წარბა, ჯაფარა, კრისა და ძველი ბიჭები სალომე ზურაბიშვილის შტაბში

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რვა დღე რჩება.
„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი გადამალა, სამაგიეროდ, ბილბორდებზე ჯერ პარტიის ლიდერები გამოჩნდნენ, მოგვიანებით კი „ნაცმოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების ფოტოები გამოფინეს, წარწერით: „არა ბოროტებას, არა ნაციზმს“.

„პატრიოტთა ალიანსმა“ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბანერები მათ განათავსეს, კატეგორიულად უარყო. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული შავი პიარის ნათლიმამა მოშე გლუკჰარტი ამ მეთოდით ცდილობს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის გულის მოგებას და, მეორე რიგში, იმედი აქვს, რომ შავი პიარი ამომრჩეველს მოიზიდავს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ბანერები ბიზნესმენმა ალექსანდრე მეგუთნიშვილმა დაამზადა და ჯამში, სულ 50 000 ლარი გადაიხადა. ის წინა ხელისუფლების დროს დაკავებული იყო, მაგრამ როგორც თავად აცხადებს, ბანერებზე მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ფოტოებიც დაუკვეთა, რომლებიც მის საქმესთან უშუალოდ არიან დაკავშირებული, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ის მოატყუა და ბანერზე მხოლოდ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების სურათები გამოფინა. იდეის ავტორი მირიან ყარაულაშვილი ყოფილა, რომელიც შევარდნაძისდროინდელი პარტიული ფუნქციონერია და დღეის მდგომარეობით პარტია „ქართული ოცნების“ ანალიტიკური სამსახურის უფროსია. ამ პოსტზე მას რეკომენდაცია სუს-ის უფროსის ყოფილმა სკანდალურმა მოადგილე სოსო გოგაშვილმა გაუწია.
ჯერ კიდევ იმ დროს, როცა „ქართულ ოცნებას“ მოსისხლე მტრად არ ვყავდი გამოცხადებული და პარტიის აქტიურ სახეებთან კომუნიკაცია მქონდა, რომან კუსიანმა ერთი სახალისო ამბავი მომიყვა:
მირიან ყარაულაშვილი მაღვიძარას აყენებს და სოციალურ ქსელში დილის ექვს საათზე შედის, ფიქრობს, რომ რაკი ბიძინა ივანიშვილი ადრიანად იღვიძებს, ფეისბუქსაც ამ დროს ათვალიერებს და მირიანი სტატუსებს დილის ექვს საათზე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შეამჩნიოსო. არ ვიცი, ივანიშვილმა შეამჩნია თუ არა ყარაულაშვილის სტატუსები, მაგრამ ფაქტია, რომ ის დღეს პარტიის ანალიტიკური სამსახურის უფროსია და „ოცნების“ საარჩევნო ან არასაარჩევნო ქმედებებს რა ეტყობა ანალიტიკის, მგონი, ძნელი გამოსაცნობი სულაც არ არის.
მეორე ტურის წინ ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ყველა ფორმა გამოიყენეს, შვილმოკლული მშობლების ერთმანეთთან დაპირისპირების ჩათვლით, მაგრამ ამ კამპანიამ დიდი შედეგი ნამდვილად ვერ გამოიღო.
არჩევნების შედეგებით ივანიშვილი იმდენად გამწარებულია, ძველ გვარდიას მოუხმო და „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „ოცნების“ ოფისში საკმაოდ დიდ დროს ატარებს. პირადად ცდილობს, ყველა რაიონი გააკონტროლოს, საარჩევნო შტაბის სტრატეგიას უხელმძღვანელოს, შეხვდეს შტაბების ხელმძღვანელებს.
პირველ ტურში განცდილი ფიასკოს მერე პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი დიტო სამხარაძე, ფაქტობრივად, უფუნქციოდაა დარჩენილი. რეგიონები, სადაც „ოცნებამ“ არჩევნები პირწმინდად წააგო, ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებს ჩააბარეს. სამეგრელოს კურატორი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაა, იმერეთი სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილს, შიდა ქართლი შს მინისტრის პირველ მოადგილე კახა საბანაძეს აბარია, მამამისი ემზარ საბანაძე კი რაჭა-ლეჩხუმს კურირებს და მას ამ საქმეში საპატრულო პოლიციის უფროს თემურ კუპატაძის სიმამრი ეხმარება. კახეთის რეგიონის ჩაბარება სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს უნდოდა, მაგრამ პირველი ტურის მერე გოგაშვილი დიდ სკანდალში გაეხვია, მის სახელს კოორდინატორების თანხის მოტეხვა და საარჩევნო საბოტაჟი დაუკავშირდა. სწორედ ამიტომ მას უარი უთხრეს, _ სადაც ხარ, იქ დაეგდეო. გოგაშვილს ძალიანაც კი უნდა, მშვიდად დაეტიოს „ქართული ოცნების“ ოფისში მაინც, მაგრამ მას მოსვენება ამჯერადაც თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, დედამ ბებიამ და ნათესავებმა დაუკარგეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან შვილმოკლული მამების აქციის დროს გოგაშვილი პარტიის ოფისში იმყოფებოდა და ფანჯრიდან ადევნებდა თვალს შენობასთან მიმდინარე აქციას. პარტიიდან არავის გასჩენია სურვილი, მისთვის თუნდაც ელემენტარული თანაგრძნობა გამოეხატა.
შვილმოკლული მამების პრობლემა ხელისუფლებას დამოკლეს მახვილივით თავზე კიდია. 70-ე დღეა, მამები სამართალს პარლამენტის წინ ეძებენ. მხოლოდ არასამთავრობო სექტორის მასობრივი პროტესტისა და პოლიციასთან დაპირისპირების მერე, როგორც იქნა, ხელისუფლებამ უკან დაიხია და მათ კარვის გაშლის ნება დართო.
სოციალურ ქსელში კი კახი კალაძის მიმართვის პასუხად, კამპანია დაიწყო: მე ვირჩევ ადამიანს ნაძვის ხის ნაცვლად. 8000-ზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას თბილისის მთავარ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხეზე უარის თქმის შესახებ.
დაშინება, მოსყიდვა, ე. წ. კრიმინალური სამყაროს მობილიზაცია, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, _ მეორე ტურის წინ ხელისუფლება უკან არაფერზე იხევს, რომ ნებისმიერ ფასად საპრეზიდენტო არჩევნები მოიგოს. თუ აქამდე ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია და მას პარტია, უბრალოდ, მხარს უჭერს, მეორე ტურის წინ „ქართულ ოცნებაში“ სრული მობილიზაციაა გამოცხადებული და პარტიის ლიდერები ზურაბიშვილის რიგით აქტივისტებადაც კი იქცნენ.
ფაქტები, რომლებზედაც ქვემოთ მოგიყვებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სანდო ადამიანებმა მომაწოდეს. აქ ყველა მეთოდზეა საუბარი, რასაც ხელისუფლება ხმების მოსაპოვებლად აკეთებს.
სვანეთის უბანში თბილისის საკრებულოს დეპუტატმა რიმა ბერაძემ უბნის ნარკომანები შეაგროვა: წარბა, ჯაფარა და კრისა „ქართული ოცნების“ აქტივისტებად გადაიქცნენ. მათ აქცია „არა მიშას“ ორგანიზება და ხალხის მობილიზება ევალებათ, ამავდროულად, საარჩევნო ხმები სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუგროვონ. სანაცვლოდ, ნარკოტიკებით და ფულით ამარაგებენ.
იგივე მდგომარეობაა თბილისის სხვადასხვა უბანში:
აღმაშენებელზე სიტუაციის კონტროლი გამგებელ ზურა ჩიკვილაძეს ევალება, მასთან ერთად უბანზე მიმაგრებულია სუს-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი თურმანიძე, რომელიც ოფიციალურად გურიის გუბერნატორის მოადგილეა; საარჩევნო პროცესში ქუჩიდან ჩართულია ირაკლი გურგენიძე, რომელიც ბუხაიძის ქუჩაზე ცხოვრობს; ასევე იკო ნოხაძის ნახევარძმა ბექა ამირანაშვილი, კარენ ბაღდასაროვი ცხოვრობს რომის ქუჩაზე და ძმები ჯოხაძეების ძმაკაცი ლაშა კაპანაძე. რიგდება ნარკოტიკი და ფული. გურიის გუბერნატორის მოადგილე და ყოფილი სუსელი გიორგი თურმანიძე პლეხანოვის კურატორია, სრულად გაამწვანეს ქუჩა. პირობითები ვისაც აქვთ, მოხსნას ჰპირდებიან. კარენ ბაღდასაროვთან ერთად რომის ქუჩაზე „ოცნების“ „პალაჟენიას“ ბაკო გოგლიძე აგვარებს, ამათ ჩააბარეს ვორონცოვის მხარე; ბუხაიძის ქუჩასა და ავლაბრის მხარეს ირაკლი და გეგა გურგენიძეები უვლიან, მარჯანიშვილის მხარე კი ბექა ამირანაშვილსა და ლაშა კაპანაძეს აბარია; სვანეთის უბანში, ქურთების დასახლებაში, ვინმე ტოტკელა ჰყავთ მიმაგრებული, რომელიც ამ დასახლებაში ავტორიტეტია ქურთებში.
ახალი სტავკებია თბილისში აეროპორტის დასახლებაში: თუ რიგითი კოორდინატორი ხუთ კაცს მოიყვანს და ხმას სალომე ზურაბიშვილს მისცემენ, მომყვანს 150 ლარს უხდიან.
ასევე ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყეს გალში მცხოვრებ ქართველებთან, საარჩევნო ხმების სანაცვლოდ ფულს უხდიან და ამ პროცესს „ტყის ძმების“ ხელმძღვანელი დათო შენგელია კურირებს; სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონიაც წინასაარჩევნოდ მხოლოდ იმიტომ არ დაიჭირეს, რომ ეს სქემა მან უნდა მოიყვანოს მოქმედებაში, თუმცა შონიას მიერ ხელდასხმულმა მერებმა სამეგრელოს რეგიონში რეალურად საბოტაჟზე იმუშავეს, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მერე, შედეგის მიუხედავად, რეგიონში დიდი საკადრო წმენდა იგეგმება და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ბევრი თავიც გაგორდება.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მამუკა წოწერია „მოდულის“ შენობაში ჰყავდათ დაბარებული. მას წინ კომპრომატების დასტა დაუდეს და ულტიმატუმი წაუყენეს, _ თუ არჩევნებს არ მოიგებ, მეორე ტურის დასრულების შემდეგ გლდანის საპყრობილეში ამოყოფ თავსო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, წოწერია სასტიკად ნაცემიცაა, იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული, რომ მან ამერიკაში ვიზიტიც კი გააუქმა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აზერბაიჯანის საზღვარზე. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში მესაზღვრეების მომკითხავ-გამკითხავი არავინაა, ისინი, ნახევრად მშივრები ტალახში, თოვლში და ზაფხულობით მაღალი სიცხის დროს მთელი აღჭურვილობით, დაახლოებით, 30 კგ-ით, სულ მცირე, 40 კმ.-ს ფეხით გადიან. საჭმელი არ აქვთ, ტრანსპორტი (კვადროციკლი) რომ გაფუჭდა, აღარ გაუკეთებიათ და ყველაზე მთავარი, _ ამ ყოფაში მყოფ მესაზღვრეებს ოჯახის წევრების პირადი ნომრები გამოართვეს, რომ არჩევნებზე მათი მისვლა და ხმები გააკონტროლონ.
იუსტიციის სახლში ხდება აიდი ბარათების დამზადება დასავლეთ საქართველოში რეგისტრირებული ლტოლვილებისთვის და მათ თბილისში არეგისტრირებენ, ძირითადად, ჩიქობავას ქუჩაზე, რომ მარტივად გაკონტროლდეს არჩევნებზე მათი მისვლა.
რაც შეეხება პატიმრებს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თითო პატიმარზე სამ ცალ აიდი ბარათს ამზადებენ. განსაკუთრებით გაძლიერდა კონტროლი პენიტენციურ სისტემაზე მას შემდეგ, რაც „ოცნებამ“ სისტემაში არჩევნების პირველი ტური წააგო. ციხის კადრების ნარატივით მოსულმა ხელისუფლებამ ქვეყანაში სიტუაცია იმდენად გააბანძა, რომ პატიმრებიც კი აღარ აძლევენ ხმას მათ რჩეულ კანდიდატს.
ბათუმის პორტში სპეციალური თათბირი ჩატარდა, სადაც თანამშრომლებს პირდაპირ გამოუცხადეს, რომ სალომეს უნდა დაუჭირონ მხარი.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს დასაბეჭდად გამზადებული აქვს ასეულობით პირადობის მოწმობა, მათ შორის, 1500 ცალი ქუთაისზე. ასევე თბილისის ნომრიდან რეკავენ გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებში და გარდაცვლილი ადამიანების პირად ნომრებს ეკითხებიან. ეს ის ტელეფონის ნომერია, საიდანაც გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს უკავშირდებიან _ 0322051497.
შემაშფოთებელი ცნობები მოდის მარნეულიდან. წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა საჯაროდ არ ისურვა, მოგვწერა, რომ მარნეულის 50-ე უბანზე დამკვირვებლიან კომისიის წევრებიანად ყველა მოსყიდული ჰყავდათ „ქოცებს“. ისინი მეზობლებსა და ნაცნობებს აიძულებდნენ, სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ ხმა. მეორე წყარო ამბობს, რომ განსაკუთრებით დიდი ზეწოლა პედაგოგებზე მიდის, მათ აიძულებენ, სალომე ზურაბიშვილი შემოხაზონ და თან საარჩევნო ბიულეტენს ფოტო გადაუღონ.
ბოლნისში ხელისუფლება კიდევ უფრო შორს წავიდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი, მეტსახელად გული, დაკავებულია. ბოლნისში მისი მარჯვენა ხელი, დილგამა ჰყავთ ჩამოყვანილი, რომელიც, ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მობილიზებას ახდენს, მეორე მხრივ კი ადგილობრივ ბიზნესმენებს იბარებს და ქურდულ „ობშიაკში“ ფულის დადებას აიძულებს.
იყენებენ ექიმებსაც, რომლებიც რაიონში ავტორიტეტით სარგებლობენ. სურამში ექიმი მაყვალა მაისურაძე კარდაკარ დადის „ოცნების“ ხმებზე, თავის ოჯახთან ერთად.
ძალოვანი უწყებიდან დათო ყიფშიძე გაამწესეს სურამში, რომ ხალხი მოისყიდოს. თუ ვინმე სისტემაში მუშაობს, ყველა საცხოვრებელი ადგილების მიხედვით გაანაწილეს, რომ „ოცნებას“ აქტიურად დაეხმაროს სალომე ზურაბიშვილის ხმების მობილიზებაში.
ზუგდიდში „ლიბერთი ბანკში“ მისულ პენსიონერებს, რომლებიც ბანკში პენსიის ასაღებად მიდიან, დაუკითხავად უკოპირებენ პირადობის მოწმობებს, უკლებლივ ყველას ეუბნებიან, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა მისცენ ხმა.
ასევე გამწვანებული აქვთ დამნაშავეებს, რომლებიც ხელისუფლებასთან არიან დაახლოებული. ზუგდიდელი დათო ბარამია დეპუტატ თამარ ხულორდავას დეიდაშვილია. „ოცნების“ კოორდინატორი რამდენიმე კვირის წინ ათი გრამი სუბუტექსით დაიჭირეს და მხოლოდ იმიტომ, რომ საარჩევნოდ ძალიან სჭირდებოდათ, გრამები შეუმცირეს და 5000-ლარიანი გირაოთი გაუშვეს. ამ საკითხის მოსაგვარებლად ზუგდიდში საგანგებოდ იყო ჩასული შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა.
სამტრედიაში ვინმე ტიტე კაკაჩეიშვილი დარბის, პედაგოგებისა და სკოლის დირექტორების შავ სიებს ადგენს. ამ ეტაპზე ხუთი სკოლის დირექტორი ჰყავს სიაში. ეს ის სკოლებია, სადაც არჩევნები მეოცნებეებმა წააგეს.
საარჩევნო მზადებაში აქტიურად არიან ჩართულები სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ერთ-ერთი მათგანი ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძეა, რომელიც პარაოლიმპიელებს აიძულებს, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მისცენ ხმა.
დედოფლისწყაროს სასაზღვრო პოლიციის ყველა თანამშრომელს სამსახურში ოჯახის წევრების საპასპორტო მონაცემები მიატანინეს და ყველა მათგანს ჩამოართვეს პირობა, რომ „ქართული ოცნების“ რჩეულს მისცემდნენ ხმას.
იმერეთის ვიცე-გუბერნატორის, ყოფილი სპეცრაზმელისა და ზონდერის ცოლი მერიის მუნიციპალურ პოლიკლინიკაში ჰყავთ დანიშნული დირექტორად, მისი ამოცანა პოლიკლინიკაში „ოცნების“ აქტივისტებისა და საკუთარი სადაქალოს დასაქმებაა. ჰოდა, ყოფილი ზონდერისა და მოქმედი ვიცე-გუბერნატორის ცოლი დაარბენინებს ამ აქტივს აქციებზე, იღებს და არიგებს კოლოსალურ პრემიებს და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საკმარისია აუდიტმა პოლიკლინიკის ფინანსური საქმიანობა შეამოწმოს, დირექტორი აუცილებლად აღმოჩნდება გისოსებს მიღმა.
გორის რაიონში ხელისუფლების ჯილა მოკრივე გიორგი კანდელაკია.
სოფელ ვარიანში არის დაშინების ფაქტები. გიორგი კანდელაკს დატერორებული ჰყავს ხალხი და აიძულებს, სალომე ზურაბიშვილს მისცეს ხმა. საარჩევნო მზადებაში ჩართულია კრიმინალური სამყაროც, ყოფილი პოლიციელი და გორში ცნობილი კონტრაბანდისტი, ერგნეთის ბაზრობის მოწილე, ნიკო ხმიადაშვილი, მეტსახელად რობოტი, ძმასთან ერთად, ტირძნისში სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს ხვდება და „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობას აძალებენ. რობოტი ერგნეთის ბაზრობიდან წილს ერთდროულად უგზავნიდა „კანონიერ ქურდებსა“ და შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილს.
გორის რაიონში თემურ ხუბულურის დავალებით ძიუდოისტებმა სოფლებში ხალხის დაშინება დაიწყეს, გააკეთეს შტაბები და იქ იბარებენ ხალხს, რომ სალომე ზურაბიშვილს მისცენ ხმა. ქალაქ გორში ამას ანზორ თენაძე და მისი სამეგობრო აკეთებს, გორის რაიონის სოფლების კურატორი კი ძიუდოისტი ნიკოლოზ ბიბილაშვილი, მეტსახელად კოლიაა.
ქობულეთის რაიონში რამდენჯერმე ნასამართლევი ედუარდ მსხალაძე დადის და ადგილობრივ მოსახლეობას იარაღით აშინებს.
სხვებს არც სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის სიძე, გუჯა სონღულაშვილი ჩამორჩა, ის აგლაძის ქუჩის მცხოვრებლებს ემუქრება, თუ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს არ მისცემთ ხმას, არჩევნების მერე ძალიან ცუდად გექნებათ საქმე, მაგრად დაგენძრევათო.
მას შემდეგ, რაც „ქრონიკა+“-ს ეს ინფორმაცია მიაწოდეს და გუჯა სონღულაშვილის ფოტოსთან ერთად ფეისბუქში სტატუსი დავწერე, გოგაშვილის სიძე ამჯერად უკვე ჩემი მისამართით დაიმუქრა, _ კბილები არ შეგრჩებათო. ამ უმწიფარ ღლაპს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მისი სიმამრი სუს-ის უფროსის მოადგილე აღარ არის და როცა იყო, არც მაშინ შეგვშინებია მისი მუქარების.
არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ რევოლუციური საბანკო ინიციატივები მას შემდეგ დააანონსა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციის მოთხოვნები გაახმიანა. დაანონსებული საბანკო რევოლუცია არ შედგა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააჟღერა ინიციატივა ბანკების „შავი სიის“ გაუქმების თაობაზე და 600 000 მოქალაქისთვის 2000 ლარამდე საბანკო ვალდებულებების ჩამოწერის შესახებ. პრემიერის ბრიფინგის მერე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მიყოლებით გააკეთეს განცხადებები იმის შესახებ, რომ მთავრობის მხრიდან მათთან არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა და, შესაბამისად, არც აპირებენ პრობლემური სესხების განულებას.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გუშინ, დღის ბოლოს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შუშის სასახლეში ე. წ. საბანკო რევოლუციის ავტორები დაიბარა და კარგა გვარიანად მიჯირყვანა, _ საკითხი არც გააზრებული და არც ბოლომდე დამუშავებული გქონდათ, ხალხმა არ დაიჯერა და ოპონენტებმაც აქეთ შემოგვიბრუნესო. ჩვენი წყარო ამბობს, რომ პრემიერი, თბილისის მერი და პარტიის სხვა ლიდერებიც თავჩაქინდრულები იდგნენ და ივანიშვილის კითხვებზე პასუხი არ ჰქონდათ.
როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების მოგება ბიძინა ივანიშვილისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირველი არჩევნებია მისი პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ და არ უნდა, დაბრუნება წაგებასთან ასოცირდებოდეს.

ელისო კილაძე