დავით ქაცარავა: „ზურაბიშვილი არის მოღალატე, ის კრემლის ოცნებებს ასრულებს“

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სკანდალურმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, ომი საქართველომ დაიწყო, საზოგადოებაში აღშფოთება და ნეგატივი გამოიწვია. ამის შემდეგ ზურაბიშვილმა თავისი ნარატივი შეცვალა და განაცხადა, რომ რუსეთი აგრესორია და სწორედ მან დაიწყო 2008 წელს საომარი მოქმედებები, თუმცა შეცვლილ განცხადებას განსაკუთრებული გავლენა საზოგადოებაზე არ მოუხდენია. პარალელურად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა მასთან საუბრისას აფხაზეთი განგრენად მოიხსენია, რომელიც უნდა მოიკვეთოს. ამ განცხადებას საზოგადოების მხრიდან ასევე მწვავე რეაქცია მოყვა. სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურად ახერხებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ის პრეზიდენტობის კანდიდატზე უფრო ქვეყნის მოღალატედ იყოს აღქმული.
მეტიც მისი საქმე ახლა უკვე პროკურატურამდეც მივიდა, უფრო კონკრეტულად კი „აფხაზთა კრებისა“ და ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერებმა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. მალხაზ პატარაია და დავით ქაცარავა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების დარღვევაში ადანაშაულებენ.

„ქრონიკა+“ ესაუბრა ანტიოკუპაციური მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერ დავით ქაცარავას:
_ რეალურად რას ელით პროკურატურისგან, ექნება თუ არა მას შესაბამისი რეაგირება თქვენს სარჩელზე?
_ ველი, რომ ამ საჩივარს თაროზე შემოდებენ. სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატია და ყველაფერს გააკეთებენ, რათა საჩივარი არ განიხილონ და ამ საკითხზე შესაბამისი რეაგირება არ ჰქონდეთ. ისინი მაქსიმალურად ეცდებიან, თავისი კანდიდატი შესაძლო დისკომფორტისგან დაიცვან. საჩივრის სიმძიმიდან გამომდინარე კი ეს დისკომფორტი საკმაოდ სერიოზული შეიძლება იყოს. დარწმუნებით გეტყვით, რომ არანაირი რეაგირება პროკურატურას, მინიმუმ, 28 ოქტომბრამდე არ ექნება. შემდეგ თუ დანიშნავენ თავიანთ პრეზიდენტობის კანდიდატს, ბუნებრივია, არ განიხილავენ. ის ფაქტი მამშვიდებს, რომ ამ საჩივარს ხანდაზმულობა ძალიან დიდი აქვს, ზუსტად იმდენი წელი, რამდენიც სასჯელია ამ მუხლით გათვალისწინებული. მინიმუმ, 7 წელი ხანდაზმულობა აქვს.
_ თავადვე ამბობთ, რომ პროკურატურას არანაირი რეაგირება არ ექნება, მაშინ რა არის ამ სარჩელის შეტანის მთავარი მოტივი?
_ ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს პოზიციის დაფიქსირებას და საზოგადოებამ იცოდეს, რომ ბრძოლა მიმდინარეობს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მიუხედავად ყველაფრისა, ამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ, ადრე თუ გვიან, შესაძლოა, პასუხი აგოს თავის მოღალატეობრივ საქციელზე. ეს არის ამ საჩივრის პრინციპული მნიშვნელობა, იმ რეზონანსისა, რაც სარჩელის შეტანამ გამოიწვია.
_ თქვენი სარჩელი გასაგებია, მაგრამ რამდენად აქვს საზოგადოებას სათანადო რეაქცია ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით?
_ საბედნიეროდ, საზოგადოება ძალიან ადეკვატურად არის განწყობილი ზურაბიშვილის მიმართ, მხოლოდ განცხადებებზე არ არის საუბარი. ობიექტური არჩევნები რომ ჩატარდეს, ზურაბიშვილს შანსი არ ექნება, რადგან ჩვენი საზოგადოების, სულ მცირე, 70% ძალიან საღად და სწორად აფასებს ზურაბიშვილის ხედვას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. კონკრეტულად კი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ზოგადადაც, სოციალურ ქსელს რომ დავაკვირდეთ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მის მიმართ, მიხარია უდიდესი ნაწილის ჯანსაღი დამოკიდებულება. აქედან გმომდინარე, იმედი მაქვს, რომ ზურაბიშვილს გამარჯვების შანსი არ ექნება.
_ საინტერესო ფაქტია, _ ზურაბიშვილმა თავისი სიტყვები გადათქვა და კამპანის დაწყების დღეს განაცხადა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. როგორ ფიქრობთ, მას საზოგადოებაში არსებული პროტესტის შეეშინდა?
_ მას ძირითადი რიტორიკის შეცვლა მოუწია, რადგან დაინახა, რაოდენ დიდი ნეგატივი გამოიწვა მისმა განცხადებებმა და დამოკიდებულებებმა საზოგადოებაში, თუმცა ვფიქრობ, რომ მისი ეს ნაბიჯი უკვე დაგვიანებულია. მას ამაზე გაცილებით ადრე უნდა ეფიქრა თავისი კამპანიის დაგეგმვისას, მაგრამ ძალიან კარგია, რომ თავიდანვე გაგვაფრთხილა საზოგადოება. მისი შეცვლილი სიტყვები და განცხადება, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი აგრესორია, საზოგადოებაში მის მიმართ დამოკიდებულებაში თვისობრივად არაფერს ცვლის, რადგან ჩვენ უკვე ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის მოღალატე!
_ გარკვეული კუთხით მისმა შეცვლილმა განცხადებამ საზოგადოების პროტესტი ხომ არ შეანელა?
_ ჩემს სოციუმში, ჩემი წვდომის ფარგლებში, მსგავსი რამ არ შემიმჩნევია. თუ მისმა შეცვლილმა განცხადებამ რამე გავლენა იქონია, ალბათ, უფრო უმნიშვნელო ნაწილზე, რაც მისი გამარჯვებისთვის გადამწყვეტი არ იქნება.
_ ზურაბიშვილის ქმედებებიდან გამომდინარე არის თუ არა ის პუტინის აგენტი?
_ ცხადია, დადასტურებულად ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ზურაბიშვილის განცხადებები ყველასთვის კარგად ცნობილია _ ის ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, მძინარე ცხინვალი დავბომბეთ _ ეს მისი ცალსახა პოზიციებია, რომელიც კრემლის განცხადებებს ემთხვევა და მის წისქვილზე ასხამს წყალს. არის თუ არა ზურაბიშვილი რუსეთის აგენტი, ამის დადასტურება რთულია, რადგან პირდაპირი მტკიცებულება ჩვენ არ გაგვაჩნია, მაგრამ ის, რომ ზურაბიშვილი კრემლის ოცნებების ასრულებაზე მუშაობს, ერთმნიშვნელოვნად ჩანს. ასევე პუტინი ბედნიერი აცხადებს, რომ ზურაბიშვილი გმირი პოლიტიკოსია და ქართველი პოლიტიკოსების გამოღვიძება იწყება. ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. დასკვნები ყველამ თავად უნდა გააკეთოს, მაგრამ ზურაბიშვილი რომ პრორუსული პოლიტიკოსია და მთელი მისი ნარატივი დასავლურ ღირებულებებზე წმინდა წყლის ფარსია _ ეს ჩემთვის ცალსახაა.
_ ზურაბიშვილს აქვს მმართველი გუნდის მხარდაჭერა, ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების შანსი და ძალიან დიდი ფული, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს არჩევნების მოგებაში. რა ბერკეტები გვაქვს ადამიანებს, რომლებიც ვფიქრობთ, რომ მისი გაპრეზიდენტება ქვეყნისთვის დიდი საშიშროებაა?
_ ადმინისტრაციული რესური არ ნიშნავს იმას, რომ ეს რესურსი აუცილებლად ზურაბიშვილს მისცემს ხმას. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც ადმინისტრაციულ რესურსში ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ მას აშანტაჟებენ და აიძულებენ, ზურაბიშვილთან შეხვედრებზე მივიდეს შინაგანი განწყობით ასეთი ხალხი ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების წინააღმდეგია და არჩევნებზე მის მხარდაჭერას არ აპირებს. ადმინისტრაციულ რესურსზე მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც მისი კატეგორიული წინააღმდეგია. ასე რომ, თუ ყველა მივა არჩევნებზე და სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მისცემს ხმას, დამიჯერეთ, ვერც ფული და ვერც ადმინისტრაციული რესურსი ვერ გადაწონის იმ სახალხო აღშფოთებას, რაც დღეს არსებობს. თუ საუბარია გამოსავალზე, გამოსავალი არის არჩევნებზე მისვლა და საკუთარი ანტიზურაბიშვილისა და ანტირუსული პოზიციის დაფიქსირება.
_ რას ეტყვით ადამიანებს, რომლებსაც ზუსტად იმიტომ, რომ მმართველი გუნდი ზურაბიშვილს უჭერს მხარს და ასეთი კანდიდატი გვყავს ქვეყანაში, საერთოდ არ სურს არჩევნებზე წასვლა?
_ არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდნენ, ძალა ერთობაშია და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
_ რა გეგმები აქვს თქვენს ორგანიზაციას არჩევნებამდე?
_ იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილს გაამარჯვებინებენ, იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ ეს შედეგი შემდეგ გაბათილდეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მისი გამარჯვების არც ჩვენ და არც საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ სჯერა.
აღნიშნულ თემაზე „ქრონიკა+“-ს ასევე ესაუბრება პლატფორმა „აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი ლიდერი და მოძრაობა „დაბრუნების“ თავმჯდომარე _ მალხაზ პატარაია:

_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, რომელ მუხლებს ითვალისწინებს თქვენი სარჩელი და რა არის თქვენი მიზანი?
_ „აფხაზთა კრებამ“ და ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიამ“ პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლების საფუძველზე. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ სანამ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისკენ კარს ჩაგვირაზავს, დავასწროთ და კარი ჩავურაზოთ პრეზიდენტობის ინსტიტუტისკენ. მისი ბოლო განცხადებები და ქმედებები მისი გაუთვითცნობიერებლობისა და გულუბრყვილობის შედეგი ნამდვილად არ არის. რაც მთავარია, ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მისი განცხადებები ერთმნიშვნელოვნად შეაფასა, როგორც ქმედება, მიმართული საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და პირდაპირ, როგორც სამშობლოს ღალატი. ამ სიტყვების გამოყენება ძალიან არ მიყვარს, თუმცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად: მუხლი 308, საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა,
I ნაწილი: საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
მუხლი 319: უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება;
უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“.
_ რამდენად რეალური გგონიათ, რომ პროკურატურას თქვენს განაცხადზე ადეკვატური პასუხი ექნება?
_ მე ვისაუბრე პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, ემოციურ და მორალურ შეფასებებზე, ამ ყველაფერს კი სალომე ზურაბიშვილის ქმედების სამართლებრივი შეფასება აკლია. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ყველაფერ ამას. რაც შეეხება გვაქვს თუ არა პროკურატურის იმედი, შემიძლია გითხრათ, რომ იურიდიული დოკუმენტები არ ქრება და არ იწვის. ეს დოკუმენტები, ადრე თუ გვიან, თავის მოქმედებას იწყებს. ამ შემთხვევაში კი მოქმედება უკვე დაწყებულია, რადგან ჩვენთან სამართალში საქმის აღძვრა _ ასეთი ცნება არ არსებობს. როგორც კი განცხადება შედის, საქმე უკვე, პრაქტიკულად, აღძრულია და სამართლებრივი მოქმედებები უნდა ჩატარდეს. საკმარისად ხშირად პოლიტიკურად რეზონანსული საქმეები ბლოკირებულია, მაგრამ ეს სამართლებრივი ქმედება ჩვენ განვახორციელეთ, რადგან ამ ქალბატონის ქმედებებში დავინახეთ, რომ იგი მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ასევე ეს არის ოკუპანტთან პირდაპირი თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ. ბუნებრივია, ასეთი დანაშაული ხანდაზმულობას არ ექვემდებარება. რაც არ უნდა გამოძიება ჩატარდეს, იგი ერთი თვის ვადაში ნამდვილად არ დასრულლდება იმიტომ, რომ არჩევნებია და ეს ქმედებები სწორედ არჩევნებთანაა დაკავშირებული. ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელი ოკუპანტთან ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილია.
_ ზურაბიშვილი სკანდალური და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით გამოირჩევა, მან თქვა, რომ აფხაზეთი ჩვენი მეზობელია. რა რეაქცია გქონდათ ამ სიტყვებზე?
_ ჩვენ კომპლექსურად ვითხოვთ მომხდარი ფაქტების შესწავლას, რაც კონკრეტულად მის ორ საჯარო განცხადებას ეხება: 1. რომ ომი საქართველომ დაიწყო; 2. რომ ჩვენ ვესროლეთ რაკეტები მძინარე ცხინვალს. რაც შეეხება აფხაზეთზე გაკეთებულ განცხადებას, მისი ამ სიტყვებით დასტურდება, რომ მას ცნობიერებაში აფხაზეთი ზუსტად ასე აქვს წარმოდგენილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ასევე მისი წიგნიც. რაც იმ წიგში უწერია, მაგას წაშლის?! რუსეთს გადაწყვეტილი აქვს, ეს წიგნი ჰააგის ტრიბუნალზე გამოიყენოს.
_ ზურაბიშვილმა კამპანიის დაწყების დღეს ოფიციალურად თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და შეიძლება ითქვას, ამით მისი განცხადებების გამოსწორებას ეცადა, როგორ ფიქრობთ, ეს მიზანმიმართულად გააკეთა?
_ დიახ, ხშირად საუბრობენ, რომ მან თავისი ნათქვამი გადათქვა. უნდა აღვნიშნო, რომ ზურაბიშვილმა განცხადების პირველი ნაწილი გადათქვა, ხოლო მეორეზე განმარტება არ გაუკეთებია. მან თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, მაგრამ ცხინვალის დაბომბვის შესახებ არაფერი უთქვამს. განცხადების ორივე ნაწილი საგანგაშოა და დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის. როგორც ჩანს, ზურაბიშვილმა არ იცის პრეზიდენტის თანამდებობის ზუსტი მნიშვნელობა. კონსტიტუციაში კი წერია, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და უმაღლესი მთავარსარდალი. ასევე მას აქვს ხალხის მანდატი. წარმოიდგინეთ, რა საშიშროების წინაშე დადგება ქართული სახელმწიფო სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში _ ღმერთმა დაგვიფაროს!
_ კონკრეტულად რა საშიშროებას გულისხმობთ?
_ პრეზიდენტობის რანგში თუ ზურაბიშვილი ანალოგიურ განცხადებებს გააკეთებს, რასაც დღესდღეობით ვისმენთ, იმწამსვე დაიწყება ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, _ ღმერთმა დაგვიფაროს!
_ არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იქნება რეფერენდუმი კითხვაზე: ვის ირჩევს ქართველი ხალხი _ რუსეთს თუ ევროპას? როგორ ფიქრობთ, არჩევნებამდე ეს საპროტესო მუხტი საჭირო დოზით არსებობს საზოგადოებაში?
_ ვფიქრობ, რომ განცხადების ის ნაწილი, რომელიც ზურაბიშვილმა გადათქვა, სწორედ ძლიერი და ჯანსაღი რეაქციის შედეგია, რაც ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროტესტი, პრაქტიკულად, ყველა ფენამ გამოხატა. ეს არ იყო მხოლოდ ოპოზიციური ძალების რეაქცია, ეს იყო არასამთავრობო სექტორის, სასულიერო პირებისა და, ზოგადად, საზოგადოების უდიდესი ნაწილის პროტესტი. ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც ჩვენ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში მოვიყვანეთ, ეს არის ზურაბიშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ აფხაზეთი განგრენაა და უნდა მოვიკვეთოთ. როგორც იცით, ეს ირაკლი ოქრუაშვილს უთხრა.
_ დევნილი ქალბატონის მიერ დასმულ კითხვაზე მან განაცხადა, რომ მსგავსი რამ არც უხსენებია და ეს ოქრუაშვილის ნათქვამი იყო.
_ მას არ აღუნიშნავს, რომ ასეთი სიტყვები ნათქვამი არ აქვს. ზურაბიშვილს განმარტებები მაშინვე უნდა გაეკეთებინა, როგორც კი ოქრუაშვილის ეს განცხადება გავრცელდა. ჩვენ ვითხოვთ ამ ფაქტის შესწავლას, რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს და მართლა თქვა თუ არა, რომ აფხაზეთი განგრენაა. ვფიქრობ, ეს ნამდვილად აქვს ნათქვამი, თუმცა გამოძიებამ ოფიციალურად უნდა გასცეს ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს პასუხები.
_ არის თუ არა ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოების ერთ-ერთი ნაწილი?
_ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი საქართველოსა და უკრაინის მიმართ აქტიურად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს _ მშვიდობიანობის პერიოდში პროპაგანდისტული საშუალებებით ცდილობს თავისი პოლიტიკის გატარებას; ერთ-ერთი ნაწილი კი არის ელიტის გადაბირება. ვფიქრობ, ზურაბიშვილი აქტიურად იყო ამ კუთხითაც ჩართული და ეს სიტყვები მას მხოლოდ ოქრუაშვილისთვის არ უთქვამს, ეს მას სხვებისთვისაც აუცილებლად ექნება ნათქვამი, რაც ზურაბიშვილის კავშირებს მიუთითებს რუსეთის ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი განცხადებები პირდაპირ არის 2008 წლის აგრესიის რუსული ლეგენდის განმეორება, რომ თითქოს ქართველებმა დაიწყეს დაბომბვა. ეს არის ზუსტად კოსოვოს პრეცედენტის მსგავსი სცენარი.
_ კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის რა კავშირები იკვეთება ქვეყნის მთავარ მტერთან?
_ ამის შესახებ პრესაშიც დაიწერა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი ელენე დანკოსი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, პუტინთან ძალიან დაახლოებული ფიგურაა. პუტინმა კი, თავის დროზე, „ვალდაის“ ექსპერტთა კლუბი შექმნა, რომლის წევრიც სწორედ დანკოსია. ის ასევე არ მალავს თავის სიმპათიებს რუსეთის ხელისუფლების მიმართ. შესაბამისად, რთული მისახვედრი არ არის, რა კავშირები შეიძლება ჰქონდეს ზურაბიშვილს ჩვენს მოსისხლე მტერთან.
_ პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ზურაბიშვილი პუტინის აგენტია?
_ მე ამას სამართლებრივ შეფასებას ვერ მივცემ და ვერც განვიხილავ, რადგან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაგრამ ის, რომ აშკარად რუსეთის ხელისუფლების გავლენით ხდება, ეს ყველაფერი ცხადია. მეტსაც გეტყვით: ასეთი თავნება ტიპაჟი არ შეიძლება აწყობდეს არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს. მას ისეთი კანდიდატი ურჩევნია, რომელსაც თავის ჭკუაზე ატარებს. ზურაბიშვილი, თავნებობასთან ერთად, სისულელეებითაც გამოირჩევა, ვგულისხმობ მის საუბარს. აქედან გამომდინარე, ივანიშვილს შეეძლო, უკეთესი კანდიდატი წარედგინა, თუმცა რუსეთის ინტერესი იკვეთება. რუსეთს უნდოდა, მმართველ პარტიას ისეთი კანდიდატისთვის დაეჭირა მხარი, რომელიც ყველაზე კარგად შეასრულებდა საერთაშორისო ასპარეზზე იმას, რაც რუსეთს აწყობს. ამიტომ პირდაპირი თუ ირიბი აგენტია, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ის გულუბრყვილობისა და გაუთვითცნობიერების გამო არ აკეთებს ასეთ განცხადებებს.
_ ამ ყველაფრის ფონზე რამდენად სწორად რეაგირებს საზოგადოება?
_ მასობრივი აქციები ზურაბიშვილის წინააღმდეგ არც მოსალოდნელია და საჭიროებასაც არ წარმოადგენს. აქ მთავარია ამომრჩევლის გადაწყვეტილება, რას დააფიქსირებს საარჩევნო ყუთთან. რეალურად მისთვის ხმის მიმცემი არავინ არის, ერთადერთი მას აქვს ადმინისტრაციული რესურსი. მისი მოკავშირე დღეს მხოლოდ ეს რესურსია. სწორედ ამიტომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა ორგანიზაციებმა ჩვენ დასავლელ მეგობრებს პირდაპირ უნდა მიმართონ, რომ ფულისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების შედეგად ხელისუფლებას შეუძლია, თავისი კანდიდატი გაათრიოს. ზურაბიშვილი მმართველი გუნდის გარეშე სიის ბოლოში იქნებოდა.
_ რეალურად ხომ ვიცით, რომ ყველანაირ რესურსს გამოიყენებენ. ქვეყანა იმ საშიშროების წინაშე დგას, რომ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდეს, თქვენ კი ამბობთ, რომ ღმერთმა დაგვიფაროს და ამაში დარწმუნებული ვარ, ბევრი დაგვეთანხმება, მაგრამ რა იქნება არჩევის შემდეგ?
_ რა გარანტია გვაქვს, რომ ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ რომელიმე ქვეყნაში ვიზიტის დროს ის მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს არ გაიმეორებს?! მსგავს ფაქტს აუცილებლად მოყვება რეაგირება და ეს იმდენად სერიოზული ამბავი იქნება, აღარავინ დაელოდება სამართლებრივ პროცედურებს. პირდაპირ შეიძლება მოხდეს ჯაჭვური რეაქცია. კონკრეტულად კი არის რუსული პოლიტიკა, რომელსაც შეუძლია, ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერები მოისყიდოს. ეს იქნება ძალიან დიდი საფრთხე. ვიცით, რომ სირიამ აღიარა „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა, ამიტომ წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება ზურაბიშვილის არჩევის შემთხვევაში.
_ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, გამოსავალი რა არის?
_ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ დასავლეთმა პირდაპირ ულტიმატუმი წაუყენოს ხელისუფლებას, რომ ის არავითარ არჩევნებს არ ცნობს, თუ ფული და ადმინისტრაციული რესურსი იქნება გამოყენებული. ძალიან დიდი როლი კი ამ ყველაფერში აქვს ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. გამოსავალი არის ისიც, რომ ქართული საზოგადოება აუცილებლად უნდა მივიდეს არჩევნებზე. სახლში დარჩენა ნიშნავს ხმას, რომელსაც საარჩევნო ყუთში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჩააგდებენ. ჩემი აზრით, სჯობს ხალხმა მისცეს ხმა რეალურ კანდიდატებს, შემდეგი სამი კანდიდატი ნამდვილად ვიცი, რომ პროდასავლური ორიენტაციის არის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ისეთი კლიმატი შეიქმნას, რომ ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემა ძალიან დიდი სირცხვილი და დიდი კომპრომისი უნდა იყოს საკუთარ სინისდისთან. კოლაბორაციონისტი და კაპიტულანტი _ ასე შეიძლება დავახიასათოთ ზურაბიშვილი და პარალელი გავავლოთ სერგო ორჯონიკიძესთან. მერე რა, რომ ქალია?! ორჯონიკიძის ანალოგია. მსგავსი სულ რამდენიმე შეიძლება ჩამოვთვალოთ: ბიძინა ივანიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, მამუკა არეშიძე, გია ანჩაბაძე, _ ესენი არიან კოლაბორაციონისტები.

ნენე ინჯგია