გია ნოდია: „ემიგრაციით ხელისუფლება არავის შეუცვლია“

„ქართული ოცნების“ ძველი გვარდიის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ, სიმართლის მებრძოლის როლი თამამად მოირგო და მმართველ გუნდში არსებული შიდა დაპირისპირებაც ზედაპირზე ამოტივტივდა. ხელისუფლებაში ერთმანეთს ებრძვიან, ოპოზიცია კი საარჩევნო სისტემის ცვლილებებისთვის ემზადება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე სავარაუდოდ, მორიგ სვლაზე ფიქრობს, ემიგრაციაში გახიზნული მესამე პრეზიდენტი კი ემიგრანტების იმედად დიდ გეგმებს აწყობს.

რამდენად რეალურია „ქართული ოცნების“ დაშლა? იყენებს თუ არა ეფექტურად ოპოზიცია მმართველ გუნდში არსებულ კრიზისს? რა საერთო აქვთ როგორც პოლიტიკურ ლიდერებს _ მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა:
_ როგორ ფიქრობთ, მმართველ გუნდში ერთმანეთს დაპირისპირებული მხარეები რისთვის იბრძვიან, _ გავლენებისთვის თუ ბიძინას თვალში პლუსების დასაწერად?
_ ეს ჩვეულებრივი კარის ინტრიგებია: როდესაც არის ერთი მეფე, ერთი იმპერატორი, ყველა თავისი ადგილისთვის იბრძვის იმ იერარქიაში, რომელიც მეფის კარზეა. ეს იერარქია ნაწილობრივ ფორმალურია, იმ თვალსაზრისით, რომ ვიღაცას მაღალი თანამდებობა აქვს, ვიღაცას _ დაბალი, მაგრამ არის არაფორმალურიც _ ვინ უფრო ახლოსაა მასთან, ვის ენდობა, ვის არ ენდობა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ირაკლი კობახიძეს აქვს ეს ნდობა, ბესელია კი ამ სისტემაში საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვის. მისი ბრძოლა აქამდე თუ შეიძლებოდა საზოგადოებისთვის დაფარული ყოფილიყო, ანუ თუ შიდა დისკუსიაში მონაწილეობით შემოიფარგლებოდა ან რაღაც სხვა მეთოდებით, ამ ეტაპზე მან გადაწყვიტა, ეს ბრძოლა საჯარო გაეხადა და ერთგვარად სამართლიანობის დამცველის მანტია მოერგო. მით უმეტეს, რომ „ქართული ოცნების“ ელიტაში (ვგულისხმობ საპარლამენტო ფრაქციას), არიან ადამიანები, რომლებსაც აღიზიანებთ ირაკლი კობახიძე და „ახალი“ ხალხი. მათ, თავის დროზე, სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ახლა ივანიშვილმა დააწინაურა და პარტიის ბედი ჩააბარა. „ძველები“ თავს უგულებელყოფილად გრძნობენ, ფიქრობენ, რომ ჩვენ ვიბრძოლეთ და ახლა ვიღაც ახლები დაგვასვეს თავზე და ჩაგვაჩოჩესო. ამიტომ ბესელიას გარკვეული მომხრეები გამოუჩნდა და, ფაქტობრივად, პირადად ბიძინა ივანიშვილს ის საჯაროდ არ უტევს, მაგრამ რეალურად ეს ზეწოლაა ივანიშვილზე. ის ბიძინას მიუთითებს, _ თუ არ გინდა განხეთქილება პარტიაში, ანგარიში უნდა გაგვიწიოთ, მხოლოდ მე კი არ მომწონს კობახიძე, საკმაოდ ბევრი ხალხია პარტიაში, პარლამენტს გარეთაც მომხრეების რაოდენობა დიდია, რომლებსაც ასევე არ მოსწონთ კობახიძე.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ბესელიამ სამართლიანობის დამცველის მანტია მოირგო. მან მიზანმიმართულად დაამთხვია მოსამართლეების დანიშვნის პერიოდს მისი ამ კუთხით გააქტიურება?
_ შეიძლება ითქვას, რომ ბესელიამ ამ შემთხვევაში ძალიან მომგებიანი ტაქტიკა აირჩია. საზოგადოებაში უკმაყოფილებაა სასამართლოსთან მიმართებით, რომ სასამართლო არ გაუმჯობესებულა. მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ „ძველებში“ უკმაყოფილებაა იმით, რომ „სამართლიანობა“ არ აღდგენილა, ანუ „ნაციონალებს“ საკმარისად არ გადაუარა „ქართულმა ოცნებამ“ და ის მოსამართლეები, რომლებიც „ნაციონალების“ დაკვეთას ასრულებდნენ, ისევ განაგრძობენ საქმიანობას. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მოტივი გააერთიანეს და, ერთი მხრივ, „ძველების“ მომხრეებში სამართლიანობისა და სიმართლის ბრძოლის რეპუტაცია შეიქმნა. მეორე მხრივ, ის ხალხი ვინც, მაინცდამაინც, „ქართული ოცნების“ მომხრე არ არის, რაღაც ნაწილი იფიქრებს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის ეკა ბესელიას მაინც უფრო მეტი ღირებულება აქვს, ვიდრე კობახიძეს, თალაკვაძეს, ზარდიაშვილსა და ა. შ
_ „ძველებსა“ და „ახლებს“ შორის დაპირისპირება შარშან გაზაფხულზეც იყო, თუმცა ახლა უკვე პირადი ცხოვრების ამსახველი ფირიც კი გავრცელდა. თქვენი გადმოსახედიდან, რაზე მიუთითებს ეს ფაქტი?
_ ბევრ რამეზე. ბრძოლა ძალიან ბინძური მეთოდებით მიმდინარეობს. რასაც არ უნდა ვფიქრობდე ბესელიაზე, მომწონდეს თუ არ მომწონდეს, ასეთი მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს არც პირველია და შეიძლება, არც უკანასკნელი, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ მეთოდს იყენებს, თუმცა ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ეს მეთოდი შიდა ბრძოლებში გამოიყენება, ანუ ვიღაც, ვისაც წვდომა აქვს ამ ფირებზე, მას გარკვეული ანგარიშები გააჩნია ბესელიასთან და მისი ამ ფორმით დასჯა გადაწყვიტა. ზოგიერთი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის გავრცელებაზე ივანიშვილის სანქცია იყო. ამის თქმა მკითხაობაა და ამას არავითარი აზრი არ აქვს. შეიძლება, შედარებით დაბალი რანგის ადამიანმა მიიღო ეს გადაწყვეტილება ან, შეიძლება, ასეთი მეთოდების გამოყენებაზე მართლაც არის უზენაესი სანქცია. როგორც არ უნდა იყოს, ეს აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ კოლექტიურად ბინძურად ებრძვის ოპოზიციას ან ნებისმიერს, ვინც არ მოსწონს, არამედ ერთმანეთსაც ასეთი ბინძური მეთოდებით ებრძვიან. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი პარტიის კონტროლი უჭირს.
_ ამ პირობებში, როცა მმართველ გუნდში არსებული კრიზისი ზედაპირზე ამოტივტივდა და ერთმანეთსაც ბინძური მეთოდებით დაუწყეს ბრძოლა, როგორ ფიქრობთ, გუნდის გაყოფა უფრო რეალურია თუ ფრაქციებად დაშლა?
_ ეს, გარკვეულწილად, მაინც ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ არც ერთ ჯგუფი არის მზად იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს გამოეყოს და ცალკე პოლიტიკური ძალა შექმნას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუპირისპირდება. ეს იცის ბიძინა ივანიშვილმა, ასე რომ, მას შეუძლია ამ სხვადასხვა ჯგუფის ერთმანეთთან ბრძოლით მანიპულირება. თავის დროზე სწორედ ამას აკეთებდა შევარდნაძე, მას ერთიანი გუნდი კი არ ჰყავდა, არამედ მისი გუნდის შიგნით სხვადასხვა ჯგუფი მუდმივად ებრძოდა ერთმანეთს, შევარდნაძეც ამას გარკვეულად წაახალისებდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილი დისტანციას იკავებს, თავის აზრს იშვიათად გამოთქვამს საჯაროდ და თითქოს ამ ბრძოლაზე ზევით დგას, ოლიმპოზე ან თავის სოლოლაკის მთაზე, იქიდან გადმოჰყურებს ყველაფერს და როცა უნდა, როგორც უნდა, ისე ჩაერევა. ბოლო შეხვედრამ ეს აჩვენა, _ ყველა ამბავი გამოიტანა, ჩვენ კი ვჩხუბობდით, მაგრამ ბიძინამ შეგვარიგაო, ე. ი. ბიძინა ყველას სჭირდება, რომ შეარიგოს და მდგომარეობა დაარეგულიროს. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს, ცალსახად, არ უნდა პარტიის დაშლა არც ფრაქციებად და არც მნიშვნელოვანი ჯგუფების გარეთ გასვლა, მაგრამ თუ ვიღაცამ ძალიან მოუშალა ნერვები და ცუდად მოიქცა, შეიძლება, სამაგალითოდ დასაჯოს. მაგალითად, ბატონი ჭიჭინაძე დასაჯეს, წინა პარლამენტში კობა დავითაშვილიც გარიყეს. რამდენიმე ადამიანი შეიძლება დასაჯოს, თუმცა პარტიის გაყოფა მის ინტერესებში არ შედის.
_ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში ბესელიაც, ჭიჭინაძისა და დავითაშვილის მსგავსად, სამაგალითოდ დასაჯა, ოღონდ სხვა ფორმით?
_ ჩემი აზრით, ბესელიამ, ამ ეტაპზე, თავი გადაირჩინა, მომავალში რა მოხდება, არ ვიცი. ბევრი ნიშანია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ბესელიათი უკმაყოფილოა და მას არ ენდობა. მოსამართლეთა სიის წინააღმდეგ წასვლით ბესელია, ფაქტობრივად, ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა, რამაც ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა, ამ ეტაპზე, მისთვის მოსამართლეთა სიის გამო ბესელიას დასჯა მომგებიანი არ იყო. თვითონ მოსამართლეთა სია ძალიან არაპოპულარულია და ბესელია საზოგადოების თვალში მართალი გამოვიდოდა. ამგვარ სიტუაციაში ბესელიას საჯაროდ დასჯა ივანიშვილისთვის მიუღებელი იყო, რაღაცნაირად, ის უკვე დაისაჯა იმიტომ, რომ გავლენიანი პიროვნება იყო, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. ბესელია თავმჯდომარეობას ჩამოაშორეს, ასე რომ, იგი დასჯილია, მაგრამ „ქართული ოცნების“ შიგნით რაღაც პოზიცია, ამ ეტაპზე, შეინარჩუნა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. რა მოხდება არჩევნებამდე, არავინ იცის.
_ რა უპირატესობა აქვს მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების გამო ოპოზიციას?
_ როცა ხელისუფლებაში შიდა დაპირისპირებებია, ნათელია. ეს ასუსტებს მის რეპუტაციას, ნაკლებ ეფექტიანად მუშაობს და ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლება დასუსტებულია. ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კი არა, საკუთარ პარტიასაც ვერ უვლის. ეს მის რეიტინგზე კარგად არ მოქმედებს, რაც ოპოზიციას შანსს აძლევს, მაგრამ როგორ გამოიყენებს ამ შანსს, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. თავის მხრივ ხელისუფლების დასუსტება ავტომატურად არ აძლიერებს ოპოზიციას, თუმცა გაძლიერების შანსს აძლევს.
_ ოპოზიციის მხრიდან შანსის გამოყენებაზე საუბრობთ და მახსენდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი. საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, ოპოზიციამ ვერ გამოიყენა შანსი და ის საპროტესტო მუხტი, რაც ხალხში იყო. ამის გათვალისწინებით რამდენად რეალურია, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში შეძლებს შანსის გამოყენებას?
_ ოპოზიციის მოქმედების შეფასება, ამ შემთხვევაში, ცალსახად არ შეიძლება. ფაქტია, რომ 2016 წლის არჩევნებთან შედარებით ოპოზიციის მხარდაჭერა სერიოზულად გაიზარდა, სულ მცირე, 300 000 კაცით ან, შეიძლება, 400 000-ით, გააჩნია, ვინ როგორ დაითვლის. ანუ ოპოზიციამ, ამ თვალსაზრისით, იხეირა. გასაგებია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ან იგებ, ან აგებ და ოპოზიციამ ვერ მოიგო, თუმცა მან ხელისუფლება აიძულა, არჩევნების მოსაგებად აშკარად უკანონო მეთოდებზე წასულიყო. ამითაც დაასუსტა ხელისუფლება. ბოლო გამოკითხვები, რომლის მიხედვითაც კორუფციის მაღალი და დემოკრატიის დაბალი მაჩვენებელია, გარკვეულად ამ არჩევნების შედეგიც არის. ხელისუფლებამ არჩევნები კი მოიგო, მაგრამ ისე მოიგო, რომ ამ მოგებამ მისი რეპუტაცია შელახა. ასე რომ, ამ არჩევნებმა ოპოზიცია გააძლიერა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან სერიოზული შეცდომა იყო იმაზე ფიქრი, რომ „ვარდების რევოლუციისმაგვარი“ ტალღა შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმ რეალურ სრულიად უკანონობას, რაც მეორე ტურში ვნახეთ. რევოლუცია არ მოჰყოლია, სიტუაცია არასწორად, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილმა შეაფასა იმიტომ, რომ ის საქართველოში არ არის და შესაბამისად, მაჯისცემას ვერ გრძნობს. აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციამ დიდი საპროტესტო ტალღის აგორება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, რაც, რა თქმა უნდა, მის სასარგებლოდ არ მეტყველებს.
_ მიხეილ სააკაშვილი და მისი ილუზიები ახსენეთ. მის ახალ გეგმებზე ემიგრანტებთან დაკავშირებით რას გვეტყვით, რამდენად რეალურია, რომ ემიგრანტების დახმარებით ის შეძლებს ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის შეცვლას და 10 მილიარდის დაბანდებას?
_ ეს იმედები, ალბათ, იმას ემყარება, რომ მან ემიგრაციაში არჩვენები მოიგო, საქართველოში კი _ წააგო. ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ საზღვარგარეთ უფრო სამართლიანი არჩევნები იყო და ხელისუფლებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საშუალება არ ჰქონდა. შეიძლება, ეს ლოგიკურად ამტკიცონ, მაგრამ ემიგრაციით ხელისუფლება არავის შეუცვლია, ხელისუფლებას ის ხალხი შეცვლის, ვინც საქართველოში ცხოვრობს, ამიტომ ემიგრაციაზე აქცენტის გაკეთება, ჩემი აზრით, წამგებიანია. ფაქტობრივად, დღეს სააკაშვილი ემიგრაციის ნაწილია და გასაგებია, რომ ემიგრანტის ცხოვრებით ცხოვრობს და ემიგრატებთან უფრო ადვილად ამყარებს ურთიერთობას, მაგრამ ამაზე პოლიტიკური სტრატეგიის დამყარება წამგებიანია.
_ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია აქტიურად ითხოვდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. რამდენად რეალურად წარმოგიდგენიათ ამ პირობებში ეს არჩევნები, თუ ამ თემამ უკვე ჩაიარა?
_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავიდანვე წამგებიანი იდეა იყო. შეიძლება, ამ იდეას რაღაც პოლიტიკური გამართლება ჰქონოდა იმ შემთხვევაში, თუ გრიგოლ ვაშაძე მოიგებდა არჩევნებს და პრეზიდენტი გახდებოდა, მის უკან გამარჯვების ინერცია იქნებოდა, რაც ფსიქოლოგიურ დამაჯერებლობას მისცემდა ამ მოთხოვნას. როდესაც არჩევნებს აგებ, გასაგებია, რომ უკანონო მეთოდების გამოყენებით იგებს ხელისუფლება. თუ ეს არჩევნები უკანონო მეთოდებით მოიგო, ვადამდელს მსგავსი ხერხით რატომ ვერ მოიგებს?! _ ეს არ არის დამაჯერებელი. გაერთიანებულმა ოპოზიციამ, როგორც ბლოკმა, დაინახა, რომ ამაში მას არავინ აჰყვა და არც აჰყვება. თუ არავინ აჰყვა, ე. ი. ეს სტრატეგია განწირულია. ახლა დაგვიანებით, თუმცა სწორად მიხვდნენ, რომ ტაქტიკა უნდა შეიცვალონ და პირველ რიგში დააყენონ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი, რაც ლოგიკურად უფრო სწორია, რადგან ჯერ საარჩევნო სისტემაა, შემდეგ კი _ არჩევნები. მეორე მხრივ, პოლიტიკურადაც უფრო ჭკვიანურია, რადგან ამის გარშემო ოპოზიციის ფართო სპექტრის გაერთიანება შესაძლებელია. ამ დღეებში დავინახეთ, რომ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ჩვენ არ ვიცით, მოიტანს თუ არა ეს წარმატებას. შეიძლება, არც იყოს წარმატებული იმ აზრით, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემა არ შეცვალოს, თუ ძალიან დიდი ზეწოლა არ იქნება, მათ შორის, ქუჩიდანაც. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება საარჩევნო სისტემას არ შეცვლის, რადგან ძირითადად არსებული სისტემის წყალობით აქვს არჩევნების მოგების იმედი. ოპოზიციის თემატურ გაერთიანებას ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო თავისთავად აქვს ღირებულება, რადგან ხელისუფლება დაინახავს, რომ ოპოზიცია საერთო იდეის გარშემო ერთიანდება, რომელსაც ყველა იზიარებს და ხელისუფლებაც ვერ უარყოფს.
_ ხელისუფლებაც ვერ უარყოფს, თუმცა ცვლილებები მაინც 2024 წლისთვის გადადეს…
_ გასაგებია, რომ გადადეს, მაგრამ არგუმენტი ძალიან სუსტი იყო. ამიტომ ხელისუფლება წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება, ოპოზიცია კი _ პირიქით. ასე რომ, ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო ცვლილებების ირგვლივ გაერთიანება გონივრული ნაბიჯია. სამწუხაროდ, მთავარი ოპოზიციური ძალა ვადამდელი არჩევნების ფანტომს დასდევდა და სწორედ ამიტომ ეს დაგვიანდა.
_ NDI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ მთელი რიგი მიმართულებით ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. მათ შორის, კორუფციის მაღალი და დემოკრატიის დაბალი მაჩვენებელი. იზიარებთ თუ არა იმ მოსაზრებას, რომ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნებით ეს პრობლემები გადაიჭრება?
_ თქვენს შეკითხვაზე არსებითად უარყოფითი პასუხი მექნება. ივანიშვილს რომ მართლა სურდეს დემოკრატიის განვითარება, ის ამ 6 წლის მანძილზე სულ სხვაგვარად მოიქცეოდა. ახლა, როდესაც დასუსტდა და გაუჭირდა, ნაკლებად წარმოსადგენია, რომ მან დემოკრატიზაციისკენ ნაბიჯები გადადგას, პირიქით _ დავინახეთ, რომ როცა გაუჭირდა, არჩევნების ხარისხი მკვეთრად დაეცა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იმედი ჰქონდა, რომ ადვილად მოიგებდა და არჩევნების ხარისხი შედარებით ასატანი იყო, მაგრამ მეორე ტურში დარღვევები თვალსაჩინო გახდა. ასე რომ, პირადად ბიძინა ივანიშვილია ამაზე ორიენტირებული, რომ ყველანაირი მეთოდით შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამ ფონზე თუნდაც ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რაც ძალიან მეეჭვება, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ის რაიმეს გააკეთებს საქართველოში უფრო სამართლიანი პოლიტიკური ბრძოლის ველის შესაქმნელად. ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო, ერთი პრობლემით ნაკლები იქნებოდა და დღეს უმნიშვნელოვანეს პრობლემა არაფორმალურ მმართველობაზე აღარ ვისაუბრებდით.
_ ბესელიას ხმამაღალი განცხადებებისა და ღია დაპირისპირების შემდეგ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა განცდა, რომ ივანიშვილმა გუნდში ავტორიტეტი დაკარგა. იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას და როგორია მისი, როგორც გუნდის ლიდერის შანსები?
_ ივანიშვილის ე. წ. დაბრუნება, ანუ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მოსვლა, უკვე სისუსტის გამოვლენა იყო იმიტომ, რომ ის ყოველთვის ამბობდა, _ ძალიან ცუდად თუ წავიდოდა საქმე, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაბრუნდებოდა. ის დაბრუნდა, ე. ი. საქმე ძალიან ცუდად წავიდა. ერთი მხრივ, ცუდად წავიდა საქმე _ ქვეყანაში სიღარიბემ მოიმატა, როგორც თვითონაც აღიარა და მეორე მხრივ, _ პარტიაშიც, ღია დაპირისპირება გაზაფხულზე დაიწყო. მაშინ ბესელია არ იყო ასეთი აქტიური, თუმცა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სხვები ილაშქრებდნენ. ანუ ივანიშვილი ამის დასარეგულირებლად დაბრუნდა. მან აღიარა, რომ იმ მეთოდებით, რომლითაც თვითონ აირჩია, ვერ იმუშავა. იმავე გაზაფხულზე ილუზია გაჩნდა, რომ რადგან პარტიის თავმჯდომარეა და უშუალოდ წარმართავდა საქმიანობას, პარტიაში მაინც იქნებოდა მეტი წესრიგი, მაგრამ ბესელიას სკანდალმა გვაჩვენა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამაც არ უშველა გუნდში არსებული პრობლემების გადაჭრას, ე. ი. მას რესურსი ამოეწურა და ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რაიმე ახლის მოფიქრების შესაძლებლობა აქვს.
_ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის პარალელი რომ გავავლოთ, როგორც პოლიტიკური ლიდერები ისინი ერთნაირი ტემპით სუსტდებიან? საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სააკაშვილის განცხადებებს მისივე გუნდის წევრები ემიჯნებოდნენ. სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა მის დასუსტებაზე საუბარი. თქვენ რა მსგავსებას ხედავთ ამ ორ ლიდერს შორის?
_ რაღაც მსგავსება არსებობს. განსხვავებული მიზეზები გვაქვს, თუმცა ორივე შემთხვევაში არაფორმალური მმართველობის პრეცედენტია. სააკაშვილი ფორმალურად არ არის არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც კოალიციის ლიდერი, მაგრამ გარკვეულად პრეტენზია აქვს და მისი მომხრეებიც ფიქრობენ, რომ ის უნდა იყოს ლიდერი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის ვერ ლიდერობს და მისი ლიდერობა ვერ არის ეფექტიანი. ეს გამოჩნდა 2016 წლის არჩევნების შემდეგ, როცა პარტია ორ ნაწილად დაიშალა, შემდეგ მისმა შემოთავაზებულმა სტრატეგიამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ არ იმუშავა, არ იყო კარგად გათვლილი, რა თქმა უნდა, ეს ასუსტებს მას.
ამ ორ ლიდერს შორის არსებითი განსხვავებაა: სააკაშვილის პირადად დასუსტება არ ნიშნავს ავტომატურად ოპოზიციის დასუსტებას; სახელისუფლებო პარტიას კი მკაფიო ორგანიზაციული სტრუქტურა სჭირდება, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს. ოპოზიცია ფორმალურადაც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, ეს არის გაერთიანება, ვგულისხმობ გაერთიანებულ ოპოზიციას გარდა ამისა, არის „ევროპული საქართველო“, ასევე სხვა პარტიებიც. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციას ობიექტურად არ სჭირდება ერთიანი ლიდერი. ამ ეტაპზე, როცა საპარლამენტო სისტემაზე გადავდივართ, მით უმეტეს, ერთიანი ლიდერის აუცილებლობა არ არის. თუ ბიძინა ივანიშვილის დასუსტება ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა, მიხეილ სააკაშვილის როლის გარკვეული შესუსტება შესაძლოა, სისუსტე კი არა, პოზიტივი იყოს ოპოზიციისთვის. გააჩნია, სხვადასხვა ოპოზიციური პარტია როგორ შეძლებს ერთმანეთთან თანამშრომლობას.

ნენე ინჯგია