„მთავრობა ამბობს, რომ სამშობლოს დაცვის გამო მოღალატე ვარ და უნდა დამსაჯოს!“


კვირაზე მეტია, ყოფილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და სხვადასხვა ომის ვეტერანმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია დაიწყეს.
„მე ხმას არ ვაძლევ მოღალატეს, საქართველოს ომი არ დაუწყია!“ _ თადარიგში მყოფი პოლიციელები, სამხედროები და ომის ვეტერანები „ფეისბუქზე“ ამ შინაარსის პოსტებს აქვეყნებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მთავარსარდლად არ აირჩიონ.
ამ აქციის დაწყების საბაბი კი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, გენერალ-ლეიტენანტ დევი ჭანკოტაძის განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც, ქვეყანამ პრეზიდენტად ის პიროვნება არ უნდა აირჩიოს, რომელიც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

„2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლების წინაშე, მთელი საქართველოს წინაშე ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე _ საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბია მძინარე ქალაქი!
ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და მომავალშიც დავიცავთ მას!
რამდენიმე კვირაში საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს“, _ ნათქვამია გენერალ ჭანკოტაძის სპეციალურ მიმართვაში.
ამ მიმართვას უამარავი ძალოვანი გამოეხმაურა _ მათ ანალოგიური შინაარსის განცხადებები, როგორც აღვნიშნეთ, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდებზე გაავრცელეს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც აქციაში _ „არა სალომე ზურაბიშვილს“ ჩაერთო, პოლიციის ოფიცერი, უფროსი ლეიტენატი დათა პერტახია გახლდათ.
2008 წლის აგვისტოში დათა შსს-ს ფოთის სამმართველოს კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. მაშინ დათა 27 წლის იყო და რუსების მიერ ფოთის დაბომბვა საკუთარი თვალით ნახა.
მეტიც, იმ დროს, როცა რუსული კასეტური ბომბით დაჭრილ თანამებრძოლებს ეხმარებოდა, თავადაც დაიჭრა, თუმცა პოზიცია არ დატოვა _ ჭრილობა საკუთარი ხელით დაიმუშავა და დაჭრილების დახმარება განაგრძო.
სხვათა შორის, დათა პერტახია, ვიდრე პოლიციელი გახდებოდა, ექიმად მუშაობდა _ სამედიცინო აქვს დამთავრებული და 2007 წლამდე ხალხს ექიმ-სტომატოლოგის ამპლუაში ემსახურებოდა. პარალელურად, იურიდიულზე სწავლობდა და 2007 წელს პოლიციელის ფორმა ჩაიცვა…
დღეს დათა ისევ პირველი პროფესიით მუშაობს, თუმცა სალომე ზურაბიშვილისა და „ოცნების“ სხვა ლიდერების იმ განცხადებების გამო, ომი საქართველომ დაიწყოო, როგორც აგვისტოს ომის მონაწილე, პოლიციის ოფიცერი და, უბრალოდ, ქვეყნის პატრიოტი, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს და „ქრონიკა+“-თან საუბრისას არც იმას გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქართველო დატოვოს!

დათა პერტახია:
_ 2007-დან 2011 წლამდე შსს-ს ფოთის სამმართველოში ვმუშაობდი.
_ რიგითი პოლიციელი იყავით?
_ არა, გამომძიებელი.
საერთოდ, ორი პროფესია მაქვს _ 2003 წელს სამედიცინო დავამთავრე და 2007 წლამდე ექიმ-სტომატოლოგად ვიმუშავე. პარალელურად, ბათუმის „ევროპულ უნივერსიტეტში“ იურიდიულზე ვსწავლობდი.
2007 წელს მუშაობა პოლიციაში დავიწყე… ერთი წლის შემდეგ კი, იცით, რაც მოხდა _ ომი დაიწყო.
მახსოვს, 2008 წლის 24 ან 25 ივლისი იქნებოდა, როცა განგაში გამოცხადდა… 8 აგვისტოს ფოთი დაიბომბა.
_ ამ დროს ცხინვალის რეგიონში ბრძოლები უკვე დაწყებული იყო, არა?
_ დიახ.
8 აგვისტოს საღამოს, ანუ როცა ფოთი დაიბომბა, პორტი და ყველაფერი ჩვეულებრივ მუშაობდა. ღამის 12 საათი ხდებოდა, როცა შემთხვევით შევნიშნე, რაღაც ანათებდა, თან ისროდა. მივხვდი, რომ სენაკის ბაზა დაბომბეს და წამოვიძახე, _ ბიჭები ჩახოცეს-მეთქი!
_ ამ დროს შინ იყავით თუ საგუშაგოზე?
_ არა, ფოთის შესასვლელში, რიონის ხიდზე ვმორიგეობდით… რამდენიმე წამში თვითმფრინავის ხმაც გავიგე და უკვე ნათელი იყო, რომ სენაკის მერე რუსები ფოთსაც დაბომბავდნენ. ასეც მოხდა…
ჩემდაუნებურად, სახლისკენ წავედი.
_ პოზიცია მიატოვეთ?
_ არა, პოზიცია არ მიმიტოვებია.
_ აბა?
_ სამმართველოში წავედი, მაგრამ სანამ სამმართველოში მივიდოდი, სახლთან უნდა გამევლო… მახსოვს, მამაჩემს დავურეკე და ვუთხარი, ბავშვებს ხელი მოკიდე და სოფელში წადით-მეთქი…
პოლიციის სამმართველოში მორიგის მეტი არავინ დამხვდა და სასაზღვრო პოლიციაში წავედი. ვხედავ, იქაურობა დაბომბილია, დაჭრილებიც არიან…
ამასობაში მეორე დაბომბვაც მოხდა, ანუ პორტსა და სამხედრო პოლიციის ტერიტორიაზე კასეტური ბომბი ჩამოაგდეს _ თუ გახსოვთ, მერე ფოტოც გავრცელდა, ეს კასეტური ბომბი „ნივას“ რომ დაეცა…
ჩემი ბავშვობის მეგობარი და ძმაკაცი, კახა ფაციაც პოლიციაში მუშაობდა და მას ვეძებდი… ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, სანამ სასწრაფო დახმარება მოვიდოდა, ჭრილობა შევუხვიე _ საშინელი ჭრილობა იყო, მთელი მუცელი გაფატრული ჰქონდა… სამწუხაროდ, ეს ბიჭი გარდაიცვალა…
_ დათა, მაშინ თუ გაგიელვათ, რომ ომი საქართველომ დაიწყო?
_ ასეთი განცდა არც მაშინ მქონია და არც ახლა მაქვს! პროვოკაციებს ყოველთვის რუსეთი აწყობდა. დღეს კი რა შედეგი გვაქვს? _ რუსული მავთულხლართები კასპამდეა, მაგრამ პასუხს არ ვცემთ. ე. ი. _ საქართველოს რუსეთს ვაბარებთ?
როცა სახელმწიფოში განგაში ცხადდება, ასეთ დროს მხოლოდ სამხედრო პირი კი არა, ამ სახელმწიფოს ნებისმიერი მოქალაქე ვალდებულია, მოხალისედ ჩაეწეროს და სამშობლო დაიცვას!
მოკლედ, მაშინაც და ახლაც ვიცოდი და ვიცი, რომ რუსეთი გვებრძოდა და გვებრძვის. სხვათა შორის, ის ინფორმაციაც გვქონდა, რომ ჩვენი ბიჭები უკვე ცხინვალთან იმყოფებოდნენ და გვიხაროდა, რომ ჩვენს ტერიტორიას დავიბრუნებდით!
ისე, დარწმუნებული ვარ, რომ ფოთში კასეტური ბომბი რუსებს ზუგდიდიდან არ უსვრიათ.
_ აბა, საიდან ისროლეს?
_ ოჩამჩირიდან და ამის შესახებ ითქვა კიდეც…
ფოთისა და სენაკის გარდა, რუსებმა ბათუმს, კერძოდ, გონიოს ძველ სამხედრო ბაზასაც დაარტყეს, ანუ რუსეთმა თავისი ბრჭყალები გამოაჩინა.
ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი და საქართველოს მოქალაქე დამეთანხმება, რომ ჩვენ არც სხვის ტერიტორიაზე გადავსულვართ. დღეს ზოგი ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, მაგრამ ჩვენს ტერიტორიაზე ომი როგორ უნდა დაგვეწყო? ჩვენ სხვის ტერიტორიაზე არ გადავსულვართ და არაფერი წაგვირთმევია. რა, ჩვენ ვინმეს საზღვარი გადავკვეთეთ თუ რა?
_ დავით, ცხინვალის რეგიონშიც ომობდით?
_ არა, იმ დღეების განმავლობაში ფოთში ვიყავი…
9 თუ 10 აგვისტოს რუსის ჯარი ფოთშიც შემოვიდა. რუსებმა ჩვენი სამხედრო გემები ჩაძირეს და „ჰამერები“ წაიყვანეს…
სხვათა შორის, აქამდე არასოდეს მითქვამს და ახლა პირველად ვამბობ: მეორე კასეტური ბომბი რომ ჩამოაგდეს, უამარავი პოლიციელი დაიჭრა. „ასკოლკა“, თურმე, მეც მომხვდა, მაგრამ ვერ ვიგრძენი _ სხვა დაჭრილებს ვეხმარებოდი. მერე, შინ რომ მივედი, მივხვდი, ფეხიდან სისხლი მდიოდა _ ჭრილობა ბეტადონის ერთპროცენტიანი ხსნარით დავიმუშავე, ოთხი ნაკერი საკუთარი ხელით დავიდე და ისევ ბრძოლის ველზე დავბრუნდი…
_ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, არ გამორიცხავს, რომ ჰააგის სასამართლოში შესაძლოა, ცალკეული ქართველი მებრძოლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. როცა ეს განცხადება პირველად მოისმინეთ, რა განცდა დაგეუფლათ და, საერთოდ, მმართველ ელიტას რა პასუხს გასცემთ?
_ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ეს განცხადებები პირწმინდად რუსულ ავანტიურასა და პროპაგანდას ემსახურება!
ჰააგაში ჩვენი მაშინდელი მთავარსარდალი, მიხეილ სააკაშვილი რომ გამტყუნდეს, გამოვა, რომ ყველა _ პოლიციელი თუ სამხედრო, ვინც ომობდა, დამნაშავედ გამოცხადდება.
_ ანუ არსებობს ალბათობა, რომ თქვენც, რომელიც საკუთარ სამშობლოს იცავდით და რუსული ტყვიით დაიჭერით, დამნაშავედ გამოგაცხადონ?
_ დიახ, მთავრობა ამას ამბობს, რომ ჩემი სამშობლოს დაცვის გამო უნდა დამსაჯოს!
სხვათა შორის, აგვისტოს ომამდე, 2007 წელს, შეტაკება აფხაზეთში მოხდა და სნაიპერმა ორი ქართველი სამხედრო მოკლა. მაინტერესებს, ხელისუფლება ამ ბიჭებსაც დასჯის?
_ მთავრობის წევრთა ამ განცხადებების გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობთ?
_ რა თქმა უნდა, ვგრძნობ! ჩვენ სამშობლოსთვის ვიბრძოდით და ახლა გვეუბნებიან, რისთვის იბრძოდით, რა გინდოდათო?!
_ აქედან გამომდინარე, ხომ არ გეჩვენებათ, რომ სამშობლო გწირავთ?
_ სამშობლო კი არა, დღევანდელი ხელისუფლება მწირავს.
საქართველო ყოველთვის ჩემი სამშობლო იქნება, დღევანდელი ხელისუფლება კი პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურება! ყოველ შემთხვევაში, მისი მოქმედებებიდან ასე ჩანს!
პირველ რიგში, აგვისტოს ომში გარდაცვლილ ბიჭებსა და ჩემს თანამებრძოლებს ვცემ პატივს! ისინი გმირები არიან!
იმ ადგილიდან, სადაც ეს ბიჭები დაიღუპნენ, ტყვიის ნამსხვრევი წამოვიღე და 2008 წლის აგვისტოს მერე ჩემს ოჯახში სუფრა არ გაშლილა, რომ ამ ბიჭების სადღეგრძელო არ მეთქვას _ ჭიქაში ამ ნამსხვრევს ვაგდებ ხოლმე და მათ შესანდობარს ვსვამ!
ის, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, პირველ რიგში, იმ გარდაცვლილი გმირების შეურაცხყოფაა! მეორეც, ჩვენ, ვინც წინა ხაზზე ვიყავით, გვეუბნებიან, თქვენ სამშობლოს კი არ იცავდით, არამედ, მოღალატეები ხართო! ამაზე მეტი შეურაცხყოფა რაღა უნდა იყოს?
სალომე ზურაბიშვილისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო განგრენაა და ე. ი. _ ეს ტერიტრიები არ გვჭირდება, ჩვენი არ არის, აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს ეკუთვნის და ჩვენ მეზობელ „სახელმწიფოებს“ ვებრძოდით?
_ მას შემდეგ, რაც სამხედროებმა და პოლიციელებმა განაცხადეთ, რომ „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ხმას არ მისცემთ, სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, ხელისუფლების ინიციატივით, საპასუხო კამპანია დაიწყო, რაც იმაში გამოიხატება, რომ ზოგიერთი ყოფილი ძალოვანი ამბობს, სამხედროები და პოლიციელები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენო. თქვენი, როგორც პოლიციის ოფიცრის მოვალეობა, კანონის დაცვაა. ამიტომ გკითხავთ: პოლიტიკურ აქციაში რატომ მონაწილეობთ?
_ ჩემთვის, როგორც პოლიციის ოფიცრისა და საქართველოს მოქალაქისთვის ხელისუფლების განცხადებები მიუღებელია!
_ რატომ?
_ ექვსი წელია, მთავრობა შეიცვალა. სხვათა შორის, 2012 წელს, როცა ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა, საქართველოში არ ვიყავი _ თურქეთში ვცხოვრობდი და ერთი წელია, რაც დავბრუნდი.
„ოცნება“ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უვარგისი ხელისუფლება იყო და ხალხმა იგი ამიტომ შეცვალა. დავუშვათ, ის ხელისუფლება მართლაც ცუდი იყო, მაგრამ ექვსი წელია, „ოცნება“ მთავრობაშია და დღემდე რა გააკეთა? თუ რამის გაკეთება უნდოდა, რა, ხელ-ფეხი ვინმემ შეუბოჭა?
„ოცნების“ წარმომადგენლები მილიონერები გახდნენ, ღმერთმა გაუმარჯოთ, მაგრამ მილიონები ვის ხარჯზე იშოვეს?
ამასაც რომ თავი დავანებოთ, თვითონვე ამბობენ, საქართველოში მცოცავი ოკუპაციააო, მაგრამ ამ მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად რამეს აკეთებენ?
თუ ჩვენ, პოლიციელებსა და სამხედროებს შეგვეძლო, რომ იმ ცხრა წლის განმავლობაში იგივე კოდორის ხეობაში დღეების განმავლობაში ვყოფილიყავით და ხეობა დაგვეცვა, ნუთუ, არ შეიძლება, რომ სამხედროები და პოლიციელები დღესაც დავაყენოთ და ეს მცოცავი ოკუპაცია შევაჩეროთ?
კი ბატონო, პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ, მაგრამ იმას რატომ არ ამბობენ, რომ საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს კი არა, ორასი წლის წინათ დაიწყო და მას შემდეგ, რაც რუსული ოკუპაცია არსებობს, საქართველო უფრო და უფრო იძირება?!
მართალია, საბჭოთა კავშირის დროს დავიბადე, მაგრამ იმის უნარი მაქვს, რომ გავარჩიო, რუსეთი კარგია თუ ცუდი. ნუთუ, ისტორია არაფერს გვასწავლის? დღესაც ამდენი ღალატი და მოღალატე არსებობს და არ უნდა შევიცვალოთ?
_ რატომ ვერ ვიცვლებით?
_ არ ვიცი… ისე, ხალხი კი იცვლება, მაგრამ ისინი ვერ და არ იცვლებიან, ვინც ფულზე არიან შეყვარებულები!
_ დათა, გამომძიებელი ხართ და, თქვენი შეფასებით, საქართველოს შეეძლო, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები თავიდან აეცილებინა?
_ არა!
_ რატომ?
_ რუსეთი პროვოკაციებს წლების განმავლობაში აწყობდა და, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს? ყველაფერი ეს როდემდე უნდა მოგვეთმინა?
აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტებმა საზღვარი კიდევ 30 კილომეტრით გადმოსწიეს და ჩვენ რას ვაკეთებთ? _ ვითმენთ! არადა, იცით, ეს 30 კილომეტრი რამდენია?
_ რამდენი?
_ დაახლოებით, ის მანძილია, სენაკიდან ფოთში რომ ჩახვიდეთ.
გაიძახიან, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ რუს სამშვიდობოებსა და მძინარე მოსახლეობას გაუხსნა ცეცხლიო, მაგრამ ეს ტყუილია! პირიქით, აქეთ გვესროდნენ!
_ შეიძლება, პირდაპირ აგვისტოს ომს არ ეხება, მაგრამ „ოცნება“ ამტკიცებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პოლიცია ადამიანის უფლებებს არღვევდაო. მაშინ თქვენ კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდით. შეიძლება, რასაც ახლა გკითხვათ, გულუბრყვილო კითხვაა, მაგრამ მითხარით, როგორც პოლიციელს, ადამიანის უფლებები დაგირღვევიათ და დაკავებულს ცუდად მოქცევიხართ?
_ არასოდეს! გადამოწმების მიზნით, რა თქმა უნდა, ადამიანი პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანია, მაგრამ ცუდად როგორ მოვექცეოდი? _ მის ადგილას მაშინვე ჩემს თავს წარმოვიდგენდი ხოლმე.
სხვათა შორის, თანამშრომლები „მამა თეოდორეს“ მეძახდნენ, დაკავებულებს ისე თბილად ექცევიო.
_ ანუ ის, რომ იმდროინდელი პოლიციის თანამშრომლები სასტიკები იყვნენ, გაზვიადებულია?
_ შეიძლება, რაღაც ხდებოდა, მაგრამ დიახ, უმეტესად გაზვიადებულია.
თუ ყველაფერი მართალია, მაშინ მაინტერესებს, მაშინდელი თანამშრომლები დღესაც პოლიციაში რატომ მუშაობენ?
_ რატომ მუშაობენ _ „გაქცოდნენ“. თუ პროფესიონალები არიან და „ოცნება“ ვერ შეელია?
_ იმის თქმა მინდა, რომ მაშინ პოლიციაში ისეთი არაფერი ხდებოდა, როგორც გაჰყვირიან. პოლიცია კანონს იცავდა. მაგალითად, დღეს ქუჩაში არავინ გაჩერებს და გამოწმებს, რა მიგაქვს და მოგაქვს. მაშინ კი შემოწმების მიზნით ვაჩერებდით. დღეს პოლიცია ყველანაირად შეზღუდულია…
_ დათა, „ოცნების“ მხრიდან იმაზე აპელირებით, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო და ამის გამო სამხედროები თუ პოლიციელები უნდა დაისაჯონ, ჯარისა და იგივე პოლიციის დემორალიზება ხომ არ ხდება?
_ ჩემი აზრით, ჩვენგან, ანუ ვისაც ყოფილ ძალოვნებს გვეძახიან, სინამდვილეში კი, თადარიგის თანამშრომლები ვართ, ელიან, რომ შევიკრიბებით და ხელისუფლების წინააღმდეგ ბუნტს ავტეხთ, მაგრამ ბუნტს არავინ აპირებს!
არ გამოვრიცხავ, რაღაც ჯგუფი თავად შექმნან და მერე ყველაფერი ჩვენ დაგვაბრალონ, აი, ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც ბუნტი დაიწყეს და ჩვენ აღვკვეთეთო.
_ არ გამორიცხავთ, რომ დაგიჭირონ?
_ დიახ, შეიძლება.
_ თქვენი დაკავების საფუძველი რა შეიძლება გახდეს?
_ გამოვდივარ და ღიად ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმას არ ვაძლევ, რადგან აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს განგრენას ეძახის, იმასაც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
პარალელურად, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყოფილი სამხედროები ემუქრებიან, ანუ ეს სუს-ისთვის საფუძველია, რომ პრევენციის მიზნით, მაგალითად, ჩემთან მოვიდეს, გამაფრთხილოს და ცოტა შემანჯღრიოს…
სხვათა შორის, მეუღლემ მითხრა, შვილი გვყავს და ასე რომ აქტიურობ, არაფერი გვითხრანო, მაგრამ დავამშვიდე. მე ჩემი სამშობლოს სიყვარული მალაპარაკებს!
_ უიმედობას გატყობთ…
_ დიახ, ამ ხელისუფლების პირობებში უიმედოდ ვარ.
ისე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შემოთავაზება მქონდა, ისევ პოლიციაში დაბრუნდიო, მაგრამ ცუდი რამ უნდა გამეკეთებინა.
_ ანუ?
_ ვინმესთვის ხელი უნდა დამედო, მაგრამ ჩემთვის ასეთი რაღაცები მიუღებელია.
_ დღეს დაუცველობის განცდაც გაქვთ?
_ დიახ, მაქვს. მართალია, არავის არაფერი უთქვამს, მაგრამ თუ უფრო მეტად ვიაქტიურებ, ალბათ, მეტყვიან, გაჩერდიო.
სხვათა შორის, ერთმა პიროვნებამ სოციალურ ქსელში მომწერა, _ მიშას დროს ისეთ პოსტებს გამოაქვეყნებდი, როგორსაც ახლა აქვეყნებ, ხომ ხედავ, ახლა თავისუფალი ხარო, მაგრამ მე ჩემს აზრს გამოვხატავ და ამის გამო ხელ-ფეხი რატომ უნდა შემიკრან? ისე, რამე რომც მითხრან, არც მეშინია!
_ აქციაში: „არა სალომე ზურაბიშვილს“ საკუთარი სურვილით ჩაერთეთ?
_ დიახ. სოციალურ ქსელში ჩემი მეგობრის პოსტი ვნახე და მეც მაშინვე დავწერე:
„მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მე, როგორც ქართველი, როგორც ექიმი, როგორც შსს-ს თადარიგის ოფიცერი, როგორც ჩემი სამშობლოს ერთ-ერთი რიგითი დამცველი, ღვთისა და ერის წინაშე ვდებ პირობას, რომ არასოდეს შევეგუები ჩემი სამშობლოს ოკუპაციას.
არასოდეს იქნება აფხაზეთი და სამაჩაბლო განგრენა!!!
ჩვენ განვკურნავთ მას!!!
არასდროს დავუჭერ მხარს ჩემი სამშობლოს მტრებს, არასდროს დავუჭერ მხარს საქართველოს მოღალატეებს!
არასდროს დავუჭერ მხარს რუსეთის რეზიდენტებს!!!
ვინც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში ან ნაწილობრივ ამ აზრს იზიარებთ, პოტენციური მოღალატეები ხართ!!!
ჩვენ ომი არ დაგვიწყვია, ჩვენ სამშობლოს ვიცავდით, ჩვენს ტერიტორიებს!
მე ამ ომის მონაწილე ვარ!!!
გული შემტკივა საქართველოზე და იმ გმირებზე, ვინც დღემდე შეეწირა საქართველოს ეროვნულობას, თავისუფლებას, რწმენასა თუ ერთიანობას.
გული მტკივა, ასეთ პატარა ქვეყანას რატომ ჰყავს ამდენი შიდა მტერი, ნუთუ, ისტორიამ არ გვასწავლა, რომ უნდა გამოვსწორდეთ?
ძალა ერთობაშია!!!
ჩვენ დავძლევთ ყველა სიძნელეს, თუ ერთად, ერთ მუშტად ვიქნებით!!!
არა მოღალატეებს და ცილისმწამებლებს, აგენტებს!!!
დიდება საქართველოს!
დიდება ქართველ გმირებს!“
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მე, როგორც ომის მონაწილეს, ის განცხადებები, რასაც ხელისუფლება აკეთებს, მწყინს! თუ ომი საქართველომ დაიწყო, მაშინ ომში დაღუპულ ბიჭებს, თუნდაც გიორგი ანწუხელიძეს, გმირობა რატომ მივეცით? აგვისტოს ომის დაწყების დღეს მემორიალთან მისვლა და გვირგვინის მიტანაც ფარსი გამოდის.
_ დღეს გმირობა გაუფასურდა?
_ ასე გამოდის!
_ ისე, ვიდრე საუბრის ჩაწერას დავიწყებდით, მითხარით, რომ საქართველოდან წასვლას აპირებთ. რატომ?
_ დიახ, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება, საქართველოდან აუცილებლად წავალ! ისე არ გაიგოთ, რომ ვინმესი შემეშინდება, უბრალოდ, აქ გაჩერებას აზრი არ ექნება!
სხვათა შორის, ერთ ჩემს მეგობარს „ოცნების“ ხალხი აეკიდა.
_ რას ნიშნავს, „აეკიდა“?
_ ავიწროებდნენ და იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო. მისი ცოლი გამგეობაში მუშაობდა, მაგრამ გამოუშვეს, _ შენი ქმარი „ნაციონალიაო“.
_ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თქვენც ხართ?
_ დიახ, ამ პარტიაში „ვარდების რევოლუციის“ დროს შევედი.
ყველა, ვინც საქმეს აკეთებს, შეცდომას უშვებს, მაგრამ არ გახსოვთ, „ვარდების რევოლუციამდე“ როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობდით? დღეს „ოცნება“ „სისხლიან 9 წელიწადზე“ საუბრობს, მაგრამ დღეს სად ვართ? კი ბატონო, მაშინ 7 ნოემბერი და 26 მაისი მოხდა, მაგრამ დღეს ისევ აქციებია _ ერთი წელია, შვილმოკლული მამები სიმართლის დადგენას ითხოვენ და ეს რას ნიშნავს?
_ ერთი სიტყვით, დათა, გინდათ, რომ სამართლიან და ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდეთ, რომელიც ოკუპანტს „ბაბაიას“ არ ეძახის, არა?
_ რა თქმა უნდა.
სხვათა შორის, პოლიციიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს წამოვედი _ განთავისუფლებაზე პატაკი ოთხჯერ დავწერე, მაგრამ უარს მეუბნებოდნენ. ბოლოს, 2011 წელს, მაინც წამოვედი.
_ რატომ?
_ სანამ პოლიციელი გავხდებოდი, თეთრი ხალათი მეცვა. მერე, ხალხმა პოლიციელის ფორმით რომ დამინახა, სხვანაირი თვალით შემომხედა, ანუ გარკვეული სტერეოტიპი მაინც არსებობს…

გიორგი აბაშიძე