გერმანელი პიანისტისა და ქართველი მევიოლინეს 18 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორია

„მე მიყვარს ადამიანი და ჩემი ცხოვრების დევიზია _ მიყვარდეს ყველა და ყველაფერი“, _ ასე დაიწყო „ქრონიკა+“-თან საუბარი უნიჭიერესმა და პროფესიონალმა მუსიკოსმა, მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძემ, რომელიც ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს.

ბელა მახარაძე, ჯერ კიდევ, 9 წლის ასაკიდან უკრავდა, როგორც სოლისტი, ბათუმის კამერულ და სიმფონიურ ორკესტრთან და ყოველწლიურად მართავდა სოლო კონცერტებს. კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, ქალბატონ ლიანა ისაკაძის თხოვნით, საქართველოს კამერულ ორკესტრში დაიწყო მუშაობა და წარმატებულ გასტროლებს გადიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
2000-დან 2005 წლის ჩათვლით ბელა მახარაძე მსოფლიო კამერულ ორკესტრში უკრავს, ხოლო 2005 წლიდან _ კავკასიურ კამერულ ორკესტრთან სოლისტის სახით, რომელსაც მოჰყვა მრავალი საქველმოქმედო კონცერტი. 2017 წლის ზაფხულს ბელა მახარაძე სამეფო უბნის თეატრში წარდგა მაყურებლის წინაშე კავკასიურ კამერულ ორკესტრთან ერთად.
2018 წლის 10 მარტს ის გახდა მფლობელი ტიტულისა _ წარმატებული ემიგრანტი ქალები. 2018 წლის პირველ აპრილს წყვილმა ჩაატარა გრანდიოზული კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, რომელსაც ძალიან მალე მოჰყვა მშვენიერი გასვლითი კონცერტები საქართველოს რეგიონებსა და ევროპის ქვეყნებში.
ბელა ბერკემერ-მახარაძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში დაიბადა. 6 წლის იყო, როცა ფორტეპიანოს შესწავლა დაიწყო, ხოლო 7 წლის ასაკიდან ვიოლინოს კლასში გადავიდა.
„ნატანებში ჩემი პირველი მასწავლებლები იყვნენ რაისა ჯავახია (ფორტეპიანო) და თემურ შალვაშვილი (ვიოლინო). შემდეგ ჩავაბარე ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელში, სადაც კვლავ თემურ შალვაშვილის ხელმძღვანელობით ვმეცადინეობდი. ათი წლის ასაკიდან უკვე ორკესტრთან ვუკრავდი, ასე რომ სცენას პატარაობიდანვე ვარ შეჩვეული. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში შოთა შანიძის კლასში. პარალელურად ვეუფლებოდი საფორტეპიანო ხელოვნებას.
პირველი კურსიდან მოყოლებული კონსერვატორიის წარჩინებული სტუდენტი ვიყავი. მესამე კურსიდან ჩემი ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძე გახდა. რადგან წარმატებული სტუდენტი ვიყავი და კამერულ და სიმფონიურ ორკესტრთან დაკვრის საკმაოდ კარგი გამოცდილება მქონდა, სწავლის დასრულებისთანავე ქალბატონმა ლიანამ ახლად ჩამოყალიბებულ კამერულ ორკესტრში მიმიწვია“, _ დასძინა ბელამ.
ბელა მახარაძის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. ჰქონდა კონცერტები, გასტროლები… სწორედ ლიანა ისაკაძესთან გაიცნო მომავალი მეუღლე, უვე ბერკემერი. სხვათა შორის, ლიანა ისაკაძე ბელასა და უვეს მეჯვარე გახლავთ. 25 წლის ასაკში ბელა მახარაძე გერმანელი დირიჟორის, პიანისტისა და კომპოზიტორის – უვე ბერკემერის მეუღლე გახდა და მასთან ერთად უკვე შემოქმედებით კარიერას განაგრძობს.
უვე ბერკემერმა დაამთავრა ფრანკფურტის ხელოვნების უნივერსიტეტი სხვადასხვა განხრით, როგორც პიანისტმა, კომპოზიტორმა და დირიჟორმა. გამორჩეულად ნიჭიერ მუსიკოსს ხშირად ჰქონდა საკონცერტო მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მონაწილეობდა კონკურსებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში. მას ასევე აქვს მუსიკალური ჩანაწერები.
1999 წელს ქალაქ დიდცენბახში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დააფუძნა და სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი ორკესტრები და სოლისტები ჩამოჰყავდა. ის მრავალი ნაწარმოების ავტორია. სავიოლინო კონცერტი (რომელიც ბატონმა უვემ ქალბატონ ლიანა ისაკაძეს მიუძღვნა) საქართველოს კამერულ ორკესტრთან და თავად ქალბატონ ლიანა ისაკაძესთან ერთად შეასრულა თავისივე ფესტივალზე გერმანიის ქალაქ დიდცენბახში.
„როგორც კი დავიწყე ქალბატონ ლიანასთან მუშაობა, ჩემი დებიუტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: გვქონდა უამრავი კონცერტი, გასტროლი და მიწვევა სხვადასხვა ქვეყანაში. ერთ დღესაც, რეპეტიციის დაწყების წინ, ოთახში შემოვიდა ქალბატონი ლიანა და გვამცნო, რომ გერმანელმა კომპოზიტორმა და დირიჟორმა უვე ბერკემერმა მოისურვა ჩვენი მიწვევა გერმანიაში, ამიტომ ორკესტრის ახლოს გასაცნობად და სარეპეტიციოდ თბილისში აპირებდა ჩამოსვლას. ოთახიდან გასვლისას ქალბატონი ლიანა შემობრუნდა და ღიმილით გვითხრა: სხვათა შორის, ქალებო, იცოდეთ, უვე უცოლოა. უცებ ორკესტრის თითქმის ყველა წევრი ჩემკენ შემოტრიალდა და ლამის ერთხმად გაიმეორა: გესმის, ბელა? გავიკვირვე, _ რატომ, მაინცდამაინც, ბელა? ორკესტრში ხომ ხუთზე მეტი ქალია გაუთხოვარი. ეს იყო მართლაც კურიოზული მომენტი, რომელსაც ახლაც ხშირად ვიხსენებთ ღიმილით. არ დამავიწყდება კიდევ ერთი რამ: როცა უვე ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდა და ქალბატონმა ლიანამ ის წარგვიდგინა, აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალი, წარმოსადეგი მამაკაცი იყო. ქალებმა ერთგვარი თანაგრძნობით მითხრეს: უჰ, ბელა, გითანაგრძნობთ, რა მაღალი ყოფილაო (ეს იმიტომ, რომ თავად ტანდაბალი ვარ). მეც არ დავიბენი და ღიმილით ვუპასუხე: არა უშავს, ლოგინში ყველა თანასწორია-მეთქი, აბა, გურულ ქალს ენაკვიმატობაში ვინ მაჯობებდა? თბილისში ყოფნის პერიოდში უვე ქალბატონი ლიანას სახლში ცხოვრობდა და პირველივე დღეს უთქვამს ჩემზე მისთვის: ის მევიოლინე გოგონა მომწონსო“, _ გვითხრა ბელამ.
2005 წელს უვე ბერკემერმა საქართველოში უმაღლესი დონის მუსიკოსებისგან ჩამოაყალიბა კავკასიური კამერული ორკესტრი, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებული გასვლითი კონცერტები და ტურები ჰქონდა.
2008 წლიდან იგი დაუბრუნდა გერმანიას და ქალაქ იბენბიურენის გიმნაზიაში გააგრძელა მოღვაწეობა, სადაც საბავშვო გუნდი, კამერული ორკესტრი და ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი ჩამოაყალიბა. 2008 წელს უვე ბერკემერი იტალიის ქალაქ ვენეციაში აღიარებულ იქნა „უტოპიის ელჩად“, შვეიცარიის ტელევიზიამ კი საქართველოში მის მოღვაწეობაზე 90-წუთიანი დოკუმენტური ფილმი „გროზნი დრიმინგ“ გადაიღო, რომელმაც იტალიის ქალაქ ვერონაში გრანპრი აიღო.
2017 წელს საქართველოში ბატონმა უვემ სამეფო უბნის თეატრში ჩაატარა ფესტივალი, სადაც მოწვეული იყო მრავალი ახალგაზრდა მუსიკოსი სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბელა მახარაძემ დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორების შოთა შანიძისა და ხათუნა თუშმალიშვილის კლასით) და საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის სტიპენდიანტი იყო. კონსერვატორიაში სწავლის დროს მან მასტერკლასი შვეიცარიაში ქალაქ ჟენევაში გაიარა პროფესორ ჰაბიბ კაიალესთან.
ბელას და უვეს ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდათ, თუმცა არსებობდა ენობრივი ბარიერი. მუსიკოსი ამბობს, რომ ერთმანეთთან მუსიკის ენით საუბრობდნენ.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ პირველი დანახვისთანავე შეგვიყვარდა ერთმანეთი. რა თქმა უნდა, ენობრივი ბარიერი ხელს გვიშლიდა: უვემ არც ქართული იცოდა და არც _ რუსული, მე კიდევ _ გერმანული. ჩვენ მუსიკის ენით ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ვლაპარაკობდით ხელებით, ფეხებით, თვალებით… ურთიერთობაში მეგობრები და ახლობლები გვეხმარებოდნენ. გერმანიაში სამკვირიანი გასტროლის შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ. უვე შემდეგში მიყვებოდა, რომ ჩემი გაცნობისთანავე ორი ნივთი იყიდა: გერმანულ-ქართული ლექსიკონი და ნიშნობის ბეჭედი. თბილისში დაბრუნებისას მე გერმანულის შესასწავლად დავიწყე სიარული და უვეს თითქმის ყველა წერილი ჩემი გერმანულის მასწავლებლის ხელში გადიოდა. ერთხელაც ეს ქალბატონი მეუბნება: ბელა, გამაცანი ეს ადამიანი, ისეთ წერილებს გწერს, მეც კი შემიყვარდაო. 2000 წელს დავქორწინდით. მაშინ, ჯერ კიდევ, არ ვიცოდი გერმანულად საუბარი. რა თქმა უნდა, ქართული მენტალიტეტით, ეროვნულ ტრადიციებზე აღზრდილი ქალიშვილისთვის არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, როგორც ხშირად ამბობს დედაჩემი, უვე უფრო მეტად ქართველია თავისი ქცევებით, ხასიათითა და გრძნობებით, ვიდრე _ მე. ალბათ ამან გამიიოლა მასთან ერთად ცხოვრება.
ჩემს მეუღლეს ისე შეუყვარდა საქართველო, რომ 2005 წელს გერმანიაში სახლი გავყიდეთ და თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. უვემ მშვიდობის მისიის ფარგლებში კავკასიის კამერული ორკესტრი დააარსა, სადაც ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოკავკასიელი მუსიკოსები იყვნენ გაერთიანებული. თბილისში სახლი შევიძინეთ, ბევრს ვშრომობდით, გვქონდა უამრავი გასვლითი კონცერტი და მე ბედნიერი ვიყავი, რადგან ვხედავდი, რა კმაყოფილი იყო ამ წარმატებით ჩემი საყვარელი მეუღლე. ეს იდილია 2008 წლამდე გაგრძელდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა ყველაფერი შეცვალა. დაფინანსება შეგვიწყვიტეს, ორკესტრი დაიშალა და ჩვენ ისევ გერმანიაში მოგვიხდა წასვლა საცხოვრებლად. უვემ ეს ამბავი ძალიან მძიმედ განიცადა. თვითმფრინავის აფრენისას პირველად ვნახე მის თვალებზე ცრემლი. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ორკესტრი წელიწადში ერთხელ მაინც ახერხებს შეკრებას და კონცერტების გამართვას ევროპის სხვადასხვა ქალაქში“.
ბელასა და უვეს ორი შვილი ჰყავთ. უფროსი გოგონა _ ნინა უკვე 17 წლისაა, რომელიც მუსიკალურ გიმნაზია-ინტერნატში სწავლობს, ხოლო 7 წლის მარიამი ჩელოს შესწავლითაა დაინტერესებული. გოგონებმა კარგად იციან ქართული. ისინი ხშირად ჩამოდიან საქართველოში და ბავშვები საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ქართულ ტრადიციებს ეცნობიან.
ბერკემერების ოჯახი ქველმოქმედებითაც არის ცნობილი. სწორედ ამ მიზნით გაიმართა ბელასა და უვეს ოთხი საქველმოქმედო კონცერტი, აქედან ორი _ თბილისში. საქართველოში კონცერტი ორი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდის _ მიშიკო სხვიტარიძისა და გიგილო გურიელის დასახმარებლად ჩატარდა.
„პირველი კონცერტი გაიმართა ლიტერატურის მუზეუმში ჩემი და უვეს ინიციატივით, _ ჟურნალისტის, მსახიობისა და პოეტ სოფო ღლონტის ხელშეწყობით. ეს იყო მუსიკალური პოეზიის საღამო სახელწოდებით „სულის მკურნალი“. ასევე ჩვენი ოჯახის ინიციატივით და რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესგანვითარების ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თამარ ლამპარაძის ხელშეწყობით შედგა საქველმოქმედო კონცერტი დევიზით „გული გულისთვის“. ამ ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად ორ ახალგაზრდას _ მიხეილ სხვიტარიძესა და გიორგი გურიელს _ გადაეცა. ქალბატონმა თამარ ლამპარაძემ დიდი დახმარება გამიწია და წარმოუდგელად მცირე დროში მოახერხა ის, რომ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი დაეთმოთ ჩვენთვის. მე ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია თუნდაც სულ მცირედით დავეხმარო ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ჩვენ არ გავჩერდებით და კვლავაც გავაგრძელებთ საქველმოქმედო კონცერტების სერიას, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ“, _ დასძინა ბელა მახარაძემ.
ამერიკა, ბელგია, საბერძნეთი, ისრაელი და იტალია _ ეს იმ ქვეყნეის მცირე ჩამონათვალია, სადაც ბელა მახარაძეს მაყურებელი ელის.
2019 წელი კი ქართველი მევიოლინესთვის წარმატებულად დაიწყება _ მისი პირველი კონცერტი გაიმართება ქალაქ იბენბიურენის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ დარბაზში.
„საბედნიეროდ, 2019 წელს ხშირად მომიწევს საქართველოში ჩამოსვლა. იანვრის ბოლოს დედას 70 წლის იუბილეზე ჩამოვდივარ, ასევე სააღდგომოდ ვაპირებთ ჩამოსვლას და ერთი კონცერტის ჩატარებას თბილისში, თუ სხვა ქვეყანაში არ დაემთხვა რაიმე კონცერტი, შემდეგ კი ზაფხულში ჩამოვდივართ და ბათუმში მინდა, რომ სოლო კონცერტი გავაკეთო“, _ განაცხადა ბელა ბერკემერ-მახარაძემ.

გიორგი საკარული