„კანდიდატდამოკიდებულები“ სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ

ხელისუფლება გულისხმობს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ პასუხისმგებლობასაც. ეს პოლიტიკური აქსიომა ავტორიტარულ ქვეყნებში, ბანანის რესპუბლიკებსა და ნახევრად დემოკრატიულ სახელმწიფოებში, მათ შორის, საქართველოში არ მუშაობს. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო 27 წელის მუდმივად ცვალებადი ჩრდილო-დასავლური პოლიტიკური ციკლონისა და ულტრალიბერალური და ურაპატრიოტული იდეოლოგიის პირობებში გვიწევს ცხოვრება.

პრინციპში, რამდენიც არ უნდა უარყონ ცალკეული ფაქტები პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა, ჩვენ არც ისე იდიოტები ვართ, მათ ვირეშმაკობებს ვერ ვხვდებოდეთ, უბრალოდ, ამ ქვეყანაში ობივატელი უფრო მეტია, რომელსაც ვიდრე თავად არ ეტკინება, ფეხებზე ჰკიდია სახელმწიფოც და მისი მომავალიც.

***
საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია მრავალ საინტერესო შტრიხს შეიცავს, რომელიც პუბლიკის ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბევრ კანდიდატს, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესებს შემორჩებიან, ოდესმე ცხვირში ამოადენენ შეგნებულ თუ შეუგნებელ წამოცდენებსა და მტკიცებებს ცალკეულ თემებზე. მაგრამ ეს წამოცდენები, რატომღაც, მაინც მიძინებულია ამ ვითარებაში და რადგან ყველაზე აქტუალური მაინც „პროვოკაციის“ თემაა, ჩვენც ამჯერად ამ საკითხს დავუთმოთ მეტი ყურადღება. ხშირად გვესმის „დამოუკიდებელი“ კანდიდატისგან და მასზე „დამოკიდებული“ მმართველი ძალისგან სინანულით თუ ნიშნის მოგებით ნათქვამი, _ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციას წამოეგოო…

***
პროვოკაცია (Provocatio) ლათინური სიტყვაა და გამოწვევას ნიშნავს. უფრო ვრცლად კი მისი განმარტება ასეთია: ცალკეული პირის, პირთა ჯგუფების, ორგანიზაციების, სახელმწიფოების წაქეზება ისეთი მოქმედებისთვის, რასაც მოჰყვება მათთვის მძიმე, ზოგჯერ დამღუპველი შედეგები.
კითხვა დავსვათ, _ იყო კი ეს, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომი, პროვოკაცია? და წამით მართლაც დავეთანხმოთ „კანდიდატ&კომპანის“, მაგრამ ამ დათანხმებისთანავე უმალ ვკითხოთ მათ, _ ახსოვთ ხელისუფლების ვალდებულებები, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას იმ პირობებში, როდესაც რუსეთის სამშვიდობო ჯარებს ამოფარებული ოსი სეპარატისტები ყოველდღე ხოცავდნენ საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას და ქართულ სოფლებს ბომბავდნენ?! რა უნდა გაეკეთებინა იმის გარდა, რომ „მეგობრების“ ყველა ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, მათ შორის, ბატონი კოვალენკო (დაძაბეთ გონება და გაიხსენეთ, აბა, ვინ იყო ეს პერსონა?) ჩაიყვანა კონფლიქტის ზონაში და უშუალოდ ანახა დაბომბილი სოფლები, დანგრეული სახლები… განხსოვთ, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, დენის კიფი, როდის და რა ვითარებაში იმყოფებოდა კონფლიქტის ზონაში? ბრიტანეთი უშიშროების საბჭოს წევრია და ახლა, როცა ვიღაც ბოდავს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოეთხოვათო, საქართველოს დაუჯერებდნენ უფრო თუ ბრიტანეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, აშშ-ს? რა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას იმაზე მეტი, რომ ყოველდღე აქვეყნებდა განცხადებებს, აგზავნიდა ნოტებს, ხვდებოდა ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს… ასე უამრავი „რა გაეკეთებინა“ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. ჰო, ცხინვალი დაცალეს და ქართული სოფლები _ არაო. იმიტომ ხომ „არა“, რომ ეს თუნდაც იმის დემონსტრირება იყო, ჩვენ ომისთვის არ ვემზადებოდით და არც გვინდოდა? იდიოტი-პროვოკატორების განცხადებები განხილვადაც არ ღირს.
ან, იქნებ, ნება დაერთო, დაეხოცათ მისი მოსახლეობა და საქართველოს პრეზიდენტი პეკინში გაფრენილიყო ოლიმპიადის გახსნის საცქერად და იქ ეთქვა მსოფლიო ლიდერებისთვის, _ ჩემს მოქალაქეებს ხოცავან, მაგრამ პროვოკაციას რომ არ წამოვეგო, აგერ ვარ და ოლიმპიადას ვესწრებიო? მოითმენდა იმავე სიტუაციას გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ინგლისის, აშშ-ის, ჩინეთის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოსახლეობა თუ ხელისუფლება? ისრაელზე არაფერს ვამბობ. აპატიებდნენ საკუთარი თანამოქალაქეების უპატრონოდ და დაუცველად დატოვებას თავიანთ ხელისუფლებას ფრანგები, გერმანელები, ესპანელები, იტალიელები, ამერიკელები, ჩინელები თუ ინგლისელები? ქალბატონ ზურაბიშვილს რა რეაქცია ექნებოდა შოინზე, ლიზეზე ან მულენ რუჟთან, სულაც პარიზში მის საცხოვრებელ სახლთან დავარდნილ ჭურვებზე, დახოცილ თანამოქალაქეებზე? ბატონი პარლამენტის სპიკერი და მისი თანაკომკავშირელი ძმები _ თალაკვაძე და მდინარაძე _ დალოდებოდნენ ოლიმპიადის დასრულებას, ნეტავ, რუსები რას იზამდნენ, ჩინეთს რომ განეხორციელებინა მათი ქვეყნის წინააღმდეგ ანალოგიური ქმედება ან იაპონიასა და აშშ-ს? პროვოკაციის არწამოგების მიზეზით მშვიდად დაელოდებოდნენ, როდის დაიპყრობდნენ მათ სამშობლოს წინააღმდეგობის გაწევის გარეშე _ პროვოკაციაზე წამოუგებლად?
როგორ უნდა შეეჩერებინა საარტილერიო ცეცხლი საქართველოს ხელისუფლებას? რატომ არ ახსოვს „კანდიდატს“ და დამოკიდებულებს სამშვიდობო ძალების სარდალ მარატ კულახმეტოვის მიერ ხელმოწერილი დასკვნა და განცხადება, რომ იგი ვერ აკავებდა ოსი სეპარატისტების „უკონტროლო ბანდებს“? ჰო, მართლა უკონტროლო იყო ეს ბანდები, რომელიც, როგორც რუსეთის იმპერატორმა _ ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რუსი ოფიცრების მიერ გაიწვრთნა და მის შემადგენლობაში რუსეთის რეგულარული ჯარების წარმომადგენლებიც ბლომად იყვნენ? რუსეთს ხომ ჰქონდა ნაკისრი ვალდებულება სამშვიდობო ოპერაციაზე? რატომ არ განახორციელა სამხედრო ოპერაცია რუსეთმა „უკონტროლო ბანდების“ წინააღმდეგ, ისევ იმიტომ ხომ არა, რომ მათი ქმედებები კრემლის ინიცირებული იყო და მეტიც, თავისსავე ჯარს ხომ არ დაუწყებდა ბრძოლას? არა, ეს არ იყო პროვოკაცია _ ეს იყო სამხედრო ოპერაცია, რომელიც დაიწყო რუსეთმა ოსი სეპარატისტების „უკონტროლო ბანდფორმირებების“ ხელით და შემდგომ ღიად გააგრძელა თავად.
რატომ ავიწყდებათ აქ, ჩვენთან, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ 08.08.08-მდე არსებული ვითარება არ იყო კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე. ეს იყო პოლიტიკური კონფლიქტი გავლენის სფეროს შენარჩუნებისთვის.
იმის მიუხედავად, თუ რამდენად და როგორ სჭირდება დასავლეთის ცალკეულ ჩინოვნიკებს და იქნებ, სახელმწიფოებსაც კი კრემლი საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისთვის ან მისი ენერგეტიკული „თანადგომა“, ფაქტია, რომ 08.08.08 დაიწყო რუსეთმა და კრემლს ამაში იმათ შეუწყვეს ხელი, რომლებმაც ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას არაპროპორციული ძალის გამოყენება დაარქვეს. სწორედ ეს პოლიტიკოსები ოკუპაციის თანამონაწილენი არიან. ერთნი გარანტირებული თბილი ზამთრის, მეორენი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შექმნილი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარის არქონის გამო.
აგვისტოს ომის იმ ცხელი დღეების შემდეგ არაერთი გამოცემა, პოლიტიკოსი, ექსპერტი, პოლიტოლოგი ამტკიცებდა, რომ პუტინი ყველა შემთხვევაში მოახდენდა აფხაზეთისა და ყოფილი „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას.
გავიხსენოთ: პრეზიდენტმა მედვედევმა, ომის დაწყებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, ღიად განაცხადა, რომ ბუქარესტში მაპ-ის მიღების შემთხვევაშიც არ შეიკავებდა თავს სამხედრო მოქმედებებისგან საქართველოს წინააღმდეგ. არც ის დავივიწყოთ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და მისი აღიარების შემდეგ რუსეთის უგვირგვინო იმპერატორმა, ვლადიმირ პუტინმა, ლამის დაიფიცა, რომ „ყოველივე სათანადო პასუხის გარეშე არ დარჩებოდა“. პირდაპირი განცხადებები კეთდებოდა სეპარატისტული ხელისუფლებების მხარდაჭერაზე.
პუტინმა საქართველოს მიმართ ზიზღის დემონსტრირება მსოფლიოს წინაშე 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მოახდინა, როდესაც საქართველოს სათავეში დასავლეთისთვის პატივსაცემი ედუარდ შევარდნაძე იჯდა და შესაბამისად, ნათელი ხდება, რომ სააკაშვილის მიმართ არსებული პოლიტიკური ალერგია მთელ რიგ შემთხვევებში არაფერ შუაშია. მაშინ პუტინი საქართველოს მსოფლიო ტერორიზმის ბუდედ ასახელებდა და ოსამა ბინ ლადენის კვალს პანკისის ხეობაში „მიაგნო“. განა, მართლა, მაგრამ ასე უნდოდა და ფიქრობდა, რომ მსოფლიო მხარს დაუჭერდა მის ავანტიურას. შესაბამისად, მას ხელ-ფეხი გაეხსნებოდა, როგორც მაშინ თავად აცხადებდა, რუსეთის სამხრეთ საზღვრების დასაბომბად. „ტელევიზიონშიკები“ ადვილად მოძებნიან შესაბამის კადრებს თავიანთ არქივებში, როდესაც პუტინი რუს გენერლებს საქართველოს საჰაერო დაბომბვის შესახებ ესაუბრება.
მაშინ შეიქმნა ე. წ. სამკუთხედი _ საქართველოს, აშშ-ისა და რუსეთის უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებით, რომლებიც პანკისის მიმართულებით მუშაობდნენ. მაშინ პუტინი იძულებული გახდა, დაჰყოლოდა ბუშის ნებას, მაგრამ იგი საკმაოდ შეურაცხყოფილი დარჩა თუნდაც იმის გამო, რომ ნომერ პირველი ტერორისტი პანკისში „ვერ იპოვა“ და საბოლოოდ მაინც აშშ-მ _ ობამამ მოუღო ბოლო, მაგრამ მთავარი _ ქართული სახელმწიფოს მოსპობა ან მისი დამონება პუტინის არათუ ოცნება, არამედ იდეა ფიქსი გახდა.
პარალელურად, რუსეთის ენერგორესურსებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ევროპის საკმაოდ ბევრი გავლენიანი პოლიტიკოსისთვის გარანტირებული, საამური პოლიტპენსიის ადგილად „გაზპრომი“ და რუსეთის სხვა ჰოლდინგები იქცა. აღნიშნულმა პირებმა თავიანთი მოქალაქეების რუსეთის პოლიტიკურ „კეთილხმოვანებაში“ დარწმუნება დაიწყეს. დასავლურ პრესაში არაერთი სტატია ქვეყნდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ რუსეთს ევროპა კარგად არ მოექცევა, მაშინ „დათვი“ გაზს დაკეტავს, ევროპელებს გაყინავს. ამით ევროპელ ობივატელს იმ აზრს აგუებდნენ, რომ შეიძლება მოსკოვს დემოკრატიის დეფიციტი აქვს, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება დაგმართოს, თუ მის ანტიდემოკრატიულობას გააპროტესტებ _ უბრალოდ, გაგყინოს!
კრემლმა ნელ-ნელა დაიწყო თავისი მომავალი უმსგავსო საქციელისადმი ლოიალურთა კასტის ჩამოყალიბება. რუსეთის სპეცსამსახურები კი „საქართველოს ნგრევის სცენარებზე“ მუშაობდნენ და „რეპეტიციებს“ მთელი მსოფლიოს დასანახად აწყობდნენ კიდეც. მსოფლიო კი დუმდა ან, უკეთეს შემთხვევაში, „აღშფოთებას გამოხატავდა და მხარეებს დიალოგისკენ“ მოგვიწოდებდა. ისე, საოცრად საინტერესო იქნება იმავე ქალბატონი ზურაბიშვილის მიერ ამ კითხვაზე პასუხი: კარგით, ჩვენ წამოვეგეთ პროვოკაციას, მაგრამ სად იყო დასავლეთი, სად იყო მისი საფრანგეთი, სად იყვნენ მოკავშირეები, როდესაც რუსეთი გეგმავდა ამ პროვოკაციებს და მეტიც: ახორციელებდა მას? ანუ როდესაც დასავლეთი თურმე ჩვენ გვეუბნებოდა, პროვოკაციას არ წამოეგოთო, თორემ პროვოკაციის მომწყობისთვის არავის უთქვამს, ამას ნუ აკეთებო.
მივყვეთ მოვლენებს: როგორც კი გეგმა დამუშავდა და დროც მომწიფდა, რუსეთი მოქმედებაზე გადავიდა (დასუსტებული, „ხვალ-ზეგ“ წამსვლელი ბუში, გარანტირებული მხარდაჭერა კანცლერ მერკელისგან, რომელსაც ბუქარესტში პირნათლად ჰქონდა შესრულებული ოპერაცია „ლურჯი ზოლის წითელი ხაზი“ (საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის დაბლოკვა), მოკავშირედ მიჩნეული ნიკოლა სარკოზი, რომლის თავდაცვის მინისტრმა ბუქარესტამდე კარგა ხნით ადრე დაუსვა წერტილი თბილისისა და კიევის იმედებს და სხვა უამრავი სუბიექტური თუ ობიექტური გარემოება.
„რაც არ უნდა მოემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას, ინტერვენცია მაინც განხორციელდებოდა“, _ წერდა რუსი ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი ომის დასრულების შემდეგ.
და თუ რუსეთი მაინც აპირებდა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას, მაშინ რას ნიშნავს, პროვოკაციას არ წამოჰგებოდა? ცხადია, ეს მხოლოდ დიპლომატიურ ენაზე წარმოთქმული ფრაზებია, რომლის მიღმაც სხვა სიმართლეა. ამ სიმართლეში კი მსოფლიო, რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, საქართველოსთვის ზურგშექცევის პარალელურად, დღითი დღე რწმუნდებოდა და საბოლოოდ უკრაინის მოვლენებმა დაარწმუნა. ისე, თვით ჰაიდი ტალიავინის დასკვნაშიც კი არსად წერია, რომ „ომის ეს ეპიზოდი“, როგორც ქალბატონი კანდიდატი და მასზე „დამოკიდებულები“ აცხადებენ, საქართველომ დაიწყო. ისე, ეს ის ტალიავინია, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საქართველოზე, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზე რომ არაფერი ვთქვათ. სიტყვამ მოიტანა და ბარემ დავასაბუთებ: დასკვნაში შვედი პოლიტიკოსი ვარაუდის დონეზე აღნიშნავს და ეჭვი ეპარება, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი ერია. აი, რას წერს იგი: „ქართველები, რუსეთთან შედარებით, უფრო ძველ ერად მიიჩნევენ თავს“. ტალიავინის მიხედვით, ის, რომ ძველი ერი ვართ, ფაქტი კი არაა, ასე ჩვენ მივიჩნევთ. არ განვავრცობ ამ ვარაუდის თემას, მაგრამ დასკვნის მომზადებისას საერთაშორისო მედიაში გაჟონილი არაერთი ინფორმაციის საფუძველზე, იქნებ, ჩვენც ვივარაუდოთ, რომ მან ან მისი კომისიის წევრებმა ვერ გაუძლეს XXI საუკუნეში არსებული იმპერიისგან მომავალ ცდუნებებს? თუ მას აქვს ვარაუდის უფლება ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენც გვაქვს იგივე უფლება ქმედებებთან მიმართებით. და ასეც რომ იყოს, ვიმეორებ: დასკვნაში არსად წერია, რომ „ომი საქართველომ დაიწყო“. არაფერს ვამბობ ისტორიულ ანალოგიებზე _ თუნდაც ქართულზე, აღმაშენებლის მიერ მძინარე თბილისზე თავდასხმაზე, დიდგორზე, ბასიანზე. და ვირეშმაკულად წარმოთქმულ ფრაზაზე _ საკუთარი მოსახლეობა დაბომბა. ამავე დროს იქვე ნათქვამზე, რომ ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გახიზნეს. და მაშინ ვინ დავბომბეთ? ის ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც თამარაშენსა და ლიახვის ხეობის სოფლებს ბომბავდა და ქართველ მოსახლეობას, პოლიციელებს, ჯარისკაცებს ხოცავდა?
ცალკე საკითხია, საქართველოს ხელისუფლების მიმართ რა პრეტენზია შეიძლება არსებობდეს.
მნიშვნელოვანი შეცდომა იყო რიტორიკა, _ საქართველოს პოლიტიკურმა ხელისუფლებამ არათუ რუსეთი, არამედ აფხაზები და ოსები ვერ დაარწმუნა ბევრ რამეში. როცა რიტორიკაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ხშირ შემთხვევაში წარმოსათქმელი ფრაზის: „ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზებსა და ოსებს“ ნაცვლად ისმოდა: „დავიბრუნებთ აფხაზეთს“, „აღვადგენთ ტერიტორიულ მთლიანობას“. ცალკე თემაა რუსეთის ხელისუფლების პირველი პირის პერმანენტული საჯარო დამცირებები, რაც ნათლად აჩვენებდა, რომ ხშირ შემთხვევაში ემოცია ჯაბნიდა დიპლომატიას.
ამ ყველაფრის მიუხედავად, 2004 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ცხინვალის მიმართულებით, ვითარება საკმაოდ პოზიტიურად იცვლებოდა. საერთაშორისო ჩართულობამ განაპირობა რუსეთის მეტ-ნაკლები დაბალანსება, რაც უთუოდ იწვევდა კრემლის გაღიზიანებას.
დღევანდელი გადასახედიდან იყო სხვა ტაქტიკური სახის შეცდომებიც და ამის არაღიარება სისულელე იქნება. და მიუხედავად ყველაფრისა, პუტინის გეგმების ჩასაშლელად საქართველოს ხელისუფლებას რომც ემოქმედა „ხუთოსანი ბიჭის“ რეჟიმში, რომელსაც არც თავაზიანობა შეეშლებოდა, არც ტაქტი და ზრდილობა, არც ეთიკის ნორმებს დაარღვევდა, დაიცავდა დიპლომატიურ ეტიკეტსაც _ ამას შედეგი არ მოჰყვებოდა.
ცალკეულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის, კანდიდატმა და მასზე დამოკიდებულებმა, ასევე ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა ვერ გაიგეს ან არ უნდათ გაიგონ, რომ პრობლემას არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ადრეც აღვნიშნე, რომ კრემლში არც შევარდნაძე ეხატებოდათ გულზე. რუსეთისთვის პრობლემა იყო და არის თავად საქართველო, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, დემოკრატიის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი, დასავლური ორიენტაცია და ქართველი ადამიანის _ საქართველოს მოქალაქის მენტალობა, რომლისთვისაც თავისუფლება იმაზე მეტად აღმატებული რაობაა, ვიდრე თვით დემოკრატია. ქართველისთვის თავისუფლება არ იწყება ნორმითა და დოგმით, ქართველითვის თავისუფლება იწყება რწმენითა და საქართველოთი და ეს არის გენეტიკური კოდი. ამ აზრს რომ მეტი ემოცია შევძინო, 1922 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას მიერ სასამართლო პროცესზე წარმოთქმულ სიტყვებს გავიხსენებ, რომლითაც მან ბოლშევიკებს მიმართა: „სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემი _ სამშობლოს, გვამი ჩემი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“ პათეტიკა არ არის, ნამდვილად ასე იზომება ქართველისთვის თავისუფლება და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, იგი ღრმად მორწმუნეა თუ ათეისიტი.

***
პოლიტიკა და, მათ შორის, საერთაშორისო პოლიტიკა საკმაოდ ულმობელია _ რაც ეპატიება დიდს, არ ეპატიება პატარას?! ის, რაც ეპატიება ძლიერს, უპატიებელია სუსტისთვის?! მაგრამ ასეთი წესი და სამართალი ამორალურია და ძლიერისა და დიდისთვის ისტორიულ პერსპექტივაში წამგებიანი.
ამორალურია ეს წესი, უპირველესად, ხალხის მიმართ, რაოდენ მცირერიცხოვანიც არ უნდა იყოს ის და რაოდენ ძლიერი და მრავალრიცხოვანი მეზობელიც არ უნდა ჰყავდეს.
08.08.08 _ სხვა დანარჩენიც კარგად ცნობილია: დაბომბილი საქართველო, დახოცილი ადამიანები, საკუთარი სახლებიდან აყრილი მშვიდობიანი მოსახლეობა და ოკუპირებული ქართული ტერიტორიები.
იმ ლოგიკის მიხედვით, რასაც ქალბატონი კანდიდატი და მასზე დამოკიდებულები ავითარებენ, 1939 წლის პირველ სექტემბერს ომი გერმანიამ დაიწყო, მაგრამ ბერლინში შესული მოკავშირეები ოკუპანტები ყოფილან. და თუ ეს ასე არ არის და ჩვენს შემთხვევაში უპირობო დათქმად მივიჩნევთ, რომ რუსეთია ოკუპანტი, არ არებობს არავითარი 2008 წლის ეპიზოდი, მით უფრო, რომ რუსეთის ჯარები საქართველოში რუსეთის ტერიტორიიდან შემოვიდნენ, ხოლო საომარი მოქმედებები სამშვიდობო ძალებს ამოფარებულმა მისმა გაწვრთნილმა ბანდებმა დაიწყეს, რომლის შემადგენლობაში, რატომღაც, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები იყვნენ.
დაბოლოს, დიდი ბრიტანეთის ორი პრემიერის _ ჩემბერლენისა და ჩერჩილის _ პოლიტიკური დუელი, ოპონირება, დავა, კამათი პოლიტიკური კლასიკაა. მესმის, რომ ძნელია მოსთხოვო პარლამენტის თავმჯდომარესა და მისი რაზმის წევრებს ამ კლასიკის გამოყენება ან თუნდაც გაცნობა, მაგრამ კლასიკური გაგებით ხელისუფლებაში ყოფნა გახლავთ პასუხისმგებლობაც. როგორ უნდა შევაფასო მე ან თუნდაც ისტორიამ ეს უპასუხისმგებლობები, რაც „პროვოკაციის“ პასაჟში ისმის? ძალიან სუბიექტური და რადიკალური რომ არ აღმოვჩნდე ქალბატონი კანდიდატის, მასზე დამოკიდებულების, პარლამეტის თავმჯდომარის, მისი რაზმისა თუ იმ პერსონების მიმართ, რომლებიც განუწყვეტლივ იმეორებენ ამ სიტყვას და ფრაზას: „ომი საქართველომ დაიწყო“, უინსტონ ჩერჩილს მოვიშველიებ: „არ გდებთ ბრალს სამშობლოს ღალატში, ბრალს გდებთ სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში“.

კოკა წერეთელი