პირდაპირ იყო მითითებული, რომ ციხეში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის „მაყურებლები“, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებას განაგებენ და ცხადია, ესეც უხეშად არღვევს არაერთი პატიმრის უფლებას.
_ მიმდინარე პოლიტიკური თემებიც რომ განვიხილოთ, მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება ბოლო პერიოდის მთავარი თემაა, როგორ ხედავთ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს, ივანიშვილი საკუთარ ოპოზიციას ამზადებს?
_ კონსპირაციის თეორიებში შესვლა არ მიყვარს, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ პროცესის საშუალებით ივანიშვილმა გარკვეული პირები ჩამოიშოროს, რომლებიც მისთვის, რაღაც მიზეზების გამო, მისაღები არ არიან, ან მათთან ერთად ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ ვერანაირ მომავალს. ის, რომ ივანიშვილი „ოცნების“ შიგნით ხელოვნურ ოპოზიციას ქმნის ბესელიასა და კვაჭანტირაძის ოპოზიციონერობით, ამის თავად თუ სჯერათ, თორემ არ მგონია, ეს სერიოზულად აღიქმებოდეს. ატყობთ, რომ ისინი ყველანაირად გაურბიან ივანიშვილის კრიტიკას, თუმცა მათ უთანხმოება ე. წ. უმრავლესობაში მას შემდეგ აქვთ, რაც ერთად მოხვდნენ პარლამენტში, როცა ისინი ქართველმა ამომრჩეველმა „დასაჯა“ და ერთმანეთის გვერდით დასვა, მაგალითად: პაპუაშვილი და ზარდიაშვილი ან ბესელია და ახალგაზრდების ჯგუფი. ეს კინკლაობა ყოველთვის შეიმჩნეოდა. ვფიქრობ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესმა, გარკვეულწილად, როგორც იტყვიან, ხელი გამოჰკრა ჩახმახს და თოფი გაისროლა. მანამდეც გვინახავს რამდენიმე შიდა დაპირისპირება. ერთ რამეს დავაკვირდეთ: ადრე ივანიშვილი არ იწუხებდა თავს შიდა სამზარეულოთი. დარწმუნებული ვარ, ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ თემაზე მას ეკითხებოდნენ და ის თავადაც აქტიური იყო რიგ საკითხებზე, თუმცა ვფიქრობ, შიდა ფრაქციული თემებით დიდად დაინტერესებული არ იყო. როდესაც იგი პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა თქვა, რომ შიდა პრობლემები უნდა მოეგვარებინა, ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო, როცა ვნახე, ივანიშვილი საათობით ზის „ქართული ოცნების“ ოფისში და თანაგუნდელების „საქმეებს არჩევს“. როგორც ხედავთ, ამანაც სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენ რაზეც არ უნდა ვისაუბროთ, ივანიშვილის „ა“ გეგმაა თუ „ბ“, ამომრჩევლის თვალში ეს ძალიან ცუდად ჩანს. ამომრჩევლები, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, პირდაპირ ხედავენ, რა ხდება იმ გუნდის შიგნით, რომელსაც მათ მისცეს ხმა. ვფიქრობ, რაც დრო გავა, გაცილებით მეტი სიბინძურე გამოვა გარეთ. როდესაც ადამიანები გუნდს შორდებიან და მათ პირადი წყენები აქვთ, ეს ბუნებრივი პროცესია. ვნახეთ, რომ ეს ისეთ კონკრეტულ თემებში გადავიდა, როგორიც არის ყოფილი თანაგუნდელის მივლინებაში არგაშვება და ა. შ.
_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო დამოუკიდებელი სასამართლო, თუმცა ისევ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანური მმართველობა მივიღეთ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეასრულა „ოცნებამ“ დანაპირები?
_ თავიდან ყველა ხელისუფლების ამბიცია იყო, იმაზე უკეთესი სასამართლო შეექმნა, ვიდრე გვაქვს ან გვქონდა. საქართველოს ნორმალური, დამოუკიდებელი სასამართლოს ხანმოკლე ისტორიაც კი არ გააჩნია. 1918-1921 წლებში ძალიან მცირე იყო ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდი. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ამოვყავით თავი და, რეალურად, საბჭოთა სასამართლო იყო, რის შემდეგაც გამსახურდიას პერიოდი მოვიდა, როდესაც მთელი რიგი პრობლემების გამო ინსტიტუციები ვერ გაძლიერდა. გამსახურდიას შემდეგ მოვიდა შევარდნაძე და მივიღეთ კორუმპირებული, დამორჩილებული სასამართლო. ჯერ კიდევ შევარდნაძის წიაღში სააკაშვილმა სასამართლოს რეფორმირება სცადა, რომელმაც არაერთი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან გამოცდები გახდა ჩასაბარებელი და სისტემაში მოსამართლეების ახალი ნაწილი მოვიდა. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ევროპული სტანდარტის სასამართლოს გვპირდებოდა, თუმცა ევროპაც ჭრელია ამ კუთხით და სასამართლო როცა გახსენდება, კარგია ბრიტანული სტანდარტის, ნორვეგიული, შვედური, გერმანული, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩივიან, რომ სასამართლო სათანადოდ დამოუკიდებელი არ არის. სააკაშვილის ხელისუფლებამაც ვერ გაუძლო ცდუნებას, მორჩილი სასამართლო ჰყოლოდა. ეს სასამართლო ძალიან კარგად გამოიყენეს მთელი რიგი მიმართულებებით. სისხლის სამართლის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ვერ გაატარებ იმ სასამართლოს გარეშე, რომელიც თავიდან ბოლომდე იზიარებს ამ პოლიტიკას. მოსამართლეები სისხლის სამართლის ყველა საქმეში ითვალისწინებდნენ იმას, თუ რას ითხოვდა პროკურატურა. წინა ხელისუფლების მმართველობისას სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებლობის არმქონე იყო, თუმცა სისტემაში კორუფცია, ფაქტობრივად, აღმოიფხვრა. ყველაზე დიდი შანსი, რაც ქართულ სასამართლოს მიეცა, ეს იყო 2012 წლის ოქტომბერი, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. მათ აბსოლუტური თავისუფლება მიეცათ იმისთვის, რომ საკუთარი სიტყვა ეთქვათ და დაემტკიცებინათ, რომ სასამართლო შეიძლება იყოს დამოუკიდებელი. ამ შემთხვევაში ინტერესების თანხვედრა მოხდა _ ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას სასამართლო კვლავ დასჭირდა პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოსაკეტად. ყველაზე ნათელი ლუსტრაციაა , როდესაც დიდი პოლიტიკური ინტერსი გაქვს ოპოზიციური არხის ჩასახშობად, „რუსთავი 2“-ს ერთ თვეში შეუცვალო მფლობელი, ამ დროს სასამართლო სრული დატვირთვით იქნა გამოყენებული, სამივე ინსტანციამ ივანიშვილს საქმე „მოუგვარა“ „რუსთავი 2“-თან მიმართებით. განზრახვა ბოლომდე ვერ განახორციელეს. სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და შეაჩერა აღსრულება.
_ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ სასამართლო გაათავისუფლეს. რა ნაწილში იზიარებთ ამ მოსაზრებას?
_ სიმართლე გითხრათ, სასამართლო დღეს შედარებით თავისუფალია, იგივე ადმინისტრაციულ, შრომით დავებში. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ახობაძისა და სუბელიანის დავა. არის საქმეები, სადაც საჯარო მოხელეებმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკურად დიდად თვალში არ მოსდიოდა, მთლიანად ან ნაწილობრივ აღიდგინეს დარღვეული უფლებები, მიიღეს კომპენსაცია, ზოგიც სამსახურში აღადგინეს. სახალხო დამცვლის ოფისიდან ნანუაშვილის პერიოდში უკანონოდ გაშვებულ ჩემს ყოფილ თანამშრომლებსაც დავა აქვთ მოგებული: გარდა იმისა, რომ სასამართლომ ომბუდსმენის ოფისს სამსახურში მათი აღდგენა დაავალა, არაერთმა სოლიდური კომპენსაცია მიიღო. ეს ყველაფერი ადრე რთულად წარმოსადგენი იყო, თუმცა ხდებოდა. როცა საქმე მიდის პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებამდე, სადაც ხელისუფლების ინტერესია, ცხადია, სასამართლო აბსოლუტურად მორჩილია და ძალიან კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს ასეთ შემთხვევაში. დათო კირკიტაძეს ჰკითხეთ, როგორი დამოუკიდებელია მის მიმართ სასამართლო, ჰკითხეთ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პოლიტიკური მოტივებით ციხეში აღმოჩნდა, ჰკითხეთ „რუსთავი 2“-ს, ნიკა გვარამიას, მის ადვოკატებს, როგორი დამოუკიდებელია სასამართლო?! შესაძლოა, სასამართლო დღეს რიგი მიმართულებებით ნაკლებად კონტროლდება, რადგან ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აღარ არსებობს და აღარ არის პროკურატურის ინტერესი, რომ ყველა წვრილმან სისხლის სამართლის საქმეს სდიოს, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს თუ დასჭირდათ, ამასაც მოაგვარებენ. როგორც კი რაიმე ოდნავ მნიშვნელოვანი საქმეა, პოლიტიკური დატვირთვისა თუ ბიზნესინტერესების მატარებელია, არავის აქვს იმედი, რომ სასამართლოს შენობაში შევლენ და იქ მოსამართლე კანონიდან, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე გამოიტანს გადაწყვეტილებას. ნდობაც სასამართლოს მიმართ მსგავსი საქმეებით ინგრევა. 2-3 ადამიანი იქნება თუ არა უზენაეს სასამართლოში, ამით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
_ ანუ მურუსიძე-ჩინჩალაძის წასვლას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს?
_ რეალურად, ორი პრობლემა დგას: პირველი, სადაც საჭიროა ქირურგიული ჩარევა, სისტემა მთლიანად უნდა გადააწყო, რაც საერთაშორისო დონეზე დიდ მოწონებას არ დაიმსახურებს, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება ახალი სასამართლოს შექმნა; ამასთანავე მეორე პრობლემაა, რომ ეს თვითონ ბიძინა ივანიშვილის სურვილი და ხელისუფლების ნება უნდა იყოს, რომ ამ ქვეყანაში ისეთი სასამართლო სისტემა შეიქმნას, ხვალ ბიძინა ივანიშვილს რომ მოუწიოს დავა სასამართლოში, უნდა ელოდოს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას სამართლიანად გამოიტანს და არა ვიღაცის ინტერესებიდან გამომდინარე. ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო და რეალურად ვერაფერი შეცვალა. ბოლოს თანამდებობა დატოვა. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც გარკვეულ პოზიტიურ გავლენას იქონიებდა, ეს იყო მეორე თუ მესამე ტალღის კანონპროექტში, თუმცა პარლამენტში მეორე მოსმენის დროს ამოაგდეს. ამ კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეები იუსტიციის საბჭოდან არჩევითი უნდა ყოფილიყო და არა დანიშვნითი, ეს წაშალეს. ამის დატოვების შემთხვევაში რისკი გაიზრდებოდა, რომ გავლენა აღმოიფხვრებოდა. ესეც კი წაშალეს და არ დაუშვეს. შეიძლება ამას არსებითად არაფერი მოეტანა, რადგან, როგორც ვხედავთ, რამდენიმე ადამიანის გარშემო მოსამართლეთა კორპუსი საკმაოდ შეკრულია. ისინი ძალიან კარგად მიჰყვებიან იმ სისტემურ მოცემულობას, რომელიც დღეს არის.
_ თქვენ თქვით, რომ „ოცნებამ“ სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის ცდუნებას ვერ გაუძლო. ნებისმიერ ხელისუფლებას ექნება მსგავსი ცდუნება. რა ბერკეტი არსებობს ამ ცდუნების შესაკავებლად?
_ პირველ რიგში, შემაკავებელია მყარი კონსტიტუციური და საკანონმდებლო გარანტიები. ასევე თავად სასამართლო ხელისუფლების სურვილი, რომ დამოუკიდებელი იყოს. დღეს სასამართლო ხელისუფლება, როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერია და საკუთარ ბრჭყალებს აჩენს. მათ გარკვეული მოთხოვნები აქვთ, მაგალითად: უნდათ, ახალ წლამდე ერთ კვირაში სასამართლოში დანიშნონ მოსამართლეები, მათ შორის, საკუთარი თავიც. ვინც სიაში იყო, იმ პირებმა, იუსტიციის საბჭოს მოქმედმა წევრებმა, რეალურად საკუთარ თავს მისცეს ხმა. ეს არ გავიდა, რადგან ამას საზოგადოების ძალიან დიდი უკმაყოფილება მოყვა. ეს იყო პროტესტის საკმაოდ დიდი ტალღა. ყველა აპროტესტებდა იმ ადამიანების სასამართლოში მოხვედრას, რომლებიც მათთვის მიუღებელი იყო მათი წარსულისა და რეპუტაციის გამო. ეს სასამართლო სისტემა ამ ხელისუფლების პრობლემაც გახდა, ვინაიდან სერიოზულად ურტყამს მათ რეპუტაციას, გარდა იმისა, რომ დანაპირები საერთოდ დაავიწყდათ, ყოველ წუთს მათ იმას ახსენებენ, რომ რაც დღეს გვაქვს, მათი დამსახურებაა. შეიძლება, ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ როცა ხელისუფლება შეიცვლება, ეს სასამართლო ამ ხელისუფლების დევნას რომ დაიწყებს, ამის ალბათობა ძალიან მაღალია. ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ მოვა ხელისუფლებაში. იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 2020 წლის არჩევნებში მოსახლეობის მხარდაჭერის მიღებას აპირებს, მოუწევს არა მხოლოდ სასამართლოს გაუმჯობესების ვალდებულების აღება, ასევე შესრულება. საბოლოო ჯამში, მივედით არჩევნებამდე, როდესაც ნებისმიერ ხელისუფლებას განცდა აქვს, რომ დანაპირების შეუსრულებლობის მიუხედავად არჩევნებს მაინც მოიგებს, ასეთ დროს ყველაფერი ფუჭდება. დემოკრატია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ძირითადად, არჩევნებზეა მიბმული. რამდენიმე დღის წინ ეუთომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, შორეულ ბნელ წარსულში დავბრუნდით . ეუთოს ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და უპრეცედენტო დარღვევებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოსთან მიმართებით თვალში არ მოგვხვედრია. წრეზე დავდივართ. მახსენდება ჩემი თავი, როდესაც სხვადასხვა ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ვსაუბრობდით სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, დამოუკიდებელ სასამართლოსა და ა. შ. საბოლოო ჯამში, ხალხის მოტყუება მარტივი არ არის, შეიძლება რამდენიმე ადამიანი მოატყუო, ყველას ვერ მოატყუებ. სასამართლო და მისი დამოუკიდებლობა შესაძლოა, მოსახლეობის რაღაც ნაწილს აწუხებდეს, თუმცა ყველას აწუხებს გაზრდილი ტარიფები. ამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი შემთხვევა იყო, როცა „ოცნებას“ ხალხმა სილა გააწნა. ფაქტობრივად, ოპოზიციისა და „ოცნების“ კანდიდატები იდენტური შედეგით გავიდნენ მეორე ტურში. მეორე ტურში კი „ოცნება“ წესების გარეშე ბრძოლაზე გადავიდა. ეს „ეუთოს“ გარდა ჩვენც დავინახეთ. ნებისმიერი პოლიტიკური ძალა კონკრეტული შეცდომებისა და უკანონობის გამო, რაღაც ეტაპზე, მაინც იხდის ფასს. როგორც კი ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ, დარწმუნებული ვარ, ისინი ამ შანსს გამოიყენებენ.
_ როგორ ფიქრობთ, ივანიშვილსა და „ოცნებას“ ეყოფა იმის რესურსი, რომ მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით ადეკვატური ნაბიჯები გადადგან?
_ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ძალიან გაუძნელდებათ. ისინი ეცდებიან, ამ პროცესს გარკვეული ღიაობა შესძინონ და დროშიც მოიგონ, თუმცა შედეგი, საბოლოო ჯამში, არ იქნება ის, რაც ყველას გვინდა.

ნენე ინჯგია