ბიძინას „თამარი“

ჯერ იყო და იავანიშვილი დავარდა ქადაგად _ შავთელად, ჩახრუხაძედ, რუსთველად და სულ თამარს ადარა სალომე ზურაბიშვილი. მერე იყო ტური პირველი. დიდი ღამის ქოთნით მირთმეული ყვავილები (By Khuindrava), მორცხვი ბედნიერება, დიდი ტრმაპაცუმპით აგებული სცენა, დაშლილი სცენა და პირდაპირი გაგებით ჩასვრა არჩევნებში. მერე იყო ტურა, მელა… და აგერ მეორე ტურამდე ის, ვინც თამარს ადარებდა სალომეს და გვიმტკიცებდა, ლეკვი ლომისა სწორიაო, ამ ძუს ზედ ბილბორდზე შპალერივით გადაეკრა თვითონ და სხვა ხვადები _ ბალიშაფეთქებული პარლამენტის სპიკერი თუ ის პრემიერი, ჰემოგლობინს რომ შადრევანივით ასხამს.

ჯამში, ჩვენ ვიხილიეთ არნახული უთავმოყვარეობის აქტი. ასეთი რამ მართლა არავის გვინახავს. პირველად ნუგზარ მეტრეველის ცუღლუტობა მეგონა, კარგა ხანს ვერც ვიჯერებდი. დავიჯერე და ჩემამდე მაინც არ დადის, რა უნდა გიღირდეს რამე სკამი, რამე თანამდებობა, რომ ასე დაეშვა, ასე დაიმცირო თავი, უარი თქვა ყოველგვარ სიამაყეზე, თავმოყვარეობაზე და მეტიც, როდესაც ასე ფეკალურ მასას ნაპორით გასხამენ, მოიწმინდო ეს აყროლებული მასა და თქვა, _ იფ, იფ, რა ჟუჟუნა წვიმააო.
სწორედ ასე მოიქცა ქალბატონი ზურაბიშვილი, აი, ის სალომე, რომელიც პირველი ტურის შემდეგ ფრთხილად ბედნიერი იყო, ახლა ძალიან ბედნიერი ყოფილა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბანერები შეცვალეს, ის პირველი სურათი ნაკლებად მომწონდა და… „მე ძალიან მომწონს ახალი სურათი“…
შეიძლება ადამიანმა თქვას, არ მომწონდა პირველი სურათი და მომწონს ახალი სურათი, მაგრამ ეს ნორმალურია მაშინ, როდესაც იმ პირველ სურათზეც თვითონაა და მეორე სურათზეც! და ახლა რა ხდება? არ მოსწონს ის სურათი, სადაც თვითონ იყო და მოსწონს ის სურათი, სადაც მის გარდა ყველაა: ბიძინა, შმიძინა, კვიტინა…
ანუ ბიძინას ფოტო უფრო მოსწონს, ვიდრე თავისი. ადგეს და ვაჟას ცნობილი ლექსიც გამიქსოს და ჩაწეროს: რამ შემქმნა მე ქალ სალომედ, რატომ არ მოველ ბიძინად…
არადა, სწორედ ბიძინად მოგვევლინა. ვეღარ გაიგებ, ბიძინა იქცა სალომედ თუ სალომე _ ბიძინად? მამკლა ამათმა ორბუნებოვნებამ…
არადა, იდგა და გაჰკიოდა ბიძინა, _ არც მეტი არც ნაკლები, _ თამარს ადარებდა. მხოლოდ იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, ამ ცალტვინა პაიკს მარგველაშვილივით ლაზიერად გაიყვანდა და ზურაბიშვილი პირველი ქალი პრეზიდენტი გახდებოდა საქართველოს ისტორიაში. თუ მხოლოდ სახელმწიფოს მართვაში იყო საქმე, უპრიანი იქნებოდა, რუსუდან მეფესთან შეედარებინა. თუ რატომ, თემას არ გავშლი, გამგები ისედაც მიხვდება და ისიც, ვისაც რაიმეს გაგება უნდა…
ახლა კი გავიხსენოთ, რას ბრძანებდა ბიძინა: „…ქალბატონი (საუბარია სალომე ზურაბიშვილზე) ჩვენს დიდ ისტორიასაც და ხანგრძლივ ისტორიასაც ძალიან კარგად ეხმაურება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალბატონი, რომელიც სახელმწიფოს მართავდა. ამ მხრივ ჩვენ დღევანდელ ევროპულობას კარგად განასახიერებს ქალბატონი სალომეს გაპრეზიდენტება, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენ უახლოეს დროში ვიხილავთ. ჩვენ ამით შევეხმიანებით ჩვენს შორეულ და უახლეს ისტორიასაც, შევეხმიანებით პირველ ემიგრაციას…“
ვერაფერს იტყვი, ივანიშვილი უაპელაციოდ ჯდება „გრუზინულ“ სასუფრე პატრიოტიზმის პარამეტრებშიც და იმ ევროპულ მატრაკვეცობის სტანდარტებშიც, რომელიც ყოველგვარ პროგრესულს იჩემებს, ისაკუთრებს და ევროპულობად ასაღებს. ეს ყველაფერი კი იცით, საიდან მოდის? აი, იქიდან, რომ არც საქართველოს ისტორიაში არ ხარ გარტყმაში და არც მსოფლიოს ისტორიაში _ გამორტყმაში!
თქვე პინგვინაძაღლებულნო და ზებრააფეთქებულნო, რას ჩაიხვიეთ და შეჭამეთ ტვინი ამ მე-12 საუკუნით? ან ქალი მეფის არსებობა ევროპელობასთან რა კავშირშია?
ცოტა არ იყოს, ჩემი ამბავი ისეა, ვირს რომ ფრედი მერკურის ვოკალური მონაცემები მოსთხოვო, მაგრამ მართლა რა შუაშია ქალი მონარქის ან პრეზიდენტის ყოლა ევროპელობასთან?
კორეას მეშვიდე საუკუნეში ჰყავდა ქალი მონარქი _ სამხრეთკორეულ სამეფო შილას 15 წელი მართავდა სონდოკი, რომელიც შემდეგ ისევ ქალმა _ ჩინდოკმა შეცვალა! სამხრეთკორეულ პატარა სამეფოს დიდ მეფე-ქალსაც რომ შევეშვათ, ჩინეთს ჰყავდა მეშვიდე საუკუნეში ქალი იმპერატორი _ ვუ ზეტიანი, უდიდესი დამპყრობელი და ძალაუფლების უზურპატორი! 40 წელი ხელთ ეპყრა ჩინეთის იმპერიის ტანის დინასტიის სადავეები. 13 წლის იყო, იმპერატორის ჰარემში რომ მოხვდა ხარჭად. შემდეგ მისი ვაჟის, მომდევნო იმპერატორის ხარჭაც გახდა და შემდეგ ცოლიც. სხვათა შორის, ფრიად ქოცური სვლით. ერთ-ერთი ვერსიით, თვითონ მოკლა თავისი ჩვილი ქალიშვილი და დააბრალა მოქმედ იმპერატრიცას და სწორედ ამ გზით დაასჯევინა ის სიკვდილით და გაიხსნა გზა ცოლობისკენ. ჯერ როგორც იმპერატრიცამ იგდო ხელთ მართვის სათავეები, შემდეგ ბატიბუტივით ყარა ტახტიდან თავისივე ვაჟები და ბოლოს თავად გახდა იმპერატორი და სხვათა შორის სალომეს ასაკში რომ შევიდა, ეს ტირანი და გვამებზე მავალი იმპერატორი ქალი, ლამის, ხალხს უკვე საკუთარი სიზმრების მიხედვით სჯიდა. მოკლედ, ეს ყველაფერი იმის საილუსტრაციოდ მოგახსენეთ, ქალი მმართველის ფაქტორი რომ არც ევროპული ნოუჰაუა და არც ჩვენ ვართ ამ მხრივ პირველები. ესაა, თორემ ან ჩინეთის ამაყ იმპერატორთან, ან შილას კეთილშობილ და პატრიოტ მონარქ ქალთან უთავმოყვარეო და კოლაბორაციონისტი სალომე ზურაბიშვილი რა სახსენებელია.
ჯერ ტვინი გადაგვჭამეს ევროპაში გამოსაჩენი ქალიაო და შემდეგ, რომ გასთხარა და გამოსთხარა, შესტყნა და შემოსტყნა, ჯერ ეკრანებიდან გადამალეს და შემდეგ _ ბილბორდებიდან. ბილბორდებზე ჯერ თავისი თავები დახატეს და მერე უკვე ოპონენტები _ არა „ნაცებს“, არა ბოროტებასო. ამ ბილბორდის ისტორიაც ძაან სახალისოა. ტერორისტული აქტივით, ამ ბილბორდზე პასუხისმგებლობა ჯერ „პატრიოტთა ალიანსმა“ აიღო, მერე ირმა ინაშვილმა ქოში უკუღმა ყარა, ეგ ჩვენი არაა, სხვააო. ბოლოს ვიღაც მეღვინე თუ მეგუთნე მეგუთნიშვილი გამოვიდა, ამ საქმეში 52 ათასი ლარი ჩავდე და ამ ამბავში ტექნიკურ დეტალებს „ობიექტივის“ დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი აგვარებდაო. როგორც თვითონ ეს მეგუთნიშვილი (წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი) ამბობს, სააკაშვილის დროს ის უკანონოდ ჰყოლიათ დაჭერილი და ამ ბილბორდებით გამოხატა პოზიცია. ანუ შური იძია. მაგრამ ამ შურისძიებას იცით, რა ადგას შარავანდედად? ვინც ბილბორდზე ხატია, არც ერთს არ დაუჭერია და ვინც დაიჭირა და ვინც ფული მიატანინა, დღესაც ამ ხელისუფლებაში ზის! მაგარი შურისძიებაა _ ზებრასავით „კლეჩატი“.
ივანიშვილს ჯერ ეგონა, რომ სალომე თავისი მწვანე (თუ ლურჯი) თვალებითა და ოპერის „ლუსტრასავით“ საყურეებით მოიგებდა არჩევნებს, ახლა ჰგონია, რომ ეს ბილბორდები და ეს „კლიონკები“ უშველის. ან რატომ ჰგონია, რომ ამ ქვეყანაში ან მას მეტი რეიტინგი აქვს, ან მის პრემიერს, ან კიდევ პარლამენტის ბალიშაფეთქებულ სპიკერს?
ვინ დააჯერა, რომ ჭარბი ნდობა აქვს? რა ვერ გაიგო, რომ ეს ჭარბი ნდობაც გახარჯვადია ფულივით? ვინ აჯერებს და ვინ აცხოვრებს სიცრუეში? ალბათ ის, რომ არავის უნდა, ცუდი ცნობები მიუტანოს ბელადს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს. რა ძალა ადგათ?
ან ეგ ვინ დააჯერა, რომ ბილბორდი და „კლიონკა“ უშველის, ან ის, რომ ხუთი კილო ხახვისა და ხუთი კილო კარტოფილის დარიგება არგებთ?
ისე, ამათ წუწურაქობას დახედეთ, რა, 15 და 20 ლარსაც აღარ იმეტებენ დასარიგებლად. რა ღირს კილოგრამი კარტოფილი ან ხახვი?
და რა ღირს პარლამენტარი დედაკაცის, გუგულა მაღრაძეზე ასგზის უტიფრის _ ჩუგოშვილის უტიფრობა? ამ მოსყიდვებზე კომენტარი მოსთხოვეს, გამოვიდა და გაღმა გაისროლა ჩუსტი: „რომ არ მოგატყუოთ, მსმენია, რომ ოპოზიციის მხრიდან თანხების დარიგებას ჰქონდა ადგილი“.
აი, გამოვა მერე გვარამია და შეუკურთხებს ისემცო და მერე გვარამიას აუხტებიან და დაუხტებიან, _ რატომ იგინებიო? აბა, ჩუგოშვილს ხომ არ მოსთხოვენ პასუხს ჩვენი ძვირფასი ენჯეოშნიკები. ჩუგოშვილი მაგათი ჭიდან ამოღებული წყალია. მერე რა, რომ ნაადრევად აყროლებული და აქოთებულ-აქოცებული. ამასობაში კი ბიძინა ივანიშვილი უკვე აბასთუმანს ეპატრონება. ზაფხულში მოიარა აბასთუმანი, როგორც ჩანს, თვალი დაადგა და ახლა აბასთუმანს ითვისებს. მოკლედ, დიდი ბიძინა მაკედონელი გვყავს _ მიწით ვერ ძღება, ოღონდ იმდენი შნო და ვაჟკაცობა არ აქვს, უცხო მიწები დაიპყროს და საკუთარ მშობლიურ მიწებს ეპატრონება ქორვაჭარივით.
ხალხს შიმშილით სულს აფრთხობინებს, პენსიონერებისთვის კაპიკებს არ იმეტებს და მერე ხან შავი პიარის გურუები ჩამოჰყავს და ხან _ შამანები. არც ადგილობრივი შარლატანებისთვის ენანება ფულის ყრა. ყველას მისცემს, ყველას გააძღობს _ არტისტსაც, რომელსაც არსად უთამაშია, მხატვარსაც, რომელსაც არაფერი დაუხატავს ცხოვრებაში, ჯამბაზსაც, რომელიც მხოლოდ მისთვის ჯამბაზობს, შამანსაც, ასტროლოგსაც, რომელსაც თავისი თავის ვერაფერი გაუგია, არათუ ვარსკვლავების, ათასი ჯურის ღორსა და მამაძაღლს, ოღონდ ამ ქვეყნის მოქალაქეებს არაფერი არგუნოს, იოტისოდენა შვებაც არ მისცეს…
რა იყო ამის „ქველმოქმედეება“? იმთავითვე იმ ხალხის გაძღომა, იმ ხალხის მუცლის გახეთქვა, ვინც უმაგისოდაც ბედში იყო და არა იმათი დახმარება, ვინც ბედისაგან დაჩაგრულია.
„რომ ბედში მყოფი შენ ძმად მიგაჩნდეს, ეგ ვერაფერი სიყვარულია,
სიტყვა ის არის, კაცს ის უყვარდეს, ვინც ბედისაგან დაჩაგრულია“, – ილიას ეს სტრიქონები სულ ნიცშეზედ კიდია ჩვენს ბიძინას.
სალომე კი თავს ბოლომდე იფარჩაკებს და ქარსელაძეების, ჟორდანიებისა და ხაინდრავების, წითელაშვილების მხარდაჭერის ამარა დარჩენილი, და მხარდამჭერებზე დაქიმიტებული, სადაც კი 48-ს დაინახავს, თავისი მხარდამჭერი ჰგონია.
აგერ, ხატია ბუნიათიშვილმა ფილმის „48 საათი საქართველოში“ პოსტერი დადო და რა ქნა სალომემ? _ ებდღვნა, თავის ვოლზე გადმოფინა ხალიჩასავით და დააწერა: „მადლობა ხატიას“.
მერე, იხტიბარი აღარ გაიტეხა, _ თქვენ იკითხეთ, თორემ მე გერმანულადაც ვკითხულობ, უბრალოდ, ვიხუმრე, რა იყო, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარო?
იხუმრა. რადიო 105.
და რომც ასე იყოს ან რა გეხუმრება? ორი აგური უნდა გეჭიროს, თავში იცემდე და თან ჩამოხსნილ ბანერში ტოლმასავით უნდა ეხვეოდე…

რეზო შატაკიშვილი